გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310017001878030
საქმე № 3/426-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელი
28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე, ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - შპს ,,ჯ----------’’ (ს/ნ 442728443);
დირექტორი - კ---------ა;
წარმომადგენელი - გ------------;
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - გ-----------------ე;
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - თ----------------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 08 აპრილის №022-180 ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №022-180/1 აქტი;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ივნისის N16434 ბრძანება;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება №12938/2/16 საჩივართან დაკავშირებით;
სარჩელის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 08.04.2016 წლის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N022-180 ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება ინდ. მეწარმე ,,ვ--------------–---ს’’ საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად შპს ,,ჯ----------’’-ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ჯ----------’’-ს შეძენილი ჰქონდა ინდ. მეწარმე ,,ვ--------------–---ს’’ საგადასახადო გირავნობით დატვირთული ქონება. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 11.04.2016 წლის ქონებაზე ყადაღის შესახებ N022-180/1 აქტით ყადაღა დაედო შპს ,,ჯ----------’’-ის 23 კუბ.მ. დახერხილ ხის მასალას, რომელიც მიღებულ იქნა ინდ. მეწარმე ,,ვ-------------–---სგან’’ სასაქონლო ზედნადებებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების საფუძველზე შეძენილი ხის მორების გადამუშავებით.
ადმინისტრირების დეპარტამენტის 08.04.2016 წლის N022-180 ბრძანება და 11.04.2016 წლის N022-180/1 აქტი გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომელიც 10.06.2016 წლის N16434 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულის შემდეგ სადავო აქტები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 07.11.2016 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურს უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება დაევალა საქონლის მოსარჩელისათვის მიწოდების მომენტში გამყიდველის მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ გასხვისების მომენტში საქონელი დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით.
მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ კეთილსინდისიერი შემძენისათვის უცნობი იყო ინდ. მეწარმე ,,ვ-------------–---ს’’ მიმართ დაწყებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაწყების და მისი მთელი ქონების საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთვის შესახებ, შემოსავლების სამსახურმა ვერ უზრუნველყო ადმინისტრირება იმისა, რომ ი.მ. ,,ვ-------------–---ს’’ მხრიდან არ მომხდარიყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და შემძენის მიერ მის წარმოებაში ჩართვა/გადამუშავება.
მოსარჩელის წარმომადგენელი საგადასახადო ტვირთის/სიმძიმის საქონლის კეთილსინდისიერ შემძენზე გადატანას არასამართლიანად მიიჩნევს, ამასთან აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯ----------’’-მა ინდ. მეწარმე ,,ვ-------------–---სგან’’ შეძენილი ნედლეული (მრგვალი ხის მორი) გადაამუშავა და აწარმოა ახალი პროდუქტი - დახერხილი ხის მასალა, შესაბამისად მოსარჩელე არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ შპს ,,ჯ----------’-ის მიერ გადამუშავებულ და წარმოებულ ქონებაზე ყადაღის დადებას.
მოსარჩელის წარმომადგენელი არ ეთანხმება გასაჩივრებულ აქტებს, მიიჩნევს უკანონოდ და ითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 08.04.2016 წლის №022-180 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.04.2016 წლის №022-180/1 აქტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 10.06.2016წ N16434 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 07.11.2016 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას.
2. მოპასუხების პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად, საიდენტიფიკაციო კოდი - 442728443, იურიდიული მისამართი - წალენჯიხა, ჯვარი, ანდრია პირველწოდებულის ქ. N196.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 15-16);
3.1.2. დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე ,,ვ-------------–---’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად, საიდენტიფიკაციო კოდი - 51001023307, იურიდიული მისამართი - წალენჯიხა, სოფელი ჭალე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 64-65);
3.1.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 19 აგვისტოს N074-1009 შეტყობინებით ვ-------------–---ს ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 ოქტომბრის N074-68 ბრძანებით ყადაღა დაედო ,,ვ-------------–---ს’’ ქონებას (მატერიალურ არამატერიალურ აქტივებს).
დადგენილია, რომ 2014 წლის 10 ოქტომბერს შედგა N074-68/1 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის თანახმად, ყადაღა დაედო ინდ. მეწარმე ,,ვ--------------–---ს’’ ქონებას - საკარმიდამო მიწის ნაკვეთს ს/კ 47.12.34.001).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადამხდელის ფაილი (იხ. ს.ფ. 116);
- ბრძანება N074-68 (იხ. ს.ფ. 120);
- N074-68/1 აქტი (იხ. ს.ფ. 122-123);
3.1.4. დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე ,,ვ-------------–---ს’’ სახელზე გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები: N0000423831; N0000423836; N0000423841; N0000423840; N0000423845; N0000423839; N0000423844; N0000423832;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები (იხ. ს.ფ. 56-63);
3.1.5. დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------’-ის სახელზე გაწერილი იქნა: სასაქონლო ზედნადები ელ 0183814312, 10.07.2015წ გამყიდველი ,,ვ--------------–---’’, საქონლის დასახელება - სოჭის მრგვალი მორი, რაოდენობა - 20,9300მ3; საქონლის ფასი - 3851,1200 ლარი;
დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------’-ის სახელზე გაწერილი იქნა: სასაქონლო ზედნადები ელ 0189812130, 12.08.2015წ გამყიდველი ვ--------------–---’’, საქონლის დასახელება - მრგვალი მორი წიწვ, რაოდენობა - 19,3600მ3; საქონლის ფასი - 3562,2400 ლარი;
დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------’-ის სახელზე გაწერილი იქნა: სასაქონლო ზედნადები ელ 0189814433, 12.08.2015წ გამყიდველი ვ--------------–---’’, საქონლის დასახელება - მრგვალი მორი წიწვ, რაოდენობა - 9,6700მ3; საქონლის ფასი - 1779,2800 ლარი;
დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------’-ის სახელზე გაწერილი იქნა: სასაქონლო ზედნადები ელ 0189886999, 13.08.2015წ გამყიდველი ვ--------------–---’’, საქონლის დასახელება - მრგვალი მორი წიწვ, რაოდენობა - 17,4300მ3; საქონლის ფასი - 3207,1200 ლარი;
დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------’-ის სახელზე გაწერილი იქნა: სასაქონლო ზედნადები ელ 0189888389, 13.08.2015წ გამყიდველი ვ--------------–---’’, საქონლის დასახელება - მრგვალი მორი წიწვ, რაოდენობა - 17,1100მ3; საქონლის ფასი - 3148,2400 ლარი;
დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------’-ის სახელზე გაწერილი იქნა: სასაქონლო ზედნადები ელ 0190090343, 14.08.2015წ გამყიდველი ვ--------------–---’’, საქონლის დასახელება - მრგვალი მორი წიწვ, რაოდენობა - 17,3700 მ3; საქონლის ფასი - 3196,0800 ლარი;
2015 წლის 5 სექტემბრის N11618484 ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------’’მა ი.მ ,,ვ-------------–---საგან’’ მიიღო მრგვალი მორი წიწვოვანი ჯიშის, ღირებულებით 10,000 ლარი.
დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------’-ის სახელზე გაწერილი იქნა: სასაქონლო ზედნადები ელ 0195544734, 14.09.2015წ გამყიდველი ვ--------------–---’’, საქონლის დასახელება - მრგვალ ხე-ტყეზე (მორი), რაოდენობა - 15,2700მ3; საქონლის ფასი - 3054,0000 ლარი;
დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------’-ის სახელზე გაწერილი იქნა: სასაქონლო ზედნადები ელ 0195546502, 14.09.2015წ გამყიდველი ვ--------------–---’’, საქონლის დასახელება - მრგვალ ხე-ტყეზე (მორი), რაოდენობა - 14,0700მ3; საქონლის ფასი - 2814,000 ლარი;
2015 წლის 20 ოქტომბრის N11618485 ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------’’მა ი.მ ,,ვ-------------–---საგან’’ მიიღო მრგვალი მორი წიწვოვანი ჯიშის, ღირებულებით 8700 ლარი.
2015 წლის 11 დეკემბრის N11618486 ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------’’მა ი.მ ,,ვ-------------–---საგან’’ მიიღო მრგვალი მორი წიწვოვანი ჯიშის, ღირებულებით 5912 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასაქონლო ზედნადებები (იხ. ს.ფ. 37-46);
- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები (ი.ხ ს.ფ. 34-36);
3.1.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 10 თებერვალს შპს ,,ჯ----------’-სა და შპს ,,ჯითიეიკომპანიას’’ შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ,,შემსრულებელი“ ვალდებულია გაუწიოს მომსახურეობა გადაამუშაოს (გააშროს) ,,შემკვეთის“ მიერ მითითებული საქონელი წიწვოვანი ჯიშის ხის დახერხილი მასალა. შესასრულებელი სამუშაოს მთლიანი მოცულობა შეადგენს 59,6 კუბ.მეტრი, დამადასტურებელი დოკუმენტი - ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი: N0000423840, N0000423844; N0000423845; N0000423839; N0000423832; N0000423841;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მომსახურების ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 47-49);
3.1.7. დადგენილია, რომ 2016 წლის 15 თებერვალს, შპს ,,ჯ----------’’-მა განახორციელა შპს ,,ჯითიეიკომპანიის’’ ხის გადამამუშავებელ საამქროშიმდებარე სოფ. ხაიში, 29,6000მ3 ფიცრის ტრანსპორტირება;
დადგენილია, რომ 2016 წლის 18 თებერვალს შპს ,,ჯ----------’’-მა განახორციელა შპს ,,ჯითიეიკომპანიის’’ ხის გადამამუშავებელ საამქროში, მდებარე სოფ.ხაიში, 30,0000მ3 ფიცრის ტრანსპორტირება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- Nელ 0221385984 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (იხ ს.ფ. 50-51);
- Nელ 0222022919 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (იხ ს.ფ. 52-53);
3.1.8. დადგენილია, რომ 2016 წლის 5 აპრილს შპს ,,ჯ----------’’-მა 23,000მ3 ფიცარი მიყიდა შპს ,,ტუხ-707’’-ს, საქონლის ფასი - 10810,0000 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- Nელ 0230310748 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (იხ ს.ფ. 54-55);
3.1.9. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 აპრილის N022-180 ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,ჯ----------’’-ს (ს/კ 442728443) საკუთრებაში არსებულ ვ--------------–---ს (ს/კ 51001023307) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებას.
დადგენილია, რომ 2016 წლის 11 აპრილს შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის N022-180/1 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის თანახმად, ყადაღა დაედო შპს ,,ჯ----------’’-ის დახერხილ ხის მასალას 23მ3.
დადგენილია, რომ 2016 წლის 18 აპრილს შპს ,,ჯ----------’’-მა სსიპ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 აპრილის N022-180 ბრძანება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ივნისის N16434 ბრძანებით შპს ,,ჯ----------“-ის საჩივარი (სსიპ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2016 წლის 8 აპრილის N022-180 ბრძანების გაუქმების თაობაზე) არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 1 ივლისს შპს ,,ჯ----------’’-მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 აპრილის N022-180 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ივნისის N16434 ბრძანება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს ,,ჯ----------’’-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ივნისის N16434 ბრძანება, კერძოდ, საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება მოხდა სადავო საქონლის მომჩივანზე მიწოდების მომენტში ვ-------------–---ს მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში; ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N022-180 ბრძანება (იხ. ს.ფ. 26);
- N022-180/1 აქტი (იხ. ს.ფ. 27-28);
- საჩივარი (იხ. ს.ფ. 29-30);
- N16434 ბრძანება (იხ. ს.ფ. 24-25);
- 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 18-29);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე შპს ,,ჯ----------’’-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N994.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 08.04.2016 წლის №022-180 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.04.2016 წლის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №022-180/1 აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 10.06.2016წ N16434 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 07.11.2016 წ. გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, კერძოდ, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 39-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელის ქონება დატვირთონ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ი/მ ვ-------------–---ს საგადასახადო დავალიანების გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შემდეგ შპს ,,ჯვარის 2011-ის“ მიერ ინდივიდუალური მეწარმისგან შეძენილ საქონელზე საგადასახადო იპოთეკა/გირავნობის არსებობის მართლზომიერების შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიზნად ისახავს პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში არასასურველი შედეგების თავიდან აცილებას ან შემცირებას. საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება ვრცელდება: (1) გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე; (2) გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე და (3) საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ ქონებაზე. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ ერთი გამონაკლისი შემთხვევა, კერძოდ, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება არ ვრცელდება გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ლიზინგით მიღებულ ქონებაზე.
ცნობილია, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გამოიყენება მხოლოდ საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში, თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისი, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დროს საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, საგადასახადო დავალიანების არარსებობის შემთხვევაშიც, მაგრამ თუ გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას არ დადგინდა საგადასახადო დავალიანების ფაქტი, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება უქმდება.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენს შემდეგი: საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 19 აგვისტოს N074-1009 შეტყობინების საფუძველზე ინდ. მეწარმე ,,ვ-------------–---ს’’ მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2014 წლის 3 ოქტომბერს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გამოიცა ინდ. მეწარმე ,,ვ-------------–---ს’’ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N074-68 ბრძანება. ინდ. მეწარმე ,,ვ-------------–---მ’’ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული საქონელი (ხის მორი 29,34 კვ.მ, საერთო ღირებულებით 5868 ლარი) სასაქონლო ზედნადებით 2015 წლის 14 სექტემბერს გადასცა შპს ,,ჯ----------’’-ს, რომელმაც აღნიშნული საქონელი დახერხილი ფორმით (10810 ლარის ღირებულების 23 კბ.მ. ხის ფიცარი) სასაქონლო ზედნადებით გადასცა შპს ,,ტუხ-707’’-ს. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის და დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ასევე, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ინდ. მეწარმე ,,ვ-------------–---სათვის’’ კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო მის მთელ ქონებაზე დარეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის ვალდებულების შესახებ.
სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მართალია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელების შემდეგ არ ერთმევა უფლება ფლობდეს ვალდებულებით დატვირთულ ქონებას. მას ასევე, შეუძლია ამ ქონებისა ან მისი ნაწილის რეალიზება, თუმცა ამისათვის სავალდებულოა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალიზებისა შედეგად ამოღებული თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო ვალდებულების შესრულებისათვის. სხვა სახით რეალიზების შემთხვევაში კი, საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენენ, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების ან მისი ნაწილის რეალიზების შემთხვევაში, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება კვლავ ვრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის/მესაკუთრის მიმართაც, რა დროსაც კოდექსი ასევე ადგენს აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადებას მისი შემდგომი რეალიზების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ყურადღებას ამახვილებს და სამართლებრივ შეფასებას აძლევს მის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას, კერძოდ, 1. გამყიდველის მიერ გირავნობის საგანი გასხვისებულია ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში და, იმის გამო, რომ მყიდველისათვის ცნობილი არ იყო და არც შეეძლო სცოდნოდა გამყიდველის საგადასახადო ვალდებულების გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე (სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 274-ე მუხლებზე მითითებით), ნივთის შეძენის შემდეგ შპს ,,ჯ----------“-ზე უნდა გადავიდეს უფლებრივად დაუტვირთავი საკუთრება და 2. სხვა შემთხვევაში, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა შეიძლება გავრცელდეს ახალი მფლობელის/მესაკუთრის მიმართ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან ქონება იმავე სახით გადავიდა რა სახითაც იყო გამყიდველთან, რადგან სახეცვლილი ქონება (მორის დამუშავებიდან მიღებული ნივთები) აღარ წარმოადგეს საგადასახადო კოდექსის 239.5-ე მუხლით განსაზღვრულ ,,იმავე ქონებას“. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემძენის კეთილსინდისირების ფაქტი.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
საქართველოსა საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სამართლებრივი რეალობის წინაშე აყენებს ახალ მესაკუთრეს (მფლობელს, შემძენს), რომ 1. იცოდა თუ არა ახალმა მესაკუთრემ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის არსებობის ანუ, უფლებრივი შეზღუდვის შესახებ, 2. უნდა სცოდნოდა თუ არა აღნიშნული გარემოებების თაობაზე, 3. რა წყაროებიდან და რა ფარგლებში ავალდებულებს კანონი ახალ მესაკუთრეს ფლობდეს და მოიპოვებდეს ინფორმაციას შეძენილი ნივთის უფლებრივი შეზღუდვის არსებობა/არარსებობის თაობაზე.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმადაც, ინდ. მეწარმე ,,ვ-------------–---ს’’ მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია - საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და აღნიშნული შეზღუდვა გავრცელებულია და რეგისტრირებულია დროში უფრო ადრე, ვიდრე შპს ,,ჯ----------“ შეიძენდა საქონელს ი.მ. ,,ვ-------------–---სგან“ (2015 წლის ივლისი, სექტემბერი).
სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დარეგულირებული, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, თავისი სამართლებრივი ბუნებით შეეხება ქონების განკარგვის შეზღუდვა/აკრძალვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მაშინ, როდესაც საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ უზღუდავს ნივთის მესაკუთრეს ქონების განკარგვას, მხოლოდ მიუთითებს ასეთი გასხვისების შემთხვევაში საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გადაყოლის იმპერატიულ დათქმას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლზე მითითებას და პოზიციას, რომ შემძენზე უფლებრივად დაუტვირთავი ქონება უნდა გადავიდეს და პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ვ-------------–---სა და შპს ,,ჯ----------“-ის ურთიერთობა დამყარებულია სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპზე, სადაც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გირავნობის ნორმები ვრცელდება ორი კერძო სუბიექტის მიერ სამოქალაქო ბრუნვის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების პირობებისა და შესასრულებელი ვალდებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად, სადაც მხარეები თავისი სურვილით და ნამდვილი ნების გათვალისწინებით შედიან სამართლებრივ ურთიერთობაში. რაც შეეხება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას, აღნიშნული ინსტიტუტი ვრცელდება და მოქმედებას იწყებს არა ორ თანაბარ სუბიექტს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულების უზრუნველყოფას წარმოადგენს. შესაბამისად, იგი რომელიმე მხარის ნებაზე არ არის დამოკიდებული და საჯარო კანონმდებლობის ნორმებს და მოთხოვნებს ეფუძნება.
სამოქალაქო სამართალურთიერთობის სივრცეში მხარეები თავად განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობის მიზნებს, მოთხოვნებს და რისკებს, რომელზედაც თავად არიან პასუხისმგებლობის მატარებელნი. ამგვარი დასკვნა, პირველ რიგში, გამომდინარეობს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელიც, თავის მხრივ, სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. იმის გამო, რომ სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა მატარებელი სუბიექტები თავისუფალნი არიან სამოქალაქო ურთიერთობებში, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი თუ სამეწარმეო საქმიანობისთვის დამახასიათებელი წინდახედულობა და მათთვის სასურველი თუ საჭირო ინფორმაცია/მტკიცებულება, თავად მოიპოვონ. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა გამოეჩინა მეწარმისათვის დამახასიათებელი გულისხმიერება, რომელიც მოითხოვს მომეტებულ სიფრთხილეს გარიგებების დადებისას. მხოლოდ ის არგუმენტაცია, რომ შპს ,,ჯ----------“-მა არ იცოდა და არ უნდა სცოდნოდა, ი.მ. ვ-------------–---ს საგადასახადო ვალდებულების არსებობის შესახებ და ამას არც კანონი არ ავალდებულებს, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ აქტების ბათილობის საფუძველს არ წარმოდგენს.
რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 239.5-ე მუხლში გადმოცემულ სიტყვის - ,,ამ ქონებაზე“ - გირავნობა/იპოთეკის გავრცელების თვალსაზრისით მოსარჩელის მიერ მნიშვნელობის განმარტებას, სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოძრავი ნივთის ,,წარმოშობის ისტორიის“ გათვალისწინებით დადასტურებულია, რომ ი.მ. ,,ვ-------------–---ს’’ სახელზე გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები (N0000423831; N0000423836; N0000423841; N0000423840; N0000423845; N0000423839; N0000423844; N0000423832), რომლითაც მან მოიპოვა ხე-ტყის მასალა - წიწვოვანი ჯიშის მრგვალი მორები, რომელიც შემდგომ, ამავე სახით ი.მ ,,ვ-------------–---საგან’’ შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, შეიძინა ,,ჯ----------’’-მა. დადასტურებულია, რომ კონკრეტული მრგვალი მორების დამუშავების შედეგად დახერხილი ფორმის ხის მასალა (ფიცარი, კოჭი, ძელაკი) შპს ,,ჯ----------“-ს მიერ რეალიზებული იქნა შპს ,,ტუხ 707“-ზე. ამდენად, თავად ნივთი მისი წარმოშობის მომენტიდან იდენტიფიცირებულია, სადავოა მხოლოდ შპს ,,ჯ----------“-ის მიერ დამუშავებული მასალის განმარტება, ანუ შეიძლება თუ არა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული მრგვალ მორებიდან ახალი მფლობელის საკუთრებაში დახერხილი ფორმის ხის მასალაზე (ფიცარი, კოჭი, ძელაკი) გავრცელდეს საგადასახადო უზრუნველყოფა გირავნობა/იპოთეკის სახით.
სასამართლოს მოსაზრებით, საგადასახადო კოდექსის 239.5-ე მუხლში გადმოცემულ სიტყვა ,,ამ ქონებაზე“ ზუსტადაც იმ მნიშვნელობით შეიძლება იქნეს გამოყენებული რა მნიშვნელობითაც, ფაქტობრივად შესაძლებელია ამ მასალის, გირავნობა/იპოთეკის გავრცელების დროს არსებული ფორმით, სუბსტანციით, დანიშნულებით, შემადგენლობით, მისი პირვანდელ მდგომარეობასთან იდენტიფიცირება. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ჯ----------“-ის მიერ დამუშავებული მასალა არ არის სხვა მოძრავ თუ უძრავ ნივთებთან ისე დაკავშირებული/გაერთიანებული, რომ ახალი ერთიანი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებად იქნეს მიჩნეული, ან/და შეუძლებელი იყოს მისი თავდაპირველ მდგომარეობასთან იდენტიფიცირება. არ განუცდია ისეთის სახის მექანიკური დამუშავება/ზემოქმედება, რომელიც შეცვლიდა ნივთის სუბსტანციას, რაც შეუძლებელს გახდიდა მისი სხვა ნივთის შემადგენლობისგან გამოყოფა/იდენტიფიცირებას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ჯ----------’’-ის საკუთრებაში არსებული ქონება (23 კბ.მ დახერხილი ხის მასალა) გასხვისების პერიოდში დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით და არ მომხდარა მისი გაუქმება, იგი კვლავ გავრცელდება ახალი მფლობელის მიმართ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ სრულად და ყოველმხრივ იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ხოლო, მოსარჩელეს არ წარუდგენია ადმინისტრაციული წარმოებისას რაიმე ისეთი მტკიცებულება, რაც მის მიმართ განსხვავებული შედეგის დადგომის საფუძველი გახდებოდა.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ჯ----------’’-ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ იკვეთება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,ჯ----------’’-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი