გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/11303-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31.01.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე: შპს ''რ-------'';
წარმომადგენლები: თ----------------, ს--–--------------ე;
მოპასუხე: შპს ''ტ------------ა'';
წარმომადგენლები: მ--–------------–---–ი, თ-------------------ა;
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ''ტ------------ას'' მოსარჩელე შპს ''რ-------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება - მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი თანხის - 42 250 ლარის ოდენობით, ასევე უხარისხო სამუშაოს დემონტაჟის ღირებულების - 10 000 ლარის და პირგასამტეხლოს - 4148.49 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 6 სექტემბერს მოპასუხესა (შემსრულებელს) და მოსარჩელეს (დამკვეთს) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება 2 თვის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება ქ. თბილისში, ს------–---------–- მდებარე დამკვეთის მფლობელობაში არსებული მრავალფუნქციური კომპლექსი მოეპირკეთებინა დეკორატიული პენოპლასტით - იპს M20, განეხორციელებინა მიწოდება, მონტაჟი და საკუთრებაში გადაცემა დამკვეთის მიერ ავანსის ჩარიცხვიდან 2 (ორი) თვის ვადაში. ხელშეკრულების დადების დღეს, 2017 წლის 6 სექტემბერს დამკვეთმა განახორციელა ავანსის სახით 25 000 ლარის ჩარიცხვა შემსრულებლის საბანკო ანგარიშზე. 2017 წლის 25 სექტემბერს დამკვეთმა შემსრულებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა - 1500 ლარი, 2017 წლის 16 ოქტომბერს - 1000 ლარი, 2017 წლის 14 ნოემბერს - 4000 ლარი, 2017 წლის 4 დეკემბერს - 4000 ლარი, 2017 წლის 21 დეკემბერს 5000 ლარი, 2017 წლის 29 დეკემბერს 500 ლარი, 2018 წლის 9 თებერვალს 1000 ლარი, ხოლო 2018 წლის 16 თებერვალს - 250 ლარი. ჯამში დამკვეთმა შემსრულებლის საბანკო ანგარიშზე განახორციელა - 42 250 ლარის ჩარიცხვა. შემსრულებელმა ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, დღემდე არ აქვს დასრულებული სამუშაოები და მის მიერ ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოც არის ერთმნიშვნელოვნად უხარისხო, საჭიროებს დემონტაჟს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე დემონტაჟის ღირებულების და პირგასამტეხლოს თანხის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მის მიერ შესრულებულ იქნა კეთილსინდისიერად და ხარისხიანად, ხოლო თუ მოსარჩელე მიიჩნევდა რომ სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ და საჭიროებდა დემონტაჟს, მას უნდა მოემართა მოპასუხისათვის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად, სადაც აღნიშნულია, რომ ქარხნული წუნის დადგენის შემთხვევაში შემსრულებელი შეუცვლის დამკვეთს ნასყიდობის საგანს ახლით, ხარვეზის აღმოჩენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული დემონტაჟი, რომელიც განახორციელა შპს ''რ-------მა'' თვითნებურად, მოპასუხესთან შეთანხმების გარეშე, რითაც დაარღვია ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი თუ დარღვეული იქნა ვალდებულების შესრულების 2 თვიანი ვადა მაშინ რატომ ურიცხავდა თანხებს 2017 წლის 6 ნოემბრიდან 2018 წლის 16 თებერვლის ჩათვლით და რატომ არ მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა შესრულების ვადის დარღვევისა და უხარისხო სამუშაოს გამო 2017 წლის 6 ნოემბერს, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულების 7.2. მუხლის თანახმად, ''ხელშეკრულება შეიძლება მხარეებმა ვადაზე ადრე შეწყვიტონ ხელშეკრულების მოშლის 30 დღიანი ვადის დაცვით. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეები 30 კალენდარული დღით ადრე წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს, რაც მოსარჩელე შპს ''რ-------ს'' არ განუხორციელებია, როდესაც მასალების შესაძენად მოპასუხე შპს ''ტ------------ამ'' დახარჯა - 20 647.36 ლარი. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 6 სექტემბერს შპს ''ტ------------ას'' და შპს ''რ-------ს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა: ქ. თბილისში, ს------–---------–- მშენებარე მრავალფუნქციურ შენობაზე ფასადის მოპირკეთება დეკორატიული იპს M20-ით (პენოპლასტი), ასევე მისი მიწოდება, მონტაჟი და საკუთრებაში გადაცემა. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი ვალდებულია ''დამკვეთის საქონლის მიწოდება, მონტაჟი და საკუთრებაში გადაცემა მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის ჩარიცხვიდან - 2 (ორი) თვის ვადაში.
ხელშეკრულების 5.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქარხნული წუნის დადგენის შემთხვევაში შემსრულებელი შეუცვლის დამკვეთს ნასყიდობის საგანს ახლით, ხარვეზის აღმოჩენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს 5 წელს.
ხელშეკრულების 6.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით დადგენილ ვადაში საქონლის მიუწოდებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო ასეთ შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.8%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული კალენდარული დღისათვის.
ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2 (ორი) თვის განმავლობაში. ხელშეკრულება შეიძლება მხარეებმა ვადაზე ადრე შეწყვიტონ ხელშეკრულების მოშლის 30 დღიანი ვადის დაცვით. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეები 30 კალენდარული დღით ადრე წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს.
3.1.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ''რ-------მა'' მოპასუხე შპს ''ტ------------ას'' საბანკო ანგარიშზე 2017 წლის 6 სექტემბერს ავანსის სახით ჩაურიცხა 25000 ლარი, ხოლო ბოლო თანხა ჩარიცხა 2018 წლის 16 თებერვალს 250 ლარი, სულ მოსარჩელემ ჩარიცხა - 42 250 ლარი.
3.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.06.2018 წლის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისი, ს------–---------------------–---------------- მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის ფასადზე მოწყობილი ე.წ. ''პენოპლასტის'' ფილები, აგურის იმიტაციით შესრულებულია არაჯეროვნად, კერძოდ: ფასადზე შესრულებული ე.წ. ''პენოპლასტის'' ფილები შესრულების ტექნოლოგიური პროცესი და ციკლი დარღვეულია, ფასადზე შეინიშნება ფილების გადაბმის ადგილები, ამასთან ფილები არ არის ვერტიკალურ სიბრტყეში გასწორებული რაც იძლება ვიზუალურ დეფექტებს. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე განმარტებულია, რომ ვინაიდან აღნიშნული შესრულებული ე.წ. ''პენოპლასტის'' ფილების მიკვრის სამუშაოების ხარისხთან (სტანდარტთან და ნორმებთან) მიმართებაში, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტებით არ მოიპოვება რაიმე სახის რეგულაცია რომელიც იქნება ექსპერტიზისათვის როგორც ნორმატიული აქტი, შესრულებული სამუშაოების ხარისხის სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებთან შესაბამისობა/შეუსაბამობაზე ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს.
3.1.4. აღსრულების ეროვნული ბიუროს 15.06.2018 წლის ფაქტების კონსტანტაციის ოქმით დგინდება, რომ ავანსის ჩარიცხვიდან 5 თვის შემდეგაც მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა.
3.1.5. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელდა კონსტრუქციის დემონტაჟი, ხოლო დემონტაჟის შედეგად ჩამოხსნილი მასალა იყო დაზიანებული და მოსარჩელემ იგი გადაყარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
- 2017 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულება;
- საგადახადო დავალებები;
- ექსპერტიზის დასკვნა, ფოტომასალა;
- ფაქტების კონსტანტაციის ოქმი, ფოტომასალა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების განხილვისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპირველეს ყოვლისა, განიმარტოს აღნიშნული ხელშეკრულების სახე. ხელშეკრულების შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა ნასყიდობის შედეგად (საფუძველზე) ნარდობის ხელშეკრულების დადება, რაც განახორციელეს.
ხელშეკრულების არსი უნდა განიმარტოს არა ხელშეკრულების სახელწოდების, არამედ მისი შინაარსის მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ხელშეკრულების საკანონმდებლო კონსტრუქციასთან.
3.2.2. მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად ჰქონდა უფლება მხარისათვის შეტყობინების გარეშე განეხორციელებინა დემონტაჟი, ასევე არ დასტურდება კონსტრუქციის დემონტაჟისათვის გაწეული ხარჯის სახით მის მიერ - 10000 ლარის გადახდის ფაქტი.
სადავოა ზიანის ოდენობის (ხარჯის გაწევის - დემონტაჟისათვის გადახდილი თანხა) ფაქტი და მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის ფაქტობრივად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტაციით არ დასტურდება კონსტრუქციის დემონტაჟისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რაც ხარჯების გაწევის თაობაზე მოსარჩელის მტკიცების გაზიარების საფუძველია. უფრო მეტიც, ვალდებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ კონსტრუქციის დემონტაჟისათვის სახელით გაწეული ხარჯები. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:
1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლოს თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება მტკიცებულებათა გამოკვლევა არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში კი იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო გარემოება წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს მტკიცების მაღალი სტანდარტით ევალება დაადასტუროს სადავო გარემოება.
საქმეში არსებული ხელშეკრულების მიხედვით დგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქარხნული წუნის დადგენის შემთხვევაში შემსრულებელი შეუცვლის დამკვეთს ნასყიდობის საგანს ახლით, ხარვეზის აღმოჩენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა მიუთითეს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმები), რომ შესაძლებელი იყო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელებულიყო ისე, რომ არ მომხდარიყო გამოყენებული პროდუქციის დაზიანება, ან დაზიანება ყოფილიყო უმნიშვნელო. მოწმეებმა მიუთითეს, რომ მასალის მეორადად გამოყენება შესაძლებელი იყო, ასევე შესაძლებელი იყო დაზიანებული მასალის გამოყენება, კერძოდ, მისი გადამუშავება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ ისე განახორციელა კონსტრუქციის დემონტაჟი, რომ აღნიშნულის შესახებ მოპასუხისათვის წერილობითი სახით არ უცნობებია, ამასთან, მხარეები აღნიშნულთან დაკავშირებით არც ხელშეკრულებით შეთანხმებულან. გარდა ამისა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა კონსტრუქციის დემონტაჟისათვის გაწეული ხარჯის სახით მის მიერ - 10000 ლარის გადახდის ფაქტი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მისი მტკიცების ტვირთს, დემონტაჟის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმეთა და მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).
- 2017 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულება;
- ექსპერტიზის დასკვნა, ფოტომასალა;
- ფაქტების კონსტანტაციის ოქმი, ფოტომასალა.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ''რ-------ის'' სარჩელი საფუძვლიანია, ხოლო ვინაიდან პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია იგი უნდა შემცირდეს და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოსარჩელეს ასევე უარი უნდა ეთქვას დემონტაჟის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ე, 629-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულებები (სკ-ის 477-ე და 629-ე მუხლები), რომლის ფარგლებშიც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, შემძენისათვის (მოსარჩელე) გადაეცა ნივთი და გაეწია მომსახურება. მოცემულ საქმეზე, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება კონკრეტული სამუშაოს შესრულების, ფასადის მოპირკეთების შესახებ. ამ გარიგებით მხარეთა შორის ასევე წარმოიშვა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
2017 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხისათვის - 42 250 ლარი აქვს გადახდილი.
დადგენილია, რომ მოპასუხეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა ავანსის ჩარიცხვიდან 2 თვის ვადაში.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ შპს ''ტ------------ამ'' არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, არ დაასრულა სამუშაოები დადგენილ ვადაში, ამასთან, შესრულებული სამუშაოს ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია (იხ. დასკვნა).
6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
ეს ნორმა განამტკიცებს ვალდებულების დროულად, შეთანხმებულ ვადაში შესრულების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს შესრულების ვადა, ვალდებულება ამ ვადაში უნდა შესრულდეს, მოვალემ არ უნდა გადააცილოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას.
მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, შენობის ფასადის მოპირკეთება მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ავანსის თანხის ჩარიცხვიდან 2 თვის ვადაში, რაც წარმოადგენდა ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო ვადას.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, სამართლებრივად უნდა შეფასდეს ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობის დამზადება უზრუნველყო თუ არა მენარდემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სსკ-ის 636-ე მუხლით დადგენილია შემკვეთის უფლება უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე (იხ. სუსგ № ას-901-851-2015, 05.02.2016წ. იხ. სუსგ № ას-697-663-2015, 15.12. 2015). სასამართლომ სწორედ 636-ე მუხლზე მსჯელობისას განმარტა: „მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, შესრულებული სამუშაო - რას შეადგენს, ფაქტობრივად რა არის შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, თუ საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები''. აღნიშნულის მტკიცების ტვირთი მენარდეს აწევს, რაც ის მიერ არ ყოფილა სათანადო წესით და მტკიცებულებებით შედავებული (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმები, მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება). მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხემ შეასრულა სამუშაო და მოსარჩელეს გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს საექსპერტო დასკვნასა და მხარის და მოწმეთა ახსნა-განმარტებას, მტკიცებულებათა ყოველმხრივ გაანალიზებასა და შეჯერებას ეყრდნობა და ადგენს, რომ, მენარდის მიერ ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის, შესრულებული სამუშაოების უხარისხობა და დარღვევები, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებების შეპირისპირების საფუძველზეა დადასტურებულია, ხოლო სსკ-ის 636-ე მუხლით დარეგულირებული შემკვეთის უფლება, არათუ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, არამედ უპირობოდ, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება მენარდესთან, განმარტებულია საკასაციო სასამართლოს მიერ, რაც მოპასუხის შედავების საფუძველზე ვერ იქნა დამაჯერებლად უარყოფილი. ამასთან, მენარდის მიერ განხორციელდა თუ არა შეთანხმებული სახით სამუშაოები და რა ნაწილში, წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად არ დასტურდება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. განსახილველ დავაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სკ-ის 636-ე მუხლი ადგენს შემკვეთის უფლებას, უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის ცალკეულ ინსტიტუტებთან შედარებისას და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ურთიერთობისათვის ამოსავალი პრინციპის კონრაჰენტთა კეთილსინდისიერების გათვალისწინებით (სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი), შეიძლება ითქვას, რომ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 636-ე მუხლი არის ის სპეციალური რეგულაცია, რომელსაც არ სჭირდება წინაპირობების დაცვა.
დამატებითი შესრულების მოთხოვნა შემკვეთის მიერ კანონით განსაზღვრულ შესაძლებლობათაგან (სკ 642-ე მუხლი) დამატებითი შესრულების მოთხოვნის არჩევა, კანონითაა დადგენილი და ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის შემადგენელი ელემენტია. კანონით გათვალისწინებული ალტერნატიული მოწესრიგებიდან შემკვეთმა თვითონ აირჩია და დამატებითი ვადა განუსაზღვრა მენარდეს, ხოლო ამ უკანასკნელმა დამატებით ვადაშიც ვერ აღმოფხვრა ნაკლოვანებები, რაც მხარეთა შორის სადავო არაა. შესაბამისად, სკი-ს 642-ე მუხლის დეფინიციის გათვალისწინებით, მოცემულ ვადაში დასრულებული სამუშაოები უნდა ჩაითვალოს შეუსრულებულად.
დამატებითი ვადის დაწესების მიზანია მოვალისათვის ხელის შეწყობა, რათა მან შეძლოს დარღვეული ურთიერთობის გამოსწორება. უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი ვადის სიდიდეს განსაზღვრავს კრედიტორი. მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს ისე, რომ იგი საკმარისი აღმოჩნდეს შესრულებისათვის და ამდენად, გონივრული ხანგრძლივობის უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა ხელშეკრულების შესრულების ვადა განსაზღვრეს ავანსის ჩარიცხვიდან 2 თვე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე შპს ''ტ------------ას'' საბანკო ანგარიშზე 2017 წლის 6 სექტემბერს ავანსის სახით ჩაერიცხა - 25000 ლარი, ხოლო ბოლო თანხა ჩაერიცხა 2018 წლის 16 თებერვალს. 2018 წლის 16 აპრილს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ იყო, ამასთან, უკვე განხორციელებული შესრულება იყო არაჯეროვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორის მიერ მოვალისათვის ვალდებულების შესასრულებლად კიდევ დამატებით რაიმე ვადის მიცემა, გამოიწვევდა შემკვეთის უფლებების დარღვევას. ამასთან, შემკვეთის მიერ მოვალისათვის სხვა გონივრული ვადის მიცემის შემთხვევაშიც კი შედეგი არ ექნებოდა, რამდენადაც სამუშაოების სრულად დასრულების კონკრეტული ვადა არ იკვეთებოდა. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა გამოწვეული იყო შემკვეთის ბრალეულობით, ან სხვა ობიექტური გარემოებით, რის გამოც, მენარდემ ვერ შეძლო ვალდებულების ჯეროვნად შესრულება.
6.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულებები (სკ-ის 477-ე და 629-ე მუხლები), რომლის ფარგლებშიც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, შემძენისათვის (მოსარჩელე) გადაეცა ნივთი და გაეწია მომსახურება.
საქმეში წარმოდგენილი ნარდობის ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს მოცულობა და ხარისხი მენარდეს უნდა დაედასტურებინა. საქმეზე წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.06.2018 წლის ექსპერტიზის დასკვნა და აღსრულების ეროვნული ბიუროს 15.06.2018 წლის ფაქტების კონსტანტაციის ოქმი (დოკუმენტციით), უდავოა ის ფაქტი, რომ მითითებული მტკიცებულების წარდგენა სამუშაოს ხარისხის განსაზღვრის მიზანს ემსახურება, თავის მხრივ, ნარდობის ხელშეკრულების სპეციფიკას წარმოადგენს უნაკლო ნივთის დამზადების ვალდებულება, თუ ხელშეკრულების საგანს ნაკეთობის დამზადება წარმოადგენს (სკ-ის 639-ე მუხლი). კანონმდებელი გვთავაზობს ნივთობრივი ნაკლის არაპირდაპირ დეფინიციას და 641-ე მუხლით ადგენს, რომ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. 11.06.2018 წლის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ს------–---------------------–---------------- მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის ფასადზე მოწყობილი ე.წ. ''პენოპლასტის''ფილები, აგურის იმიტაციით შესრულებულია არაჯეროვნად, კერძოდ: ფასადზე შესრულებული ე.წ. ''პენოპლასტის'' ფილები შესრულების ტექნოლოგიური პროცესი და ციკლი დარღვეულია, ფასადზე შეინიშნება ფილების გადაბმის ადგილები, ამასთან, ფილები არ არის ვერტიკალურ სიბრტყეში გასწორებული რაც იძლება ვიზუალურ დეფექტებს. სასამართლო შემკვეთის დასაბუთებული შედავების არსებობის პირობებში ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის პოზიცია სამუშაოს უნაკლოდ შესრულების შესახებ. ამ დასკვნის საპირისპიროდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მენარდეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის სარწმუნო, სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება მხარეთა მიერ შეთანხმებულ შესრულებას და რომ მის მიერ განხორციელდა თუ არა შეთანხმებული სახით სამუშაოები და რა ნაწილში, უცილოდ არ დასტურდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილში გამყიდველს ეკისრებოდა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. საქმეში არსებული წერილობითი მასალით სასამართლოს მოსაზრებით, შენაძენის ნივთობრივ ნაკლზეც მიუთითებს, თუმცა, ნივთობრივი ნაკლის მქონე გადაცემით მოსარჩელეს ზიანი არ მიდგომია (ამ შემთხვევაში მას წარმოეშვა სამოქალაქო კოდექსის 490-ე და შემდგომი ნორმებით გათვალისწინებული, მათ შორის ხელშეკრულების მოშლის უფლება), არამედ, იგი გამოწვეულია შეძენილი ნივთის დამონტაჟებით (ექსპლუატაციით), რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ კორპუსის ფასადზე მოწყობილი ე.წ. ''პენოპლასტის'' ფილები, აგურის იმიტაციით შესრულებულია არაჯეროვნად, კერძოდ: ფასადზე შესრულებული ე.წ. ''პენოპლასტის'' ფილები შესრულების ტექნოლოგიური პროცესი და ციკლი დარღვეულია, ფასადზე შეინიშნება ფილების გადაბმის ადგილები, ამასთან, ფილები არ არის ვერტიკალურ სიბრტყეში გასწორებული რაც იძლება ვიზუალურ დეფექტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სკ-ის 361.2 მუხლი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მტკიცების სტანდარტი, რა დროსაც მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს სარჩელში მითითებული და მოპასუხე მხარის მიერ შედავებული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ანუ ვალდებულების ბრალეული დარღვევის იურიდიული შემადგენლობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რომელმაც, მოცემულ შემთხვევაში, განკუთვნადი მტკიცებულებების წარდგენით დაძლია საკუთარი საპროცესო მოვალეობა, რაც შეეხება მოპასუხეს, მისი მოვალეობა მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლებაა, რომელიც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილის საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ''რ-------ს'' და შპს ''ტ------------ას'' შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ''რ-------ს'' ავანსის სახით გადახდილი აქვს - 42 250 ლარი. ხოლო მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. რამდენადაც, მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის (სსკ-ის 629-ე მუხლი) საფუძველზე წამოშობილი დავის საგანია მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება (სსკ-ის 361.2.-ე მუხლი). სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემკვეთის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით მხარეთა შორის ხელშეკრულება მოიშალა (სსკ-ის 636-ე, 405-ე მუხლები) მენარდისათვის შესრულებისათვის რამოდენიმეჯერ დამატებით ვადების უშედეგოდ გასვლის შემდგომ. ამასთან, სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი'', ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებელი სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება (იხ. სუსგ-ები: ას-697-663-2015, 15.12.2015წ.; ას-901-851-2015,05.02.2016წ.; ას-981-926-2015,11.03.2016წ.; ას-399-383-2016, 15.07.2016წ.).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ საქმეში მოპასუხეს არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი შესრულებული სამუშაოების ნაწილში მისი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის ფარგლებში, რომლითაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე ავანსის სახით გადახდილი თანხის დაბრუნება და პირგასამტეხლოს გადახდა, სასამართლო ვერ იმსჯელებს ზემოაღნიშნული ნორმით (სსკ-ის 636-ე მუხლი) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ სამართლებრივ წინაპირობებზე.
საპროცესო კანონმდებლობით არსებობს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება-შეგებებული სარჩელი (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი). სსსკ-ის 189-ე მუხლის მეორე ნაწილი (მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ :ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება), განსაზღვრავს შეგებებული სარჩელის აღძვრის სამართლებრივ წინაპირობებს (საფუძვლებს).
სასამართლო დამატებით მიუთითებს მასზედ, რომ არსებული ფაქტობრივი მოცემულობის საპროცესო-სამართლებრივი მხარის შეფასების მიზნით სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო სამართალში აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1. მუხლი). შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ, სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საპროცესო თავდაცვის საშუალებად ადგენს მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარდგენის უფლებას, რომელიც საქმის მომზადების ეტაპზე უნდა იქნეს წარდგენილი და პასუხობდეს კანონის მოთხოვნებს: მოპასუხე ვალდებულია, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები). აღნიშნული საპროცესო წესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაგებლით შეუდავებელ ფაქტებს სასამართლოს მოსამზადებელი ეტაპის ამოწურვის შემდგომ ვეღარ გახდის სადავოდ მოპასუხე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ბუნებრივია, ამ საპროცესო სტანდარტის დადგენა გავლენას ახდენს სასამართლო კვლევის საგანზე, რაც იმას ნიშნავს, მოსამართლე, როგორც ნეიტრალური არბიტრი, მტკიცებულებათა კვლევას ახორციელებს არა საკუთარი, არამედ, მხარეთა მიერ განხორციელებული შედავების ფარგლებში და ამ მხრივ ადგენს საქმის გადაწვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა-არარსებობას.
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხის მხრიდან ''დემონტაჟის'' სახით ქმედების განხორციელების გარდა, კანონით დადგენილი წესით სხვა დამატებითი შედავების წარდგენა არ იკვეთება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმები, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება). სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნის დამაბრკოლებელი შესაგებლის ზოგადად წარდგენა ვერ დააფუძნებს მოთხოვნის უარყოფას, თუ მხარემ ზემოთმითითებული მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით არ დაამტკიცა შესაგებელში აღნიშნული გარემოება.
6.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ''დემონტაჟის'' ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოსარჩელე ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად ჰქონდა უფლება განეხორციელებინა დემონტაჟი, ასევე არ დადასტურდა კონსტრუქციის დემონტაჟისათვის გაწეული ხარჯის სახით მის მიერ - 10 000 ლარის გადახდის ფაქტი.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით შეათანხმეს შემსრულებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში არ განახორციელა სამუშაოს შესრულება.
მოპასუხე მხარე სადავოდ მიიჩნევს ასევე მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას. კერძოდ, თვლის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და არასწორად მოთხოვნილი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპი, როგორიცაა საკუთრების, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლების პრინციპი. სასამართლოს აზრით, შპს ''რ-------ის'' მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - ავანსის სახით გადახდილი თანხის 0.8% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და მისი განაკვეთი უნდა შემცირდეს 0.05%-მდე. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 2000 ლარის გადახდა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი სარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს 500 ლარი. შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - მოთხოვნის არაუმეტეს 4%-ს 300 ლარის ოდენობით გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ''რ-------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. მოპასუხე შპს ''ტ------------ას'' მოსარჩელე შპს ''რ-------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხის - 42 450 ლარის და პირგასამტეხლოს - 2000 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ''ტ------------ას'' მოსარჩელე შპს ''რ-------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1378 ლარის გადახდა.
4. შპს ''რ-------ის'' სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. უცვლელად დარჩეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, რომლითაც ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, შპს "ტ------------ას" (ს/ნ. 4--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს - 52 250 ლარის ფარგლებში.
6. მოსარჩელე შპს ''რ-------ის'' მოპასუხე შპს ''ტ------------ას'' სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სასამართლოსგარეშე ხარჯის - 300 ლარის გადახდა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის 8-ე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი