გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/101-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.03.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G-------AL”
წარმომადგენელი - ზურაბ წ----–აძე
მოპასუხე - ავთანდილ ჯ-------ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ავთანდილ ჯ-------ძეზე, მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G-------AL”- ის სასარგებლოდ, 3.951.19 აშშ დოლარის (10751.58 ლარის, თანახმად სარჩელის შედგენის დღისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის 1 USD = 2.7211 GEL ) გადასახდელად დაკისრება.
1.2. მოპასუხე ავთანდილ ჯ-------ძეზე, მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G-------AL”- ის სასარგებლოდ, 1568.37 აშშ დოლარის (4267.69 ლარი, თანახმად სარჩელის შემოტანის დღისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის 1 USD = 2.7211 GEL) მიუღებელი შემოსავალის სახით გადასახდელად დაკისრება.
1.3 მოპასუხე ავთანდილ ჯ-------ძეზე, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G-------AL”- ის სასარგებლოდ, გაწეული ხარჯების გადასახდელად დაკისრება.
დავის არსის მოკლე მიმოხილვა.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G-------AL”-ს და მოპასუხეს შორის 2015 წლის 6 თებერვალს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, გირავნობის ხელშეკრულება და საკრედიტო ხელშეკრულება, გაიცა სასყიდლიანი სესხი (წლიური 66%) 3075 აშშ დოლარის ოდენობით.
დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. უზრუნველყოფის საგნად გამოყენებულ იქნა მოძრავი ქონება, კერძოდ ავტოსატრანსპორტო საშუალება დოჯ CARAVAN, სარეგისტრაციო ნომერი IM-747-ER.
სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა მოპასუხის მიერ 2015 წლის ოქტომბრის თვიდან დაიწყო, მოვალე წერილობით გაფრთხილებული იქნა 2015 წლის 12 ოქტომბერს და 2015 წლის 11 დეკემბერს. შეტყობინების ჩაბარება მოპასუხისთვის ვერ მოხერხდა, ამიტომ 2016 წლის 13 იანვარს, 22 იანვარს და 25 იანვარს მოხდა მოვალის საჯარო შეტყობინებით გაფრთხილება.
2015 წლის 15 თებერვალს მსესხებელმა შეასრულა კრედიტორის მოთხოვნა და შემდგომი განკარგვის მიზნით, ნებაყოფლობით გადასცა კრედიტორს მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა (გირავნობის საგანი), რაც გახდა სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტის საფუძველი. 2016 წლის 26 დეკემბერს მოხდა ავტომობილის რეალიზაცია 4130 ლარად (1501.44 აშშ დოლარად ), რამაც დაფარა სესხზე არსებული პირგასამტეხლოს ნაწილი და შეამცირა ის 415.09 აშშ დოლარამდე.
დღეის მდგომარეობით მოვალეს დარჩა დავალიანება 3.951.19 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 2.736.41 აშშ დოლარს, ჯარიმა 415.09 აშშ დოლარს, პროცენტი 774.24 აშშ დოლარს, ექსპერტის მომსახურების თანხა 21.81 აშშ დოლარს, ავტო ტექმომასუხების 3.64 აშშ დოლარს, ხოლო სააპლიკაციოს საფასური - 42.61 აშშ დოლარს.
გარდა ზემო აღნიშნული დავალიანებისა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G-------AL”-ის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ბუღალტრული დაანგარიშების თანახმად შეადგენს 1.568.37 აშშ დოლარს.
ვინაიდან სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია G-------AL”-ის საქმიანობაა სესხების გაცემა, რომ მომხდარიყო სესხის დროული დაფარვა კომპანია ამ სახსრებს მიმართავდა ახალი სესხის გასაცემად შესაბამისად მიიღებდა ზემოხსენებულ მოგებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 15.02.2016 წელს დაიდო ხელწერილი გირავნობის საგნის გადაცემის თაობაზე. ამ მომენტიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 273- მუხლის თანახმად, გირვანობის უფლება შეწყვეტილად ითვლება.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის 15.02.2016 წლის ბრძანების შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო, მას არ ჩაბარებია (არ შესრულებულა საქ. სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის ნაწილი 1-ით, 283-ე მუხლის ნაწილი 1-ით, ნაწილი მე-2 განსაზღვრული მოგირავნის ვალდებულებები). გაუგებარი მიზეზების გამო დაგირავებისას მოგირავნის მიერ 6235.00 აშშ. დოლარის ღირებულების და მისთვის გადაცემისას იდენტურ მდგომარეობაში მყოფი, 2007 წელს გამოშვებული უავარიო, სრულად გამართული, გაზის იტალიური აპარატურით დამონტაჟებული გირავნობის საგანი მოგირავნემ გაასხვისა გადაცემიდან 10 თვის შემდეგ საქ. სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის სრული იგნორირებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის განუხილველად, ამ მუხლების ვალდებულებების შეუსრულებლობით უგულველყო თავისი და დამგირავებლის ინტერესები, რისთვისაც პასუხისმგებლობა გირავნობის შედეგებზე სრულად მას უნდა დაეკისროს.
საქ.სამ. კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. დეკლარაციის მიხედვით (დანართი 4) განბაჟებისას სატარიფო ღირებულება დარიცხული გადასახდელებით შეადგენდა 8562+1378=9940 ლარს, ეროვნული ბანკის მაშინდელი კურსით 1.7526 (დანართი5) 5672 აშშ დოლარს. დაგირავებამდე გირავნობის საგანი აღიჭურვა გაზის იტალიური აპარატურით (დანართი 6 ), შესაბამისად ღირებულება გაიზარდა იმდროინდელი კურსით 1.8616 (დანართი 7), 564 აშშ დოლარით და შეადგენდა არანაკლებ 6235.00 აშშ დოლარს. მოპასუხის განმარტებით, მისთვის გაუგებარია გამართულ, საუკეთესო მდგომარეობაში ამ ღირებულების გირავნობის საგნის მეხუთედ ფასად გაყიდვა, თანაც მისი გადაცემიდან 10 თვის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელესთან სამართლებრივი ურთიერთობა უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად და კრედიტი ჩაითვალოს დაფარულად.
ვინაიდან მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის ურთიერთობა შეწყდა და კრედიტი გადახდილად ითვლება გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. გარდა ამისა, 1568.37 აშშ დოლარის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა და მიუთითებს მოგირავნის უსაფუძვლოდ გამდიდრების სურვილს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 06 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულება NA2174ა, რომლის საფუძველზე გაიცა კრედიტი 3075 აშშ დოლარი.
მტკიცებულება:
ხელშეკრულება NA2174ა; (ტ.1.ს.ფ. 19-28).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1.მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების საფუძველზე დათვალიერდა და გადაეცა გირავნობის საგანი.
მტკიცებულება: ხელწერილი15.02.16; დათვალიერების აქტი (ტ.1.ს.ფ. 39-40)
3.2.2. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გირავნობის საგანი გაიყიდა 4130.00 ლარად.
- ნასყიდობის ხელშეკრულება N115209/K;
3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხეს სადავოდ მიაჩნია ავტომობილის (გირავნობის საგანი) შეფასება, კერძოდ აღნიშნავს, რომ ავტომობილის შეფასება მოხდა ფოტოსურათების საშუალებით, შემფასებელი პირს ადგილზე, ქუთაისში არ უნახავს შეფასების ობიექტი და შეფასება მოახდინა საიტის მეშვეობით ანალოგიური ავტომობილის მიმართ.
მტკიცებულება: მოპასუხის ახსნა -განმარტება; შეფასების დასკვნა.
3.2.4. სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის მიერ საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება. ვალდებულება წარმოშობილია საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, კერძოდ ის რომ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების ძირითადი პუნქტები. მოპასუხე კი შესაგებელში უარყოფს ვალის არსებობას, რადგან მოპასუხის წარმომადგენლმა საეჭვო გახადა გირავნობის საგნის შემფასებელი ექსპერტის კვალიფიკაციის საკითხი და გამომდინარე აქედან ის მიიჩნევს, რომ ავტომობილის (გირავნობის საგანი) სწორი შეფასების შემთხვევაში კომპანიის წინაშე მას არანაირი ვალდებულება არ უნდა დარჩენოდა და გირავნობის საგნის კრედიტორისათვის გადაცემის მომენტიდან შეწყდა მისი ვალდებულება.
ამდენად, ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 919-ე, 327-ე, 115-ე, 361-ე, 623-625-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.2. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძოდ, სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
-დადგენილია, რომ მხარეებმა თავისუფალი ნების გამოხატვით გააფორმეს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელ შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.5. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის დავას იწვევს გირავნობის საგნის რეალიზაციის საკითხი. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ არაკვალიფიციურ ექსპერტს შეაფასებინა ავტომანქანა საბაზრო ფასზე ნაკლებად, გაასხვისა გირავნობის საგანი და დამატებით ითხოვს თანხას. მისივე განმარტებით, მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად იყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებას.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მას მინიჭებული ჰქონდა უფლება, მოვალის თანხმობის გარეშე გაესხვისებინა გირავნობის საგანი. ამდენად, ეს ვერ შეფასდება უფლების ბოროტად გამოყენებად.
6...სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის პოზიცია საფუძვლიანია. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
6.7. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების 8.3.1 მუხლზე, რომლის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორი უფლებამოსილია გადაიფორმოს გირავნობის საგანი თავის საკუთრებაში და თვითონვე მოახდინოს მისი რეალიზაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260.1 მუხლისა და 283-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით - მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.
6.8. საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.
კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “ბონა ფიდეს“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „იუს ცივილე“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ ,,ბონა ფიდე“-ს (“ფიდეს“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (,,ეხ ფიდე ბონა“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქციაურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედმათი სოლიდარობაა,რაცნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლებისარსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.
6.9. სასამართლო აღნიშნავს, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა ავალდებულებს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დაიცვას პირველი მხარის ქონებრივი ინტერესი.
საქმეში წარმოდგენილი გირავნობის შესახებ NA2174a ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით, გირავნობით სრულად უზრუნველყოფილია მოგირავნის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები, გამომდინარე 3.2. პუნქტში აღწერილი გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან, მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო, საპროცენტო სარგებელი, კრედიტის ძირითადი თანხა, მოგირავნისადმი მიყენებული ზიანი (სასამართლო, სააღსრულებო, იურიდიული მომსახურების სხვა ნებისმიერი ხარჯი), გირავნობის საგნის გათვალისწინებით ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 3075 აშშ დოლარით.
6.10.დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გირავნობის საგანი გაიყიდა 4130.00 ლარად, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე და სადავოდ მიიჩნევს ავტომობილის ღირებულების შეფასების აქტს; სასამართლო ეთანხმება მოპასუხეს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ გირავნობით დატვირთული ავტომობილი -დოჯ CARAVAN, სარეგისტრაციო ნომერი IM-747-ER გასხვისებისას, დაარღვია მხარის ქონებრივი ინტერესი. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორს გირავნობის საგნის შეფასებისას უნდა გამოეყენებინა სპეციალიზებული ექსპერტის დასკვნა, რომელიც ადგილზე დაათვალიერებდა შეფასების საგანს, რადგან შესაფასებელი საგანი წარმოადგენს გვარეობითი ნიშნით განსაზღვრულ ნივთს და მხოლოდ შესაბამის საიტზე განთავსებული მსგავსი ავტომობილის შეფასება ვერ მიიჩნევა სს კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართლიან და გონივრულ შეფასებად, მით უფრო, როდესაც კრედიტორი შეზღუდულია საქმეში წარმოდგენილი გირავნობის შესახებ NA2174a ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით.
6.11.მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით - ვინაიდან საეჭვოა გასხვისებისას გირავნობის საგნის ღირებულება, ამასთან საქმეში წარმოდგენილი გირავნობის შესახებ NA2174a ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით, გირავნობით სრულად უზრუნველყოფილია მოგირავნის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები, გამომდინარე 3.2. პუნქტში აღწერილი გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან, მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო, საპროცენტო სარგებელი, კრედიტის ძირითადი თანხა, მოგირავნისადმი მიყენებული ზიანი (სასამართლო, სააღსრულებო, იურიდიული მომსახურების სხვა ნებისმიერი ხარჯი) და სწორედ, გირავნობის საგნის გათვალისწინებით, ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 3075 აშშ დოლარით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების მითითებული ჩანაწერი, სრულ შესაბამისობაშია სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლთან, რომლის პირველი ნაწილით - მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
წინამდებარე შემთხვევაში, გირავნობის საგანი არა თუ კრედიტის ძირი თანხის გადახდას უზრუნველყოფდა, არამედ მხართა შეთანხმებით იგი უზრუნველყოფდა ასევე სამომავლო ან/და პირობით მოთხოვნებს, გამომდინარე 3.2. პუნქტში აღწერილი გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან (პირგასამტეხლო და სესხიდან გამომდინარე სხვა ვალდებულებები).
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეეებმა მხარეებმა თავისუფალი ნებით განსაზღვრეს ხელშეკრულების პირობები, რომელსაც სსს კოდექსის 342-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან შედარებით, რის გამოც, მოსარჩელის მიერ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ, მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია დამატებით შესრულების მოთხოვნა, რადგან ვალდებულება შეწყდა შესრულებით.
6.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
ამდენად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი უნდა ჩაირიცხოს (დარჩეს) ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,G-------AL”-ის სარჩელი ავთანდილ ჯ-------ძის მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე