გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
040210017001964531
საქმე №2/27-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. ცაგერი
შესავალი ნაწილი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნანა ჯანხოთელი
მოსარჩელე - სს,,მ----------------“, ნ-----–---- შ---------, გ------- ბ----–---–-
წარმომადგენელი - ე---------- გ-------–-
მოპასუხე - თ----–- ა---–-------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე თ----–- ა---–-------სათვის მოსარჩელეების სს,,მ----------------სა“, ნ-----–---- შ--------- და გ------- ბ----–---–-ს სასარგებლოდ 2670,86 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, აღიარა ძირი თანხა, მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. შესაგებელი, 18.07.2017 წელი).
მხარეებმა სასამართლოს მომართეს შუამდგომლობით საქმის ზეპირი მოსმენის განხილვის თაობაზე.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მოქალაქე თ----–- ა---–------- , ვებ.გვერდზე დარეგისტრირდა 2015 წლის 10 ივლისს. 2016 წლის 23 ივნისს, მან შეავსო განაცხადი პორტალზე ინვესტირებისათვის, ხოლო მის მიერ მოთხოვნილი სესხი დაფინანსებული იქნა 2016 წლის 28 ივნისს. გაცემული სესხის დაფინანსების სურვილი გამოთქვა სამმა ინვესტორმა სოლიდარულად: სს,,მ-----------------“, მოქალაქეებმა ნ-----–---- შ---------მ და გ------- ბ----–---–-- . სესხის თანხა შეადგენდა 3000 ლარს, სესხის ვადა -24 თვეს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 29% , სს,,მ----------------ს“ მიერ სესხი დაფინანსებული იქნა 5-%-ით, 1500 ლარით, მოქალაქე ნ-----–---- შ---------ს მიერ 43,3%-ით 1300 ლარით, ხოლო მოქალაქე გ------- ბ----–---–-ს მიერ 6,7%-ით, 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გადაირიცხა მსესხებლის ვირტუალურ ანგარიშზე-N---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სესხის ხელშეკრულება;
3.1.2.მსესხებელმა თ----–- ა---–-------- 2017 წლის 28 მარტს დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი, ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეადგენდა 167 ლარს. 2017 წლის 28 მარტის შემდეგ, მსესხებელს გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოსარჩელე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ითხოვს მოპასუხისათვის 2670,86 ლარის დაკისრებას, საიდანაც ძირი თანხაა-2180,78 ლარი, პროცენტი-148,42 ლარი, პირგასამტეხლო- 23.31 ლარი, მიუღებელი შემოსავალი-318.35 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი.
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი ).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის საფუძველზე, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
დადგენილია, რომ 2016 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებით სესხის დაფინანსება მოახდინა სამმა ინვესტორმა სოლიდარულად: სს,,მ-----------------“, მოქალაქე ნ-----–---- შ---------მ და მოაქალაქე გ------- ბ----–---–--. მსესხებელმა თ----–- ა---–-------- სესხად მიიღო 3000 ლარი 24 თვის ვადით. სესხზე განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი 29 %, წლის განმავლობაში.
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე - თ----–- ა---–-------ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შესრულებულა.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა დაურიცხავი სარგებელის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია.
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების მხარე 405-ე მუხლს გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. როგორც აღნიშნული ნორმიდან იკვეთება, ხელშეკრულებიდან გასვლისათვის (ხელშეკრულებაზე უარის თქმისათვის) აუცილებელია სახეზე იყოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულება მისთვის დაკარგა ინტერესი. ვინაიდან, მოცემულ შევმთხვევაში ადგილი აქვს ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შეუსრულებლობას, ასეთ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს კრედიტორის მიერ შესრულებისადმი ინტერესის დაკარგვის ფაქტი.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო,ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე.
ამ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყვეტილია ვადაზე ადრე, თუმცა აღნიშნულისათვის მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს ანაზღაურებას. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (საქმე N.ას 848-814-16, Nას-816-767-15, N ას-953-918).
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (საქმე №ას-176-157-2014);
მოცემულ საქმეზე, პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს სახით 23 ლარის და 31 თეთრის ანაზღაურებას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო სამართლებრივ საფუძვლებთან შესაბამისობაშია და გონივრულია.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „3. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.“ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი .
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,, მ----------------ს“,(ს.ნ.2-------- ) ნ-----–---- შ---------ს(პ/ნ 0----------) გ------- ბ----–---–-ს (პ/ნ 0----------) სარჩელი, მოპასუხე - თ----–- ა---–-------ს (პ/ნ 4----------) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თ----–- ა---–------- სს,,მ----------------ს“, ნ-----–---- შ---------ს, გ------- ბ----–---–-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2352,51 ლარი, საიდანაც 2180,78 ლარი არის ძირი თანხა, 148,42 ლარი პროცენტი, 23,31 ლარი - პირგასამტეხლო.
სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. მოსარჩელე - სს ,,მ----------------“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (საგადასახადო დავალება N---------- თარიღი-01.06.2017 წელი, თანხა - 100 ლარი, გადამხდელის დასახელება - სს,,პ----------- ს---------–--- ს---------“-4--------), დაუბრუნდეს 70,57 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი წესით.
3. მოპასუხე - თ----–- ა---–-------, სს,,მ----------------ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ) 9.55 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ცაგერი,ლ.ასათიანის N14).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი