გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2019
საქმის ნომერი
330210118002467233
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15542-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

 

მოსარჩელე - სს ,,ს---------------------------------–’’

წარმომადგენელი - ს--–------–---–---–---–ი

მოპასუხე - შპს ,,ლ--------ი’’

წარმომადგენელი - თ----------------ე, ა---------------------ი, ლ---------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2 760 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-20)

1.1.1. 2015 წლის 31 აგვისტოს მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება №S--------------, რომლის საფუძველზეც მან დააზღვია ხელშეკრულების დანართ №3-ში მითითებული პირები - მოპასუხის თანამშრომლები;

1.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისგან შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ მან იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად აენაზღაურებინა დაზარალებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარჯები სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. მოპასუხემ კი, თავის მხრივ, იკისრა ვალდებულება მისთვის განვადებით გადაეხადა სადაზღვევო პრემია, ხელშეკრულებით №S-------------- (მისი ყველა დანართის და მასში შესული ყველა ცვლილების ჩათვლით) გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად;

1.1.3. ხელშეკრულების დანართი №4-ით განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის ოდენობა და მისი გადახდის წესი, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო პრემია უნდა გადახდილიყო 12 თანაბარ ტრანშად. თითოეული ტრანშის ოდენობამ შეადგინა 280 ლარი;

1.1.4. ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების №S-------------- დანართი №4-ის მიხედვით, მისთვის გადასახდელმა ჯამურმა სადაზღვევო პრემიის მოცულობამ შეადგინა 3 360 ლარი, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველი თვის პირველ რიცხვში;

1.1.5. 2016 წლის 08 ივნისს ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მხარეებმა განსაზღვრეს რომ ბოლო ორ ტრანშზე სადაზღვევო პრემია შეადგენდა თითოეულზე 120 ლარს;

1.1.6. მოპასუხემ დაარღვია ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე;

1.1.7. ხელშეკრულების №S-------------- და 2016 წლის 08 ივნისის ცვლილების თანახმად, მოპასუხეს ხელშეკრულების შეწყვეტამდე სადაზღვევო პრემიის სახით უნდა გადაეხადა ჯამში 3 040 ლარი, მას კი გადახდილი აქვს მხოლოდ 280 ლარი;

1.1.8. ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე მოპასუხეს ეკისრება დარჩენილი გადაუხდელი პრემიის - 2 760 ლარის გადახდის ვალდებულება;

1.1.9. მხარეთა შორის გაფორმებული ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება შეწყვეტილია 2016 წლის 23 ივნისიდან მოპასუხის განცხადების საფუძველზე;

1.1.10. იგი შემოსავლის მიღების მიზნით ჩვეულებრივი/ყოველდღიური საქმიანობის ფარფლებში თანხებს ათავსებს კომერციულ ბანკებში გახსნილ დეპოზიტებზე/ანაბრებზე, შესაბამისად, მოპასუხეს გარდა ძირითადი დავალიანებისა, ასევე ეკისრება მისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება, რაც მოიცავს მიუღებელ საპროცენტო შემოსავალს გადაუხდელი თითოეული ტრანშის გადახდის ვალდებულების დადგომიდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით (დაანგარიშების თარიღი) 476.66 ლარი და ყოველდღიურ მიუღებელ შემოსავალს 2018 წლის 10 მაისიდან ყოველი მომდევნო დღისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურ 0.71 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ს.ფ. 97-111).

შესაგებლის საფუძვლები:

2.1.1. მხარეთა შორის გაფორმებული №S-------------- ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, თავის კომპანიაში დასაქმებული-დაზღვეული თანამშრომლების ხელფასიდან უნდა უზრუნველეყო სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ჩამოჭრა/დაკავება და მოსარჩელისთვის ყოველთვიურად გადახდა;

2.1.2. ხელშეკრულების №3 და №4 დანართების თანახმად, დაზღვეულთა რაოდენობა განისაზღვრა 10 პიროვნებით. ასევე განისაზღვრა თითოეული დაზღვეულის სურვილის შესაბამისად სხვადასხვა ტარიფის მქონე სადაზღვევო პრემიები;

2.1.3. ხელშეკრულების დანართი №4-ის თანახმად, ყოველთვიური ჯამური სადაზღვევო პრემიის ოდენობა ყველა, ანუ 10 დასაქმებულისათვის, განისაზღვრა ჯამში 280 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა მას მოსარჩელისთვის უნდა უზრუნველეყო დასაქმებულთა ხელფასებიდან შესაბამისი თანხების ჩამოჭრის გზით ყოველი თვის პირველ რიცხვში 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე პერიოდში;

2.1.4. მათ შორის არსებული შეთანხმების თანახმად, იგი უნდა გამხდარიყო მოსარჩელის პროვაიდერი კლინიკა, რაც წარმოადგენდა მოსარჩელესთან ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების დადების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს, თუმცა მოსარჩელის მიერ დაირღვა აღნიშნული შეთანხმების პირობა;

2.1.5. ხელშეკრულების №3 დანართში მითითებულ დასაქმებულთა უმრავლესობას შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები 2015 წლის ოქტომბრის თვიდან, რის შესახებაც მან არაერთხელ აცნობა მოსარჩელეს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით;

2.1.6. მან გაუგზავნა მოსარჩელეს შეტყობინება და მოსთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა 2015 წლის ოქტომბრიდან;

2.1.7. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მის მიერ მითითებულია ის გარემოება, რომ მისი ვერც ერთი თანამშრომელი ვერ იყენებდა დაზღვევას მისი შეძენის დღიდან, ასევე რომ ფინანსური პრობლემების გამო იგი ვერ განახორციელებდა სადაზღვევო პრემიის გადახდას, ვინაიდან დაზღვეულთა უმეტესობასთან შეწყვეტილი იყო შრომითი ხელშეკრულებები 2015 წლის ოქტომბრიდან;

2.1.8. ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდა მის მიერ 2015 წლის ოქტომბრიდან, ამ დროიდან მას აღარ ეკისრებოდა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ;

2.1.9. მოსარჩელის მიერ მითითებული 2016 წლის 08 ივნისის შეთანხმება არ არის ხელმოწერილი მხარეთა მიერ, ვინაიდან ამ პერიოდისათვის მის მიერ უკვე შეწყვეტილი იყო ხელშეკრულება;

2.1.10. მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ იგი 2015 წლის ოქტომბრის თვიდან აღარ იხდიდა სადაზღვევო პრემიას, თუმცა მას სარჩელის წარმოდგენამდე არანაირი პრეტენზია ამ გარემოებასთან მიმართებით არ დაუფიქსირებია და არც მოუთხოვია ყოველთვიური პრემიის გადახდა;

2.1.11. მის მიერ არ დარღვეულა ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება, ვინაიდან 2015 წლის ოქტომბრის თვიდან მას უკვე აღარ ეკისრებოდა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების მისივე ინიციატივით შეწყვეტის გამო;

2.1.12. არ დასტურდება ის გარემოება, რომ მის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემია მოსარჩელეს უნდა განეთავსებინა კომერციულ ბანკში გახსნილ ანაბარზე;

2.1.13. მოსარჩელე წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიას და არა საბანკო დაწესებულებას ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, შესაბამისად, მის ჩვეულ საქმიანობას არ წარმოადგენს ანაბარზე თანხების განთავსება და მისგან ყოველთვიური სარგებლის მიღება, რაც გამორიცხავს მისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 31 აგვისტოს ერთი მხრივ მოსარჩელეს, როგორც დამზღვევს, მეორე მხრივ ხელშეკრულების დანართ №3-ში მითითებულ პირებს, როგორც დაზღვეულებს და, მესამე მხრივ მოპასუხეს, როგორც დამსაქმებელს შორის, დაიდო ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება №S--------------.

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე დაზღვევის ხელშეკრულება და მისი დანართები არეგულირებს ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა მზღვეველს, დამსაქმებელსა და დამზღვევებს შორის დაზღვევის ხელშეკრულებით და მისი დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე დაზღვევის ხელშეკრულებით და მისი დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად მზღვეველი ვალდებულია, შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების სანაცვლოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უზრუნველყოს დაზღვეული პირებისათვის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა.

ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2015 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის 31 აგვისტომდე.

დაზღვევის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 5.2 პუნქტის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ბ) მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, დამზღვევი/დამსაქმებელი უფლებამოსილია დაზღვევის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ პირობით, რომ მზღვეველის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას აღნიშნული შეტყობინება წარედგინება შეტყობინების ორიგინალის სახითაც. ამასთან, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მზღვეველისათვის წარდგენილი შეტყობინება დაზღვევის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის შესახებ მზღვეველისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენელი ელექტრონული ფოსტითვე დაუდასტურებს დამზღვევს/დამსაქმებელს მის მიერ გაგზავნილი ელექტრონული ფოსტის მიღებას.

აღნიშნული ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების დანართი №3-ის შესაბამისად განისაზღვრა ინფორმაცია დამზღვევების, დაზღვეულების, სადაზღვევო პრემიის ოდენობისა და ბარათის ტიპის შესახებ. აღნიშნულის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე დაეზღვია მოპასუხე კომპანიის თანამშრომელი ათი პირი, ხოლო მოპასუხის მიერ გადასახდელმა ჯამურმა წლიურმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 3 360 ლარი.

ხელშეკრულების დანართი №4-ის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სადაზღვევო პრემიის გადახდა მოხდებოდა განვადებით, სულ 12 ტრანშად. აღნიშნულის საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელისთვის 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ყოველი თვის პირველ რიცხვში უნდა გადაეხადა სადაზღვევო პრემია - 280 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, დანართები (ს.ფ. 24-59)

 

3.1.2. 2016 წლის 08 ივნისს ჯანმრთელობის დაზღვევის №S-------------- ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მხარეებმა ბოლო ორ ტრანშზე (01.07.2016 და 01.08.2016) გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა განსაზღვრეს თითოეულ ჯერზე 120 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება (ს.ფ. 60-62)

 

3.1.3. ჯანმრთელობის დაზღვევის №S-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიური სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება მოპასუხის მიერ შესრულებულია მხოლოდ ერთხელ, კერძოდ 2015 წლის 01 სექტემბერს მის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილია 280 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 65)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 31 აგვისტოს ჯანმრთელობის დაზღვევის №S-------------- ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 23 ივნისს.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე არ დავობს იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდა არ ხორციელდებოდა გრაფიკით დადგენილი წესის თანახმად. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულება შეწყვეტილია 2015 წლის ოქტომბრის თვიდან, შესაბამისად, მას არ ჰქონდა მოსარჩელისთვის სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, მხარეთა შორის მთავარ სადავო გარემოებას წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის განსაზღვრა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს 2015 წლის ოქტომბრის თვეში ეცნობა ზეპირი ფორმით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. 2016 წლის 06 ივნისს კი წერილობით - ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნა მას 2015 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული განცხადებები. აღნიშნულის დასტურად მის მიერ წარმოდგენილია მხარეთა მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები (ს.ფ. 112-116).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლო იზიარებს აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ მითითებული დოკუმენტები არ ადასტურებს მხარეთა შორის ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მოპასუხის განცხადება (ს.ფ. 63-64), რომელშიც პირდაპირ მითითებულია მისი სურვილი ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების 2016 წლის 23 ივნისის რიცხვით შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული კი გამორიცხავს ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის დადგენის თაობაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების გაზიარების შესაძლებლობას.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია დამადასტურებელი, რომ შესაბამისი განცხადება და ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებიც მასთან აღარ მუშაობდნენ, წარუდგინა მოსარჩელეს ოქტომბრის თვეში. იგი ადასტურებდა კიდეც, რომ აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს აცნობა ზეპირად, წერილობით კი მხოლოდ ივნისის თვეში მიაწოდა დოკუმენტები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2016 წლის მაის-ივნისის თვეში განხორციელებული მიმოწერებიდან არ ჩანს, რომ მოსარჩელისათვის შესაბამისი გარემოებები ცნობილი იყო მანამდეც. უფრო მეტიც, იგი ითხოვს, რომ მიეწოდოს განცხადება და სია შესაბამისი თანამშრომლების შესახებ და არც მოპასუხე არ უთითებს შესაბამის მიმოწერებში, რომ აღნიშნულის თაობაზე მანამდეც იყო ცნობილი მოსარჩელისათვის. სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ სიაში მითითებული პირი, რომლის გათავისუფლების თაობაზეც უთითებს მოპასუხე, სასამართლოში წარმოდგენილ დოკუმენტების მოსარჩელისგან იბარებს 2018 წლის ივნისში (ს.ფ. 121).

ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ წესზე, რომლის თანახმადაც, მხარეები შეთანხმდნენ კომუნიკაციის ფორმაზე. კერძოდ, დადგენილია, რომ ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, დამზღვევი/დამსაქმებელი უფლებამოსილია დაზღვევის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ პირობით, რომ მზღვეველის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას აღნიშნული შეტყობინება წარედგინება შეტყობინების ორიგინალის სახითაც. ამასთან, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მზღვეველისათვის წარდგენილი შეტყობინება დაზღვევის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის შესახებ მზღვეველისათის ჩაბარებულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენელი ელექტრონული ფოსტითვე დაუდასტურებს დამზღვევს/დამსაქმებელს მის მიერ გაგზავნილი ელექტრონული ფოსტის მიღებას. მოპასუხემ ასევე ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელებულია ხელშეკრულებით დადგენილი ამ წესის თანახმად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 31 აგვისტოს ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება №S-------------- შეწყდა 2016 წლის 23 ივნისს.

 

3.2.2. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ეკისრება 2 760 ლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

დადგენილია, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს ერთი მხრივ მოსარჩელეს, როგორც დამზღვევს, მეორე მხრივ ხელშეკრულების დანართ №3-ში მითითებულ პირებს, როგორც დაზღვეულებს და, მესამე მხრივ მოპასუხეს, როგორც დამსაქმებელს შორის, დაიდო ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება №S--------------. ამასთანავე დადგენილია, რომ ხელშეკრულების დანართი №4-ის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სადაზღვევო პრემიის გადახდა მოხდებოდა განვადებით, სულ 12 ტრანშად. აღნიშნულის საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელისთვის 2015 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ყოველი თვის პირველ რიცხვში უნდა გადაეხადა სადაზღვევო პრემია - 280 ლარის ოდენობით. 2016 წლის 08 ივნისს ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებაში №S-------------- შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მხარეებმა ბოლო ორ ტრანშზე (01.07.2016 და 01.08.2016) გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა განსაზღვრეს თითოეულ ჯერზე 120 ლარით.

უდავოა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე ვალდებულების დარღვევის ფაქტი. თავად მოპასუხეც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდა განხორციელდა მხოლოდ ერთხელ. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ასევე მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანების ოდენობა. მის მიერ მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ მას ხელშეკრულების შეწყვეტის გამო არ ეკისრებოდა დავალიანება მოსარჩელის მიმართ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 31 აგვისტოს ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება №S-------------- შეწყდა 2016 წლის 23 ივნისს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი გულისხმობს მას, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის თანხა ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ეკისრება 2 760 ლარის გადახდა.

 

3.2.3. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არ ეკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხისგან მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელის მითითებით, იგი შემოსავლის მიღების მიზნით ჩვეულებრივი/ყოველდღიური საქმიანობის ფარფლებში თანხებს ათავსებს კომერციულ ბანკებში გახსნილ დეპოზიტებზე/ანაბრებზე. ამასთან მისი განმარტებით, მიუღებელი შემოსავლის ოდენობა მოიცავს მიუღებელ საპროცენტო შემოსავალს გადაუხდელი თითოეული ტრანშის გადახდის ვალდებულების დადგომიდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით (დაანგარიშების თარიღი) 476.66 ლარი და ყოველდღიური მიუღებელი შემოსავალი 2018 წლის 10 მაისიდან ყოველი მომდევნო დღისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურ 0.71 ლარს.

მიუღებელი შემოსავლის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დასტურად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ცნობები საბანკო დაწესებულებებიდან (ს.ფ. 68-74), რომლებიც მიუთითებენ საბანკო დაწესებულებებში მოსარჩელის სახელზე გახსნილი დეპოზიტების თაობაზე ინფორმაციას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. ამასთან, მიუღებელი შემოსავლის გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია კუმულატიური ხასიათის ელემენტებით შემდგარი ზიანის გამოვლენა და დადგენა. კერძოდ, ეს ელემენტებია: 1) ქმედება 2) მართლწინააღმდეგობა, 3) დამდგარი ზიანი, 4) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და 5) ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა).

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ საქმე Nას-191-183-2016). შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისთვის აუცილებელ კუმულატიურ კრიტერიუმთა მოცემულობაში, მოსარჩელეს ევალება ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება ხელშეკრულების 2015 წლის ოქტომბრიდან შეწყვეტილად მიჩნევის თაობაზე. შესაბამისად, დადგენილია, რომ მოპასუხეს სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჰქონდა ვალდებულება გადაეხადა ყოველთვიური სადაზღვევო პრემია. აღნიშნულის საფუძველზე დადგენილია სასამართლოს მიერ, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება მოთხოვნილი დავალიანების გადახდა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადაზღვევო კომპანია მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ ვადაში შესრულებისას იგი განათავსებდა მიღებულ თანხებს დეპოზიტზე და მიიღებდა დამატებით შემოსავალს. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საბანკო დაწესებულებებში 2010-2016 წლებში სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა რაოდენობის დეპოზიტების არსებობის თაობაზე ინფორმაცია.

მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში იგი ათავსებს მიღებულ ყოველთვიურ პრემიას საბანკო დაწესებულების ანგარიშზე სარგებლის მიღების მიზნით. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპაუხის მხრიდან ვალდებულების დროულად შესრულების შემდეგ მოსარჩელეს მართლაც შეეძლო თანხის განთავსება სხვადასხვა ბანკში მისი სურვილის შესაბამისად და გარკვეული სარგებლის მიღება დარიცხული პროცენტის სახით, თუმცა მიუღებელი შემოსავლის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას უმთავრესია ის, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელია ზიანი მოვალისთვის იყოს წინასწარ სავარაუდო.

შესაბამისად მიუღებელ შემოსავლის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან მიმართებით სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს, რომ სადაზღვევო კომპანიის შემთხვევაში მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე თავისთავად სავარაუდოდ ვერ მივიჩნევთ იმ გარემოებას, რომ იგი უცილობლად განათავსებდა თანხას დეპოზიტზე და მიიღებდა ამ თანხებიდან დამატებით შემოსავალს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაზღვევო კომპანიის საქმიანობა თავისი არსით, არ არის მიზანმიმართული დეპოზიტზე თანხის განთავსებიდან სარგებლის მიღებისაკენ იგი საქმიანობის სფეროთი განსხვავდება მაგალითად საკრედიტო დაწესებულებისგან. საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალზე აპელირება სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. აღნიშნული კი სასამართლოს მოსაზრებით ნაკლებად სავარაუდოა და გაუმართლებელია სადაზღვევო კომპანიის შემთხვევაში მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 799-ე, 361-ე, 400-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.

6.2. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში. სამოქალაქო კოდექსი დაზღვევის კლასიფიკაციას დაზღვევის ობიექტის მიხედვით ადგენს. ამ თვალსაზრისით ერთმანეთისგანაა გამიჯნული ზიანის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და უბედური შემთხვევის დაზღვევა. თავის მხრივ ზიანის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმები მოიცავს როგორც ქონების დაზღვევის, ისე სხვა პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებებს.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ეკისრება 2 760 ლარის გადახდა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადახდის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების 2015 წლის ოქტომბერში შეწყვეტას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია მისთვის სადაზღვევო პრემიის გადახდა მთელი სადავო პერიოდი და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის მიუხედავად თავისი ინიციატივით არ შეწყვეტია ხელშეკრულება.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 817-ე და 818-ე მუხლებით განსაზღვრულია სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდისას დამატებითი ვადის დაწესების და გაფრთხილების განსაზღვრის თაობაზე დამზღვევისთვის შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულია მზღვეველის უფლებამოსილება და არა ვალდებულება ხელშეკრულების უცილობლად მოშლის თაობაზე.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალი, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, საქმე №ას-307-291-2011).

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით არ დგინდებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა, რის გამოც არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის მიმართ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 105 ლარი (ს.ფ. 81-82), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი (ს.ფ. 85-86). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, მე-14, 39-ე, მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 55 ლარი. ამავე კოდექსის 37-ე და 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით კი მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 13.38 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის საფასურის - 20 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ს.ფ. 88-92) გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სს ,,ს---------------------------------–ის’’ სარჩელი შპს ,,ლ--------ის’’ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე შპს ,,ლ--------ს’’ მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2 760 ლარის ანაზღაურება;

3. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. მოპასუხე შპს ,,ლ--------ს’’ მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 13.38 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

5. მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–ს’’ დაუბრუნდეს ს--–------–---–---–---–ის მიერ გადახდილი ბაჟიდან 55 ლარი, რომელიც გადახდილია 10/05/2018 წლის №45 საგადახდო დავალებით, მიმღების ანგარიში - 300 773 150, მიმღების ბანკი/ხაზინა-ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE 22;

6. მოპასუხე შპს ,,ლ--------ს’’ მოსარჩელე სს ,,ს---------------------------------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის საფასურის ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით და წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი