გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1908-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - ნ--- ტ--–--–-–---–-
წარმომადგენელი - ნ----- ჩ--------
მოპასუხეები - ლ---- ნ--------, ლ-–- ნ--------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ლ---- ნ--------სა და ლ-–- ნ--------ს სოლიდარულად დაეკისროთ 3000 ევრო მოსარჩელის სასარგებლოდ;
მოსარჩელის განმარტებით, ლ---- ნ--------ს (პ/ნ 6----------) და ლ-–- ნ--------ს (პ/ნ 5---------) მცხოვრებს წყალტუბოს რაიონის სოფელ პ----------ში, სესხად გადასცა თანხა 2000 ევროს ოდენობით, თვეში 100 ევროს სარგებლის გადახდის ვალდებულებით. თანხის გადაცემის თარიღია 2013 წლის 23 აგვისტო. მოპასუხეებს არც ძირითადი თანხა გადაუხდიათ და არც სარგებელი, უბრალოდ პერიოდულად აგრძელებდნენ ხელწერილის ვადას, ბოლოს ხელწერილი გაგრძელდა 2016 წლის 17 სექტემბერს, არც მას შემდეგ არ გადაუხდიათ თანხა მოპასუხეებს და არც აპირებენ გადახდას. შესაბამისად, მოსარჩელემ გადაწყვიტა სასამართლოს გზით მოითხოვოს კუთვნილი თანხა 2000 ევრო ძირითადი თანხის, ხოლო 1000 ევრო სარგებლის ოდენობით. დანარჩენი წლების გადაუხდელ სარგებელს მოსარჩელე მიუთითებს რომ პატიობს მოპასუხეებს. ითხოვს ჯამში მხოლოდ 3000 ევროს (8800 ლარს).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, ხოლო მთავარ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ლ---- ნ--------მ ძირითადი თანხის - 2000 ევროს დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი. ამასთან განმარტა, რომ სესხი აიღო მხოლოდ მან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება 2013 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებულ ვალის აღიარების ხელწერილს. ხელწერილში მითითებულია, რომ ლ---- ნ--------მ და ლ-–- ნ--------მ ნ--- ტ--–--–-–---–-საგან მიიღო 2000 ევრო, მის ქვის სამსხვრევ კარიერში ბიზნესის გასაფართოებლად. მისი ბიზნესით ამონაგები თანხიდან მოგების სახით ნ--- ტ--–--–-–---–- ყოველ თვეში უნდა მისცეს 100 ევრო. დანარჩენ ძირ თანხას 2000 ევროს დაუბრუნებს მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულ ხელწერილს ადასტურებს და ხელს აწერს მხოლოდ ლ---- ნ--------. ამასთან მთავარ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ლ---- ნ--------მ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ხელწერილი მისი ხელითაა შესრულებული, ხოლო აღნიშნულ ხელწერილში ლ-–- ნ--------- სახელი ნ--- ტ--–--–-–---–-ს თხოვნით მოხვდა, თუმცა რეალურად მას მონაწილეობა არ მიუღია არც ხელწერილის შედგენაში და არც ზემოაღნიშნული თანხით უსარგებლია.
3.2.2. 2013 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებულ ვალის აღიარების ხელწერილს 2016 წლის 10 აგვისტოს ლ---- ნ--------- მიერ გაუკეთდა შემდეგი მინაწერი: „მთლიან თანხას დავფარავ 2016 წლის 20 სექტემბრამდე“. ხოლო 2016 წლის 17 სექტემბერს - შემდეგი მინაწერი: „ეს ხელწერილი არის ჩემი დაწერილი, რომელსაც ვაგრძელებ 2017 წლის მარტის ბოლომდე, რომელსაც დავფარავ ამ ვადაში. ვადასტურებ ჩემი ხელის მოწერით“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილის ასლი (იხ. ს.ფ. 27; ხელწერილის დედანი იხ. სარჩელის უზრუნველყოფის მასალებში);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. მთავარ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ლ---- ნ--------მ 2000 ევროს, კერძოდ, სესხის ძირი თანხის ნაწილში ცნო სარჩელი, მაგრამ არ დაეთანხმა მასი და მისი შვილის - ლ-–- ნ---------ათვის აღნიშნული თანხის სოლიდარულად დაკისრებას, ვინაიდან მოპასუხის განმარტებით, ლ-–- ნ--------ს სესხზე პასუხისმგებლობა არ უკისრია მოსარჩელის წინაშე და არც ხელწერილზე არ მოუწერია ხელი.
3.2.4. მთავარ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ლ---- ნ--------მ განმარტა, რომ 2017 წლის სექტემბრის შემდეგ სესხის დაფარვის მიზნით არ გადაუხდია არაფერი, მაგრამ მაინც არაა თანახმა სარგებლის სახით დაეკისროს 1000 ევრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5. მოპასუხეთა - ლ---- ნ---------ა და ლ-–- ნ--------- სოლიდარული ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო 2013 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებული ვალის აღიარების ხელწერილი ლ-–- ნ--------- მიერ ხელმოწერილი არაა. თანაც 2016-2017 წლების მინაწერებში აღნიშნულ სესხზე პასუხისმგებლობას მთლიანად თავის თავზე იღებდა მოპასუხე ლ---- ნ--------, რის გამოც აღნიშნულ ხელწერილს მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს სასამართლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილის ასლი (იხ. ს.ფ. 27; ხელწერილის დედანი იხ. სარჩელის უზრუნველყოფის მასალებში);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 385-ე, 413-ე, 524-ე, 526-ე, 530-ე, 986-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.5. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.6. დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება 2013 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებულ ვალის აღიარების ხელწერილს. ხელწერილში მითითებულია, რომ ლ---- ნ--------მ და ლ-–- ნ--------მ ნ--- ტ--–--–-–---–-საგან მიიღო 2000 ევრო, მის ქვის სამსხვრევ კარიერში ბიზნესის გასაფართოებლად. მისი ბიზნესით ამონაგები თანხიდან მოგების სახით ნ--- ტ--–--–-–---–- ყოველ თვეში უნდა მისცეს 100 ევრო. დანარჩენ ძირ თანხას 2000 ევროს დაუბრუნებს მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულ ხელწერილს ადასტურებს და ხელს აწერს მხოლოდ ლ---- ნ--------.
6.7. ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებულ ვალის აღიარების ხელწერილს 2016 წლის 10 აგვისტოს ლ---- ნ--------- მიერ გაუკეთდა შემდეგი მინაწერი: „მთლიან თანხას დავფარავ 2016 წლის 20 სექტემბრამდე“. ხოლო 2016 წლის 17 სექტემბერს - შემდეგი მინაწერი: „ეს ხელწერილი არის ჩემი დაწერილი, რომელსაც ვაგრძელებ 2017 წლის მარტის ბოლომდე, რომელსაც დავფარავ ამ ვადაში. ვადასტურებ ჩემი ხელის მოწერით“.
6.8. დადგენილია, რომ მთავარ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ლ---- ნ--------მ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ხელწერილი მისი ხელითაა შესრულებული, ხოლო აღნიშნულ ხელწერილში ლ-–- ნ--------- სახელი ნ--- ტ--–--–-–---–-ს თხოვნით მოხვდა, თუმცა რეალურად მას მონაწილეობა არ მიუღია არც ხელწერილის შედგენაში და არც ზემოაღნიშნული თანხით უსარგებლია. შესაბამისად, მოპასუხე ლ---- ნ--------მ 2000 ევროს, კერძოდ, სესხის ძირი თანხის ნაწილში ცნო სარჩელი, მაგრამ არ დაეთანხმა მასი და მისი შვილის - ლ-–- ნ---------ათვის აღნიშნული თანხის სოლიდარულად დაკისრებას, ვინაიდან მოპასუხის განმარტებით, ლ-–- ნ--------ს სესხზე პასუხისმგებლობა არ უკისრია მოსარჩელის წინაშე და არც ხელწერილზე არ მოუწერია ხელი.
6.9. წარმოდგენილი სარჩელით ირკვევა, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს 316-ე და 361-ე მუხლებს.
6.10. სასამართლო მოიხმობს საკასაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ „....სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-202-191-2017).
6.11. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულია ვალის არსებობის აღიარება - ცალმხრივი ნების გამოხატვის სახით. მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი ელემენტი, ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1163-1109-2013).
6.12. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა რამდენად იყო ლ-–- ნ-------- ზემოაღნიშნული სესხის თანამსესხებელი, ანუ სოლიდარული მოვალე.
6.13. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ხოლო ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
6.14. სასამართლო განმარტავს, რომ სოლიდარული ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, სადავოობის შემთხვევაში საკმარისია მხარემ დაადასტუროს ხელშეკრულების მხარეებს შორის სესხზე შეთანხმების არსებობა და ერთ-ერთ მოვალეზე სესხის სახით თანხის რეალურად გადაცემის შესახებ გარემოება.
6.15. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი იმ გარემოების შესახებ, რომ სადავო სესხის ხელშეკრულების დადებისას არსებობდა მოპასუხეების ლ---- ნ---------ა და ლ-–- ნ--------- ნების სოლიდარულობა, ნ--- ტ--–--–-–---–-საგან სესხის სახით მიეღოთ სადავო თანხა, ეკისრება მოსარჩელე მხარეს, რომელიც ამ გარემოების დასადასტურებლად შემოიფარგლა სიტყვიერი განმარტებებით და 2013 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებული ვალის აღიარების ხელწერილით, რაც სადავო გარემოებაზე სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული. სხვა შესაბამისი მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ლ-–- ნ-------- მონაწილეობდა სესხის ხელშეკრულების პირობების შეთანხმებისას, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
6.16. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეთა - ლ---- ნ---------ა და ლ-–- ნ--------- სოლიდარული ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, რადგან 2013 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებული ვალის აღიარების ხელწერილი ლ-–- ნ--------- მიერ ხელმოწერილი არაა, ხოლო ზეპირსიტყვიერი განმარტება - სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. თანაც 2016-2017 წლების მინაწერებში აღნიშნულ სესხზე პასუხისმგებლობას მთლიანად თავის თავზე აიღო მოპასუხე ლ---- ნ--------მ, რის გამოც აღნიშნულ ხელწერილი მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია სასამართლომ.
6.17. ამდენად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო რა მისი მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, არ დგინდება მოპასუხეების სოლიდარული ვალდებულების არსებობა.
6.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.19. მოპასუხე მხარის მიერ არ მომხდარა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მოსარჩელემ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მომართა სასამართლოს.
6.20. დადგენილია, რომ მოპასუხე ლ---- ნ--------მ 2000 ევროს, კერძოდ, სესხის ძირი თანხის ნაწილში ცნო სარჩელი, ხოლო სარგებლის სახით 1000 ევროს დაკისრებას არ დაეთანხმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი განმარტებით, 2017 წლის სექტემბრის შემდეგ არ გადაუხდია არაფერი.
6.21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.22. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.23. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები მოპასუხეების სოლიდარული ვალდებულების არსებობის დასამტკიცებლად, რის გამოც სარჩელი ლ-–- ნ---------ათვის თანხის დაკისრების ნაწილში მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. ხოლო თავის მხრივ, ლ---- ნ--------მ ვერ დაასაბუთა თუ რატომ არ უნდა დაეკისროს სარგებელი, როცა ვალის აღიარების ხელწერილში აღიარებული აქვს სარგებლის გადახდის ვალდებულება და განმარტავს, რომ 2017 წლის სექტემბრის შემდეგ არაფერი არ გადაუხდია.
6.24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
6.25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
6.26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სასამართლო მედიაციის პროცესში დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ლ---- ნ--------მ მთავარ სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ 2000 ევროს დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი, შესაბამისად ამ ნაწილში უნდა გაუნახევრდეს მას დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 91.45 ლარის ოდენობით. ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხე ლ---- ნ--------ს. ასვე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ლ---- ნ--------- (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ქ. თბილისი, ქუჩა ს-------, N40-42, ფართი (მშენებარე), ბინა N13, მე-7 (მანსარდის) სართული, ფართი: 96.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: N01.10.14.028.082.01.013.
ვინაიდან სარჩელი ლ---- ნ---------ათვის თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ნ--- ტ--–--–-–---–-ს წარმომადგენლის ნ----- ჩ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. მოპასუხე ლ---- ნ--------ს მოსარჩელე ნ--- ტ--–--–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 3000 (სამი ათასი) ევროს გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2000 ევრო, ხოლო სარგებელი - 1000 ევრო.
4. მოსარჩელე ნ--- ტ--–--–-–---–- უარი ეთქვას მოპასუხე ლ-–- ნ---------ათვის სესხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. მოპასუხე ლ---- ნ--------ს მოსარჩელე ნ--- ტ--–--–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 173.55 ლარის ოდენობით; ასვე სარჩელის უზრუნველყოფის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
6. მოსარჩელე ნ--- ტ--–--–-–---–- სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 11 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 91.45 ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღები - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: TRESGE22 (255.00 ლარი, გადამხდელი: შორენა ტ--–--–-–---–-, გადახდის თარიღი: 11.06.2018; საგადახდო დავალება: №4, რეფერენსი: 6704014726, გადამხდელის ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“).
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9-10 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე