გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2019
საქმის ნომერი
330210018002409076
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/11735-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - ე-–--------- ჩ--------–ი

წარმომადგენლები - მ---------------ე

მოპასუხე - ნ---- ჩ--------–ი, ე---------- ჩ--------–ი

წარმომადგენელი - დ------–-–--–---–ი, ბ-----------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 11 325 აშშ დოლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-20):

1.1.1. 1993 წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხეთა მამასთან - ა------- ჩ--------–თან;

1.1.2. ა------- ჩ--------–თან ოჯახის შექმნის შემდეგ მან ასევე იკისრა მისი შვილების - იმ დროისათვის მცირეწლოვანი მოპასუხეების აღზრდა- პატრონობა;

1.1.3. მასსა და ა------- ჩ--------–ს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 1997 წლის 17 ივნისს;

1.1.4. 1997 წლის ივლისში იგი წავიდა სამუშაოდ ა---------–-----------–-–-----ები და იქედან წლების მანძილზე აგზავნიდა ფულს ა------- ჩ--------–ის სახელზე როგორც საბანკო გადარიცხვების, ასევე ფულადი გზავნილების - ,,w------------’’-ის მეშვეობით, რითიც უზრუნველყოფდა როგორც ა------- ჩ--------–ს, ასევე მისი შვილებს - მოპასუხეებს;

1.1.5. მასსა და ა------- ჩ--------–ს შორის არსებული ქორწინება იურიდიულად შეწყდა 2004 წლის 21 ოქტომბერს, თუმცა ისინი აგრძელებდნენ ოჯახურ თანაცხოვრებას განქორწინების მიუხედავად;

1.1.6. მასსა და ა------- ჩ--------–ს შორის 2009 წლის ბოლოს უკიდურესად გართულდა ურთიერთობა და მათ შორის ფაქტობრივად შეწყდა ქორწინებაც;

1.1.7. 2012 წლის 17 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს უძრავი ქონების ღირებულების, ქონებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების და უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ, ასევე მოითხოვა მის მიერ ა---------–-----------–--–-------იდან ფულადი გზავნილების სახით გადმორიცხული ფულადი თანხების დაკისრება ა------- ჩ--------–ზე. სასარჩელო მოთხოვნას ფულადი თანხის დაკისრების შესახებ სამართლებრივ საფუძვლად დაედო ა------- ჩ--------–ის უსაფუძვლო გამდიდრება;

1.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა------- ჩ--------–ს მის სასარგებლოდ დაეკისრა ა---------–-----------–--–-------იდან 2006 წლიდან 2009 წლის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული ფულადი გზავნილების - 11 305 აშშ დოლარის ნახევარი - 5 652.5 აშშ დოლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სასამართლოს მიერ გადმორიცხული თანხის ნახევრის დაკისრება დასაბუთებულია იმ გარემოებით, რომ განქორწინების შემდეგ მის მიერ ფულადი სახსრების გადმოგზავნა ა------- ჩ--------–ისათვის ხდებოდა ფაქტობრივად არსებული ოჯახის კეთილდღეობის მიზნით, შესაბამისად, მას, როგორც ერთ-ერთ მეუღლეს, დაუბრუნდა გადმორიცხული თანხების ნახევარი;

1.1.9. გადაწყვეტილებით უდავო გარემოებად არის დადგენილი, რომ მის მიერ ა---------–-----------–--–-------იდან განქორწინებული მეუღლის სახელზე გადმოგზავნილია ფულადი გზავნილების შესახებ ე.წ. ,,W------------’’-ის და სს ,,თ----------ის’’ მეშვეობით, ჯამში 11 305 აშშ დოლარი, აქედან სს ,,თ----------ის’’ მეშვეობით უშუალოდ მის მიერ გადმოგზავნილმა თანხებმა ჯამში შეადგინა 6 955 აშშ დოლარი. სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას საფუძვლად დაედო ფულადი გზავნილის ამსახველი ,,W------------’’-ის ინფორმაცია და სასამართლოს მიერ სს ,,თ----------იდან’’ გამოთხოვილი 2013 წლის 29 იანვრის საბანკო ამონაწერი, სადაც უშუალოდ მისი სახელით ა------- ჩ--------–ისათვის გადმოგზავნილია 6 955 აშშ დოლარი;

1.1.10. სს ,,თ----------ის’’ ამონაწერის მიხედვით ასევე დგინდება, რომ ამავე პერიოდში, კერძოდ, 2005 წლის 12 აპრილს, ა---------–-----------–--–-------ის მოქალაქის - გ-----------–----ის სახელით, რომლის დედის ოჯახშიც მან რამდენიმ წელი იმუშავა, მისი დავალებით, ა------- ჩ--------–ის სახლზე გადმოგზავნილი იქნა 16 650 აშშ დოლარი, ხოლო 2005 წლის 20 მაისს იმჟამად ასევე ა---------–-----------–-–-----ებში მყოფი მ-----ე პ-----ის სახელით კი 6 000 აშშ დოლარი;

1.1.11. ვინაიდან 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების განხილვისას იგი ვერ შეძლებდა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას აღნიშნული გზავნილების მისი დავალებით განხორციელების თაობაზე, შესაბამისად, აღნიშნული დავის განხილვისას მის მიერ არ ყოფილა მოთხოვნა დაყენებული ა------- ჩ--------–ისათვის აღნიშნული თანხების დაკისრების თაობაზე;

1.1.12. ა------- ჩ--------–ი გარდაიცვალა 2----–-–------------ს;

1.1.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით, ა------- ჩ--------–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მისი შვილები - მოპასუხეები - ე---------- და ნ---- ჩ--------–ები;

1.1.14. ვინაიდან მოპასუხეები წარმოადგენენ ა------- ჩ--------–ის უფლებამონაცვლეებს, მათ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად 2005-2006 წლებში მისი დავალებით გ-----------–----ის და მ-----ე პ-----ის მიერ ა------- ჩ--------–ისთვის გადმორიცხული თანხის - ჯამში 22 650 აშშ დოლარის ნახევარი - 11 325 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილ შესაგებელში, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნეს სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (შესაგებელი: ს.ფ. 87-96):

2.1.1. მოსარჩელეს და ა------- ჩ--------–ს შორის ქორწინება შეწყდა 2004 წლის 21 ოქტომბერს და ამ დროის შემდეგ მუდმივი კონფლიქტის გამო, მათ ერთად აღარ უცხოვრიათ;

2.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი ის ფაქტი, რომ გ-----------–----ის და მ-----ე პ-----ის სახელით თანხების ა------- ჩ--------–ისთვის ჩარიცხვა ხდებოდა მოსარჩელის დავალებით;

2.1.3. მოსარჩელე უკვე წარმოებული დავის ფარგლებში მოითხოვდა 2006 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში ა------- ჩ--------–ისთვის ჩარიცხული თანხების დაკისრებას, რამაც შეადგინა 11 305 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა მითითებული სხვა ტრანზაქციებზე, შესაბამისად გაურკვეველია რა თანხების დაკისრებას ითხოვს წარმოდგენილი სარჩელით;

2.1.4. საფუძვლიანი სარჩელის წარმოდგენის პირობებშიც კი არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელე ითხოვს 2005-2006 წლებში ა------- ჩ--------–ისათვის უსაფუძვლოდ გადმორიცხული თანხების ანაზღაურებას. სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა, რაც განსახილველ შემთხვევაში გასულია;

2.1.5. მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი ა------- ჩ--------–ის სასარგებლოდ თანხებს რიცხავდა განქორწინების შემდეგ, შესაბამისად იგი წარმოადგენს მამკვიდრებლის კრედიტორს;

2.1.6. სარჩელი წარმოდგენილია 2----–-–------------ს. სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, კრედიტორს მამკვიდრებლის მემკვიდრეთათვის მოთხოვნის წარდგენისათვის დადგენილი განსაზღვრული აქვს 6 თვიანი ვადა სამკვიდროს გახსნიდან. მოსარჩელის მიერ დარღვეულია მოთხოვნის წარდგენისათვის განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელის მიერ აღნიშნული ვადის დაცვის შემთხვევაშიც კი სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დარღვეულია მოთხოვნის ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ე-–--------- ჩ--------–ის სარჩელი ა------- ჩ--------–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა------- ჩ--------–ს დაეკისრა ე-–--------- ჩ--------–ის სასარგებლოდ 5 652.5 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების 3.1.7-3.1.9. პუნქტების თანახმად დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

,,3.1.7. 1997 წლის 17 ივნისს ა------- ჩ--------–ი და ე-–--------- შ-----–---–ი დაქორწინდნენ და ე-–--------- შ-----–---–მა მიიღო მეუღლის გვარი (ჩ--------–ი);

3.1.8. 2004 წლის 28 ოქტომბერს ა------- ჩ--------–ი და ე-–--------- ჩ--------–ი განქორწინდნენ;

3.1.9. როგორც ქორწინების პერიოდში, ისე განქორწინების შემდეგ ე-–--------- ჩ--------–ი სამუშაოდ იმყოფებოდა ა---------–-----------–-–-----ებში, საიდანაც ა------- ჩ--------–ის მიმართ განხორციელებული აქვს ფულადი გზავნილები: ,,w------------’’-ის მეშვეობით 2006 წლის 31 ივლისი - 600 აშშ დოლარი, 2007 წლის 17 ოქტომბერი - 300 აშშ დოლარი, 2007 წლის 27 ნოემბერი - 200 აშშ დოლარი, 2008 წლის 20 თებერვალი - 600 აშშ დოლარი, 2008 წლის 3 აპრილი - 500 აშშ დოლარი, 2008 წლის 2 მაისი - 200 აშშ დოლარი, 2008 წლის 4 ივნისი - 350 აშშ დოლარი, 2008 წლის 14 ოქტომბერი - 300 აშშ დოლარი, 2008 წლის 18 ნოემბერი - 300 აშშ დოლარი, 2009 წლის 29 იანვარი - 300 აშშ დოლარი, 2009 წლის 24 ივლისი - 300 აშშ დოლარი, 2009 წლის 30 დეკემბერი - 400 აშშ დოლარი. სს ,,თ----------ის’’ მეშვეობით 2006 წლის 31 იანვარი - 1 985 აშშ დოლარი, 2006 წლის 28 ივნისი - 2 985 აშშ დოლარი, 2006 წლის 29 სექტემბერი - 1 985 აშშ დოლარი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 41-53)

 

3.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების 1.1. პუნქტი, რომლის თანახმადაც, ე-–--------- ჩ--------–ის სარჩელი ა------- ჩ--------–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა------- ჩ--------–ს დაეკისრა ე-–--------- ჩ--------–ის სასარგებლოდ 5 652.5 აშშ დოლარის გადახდა, დატოვებულ იქნა უცვლელად.

აღნიშნული გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგზე: ,,საბოლოოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის - ე-–--------- ჩ--------–ის მიერ ქორწინების შეწყვეტის შემდგომ, კერძოდ, 2004 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში ფულადი თანხების გაღება ემსახურებოდა საერთო საოჯახო მეურნეობის მოწყობასა და ოჯახის კეთილდღეობას’’.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების 1.1 პუნქტის აღსრულების მიზნით 2016 წლის 09 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი, მომართვა (ს.ფ. 147-167; 54; 138; 139)

 

3.1.3. ა------- ჩ--------–ი გარდაიცვალა 2----–-–------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 59)

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით ე-–--------- ჩ--------–ის განცხადება დაკმაყოფილდა: ე---------- ჩ--------–ი და ნ---- ჩ--------–ი ცნობილ იქნენ მოპასუხე ა------- ჩ--------–ის უფლებამონაცვლეებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განჩინება (ს.ფ. 60-64; 124-128)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2005 წლის 11 აპრილს ა---------–-----------–--–-------ის მოქალაქე გ-----------–----ის მიერ ა------- ჩ--------–ის ანგარიშზე გადმორიცხულია 16 650 აშშ დოლარი. 2005 წლის 20 მაისს მ-----ე პ-----ის მიერ ა------- ჩ--------–ის ანგარიშზე გადმორიცხულია 6 000 აშშ დოლარი.

აღნიშნული პირების მიერ ა------- ჩ--------–ისათვის თანხების გადმორიცხვა ხდებოდა მოსარჩელე ე-–--------- ჩ--------–ის დავალებითა და ხარჯით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე დავობს ა------- ჩ--------–ისათვის გადმორიცხული თანხების ნახევრის დაკისრების თაობაზე, ამასთან, სარჩელში მითითებულია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ თანხები გადმორიცხულია არა უშუალოდ მოსარჩელის, არამედ მესამე პირების მიერ მისი დავალებითა და ხარჯით.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები განხორციელებული გზავნილების შესახებ (ს.ფ. 21-38), რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ 2005 წლის 11 აპრილს ა---------–-----------–--–-------ის მოქალაქე გ-----------–----ის მიერ ა------- ჩ--------–ის ანგარიშზე გადმორიცხულია 16 650 აშშ დოლარი, ხოლო 2005 წლის 20 მაისს მ-----ე პ-----ის მიერ ა------- ჩ--------–ის ანგარიშზე გადმორიცხულია 6 000 აშშ დოლარი. ამასთან, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ აღნიშნული თანხების გამოგზავნა ა------- ჩ--------–ისათვის ხდებოდა უშუალოდ მის მიერ გაღებული ხარჯითა და დავალებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოწმეთა ჩვენება წარმოადგენს მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს. 140-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენება, ისევე, როგორც სხვა მტკიცებულებები, სასამართლოს მიერ ფასდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, რომლის თანახმადაც სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მიზნით, სასამართლო აფასებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----ე პ-----ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, თანხის გადმორიცხვის პერიოდში იგი, ისევე, როგორც მოსარჩელე, სამუშაოდ იმყოფებოდა ა---------–-----------–-–-----ებში და მისი ანგარიშიდან ა------- ჩ--------–ისათვის თანხის გადარიცხვა განხორციელდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ იმ პერიოდში მას ჰქონდა ანგარიში ა---------–-----------–-–-----ებში გახსნილი და იგი ეხმარებოდა მოსარჩელეს იმ მიზნით, რომ ნაკლები საკომისიო თანხის ჩამოჭრით გადმოგზავნილიყო საქართველოში თანხა.

მოწმის კონკრეტული, თანმიმდევრული, არაორაზროვანი და მკაფიო ჩვენების, როგორც მტკიცებულების, ზემოაღნიშნული წესით შეფასების შედეგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ-----ე პ-----ის მიერ ა------- ჩ--------–ისათვის მითითებული ოდენობით თანხის გადმორიცხვა განხორციელდა სწორედ მოსარჩელის დავალებითა და ხარჯით. საქმის მასალებში არ არსებობს მოწმის ჩვენების გამაქარწყლებელი რაიმე სახის სხვა მტკიცებულება.

საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია ა---------–-----------–--–-------ის მოქალაქის - გ-----------–----ის განმარტება (ს.ფ. 55-57), რომლშიც მითითებულია, რომ მოსარჩელე ე-–--------- ჩ--------–ი მუშაობდა აღნიშნულ პიროვნებასთან ა---------–-----------–-–-----ებში 2003 წლიდან მომვლელად. წარმოდგენილ განმარტებაში ასევე მითითებულია, რომ ვინაიდან ე-–--------- ჩ--------–ს არ ჰქონდა ა---------–-----------–-–-----ებში საბანკო ანგარიში, მას სთხოვეს ა------- ჩ--------–ისათვის თანხების გადმორიცხვა, რომლის ოდენობამაც ჯამში შეადგინა 16 650 აშშ დოლარი.

სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს და მიუთითებს, რომ მოსარჩელემ მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში წარმოადგინა მითითებული ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც თუნდაც მომხდარი ფაქტიდან გასული დროის ხანგრძლივობის და ტერიტორიული მანძილის გათვალისწინებით, ობიექტურად წარმოადგენს მოსარჩელეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში წარმოდგენილ სათანადო მტკიცებულებას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა არსებითი შედავება თანხების გადმორიცხვის ფაქტის, ისევე, როგორც ამ თანხების გამღებ პირად მოსარჩელის მითითებასთან მიმართებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2005 წლის 11 აპრილს ა---------–-----------–--–-------ის მოქალაქე გ-----------–----ის მიერ, ა------- ჩ--------–ის ანგარიშზე გადმორიცხულია 16 650 აშშ დოლარი. 2005 წლის 20 მაისს მ-----ე პ-----ის მიერ ა------- ჩ--------–ის ანგარიშზე გადმორიცხულია 6 000 აშშ დოლარი.

აღნიშნული პირების მიერ ა------- ჩ--------–ისათვის თანხების გადმორიცხვა ხდებოდა მოსარჩელე ე-–--------- ჩ--------–ის დავალებითა და ხარჯით.

3.2.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ 11 325 აშშ დოლარის გადახდა.

უდავოა, რომ მიმდინარე დავის განხილვამდე მხარეთა შორის - მოსარჩელეს და უშუალოდ მამკვიდრებელ ა------- ჩ--------–ს შორის არსებობდა სხვა სასამართლო დავა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ე-–--------- ჩ--------–ის სარჩელი ა------- ჩ--------–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ა------- ჩ--------–ს დაეკისრა ე-–--------- ჩ--------–ის სასარგებლოდ 5 652.5 აშშ დოლარის გადახდა. ამასთანავე დადგენილია, რომ აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მის აღსასრულებლად გაცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცელი.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილების 3.1.7-3.1.9. პუნქტების თანახმად დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:,,3.1.7. 1997 წლის 17 ივნისს ა------- ჩ--------–ი და ე-–--------- შ-----–---–ი დაქორწინდნენ და ე-–--------- შ-----–---–მა მიიღო მეუღლის გვარი (ჩ--------–ი);

3.1.8. 2004 წლის 28 ოქტომბერ ა------- ჩ--------–ი და ე-–--------- ჩ--------–ი განქორწინდნენ;

3.1.9. როგორც ქორწინების პერიოდში, ისე განქორწინების შემდეგ ე-–--------- ჩ--------–ი სამუშაოდ იმყოფებოდა ა---------–-----------–-–-----ებში, საიდანაც ა------- ჩ--------–ის მიმართ განხორციელებული აქვს ფულადი გზავნილები.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთაგან მის მიერ ა---------–-----------–-–-----ებში ყოფნისას, გ-----------–----ის და მ-----ე პ-----ის მიერ ა------- ჩ--------–ისათვის გადმორიცხული თანხების (აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელეს არ ჰქონდა დაყენებული ხსენებული დავის ფარგლებში) ნახევრის - 11 325 აშშ დოლარის დაკისრებას. ამასთან, მოსარჩელის გაანგარიშება მოპასუხეთათვის გადმორიცხული თანხების ჯამური ოდენობის დაკისრების თაობაზე ემყარება, სწორედ ხსენებული გადაწყვეტილების მოტივაციას (ს.ფ. 50-51), რომლის თანახმადაც, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ განქორწინების შემდგომ ა------- ჩ--------–ისათვის თანხების გადმორიცხვა ემსახურებოდა საერთო საოჯახო მეურნეობის მოწყობას მხარეთა მომავალი კეთილდღეობისათვის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, რომლითაც ა------- ჩ--------–ისათვის თანხის დაკისრების ნაწილში ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, მითითებულია შემდეგზე: ,,საბოლოოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის - ე-–--------- ჩ--------–ის მიერ ქორწინების შეწყვეტის შემდგომ, კერძოდ, 2004 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში ფულადი თანხების გაღება ემსახურებოდა საერთო საოჯახო მეურნეობის მოწყობასა და ოჯახის კეთილდღეობას’’.

მიმდინარე დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2005 წლის 11 აპრილს ა---------–-----------–--–-------ის მოქალაქე გ-----------–----ის მიერ ა------- ჩ--------–ის ანგარიშზე გადმორიცხულია 16 650 აშშ დოლარ. 2005 წლის 20 მაისს მ-----ე პ-----ის მიერ ა------- ჩ--------–ის ანგარიშზე გადმორიცხულია 6 000 აშშ დოლარი. აღნიშნული პირების მიერ ა------- ჩ--------–ისათის თანხების გადმორიცხვა ხდებოდა მოსარჩელე ე-–--------- ჩ--------–ის დავალებითა და ხარჯით.

სასამართლო იზიარებს წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის, ისევე როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებულ სამართლებრივ დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ განქორწინების შემდგომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხების გაღება ემსახურებოდა საერთო საოჯახო მეურნეობის მოწყობასა და ოჯახის კეთილდღეობას. ამასთან, სასამართლო ასევე იზიარებს წარმოდგენილი გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას იმ ნაწილში, რომ მოსარჩელის მიერ განქორწინების შემდგომ თანხების ჩარიცხვის უკან დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობანი.

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ზნეობრივი მოვალეობა კანონისმიერი მოვალეობისაგან. კანონისმიერი მოვალეობა ყოველთვის ზნეობრივია, ხოლო ზნეობრივი მოვალეობა შეიძლება სცილდებოდეს კანონით დადგენილი მოვალეობების ფარგლებს (იხ. სუსგ, საქმე №ას-465-443-2015).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ. მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას თუ შესრულება მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან, დამოკიდებულია მიმღებსა და შემსრულებელს შორის არსებულ, სუბიექტური და ობიექტური გარემოებების თანხვედრასა და ერთობლიობაზე. ,,ზნეობრივი მოვალეობა’’ შეიძლება სცილდებოდეს კანონით დადგენილი მოვალეობის ფარგლებს. კერძოდ, თუ შემსრულებელი შესრულების დროს ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით მოქმედებდა, მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა იმთავითვე გამოირიცხება. ანუ შესრულება, რომელიც საოჯახო ურთიერთობის ფარგლებში, მორალურად გამართლებული და ზნეობრივია, ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას წარმოშობს (იხ. სუსგ, საქმე №ას-99-95-2016).

არარეგისტრირებული ქორწინებიდან წარმოშობილი ზნეობრივი უფლება-მოვალეობების შესახებ ერთ-ერთ საქმეზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახური ურთიერთობების ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობით და იგი შეიძლება მოიცავდეს სხვა დეფაქტო ოჯახურ კავშირებს, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე. აღნიშნული სამართლებრივი წესრიგი ასახულია სსკ-ის 976-ემუხლის მე-2 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტში, სადაც მითითებულია, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა. ურთიერთობის ამგვარად შეფასება გაზიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკითაც, რომლის მიხედვით ქორწინება, როგორც ფაქტი, გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს და ოჯახური თანაცხოვრება მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა პირადი, მჭიდრო ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტზე. ამდენად, ოჯახური ურთიერთობის ცნების განმარტებისას, სააპელაციო პალატა დაეყრდნო როგორც ეროვნული, ისე ევროპული სასამართლოს სტანდარტს და სწორად დაასკვნა, რომ ვინაიდან მხარეები წლების მანძილზე იმყოფებოდნენ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, ერთმანეთის მიმართ ზნეობრივი მოვალეობებიც წარმოეშობათ, რაც შესრულებულის უკან დაბრუნების უფლებას გამორიცხავს (იხ. სუსგ ას-528-501-2015; 1202-1131-2012).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ასევე იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ სამართლებრივ შეფასებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის ქმედებები თანხის გადმორიცხვის ფაქტთან მიმართებით შეესაბამებოდა მის ზნეობრივ მოვალეობას, უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმები კი არ უშვებს ზნეობრივი შესრულების დაბრუნების ვალდებულებას, თუმცა ზემოაღნიშნული განმარტების პარალელურად უმნიშვნელოვანესია განმარტება იმის თაობაზე, რომ ზღვარი უნდა გაივლოს ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში მიღებულ შესრულებასა და ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულ შესრულებას შორის.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული იმგვარად, რომ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის გარეშე მხოლოდ შესრულება იძლეოდეს ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციის შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმა იმგვარად უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, რომ მხარეები ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებით პირობებზე შეთანხმებულნი არიან და შესრულება ნიშნავს აღნიშნული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების აღიარებას და არა ისე, რომ ნებისმიერი შესრულება კვალიფიცირებულ იქნეს ამა თუ იმ სამართალურთიერთობად, მხარის მიხედულობით.

სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა.

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსაზღვრულია, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამონგრევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ - მესამე პირთა დახმარებით ა------- ჩ--------–ისათვის გადმორიცხულია ჯამში 22 650 აშშ დოლარი. ამასთან, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით მოსარჩელის მიერ თანხების გადმორიცხვა ემსახურებოდა მათ შორის ფაქტორივად არსებული საოჯახო მეურნეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. მართალია, მოსარჩელის ქმედება ამ ნაწილში წარმოადგენს მის ზნეობრივ მოვალეობას, თუმცა, როგორც აღინიშნა ზღვარი უნდა გაივლოს ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში მიღებულ შესრულებასა და ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულ შესრულებას შორის. სასამართლო იზიარებს წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, როგორც ოჯახის ერთ-ერთ წევრს ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად გამოგზავნილი თანხიდან - 22 650 აშშ დოლარიდან უნდა დაუბრუნდეს ნახევარი - 11 325 აშშ დოლარი.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა პასუხისმგებლობის განმაპირობებლია მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, ის გარემოება, რომ ისინი წარმოადგენენ მამკვიდრებელ ა------- ჩ--------–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად და ისინი წარმოადგენენ მამკვიდრებლის პასივზე - შესასრულებელ ვალდებულებაზე პასუხისმგებელ პირებს.

სასამართლო მიუთითებს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე – კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. ზოგადად, სამოქალაქო სამართალში ორი სახის უფლებამონაცვლეობა გვაქვს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვა) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო. უფლებამონაცვლეობის ფარგლების შეზღუდვა, განსაკუთრებით ადრე არსებული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების ფარგლებში, მხოლოდ უფლებამონაცვლის ნებაზე ან მასსა და მის წინამორბედს შორის შეთანხმებაზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან იგი პირდაპირ გავლენას ახდენს მესამე პირის ინტერესზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ 11 325 აშშ დოლარის გადახდა.

 

3.2.3. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ არ არის ხანდაზმული.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი მოთხოვნის ხანდაზმულობა. ამასთან, მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი როგორც კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადა (სსკ-ის 1488-ე მუხლი), ასევე უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ზოგადი ვადაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. სასამართლო მიუთითებს, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (იხ. სუსგ №ას-143-136-10). ამასთან, საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარდგენა შეიძლება განხორციელდეს როგორც ზეპირად, ისე - წერილობით.

მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა, ამავე ნორმის მიხედვით, კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს. ამდენად, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არ არის. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ასევე, უნდა იცოდნენ იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორებისათვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში უნდა წარუდგინონ (საქმე №ას-782-731-2017).

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მამკვიდრებელი ა------- ჩ--------–ი გარდაიცვალა 2----–-–------------ს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები (ს.ფ.174-180), რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ ა------- ჩ--------–ის უფლებამონაცვლეებად მოპასუხეთა მითითების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ჯერ კიდევ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში - 2017 წლის 16 ივნისს და მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამის შემდგომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, მოსარჩელემ კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეთა უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე განცხადებით (ს.ფ. 181-199), რომლის განხილვის შედეგადაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით მოპასუხეები ცნობილ იქნენ ა------- ჩ--------–ის უფლებამონაცვლეებად. შესაბამისად, მოსარჩელისათვის სწორედ ამ დროიდან გახდა ცნობილი ინფორმაცია ცნობილი მამკვიდრებლის მემკვიდრეთა შესახებ. სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის 20 აპრილს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას ხანდაზმულობის სპეციალური ვადის გასვლასთან მიმართებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.128-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ადენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება კი დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხეთათვის 2005 წელს განხორციელებული გადმორიცხვების საფუძველზე მამკვიდრებლის მიერ მიღებული თანხების დაკისრება. სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად კი მოსარჩელე განსაზღვრავს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას.

სასამართლო მიუთითებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ათ წლიანი ვადა. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან, მოდავე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოშობილა და არ დგინდება, მათი უფლება-მოვალეობანი ერთმანეთის მიმართ გამომდინარეობდა მხოლოდ კანონისმიერი საფუძვლებიდან, რაც სრულებით გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის გამოყენებას (იხ. სუსგ საქმე №ას-649-610-2011).

მოპასუხე მიუთითებს, რომ განსახილველი სარჩელი წარმოდგენილია სწორედ ხანდაზმულობის ათ წლიანი ვადის გასვლის შემდეგ - 2018 წლის 20 აპრილს.

ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის ათვლა არ უნდა დაიწყოს მხარეთა განქორწინების თარიღიდან - 2004 წლიდან და არც მოსარჩელის მიერ თანხების გადმორიცხვის თარიღიდან - 2005 წლიდან, ვინაიდან, ამ დროს მხარეთა ერთიანი საოჯახო ურთიერთობიდან გამომდინარე, არ არსებობდა მოპასუხეთა მიმართ (არ იყო წარმოშობილი) მოსარჩელის მოთხოვნა - რომელიც სამოქალაქო კოდექსის თანახმად არსებითია ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს მხარეთა შორის პირველი სასამართლო დავის დაწყებიდან - 2010 წლიდან (იხ. ს.ფ. 168-173). შესაბამისად, 2018 წლის 20 აპრილს მოპასუხეთა წინააღმდეგ წარმოდგენილი სარჩელი არ მიიჩნევა ხანდაზმულად.

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, მხარეთა შორის ურთიერთობა უკიდურესად გართულდა 2009 წლის ბოლოს და ყოფილ მეუღლეებს შორის დაიწყო სამართლებრივი დავები. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად აღნიშნული თარიღის მიჩნევის შემთხვევაშიც კი გამოდის რომ სარჩელი წარმოდგენილია ხანდაზმულობის ზოგადი - 10 წლიანი ვადის დაცვით.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ არ არის ხანდაზმული.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 976-ე, 979-ე, 991-ე, 1328-ე, 1484-ე, 128-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სამართლებრივ საფუძველს.

 

6.2. სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს.

შესრულების უკუმოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემსრულებლისა და მიმღების სამართლებრივ ურთიერთმიმართებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, თუ შესრულება მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უფლება-მოვალეობრივი კავშირი არსებობს შემსრულებელსა და მიმღებს შორის, რა სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდა შემსრულებელსა და მიმღებს უშუალოდ შესრულების მიმართ. აღნიშნული გამიჯვნადია განსაკუთრებით მჭიდრო ნათესაური და მეგობრული ურთიერთკავშირების დროს. თუ შემსრულებელი შესრულების დროს მოქმედებდა ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით იმთავითვე გამოირიცხება მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016წ; №ას-1193-1122-2015, 31.05.2016წ.).

უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს სხვა პირის გამდიდრება. პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითიც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია მოსარჩელის ქმედებიდან გამომდინარე მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და ის გარემოება, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ 11 325 აშშ დოლარის გადახდა.

ამასთან, მოპასუხეთათვის აღნიშნული თანხის დაკისრება უნდა განხორციელდეს მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არინ მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი არ არის ხანდაზმული.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (იხ. განჩინება ს.ფ.164-167; ცნობები ს.ფ. 59-74). სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 825 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ე-–--------- ჩ--------–ის სარჩელი ნ---- ჩ--------–ის და ე---------- ჩ--------–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხეებს - ნ---- ჩ--------–ს და ე---------- ჩ--------–ს მოსარჩელე ე-–--------- ჩ--------–ის სასარგებლოდ დაეკისროთ 11 325 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება;

3. მოპასუხეებს - ნ---- ჩ--------–ს და ე---------- ჩ--------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 825 ლარის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი