გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
330210018002562966
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22569-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - სს ,,კ--–--ი’’

წარმომადგენლები - მ--------–--------ი, გ--–-------ია, გ---------------–-ძე (დირექტორი)

მოპასუხე - შპს ,,რ-----–-----------ი’’

წარმომადგენელი - ვ----–---------ძე

დავის საგანი - უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე სს ,,კ--–--ი’’ გათავისუფლდეს საკუთრებაში არსებული რკინიგზის ლიანდაგის დემონტაჟისათვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურში, მოპასუხე შპს ,,რ-----–-----------ის’’ უფლებამოსილი პირის მიერ გასაცემი წერილობითი თანხმობის წარდგენისგან და დემონტაჟი განხორციელდეს მოპასუხის თანხმობის გარეშე.

 

მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

 

(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-18, 2018 წლის 2- დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება 10:15:39).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №28- და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 18 ივლისის №03.0--40 დადგენილებებით, აგრეთვე თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 1994 წლის 29 ივლისის №3-6 განკარგულების საფუძველზე, თბილისის საავეჯო დეტალების კომბინატის ბაზაზე შეიქმნა სს ,,კ--–--ი’’ (ს/ნ 2--------), რომელიც 1996 წლის 27 აგვისტოს დარეგისტრირდა (რეგ. №7----39) თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოში.

 

1996 წელს მოსარჩელემ შეასრულა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხაზოვანი ნაგებობის-რკინიგზის გაგრძელების სამუშაოები, რომლის საერთო სიგრძემ (არსებულთან ერთად) 1996 წელს საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მიერ გაცემული პასპორტის და 1997 წლის 17 ნოემბრის აქტის შესაბამისად შეადგინა 780,5 გრძივი მეტრი. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 27 აგვისტოს დადგენილებით სს ,,კ--–--ის’’ ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს ,,პ----------ს-ჯ------ია’’, რომელსაც 1997 წლის 2- აგვისტოს №4 ძირითადი ქონების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა სს ,,კ--–--ი’’-ს ქონება, მათ შორის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 42751.00 კვ.მეტრის ოდენობით (ს/კ 0---------------), რომელიც 2007 წლის 30 ივლისის №1-10386 სანოტარო აქტის თანახმად გასხვისდა სომხეთის მოქალაქე ლ--–-------------ნზე (წარმომადგენელი ს-----– კ-----------ი, პასპორტი №A-------- გაცემული სომხეთი, ქ. ვანაძორის შსგ-ს მიერ 23.09.1997 წ). ამ უკანასკნელმა კი 2008 წლის 2 აპრილის საჯარო რეესტრის N8----------- სარეგისტრაციო წარმოებით და შესაბამისი ამონაწერის საფუძველზე გადასცა შპს ,,რ-----–-----------ს’’ (2018 წლის 2- ივნისის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი N--------4).

 

რკინიგზის ხაზოვანი ნაგებობა, რომელიც იყო და დარჩა მოსარჩელე სს ,,კ--–--ის’’ საკუთრებაში, სს ,,კ--–--ს’’ არავისთვის არც საკუთრებაში და არც იჯარით არ გადაუცია. არსებული რკინიგზა, რომლის ნაწილიც დარჩა მოპასუხის ტერიტორიაზე წარმოადგენს სს ,,კ--–--ი’’-ს საკუთრებას, რომელიც ერიცხება ბალანსზე და მასზე მოსარჩელე იხდის ყოველწლიურ ქონების გადასახადს. სს ,,კ--–--ს’’ შეექმნა აღნიშნული რკინიგზის ხაზოვანი ნაგებობის დემონტაჟის საჭიროება. დემონტაჟის ნებართვას, შესაბამისი პროექტის საფუძველზე გასცემს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური, რისთვისაც მოითხოვა შპს ,,რ-----–-----------ის’’ წერილობითი თანხმობა, ვინაიდან სს ,,კ--–--ი’’-ს რკინიგზის სახაზო ნაგებობის ნაწილი (277 გრძივი მეტრი) განთავსებულია შპს ,,რ-----–-----------ის’’ ტერიტორიაზე. სს ,,კ--–--ის’’ მხრიდან მიუხედავად არაერთი თხოვნის და გაფრთხილებისა მოპასუხე მხარე არ ახდენს რეაგირებას მოსარჩელის წერილებზე, რითაც კანონიერ მფლობელს ხელს უშლის საკუთრების ფლობას და სარგებლობაში, რაც გამოიხატება რკინიგზის ხაზოვანი ნაგებობის (ლიანდაგის) დემონტაჟის განხორციელების ხელშეშლაში, რის გამოც სს ,,კ--–--ის’’ განცხადება დემონტაჟის ნებართვის შესახებ, თბილისის არქიტექტურის სამსახურის №401--75 და №402-411 გადაწყვეტილების საფუძველზე დარჩა განუხილველი. ამდენად, მოსარჩელე იძულებულია მიმართოს სასამართლოს შპს ,,რ-----–-----------ის’’-ს მხრიდან წერილობით თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის მოთხოვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,რ-----–-----------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2007 წლის 11 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,რ-----–-----------მა’’ საკუთრებაში აღრიცხა უძრავი ქონება ს/კ 0---------------, დაზუსტებული ფართი 42751,00 თავისი შენობა-ნაგებობებით. ნასყიდობის საგანთან ერთად საკუთრებაში გადადის მთელი მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, დანადგარები და მოწყობილობები. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 12--130, მოპასუხის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 2- დეკემბრის სხდომის ოქმი 10:28:14).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №28- და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 18 ივლისის №03.0--40 დადგენილებებით, აგრეთვე თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 1994 წლის 29 ივლისის №3-6 განკარგულების საფუძველზე, თბილისის საავეჯო დეტალების კომბინატის ბაზაზე შეიქმნა სს ,,კ--–--ი’’ (ს/კ 2--------), რომელიც 1996 წლის 27 აგვისტოს დარეგისტრირდა (რეგ. №7----39) თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №28- დადგენილება (ს.ფ. 19);

- სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 18 ივლისის №03.0--40 დადგენილება (ს.ფ. 20);

- თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 1994 წლის 29 ივლისის №3-6 განკარგულება (ს.ფ. 2--22);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან (ს.ფ. 23-24).

 

3.1.2. 1996 წელს მოსარჩელემ შეასრულა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხაზოვანი ნაგებობის-რკინიგზის გაგრძელების სამუშაოები, რომლის საერთო სიგრძემ 3 საისრო გადამყვანის სიგრძის ჩათვლით, 1996 წელს საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მიერ გაცემული პასპორტის და 1997 წლის 17 ნოემბრის აქტის შესაბამისად შეადგინა 780,5 გრძივი მეტრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის მიერ 1996 წელს გაცემული პასპორტი (ს.ფ. 25-37);

- 1997 წლის 17 ნოემბრის აქტი (ს.ფ. 38-40).

 

3.1.3. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 27 აგვისტოს დადგენილებით, სს ,,კ--–--ის’’ ბაზაზე ჩამოყალიბდა შპს ,,პ----------ს-ჯ------ია’’, რომლის საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 138600 ლარი.

 

შპს ,,პ----------ს-ჯ------იას’’ 1997 წლის 2- აგვისტოს №4 ძირითადი ქონების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა სს ,,კ--–--ი’’-ს 126 513,58 ლარის ღირებულების ქონება, რომელიც შედის საწვავ-საცხები მასალების შენახვის და საბითუმო-სარეალიზაციო ბაზის შემადგენლობაში და 3 წლის ვადით გამოსყიდვის უფლებით 12-00,10 ლარის ღირებულების ქონება, მათ შორის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 42751.00 კვ.მეტრის ოდენობით (ს/კ 0---------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 27 აგვისტოს დადგენილება (ს.ფ. 41);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 42-43);

- 1997 წლის 2- აგვისტოს N4 ძირითადი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 44-46).

 

3.1.4. 2007 წლის 30 ივლისის №1-10386 სანოტარო აქტის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ჭ------ის ჩ------ (3-053 კვ.მ) და ქ. თბილისი, ჭ------ის ჩ------ (7698 კვ.მ) შპს ,,პ----------ს-ჯ------იამ’’ 120 000 აშშ დოლარად (იმდროინდელი კურსით 200 400 ლარი) გაასხვისა სომხეთის მოქალაქე ლ--–-------------ნზე (წარმომადგენელი ს-----– კ-----------ი, პასპორტი NA-------- გაცემული სომხეთი, ქ. ვანაძორის შსგ-ს მიერ 23.09.1997 წ).

 

ზემოაღნიშნული უძრავი ქონება 2007 წლის 11 ნოემბრის №1-148-1 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა საკუთრებაში შპს ,,რ-----–-----------ს’’, რომლის მესაკუთრე და 100%-იანი წილის მმართველი არის ლ--–-------------ნი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 47-57, 173-183);

- 2008 წლის 2 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 58);

- 2018 წლის 2- ივნისის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი N--------4 (ს.ფ. 59-60).

 

3.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა სს ,,კ--–--ის’’ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სახაზო ნაგებობის დემონტაჟის ნებართვისთვის.

 

ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით სს ,,კ--–--ს’’ დაევალა: ა) შპს ,,რ-----–-----------ის’’ მიერ გაცემული თანხმობის წარდგენა, სადემონტაჟოდ წარდგენილი რკინიგზის ლიანდაგის დემონტაჟზე, რომელშიც მითითებული იქნებოდა ზუსტი და სრული ინფორმაცია, მათ შორის პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო დემონტაჟი; ბ) შპს ,,რ-----–-----------ის’’ მხრიდან ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ხელმომწერ პირს ხელეწიფება იურიდიული პირის სახელით გამოეხატა ნება რკინიგზის ლიანდაგის დემონტაჟზე; გ) დასაზუსტებელი იყო სადემონტაჟო ობიექტის ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლები და წარსადგენი იყო სათანადო ანგარიშგების შესახებ განმარტებითი ბარათი.

 

სს ,,კ--–--ის’’ დირექტორმა რამდენჯერმე მიმართა წერილობით მოპასუხე შპს ,,რ-----–-----------ის’’ ხელმძღვანელობას რკინიგზის ხაზის დემონტაჟისთვის საჭირო თანხმობის გასაცემად და უფლებამოსილი პირის გამოყოფისთვის.

 

ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, სს ,,კ--–--ის’’ განცხადება დარჩა განუხილველი, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ. 63-70);

- თბილისის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებები (ს.ფ. 102-105).

 

3.1.6. 2017 წლის 15 ნოემბრის ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად გამქირავებელმა შპს ,,რ-----–-----------მა’’ მის საკუთრებაში არსებული სასაწყობე ფართი მდებარე ქ. თბილისი, ჭ------ის ჩ------ (ს/კ 0---------------) ნაწილობრივ 800 კვ.მ ფართობით დროებით სარგებლობაში გადასცა დამქირავებელს შპს ,,ბლ-- სი’’-ს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 132-13-).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. საჯარო რეესტრის 2018 წლის 09 თებერვლის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 0--------, რეგისტრირებულია სს ,,კ--–--ის’’ საკუთრების უფლება. ობიექტის ტიპი: რკინიგზა, ობიექტის აღწერა: სარკინიგზო ლიანდაგი, ობიექტის სიგრძე: 144.27 მ, დაფარვის ზონა: ქ. თბილისში, ჭ------ის ჩ------, ნაკვეთის №6/9, საკუთრების ტიპი: საკუთრება, დამატებითი მახასიათებლები: ფაქტობრივი სიგრძე 144.27 მ, წერტილოვანი ობიექტი 5ც.

 

საჯარო რეესტრის 2018 წლის 09 თებერვლის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 0--------, რეგისტრირებულია სს ,,კ--–--ის’’ საკუთრების უფლება. ობიექტის ტიპი: რკინიგზა, ობიექტის აღწერა: სარკინიგზო ლიანდაგი, ობიექტის სიგრძე: 133.56 მ, დაფარვის ზონა: ქ. თბილისი, ჭ------ის ჩ------, ნაკვეთის №6/9, საკუთრების ტიპი: საკუთრება, დამატებითი მახასიათებლები: ფაქტობრივი სიგრძე 133.56 მ, წერტილოვანი ობიექტი 4 ც.

 

საჯარო რეესტრის 2018 წლის 09 თებერვლის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 0--------, რეგისტრირებულია სს ,,კ--–--ის’’ საკუთრების უფლება. ობიექტის ტიპი: რკინიგზა, ობიექტის აღწერა: სარკინიგზო ლიანდაგი, ობიექტის სიგრძე: 2-7.69 მ, დაფარვის ზონა: ქ. თბილისი, ჭ------ის ჩ------, ნაკვეთის №6/1, საკუთრების ტიპი: საკუთრება, დამატებითი მახასიათებლები: ფაქტობრივი სიგრძე 2-7.69 მ, წერტილოვანი ობიექტი 15ც.

 

საჯარო რეესტრის 2018 წლის 09 თებერვლის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 0--------, რეგისტრირებულია სს ,,კ--–--ის’’ საკუთრების უფლება. ობიექტის ტიპი: რკინიგზა, ობიექტის აღწერა: სარკინიგზო ლიანდაგი, ობიექტის სიგრძე: 37.98 მ, დაფარვის ზონა: ქ. თბილისი, ჭ------ის ჩ------, ნაკვეთის ,,კ--–--ის’’ 6/1, საკუთრების ტიპი: საკუთრება, დამატებითი მახასიათებლები: ფაქტობრივი სიგრძე 37.98 მ, წერტილოვანი ობიექტი 3 ც.

 

საჯარო რეესტრის 2018 წლის 08 თებერვლის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 0--------, რეგისტრირებულია სს ,,კ--–--ის’’ საკუთრების უფლება. ობიექტის ტიპი: რკინიგზა, ობიექტის აღწერა: სარკინიგზო ლიანდაგი, ობიექტის სიგრძე: 145.84 მ, დაფარვის ზონა: ქ. თბილისი, ჭ------ის ჩ------, ნაკვეთის ,,კ--–--ის’’ 6/1, საკუთრების ტიპი: საკუთრება, დამატებითი მახასიათებლები: ხაზოვანი ნაგებობის ფაქტობრივი სიგრძე 145.84 მ, ხაზოვანი ნაგებობის წერტილოვანი ობიექტი (გარდატეხის წერტილები): 4.

 

საჯარო რეესტრის 2018 წლის 09 თებერვლის ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 0--------, რეგისტრირებულია სს ,,კ--–--ის’’ საკუთრების უფლება. ობიექტის ტიპი: რკინიგზა, ობიექტის აღწერა: სარკინიგზო ლიანდაგი, ობიექტის სიგრძე: 70.85 მ, დაფარვის ზონა: ქ. თბილისი, ჭ------ის ჩ------, ნაკვეთის №6/1, საკუთრების ტიპი: საკუთრება, დამატებითი მახასიათებლები: ფაქტობრივი სიგრძე 37.98 მ, წერტილოვანი ობიექტი 6 ც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 71-8-).

 

3.2.2. ი/მ ,,რ------------–--ე, მშენეკონომეფექტი, დაპროექტება, ექსპერტიზა’’-ს 2018 წლის 09 მაისის №01-26/18 საექსპერტო კონსტრუქციული დასკვნის თანახმად, ჭ------ის ჩიხსა და გ-------–--–-------------ძის (ყოფილი კ------ს) ქუჩის მიმდებარედ საკადასტრო კოდით 0---------------, ფართობზე 75843 კვ.მ განთავსებულია სს ,,კ--–--ის’’ საწარმოო ობიექტი, რომელიც შედგება 29 შენობა-ნაგებობისგან, მათ შორის საიჯარო ხელშეკრულებებით 25 ექსპლუატაციაშია. მეზობელი ნაკვეთი საკადასტრო კოდით 0--------------- ფართობით 42751 კვ.მ არის შპს ,,რ-----–-----------ი’’-ს, მასზე განთავსებულია ორი მცირე გაბარიტების მქონე ნაგებობა. ორივე ნაკვეთი შემოღობილია საერთო ღობით.

 

ზემოთ მითითებულ ნაკვეთებზე 6/1 (სს ,,კ--–--ი’’) და 6/9 (შპს ,,რ-----–-----------ი’’) დარჩენილი არაფუნქციონირებადი რკინიგზის ჩიხი ორლიანდაგიანია, საერთო სიგრძე საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით 0---------დან 0---------მდე 750.5 მეტრია, მათ შორის სს ,,კ--–--ი’’-ს ტერიტორიაზე შეადგენს 472,72 მეტრს, ხოლო შპს ,,რ-----–-----------ი’’-ს ტერიტორიაზე შეადგენს 277,75 მეტრს, ამ მონაკვეთიდან ჩიხი არცერთი მიმართულებით არ გრძელდება. ჩიხის ორივე შემადგენელი მონაკვეთი სს ,,კ--–--ი’’-ს ბალანსზეა. უფუნქციო ლიანდაგის ზოლი ორ ნაწილად ჰყოფს ორივე ნაკვეთის ტერიტორიას. ამჟამინდელი მდგომარეობით ჩიხის ვაკისი, რელსის ქვეშა ხის და რკინაბეტონის შპალები, თვით ლიანდაგებიც ლითონის სამაგრებიანად მორყეულია და მათი აღდგენა ეკონიმიკურ მიზანშეწონილობას არ ემორჩილება.

 

ამჟამად სადემონტაჟო ორივე 6/1 და 6/9 ნაკვეთებზე განთავსებული რელსები საერთო სიგრძით 750,5 მეტრია, მათ შორის რელსები P-65 400 გრძივი მეტრია და P-50 3-0,5 გრძივი მეტრი.

 

2018 წლის 18 აპრილს შედგენილი ტოპოგეგმის მიხედვით სადემონტაჟო ჩიხი ნაკვეთის 6/1 ტერიტორიაზე იწყება კაპიტალური ღობის შიდა მხარეზე ნიშნულიდან 430,26 მეტრი, შუა ნაკვეთზე 7/1 შენობასთან გრძელდება ნაკვეთის 6/9 ტერიტორიაზე და მთავრდება ნიშნულზე 427,25 მ. განშლაში ჩიხის მთლიანი სიგრძე 375 მეტრია, ორლიანდაგიანია, ჯამურად ორივე ლიანდაგის საერთო სიგრძეა 750,5 მეტრი.

 

ქ. თბილისი, ჭ------ის ჩ------, სს ,,კ--–--ი’’-ს ბალანსზე არსებული ექსპლუატაციაში გამოუყენებელი რკინიგზის ჩიხის დაშლა-დემონტაჟის პერიოდში მის სიახლოვეს მდგომი სამი შენობის მდგრადობას საფრთხე ვერ შეექმნება მათი საძირკვლების სადემონტაჟო სარკინიგზო ჩიხის ვაკისის მიმართ მეტი ჩაღრმავების გამო.

 

№29/1, №7/1 და №1/1 შენობების სიახლოვეს სადემონტაჟო სამუშაოთა შესრულების პერიოდში მობილური ამწეების და სამშენებლო მანქანა-მენქანიზმების მუშაობისას მომუშავე პერსონალმა აუცილებელია გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა არ მოხდეს შენობის კედლების უნებლიე დაზიანება.

 

აუცილებელია წინასწარ ინსტრუქტაჟის ჩატარება, სამუშაოთა მწარმოებლის გაფრთხილებაც მატერიალურ პასუხისმგებლობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა ( ს.ფ. 90-101).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დადგენილია, რომ რკინიგზის ხაზოვანი ნაგებობა, რომლის ნაწილიც დარჩა მოპასუხის ტერიტორიაზე, წარმოადგენს სს ,,კ--–--ის’’ საკუთრებას, ერიცხება ბალანსზე და იხდის ყოველწლიურ ქონების გადასახადს. მოსარჩელე ვერ ახორციელებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დემონტაჟს მოპასუხე მხარის ხელშეშლის გამო. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საპირისპირო მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სს ,,კ--–--ის’’ სარჩელი შპს ,,რ-----–-----------ის’’ მიმართ უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.

 

აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი - 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.

 

საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. მისი ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგის დადგომა და ამავდროულად, უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა (მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა ზოგადად დამრღვევისთვის ვალდებულების დაკისრების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს (იხ. სუსგ Nას-22--2-3-2012).

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი ადგენს, რომ „დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას“. ამგვარად, უფლების ბოროტად გამოყენების ნორმით მოწესრიგებული შემადგენლობა მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დაკონკრეტებაა, რომელიც კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი როგორც უფლებები, ისე მოვალეობები.

 

უფლების ბოროტად გამოყენების მარეგულირებელი ნორმის ძირითად პრინციპს წარმოადგენს ის, რომ სამოქალაქო სამართლის ერთი სუბიექტის მიერ უფლების განხორციელებამ არ უნდა ხელყოს მეორე სუბიექტის უფლებები და კანონიერი ინტერესები. სამოქალაქო უფლებათა გამოყენება უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერად. სამოქალაქო კოდექსი დაუშვებლად მიიჩნევს უფლების გამოყენებას მარტოოდენ იმ მიზნით, რომ სხვას მიადგეს ზიანი. ამ შეთხვევაში, გამოკვეთილი უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის კანონიერი ინტერესი და უფლების გამოყენება მიზნად არ უნდა ისახავდეს სხვისთვის მხოლოდ ზიანის მიყენებას. სასამართლომ განმარტა, რომ პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას აუცილებლად უნდა იქნეს დაცული კეთილსინდისიერება და მართლზომიერება. ამასთან, პირის მიერ მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა არა მარტო კანონმდებლობითაა აკრძალული, არამედ, მესაკუთრის ზნეობრივი მოვალეობაცაა. უფლების ბოროტად გამოყენებას უთანაბრდება ის მდგომარეობაც, როდესაც პირი უფლებას არ იყენებს მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, როცა მისი უმოქმედობა მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას. (იხ. სუსგ ას-336-32--2015)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ხოლო 148-ე მუხლის მიხედვით ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი.

 

,,საჯარო რეესტრის’’ შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ქვეპუნქტის უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა; ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელ--ტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი.

 

განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ სადავო რკინიგზის ხაზობრივი ნაგებობა წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება/უმოქმედობა (რკინიგზის ლიანდაგის დემონტაჟისთვის თანხმობის გაცემა), რომლის შედეგადაც სს ,,კ--–--მა’’ ვერ მოახდინა საკუთრებაში არსებული ქონების დემონტაჟის განსახორციელებლად საჭირო სამუშაოების ჩატარება.

 

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე (რკინიგზის ხაზოვანი ნაგებობა - 750,5 მეტრი, რომლის 277,75 მეტრი იმყოფება შპს ,,რ-----–-----------ის’’ ტერიტორიაზე) და ვერ ახორციელებს საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობის დემონტაჟს მოპასუხე მხარის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების გამო. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოაპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, მათ შორის რკინიგზა, ვინაიდან, ხაზობრივი ნაგებობა ცალკე წარმოადგენს უძრავ ქონებას, რომელსაც ენიჭება დამოუკიდებელი საკადასტრო კოდი. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის შეძენით, შპს ,,რ-----–-----------ს’’ არ მოუპოვებია რკინიგზის ხაზოვან ნაგებობაზე საკუთრების უფლება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპიროდ (ამონაწერები საჯარო რეესტრიდან) მას არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი მტკიცებულება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი საფუძველი.

 

6.1.2. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. კერძოდ, ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას ან უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მხარეთა პოზიციების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ არ დასტურდება ისეთი გარემოებები, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან მოსარჩელეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. შესაბამისად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. სასამართლო ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა, შესაბამისად, დავის საგნის ფასი შეადგენს 4000 ლარს, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 60 ლარს.

 

ვინაიდან სს ,,კ--–--ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 60 ლარის გადახდა.

 

ვინაიდან მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 120 ლარი, ხოლო გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენდა 60 ლარს, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 60 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 907-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებაა, რომელიც ფორმათავისუფალია და შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე _ ზეპირი ფორმით. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.

 

საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული მინდობილობა/რწმუნებულება და ქვითარი, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს წარმომადგენლის მომსახურებისთვის გადახდილი აქვს - 1000 ლარი.

 

სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა, ამ კატეგორიის დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 4 000 ლარით განისაზღვრება, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ თანხის 4% შეადგენს - 160 ლარს.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,რ-----–-----------ს’’ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 160 ლარის ანაზღაურება, წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,კ--–--ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოსარჩელე სს ,,კ--–--ი’’ გათავისუფლდეს საკუთრებაში არსებული რკინიგზის ლიანდაგის დემონტაჟისათვის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურში, მოპასუხე შპს ,,რ-----–-----------ის’’ უფლებამოსილი პირის მიერ გასაცემი წერილობითი თანხმობის წარდგენისაგან და დემონტაჟი განხორციელდეს მოპასუხის თანხმობის გარეშე;

 

2. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოსარჩელე სს ,,კ--–--ს’’ ეთქვას უარი;

 

3. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრდება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. მოპასუხე შპს ,,რ-----–-----------ს’’ დაეკისროს სს ,,კ--–--ის'' სასარგებლოდ - 60 (სამოცი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. მოპასუხე შპს ,,რ-----–-----------ს’’ დაეკისროს სს ,,კ--–--ის’’ სასარგებლოდ - 160 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლების მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;

 

6. მოსარჩელე სს ,,კ--–--ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მ--------–--------ის (01008003415) მიერ სს ,,თიბისი ბანკში'' 2018 წლის 02 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან - ზედმეტად გადახდილი 60 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახდო დავალება №0);

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე