გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.04.2019
საქმის ნომერი
330210118002748745
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34971-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი''

წარმომადგენელი - მ-----------------

მოპასუხე - თ------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს დაეკისროს 7 626.75 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 5 803.47 ლარი, სარგებელი - 499.36 ლარი, პირგასამტეხლო - 288.92 ლარი და საკომისიო - 35 ლარი;

1.2. მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 2.08 ლარის ოდენობით.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 2-17):

1.1.1. მხარეებს შორის 2014 წლის 03 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი 9 170.00 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 13.1% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა დაზღვევის მართვის საკომისიო - 5 ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით;

1.1.2. მოსარჩელის მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად, რაც გამოიხატა მსესხებლის სასარგებლოდ კრედიტის გაცემით;

1.1.3. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით, თუმცა კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ვადები;

1.1.4. მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, 2016 წლის 02 მარტის შემდეგ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ფულადი ვალდებულება მოპასუხის მხრიდან აღარ შესრულებულა;

1.1.5. 2018 წლის 05 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხის ერიცხება დავალიანება შემდეგი ოდენობით: დავალიანების ძირითადი თანხა - 5 803.47 ლარი, სარგებელი - 499.36 ლარი, პირგასამტეხლო - 1 288.92 ლარი, საკომისიო - 35 ლარი;

1.1.6. მას ასევე უნდა აუნაზღაურდეს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლისა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ. 78-86).

2.1.1. მოპასუხე ნაწილობრივ აღიარებს მოსარჩელის წინაშე არსებულ ვალდებულებას;

2.1.2. 2016 წლის 22 მარტიდან დარჩა უმუშევარი, რამაც გამოიწვია გადახდის გრაფიკის დარღვევა. დღემდე არის სამსახურის ძიებაში და ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. მოხდა აღნიშნულის თაობაზე ბანკის წარმომადგენლის ინფორმირება და ითხოვა შეეტანა 300 ლარი, ნაცვლად 700 ლარისა, რომლის გადახდაც მისთვის შეუძლებელი იყო;

2.1.3. სასამართლო სხდომაზე მან სარჩელი ცნო დავალიანების ძირითადი თანხის-5 803.47 ლარის, დარიცხული სარგებლის-499.36 ლარის, მოსარჩელის მიერვე შემცირებული პირგასამტეხლოს-128.9 ლარის და საკომისიოს-35 ლარის გადახდის ნაწილში. ის არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის 05 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 2.08 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2-----–-–------------ერს მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №2------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის სახელზე 36 თვის ვადით გაიცა სესხი 9 170 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 13.1%-ს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა დაზღვევის მართვის საკომისიო - 5 ლარი, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით.

ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის მიზნობრიობად განისაზღვრა საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირება - "ს----------–--------ი" - L--------- – 5 809.89 ლარი, "ს----------–--------ი" - L--------- – 303.00 ლარი, სს "ლ-------------ი" - 250.00 ლარი და სს "ტ---------------ი" - 1 998.96 ლარი.

ხელშეკრულების თანახმად, კლიენტი ვალდებულია სესხი დაფაროს დანართი №1-ში მითითებული გრაფიკის შესაბამისად.

ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის განაცხადი, ხელშეკრულება, გრაფიკი, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, სტანდარტული ინფორმაცია (ს.ფ. 18-29)

 

3.1.2. მოპასუხის მიერ დარღვეულია 2014 წლის 03 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი პირობა ყოველთვიურად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 2016 წლის 02 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი (ს.ფ. 33-34)

 

3.1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 03 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკისრება სესხის ძირითადი თანხის - 5 803.47 ლარის, სარგებლის - 499.36 ლარის, პირგასამტეხლოს - 128.9 ლარის და საკომისიოს - 35 ლარის გადახდის ვალდებულება.

მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 34)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2014 წლის 03 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის 05 დეკემბრიდან/სარჩელის აღძვრიდან არაუმეტეს 2019 წლის 05 დეკემბრისა, ყოველდღიურად 2.08 ლარის ოდენობით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული.

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად მოსარჩელის, როგორც საბანკო დაწესებულების ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება.

სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, მოპასუხეს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს დადგენილად, რომ მოპასუხის მიერ სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებების დარღვევებით მისთვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს. ამასთან, მოსარჩელეს, როგორც საბანკო დაწესებულებას, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისას შეეძლო მითითებული ოდენობით სარგებლის მიღება.

სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა).

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც დადგენილია კრედიტით სარგებლობისათვის. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბანკი ამ ნაწილში არ ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებას. ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2018 წლის 05 დეკემბრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 05 დეკემბრისა, მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველდღიურად 2.08 ლარის ანაზღაურება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნულ პერიოდამდე იქნება გონივრული მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 348-ე, 394-ე, 872-ე, 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, მუხლები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეები დადგენილი წესით შეთანხმდნენ პროცენტზე, პირგასამტეხლოსა და საკომისიოს გადახდაზე.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მან სარჩელი ცნო დავალიანების ძირითადი თანხის - 5 803.47 ლარის, დარიცხული სარგებლის - 499.36 ლარის, მოსარჩელის მიერვე შემცირებული პირგასამტეხლოს - 128.9 ლარის და საკომისიოს - 35 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის, პროცენტის და საკომისიოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.

6.3. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი).

პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არის საბანკო დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხის სახით ფულად თანხას გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, საქმე №ას-307-291-2011).

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით დგინდება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა. შესაბამისად, არსებობს 2014 წლის 03 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2018 წლის 05 დეკემბრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 05 დეკემბრისა, მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველდღიურად 2.08 ლარის ანაზღაურება.

სასამართლომ არა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებდე, არამედ სწორედ 2019 წლის 05 დეკემბრამდე (მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოდგენიდან არა უმეტეს 1 წლისა) მიიჩნია მიზანშეწონილად დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველდღიურად 2.08 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 297.14 ლარი (ს.ფ. 56), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი (ს.ფ. 57). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ (65.29%), შესაბამისად მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 194 ლარი, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლისა. ამასთან, დაკმაყოფილებული და მოპასუხის მიერ არ ცნობილი მოთხოვნის პროპორციულად (მოთხოვნის 33%), მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 34.34 ლარის ანაზღაურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სააპლიკაციო მომსახურების საფასურის - 100 ლარის, ყადაღის რეგისტრაციის საფასურის - 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, სსკ 1991 მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველი (ს.ფ. 60-63).

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი მოპასუხე თ------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე თ------------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 03 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა 5 803.47 ლარის, პროცენტის - 499.36 ლარის, პირგასამტეხლოს - 128.9 ლარის და საკომისიოს - 35 ლარის ოდენობით;

3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მოპასუხე თ------------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 05 დეკემბრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებადე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 05 დეკემბრისა, მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველდღიურად 2.08 ლარის ანაზღაურება;

3. მოპასუხე თ------------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 34.34 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

4. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს'' დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 194 ლარი, რომელიც 2018 წლის 27 ნოემბერს №--- საგადასახადო დავალებით ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150;

5. მოპასუხე თ------------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის და ყადაღის რეგისტრაციიის საფასურის 50 ლარის ანაზღაურება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი