გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.04.2019
საქმის ნომერი
330210118002751048
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35225-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - სს „თ----------ი’’

წარმომადგენელი - თ-------------ე

მოპასუხე - 1) ბ---------------–---–ი

წარმომადგენელი - ქ---------------–---–ი

2) ი-----------ე

წარმომადგენელი - ა-–-----------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის №3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 3 642.92 ლარის, პროცენტის - 384.15 ლარის, ჯარიმის - 442.15 ლარის და დაზღვევის საფასურის - 7.53 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 30 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის №3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 3 642.92 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 109.28 ლარს;

1.3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 30 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის №3-------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 3 642.92 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 1%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 36.42 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა;

1.4. თავდების - ი-----------ის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 7 150 ლარით;

1.5. მოპასუხეებს დაეკისროთ მის მიერ გაწეული სასამართლო და არასასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 2-17):

1.1.1. მასსა და ბ---------------–---–ს შორის 2017 წლის 06 მარტს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №---------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 06 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის №3-------------- ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5 500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 06 მარტამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარის ოდენობით გრაფიკის ყოველი დარღვევისას, ხოლო გადაცილებული 1 დღის შემდეგ დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის;

1.1.2. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ;

1.1.3. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მასსა და ი-----------ეს შორის 2017 წლის 06 მარტს გაფორმდა თავდებობის №1------------ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თავდებმა სოლიდარულად და სრულად იკისრა პასუხისმგებლობა ბ---------------–---–ის მიერ 2017 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის №3-------------- ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე. თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7 150 ლარით;

1.1.4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 15 ოქტომბერს და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება;

1.1.5. 2017 წლის 06 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს საერთო ჯამში გადახდილი აქვთ 4 331.58 ლარი, საიდანაც 1 857.08 ლარით დაიფარა ძირითადი თანხა, 2 471.91 ლარით - პროცენტი, ხოლო 2.59 ლარით - ჯარიმა;

1.1.6. 2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეებს 2017 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 4 476.75 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 3 642.92 ლარი, პროცენტი - 384.92 ლარი, ჯარიმა - 442.15 ლარი და დაზღვევა - 7.53 ლარი;

1.1.7. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი 36%-ის ოდენობით. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვერ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის გადახდის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს და მოთხოვნებს (ს.ფ. 79-87).

კერძოდ, ის დაეთანხმა 2017 წლის 06 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 3 642.92 ლარის, პროცენტის - 384.15 ლარისა და დაზღვევის - 7.53 ლარის გადახდის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას. მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში არ მომხდარა, ამასთან, მოპასუხე ი-----------ის წარმომადგენელს რწმუნებულებით აღნიშნულის უფლებამოსილება მინიჭებული არ ჰქონია.

2.1.1. მოპასუხე მხარემ არაერთხელ შესთავაზა მოსარჩელეს, რომ მომხდარიყო სესხის რესტრუქტურიზაცია და ის აუცილებლად გადაიხდიდა მის მიმართ არსებულ დავალიანებას ახალი გრაფიკით, ვინაიდან მას დღეს ისევ აქვს სამსახური, პატიოსნად იხდის სხვა ბანკში აღებულ სესხებს და არც აქ არ აპირებს ვალის არ გადახდას;

2.1.2. შეუსაბამოდ მაღალია წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია 36%-ით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 109.28 ლარს და არის კაბალური პირობა.

2.1.3. მოსარჩელის მიერ აღნიშნულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრული და შეუსაბამოა, შესაბამისად-უნდა შემცირდეს;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2017 წლის 06 მარტს მოსარჩელეს და ბ---------------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №---------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 06 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის №3-------------- ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 5 500 ლარი, კრედიტის დამთავრების თარიღი - 2020 წლის 06 მარტი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა კრედიტის დაფარვის გრაფიკი და გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ვადაგადაცილებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა, რომ მსესხებელი ვალდებულია კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადით განახორციელოს სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ. მსესხებელი ვალდებულია სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართულ გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს დაზღვევის პრემია გადახდის მომენტში მოქმედი, შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულებები (ს.ფ. 18-38)

 

3.1.2. 2017 წლის 06 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 06 მარტს მოსარჩელეს და ი-----------ეს შორის გაფორმდა თავდებობის №1------------ ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განაცხადი, ხელშეკრულება (ს.ფ. 39-43)

 

3.1.3. 2017 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხის მიერ ჯამში გადახდილია 4 331.58 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 1 857.08 ლარი, პროცენტი - 2 471.91 ლარი, ჯარიმა - 2.59 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ, გადახდების ისტორია (ს.ფ. 44-46)

 

3.1.4. მოპასუხეთა მიერ 2018 წლის 15 ოქტომბრიდან დარღვეულია 2017 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 44-45)

 

3.1.5. 2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეებს 2017 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად ერიცხებათ დავალიანების ძირითადი თანხა - 3 642.92 ლარი, პროცენტი - 3 84.15 ლარი და დაზღვევა - 7.53 ლარი. დავალიანების აღნიშნულ ნაწილში მოპასუხეთა მიერ შესაბამისი გარემოებები სადავო არ გამხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 46)

- მხარეთა განმარტება (2019 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად ეკისრებათ 2017 წლის 06 მარტის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 30 ნოემბრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 06 დეკემბრისა (სასამართლოში მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოდგენიდან არა უმეტეს 1 წლისა), მიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების ძირითადი თანხის-3 642.92 ლარის წლიური 18%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 54.64 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული 2017 წლის 06 მარტს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით.

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის წლიური სარგებლების ოდენობა. მართალია, ამ შეთავაზებას მოპასუხე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე’’.

ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა (იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).

ამრიგად, მხარეთა შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების დებულებები, რომლითაც მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას ამავე კოდექსის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხემ შეცილება გააკეთა და მიუთითა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის არაგონივრულობაზე და მის კაბალურობაზე. ამასთან, მან აღნიშნული შედავება განახორციელა მიღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნასთან მიმართებაში, როდესაც მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის-წლიური 36%-ის ოდენობით. მას სადავო არ გაუხდია დარიცხული სარგებლის ოდენობა 384.15 ლარის ოდენობით.

სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური სარგებლის - 36%-ის ოდენობით უნდა შემცირდეს და განისაზღვროს მოთხოვნილი ოდენობის ნახევრით, წლიური 18%-ით.

3.2.2. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2018 წლის 30 ნოემბრამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო 442.15 ლარის ოდენობით, ისევე როგორც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 30 ნოემბრიდან არაუმეტეს ვალდებულების სრულად შესრულებამდე დავალიანების ძირითადი თანხის - 3 642.92 ლარის 1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 36.42 ლარს ყოველდღიურად (მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა), არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2018 წლის 30 ნოემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლო 44 ლარის ოდენობით. ასევე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 2018 წლის 30 ნოემბრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 06 დეკემბრისა (მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოდგენიდან არაუმეტეს 1 წლისა), პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.64 ლარს, მაგრამ არა უმეტეს 100 ლარისა.

დადგენილია, რომ 2017 წლის 06 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და ვადაგადაცილებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი“ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ№ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბანკი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს და ასევე ინაზღაურებს ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს 2017 წლის 06 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო სასამართლოს მიერ 10-ჯერ შემცირებული ოდენობით, კერძოდ, 2018 წლის 30 ნოემბრამდე - 44 ლარის ოდენობით და 2018 წლის 30 ნოემბრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 06 დეკემბრისა, დავალიანების ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.64 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.

 

3.2.3. 2017 წლის 06 მარტს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე. თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7 150 ლარით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, ამავდროულად თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. 892-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე თავდებობის ნამდვილობისთვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. აღნიშნულ შემთხვევაში სახეზეა თავდების წერილობითი ცნობა, რომელიც ინფორმირებული იყო პასუხისმგებლობის განსაზღვრული თანხის შესახებ, რომელიც შეადგენს 7 150 ლარს, რის გამოც სასამართლო მართლზომიერად მიიჩნევს აღნიშნული თანხის რაოდენობას და ადგენს, რომ თავდების პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს სწორედ ზ/აღნიშნულ ფარგლებში.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 873-ე, 417-ე, 418-ე, 52-ე, 115-ე, 408-ე, 411-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის და თავდებობის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება, აგრეთვე თუ განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორი კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს ეკისრება დარიცხული სარგებლის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება/აღიარება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დადასტურეს და სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ერიცხებოდათ 2017 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 3 642.92 ლარის, პროცენტი - 384.15 ლარის და დაზღვევის საფასური - 7.53 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ზ/აღნიშნული თანხების გადახდის ვალდებულება.

 

6.3. მოპასუხის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, საქმე №ას-307-291-2011).

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით დგინდებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა, რის გამოც გაზიარებულია მოსარჩელის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. შესაბამისად, არსებობს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, სასამართლომ მოთხოვნილი ოდენობით სარგებლის დარიცხვა მიიჩნია არაგონივრულად, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ განსაზღვრული სარგებლის ოდენობა ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით.

შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება დავალიანების ძირითადი თანხის წლიური 18 %-ის ოდენობით, რომელიც შემცირებულ იქნა სასამართლოს მიერ, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.

სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეამციროს არაგონივრული პირგასამტეხლო.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულად მიიჩნია, აღნიშნულ ხელშეკრულებასთან მიმართებით დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება, შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით, როგორც 2018 წლის 30 ნოემბრამდე, ისე 2018 წლის 30 ნოემბრიდან. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მის მიერ შემცირებული ოდენობით მოპასუხეებს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროთ არა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არამედ არაუმეტეს 2019 წლის 06 დეკემბრისა (მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოდგენიდან არაუმეტეს 1 წლისა) და ამასთან, მისი დაკისრება უნდა მომხდარიყო არაუმეტეს 100 ლარისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ამ შემთხვევაში იქნება მიღწეული პირგასამტეხლოს ფუნქცია და სწორედ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით და პერიოდის განმავლობაში მისი დაკისრებით არ მოხდება კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებით. მით უფრო, რომ იმავე პერიოდის განმავლობაში მას ასევე ეკისრება როგორც სარგებლის, ისე ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 357.58 ლარი, ნაცვლად 282.32 ლარისა (ს.ფ. 57), სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი (ს.ფ. 56), ხოლო 20 ლარი გადახდილ იქნა მოსარჩელის მიერ აკრძალვის რეგისტრაციაზე.

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა მოთხოვნის 51.4%. შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75.26 ლარის ოდენობით, მოპასუხეებს კი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 145.11 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროთ აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება გონივრული - 50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების (ს.ფ. 69-72) გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თ----------ის’’ სარჩელი მოპასუხეების - ბ---------------–---–ის და ი-----------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს - ბ---------------–---–ს და ი-----------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა - 3 642.92 ლარის, პროცენტის - 384.15 ლარის და დაზღვევის საფასურის - 7.53 ლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხეებს - ბ---------------–---–ს და ი-----------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 30 ნოემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება 44 ლარის ოდენობით;

 

4. მოპასუხეებს - ბ---------------–---–ს და ი-----------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 30 ნოემბრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 06 დეკემბრისა, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება დავალიანების ძირითადი თანხის - 3 642.92 ლარის წლიური 18%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 54.64 ლარს;

 

5. მოპასუხეებს - ბ---------------–---–ს და ი-----------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 30 ნოემბრიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 06 დეკემბრისა, პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების ძირითადი თანხის - 3 642.92 ლარის 0.1%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.64 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა;

 

6. თავდების - ი-----------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 7 150 ლარით;

 

7. მოპასუხეებს - ბ---------------–---–ს და ი-----------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 145.11 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 50 ლარის ოდენობით;

 

8. მოსარჩელე სს ,,თ----------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 30/11/2018 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 75.26 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150, საგადახდო დავალება N6510;

 

9. მოპასუხეებს - ბ---------------–---–ს და ი-----------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ გადახდილი აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით და წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი