გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/19827-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს "ე-----------------";
წარმომადგენელი - ნ--------------–--ე;
მოპასუხე - გ--–-----–--ე;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ--–-----–--ეს მოსარჩელე შპს ''ე-----------------''-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 3598 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე გ--–-----–--ეს მოსარჩელე შპს ''ე-----------------''-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის სარგებლის - 1511.16 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე გ--–-----–--ეს მოსარჩელე შპს ''ე-----------------''-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 511.94 ლარის გადახდა.
1.4. მოპასუხე გ--–-----–--ეს მოსარჩელე შპს ''ე-----------------''-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით სარგებლის - 741.11 ლარის გადახდა.
1.5. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მოსამზადებელ სხდომაზე კი მიუთითა, რომ სარჩელის ცნობს სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც შეეხება პროცენტს, პროცენტის თანხა დასაზუსტებელია, ხოლო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა მოსარჩელეს უარის ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 18 აპრილს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N1--------. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 18 აპრილსვე სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება N1---------ით მოსარჩელემ მოპასუხეს 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 6250 ლარის ოდენობით.
3.1.2. დადგენილია, რომ საკრედიტო ხაზის ქვეშ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით იქნა დატვირთული მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი: ''ფოლქსვაგენ მულტივენ''. გირავნობის ხელშეკრულება დარეგისტრირდა სსიპ მომსახურების სააგენტოში. ხოლო, ხელშეკრულების თანახმად გირავნობის საგანი - ავტომობილი, არ წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ საშუალებას და მსესხებელი გამსესხებლის წინაშე პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით.
3.1.4. დადგენილია, რომ შეთანხმება N1------ის ფარგლებში მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 15 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 644 ლარის ოდენობით ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. თუმცა, მოპასუხის მიერ სულ გადახდილია ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული 7 თვის გადასახადი სრულად, ხოლო რაც შეეხება მე-8 თვის გადასახადს, ნაცვლად 644 ლარისა გადახდილი აქვს 638 ლარი, რითაც სრულად გაიქვითა აგვისტოს თვის სარგებელი 240 ლარი, ხოლო ძირის ნაწილი შემცირდა 398 ლარით და გადასახდელი დარჩა 6 ლარი. აღნიშნული თანხა და მომდევნო თვეების გადასახადი მოპასუხის მიერ ამ დრომდე გადახდილი არ არის.
3.1.5. დადგენილია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ხელშეკრულების დადგენილი წესით 2018 წლის 18 ივნისს მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის გაგზავნილ იქნა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მსესხებელს ეცნობა არსებული დავალიანების შესახებ და მიეცა დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დასაფარად, თუმცა ადრესატის მიერ ვალდებულების შესრულება არ მომხდარა. რაც შეეხება ავტომობილს, როგორც მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა იგი ამჟამად ამორტიზებულია და მისი რეალიზაცია როგორც ავტომობილის შეუძლებელია.
3.1.6. დადგენილია, რომ ხელშეკრულების თანახმად, გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა - 30 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად, რადგან მოპასუხის მიერ ვადაგადაცილების პერიოდი იწყება 2017 წლის 16 სექტემბრიდან, ე.ი. ვადაგადაცილების 21-30 დღემდე პერიოდი სახეზეა, ამასთან ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის 0.05%-ის ოდენობით, რაც შეადგენს - 1.79 ლარს და რაც მოსარჩელის მიერ შემცირებულ იქნა 10-ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის - 511.94 ლარის დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ასხნა-განმარტება (იხ. სარჩელი,შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 17-22);
- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ, დანართი (ს.ფ 23-25);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ 26);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 29);
- გაფრთხილების წერილი (ს.ფ 27).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი 72%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას.
სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ წლიური 36% სარგებლის დადგენის შედეგად 2018 წლის 29 ივნისის მდგომარეობით, მოპასუხე ხელშეკრულება N1---------იდან გამომდინარე ერიცხება საპროცენტო სარგებლის დავალიანება - არა 1511.16 ლარის არამედ 755.58 ლარის ოდენობით (დამატებითი მოტივაცია იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში).
3.2.2. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ''ე-----------------''-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-420-ე, 623-ე, 625-ე 867- 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დავალიანების ძირითადი თანხების დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შპს ''ე-----------------''-ს და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში.
ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს "ე-----------------" უფლებამოსილია მოითხოვოს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული სესხის ძირითადი თანხის - 3598 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულებები ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 6%-ს დარიცხვის ნაწილში. როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 6%, რაც წლიურად შეადგენს - 72 პროცენტს, რამდენადაც მხარეთა მიერ წლიური საპროცენტო განაკვეთის სახით 72%-ის განსაზღვრა ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს და შეთანხმებები ამ ნაწილში წარმოადგენს ნაწილობრივ ბათილ შეთანხმებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.
სასამართლოს მოსაზრებით, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). ''უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები'' (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი გ--–-----–--ეც დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც შპს '' ე-----------------'' მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ''თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე”. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად და სრულად, შესაბამისად ერიცხება დავალიანება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს შორის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 36% (ყოველთვიური 3%). შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანება - 755.58 ლარის ოდენობით. კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის გადახდის დაკისრებას - 7 თვეზე. სესხის ძირითადი თანხაა - 3598 ლარი, რომლის წლიური 36% შეადგენს - 1295.28 ლარს, ყოველთვიურად, მსესხებლის მიერ საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი თანხა კი შეადგენს - 107.94 ლარს, ამდენად 7 თვის საპროცენტო სარგებლის თანხა უნდა განისაზღვროს - 755.58 ლარით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი 511.94 ლარის დაკისრების ნაწილში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მსესხებელს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 100 ლარის გადახდა.
ამდენად, სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.5. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს - მოპასუხე გ--–-----–--ეს შპს ''ე-----------------''-ის სასარგებლოდ 2018 წლის 16 აპრილიდან - 2018 წლის 16 ივნისიდან 13 კალენდარულ დღეზე მიუღებელი სარგებლის - 741.11 ლარის გადახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (ლუცრუმ ცესსანს). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, დასაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 36%-ს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილ პერიოდზე უნდა დაეკისროს - 370.55 ლარის გადახდა.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლს, ასევე მოპასუხე მხარის პოზიციას, მის ქონებრივ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს უარი უნდა ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 36.78 ლარის გადახდა, ამასთან ვინაიდან მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 107.94 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 2681-ე, 364-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ''ე-----------------''-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ--–-----–--ეს მოსარჩელე შპს ''ე-----------------''-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 3598 ლარის, პროცენტის - 755.58 ლარის, პირგასამტეხლოს - 100 ლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით - 370.55 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე გ--–-----–--ეს მოსარჩელე შპს ''ე-----------------''-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 36.78 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე შპს ''ე-----------------''-ს (საიდენტიფიკაციო N4--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 29 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 190.86 ლარიდან - 107.94 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება №1530253904.
5. შპს ''ე-----------------''-ს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
6. გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი