გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N (2–45) 911210018002600712
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
,,24 '' დეკემბერი, 2018 წელი ქ. ონი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლი
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო ონის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი ნინო ლებანიძე
მოსარჩელე - კობა კაკრიაშვილი
წარმომადგენელი - მერაბ დარახველიძე
მოპასუხე - შპს ,, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“
წარმომადგენელი - მარიამ დათაშვილი,ქეთევან ბოლქვაძე
დავის საგანი: მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მოპასუხისაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2 000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2.მოსარჩელის არგუმენტაცია:
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, 2017 წლის 27 ოქტომბერს საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა 339 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მიღებული ჰქონდა დედამისს, თინა კაკრიაშვილს, მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების 1998 წლის 04 ნოემბერს გაცემული აქტით, ე.წ. ,,ჟიჟონეთის ტერიტორიაზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს იყენებდა სახნავ–სათესად და მოყავდა სხვადასხვა სახის კულტურები. 2018 წლის აპრილის თვეში, ონის წყალმომარაგების კომპანიამ, ზემოაღნიშნული მისი კუთვნილი ნაკვეთის ტერიტორიაზე ჩაატარა გზის რეაბილიტაცია, რა დროსაც, სრულიად უკანონოდ და დაუდევრად განადგურებული იქნა მისი კუთვნილი სახნავ–სათესი მიწა, კერძოდ მის ნაკვეთზე გაიყვანეს გზა და ფაქტიურად აღნიშნული ნაკვეთი გამოსაყენებლად გახდა უვარგისი, რადგან ამჟამად ტერიტორია უჭირავს სამანქანო გზას. აღნიშნულზე, მისი დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით წერილობით მიმართა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალურ დირექტორს, სადაც მისი, ფაქტიურად განადგურებული მიწის სანაცვლოდ კომპანიისაგან კომპენსაცია მოითხოვა 4 500 ლარის ოდენობით. 2018 წლის 25 ივლისს მიიღო წერილობითი უარი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ, იმ მოტივით, რომ მისი მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 2000 ლარამდე და ითხოვა მისი ამ მოცულობით დაკმაყოფილება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც სარჩელში აქვს მითითებული.
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ, შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში კომპანია), 2016 წლის 21 ივლისს გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება NGT–072101, რომლის ფარგლებშიც, ქ. ონის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, შეისყიდა ,,ჟიჟორეთი“–ს სათავე ნაგებობაზე ჰორიზონტალური წყალმიმღების მშენებლობისა და საფილტრე სადგურისათვის კუაგულაციის (ალუმინის სულფატის) სისტემის მოწყობის სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება პროექტით გათვალისწინებული იყო შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით: 88.09.28.002. ვინაიდან კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მდინარის კალაპოტის სიახლოვეს არის განლაგებული და სეზონური ადიდების შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ პროექტით გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურას, აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საპროექტო ტერიტორიამ განიცადა გარკვეული ცვლილება, კერძოდ, ჰორიზონტალური წყალმიმღები (დრენაჟი), საქლორატორო/სადარაჯო შენობა და საპირფარეშო შენობა განთავსდა შედარებით შემაღლებულ, მდინარიდან მოშორებულ ტერიტორიაზე (ს/კ 88.09.29.014). სამშენებლო ტერიტორიის ცვლილების შედეგად, საპირფარეშო შენობა მთლიანად და საქლორატორო/სადარაჯო შენობის მცირე ნაწილი მოექცა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში. აღნიშნულის გამო საჭირო გახდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წერილის საფუძველზე, კომპანიის პარტნიორმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, იშუამდგომლა შესაბამის ორგანოებთან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან, ხოლო ამ უკანასკნელმა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების (ამორიცხვის) თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დაკორექტირდა სახელმწიფო ტყის საზღვრები. ამ ღონისძიების განხორციელებისას არ შელახულა მოსარჩელე კობა კაკრიაშვილის საკუთრების უფლება.
სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მომენტისათვის კობა კაკრიაშვილის საკუთრებას არ წარმოადგენდა ის უძრავი ქონება, რომელიც საკუთრებაში დაირეგისტრირა 2017 წლის 27 ოქტომბერს (ს/კ88.09.28.032). მოსარჩელე აცხადებს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ჩაატარა გზის რეაბილიტაცია, რა დროსაც განადგურებული იქნა კობა კაკრიაშვილის კუთვნილი სახნავ–სათესი მიწა და მიწის ნაკვეთი გახდა გამოსაყენებლად უვარგისი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მოცემულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დღეის მდგომარეობით კობა კაკრიაშვილის საკუთრებას წარმოადგენს, 2010 წლის ორთოფოტოს მიხედვით, განთავსებული იყო მისასვლელი გზა. კომპანიის მიერ სამუშაოების წარმოებისას აღნიშნული გზა არ წარმოადგენდა კობა კაკრიაშვილის საკუთრებას და არც მასზე ვიზუალურად შეიმჩნეოდა რაიმე სახის სასოფლო დანიშნულების ნარგავები – ნათესები.
გარდა ამისა, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით 88.09.28.032 კომპანიას პროექტის ფარგლებში, რაიმე სახის სამუშაოები არ განუხორციელებია. შესაბამისად, მიწის ნაკვეთი არ არის უფლებრივად ან ნივთობრივად დატვირთული და მიწის ნაკვეთი არ არის შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მფლობელობაში რაიმე ფორმით.
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ან გაუფრთხილებელ ქმედებას, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელეს.
საქმის სასამართლო განხილვისდ როს მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი, იმ გარემოებებზე მითითებით, რაც შესაგაბელშია აღნიშნული.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში მდებარე ,,ჟიჟონეთი“–ს ტერიტორიაზე 339 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრების უფლებით გადაეცა მოსარჩელის დედას – თინა კაკრიაშვილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე ( ს.ფ.1–13);
2. 1998 წლის 04 ნოემბერის მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტი(ს.ფ.21–22)
3. მოსარჩელე მხარის და მისი წარმომადგენლის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში ,,ჟიჟონეთი“–ს ტერიტორიაზე მდებარე 339 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 88.09.28.032, წარმოადგენს მოსარჩელე კობა კაკრიაშვილის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ.1–13)
2.2017 წლის 27 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ს.ფ.17–19);
3..მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);
4.2.2. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში ,,ჟიჟონეთი“–ს ტერიტორიაზე მდებარე კობა კაკრიაშვილის კუთვნილი, 339 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 88.09.28.032, გამოყენებული იქნა შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ შესყიდული სამუშაოების შესრულების დროს საპროექტო ტერიტორიაში ცვლილებების შეტანისას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ.1–13);
2.შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.35–44);
3.2017 წლის 27 ოქტომბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(ს.ფ.17–19);
4..მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);
5..მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);
4.2.3. მოსარჩელემ სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე განცხადებით მიმართა შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მიყენებული ზიანის 4500 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით, რაზედაც მიიღო უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ.1–13)
2. მოსარჩელე კობა კაკრიაშვილის განცხადება შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ გენერალური დირექტორისადმი (ს.ფ.22);
3. შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ პასუხი მოსარჩელე კობა კაკრიაშვილისადმი(ს.ფ.24–25);
4.შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.35–44);
5..მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);
6..მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);
4.2.4. მოსარჩელე კობა კაკრიაშვილს მისი კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხის მიერ პირადი მიზნებით გამოყენებისა და ფუნქციური დატვირთვისათვის გამოუყენებადად ქცევის გამო მიადგა მატერიალური ზიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ.1–13)
2. მოსარჩელე კობა კაკრიაშვილის განცხადება შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ გენერალური დირექტორისადმი (ს.ფ.22);
3. შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ პასუხი მოსარჩელე კობა კაკრიაშვილისადმი(ს.ფ.24–25);
4..მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);
5.მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მოსარჩელე კობა კაკრიაშვილისათვის რაიმე ზიანი არ მიუყენებია და რომ კობა კაკრიაშვილს საჯარო რეესტრში არ ჰქონდა განხორციელებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სამუშაოთა წარმოების პროცესში.
მოპასუხე მხარე არ უარყოფს და ადასტურებს, რომ სამუშაოთა წარმოების პროცესში წარმოიქმნა პროექტში ცვლილების შეტანის აუცილებლობა იმ სამუშაოთა წარმოების ფარგლებში, რასაც შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებდა. 2010 წლის ორთოფოტოს მოშველიება, რომ კობა კაკრიაშვილს სადავო ტერიტორიაზე მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნია, არ არის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საპირწონე, რომლის კანონიერება მოპასუხე მხარეს ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია.
ის გარემოება, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სამუშაოთა წარმოების დროს კობა კაკრიაშვილს არ ჰქონდა რეგისტრირებული უძრავი ქონება, არ წარმოუშობდა მოპასუხეს მისი ხელყოფისა და პირადი მიზნების განხორციელების უფლებას. რამე თუ კობა კაკრიაშვილი არ იყო შეზღუდული დროში, დაერეგისტრირებინა უძრავი ქონება, რომლის კუთვნილების პირველადი დოკუმენტი ხელთ ჰქონდა და აძლევდა საფუძველს უძრავი ქონების საჯარო რეეესტრში რეგისტრაციისათვის.
მოპასუხე მხარის მიერ უარყოფილი არ არის ის გარემოება, რომ კომპანიამ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, სამომავლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მდინარის კალაპოტისაგან მოშორებით განათავსა ჰორიზონტალური წყალმიმღები (დრენაჟი), საქლორატორო/სადარაჯო შენობა და საპირფარეშო შენობა ტერიტორიაზე, საკადასტრო კოდით 88.09.29.014.
მართალია, შენობათა განლაგება არ ემთხვევა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს, მაგრამ კომპანიისაგან საპროექტო ტერიტორიაში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა, მათივე ინტერესიდან გამომდინარე, საავტომობილო გზის ადგილმონაცვლეობა მოსარჩელის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, რითაც დაეკარგა ფუნქცია და შეილახა მესაკუთრის კანონიერი უფლება
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. კანონმდებლის მიერ მოსარჩელისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოპასუხის გათავისუფლებას მოთხოვნის დასაბუთებისაგან და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის სახით და დაადასტურა მისი კუთვნილი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოპასუხისაგან პირადი მიზნებით გამოყენების გამო ფუნქციური დატვირთვის დაკარგვა, მისი აღდგენის შეუძლებლობა, რომლის გასაბათილებლად მოპასუხეს გარდა მოსაზრებისა, რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება, რომ მოსარჩელეს მისი ქმედებით ზიანი არ განუცდია.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლომ შეისწავლა საქმე, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიიჩნევს, რომ კობა კაკრიაშვილის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ უნდა დაეკისროს კობა კაკრიაშვილის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 2 000 ლარის გადახდა.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
–საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
–საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მითთებული მუხლის მესამე ნაწილით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.
დადგენილია და დავასა და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში ,,ჟიჟონეთი“–ს ტერიტორიაზე მდებარე კობა კაკრიაშვილის კუთვნილი, 339 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 88.09.28.032, გამოყენებული იქნა შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ შესყიდული სამუშაოების შესრულების დროს, საპროექტო ტერიტორიაში ცვლილების შეტანის შედეგად, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ადგილმონაცვლეობა მოსარჩელის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, რითაც დაეკარგა ფუნქცია და დაირღვა საკუთრების უფლების დაცულობის შესახებ მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. თავის მხრივ, უდავოა, რომ უფლების შეზღუდვის პროპორციულობა მოწმდება შეპირისპირებულ სიკეთეთა სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, როდესაც თანაბარი უფლების მქონე სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს ამ სიკეთით (უფლებით) სარგებლობის მართლზომიერად განსაზღვრა.
საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნდა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მოპასუხე მხარის მიერ ისე იქნა ათვისებული, რომ მოსარჩელე საქმის კურსში არ ჩაუყენებია, უფრო მეტიც, მის მოთხოვნას მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებლად უთხრა უარი. რის გამოც მესაკუთრეს ეზღუდება კუთვნილი ქონების ჯეროვანი სარგებლობისა და განკარგვის შესაძლებლობა. აღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა წარმოშობს ხელმყოფის ვალდებულებას უზრუნველყოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მოპასუხის მხრივ, აღნიშნული მოცემულობის გამამართლებელ ფაქტორად ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ კუთვნილი ქონების სამუშაოთა წარმოების პროცესში საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობა, რამეთუ მას გააჩნდა პირველადი რეგისტრაციის დოკუმენტი მიწის მიღება–ჩაბარების აქტით, რაც საჯარო რეესტრში უძრავი ქონების უპირობო რეგისტრაციის საფუძველია.
7.3. სასარჩელო მოთხოვნა ეხება ქონებით სარგებლობის ხელშეშლის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას - 2000 ლარის ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავავრცელოთ ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, კერძოდ პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
განსახილველ შემთხვევაში შეუძლებელია უკან დაუბრუნდეს მოსარჩელე კაკრიაშვილს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ვინაიდან ის გამოყენებულია საავტომობილო გზად მოპასუხის მიერ შესყიდული და შესრულებული სამუშაოების რისკებისაგან დასაზღვევად საპროექტო ტერიტორიაში ცვლილების შეტანის გამო. შესაბამისად სახეზეა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, რომელიც მოსარჩელის შეფასებით განისაზღვრა მინიმალური ოდენობით 2 000 ლარით.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი თუ არ არის ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოებები. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. მატერიალური ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას ან მცირდება მისი მატერიალური ღირებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა კანონით აუკრძალავი ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 409-ე მუხლით თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვის შედეგად აშკარაა, რომ მოსარჩელე კობა კაკრიაშვილის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ფუნქციის დაკარგვა გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, რის შედეგადაც მიწა გახდა დანიშნულებისამებრ გამოუყენებელი, უფრო მეტიც მასზე განთავსდა საავტომობილი გზა და გახდა ფაქტიურად მოსარჩელისავის გამოუსადეგარი და ხელმიუწვდომელი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სახეზეა, დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა, სახელდობრ, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რის გამოც, წარმოდგენილი სარჩელი დაზუსტებული მოთხოვნით უნდა დაკამყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს 2 000 ლარის ლარის გადახდა.
8. სასამართლო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ უარი თქვა მოპასუხისათვის მის მიერ სასამართლოში განსახილველ საქმეზე გადახდილი ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრებაზე, რის გამოც გადახდილი სახ. ბაჟი უნდა დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 269-ე,270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე კობა კაკრიაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ ( ს/კ 412670097) მოსარჩელე კობა კაკრიაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის სახით – 2 000(ორი ათასი) ლარის გადახდა.
3. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახ. ბაჟი 50 ( ორმოცდაათი ) ლარი დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365–ე მუხლის შესაბამისად, გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი