გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
340210018002619528
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210018002619528

საქმე #2/722-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.01.2019 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - მა-----------–---–ი

მოპასუხე - სო---------–---–ი

მოპასუხე - სსიპ ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - კახეთის პრობაციის ბიურო“

წარმომადგენელი - და------–----–---–ი

მესამე პირი - სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“

წარმომადგენელი - სა---------------ე

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 07 აგვისტოს აქტით დაყადაღებული ქონება - ,,BEKO“-ს ფირმის სარეცხი მანქანა, ,,TOSHIBA“-ს ფირმის მაცივარი, ,,VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორი, ,,TERMIKEL“-ის ფირმის გაზქურა; მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხე სო---------–---–ი მოსარჩელის შვილიშვილია, რომელიც რამოდენიმეჯერ არის ნასამართლევი. 2012 წელს შეფარდებული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. 2016 წელს შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან ორი წელი პატიმრობით და 3 წელი პირობითი სასჯელი. სო---------–---–ი 2017 წლის 29 ივნისს პირობით ვადამდე გათავისუფლდა და პრობაციის ბიუროში იქნა აღრიცხვაზე აყვანილი. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრა, მაგრამ ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში ვერ დაბრუნდა, რის გამოც პირობითი მსჯავრი შეეცვალა და ამჟამად კვლავ პატიმრობაშია. პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის გამო შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და დაეკისრა ჯარიმა, რომლის აღსრულების მიზნითაც კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა ნივთები, რომლებიც მოსარჩელეს ეკუთვნის და არ წარმოადგენს მოპასუხე სო---------–---–ის საკუთრებას. დაყადაღებული ნივთები, რომლებიც აღმასრულებელმა აღწერა, წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილებას და სო---------–---–ის ვალდებულების გამო მათი რეალიზაცია არ უნდა მოხდეს. მოსარჩელემ ამ საფუძვლით ყადაღის აქტში მითითებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვა. 2. მოპასუხეების და მესამე პირის პოზიცია: 2.1. მოპასუხე სო---------–---–მა შესაგებელით არ წარმოადგინა. 2.2. მოპასუხე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ - კახეთის პრობაციის ბიურომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნივთებზე ყადაღის დადება აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას განეკუთვნება და მათ კუთვნილებაზე კახეთის პრობაციის ბიურო ვერ იდავებს. 2.3. მესამე პირმა სსიპ ,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ შესაგებელი არ წარმოადგინა. 3. ფაქტობრივი გარემოებები: 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - კახეთის პრობაციის ბიუროს გადაწყვეტილებებით პირობით მსჯავრდებულს - სო---------–---–ს (მოპასუხე), საპრობაციო რეჟიმის არაერთგზის დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა დაეკისრა და გაიცა შესაბამისი სააღსრულებო ფურცლები, რომლებიც აღსასრულებლად სსიპ აღსრულებოს ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა. 3.1.2. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - კახეთის პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე კახეთის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო იძულებითი აღსრულება, რომლის ფარგლებშიც აღმასრულებელი, 2018 წლის 07 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მა-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში გამოცხადდა, სადაც აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ,,BEKO“-ს ფირმის სარეცხი მანქანა; 2) ,,TOSHIBA“-ს ფირმის მაცივარი; 3) ,,VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორი; 4) ,,TERMIKEL“-ის ფირმის გაზქურა; 3.1.3. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე მა-----------–---–ის საკუთრებას. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 17-18); - შეტყობინება გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ (ს.ფ. 20-23); - სააღსრულებო ფურცლები (ს.ფ. 55-56; 59-60; 63-64; 67-68; 71-72; 75-76); - სასამართლოს 30.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი. 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ: 5.1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი; 5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 44-ე უხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის. ამასთან, კანონის 44-ე მუხლი აწესებს ვარაუდს, რომლის მიხედვით მოვალეს ეკუთვნის ის ნივთები, რომლებსაც მასთან პოულობენ. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლი თანახმად, მხარეთა წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოების პროცესში განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამ პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოს/პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოება დაწყებულია მოპასუხე სსიპ ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოს - კახეთის პრობაციის ბიუროს მიერ გამოცემული გადაწყვეტილებებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სო---------–---–ისათვის დაკისრებული ჯარიმების აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე. აგრეთვე დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რომელიც არ არის მოვალე და არც ის პირია, რომელმაც სოლიდარულად შეიძლება აგოს პასუხი სო---------–---–ის ფულად ვალდებულებებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და ამდენად, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ სადავო ნივთებს მოეხსნას ყადაღა. 7. საპროცესო ხარჯები: 7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასი 1 600 ლარით განისაზღვრა და მოსარჩელე მხარეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოსარჩელემ მხარემ მოპასუხეებზე სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხე მხარეზე სახელწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: 8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37- 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 264-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელე მა-----------–---–ის სარჩელი მოპასუხეების სო---------–---–ის და სსიპ ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - კახეთის პრობაციის ბიუროს“ მიმართ დაკმაყოფილდეს. 2. გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 07 აგვისტოს აქტით დაყადაღებული ქონება - ,,BEKO“-ს ფირმის სარეცხი მანქანა, ,,TOSHIBA“-ს ფირმის მაცივარი, ,,VESTEL“-ის ფირმის ტელევიზორი, ,,TERMIKEL“-ის ფირმის გაზქურა. 3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 364-ე და 365-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მოსამართლე რომან კუპატაძე