გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33496 - 18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - ქ-------------------ე
წარმომადგენელი - ზ-------------–--ე
მოპასუხეები - გ--------------–---–ი, გ--------------–---–ი
წარმომადგენელი - გ--------–-------–---–ი
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ--------------–---–სა და გ--------------–---–ს შორის 2015 წლის 31 ივლისს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.2. უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, შ--------–-------------------------------------–------------------------------------------------- 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ქ-------------------ის აღიარება;
მოსარჩელე ქ-------------------ე და მოპასუხე გ--------------–---–ი 1976 წლის 18 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ 2004 წლის 2 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, შ--------------------------------------------. ქ-------------------ემ და მისმა მეუღლემ, გ--------------–---–მა, დაგროვილი ვალების გამო, ფორმალურად შეწყვიტეს ქორწინების რეგისტრაცია 2014 წლის 1 სექტემბერს, ვინაიდან არ მომხდარიყო უძრავი ქონების გასხვისება. ის გარემოება, რომ ქორწინების რეგისტრაციის გაუქმება იყო ფორმალური, მტკიცდება არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ, მოსარჩელე დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე თავის მეუღლესთან გ--------------–---–თან და ისინი აგრძელებენ თანაცხოვრებას. მოპასუხე გ--------------–---–მა, 2015 წლის 31 ივლისს, ქ-------------------ისგან მალულად სადავო უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა თავის შვილს გ--------------–---–ს. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2018 წელს, როდესაც გ--------------–---–მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან თავისი დის, მ-------------–---–ის გამოსახლება. გ--------------–---–სა და მ-------------–---–ს შორის არის კონფლიქტური ურთიერთობა. მოსარჩელე ქ-------------------ე წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, კერძოდ, ქ-------------------ე არის პარკისონით დაავადებული, შესაბამისად, არსებობს საფრთხე იმისა, რომ მოსარჩელე ამ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში დარჩეს ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გარეშე. მოპასუხე გ--------------–---–ი უარს აცხადებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ აღირიცხოს მოსარჩელე, რომელსაც საოჯახო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აქვს უფლება სადავო ქონების ნახევარზე.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეები გ--------------–---–ი და გ--------------–---–ი წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელს არ ეთანხმებიან. მოპასუხე გ--------------–---–ი, ქ-------------------ესთან განქორწინდა ოჯახური პრობლემებისა და კონფლიქტური ურთიერთობის გამო და არანაირი ვალის გამო არ მომხდარა მათი განქორწინება. ამდენად, ქორწინება შეწყდა განქორწინებით რეალურად და განქორწინების რეგისტრაცია ფორმალურად არ მომხდარა. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ქ-------------------ე ნამდვილად ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში, თუმცა ამის რეალურ მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, აქვს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამიტომ ცხოვრობს იმავე მისამართზე. ქ-------------------ეს და გ--------------–---–ს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. ისინი ერთიან საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან. ამასთან, სრულიად უსაფუძვლოა ქ-------------------ის გამოსახლების საფრთხეზე მითითება, ვინაიდან მოსარჩელეს ნამდვილად არ ემუქრება გამოსახლების საშიშროება. მ-------------–---–ს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აქვს მამასთან, რის გამოც, არსებული კონფლიქტური სიტუაციის გამო, გ--------------–---–მა, ქონების მესაკუთრემ, მოითხოვა თავისი დის, მ-------------–---–ის სადავო საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება. გარდა ამისა, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რა საფუძვლით უნდა მოხდეს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რომ მითითებული გარიგება მოპასუხეებს შორის დაიდო მოჩვენებითად და არ ისახავდა რეალური სამართლებრივი შედეგის დადგომას. ამასთან, ქ-------------------ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან, გასულია განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ქ-------------------ე და მოპასუხე გ--------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1976 წლის 18 დეკემბრიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 19);
3.1.2. 2004 წლის 02 აგვისტოს, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (ნოტარიუსი მ--------ა, რეესტრის N------) საფუძველზე, უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, შ--------–---------------------------------------------- საკუთრების უფლებით აღირიცხა გ--------------–---–ის სახელზე. სადავო ქონების მოპასუხის სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა ქ-------------------ისა და გ--------------–---–ის ქორწინების პერიოდში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02.08.2004 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რეესტრის N------ (ს.ფ. 20-26);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 19.05.2014 წელი (ს.ფ. 27-28);
3.1.3. მოსარჩელე ქ-------------------ე, მოპასუხე გ--------------–---–ი და მათი საერთო შვილი მ-------------–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, შ----------------------ში. აღნიშნული პირები რეგისტრირებული არიან ამავე საცხოვრებელ მისამართზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი);
- ამონაწერი ცესკოს ვებგვერდიდან (ს.ფ. 38-39);
3.1.4. მოსარჩელე ქ-------------------ეს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. მისი დიაგნოზია: ,,პარკისონის დაავადება“. მოსარჩელის ქმედუნარიანობა შეზღუდულია მნიშვნელოვნად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის N------------------–------ის მიერ გაცემული ცნობა N------- (ს.ფ. 34-35);
- 2018 წლის 25 სექტემბერს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 36-37).
3.1.5. მოპასუხე გ--------------–---–ი დღეის მდგომარეობით არ ცხოვრობს სადავო სახლში, მდებარე ქ. თბილისი შ--------–---------------------. გ--------------–---–სა და მის დას, მ-------------–---–ს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მათ შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა სასამართლოში საცხოვრებელი სახლიდან მ-------------–---–ის გამოსახლების თაობაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ქ-------------------ე და მოპასუხე გ--------------–---–ი განქორწინდნენ 2014 წლის 01 სექტემბერს. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული განქორწინების სააქტო ჩანაწერი მოსარჩელე მხარეს შესაბამისი წესით სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნულ სამოქალაქო აქტს, დღეის მდგომარეობით, აქვს იურიდიული ძალა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 03 სექტემბერს გაცემული განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 29);
3.2.2. 2015 წლის 31 ივლისს, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით, გ--------------–---–მა კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, შ--------–---------------------------------------------------------, საკუთრებაში გადასცა გ--------------–---–ს. ეს უკანასკნელი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 31 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 32-33);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 12.04.2018 წელი (ს.ფ. 30-31).
3.2.3. მოსარჩელე ქ-------------------ესა და მოპასუხე გ--------------–---–ს შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია განქორწინებით. ქ-------------------ის მიერ განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნის დაყენების დროისათვის (სარჩელი აღძრულია 16.11.2018 წელს) გასულია საოჯახო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე ქონების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 03 სექტემბერს გაცემული განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 29);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 30 იანვრის სხდომის ოქმი);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ქ-------------------ის მიერ გაშვებულია განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რის გამოც, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მოპასუხეებს გ--------------–---–ს და გ--------------–---–ს შორის დადებულმა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებამ წარმოშვა ის შედეგები, რომელიც აღნიშნულ გარიგების მიზანს წარმოადგენდა. ამდენად, არც აღნიშნული ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად შეფასების და ბათილად ცნობის საფუძველი გამოიკვეთა;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე,115-ე, 128-130-ე, 173-ე, 183-ე, 312-ე, 524-525-ე, 1122-ე, 1158-ე-1159-ე, 1164-ე და 1171-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ქ-------------------ემ მოითხოვა გ--------------–---–სა და გ--------------–---–ს შორის 20015 წლის 31 ივლისს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, შ--------–-------------------------------------–------------------------------------------------- 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარება.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ქ-------------------ე და მოპასუხე გ--------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1976 წლის 18 დეკემბრიდან. 2004 წლის 02 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (ნოტარიუსი მ--------ა, რეესტრის N------) საფუძველზე, უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, შ--------–---------------------------------------------- საკუთრების უფლებით აღირიცხა გ--------------–---–ის სახელზე.
საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუმცა არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც უტყუარად არ დგინდება მეუღლეთა საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად, მათი ერთობლივი თანხებით ქონების შეძენის ფაქტი. მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით. სწორედ ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ სადავო ქონების მოპასუხის სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა ქ-------------------ისა და გ--------------–---–ის ქორწინების განმავლობაში. შესაბამისად, აღნიშნული ქონება, როგორც ქორწინების, ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ნივთი, წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო საკუთრებას, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილი დანაწესისა. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. დადგენილია, რომ მოსარჩელე ქ-------------------ე, მოპასუხე გ--------------–---–ი და მათი საერთო შვილი მ-------------–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობენ სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, შ--------------------- -ში. აღნიშნული პირები რეგისტრირებული არიან ამავე საცხოვრებელ მისამართზე.
მხარეები, ქ-------------------ე და გ--------------–---–ი განქორწინდნენ 2014 წლის 1 სექტემბერს. მოსარჩელე მხარის მითითებით, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში განქორწინების რეგისტრაცია (აქტის ჩანაწერი N-----------) განხორციელდა ფორმალურად და რეალურად არ ისახავდა მიზნად მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტას. კერძოდ, მოსარჩელე მხარეს სს ,,საქართველოს ბანკის“ წინაშე ერიცხებოდა დავალიანება და იმ მიზეზით, რომ მეუღლეთა საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებას საფრთხე არ შექმნოდა, მოხდა მხარეთა განქორწინება, თუმცა რეალურად მხარეები კვლავ ერთ ოჯახად აგრძელებენ ცხოვრებას და დღეის მდგომარეობითაც საერთო საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრობენ.
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის მიხედვით, ქორწინება წყდება განქორწინებით. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად, განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. განქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პირის განცხადება. ამავე კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის განქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, ქ-------------------ესა და გ--------------–---–ს შორის ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების აქტის რეგისტრაციის მომენტიდან - 2014 წლის 01 სექტემბრიდან. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული განქორწინების სააქტო ჩანაწერი მოსარჩელე მხარეს შესაბამისი წესით სადავოდ არ გაუხდია. განქორწინების აქტის ჩანაწერის ნამდვილობისათვის მნიშვნელობა არ აქვს მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის მიზეზს. მართალია, მოსარჩელე მხარე მიუთითებს გარკვეულ საბანკო დავალიანების არსებობაზე, რამაც, მისი პოზიციის თანახმად, გამოიწვია ქორწინების შეწყვეტა. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების საქმეზე წარმოდგენის შემთხვევაშიც, მოსარჩელის სახელზე დავალიანების არსებობა-არარსებობას არ აქვს კავშირი განქორწინების რეგისტრაციის ფაქტთან, ვინაიდან, სათანადო მტკიცებულებით (განქორწინების მოწმობით) ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მხარეები განქორწინდნენ და ამ აქტის ჩანაწერს აქვს იურიდიული ძალა. ის გარემოება, რომ ქ-------------------ე ამჟამადაც იმავე საცხოვრებელ მისამართზე ცხოვრობს მოპასუხე გ--------------–---–თან (რასაც არც მოპასუხე მხარე უარყოფს), ეჭქვეშ არ აყენებს განქორწინების ნამდვილობას, ვინაიდან საერთო საცხოვრებელ მისამართზე მხარების, ქ-------------------ესა და გ--------------–---–ის ფაქტობრივი ცხოვრება უპირობოდ არ გულისხმობს მათ შორის საქორწინო ურთიერთობის არსებობას. მეუღლეთა უფლებამოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი);
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლი ადგენს თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, კერძოდ, განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი, თუ მოთხოვნის წარმოშობისა და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანხვედრაშია. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური მომენტი განქორწინების რეგისტრაციაა, ვინაიდან, განქორწინებული მეუღლეებისათვის იმთავითვე ცნობილი უნდა იყოს მოთხოვნის უფლების არსებობის თაობაზე. ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ-------------------ე და გ--------------–---–ი დაქორწინდნენ 1976 წლის 18 დეკემბერს. მეუღლეთა ქორწინების პერიოდში, 02.08.2004 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, ქ. თბილისი, შ--------–---------------------, საკადასტრო კოდი N----------------, საკუთრების უფლებით აღირიცხა გ--------------–---–ის სახელზე. მხარეები, ქ-------------------ე და გ--------------–---–ი განქორწინდნენ 2014 წლის 1 სექტემბერს. სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილია მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა თითოეული მეუღლის მოთხოვნით როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. ამავდროულად, განქორწინებულ მეუღლეთა მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ამ ვადის ათვლა კი იწყება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ქ-------------------ის მიერ სარჩელი, საოჯახო-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე ქონების 1/2 ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, სასამართლოში წარდგენილი იქნა 16.11.2018 წელს, განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრებაში ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. მხარეები, ქ-------------------ე და გ--------------–---–ი საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, ხოლო ქ-------------------ის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს მეუღლეთა ქონებრივი უფლებების რეალიზებას, ხანდაზმულია.
მოსარჩელე მხარე ასევე მოითხოვს მოპასუხეების გ--------------–---–სა და გ--------------–---–ს შორის 2015 წლის 31 ივლისს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ გარიგება მოჩვენებითია და რეალურად არ ისახავდა სამართლებრივი შედეგის დადგომას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებაში მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის შესაბამისად, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მოსარჩელე მხარე მიუთითებს გ--------------–---–ს და გ--------------–---–ს შორის 2015 წლის 31 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის იმ საფუძველზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით. დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ--------------–---–მა საკუთრებაში არსებული ქონება (მდებარე ქ. თბილისი, შ--------–---------------------, საკადასტრო კოდი N----------------) გადასცა ჩუქებით გ--------------–---–ს, რომელიც საჯარო რეესტრში ირიცხება აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ. ამ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ შესძლო იმ გარემოების მტკიცების რეალიზება, რომ გ--------------–---–მა მოჩვენებით, კანონსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად გადასცა ქონება გ--------------–---–ს. ვინაიდან, ამ გარიგებით წარმოიშვა ის იურიდიული შედეგი, რაც უნდა მოჰყოლოდა ჩუქების გარიგებას. მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ გ--------------–---–სა და მის დას, მ-------------–---–ს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მათ შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა სასამართლოში საცხოვრებელი სახლიდან მ-------------–---–ის გამოსახლების თაობაზე. ის გარემოება, რომ მოპასუხე გ--------------–---–ი დღეის მდგომარეობით არ ცხოვრობს სადავო სახლში, ეჭქვეშ არ აყენებს 31.07.2015 წელს გ--------------–---–სა და გ--------------–---–ს შორის დადებული გარიგების ნამდვილობას. მესაკუთრეს შეუძლია თავისი შეხედულებით სარგებლობდეს, განკარგავდეს და ფლობდეს საკუთრებაში არსებულ ქონებას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიმე მართლსაწინააღმდეგო მიზანი, მჩუქებლის მიერ ნების გამოვლენას არ მოჰყოლია.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს 2015 წლის 31 ივლისს გ--------------–---–სა და გ--------------–---–ის შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან არ დადასტურდა გარიგების მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულების მოჩვენებით დადების ფაქტი. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე ქ-------------------ეს, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, არ გააჩნია საოჯახო-სამართლებრივი საფუძვლით პრეტენზიის დაყენების უფლება ქონების იმ ნაწილზე, რაც დღეის მდგომარეობით მოპასუხე გ--------------–---–ის სახელზე ირიცხება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა 31.07.2015 წლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების 1/2 ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე ქ-------------------ე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხეების გ--------------–---–ისა და გ--------------–---–ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ქეთევან გობრონიძის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და გ--------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული ქ. თბილისში, შ--------–-------------------–- მდებარე უძრავი ქონების (--------------------- 1/2 ნაწილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
იმის გათვალისწინებით, რომ ქ-------------------ის სარჩელი, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების თანამესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სახეზეა ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-39-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ-------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებაით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გ--------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული ქ. თბილისში, შ--------–-------------------–- მდებარე უძრავი ქონების (--------------------- 1/2 ნაწილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა