გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2103-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელეები - ი----- ღ-------–--, მ------ ღ-------–--
არასრულწლოვნების კანონიერი წარმომადგენელი - ვ--------------–--ე
წარმომადგენელი - რ---------------–ი
მოპასუხე - უ-- ღ-------–--
წარმომადგენელი - მ---------–-–---–ი
მოპასუხე - ზ-------–------
წარმომადგენელი - ზ--------------ე
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხეებს შორის 2016 წლის 20 აპრილს დადებული უძრავი ქონების ს/კ 8----------- ნასყიდობის ხელშეკრულება;
1.2. ი----- ღ-------–-- და მ------ ღ-------–-- ცნობილ იქნენ უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, დ-------------ი, ბ-------–---–ის ქუ-- №--, ს/კ 8----------- თანამესაკუთრეებად და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს მათ სახელზე.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-19):
1.1.1. მოსარჩელე ვ--------------–--ე არის არასრულწლოვანი შვილების - ი----- ღ-------–--ს და მ------ ღ-------–--ს კანონიერი წარმომადგენელი - დედა;
1.1.2. 2013 წლის 27 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ვ--------------–--ის დამ, ლ-------------–--ემ მის მიერ მიცემული თანხით შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------ი, მიწის დაზუსტებული ფართი 1 500 კვ.მ (ს/კ 8-----------);
1.1.3. 2014 წლის 22 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------ი, მიწის დაზუსტებული ფართი 1 500 კვ.მ (ს/კ 8-----------) ლ-------------–--ემ გადასცა მის დისშვილებს - არასრულწლოვან ი----- და მ------ ღ-------–იებს;
1.1.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 მარტის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------ი, ბ-------–---–ის ქუ-- №--, მიწის დაზუსტებული ფართი 2 100 კვ.მ (ს/კ8-----------) მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ ი----- ღ-------–--, მ------ ღ-------–-- და მ------–-------. ამასთან, მ------–-------ს ეკუთვნოდა ლიტერ ,,ა’’-დან ¼ ნაწილი;
1.1.5. 2016 წლის 12 აპრილის გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე გაიმიჯნა აღნიშნული უძრავი ქონება, რის შემდეგაც ი----- და მ------ ღ-------–იების კუთვნილ მიწის ნაკვეთს მიენიჭა შემდეგი საკადასტრო კოდი: 8-----------;
1.1.6. 2016 წლის 20 აპრილს ი----- და მ------ ღ-------–ების მამამ - მოპასუხე უ-- ღ-------–--მ არასრულწლოვანების სახელზე რიცხული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფორმალურად გადაუფორმა მოპასუხე ზ-------–------ს;
1.1.7. მოპასუხეთა შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე უცნობი იყო არასრულწლოვანთა მეორე კანონიერი წარმომადგენლის - დედის, ვ--------------–--ისთვის;
1.1.8. მოპასუხეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეესაბამება და ეწინააღმდეგება არასრულწლოვნების - ი----- ღ-------–--ს და მ------ ღ-------–--ს ინტერესებს;
1.1.9. მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას. მისი დადების მიზანს წარმოადგენდა მხოლოდ ის, რომ მოპასუხე უ-- ღ-------–--ს ფორმალურად გაესხვისებინა არასრულწლოვანთა სახელზე რიცხული უძრავი ქონება მისი მომავალში რეალურად განკარგვის მიზნით;
1.1.10. გარიგების მოჩვენებით ხასიათს მოწმობს ისიც, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ ერთმანეთთან დაახლოებულ პირებს. მოპასუხე უ-- ღ-------–--ს და მისი ოჯახის წევრების ქონების ფორმალური გადაფორმება ხდებოდა სწორედ ზ-------–------ზე, რაც დასტურდება სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებით.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხე უ-- ღ-------–--მ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ. 80-92).
2.1.1. სადავო უძრავი ქონება შეძენილია მის მიერ. ვ--------------–--ეს არ გააჩნდა დამოკიდებელი შემოსავალი და არ გააჩნდა უძრავი ქონების შესაძენად აუცილებელი თანხა;
2.1.2. 2015 წლის 22 აგვისტოს განქორწინდა ვ--------------–--ესთან. სწორედ ამ დღეს გადაუფორმა ლ-------------–--ემ მის არასრულწლოვან შვილებს - ი----- და მ------ ღ-------–იებს ჩუქების ხელშეკრულებით უძრავი ქონება. ჩუქების ხელშეკრულებაში იგი წარმოადგენდა ი----- და მ------ ღ-------–იების წარმომადგენელს;
2.1.3. უძრავი ქონების გაყიდვა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ 2014 წლიდან ი----- და მ------ ღ-------–იების ფინანსურ ინტერესებს უზრუნველყოფდა მხოლოდ იგი;
2.1.4. განქორწინების შემდეგ არასრულწლოვანი შვილები მუდმივად ცხოვრობდნენ მასთან;
2.1.5. 2014 წლიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით მის საკუთრებაში არსებული მატერიალური და არამატერიალური ქონება დაყადაღებული იყო შემოსავლების სამსახურის მიერ. შესაბამისად, მას არ გააჩნდა არანაირი ქონება და სხვა შემოსავალი არასრულწლოვანი შვილების სარჩენად;
2.1.6. არასრულწლოვანთა მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად მან აიღო ვალები ახლობლებისგან და მეგობრებისგან, რადგან ბანკები და საკრედიტო დაწესებულებები უარს აცხადებდნენ მის სახელზე სესხის გაცემაზე;
2.1.7. 2014 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში არასრულწლოვანთა აღზრდა-განათლებაზე, კვებასა და მზრუნველობაზე მის მიერ გაწეულია შემდეგი ხარჯები:
2014 წლის ივნისიდან სექტემბრის პერიოდში კოჯორში დასასვენებელი სახლის დაქირავების საფასური - 3 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ი----- ღ-------–--სთვის 2014-2015 წლის დაწყებითი სკოლის გადასახადი ი---------–---–ის სახელობის სასწავლებელში - 4 000 ლარი; 2014-2015 წლებში გადახდილია მ------ ღ-------–--ს ძიძების გადასახადი ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით, ჯამი 9 600 ლარი; 2015 წლის ზაფხულის არდადეგებზე არასრულწლოვანთა დასვენების ხარჯი - 1 800 ლარი; 2015-2016 წლებში ი----- ღ-------–--ს სკოლის გადასახადი - 8 000 ლარი; 2015-2016 წლები მ------ ღ-------–--ს საბავშვო ბაღ ,,ნ------–----ში’’ სწავლების საფასური - 2 800 ლარი; 2016-2017 წლებში საჯარო სკოლაში ი----- ღ-------–--ს გახანგრძლივებული კლასის და კვების გადასახადი - 900 ლარი; 2016-2017 წლებში საბავშვო ბაღ ,,ნ------–----ში’’ მ------ ღ-------–--ს სწავლის გადასახადი - 2 800 ლარი; 2014-2017 წლებში არასრულწლოვნების კვების, მკურნალობის და ტანსაცმლის ღირებულების გადასახადი თვეში 400 ლარი, ჯამურად კი 19 200 ლარი;
2.1.8. მის მიერ ვ--------------–--ისთვის აღნიშნული თანხების გადახდა ხდებოდა მ-----–-----–-----–--ის ანგარიშიდან. ძიძების გადასახადის, დასასვენებელი, სამკურნალო და კვების გადასახადების გადახდა კი ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით;
2.1.9. სწორედ აღნიშნული ვალდებულებების შესრულების გამო, მან ვ--------------–--ესთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება გაესხვისებინა არასრულწლოვანთა სახელზე რიცხული უძრავი ქონება;
2.1.10. ვ--------------–--ე ინფორმირებული იყო სადავო ხელშეკრულების დადებაზე. აღნიშნულს მოწმობს ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მისი თხოვნით ზ-------–------ს მიერ ვ--------------–--ის ანგარიშზე გადარიცხულია უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხის ნაწილი. დანარჩენი ნაწილი კი მოხმარდა მის მიერ აღებული ვალების გადახდას;
2.1.11. უძრავი ქონება გასხვისებულია მისი არასრულწლოვანი შვილების - მოსარჩელეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათთვის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისა და შესაბამისი განათლების მიცემის მიზნით, მათი მეორე კანონიერი წარმომადგენლის - ვ--------------–--ის თანხმობით;
2.1.12. ზ-------–------ ნამდვილად წარმოადგენს მის ბიზნეს პარტნიორს, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ მათ შორის დადებული გარიგება მოჩვენებითია;
2.1.13. მშობლის მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების გამო უძრავი ქონების გასხვისება არ უნდა იქნეს მიჩნეული მოჩვენებით გარიგებად;
2.1.14. იგი დღემდე აგრძელებს არასრულწლოვანი შვილების რჩენას მიუხედავად იმისა, რომ მას კვლავ გადასახდელი აქვს აღებული სესხის ნაწილი.
2.2. მოპასუხე ზ-------–------მ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ.80-92).
2.2.1. სადავო უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ შეძენილ იქნა არა ფორმალურად, არამედ რეალურად;
2.2.2. მასსა და მოპასუხე უ-- ღ-------–--ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე ინფორმირებული იყო არასრულწლოვანთა მეორე კანონიერი წარმომადგენელიც - ვ--------------–--ეც;
2.2.3. სადავო უძრავი ქონების შეძენის თაობაზე შეთავაზება მან ერთდროულად მიიღო როგორც ვ--------------–--ისგან, ასევე უ-- ღ-------–--სგან;
2.2.4. მოპასუხე უ-- ღვინჯლიასთან მას ადრეც ჰქონია საქმიანი ურთიერთობა, გარკვეული პერიოდი იგი მოპასუხეს ეხმარებოდა ფინანსურად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. არასრულწლოვანების - 2009 წლის 15 ივნისს დაბადებული ი----- ღ-------–--ს და 2012 წლის 14 თებერვალს დაბადებული მ------ ღ-------–--ს კანონიერ წარმომადგენლებს - მშობლებს, წარმოადგენენ ვ--------------–--ე და უ-- ღ-------–--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 56-57)
3.1.2. 2013 წლის 27 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ი----- და მ------ ღ-------–--ს დეიდის - ლ-------------–--ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------ი (ს/კ 8-----------) დაზუსტებული ფართი 1 500 კვ.მ.
2014 წლის 22 აგვისტოს ვ--------------–--ეს, როგორც ლ-------------–--ის წარმომადგენელს და უ-- ღ-------–--ს, როგორც არასრულწლოვანი ი----- ღ-------–--ს და მ------ ღ-------–--ს წარმომადგენელს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ-------------–--ემ არასრულწლოვან ი----- ღ-------–--ს და მ------ ღ-------–--ს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა საკუთრებაში უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------ი, დაზუსტებული ფართი 1 500 კვ.მ (ს/კ 8-----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება, ამონაწერი, ხელშეკრულება, ამონაწერი (ს.ფ. 20-29)
3.1.3. 2014 წლის 22 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების და 2016 წლის 12 აპრილის გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე ი----- ღ-------–--ს და მ------ ღ-------–--ს სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე : ქ. თბილისი, დ-------------ი, დაზუსტებული ფართი 1 500 კვ.მ, მასზე მებარე შენობა-ნაგებობებით №1-85 კვ.მ, №2 -27 კვ.მ, №3 – 27კვ.მ, №4 -33 კვ.მ, №5 (მშენებარე) – 23 კვ.მ და №6 -18 კვ.მ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი - 8-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი, ხელშეკრულება, გამიჯვნის ნახაზი, ამონაწერი (ს.ფ. 24-36)
3.1.4. 2016 წლის 20 აპრილს ზ-------–------ს და ი----- ღ-------–--ს - როგორც არასრულწლოვნების - ი----- ღ-------–--ს და მ------ ღ-------–--ს წარმომადგენელს შორის, დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი----- ღ-------–--მ ზ-------–------ს მიჰყიდა ი----- და მ------ ღ-------–--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დ-------------ი, დაზუსტებული ფართი 1 500 კვ.მ მიენიჭა საკადასტრო კოდი - 8-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 37-39)
3.1.5. 2016 წლის 20 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზ-------–------ აღირიცხა უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------ი, დაზუსტებული ფართი 1 500 კვ.მ, (ს/კ 8-----------) მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი (ს.ფ. 40-41)
3.1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 08 ოქტომბრის №0------- ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო მოპასუხე უ-- ღ-------–--ს ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს).
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 აპრილის №-------- ბრძანების თანახმად, გაუქმდა 2014 წლის 08 ოქტომბრის №0------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანებები (ს.ფ. 93-94)
3.1.7. 2017 წლის 25 სექტემბერს ვ--------------–--ის მიერ შპს ,,ქ--------–-----------–---------–---------–ის’’ ანგარიშზე ჩარიცხულია მ------ ღ-------–--ს სწავლის საფასური 8 400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება, ამონაწერი (ს.ფ. 136-141)
3.1.8. ვ--------------–--ე 2014-2017 წლებში დასაქმებული იყო საბავშვო ბაღ ,,ნ------–----ში’’. აღნიშნულ პერიოდში მის მიერ კუთვნილი ანაზღაურების ბარტერით ხდებოდა საბავშვო ბაღ ,,ნ------–----ში’’ არასრულწლოვანი მ------ ღ-------–--ს სწავლების საფასურის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ.142)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2016 წლის განმავლობაში მ-----–-----–-----–--ის ანგარიშიდან ვ--------------–--ის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა ხდებოდა მოპასუხე უ-- ღ-------–--ს დავალებითა და მისივე ხარჯით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე უ-- ღ-------–-- მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ ხდებოდა არასრულწლოვანი შვილების აუცილებელი მოთხოვნების უზრუნველყოფა ფინანსურად. აღნიშნულის დამადასტურებლად მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს მ-----–-----–-----–--ის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები (ს.ფ. 96-129), რომელზე დაყრდნობითაც მიუთითებს, რომ ვინაიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დაყადაღებული იყო მისი პირადი ანგარიშები, იგი არასრულწლოვანი შვილების ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებდა მესამე პირის - მ-----–-----–-----–--ის ანგარიშიდან.
სასამართლო ფაქტის დადენის მიზნით ყურადღებას ამახვილებს ასევე სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----–-----–-----–--ის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მისი ანგარიშიდან ვ--------------–--ისათვის თანხის გადარიცხვა ყოველთვის ხორციელდებოდა მოპასუხე უ-- ღ-------–--ს თხოვნით. ამასთან უ-- ღ-------–-- უზრუნველყოფდა მისთვის აღნიშნული თანხების მოგვიანებით ან მანამდე ანაზღაურებას. გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენელი - ვ--------------–--ე არსებითად არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ პერიოდულად ხდებოდა არასრულწლოვან მოსარჩელეთა ფინანსურად უზრუნველყოფა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის განმავლობაში მ-----–-----–-----–--ის ანგარიშიდან ვ--------------–--ის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა ხდებოდა მოპასუხე უ-- ღ-------–--ს დავალებითა და მისივე ხარჯით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 96-129);
- მოწმის ჩვენება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.2. მოპასუხეთა შორის 2016 წლის 20 აპრილს დადებული უძრავი ქონების ს/კ 8----------- ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეესაბამება არასრულწლოვანი მოსარჩელეების - მ------ ღ-------–--ს და უ-- ღ-------–--ს საუკეთესო ინტერესებს.
უდავოა, რომ მოპასუხე უ-- ღ-------–--ს მიერ მოპასუხე ზ-------–------სთან დადებული ხელშეკრულების შედეგად გასხვისდა არასრულწლოვნების - მ------ ღ-------–--ს და ი----- ღ-------–--ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დ-------------ი, ბ-------–---–ის ქუ-- №--.
სასამართლო უპირველესად მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე ინფორმირებული იყო მოსარჩელეთა მეორე კანონიერი წარმომადგენელი - ვ--------------–--ე. მხოლოდ მოპასუხეთა მითითება იმის თაობაზე, რომ ვ--------------–--ისათვის ცნობილი იყო მოპასუხეთა შორის დადებული ხელშეკრულების თაობაზე და იგი იმყოფებოდა კიდევაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ხელშეკრულების დადებისას, არ წამოადგენს მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებიდან გამომდინარეობს, რომ არასრულწლოვანთა სახელზე რიცხული უძრავი ქონება გასხვისებულია მხოლოდ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის - მოპასუხე უ-- ღ-------–--ს სურვილის შესაბამისად, რომელიც ასევე აპელირებს ხელშეკრულების დადების და უძრავი ქონების გაყიდვის აუცილებლობაზე მასზედ მითითებით, რომ არასრულწლოვანთა რჩენა-აღზრდის უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან აღებული ჰქონდა ვალი და უძრავი ქონების გასხვისება აუცილებელი იყო ისევ არასრულწლოვანთა ინტერესის გამო აღებული ვალის გადასახდელად.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს, რომელიც მიმართულია არასრულწლოვანის ქონებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად.
პირის შესაძლებლობა, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს ხელშეკრულება (ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ნება, გამოიყენოს ზემოთდასახელებული შესაძლებლობა და გამოავლინოს იგი მისთვის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოვლენა არის გამიზნული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება. ზემოაღნიშნული შესაძლებლობა, კერძოდ, პირის უნარი, იქონიოს სამოქალაქო უფლებები და იკისროს სამოქალაქო ვალდებულებები, უკავშირდება უფლებაუნარიანობას (სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები - ქმედუნარიანობას (სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი). არასრულწლოვანი, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ითვლება სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადების უნარის არმქონედ. მას არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და თვითონ გამოავლინოს ნება გარიგების დადების მიზნით, განახორციელოს ნებელობითი აქტივობა გარიგების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით და ამგვარი ნების გამოვლენით შეიბოჭოს თავი კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებებით. სამოქალაქო კოდექსი არასრულწლოვნის სამართლებრივ სტატუსს იურიდიული შინაარსის მიხედვით ორ კატეგორიად განიხილავს. კერძოდ, 0-7 წლამდე (მცირეწლოვანი), რომელსაც ტოტალური ქმედუუნაროს სტატუსი გააჩნია და 7-18 წლამდე - (არასრულწლოვანი), რომელიც სარგებლობს ქმედუნარიანობის შეზღუდული ფარგლებით. პირველ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილი მცირეწლოვნის მიერ ნების გამოვლენას უპირობოდ ბათილ გარიგებად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, იღებს თუ არა არასრულწლოვანი პირი სამართლებრივ სიკეთეს, ან არსებობს თუ არა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. მცირეწლოვნის მხრიდან ნების გამოვლენა ხდება მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ მცირეწლოვანის ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება შეზღუდული ქმედუნარიანის მიერ ნების გამოვლენას, სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლი ასეთ გარიგებებს საცილო გარიგებათა რიცხვს მიაკუთვნებს, სადაც ნების გამოვლენის იურიდიული მნიშვნელობა ორ ალტერნატიულ სავალდებულო პირობაზეა დამოკიდებული: იღებს თუ არა არასრულწლოვანი პირი სარგებელს, ან არსებობს თუ არა არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის მოწონება (თანხმობა) გარიგების თაობაზე. თუმცა, 7-18 წლამდე არასრულწლოვანი პირისათვის ნების გამოვლენის შეზღუდულად მინიჭება არ გამორიცხავს მისი კანონიერი წარმომადგენლის შესაძლებლობას, დამოუკიდებლად დაამყაროს სამართლებრივი ურთიერთობა არასრულწლოვნის სახელით, მისივე აქტივების გამოყენებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან, მათ შორის - სასამართლოში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას.
ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
შესაბამისად, სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, მშობლებს, როგორც არასრულლოვანთა კანონიერ წარმომადგენლებს არ აქვთ მინიჭებული შეუზღუდავი ძალაუფლება მესამე პირებთან ბავშვის უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. აღნიშნული კი აიხსნება იმ გარემოებით, რომ მშობელი ამ ამპლუაშიც კვლავ ინარჩუნებს თავის უფლება-მოვალეობებს შვილის მიმართ და იბოჭება ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილი). ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სამართლებრივი შინაარსით განსხვავდება მშობლის უფლება შვილის მიმართ და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირების მიმართ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მშობელი იმავდროულად ატარებს საკუთრივ მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილის მიმართ. შედეგად, შვილის ქონებასთან დაკავშირებული გარიგების დადებისას იგი ვალდებულია, დაიცვას არასრულწლოვანი შვილის ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობს კანონიერი წარმომადგენლის შემზღუდავი სხვა სამართლებრივი ბერკეტები და მშობლის მოქმედების თავისუფლება იზღუდება აბსტრაქტული ფარგლებით - არასრულწლოვანის ინტერესით.
ცალსახაა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198–ე მუხლის მეოთხე ნაწილი ავალდებულებს მშობლებს, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. აღნიშნული მუხლით განსაზღვრულია მშობლის მოვალეობა შვილის მიმართ, ბავშვის ქონების მართვისა და გამოყენების დროს იმოქმედოს მხოლოდ მისივე ინტერესების შესაბამისად. დასახელებული კანონით დაკისრებული ვალდებულება მშობელს უზღუდავს შვილების სახელით ნებისმიერი საფუძვლით გარიგების დადების შესაძლებლობას. გარიგების დადების ერთადერთ ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს შვილის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფა.
ერთი შეხედვით, კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია მშობელსა და შვილს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობებით, რაც მშობლის ბუნებითი ფუნქციიდან გამომდინარეობს და ნორმატიულად არის აღიარებული (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამგვარი დამოკიდებულება ამკვიდრებს პრეზუმფციას, რომ მშობლები ყოველთვის მოქმედებენ მათი შვილების ინტერესების შესაბამისად, თუმცა სტატუსი - „მშობელი’’ არ ქმნის გარანტიას, რომ გარიგების დადება ყოველთვის ბავშვის ინტერესის შესაბამისი იქნება. მშობლის უფლება-მოვალეობების სისტემა ქონებრივი და არაქონებრივი შინაარსით განიხილება, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესის’’ პრინციპის განუხრელი დაცვით. აღნიშნული პრინციპი არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. მიუხედავად ამისა, მშობლის მიერ უფლებებისა და მოვალეობების რეალიზაციის ყველა ასპექტის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან თითოეულ ოჯახში არსებობს ბავშვის აღზრდის სხვადასხვა ტრადიციული შეხედულებები. საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება მშობლის წარმომადგენლობითი მოქმედება არასრულწლოვანის ინტერესებს, უნდა ფასდებოდეს ამ ურთიერთობის მიღმა, დამოუკიდებლად, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი სუბიექტივიზმი.
სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესის განმარტებისას მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმადაც ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. სასამართლოს ამგვარ დამოკიდებულებას განაპირობებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებების უკეთ უზრუნველყოფას (იხ. სუსგ, საქმე №ას-669-630-2011, 2011 წლის 11 ოქტომბერი).
ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენციის მესამე მუხლის მიზანია, უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ საპროცესო უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება საქმეზე ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №71776/12), 2 თებერვალი 2016 წელი).
ამდენად, სასამართლომ, როგორც საერთაშორისო ასევე სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმათა მოთხოვნითა და გათვალისწინებით, დავის განხილვისას არ უნდა დაუშვას, რომ კანონიერი წარმომადგენელი კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მოქმედებდეს და საფრთხეს უქმნიდეს არასრულწლოვნის ქონებრივ კეთილდღეობას.
განსახილველ შემთხვევაში ზემოაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ვერ მიიჩნევს დადასტურებულად მოპასუხე უ-- ღ-------–--ს პოზიციას იმის თაობაზე, რომ მის მიერ გარიგების დადება და უძრავი ქონების გასხვისება შეესაბამებოდა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს. მართალია, მოპასუხე აპელირებს მის მიერ არასრულწლოვანთა უზრუნველყოფას ფინანსურად და გარკვეული ხარჯების გაღების ფაქტზე, რასაც ფაქტობრივად ასევე არ უარყოფს მოსარჩელე, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს იმ არსებით გარემოებას, რომლის თანახმადაც უძრავი ქონების გასხვისება შეიძლება მიჩნეულ იქნეს არასრულწლოვანთა ინტერესების შესაბამისად განხორციელებულ ქმედებად. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ მოპასუხეს ჰქონდა ვალი იმ ოდენობით რაც მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულებაში, ამასთანავე, არ დასტურდება, რომ მოპასუხეს ეს ვალი თავის დროზევე არასრულწლოვანთა ინტერესის სასარგებლოდ ჰქონდა აღებული. მხოლოდ ის გარემოება, რომ 2014-2017 წლებში სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ უ-- ღ-------–--ს ქონებას დაედო ყადაღა, არ ადასტურდს მის მიერ მითითებული გარემოებს და ვერ გახდის მის მოთხოვნას დასაბუთებულსა და საფუძვლიანს. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდის მოვალეობა, რომელიც თანაბარ წილად გააჩნიათ მშობლებს, განსახილველ შემთხვევაში არ უნდა იქნეს განმარტებული იმგვარად, რომ აღნიშნულზე მითითებით, არასრულწლოვანთა სახელზე რიცხული უძრავი ქონების განკარგვა მიჩნეულ იქნეს მათ საუკეთესო ინტერესად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეთა შორის 2016 წლის 20 აპრილს დადებული უძრავი ქონების ს/კ 8----------- ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეესაბამება არასრულწლოვანი მოსარჩელეების - მ------ ღ-------–--ს და უ-- ღ-------–--ს საუკეთესო ინტერესებს.
3.2.3. მოპასუხეთა შორის 2016 წლის 20 აპრილს დადებული უძრავი ქონების ს/კ 8----------- ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას.
დადგენილია, რომ 2016 წლის 20 აპრილს ზ-------–------ს და ი----- ღ-------–--ს - როგორც არასრულწლოვანების - ი----- ღ-------–--ს და მ------ ღ-------–--ს წარმომადგენელს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი----- ღ-------–--მ ზ-------–------ს მიჰყიდა თავისი არასრულწლოვანი შვილების - ი----- და მ------ ღ-------–--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დ-------------ი, დაზუსტებული ფართი 1 500 კვ.მ მიენიჭა საკადასტრო კოდი - 8-----------. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კი ზ-------–------ აღირიცხა შესაბამისი უძრავი ქონების მესაკუთრედ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, დ-------------ი, დაზუსტებული ფართი 1 500 კვ.მ, დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას მისი მოჩვენებითობის საფუძვლით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს აკავშირებთ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა, კერძოდ, ისინი ერთმანეთის ბიზნეს პარტნიორები არიან. მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონების ზ-------–------ს სახელზე გადაფორმების რეალურ მიზანს წარმოადგენდა სამომავლოდ უძრავი ქონების რეალურად განკარგვის საშუალების ქონა და მისგან სარგებლის მიღება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეთა შორის დადებული გარიგება არ შეესაბამებოდა არასრულწლოვანი მოსარჩელეების საუკეთესო ინტერესებს, რაც სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად გარიგების ბათილობის საკმარის საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან, წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლად მითითებულია ასევე მოპასუხეთა შორის დადებული მოჩვენებითი გარიგების ხასიათი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს აღნიშნულ საკითზეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, კი ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს, მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთანხმება’’, ,,გარიგება’’ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. ამასთან, სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომელიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე’’, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
მოჩვენებით გარიგება ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად, და მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. ამასთან, მისი მიზანი ძირითადად მესამე პირის მოტყუებაა.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოჩვენებითი გარიგების დადასტურებისათვის აუცილებელ მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე და მიუთითებს, რომ მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (იხ. სუსგ, ას-862-812-2015). შესაბამისად, მოჩვენებითი გარიგების მტკიცების ტვირთი ზოგადად ეკისრება მოსარჩელეს.
ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, იმისთვის რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე’’, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს - ბიზნეს პარტნიორებს წარმოადგენენ. შესაბამისად, მათი ურთიერთობა მოიცავს არა პერიოდს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან დღემდე, არამედ დაწყებულია გაცილებით უფრო ადრე. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, მხოლოდ მითითება მოპასუხეთა ახლო ურთიერთობაზე არ არის საკმარისი გარემოება გარიგების მოჩვენებითობის დასადასტურებლად, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის.
უდავოა, რომ ზ-------–------ს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდათ მოვალეებს, თუმცა მათ არ განუხორციელებიათ ამ გარემოების მტკიცება. მეტიც, მოპასუხე უ-- ღ-------–--ს განმარტებით, მას ჰქონდა ზ-------–------ს ვალი ზეპირსიტყვიერი შეთანხმებიდან გამომდინარე და მიღებული თანხიდან ნაწილი მოხმარდა ამ ვალის დაფარვას, ნაწილი კი კვლავ არასრულწლოვანთა რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად, სასამართლო ვერ მიიჩნევს მოპასუხეთა პოზიციას დამაჯერებლად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა საქმის მასალებით არ დადასტურდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე უ-- ღ-------–--ს გააჩნდა იმ ოდენობის ვალი, რაც მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულებაში და ის გარემოებაც, რომ ვალი მას ჰქონდა არასრულწლოვანთა რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯის გასაწევად. მართალია, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა ასევე შეიძლება მიუთითებდეს მხარეთა კეთილ ნებაზე და განპირობებული იყოს გარკვეული აუცილებლობით, მაგრამ სწორედ რომ მოპასუხეებს ეკისრებათ ტვირთი, ამტკიცონ ის, თუ რამ განაპირობა და რა აუცილებლობა არსებობდა ამ ხელშეკრულების დადებისა იმ დროს, როდესაც უძრავი ქონება ირიცხებოდა არასრულწლოვანთა სახელზე, მათ აღნიშნული ქონება ჰქონდათ მიღებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე და მხარეთა განმარტებით ოჯახს (მაგ. ვ--------------–--ეს) საკუთრების უფლებით ერიცხებოდა სხვა უძრავი ქონებაც და არ არსებობდა უშუალოდ არასრულწლოვანთა საკუთრებაში რიცხული ქონების განკარგვის აუცილებლობა.
შესაბამისად, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მოპასუხეთა მითითებული გარემოებები, ისევე როგორც მოპასუხე ზ-------–------ს აპელირება მისი, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის უფლებაზე, ვერ იქნება გაზიარებული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეთა შორის 2016 წლის 20 აპრილს დადებული უძრავი ქონების ს/კ 8----------- ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 477-ე, მე-11, მე-12, 1198-ე, 1199-ე, 54-ე, 56-ე, 61-ე, 976-ე მუხლები;
,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია''
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
6.2. ,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის’’ პრეამბულის მიხედვით, ყველა შემთხვევაში, არსებობს ბავშვის უფლებების განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა.
,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის’’ მეორე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
ამავე კონვენციის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი წევრი ქვეყნებისათვის სამი განსხვავებული სახის ვალდებულებას ადგენს:
ა) თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს;
ბ) თუ სამართლებრივ ნორმას ერთზე მეტი განმარტება შეიძლება მიეცეს, არჩეულ უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე ეფექტურად ემსახურება. (განმარტების ფარგლებს გვთავაზობს ის უფლებები, რომლებიც კონვენციაში და დამატებით ოქმებშია მოცემული);
გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგები (დადებითი თუ უარყოფითი) და გადაწყვეტილებაში პირდაპირ უნდა აისახოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირატესად შეფასდა და მხედველობაში იქნა მიღებული.
,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის’’ მეოთხე მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად. ,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის’’ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან. სასამართლო განმარტავს, რომ ეკონომიკურ ექსპლუატაციაში იგულისხმება ბავშვის შრომითი რესურსის ბოროტად გამოყენება, ასევე მისი ქონებით არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა, ბავშვის ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვა. ამასთან, ბავშვის ქონებით არამიზნობრივი სარგებლობა სახეზეა, როდესაც სარგებლობას ბავშვის ქონების შემცირება ან მისი სრული მოსპობა სდევს თან და, ამასთან, ამგვარი სარგებლობის მიზანს ბავშვის ინტერესი არ ამართლებს.
შესაბამისად, ბავშვის ქონება უნდა განიკარგოს მხოლოდ ბავშვის ინტერესებში. ქონების განკარგვა, მათ შორის, ქონების გასხვისება, ბავშვის პირდაპირ ინტერესს შეესაბამება, თუ ბავშვის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება ბავშვის ისეთ მაღალ ინტერესს შეესატყვისება, როგორიცაა, მისი ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ა. შ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მშობლებს ბავშვების ქონებასთან მიმართებით შეზღუდულ უფლებას უწესებს და მხოლოდ აღნიშნული ქონების მართვისა და გამოყენების უფლებას ანიჭებს. ქონების მართვა და გამოყენება, არც სიტყვასიტყვითი და არც ლოგიკური და შინაარსობრივი ახსნა-განმარტების შედეგად, განკარგვის უფლებამოსილებას არ გულისხმობს. რაც შეეხება ამავე 1198-ე მუხლის მეექვსე ნაწილის დანაწესს მასზედ, რომ მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გამოდიან, ნიშნავს იმას, რომ მშობელი ბავშვის სახელით მხოლოდ და მხოლოდ ისეთ გარიგებებს დებს, რომლებიც ბავშვის ნებას შეესაბამება და ამასთან, აღნიშნული გარიგება ბავშვის ინტერესებშია.დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეთა შორის 2016 წლის 20 აპრილს დადებული უძრავი ქონების ს/კ 8----------- ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეესაბამება არასრულწლოვანი მოსარჩელეების - მ------ ღ-------–--ს და უ-- ღ-------–--ს საუკეთესო ინტერესებს.
ბავშვის ქონებაზე გარიგების დადება, რა დროსაც, გამოკვეთილი არ არის ბავშვის უპირატესი ინტერესი, არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესს მასზედ, რომ მშობლების მიერ ბავშვის სახელით გარიგების დადება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, შესაბამისად, სადავო გარიგება, როგორც ბავშვის ინტერესების საზიანო და ამგვარად, კანონსაწინააღმდეგო, ბათილია.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის დანაწესი, რომელიც ნორმა-პრინციპის სახით არის დეკლარირებული და იმპერატიული ხასიათისაა, მშობლის მოქმედების თავისუფლებას ზღუდავს არასრულწლოვანის ინტერესებით და მოითხოვს, რომ მშობლის უფლებები ისე განხორციელდეს, რომ ამით ზიანი არ მიადგეს ბავშვის ინტერესებს. დასახელებული ნორმით დაკისრებული ვალდებულება მშობელს უზღუდავს შვილების სახელით ნებისმიერი საფუძვლით გარიგების დადების შესაძლებლობას. გარიგების დადების ერთადერთ საფუძველს და ლეგიტიმურ მიზანს უნდა წარმოადგენდეს შვილის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლო დავის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს არამხოლოდ ,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის’’ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამართლებრივი რეგულაციებით, არამედ მხედველობაში იღებს ასევე იმ სამართლებრივ წესრიგს, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „ბავშვის უპირატესი ინტერესის’’ დასაცავად ადგენს. ამ მიმართებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ განმარტებებს, რომლებიც გადაწყვეტილებებში ბავშვის ქონებრივი უფლებების დასაცავად გაკეთდა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს მშვიდობიანად ისარგებლოს მისი ქონებით. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება, გარდა საჯარო ინტერესის არსებობისას, და დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული პირობები და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები. სახელმწიფოს მიერ საკუთრების უფლების დაცვის ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის რეგულირების ქვეშ ექცევა, რომლის თანახმად, ნებისმიერი პირის საკუთრების ფუნდამენტური უფლების დაცვის უზრუნველყოფა სახელმწიფოს არა მხოლოდ ნეგატიური (სახელმწიფოს ვალდებულება, თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან), არამედ პოზიტიური ვალდებულებაცაა (უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა). „ბავშვის უფლებების შესახებ’’ კონვენცია ბავშვთა ქონებრივი უფლებების დასაცავად სახელმწიფოსაგან განსაკუთრებული, ეფექტური ზომების მიღებას მოითხოვს, რამდენადაც არასრულწლოვანებს სახელმწიფოსაგან მათი ქონებრივი უფლებების დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი გააჩნიათ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - ,,ლაზარევი რუსეთის წინააღმდეგ’’ განმარტა, რომ მას შემდეგ რაც ქონება ბავშვის საკუთრება ხდება, მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით, კერძოდ, მემკვიდრეობით, ჩუქებით და ა. შ., მისი უფლება ქონებაზე იმთავითვე დაცვის ქვეშ ექცევა...’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში -,,ს.ლ. და ჯ.ლ. ხორვატიის წინააღმდეგ’’ განმარტა, რომ იმ დავებში, რომლებშიც ბავშვები არიან ჩართულნი, მათი საუკეთესო ინტერესები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. ამ მხრივ, სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი. გარემოებათა სადავოობის შემთხვევაში, სწორედ ბავშვის ინტერესებს ენიჭება უდავო მტკიცებულებითი ძალა. ამ მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აპელირებს ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის” დებულებებზე და განმარტავს, რომ ბავშვს უფლება აქვს, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და მხედველობაში იქნეს მიღებული როგორც უპირატესი ღირებულება ყველა მოქმედებასა და გადაწყვეტილებაში, რაც უკავშირდება მას, ორივე - საჯარო და კერძო სფეროში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც უპირატესი ღირებულების, კერძოდ, - „ბავშვის უპირატესი ინტერესის’’ ხელმყოფი გარიგება, კანონსაწინააღმდეგობის საფუძვლით, ბათილია.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. (მოჩვენებითი გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.
გარდა იმისა, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანთა ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ამასთანავე, დადგენილია, რომ მოპასუხეთა შორის 2016 წლის 20 აპრილს დადებული უძრავი ქონების ს/კ 8----------- ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რაც მისი ბათილად მიჩნევის საკმარისი დამოუკიდებელი საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტოს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ამ შეწყდა შემდგომში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელის წარდგენის მიზანია მოსარჩელემ მიაღწიოს თავისი უფლების განსაზღვრულობას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი სადავო გარიგების ბათილად ცნობის მიმართ უკავშირდება უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ კვლავ მათ ცნობას. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ბათილად ცნობა იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რაც გულისხმობს სადავო გარიგებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარიგების ბათილობის შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გულისხმობს სწორედ არასრულწლოვანი მოსარჩელეების სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონების დაბრუნებას/აღრიცხვას.
შესაბამისად, რამდენადაც მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელეები ცნობილი უნდა იქნენ შესაბამისი უძრავი ქონების მესაკუთრეებად.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1 807 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველი (ს.ფ. 60-64).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი----- ღ-------–--ს და მ------ ღ-------–--ს - კანონიერი წარმომადგენელი ვ--------------–--ე, სარჩელი უ-- ღ-------–--ს და ზ-------–------ს მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 20 აპრილს დადებული უძრავი ქონების ს/კ 8-----------. ნასყიდობის ხელშეკრულება;
3. ი----- ღ-------–-- და მ------ ღ-------–-- ცნობილ იქნენ უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, დ-------------ი, ბ-------–---–ის ქუ-- №--, ს/კ 8-----------. თანამესაკუთრეებად და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს მათ სახელზე;
4. მოპასუხეებს - უ-- ღ-------–--ს და ზ-------–------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1 807 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი