გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2019
საქმის ნომერი
190210018002642289
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2546-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.03.2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ფ------- მ--------ა

მოპასუხე ფ-----– მ--------ი

წარმომადგენელი ნონა ასლანიშვილი

დავის საგანი ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ფ-----– მ--------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2009 წლის 29 იანვარს დაბადებული თ----–- მ--------ას სარჩენად ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა სრულწლოვანების მიღწევამდე.

1.2. ფ-----– მ--------ს დაეკისროს დამატებითი ხარჯი ყოველთვიურად 400 ლარი სარჩელის აღძვრიდან სამი წლის განმავლობაში.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

ფ------- მ--------ას და მოპასუხე ფ-----– მ--------ს ჰყავთ ერთი შვილი 2009 წლის 29 იანვარს დაბადებული თ----–- მ--------ა. ბავშვი ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა მოპასუხე არანაირ მონაწილეობას არ იღებს ბავშვის რჩენასა და აღზრდაში. თ----–- მ--------ას სჭირდება მკურნალობა, რეგულარურად ცურვა და მასაჟები, რაც დაკავშირებულია ხარჯებთან. მოსარჩელის განმარტებით არის სოციალურად დაუცველი და მარტო ვერ ახერხებს ბავშვის შესაბამისი საჭიროებებით უზრუნველყოფას. მოპასუხე დაკავებული კერძო ბიზნესით, ახდენს სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციას, ასევე აქვს საკუთარი მაღაზია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში არ ცნო სარჩელი, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი. თანხმობა განაცხადა ალიმენტის 100 ლარის გადახდაზე. სხვა მოთხოვნები არ ცნო შემდეგი საფუძვლების გამო:

 

იგი არ მუშაობს და არ ახდენს არანაირი სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციას. იგი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ გერმანიაში. საქართველოში მას დაესვა არასწორი დიაგნოზი, რის გამოც ნათესავების ფინანსური დახმარებით წავიდა სამკურნალოდ საზღვარგარეთ. ამასთან მოპასუხის განმარტებით მან შექმნა სხვა ოჯახი სამირა გარაჯალოვასთან და მასთან თანაცხოვრების პერიოდში 2011 წლის 28 ნოემბერს შეეძინა ემირ მ--------ი. მისი განმარტებით ვერ შეძლებს ალიმენტის სახით 400 ლარის და დამატებით ხარჯების სახით 400 ლარის გადახდას ვინაიდან, არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. მუშაობს მარნეულში ავტოსამრეცხაოში და დღეში აქვს ხელფასი 15 ლარი.

 

(20.02.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1. ფ------- მ--------ას და ფ-----– მ--------ს შორის ოჯახური ცხოვრება შეწყვეტილია, მათი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს ფ------- მ--------ასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 3-14. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (20.02.2019წ და 26.03.2019წ სხდომის ოქმები, CD დისკები;)

- მოწმეების ჩვენებები (20.02.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2.2. ფ------- მ--------ა დასაქმებული არ არის. მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახის წევრია ასევე თ----–- მ--------ა. ოჯახი საარსებო შემწეობას იღებს 2018 წლის 1 სექტემბრიდან თვეში 270 ლარის ოდენობით. ოჯახის სარეიტინგო ქულაა 1000. ოჯახის წევრები არიან ფ------- მ--------ა, თ----–- მ--------ა, თურქანე მ--------ა, ნიზამი ალიევი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან (ს.ფ. 19. ტომი 1).

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. ფ------- მ--------ას და ფ-----– მ--------ს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი – თ----–- მ--------ა.

 

დაბადების მოწმობის თანახმად, თ----–- მ--------ა დაბადებულია 2009 წლის 29 იანვარს. მის მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა ფ------- მ--------ა, მამა – ფ-----– მ--------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 16 ტომი 1).

 

3.1.3. არასრულწლოვან თ----–- მ--------ას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მისი დიაგნოზია მიოპათიური სინდრომი G71.8.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს სამედიცინო ცენტრის სეუ კლინიკის მიერ 2018 წლის 15 ივლისს გაცემული სამედიცინო ცნობა N5468 ფორმა N IV-100ა, რომელშიც მითითებულია, რომ თ----–- მ--------ას დიაგნოზია მიიპატიური სინდრომი, ამბულატორიაში მიმრთვის თარიღია 2018 წლის 25 ივლისი. ცნობაში სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციების გრაფაში მითითებულია, რომ საჭიროა მასაჟი სამი წლის განმავლობაში და ცურვა მუდმივად.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია ინდ. მეწარმე სერგო დემეტრაშვილის მიერ 2018 წლის 3 სექტემბერს გაცემული ინვოისი N 01, სადაც მითითებულია მასაჟის რაოდენობა 20 დღე, ერთეულის ღირებულება 20 ლარი, საერთო ჯამში ღირებულება 400 ლარი. ინვოისში მითითებულია, რომ იგი გაცემულია სამედიცინო დოკუმენტაცია N IV-100/ა ცნობა N 5468 ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

 

საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ თ----–- მ--------ას აქვს ჯანმრთელობის პრობლება, რის გამოც აუცილებელია ბავშვისათვის ხანგრძლივი და სისტემატიური მკურნალობა.

 

2019 წლის 20 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა კიზხანუმ ისაევამ და ეკატერინე ლაზარევამ განმარტეს, რომ თ----–- მ--------ა სწავლობს გარდაბანში მესამე კლასში. ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, უჭირს სიარული. ბავშვებთან თამაშის დროს ხშირად ვარდება. ბავშვის დედისგან მისთვის ცნობილია, რომ ბავშვი ამ მიზეზის გამო დაჰყავთ ექიმთან და ბავშვს უკეთებენ მასაჟებს. მოწმის განმარტებით აღნიშნული ჯანმრთელობის პრობლემა უფრო შესამჩნევი გახდა ბავშვის ასაკის მატების შედეგად. ეკატერინე ლაზარევამ ასევე განმარტა, რომ მისი შვილი დაჰყავს მასაჟების გასაკეთებლად და ბავშვის მასაჟისტისგან მისთვის ცნობილია. რომ თ----–- მ--------ას აქვს ძვლებთან, კუნთებთან და მყესებთან დაკავშირებული პრობლემა და თუ ყურადღება არ მიექცევა მდგომარეობა გაუარესდება. ბავშვისთვის აუცილებელია მასაჟები და ცურვა. გოგონას უჭირს სიარული, არ შეუძლია ბავშვებთან ერთად თამაში, ზურგჩანთის ტარება, რადგან მისი ძვლები დეფორმირებულია.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ ბავშვს აღნიშნული დაავადება აღენიშნებოდა მხარეების თანაცხოვრების პერიოდშიც და მოპასუხე აღნიშნულის თაობაზე არის ინფორმირებული.

 

წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული სამედიცინო დაავადებისათვის დამახასიათებელია ქვედა კიდურების კუნთების ზოგადი მოდუნება, კუნთების განვითარების ნელი პროგრესირება. იგი წარმოადგენს ნერვ-კუნთოვან დაავადებას. ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია, რომ ადამიანს უჭირს სიარული. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მცირეწლოვანი ასაკიდანვე ბავშვს უჭირს სიარული, ვერ თამაშობს. სამედიცინო დოკუმენტებით ასევე დასტურდება, რომ ბავშვის მკურნალობის, მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მკურნალობა ძირითადად ეფუძნება რეაბილიტაციას, რეგულარულად მასაჟის გაკეთებას და ცურვის აქტივობას.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, ბავშვისათვის მკურნალობის, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცედურების აუცილებლობა. ასევე დასტურდება, რომ სამკურნალო მასაჟის კურსის ღირებულებაა თვეში 400 ლარი, სულ თვეში აუცილებელია 20 მასაჟი, ხოლო თითო მასაჟის ღირებულებაა 20 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის ასლი (ს.ფ.17)

- ინვოისის ასლი (ს.ფ. 18 ტომი 1)

- მოწმის ჩვენებები (20.02.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.2. ფ-----– მ--------ი შრომისუნარიანია, დასაქმებულია ავტოსამრეცხაოში. მას არა აქვს ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემა, რაც დასაქმების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს ან გამორიცხავს.

 

მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და თანახმაა შვილის რჩენისათვის ყოველთვიურად გადაიხადოს ჯამში 100 ლარი. მოპასუხის ამ პოზიციის საფუძველია ის გარემოება, რომ მას არა აქვს შემოსავალი უფრო მეტი თანხის გადასახდელად. დაოჯახებულია და ჰყავს კიდევ ერთი შვილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მძიმე მატერიალური მდგომარეობა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ფ-----– მ--------ის არაერთხელ აქვს დატოვებული საქართველოს ფარგლები. მათ შორის ორჯერ ფიქსირდება გასვლა გერმანიის მიმართულებით. გერმანიის მიმართულებით, ქალაქ დორტმუნდში მოპასუხე პირველად გაემგზავრა 2018 წლის 25 იანვარს და 2018 წლის 18 აპრილს დაბრუნდა საქართველოში ავტომანქანით. ფ-----– მ--------ის შემდეგი გამგზავრება გერმანიაში ფიქსირდება 2018 წლის 3 სექტემბერს და საქართველოში დაბრუნდა 2019 წლის 25 თებერვალს.

 

ფ-----– მ--------ი 2018 წელს გაემგზავრა თურქეთსა და აზერბაიჯანში. კერძოდ, 2018 წლის 11 ივნისს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადავიდა თურქეთში, ხოლო დაბრუნდა 2018 წლის 24 ივნისს. აზერბაიჯანის მიმართულებით წითელი ხიდის გავლით გაემგზავრა 19 ივლისს და დაბრუნდა 23 ივლისს. მოპასუხის განმარტებით თურქეთში დედასთან იყო სტუმრად, ხოლო აზერბაიჯანში ნათესავებთან სტუმრობდა.

 

თავდაპირველად მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა სამედიცინო დოკუმენტაცია მისი დაავადების შესახებ არ წარმოუდგენია. სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი განმარტა, რომ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არა აქვს.

 

შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ფ-----– მ--------ის შემოსავალი 2017 წლის ნოემბერში იყო 100 ლარი, ხოლო 2017 წლის დეკემბერში 370 ლარი. საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ფ-----– მ--------ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილია სატრანსპორტო საშუალება მერსედესის მარკის ავტომობილი 2018 წლის 18 აპრილს სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, რომელიც რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულია ფ-----– მ--------ის მიერ.

 

ამ მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ მოპასუხე საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების იმპორტს ახორციელებს და ეს არის მისი შემოსავლის წყარო. საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციის მოპასუხის მიერ საქართველოში შემოყვანილია ერთი სატრანსპორტო საშუალება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე ამ გზით სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არ არის მძიმე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება 2018 წელს მოპასუხის არაერთი ვიზიტი უცხოეთში, რომელთა მიზანი მოპასუხის მკურნალობა არ იყო. სასამართლო აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ გამგზავრება მცირე ხარჯებთანა არ არის დაკავშირებული, აუცილებელია მგზავრობის, უცხოეთში ცხოვრების აუცილებელი ხარჯების გაღება, რაც იმაზე მიუთითებს მოპასუხეს შეუძლია ამგვარი ხარჯების გაწევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მოპასუხის განმარტებები (26.03.2019 წ სხდომის ოქმი CD დისკი;)

- შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია (ს.ფ. 108-110. ტომი 1)

- საბაჟო დეპარტამენტის წერილი (ს.ფ. 112-113. ტომი 1)

- მომსახურების სააგენტოს წერილი ს.ფ. (105-106. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა ყოველთვიურად 200 ლარი. ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა დამატებითი ხარჯების დაკისრების შესახებ, ორივე მშობლის მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 250 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე, 1198-ე, 1199-ე, 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1212-ე, 1214-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1215-ე მუხლი

· გაეროს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

 

ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების უპირატესი მნიშვნელობა აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება. არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

 

მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ამ თანხის დაკისრების საკმაირის საფუძველია სსსკ 208-ე მუხლის საფუძველზე.

 

თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს არაგონივრულად მცირე თანხაა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს ალიმენტის, ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი არის პერიოდულად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელსაც ვალდებული პირი იხდის პირის სარჩენად. ამ შემთხვევაში ალიმენტი მოთხოვნილია არასრულწლოვანი შვილის სარჩენად, ხოლო მშობელი მოვალეა არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, შესაბამისად, მშობლის საალიმენტო ვალდებულება ძალაშია შვილის სრულწლოვანებამდე.

 

ალიმენტის განსაზღვრის საკითხში უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უფლებას, რადგან ალიმენტი არის ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი თანხა და არა ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. მშობლის მიერ შვილის რჩენის ვალდებულება განსაზღვრულია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, შესაბამისად, რჩენისათვის აუცილებელი სახსრების მიღება ბავშვის უფლებაა. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს კი ეკისრება ბავშვის უფლებების დაცვა კონვენციის პრინციპების საფუძველზე.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა. ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობის შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს ალიმენტის სამართლიანი ოდენობა, ის თანხა რაც ბავშვის რჩენისათვის აუცილებელია და რომლის რეალურად გადახდა მშობელს მისი უნარების და ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია.

 

ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლების უნარების და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რადგან ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს მათი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ, შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.

 

კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებელია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები. ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.

 

სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბერის განჩინება საქმე №ას-1313-2018)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მოსარჩელის ოჯახი, სადაც ბავშვი ცხოვრობს, იღებს საარსებო შემწეობას, მოსარჩელის სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი თვეში 270 ლარს შეადგენს. ბავშვი ძირითადად მოსარჩელესთან ცხოვრობს და იზრდება, რის გამოც მის აღზრდაში ყოველდღიურად წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა მოსარჩელეს უწევს და ბავშვის ყოველდღიურ ზრუნვაში მოპასუხე ჩართული არ არის.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ მას ჰყავს სხვა ოჯახი და არასრულწლოვანი მეორე შვილი. ცხოვრობენ ქირით, თუმცა ასევე განმარტა, რომ ქირით არის ნათესავის ბინაში რომლის თანხასაც იხდის მისი მეუღლის ძმა. სასამართლო განმარტავს, რომ მშობლებმა თანაბრად უნდა იზრუნონ ყველა შვილზე. ის ფაქტი, რომ მოპასუხეს მეორე ქორწინებაში შეეძინა შვილი, არ ათავისუფლებს მას უფროსი შვილის რჩენის და მასზე ზრუნვის ვალდებულებისაგან და არ ამცირებს შვილის რჩენის ვალდებულებას.

 

თ----–- მ--------ას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ფიზიკური განვითარების საჭიროების გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, სჭირდება საკვები პროდუქტების შეძენა, სამედიცინო მეთვალყურეობა. ამის გარდა ბავშვს სჭირდება სეზონური სამოსი და ბავშვის ასაკის შესაბამისად შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი სასწავლო ნივთები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა ვერ მოხდება მცირედი მატერიალური დახმარებით - ყოველთვიურად 100 ლარის გადახდით, რადგან მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა ბავშვის რჩენაში რეალური წვლილის შეტანის შესაძლებელობას აძლევს მოპასუხეს. მოპასუხე, მოსარჩელისგან განსხვავებით არ იღებს საარსებო შემწეობას, იგი დასაქმებულია, ხშირად მიემგზავრება საზღვარგარეთ, რის გამოც მას აქვს საკმაირის შემოსავალი იმისათვის, რომ სათანადო მონაწილეობა მიიღოს შვილის რჩენაში. მას შეუძლია სტაბილურად მიიღოს შემოსავალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი დასაქმების შესაძლებლობას არ ზღუდავს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა ალიმენტის სახით 400 ლარი არაგონივრულია. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. მართალია იგი იღებს საარსებო შემწეობას, მაგრამ საქმის განხილვის დროს არ გამოიკვეთა რაიმე ისეთი გარემოება, რაც ობიექტურ დაბრკოლებას უქმნის მოსარჩელეს, რათა დასაქმდეს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი.

 

აღნიშნული გარემოებების გამო, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ოჯახური პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ალიმენტის გონივრული ოდენობაა 200 ლარი. ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 21 სექტემბრიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიზნით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის მიხედვით, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

ამ ნორმის შინაარსიან გამომდინარე დამატებით ხარჯები არის ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით ან სხვა ობიექტური ვითარებით განპირობებული ხარჯები, რის გამოც საჭიროა ალიმენტის გარდა ბავშვისათვის დამატებით თანხის გადახდა. ამდენად, დამატებით ხარჯების წარმოშობის საფუძველია ბავშვის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მას განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება სჭირდება, რომლის ხარჯები მისი ოდენობიდან გამომდინარე ალიმენტიდან ვერ ანაზღაურდება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის დამატებითი ხარჯის სახით დამატებით თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ----–- მ--------ას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე მას სჭირდება მასაჟები სამი წლის განმალობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დამატებითი ხარჯების საკითხი წამოჭრილია ბავშვის მკურნალობის გამო. შესაბამისად, ამ ხარჯების ანაზღაურების მიზანია ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო სრულყოფილი მომსახურებით და დაავადებათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საუკეთესო საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ არც ერთ ბავშვს არ ჩამოერთვას უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ასეთი მომსახურებით. ამდენად, კონვენციით ბავშვის ერთერთი მნიშვნელოვანი უფლებაა მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება, ხოლო ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლების უპირველესი ვალდებულებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა სამართლით დაცული მნიშვნელოვანი ფასეულობაა, რაზეც მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ბრალეულობის შემთხვევაში პირს ეკისრება არა მარტო უკვე გადახდილი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, არამედ დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს მკურნალობის ხარჯები წინასწარ (408-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

მკურნალობის ხარჯების თავისებურების გამო მისი ანაზღაურების დავაში მნიშვნელოვანია დადგინდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულე რითია გამოწვეული, რა სახის მკურნალობაა აუცილებელი და რას შეადგენს მკურნალობის ხარჯი. ამასთან, მკურნალობის ხარჯების გადახდის ფაქტის დადასტურება არ არის აუცილებელი წინაპირობა მეორე მხარისათვის მისი დაკისრებისათვის. მკურნალობის ხარჯების დაკისრების დავაში მნიშვნელოვანია ხარჯების საჭიროების და ოდენობის დასაბუთება, რადგან ასეთ შემთხვევაში წარმოიშობა ამ ხარჯების სამედიცინო დაწესებულებისათვის გადახდის ვალდებულება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების სანაცვლოდ. ამასთან, შესაძლებელია, რომ დავის დაწყებამდე ეს ხარჯები რეალურად არ იყოს გადახდილი ან სამედიცინო მომსახურება არ იყოს მიღებული სწორედ იმის გამო, რომ მხარემ მისი ანაზღაურება ვერ შეძლო. ეს კი ხარჯების მოთხოვნის უფლებას არ უკარგავს პაციენტს, რადგან მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა აუცილებელია.

 

ამდენად, სამედიცინო ხარჯების დასაბუთება არ გულისხმობს მოსარჩელის მიერ ამ ხარჯების რეალურად გადახდის ფაქტის დადასტურებას, რადგან სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადასტურდეს მოთხოვნილი ხარჯების გაწევის აუცილებლობა.

 

წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტით და ინვოისის მიხედვით, ბავშვს აღენიშნება მიოპათიური სინდრომი, რომლის მკურნალობისათვის აუცილებელია სამკურნალო მასაჟის ჩატარება და ცურვა მუდმივად. წარმოდგენილ ინვოისით დასტურდება, რომ მასაჟის ერთი თვის კურსის ღირებულებაას 400 ლარი. ამასთან გასათვალისწინებელია ის, რომ თ----–- მ--------ას ექიმის მიერ დანიშნული აქვს ცურვა მუდმივად, რაც ასევე ხარჯებთანაა დაკავშირებული.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. შესაბამისად, მშობლებს თანაბრად ეკისრებათ არასრულწლოვანი შვილის რჩენის, მასზე ზრუნვის ვალდებულება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, მასაჟების ყოველთვიური ხარჯია 400 ლარი, რომლის სრულად მოპასუხისათვის დაკისრებას მოითხოვს მოსარჩელე. სასამართლოს მიაჩნია, რომ დამატებითი ხარჯების არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში მისი გადახდა მხოლოდ ერთი მშობლის ვალდებულება არ არის, რადგან ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია მშობლების თანაბარი ვალდებულება არჩინონ შვილები. შესაბამისად, დამატებითი ხარჯების ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს ორივე მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

მოსარჩელე იღებს საარსებო შემწეობას, რის გამოც მას არა აქვს საკმარისი ფინანსური შემოსავალი. მოპასუხე სოციალურად დაუცველი არ არის, იგი დასაქმებულია, არა აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლებები, რის გამოც დამატებითი ხარჯების საკითხში მას მოსარჩელეზე მეტი მატერიალური პასუხუსმგებლობა უნდა დაეკისროს.

 

საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტებში მითითებული სამედიცინო ხარჯების აუცილებლობის გამო მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება, როგორც მშობელმა მიიღოს მონაწილება შვილის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში, ხოლო ბავშვის მშობლების მატერიალური და ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროთ ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 3 წლის მანძილზე.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელწმიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე, ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად ამ ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ,,გ“ პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 2 400 ლარს. ალიმენტის დაკისრების შესახებ საქმე სსსკ 16-ე მუხლის მიხედვით, არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა, რის გამოც გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი.

 

დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ ცნო მოთხოვნა 100 ლარის ნაწილში რაც არის დაკისრებული ალიმენტის თანხის 50%. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 50% არის 25 ლარი, რომლის გადახდისაგან მხარეები თავისუფლდებიან. ამდენად, საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 25 ლარი.

 

დამატებითი ხარჯების დაკისრების მოთხოვნაზე სარჩელის ფასია 9 000 ლარი, რადგან სსსკ 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვადიანი გადასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა, რომლის სამი წლის ოდენობა არის 9000 ლარი.

 

ალიმენტის მოთხოვნაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 25 ლარი, ხოლო დამატებითი ხარების გადახდის მოთხოვნაზე 270 ლარი (დავის საგნის ღირებულების 3%), შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 295 ლარი. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ფ------- მ--------ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ფ-----– მ--------ს დაეკისროს შვილის 2009 წლის 29 იანვარს დაბადებული თ----–- მ--------ას სარჩენად ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 21 სექტემბრიდან;

1.2. ფ-----– მ--------ს დაეკისროს დამატებითი ხარჯების გადახდა 2009 წლის 29 იანვარს დაბადებული თ----–- მ--------ას მკურნალობისათვის ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა 2018 წლის 21 სექტემბრიდან სამი წლის განმავლობაში;

 

2. ფ-----– მ--------ს დაეკისროს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 295 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი