გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001843352
№2-743/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე რ----–------------ე
წარმომადგენელი ჯ-----------------–-–---–-
მოპასუხე ბმა ”ლ-----ა”. თავმჯდომარე ნ-----–---------ე
მოპასუხე ნ------------ე
დავის საგანი - ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „ლ-----ას” წევრთა 2016 წლის 10 მაისის კრების ოქმი N6.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ და განმარტავენ, რომ კრება ჩატარებული იქნა კანონის დაცვით და არ არსებობს სადაო კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მოითხოვენ, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქ. ბათუმში, მ------–---–-ს ქN62/რ.კ-------ის N11-ში ცხოვრებ ბინის მესაკუთრეების მიერ ჩამოყალიბებულია ბმა ”ლ-----ა”. აღნიშნულ ამხანაგობაში გაერთიანებულია ამხანაგობის 6 წევრი, მათ შორის ამავე ამხანაგობის წევრები არიან მოსარჩელე რ----–------------ე და მოპასუხე ნ------------ე. ასევე დადგენილია, რომ ბმა ”ლ-----ას” თავმჯდომარეა ნ-----–---------ე, რომელიც ასევე არის ამავე ამხანაგობის წევრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საჯარო რეესტრის ამონაწერები.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში, მ------–---–-ს ქN62/ კ-------ის N11-ში მდებარე 63,72 კვმ ფართის მესაკუთრეს 1981 წლის 01 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა მ--–---------------ე, რომლისგანაც მოსარჩელე რ----–------------ემ 2006 წლის 17 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქონების ნაწილი 39,50 კვმ საერთო ფართით, რომელიც შეადგენდა ზ/აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების მთლიანი სასარგებლო ფართის 421,08 კვმ-ის 1/11 წილს, ხოლო აღნიშნული უძრავი ქონების 24,22 კვმ ფართი დარჩა გამყიდველის, მ--–---------------ის საკუთრებაში. ამდენად საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ 2006 წლის 23 აგვისტოდან ქ. ბათუმში, მ------–---–-ს ქN62/ კ-------ის N11-ში (ს/კ N05.01.47.005.01.502) მდებარე 63,72 კვმ ფართზე რეგისტრირებულია მ--–---------------ის და რ----–------------ის თანასაკუთრების უფლება, საიდანაც რ----–------------ის სახელზე ირიცხება 39,50 კვმ ფართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტება.
- საჯარო რეესტრის ამონაწერები.
- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. 17.08.2006წ.
- საგადასახადო ინსპექციის ცნობა.
3.2.3. დადგენილია, რომ რ----–------------ის კუთვნილი ქონება არ წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს, ის არის სამეურმეო (სასაწყობო) დანიშნულების ფართი, რომელიც მდებარეობს პირველ სართულზე სადარბაზოს მარჯვნივ. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე 2006 წლიდან წარმოადგენდა ქ. ბათუმში, მ------–---–-ს ქN62/ კ-------ის N11-ში მდებარე 39,50 კვმ ფართის მესაკუთრეს, იგი წლების განმავლობაში ვერ სარგებლობდა ზ/აღნიშნული ფართით, ვინაიდან ამხანაგობის სხვა წევრების მიერ ჩაკეტილი იყო ეზოში შესასვლელი კარი და ხელი ეშლებოდა მისი საკუთრებით სარგებლობაში, რის გამოც რ----–------------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის, კერძოდ ბმა „ლ-----ას“ თავმჯდომარის ნ-----–---------ის მიმართ უძრავი ქონების სარგებლობის ხელშეშლის აღკეთის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ----–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ-----–---------ე დავალდებულდა ხელი არ შეეშალა რ----–------------ისათვის ქ. ბათუმში, მ------–---–-ს ქN62/ კ-------ის N11-ში მდებარე 39,50 კმ ფართის უძრავი ქონების და მასში არსებული შესასვლელით სარგებლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტება.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება N2/42-2015.
3.2.4. 2016 წლის 10 მაისს ბმა „ლ-----ას“ მიერ (თავმჯდომარე ნ-----–---------ე) მიღებული იქნა №6 საერთო კრების ოქმი. აღნიშნულ კრებაზე ამხანაგობის წევრებმა იმსჯელეს ამხანაგობის წევრის, ნ------------ის საკუთრებაში არსებული ფართების გამიჯვნაზე შპს “კორექტ ლაინის“ მიერ მომზადებული შენობის აზომვითი ნახაზების საფუძველზე. ამხანაგობის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამხანაგობა „ლ-----ას“ წევრმა ნ------------ემ გამიჯნოს და ცალ-ცალკე დაირეგისტროროს თავის საკუთრებაში არსებული და რეგისტრირებული ფართი 105,27 კვმ, რომელესაც ფლობს და სარგებლობს 1981 წლიდან. კერძოდ პირველ სართულზე დაირეგისტრიროს 38,37 კვმ, ხოლო მეორე სართულზე - 66,9 კვმ.
აღნიშნულ კრების ოქმში მითითებულია, რომ ამხანაგობის საერთო კრებას 6 თანამესაკუთიდან დაესწრო 5 მესაკუთე. კრების ოქმის თანახმად ამხანაგობის კრებას არ ესწრებოდა ინტერესთა კონფლიქტის გამო ამხანაგობის წევრი მ--–---------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტება.
- 2015 წლის 10 მაისის საერთო კრების ოქმი №6.
- შპს „კორექტ ლაინის“ მიერ შედგენილი ნახაზი და სიტუაციური გეგმა.
3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 10 მაისს ამხანაგობა „ლ-----ას“ საერთო კრებას გარდა მ--–---------------ისა, ასევე არ ესწრებოდა ამხანაგობის კიდევ ერთი წევრი, მოსარჩელე რ----–------------ე, რომელიც არ იყო მოწვეული ამხანაგობის საერთო კრებაზე. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 10 მაისის სართო კრების ოქმის გადაწყ6ვეტილებით ნ------------ეს მიეკუთვნა იმ ფართის ნაწილი, 18 კვმ ფართი პირველ სართულზე, რომელიც წარმოადგენდა რ----–------------ის საკუთრებას და ასეთად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტება.
- 2016 წლის 10 მაისის საერთო კრების ოქმი №6.
- აზომვითი ნახაზები.
- შპს „კორექტ ლაინის“ მიერ შედგენილი ნახაზი და სიტუაციური გეგმა.
- საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება, გააანალიზა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ მოსარჩელე რ----–------------ის სასარჩელო განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრება ამხანაგობა ლ-----ას“ 2016 წლის 10 მაისის საერთო კრების ოქმი N6.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50 და 54 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებს და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა.
”ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად ინდივიდუალური საკუთრება არის ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა.შ.)
ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ხოლო მეორე პუნქტის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.
”ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ ”ამ კანონის ამოქმედებით დაფუძნებულად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ისეთ მრავალბინიან სახლში, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა”. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე.
”ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-23 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ”თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა რაოდენობა თორმეტს არ აღემატება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებას იღებენ ხმათა 3/4-ით, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში – ხმათა 2/3-ით”. ამავე კანონის 26-ე მუხლის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის შესაბამისად კი დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ხმების 2/3-ით, განსაზღვრული ვადით შეუძლიათ აირჩიონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე. თუ ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში არჩეული არ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ფუნქციებს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, 6 თვის მონაცვლეობით ასრულებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები, რომელთა რიგითობაც წილის ყრის მეშვეობით განისაზღვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე. ამასთან დადგენილია, რომ თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნებისმიერი წევრი ან მოწვეული მმართველი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში, მ------–---–-ს ქN62/კ-------ის N11-ში მდებარე სახლი წარმოადგენს ისეთ მრავალბინიან სახლს, რომელიც განთავსებულია ერთ მიწის ნაკვეთზე და რომელშიც მდებარეობს ორზე მეტი ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა. შესაბამისად სასამართლო ”ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული კანონის ამოქმედების დროიდან დაფუძნებულად ითვლება სადაო მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.
6.2. ”ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. აღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას, ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; თუ თავმჯდომარე არ არის, ან იგი თავისი მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს ნებისმიერმა მესაკუთრემ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კრება მოიწვევა დაუყოვნებლივ. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ კრების მოწვევის შესახებ ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოთ წერილობით; კრებას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, თუ კრება სხვა რამეს არ გადაწყვეტს.
იგივე კანონის 28-ე მუხლის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს შეუძლია ოქმი გაასაჩივროს სასამართლოში;
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი დადგენლია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფართობის ცვლილებების შემთხვევაში უნდა მოხდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა წილების გადაანგარიშება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში იმ წევრის (წევრთა) ხარჯზე, რომელსაც (რომლებსაც) ფართობის ცვლილების შედეგად გაეზარდა წილი, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები განსხვავებულ წესზე არ შეთანხმდებიან.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები და გამორიცხოს მათზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამით იგი არ არღვევს კანონს ან მესამე პირთა უფლებებს.
ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ამხანაგობის წევრთა მიერ ქონებით სარგებლობა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ დაირღვეს ამხანაგობის სხვა წევრთა და მესამე პირთტა უფლებები;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ამხანაგობის მიერ 2016 წლის 10 მაისს კრება არ ყოფილა მოწვეული კანონით დადგენილი წესით, წერილობით, ასევე დადგენილია, რომ კრებას არ ესწრებდა ამხანაგობის 6 წევრიდან ორი წევრი, მ--–---------------ე და რ----–------------ე. გარდა აღნიშნულისა სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კრებაზე განსახილველი საკითხი ეხებოდა მოპასუხე ნ------------ის სარგებლობაში არსებული ქონების რეგისტრაციას, მას ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის თანახმად არ ქონდა უფლება მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში, ვინაიდან აღნიშნული კანონის 28-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში, თუ არის ინტერესთა კონფლიქტი. ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ამხანაგობის 6 წევრიდან ორი წევრი არ ესწრებოდა ამხანაგობის საერთო კრებას, ხოლო ერთს არ ქონდა უფლება მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტლების მიღებაში.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 28 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3.“
გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლოს მიერ ასევე დადგენილი იქნა, რომ 2016 წლის 10 მაისის საერთო კრების ჩატარების თაობაზე ამხანაგობის წევრი რ----–------------ე არ ყოფილა გაფრთხიებული წერილობით და მისთვის სადაო კრების ოქმის შედგენის თაობაზე არ იყო ცნობილი.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბმა ”ლ-----ას” მიერ 2016 წლის 10 მაისს №6 კრების ოქმის მიღებისას დარღვეული იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის მოთხოვნები.
6.3. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაო კრების გადაწყვეტილებით ამხანაგობის წევრ ნ------------ეს მიეკუთვნა იმ ფართის ნაწილი, კერძოდ 18 კვმ, რომელიც წარმოადგენდა რ----–------------ის საკუთრებას, რითაც დარღვეული იქნა რ----–------------ის საკუთრების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით კი დადგენილია, რომ ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბმა ”ლ-----ას“ 2016 წლის 10 მაისის საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება არღვევს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს აზრით, ამხანაგობის კრების ოქმი თავისი ბუნებით წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად კი ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ვინაიდან სადაო კრების ოქმი არღვევს ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ლახავს საკუთრების უფლებას და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სადაო გარიგების ბათილად ცნობის სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც თვლის, რომ რ----–------------ის მოთხოვნა ბმა „ლ-----ას“ საერთო კრების ოქმი N6-ის ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, რაც თავისთავად გულისხმობს იმ შედეგის გაუქმებას და ძალადაკარგულად ცნობას, რაც აღნიშნული ოქმის საფუძველზე იქნა განხორციელებული.
6.5. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეებს მბა ”ლ-----ა”-ს და ნ------------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს რ----–------------ის სასარჩელო განცხადება.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა ”ლ-----ას” წევრთა 2016 წლის 10 მაისის №6 კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც ნ------------ეს ნება დაერთო გაემიჯნა და ცალ-ცალკე დაერეგისტრირებინა მის საკუთრებაში არსებული ფართი.
2. მოპასუხეებს ბმა ”ლ-----ას”-ს და ნ------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ რაულ თურმანიძის სასარგებლოდ 120 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე