გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210017002017386
საქმე #2/528-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(შესავალი ნაწილი)
21.02.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - ნო-----------–---–ი
წარმომადგენელი- ნო------------–---–ი
მოპასუხე - ლა–------–---–ი
მესამე პირი - სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“
წარმომადგენელი - გი----------–-–---–ი
დავის საგანი: საალიმენტო დავალიანებისგან გათავისუფლება
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):
მოსარჩელე გათავისუფლდეს 2 696.6 ლარის ოდენობით საალიმენტო დავალიანებისგან.
(მოთხოვნის დაზუსტება იხილეთ სასამართლოს 21.02.2019 წლის სხდომის ოქმის ჩანაწერი 10:30:24-10:31:10 სთ)
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები: გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.05.2002 წლის გადაწყვეტილებით ნო-----------–---–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების ლი------ ლა–------–---–ების რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა თითოეულზე თვეში 25 ლარის ოდენობით. სააღსრულებო ფურცელი 26.08.2004 წელს გაიცა. მოსარჩელეს დავალიანება სრულად აქვს დაფარული და სააღსრულებო ფურცელი 24.01.2006 წელს მოხსნილია სააღსრულებო წარმოებიდან, მაგრამ 25.12.2016 წელს მოსარჩელეს კახეთის სააღსრულებო ბიუროდან წინადადება ჩაჰბარდა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე. სააღსრულებო ფურცელი წარმოებიდან 11 წლის და 6 თვის წინ მოიხსნა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ბიურომ რატომ მიიღო კვლავ წარმოებაში. იმის გამო, რომ თანხა სრულად იყო გადახდილი სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო წარმოებიდან მოიხსნა. შესაბამისად არ არსებობს ვალი, რომლის გადახდასაც სააღსრულებო ბიურო მოითხოვს და ამიტომ უნდა მოხდეს აღმასრულებლის წინადადებაში მითითებული 2900 ლარის გადახდისგან გათავისუფლება.
სასამართლო სხდომაზე მხარეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელის ანგარიშიდან სააღსრულებო ბიუროს მიერ განხირციელდა გარკვეული თანხის ჩამოჭრა და შესაბამისად დავალიანება 2 696.6 ლარი დარჩა. მხარემ სასამართლოს 21.02.2019 წლის სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და 2 696.6 ლარის გადახდისგან გათავისუფლება მოითხოვა.
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია:
2.1. სარჩელით თავდაპირველ მოპასუხეს ლე--–--------–-–--ლი წარმოადგენდა, რომელმაც შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საალიმენტო დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით მოსარჩელის განმარტება სიცრუეა. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეს საალიმენტო დავალიანება გადახდილი არ აქვს. სარჩელს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა დადასტურდებოდა. 2006 წელს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა არ მომხდარა, რადგან მოსარჩელეს ალიმენტი არ გადაუხდია. ამიტომ, დავალიანების გადახდევინებაზე აღმასრულებლის მოქმედება კანონმდებლობის მოთხოვნას შეესაბამება. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
მოპასუხე ლე--–--------–-–--ლი 2018 წლის 08 მარტს გარდაიცვალა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 21.02.2019 წლის საოქმო განჩინებით მოპასუხის შვილი ლა–------–---–ი ცნობილი იქნა უფლებამონაცვლედ. სხდომაზე გამოცხადებულმა ლა–------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. მესამე პირის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოების საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც საალიმენტო დავალიანების გადახდის და ამ საფუძვლით სააღსრულებო წარმოების დასრულების ფაქტი დადასტურდებოდა. (იხ. სასამართლოს 21.02.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:18:31-11:19:10 სთ)
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 14.09.2001 წლის გადაწყვეტილებით ლე--–------–---–ის (მა----–-–---–ი) სარჩელი ნო-----------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცის მიხედვით ნო-----------–---–ს დაეკისრა 06.08.1987 წელს დაბადებული ლი-------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა სრულწლოვანების მიღწევამდე ყოველთვიურად ყოველგვარი შემოსავლის 1/3.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ლე--–------–---–მა (მა----–-–---–ი) წარადგინა სააპელაციო საჩივარი. თბილისის საოლქო სასამართლოს 02.05.2002 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 14.09.2001 წლის გადაწყვეტილების მეორე აბზაცი და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ნო-----------–---–ს დაეკისრა ერთდროულად გადასახდელად ალიმენტის დავალიანება 1050 ლარის ოდენობით, ხოლო 2002 წლის 15 მარტიდან ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე ლი------ ლა–------–---–ებზე სულ 50 ლარის ოდენობით თვეში სრულწლოვანების მიღწევამდე, ლე--–------–---–ის სასარგებლოდ.
3.1.2. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის იძულების წესით გადახდევინების მიზნით 26.08.2004 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და 12.01.2006 წლიდან დაიწყო იძულებითი აღსრულება.
3.1.3. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 15.12.2016 წლის წერილით ნო-----------–---–ს ეცნობა, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია 26.08.2006 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ, სადაც კრედიტორს ლე--–--------–-–--ლი წარმოადგენს. წერილის მიხედვით ნო-----------–---–ის საალიმენტო დავალიანებამ 2 900 ლარი შეადგინა. ნო-----------–---–ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით გადაეხადა დავალიანებული თანხა.
3.1.4. ნო-----------–---–ის საჩივრის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 15.05.2017 წლის ბრძანებით გაუქმდა აღმასრულებლის 15.12.2016 წლის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ და აღმასრულებელს დაევალა მოვალისათვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გაგზავნა.
3.1.5. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 16.05.2017 წელს ნო-----------–---–ს გაუგზავნა ახალი წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მოთხოვნით, სადაც მიუთითა, რომ დავალიანებული თანხის ოდენობა 2 696.6 ლარს შეადგენდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ.15-18; 26-29);
- აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება (ს.ფ. 19-20);
- გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 94-95);
- თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 99-101);
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 24-25).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ნო-----------–---–ის განმარტებას, რომ მის მიერ გადაწყვეტილებით დაკისრებული საალიმენტო დავალიანება გადახდილია და შესასრულებელი ფულადი ვალდებულება აღარ არსებობს.
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ სააღსრულებო ფურცელზე მითითებული აღნიშვნა ,,მოხსნილია წარმოებიდან“ ვალდებულების შესრულებას და ამ მოტივით სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულებას ადასტურებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის და ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულებების შესრულების ფაქტების დადგენა იმ პირობებში, როდესაც მეორე მხარე უარყოფს თანხის მიღების ფაქტს, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე დაუშვებელია. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის მხრიდან ფულადი ვალდებულების მთლიანად შესრულება დადასტურდებოდა. ამავდროულად, მესამე პირის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოების მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც ნო-----------–---–ის მხრიდან გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდის ფაქტი დადასტურდებოდა.
რაც შეეხება სააღსრულებო წარმოების დასრულებას, ამ საკითხზე სასამართლო სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადაწყვეტილებით დაკსირებული თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებებების არარსებობასთან ერთად სააღსრულებო წარმოების მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც სააღსრულებო წარმოების დასრულების საფუძველი გახდებოდა. გაურკვეველია რატომ აქვს სააღსრულებო ფურცელს აღნიშვნა ,,მოხსნილია წარმოებიდან“. ეს სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში ფიქსირდება როგორც მიმდინარე საქმე.
სააღსრულებო წარმოების დასრულების თაობაზე სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააღსრულებო ფურცელზე არის ორი აღნიშვნა, პირველი - რომ სააღსრულებო ფურცელი მიღებულია წარმოებაში და თარიღი მითითებულია 12.01.2006 წელი და მეორე - მოხსნილია წარმოებიდან თარიღი მითითებულია 24.01.2006 წელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ 24.01.2006 წელს სააღსრულებო წარმოების დასრულება არ მომხდარა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია არა მარტო მესამე პირის წარმომადგენლის განმარტება არამედ თავად მოსარჩელე მხარის განმარტებაც. კერძოდ, მოსარჩელემ განმარტა, რომ თანხის გადახდა მისი ხელფასიდან ხდებოდა და ბუღალტერი ყოველთვიურად უკავებდა გადასახდელ თანხას. მხარის წარმომადგენელმა განმარტა, როგორ თანხის გადახდა აღმასრულებლის საშუალებით ხდებოდა, თავად მხარემ კი განმარტა, რომ თანხა ლე--–--------–-–--ლს ერიცხებოდა, ზოგჯერ კი ხელზე იღებდა. მოსარჩელემ განმარტა, რომ აღმასრულებელმა ალიმენტთან დაკავშირებით 2009 წელს და 2011 წელსაც დაიბარა და მაშინ მიიტანა აღმასრულებელთან გადახდის ქვითრები. (იხ. სასამართლოს 21.02.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:25:28-11:33:35 სთ). შემდგომ კი განმარტა, რომ ალიმენტის მთლიანი დავალიანება ერთიანად გადაუხადა ლე--–--------–-–--ლს 2006 წელს და, რომ 2007 წლის ივნისი-ივლისის თვის ხელფასი ვერ აიღო, რადგან ბუღალტერმა უთხრა, რომ მთლიანი თანხა ლე--–--------–-–--ლს გადაურიცხა, რაზეც ბუღალტერს უსაყვედურა კიდეც. (იხ. სასამართლოს 21.02.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:35:40:11:37:10 სთ)
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის განმარტება მიუთითებს იმაზე, რომ სააღსრულებო წარმოების დასრულება 24.01.2006 წელს ვერ მოხდებოდა, რადგან მისივე განმარტებით ალიმენტთან დაკავშირებით აღმასრულებელთან 2009 და 2011 წლებში იყო მისული. აგრეთვე განმარტა, რომ თანხის გადახდა პერიოდულად ხელფასიდან ხდებოდა და თანხას ზოგჯერ აღმასრულებლის საშუალებით იხდიდა. არადა სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღების და მოხსნას შორის სხვაობა მხოლოდ 12 დღეა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის განმარტება, რომ 24.12.2006 წელს სააღულებო წარმოება დასრულდა, მოკლებულია დამაჯერებლობას და ვერ იქნება გაზიარებული.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის მხრიდან გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების ფაქტი დადასტურდებოდა. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტის დადასტურება და ამდენად, მოსარჩელის განმარტება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს 21.02.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი);
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 24-25).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა. გადაწყვეტილების სავალდებულო ხასიათი დადგენილია სამართლებრივი ნორმებით, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით და სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. ”საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის; იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზეც, რომელის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების სავალდებულობა ეფუძნება კანონის აღსრულების სავალდებულობას, რათა მოხდეს იმ მართლწესრიგის უზრუნველყოფა, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (განჩინებით) განისაზღვრა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნო-----------–---–ს ლე--–------–---–ის (მა----–-–---–ი) სასარგებლოდ თბილისის საოლქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 02.05.2002 წლის გადაწყვეტილებით საალიმენტო დავალიანების 1050 ლარის და 2002 წლის 15 მარტიდან ყოველთვიურად 25 ლარის გადახდა დაეკისრა თავისი არასრულწლოვანი შვილების ლი------ ლა–------–---–ების რჩენა-აღზრდისათვის. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. ამრიგად, სახეზეა კანონიერ ძალაში შესული და სავალდებულო წესით აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ნო-----------–---–ს ფულადი ვალდებულება განისაზღვრა და რომლის შესრულებაც სააღსრულებო ბიუროს მხრიდან კრედიტორის ლე--–--------–-–--ლის სასარგებლოდ უნდა განხორციელებულიყო. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გადაწყვეტილებით დაკისრებული ფულადი ვალდებულების იძულების წესით აღსრულების წინაპირობა აღარ არსებობდა იმის გამო, რომ მან სრულად გადაიხადა საალიმენტო დავალიანება.
სასამრთლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილებით დადგენილი ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურება, იმ პირობებში, როდესაც მეორე მხარე - კრედიტორი, ასეთი შესრულების არსებობას უარყოფს, არ შეიძლება მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგინდეს. მოსარჩელეს, როგორც სამართალწარმოების მხარეს, ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება. სასამართლომ, მიუთითებს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების ნაწილში მტკიცებულებათა სპეციალურ სტანდარტს აწესებს. მოსარჩელე მხარემ კი სასამართლოს ვერ წარუდგინა ისეთი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება იქნებოდა და რაც სასამართლოს დაარწმუნებდა იმაში, რომ ნო-----------–---–მა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაკისრებული ალიმენტის გადახდის ვალდებულება შეასრულა.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ ვალდებულების შეწყვეტა ხდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (სსკ-ის 427-ე მუხლი), დეპონირებით (სსკ-ის 434-ე მუხლი), ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით (სსკ-ის 442-ე მუხლი), ვალის პატიებით (სსკ-ის 448-ე მუხლი), თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება (სსკ-ის 452-ე მუხლი), თუ გარდაიცვალა კრედიტორი და შესრულება პირადად კრედიტორისთვის იყო გათვალისწინებული (სსკ-ის 453-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო მოსარჩელის მხრიდან გადაწყვეტილებით დაკისრებული ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი, ვინაიდან, მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად მოპასუხის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებაზე მიუთითა და განმარტა, რომ აღარ არსებობდა ვალდებულება, რომლის შესასრულებლადაც იყო სააღსრულებო ფურცელი გაცემული. შესაბამისად, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება შეასრულა და ამდენად, არ არსებობდა ამ გადაწყვეტილების იძულების წესით აღსრულების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. თუმცა საქმის განხილვის შედეგად ვალდებულების შესრულების ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული. მოსარჩელემ ვერ წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა კრედიტორის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, სახეზე არ არის ვალდებულების შესრულება და ვერც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოთხოვნილი თანხის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლები იარსებებს.
6.3. მოსარჩელე მხარემ საალიმენტო დავალიანების გადახდისგან გათავისუფლების კიდევ ერთ საფუძვლად ხანდაზმულობაზე მიუთითა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლა. ამავე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულება წყდება ხანდაზმულობით, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა;
ამდენად, კანონით გათვალისწინებული აღსრულების 10 წლიანი ხანდაზმულობა არ ვრცელდება ალიმენტის გადახდევინებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. განსახილველ შემთხვევაში კი აღსასრულებელი გადაწყვეტილებით სწორედ საალიმენტო ვალდებულების დაკისრება მოხდა და ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ხანდაზმულობის საფუძვლით საალიმენტო დავალიანების გადახდისგან გათავისუფლების და სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ნო-----------–---–ის სარჩელი დაუსაბუთებელია, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და ამიტომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შედგება სასამართლო ხარჯების და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია 19.07.2017 წელს. სარჩელის აღძვრის მომენტისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნატის თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავდნენ ქონებრივ დავებს, რომლის ღირებულებაც არ აღემატებოდა 2000 ლარს. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-54-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ნო-----------–---–ის სარჩელი მოპასუხე ლა–------–---–ის მიმართ საალიმენტო დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე