გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2019
საქმის ნომერი
340210018002469339
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210018002469339

საქმე #2/411-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(შესავალი ნაწილი)

16.01.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი – სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - მე------–--–---–ი

წარმომადგენელი- ნო-----------–---–ი

მოპასუხეები - ზუ--------------–---–ი, მზ--------–---–ი

წარმომადგენელი - მა-----------–---–ი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხეების ზუ--------------–---–ის და მზ--------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - გუ------------------, სოფელი ჭ-------ი, საკადასტრო კოდი №5----------- და უძრავი ქონება მოსარჩელეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: გუ------------------ს სოფელ ჭ-------ში მდებარე უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. მოპასუხეები მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ უძრავ ქონებას და მის გამოთავისუფლებაზე და მოსარჩელისთვის გადაცემაზე უარს აცხადებენ. მოპასუხეებს ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნიათ. ამიტომ, მოპასუხეები უნდა გამოსახლდნენ უძრავი ქონებიდან და მოსარჩელეს ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდეს.

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა არაფერი გააჩნია. მოსარჩელეს 10 წელზე მეტია ამ ქონებით არ უსარგებლია. მოპასუხეები ამ ქონებაში უკანონოდ არ შესულან რადგან იგი მოპასუხის პაპას ეკუთვნოდა. პაპაც და ბებიაც ამავე სახლში გარდაიცვალნენ და მათი ცხოვრების განმავლობაში მოსარჩელეს უძრავ ქონებაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. მოსარჩელეს საკუთრების უფლება კანონდარღვევით აქვს მოპოვებული.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელე გუ------------------ს სოფელ ჭ-------ში მდებარე, საჯარო რეესტრში №5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეა. მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 01.06.2017 წლიდან არის აღრიცხული.

3.1.2. მოპასუხეები ცხოვრობენ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში. მათ მფლობელობაშია საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-13; 26-35);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 16.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხეებს ზუ--------------–---–ს და მზ--------–---–ს არ აქვთ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ფლობის უფლება და ამდენად, უძრავი ქონება მოპასუხეების უკანონ მფლობელობაშია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. როდესაც მოსარჩელე უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას ან/და საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას ითხოვს, მოპასუხე მხარეს ეკისრება სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტის დადასტურება.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომელიც მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, მოპასუხეების მფლობელობაშია. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებს უძრავი ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნიათ. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა არამართლზომიერი ფლობის ფაქტი სადავოდ გახადა და ამის საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ მოპასუხეებს უძრავი ნივთის ფლობის უფლება აქვთ, თუმცა მხარე მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა და სხვა რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის და ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარე ვერ მიუთითა და არც რაიმე მტკიცებულება წარმოადგინა იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ აქვთ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ფლობის უფლება. ამ ნაწილში მოპასუხე მხარე მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. თავის მხრივ მოსარჩელემ დაადასტურა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება და განმარტა, რომ მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ უძრავ ქონებას. ამდენად, მოპასუხის განმარტება დაუსაბუთებელია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხართა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 16.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლომ გაანალიზა დადგენილი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, გუ------------------ს სოფელ ჭ-------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №5-----------, მოსარჩელე მე------–--–---–ის საკუთრებას წარმოადგენს. აგრეთვე დადგენილია, რომ მოპასუხეები ცხოვრობენ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში. მათ მფლობელობაშია მთლიანი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი და მის გამოთავისუფლებაზე და მოსარჩელისათვის დაბრუნებაზე უარს აცხადებენ.

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო–სამართლებრივი საშუალებები სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებია. ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა. ვინდიკაციის ვითარებაში მესაკუთრეს შერჩენილი აქვს მხოლოდ ნივთზე საკუთრების უფლება, რომელიც თავისთავად არამატერიალური უფლებაა და ვის ხელშიც არ უნდა იყოს საკუთრების ობიექტი, მესაკუთრეს ეს უფლება არ წაერთმევა. ვინდიცირების წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზითაა მესაკუთრის ხელიდან საკუთრების ობიექტი გამოსული. როდესაც მესაკუთრის ნების გარეშე გამოდის ქონება მისი ხელიდან, ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს ეს ქონება, მისგან ნივთის გამოთხოვა გარდაუვალია.

საკუთრების დაცვის მეორე საშუალებაა ნეგატორული სარჩელი. ამ შემთხვევაში საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მოპასუხეები ფლობენ. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტი დადასტურდებოდა. შესაბამისად, არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება უძრავი ქონების ფლობასთან დაკავშირებით და მოპასუხეების მოქმედებით მოსარჩელეს უძრავ ქონებაზე ფლობის უფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აქვს ჩამორთმეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიმართ მოსარჩელის პრეტენზია, სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნების თაობაზე, დასაბუთებულია და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.

6.2. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობას სასამართლო მხარის მოთხოვნის შემთხვევაში იხილავს. ეს უფლება მატერიალური სამართლის ნორმებით დაცულ უფლებას არ წარმოადგენს. ამიტომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს მისი დასაბუთების ვალდებულება ეკისრება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ამასთან, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაასაბუთებს, რომ აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მხარეს, ან გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს. განსახილველ შემთხვევაში სარჩელში მხოლოდ მოთხოვნაა მითითებული და რაიმე არგუმენტაციას შუამდგომლობა არ შეიცავს. ამასთან, შუამდგომლობის დასაბუთება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც არ მომხდარა. წარმომადგენელმა განმარტა, რომ დაუყოვნებლივ აღსრულება ითხოვს იმის გამო, რომ მოსარჩელეს არ სურს დავის ზედა ინსტანციებში განხილვის გაჭიანურება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული არგუმენტი არ შეიძლება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართლზომიერ საფუძვლად ჩაითვალოს და გამომდინარე აქედან შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, დავის საგანი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა), სადაც შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი 4000 ლარს შეადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 120 ლარის ანაზღაურება.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37- 41-ე, 53-ე,55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 268-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე მე------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხეების ზუ--------------–---–ის და მზ--------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - გუ------------------, სოფელი ჭ-------ი, საკადასტრო კოდი №5----------- და უძრავი ქონება მოსარჩელეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს.

3. მოპასუხეებს ზუ--------------–---–ს და მზ--------–---–ს მოსარჩელე მე------–--–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება.

4. მოსარჩელე მე------–--–---–ს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივი აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე