გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2096-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.12.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ნინო აზარაშვილი
წარმომადგენელი ბელა ბერაძე
მოპასუხე ისმაილ ისმაილოვი
წარმომადგენელი ანარ ახმედოვი
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ისმაილ ისმაილოვისათვის არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 04 ივნისს დაბადებული ისმაილ ისმაილოვის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 500 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც მშობლების განქორწინების შემდეგ იზრდება მოსარჩელის ოჯახში. მოპასუხე არ ზრუნავს ბავშვზე, მატერიალურად არ ეხმარება შვილის გაზრდაში. მოპასუხეს არის სტომატოლოგი, კბილის ტექნიკი და აქვს საკუთარი კლინიკა ქ. მარნეულში. ერთად ცხოვრების პერიოდში მოპასუხეს ჰქონდა სტაბილური შემოსავალი. მოსარჩელეს ბავშვის აღზრდიდან გამომდინარე დროებით სამსახურზე უარის თქმა უწევს, ფინანსების არქონის გამო ძიძის მომსახურებითაც ვერ სარგებლობს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა 90 ლარის გადახდაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით ისმაილ ისმაილოვს არ გააჩნია საკუთარი კლინიკა და არც სტაბლური შემოსავალი. მართალია მას დამთავსებული აქბს სამედიცინო ინსტიტუტი, პროფესიით არის სტომატოლოგი, თუმცა ამ პროფესიით არ მუშაობს, რადგან არ გააჩნია შესაბამისი ლიცენზია. ამასთან შექმნა ახალი ოჯახი, 2018 წლის 7 დეკემბერს დაქორწინდა გოიულნარ მახმადპოვაზე. ამჟამად მას კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მშობლები და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. თავს ირჩენს სოფლის მეურნეობით. შვილზე ზრინვა არასდროს შეუწყვეტია, სექტემბრის თვემდე ის ყოველთვიურად აძლევდა შვილს 100 ლარს.
(11.12.2018წ და 20.12.2018წ სხდომის ოქმები, CD დისკები)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. ნინო აზარაშვილი და ისმაილ ისმაილოვი ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მათი არასრულწლოვანი შვილი ისმაილ ისმაილოვი ცხოვრობს დედასთან მოსარჩელე ნინო აზარაშვილთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-4. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 21-23. ტომი 1)
3.1.2. ნინო აზარაშვილი არ არის დასაქმებული. მას ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს. მას მატერიალურად ეხმარება დედა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მოსარჩელის განმარტება (სარჩელი ს.ფ. 3-4. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 21-25. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ნინო აზარაშვილს და ისმაილ ისმაილოვს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი.
დაბადების მოწმობის თანახმად, 2015 წლის 04 ივნისს დაბადებულია ისმაილ ისმაილოვი. მის მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა ნინო აზარაშვილი, მამა – ისმაილ ისმაილოვი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობების ასლი (ს.ფ. 12. ტომი 1).
3.2.2. ისმაილ ისმაილოვი პროფესიით არის სტომატოლიგი, მას არა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არის შრომისუნარიანი და აქვს პროფესიული უნარი, რომ მიიღოს საკუთარი თავის და შვილის რჩენისათვის აუცილებელი შემოსავალი.
მოსარჩელის განმარტებით ისმაილ ისმაილოვი არის კბილის ტექნიკი და ფლობს საკუთარ კლინიკას მარნეულში. ერთად ცხოვრების პერიოდში მას ჰქონდა სტაბილური შემოსავალი.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებად მიუთითებს იმ ფაქტს, რომ იგი არის უმუშევარი, არ გააჩნია საკუთარი კლინიკა და არც სამედიცინო საქმიანობას არ ეწევა. ის ნამდვილად არის სტომატოლოგი, ახალი დამთავრებული აქვს სამედიცინო ინსტიტუტი და ჯერ არ გააჩნია შესაბამისი სამედინო საქმიანობის ლიცენზია, რომლის გარეშეც ვერ იმუშავებს პრიფესიის მიხედვით. იგი სეზონურად მუშაობს სხვის მიწის ნაკვეთებზე და ამასთან კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მშობლები.
მოპასუხის მიერ წარმოგდენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 დეკემბერის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, ისმაილ ისმაილოვი (პ/ნ 28001037130) არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ.
მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ისმაილ ისმაილოვის და ნინო აზარაშვილის 2015-2018 წლების შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. შემოსვლების სამსახურის 2018 წლის 11 დეკემბრის წერილში მითითებულია, რომ ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის 10.12.2018 წლის მდგომარეობით, ისმაილ ისმაილოვის (პ/ნ 28001037130) და ნინო აზარაშვილის (პ/ნ 01015022951) სახელებზე, 2015-2018 წლების პერიოდში, არცერთი ტიპის შემოსავალი დარიცხული არ არის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ზემოთდასახელებული გარემოებები არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომაროება უკიდურესად მძიმეა და მას 100 ლარის გადახდაც კი არ შეუძლია შვილის სარჩენად. მოპასუხეს არ მიუთითებია მისი ან მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებზე. ამდენად, ისმაილ ისმაილოვი შრომისუნარიანი პიროვნებაა, მას მირებული აქვს სამედიცინო განათლება და პროფესიით სტომატოლოგია. შესაბამისად, მას შეუძლია მოიპოვოს პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნებართვა, დასაქმდეს და მიიღოს იმდენი შემოსავალი, რაც უზრუნველყოფის მისი ოჯახის და მისგან განცალკევებით მცხოვრები შვილის სათანაედო მატერიალურ დახმარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილის ასლი (ს.ფ.64. ტომი1)
- შემოსავლების სამსახურის 11.12.2018 წერილი (ს.ფ. 67. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 250 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
· გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
· ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მიხედვით, 1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. 2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. საქართველოს კონტიტუციის ამ დებულებით აღიარებულია ბავშვის უფლების და მისი ინტერესების განსაკუთრებული მნიშვნელობა და მათი ინტერესების უპირატესობა და განსაზღვრულია, რომ ბავშვის უფლებების დაცულია კანონით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული "ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების უპირატესობა აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხებში.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა. მხარეების არასრულწლოვანი შვილი არის 3 წლის 6 თვის ასაკის. ბავშვს მცირეწლოვანი ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი გასართობი საშუალებები.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 90 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე ყოველთვიურად 90 ლარის დაკისრებაზე თანხმობას აცხადებს იმის გამო, რომ მას არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი და ამასთან კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მშობლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს მოპასუხის ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რაც მის ფინანსურ სიძნელეებზე მიუთითებს და ასაბუთებს, რომ მოპასუხეს 90 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილის რჩენისათვის არ შეუძლია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის აუცილებელი მოთხოვნების, კვების პროდუქტების, სამედიცინო მომსახურების არსებული ფასების და მოპასუხის მატერიალური მდგომაროები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შვილის რჩენისათვის 90 ლარის გადახდა აშკარად მცირე თანხაა შვილის რჩენისათვის.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
ამდენად, შვილების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება. არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთშჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მოსარჩელე არ არის დასაქმებული, მას არ გააჩნია ყოველთვიური შემოსავალი. ამასთან, მასთან იზრდება არასრულწლოვანი შვილი, რის გამოც ყოველდღიურად იგი ზრუნავს ბავშვზე, მას უწევს ბავშვის რჩენის და აღზრდის დროს წამოჭრილი ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის რჩენის ვალდებულების მოცულობა არ იცვლება მშობლების განქორწინების შედეგად. ოჯახის შექმნით და შემდგომ ბავშვის დაბადებით მეუღლეებს ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა შვილის მიმართ. განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. შვილის აღზრდა არის მშობლის მთავარი ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას-1011-931-2017 განმარტებულია, რომ „კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“.
განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. განქორწინების გამო არ უნდა შეილახოს ბავშვის უფლებები, მისი მატერიალური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს იმის გამო, რომ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლების დაშორების შემდეგ უნდა შენარჩუნდეს ბავშვის ის მატერიალური უზრუნველყოფა, რაც მშობლების ერთად ყოფნის დროს ექნებოდა.
მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის შეუსაბამო ალიმენტის თანხაა 90 ლარი, რადგან მოპასუხე არის პროფესიით სტომატოლოგი, არის შრომუსუნარიანი და ჯანმრთელი, შესაბამისად, შეუძლია დასაქმდეს პროფესიის შესაბამისად, მას კმაყოფაზე არ ჰყავს შრომისუუნარო მშობლები ან მეუღლე, ხოლო ოჯახის წევრბთან ერთად ეწევიან სოფლის მეურნეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დებულება, რომლითაც მშობლებს მათი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად ეკისრებათ შვილების რჩენა, არ ნიშნავს მშობლისათვის ბავშვის რჩენაში საშეღავათო პრინციპის დადგენას. ამ დებულებით კონვენცია აღიარებს იმ გარემოებას, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და სწორედ კონკრეტული ოჯახის ქონებრივი შესაძლებლობების კვალობაზე უნდა განისაზღვროს რჩენის ვალდებულება. ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის უფლებებს შეეხება, შესაბამისად, მშობლებისგან მატერიალური დახმარების მიღება ბავშვის უფლებაა, კონვენცია ბავშვის ამ უფლების დაცვას ავალდებულებს მშობლებს, სახელმწიფოს და კონვენციის მიზანი არ არის მშობლებისათვის ამ საკითხში შეღავათის დადგენა. კონვენციის ამავე ნორმით (27-ე მუხლი) აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ. შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე. მოპასუხეს ჯანმრთელობის მდგომარეობის და პროფესიის გამო აქვს უნარი მიიღოს საკმარისი შემოსავალის და უზრუნველყოფის მისი არასრულწლოვანი შვილისათვის ღირსეული მატერიალური დახმარება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი შემცირება შესაძლებელია ალიმენტის გადამხდელის ავადმყოფობის ან სხვა საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც პირს არ შეუძლია შვილის რჩენისათვის სახსრების გაღება, რადგან თავად საჭიროებს მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. ასეთი გარემოებებია მძიმე ავადმყოფობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება. ასეთი მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მოპასუხეს არა აქვს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 250 ლარის ოდენობით ალიმენტი, რაც ორვე მხარის მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გონუვრული თანხაა. რადგან შრომისუნარაინაობის გათვალისიწნებით ბავშვი რჩენაში მონაწილეობა ასევე უნდა მიიღოს მოსარჩელემაც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 13 ივლისიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 3000 ლარს. ალიმენტის დაკისრების შესახებ საქმე სსსკ 16-ე მუხლის მიხედვით, არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა, რის გამოც გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი.
დაკისრებული თანხიდან მოპასუხეს ცნო მოთხოვნა 90 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 36%. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარი 35% არის 18 ლარი, რომლის გადახდისაგან მხარეები თავისუფლდებიან. ამდენად, საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 32 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გააიხადოს მოპასუხემ. სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნინო აზარაშვილის სარჩელი;
1.1. ისმაილ ისმაილოვს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 4 ივნისს დაბადებული ისმაილ ისმაილოვის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 250 ლარის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 13 ივლისიდან;
2. ისმაილ ისმაილოვს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 32 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი