გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24538-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 თებერვალი, 2--9 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - ი--------–---–-----ი
წარმომადგენელი - ჯ----–----–-----ი
მოპასუხე - სს ,,ლ-------------ი"
წარმომადგენელი - ნ--------------
დავის საგანი - უკანონოდ ჩამოჭრილი თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1.1. სს „ლ-------------ს“ დაევალოს ი--------–---–-----ს დაუბრუნოს უკანონოდ ჩამოჭრილი 1326,50 ლარი.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი--------–---–-----ის მეუღლეს - გ-------------–---–სა და სს „ლ-------------ს“ შორის 20---–-–----- ნოემბერს დაიდო სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით გ-------------–---–ზე გაიცა სესხი 1080 ლარი 36 თვის ვადით, ყოველთვიურად 54,50 ლარის გადახდის პირობით. 1080 ლარში გ-------------–---–ს უნდა გადაეხადა 1962 ლარი. ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენდა 882 ლარს. იმავე დღეს ი--------–---–-----სა და ბანკს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. მოსარჩელე არის უსინათლო, შშმ პირი და ვერ წაიკითხა ხელშეკრულება. მან არ იცოდა, რომ ამხელა თანხაზე იყო თავდები. ეგონა, რომ თავდები იყო 3 თვის პენსიის ავანსზე.
2--4 წლის 21 ოქტომბერს გო–----------–---–ი გარდაიცვა, რის შემდეგაც მოსარჩელეს დაებლოკა ანგარიშები. ი--------–---–-----ის შემოსავალს წარმოადგენდა შშმ პირის პენსია 100 ლარი, მარჩენალდაკარგულის პენსია 22 ლარი და სოციალური შემწეობა 60 ლარი, ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტი უხდიდა ბინის ქირას 250 ლარს, რომელიც მის ანგარიშზე ერიცხებოდა. ამავე პერიოდში თბილისის მერიის კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადებზე დახმარების პროგრამის ფარგლებში ერიცხებოდა ყოველთვიურად 84 ლარი. მოპასუხე ყველა ჩარიცხული თანხიდან აჭრიდა თანხებს მისი მეუღლის სესხის დასაფარავად, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ჯამში ი--------–---–-----ს ჩამოეჭრა 1362,50 ლარი. იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის ქონება და ასევე სახელმწიფო მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარებები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ ბანკმა მოსარჩელეს ჩამოაჭრა 122,24 ლარი. დანარჩენი თანხა არის მოსარჩელის და სხვა პირების მიერ ნებაყოფლობით გადახდილი. ხელშეკრულების 8.1 მუხლი ბანკს აძლევდა უფლებას, თავდების ანგარიშიდან ჩამოეჭრა თანხა. თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მოსარჩელე დაეთანხმა მის პირობებს. მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ ბანკის ფილიალში მისვლითა და ოპერატორთან ნებაყოფლობით თანხის შეტანით კი არაერთხელ დაადასტურა მისი პასუხისმგებლობა და არსებული დავალიანების დაფარვის მზაობა.
სულ სესხზე გადახდილია 1362.24 ლარი, აქედან 1240 ლარი არის არა ანგარიშიდან ჩამოჭრილი, არამედ ანგარიშზე შეტანილი თანხა. ი--------–---–-----ის ანგარიშიდან ჯამში ჩამოჭრილია მხოლოდ 122.24 ლარი. ეს თანხა ბანკს ჩამოჭრილი და მიმართული აქვს მხარეთა შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
20---–-–----- ნოემბერს გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით თავდებმა დაადასტურა, რომ ის გაეცნო ხელშეკრულების პირობებს და თანხმობა განაცხადა გაეზიარებინა პასუხისმგებლობა გ-------------–---–ის სესხზე დარღვევის არსებობის შემთხვევაში. მსესხებლის გარდაცვალებისა და ბანკის ფილიალში ოპერატორთან ნებაყოფლობით თანხის შეტანით, მან არაერთხელ დაადასტურა მისი პასუხისმგებლობა და სესხზე არსებული დავალიანების დაფარვის მზაობა.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ვერ წაიკითხა ხელშეკრულების პირობები არის სიცრუე, რადგან დოკუმენტზე ხელმოწერის დროს მოსარჩელე იყო სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი და ხელი მოწერილი აქვს ნებაყოფლობით. მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ ხელმოწერის ან/და გადახდების განხორციელების დროს ი--------–---–-----ი იყო ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ი--------–---–-----ის მეუღლეს - გ-------------–---–სა (მსესხებელი) და სს „ლ-------------ს“ (კრედიტორი, მოპასუხე) შორის 20---–-–----- ნოემბერს დაიდო სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გ-------------–---–ზე გაიცა სესხი 1080 ლარი 36 თვის ვადით, ყოველთვიურად 54,50 ლარის გადახდის პირობით.
სესხი ითვალისწინებდა საკომოსიოს - თვეში 2,26%-ის გადახდას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება (ს.ფ.42-43).
3.1.2. 20---–-–----- ნოემბერს ი--------–---–-----სა (მოსარჩელე, თავდები) და კრედიტორს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თავდებმა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა გ-------------–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე. თავდების მიმართ მოთხოვნის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 1962 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 44-46).
3.1.3. 21.10.2--4 წელს გარდაიცვალა ძირითადი მსესხებელი გ-------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 39).
3.1.4 კრედიტორის მიმართ დარჩენილი ვალდებულება შეასრულა თავდებმა. ი--------–---–-----მა ჯამში გადაიხადა 1362.24 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 23-38).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ყოველთვიურ შენატანს ი--------–---–-----ი ნებაყოფლობით იხდიდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული შეჯიბრებითობის პრინციპი, პირველ რიგში გულისხმობს მხარეთა მიერ ფაქტების მითითების სრულ ავტონომიას, რაც შეეხება მათ დამტკიცებას, ეს ის ეტაპია, როდესაც მხარემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ყველა ელემენტის შესახებ და საქმე მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების არსებობა-არარსებობის დადგენას ეხება, რასთანაც ორგანულადაა დაკავშირებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების ურთულესი ამოცანის გადაწყვეტა. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის102.1 მუხლი)“ (იხ. სუსგ Nას 880-838-2--3).
საქმეში წარმოდგენილია შემოსავლის ორდერები, რომლითაც დასტურდება, რომ ი--------–---–-----ს თავისი ნებით ყოველთვიურად შეჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები გ-------------–---–ის სესხთან დაკავშირებით. შემოსავლის ორდერებში გარკვევითაა აღნიშნული, რომ თანხის შემომტანი არის ი--------–---–-----ი. იგივეს ადასტურებს ანგარიშიდან ამონაწერიც, აღნიშნულ დოკუმენტშიც მითითებულია, რომ ორ------–---–---რი იხდის თანხას თავდებობის ქვეშ მყოფი პირის დავალიანების დასაფარად.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სესხის თანხის დაფარვა ხდებოდა ი--------–---–-----ის სახელზე ჩარიცხული შემწეობის თანხით, ყოველთვიურად ჩარიცხული თანხის ნაწილით იფარებოდა სესხი, ხოლო დარჩენილი ნაწილი გაჰქონდა მსესხებელს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თანხას პროგრამულად ედებოდა ე.წ „ჯავშანი“, რადგან არსებობდა შეთანხმება, რომ ი--------–---–-----ს უნდა შემოიტანა ყოველთვიურად ფიქსირებული თანხა. თუ არ მოხდებოდა „ჯავშანის“ დადება, პროგრამა ავტომატურად ჩამოაჭრიდა მთელ თანხას და მიაქცევდა დავალიანების დასაფარავად. შესაბამისად, მას შემდეგ რაც ჩამოიჭრებოდა ყოველთვიური შესატანი, დარჩენილი თანხა გაჰქონდა ი--------–---–-----ს.
ი--------–---–-----ის განმარტებით, თანხა მისი ნების საწინააღმდეგოდ შეჰქონდა, რადგან კრედიტ-ოფიცერი აიძულებდა და ეუბნებოდა, რომ თუ თანხას ყოველთვიურად არ შეიტანდა, ანგარიშზე ჩარიცხული მთელი თანხა ჩამოეჭრებოდა და საერთოდ ვერაფერს გაიტანდა.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე გაიცა ანგარიშიდან ამონაწერი სადაც გარკვევით ჩანს და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქვითრებიც ადასტურებს, რომ სულ სესხზე გადახდილია 1362.24 ლარი, აქედან 1240 ლარი არის არა ანგარიშიდან ჩამოჭრილი, არამედ ანგარიშზე შეტანილი თანხა. ამავე ამონაწერიდან ჩანს, რომ ყოველთვიური შენატანი არის 50 ლარი. ი--------–---–-----ის ანგარიშიდან ჯამში ჩამოჭრილია მხოლოდ 122.24 ლარი. ეს თანხა ბანკს ჩამოჭრილი და მიმართული აქვს მხარეთა შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. თავდებობის ხელშეკრულების 8.1 მუხლით, ბანკს მიენიჭა უფლება, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, თავდების ნებისმიერი ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაჭრას ყველა გადასახდელი (მათ შორის კრედიტის თანხა ან მასთან დაკავშირებული გადასახდელები) და ეს თანხა მიმართოს ფულადი ვალდებულების შესამცირებლად.
მოწმის ჩვენება, სსსკ-ის 102.2 მუხლით აღიარებული მტკიცებულებაა, თუმცა, თავად ამ მტკიცებულების ღირებულებითი ძალა ექვემდებარება ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ კვლევას (სსსკ-ის 105-ე მუხლი), მოწმის ჩვენების გაზიარების საკითხის შეფასებისას, სასამართლო მას ამოწმებს სადავო გარემოებასთან მიმართებით და ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტის ნამდვილობის საკითხს, რამდენადაც, საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. კანონის ამგვარი დათქმა მიანიშნებს მოწმის ჩვენების, როგორც შინაარსობრივად სუბიექტური მტკიცებულების გაზიარების შესაძლებლობას სასამართლოს შინაგან რწმენაზე დამყარებით.
საქმეზე მოწმედ დაკითხული ი-----–-----–------ აღნიშნავს, რომ თავდებობის გამო ხდებოდა ი--------–---–-----ის ანგარიშზე „ჯავშნის“ დადება ისევ კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, რათა არ მომხდარიყო ანგარიშიდან კრედიტზე გადასახდელი თანხის გარდა სხვა თანხის ჩამოჭრა. ყოველთვიურად კრედიტის თანხის გადახდის შემდგომ ი--------–---–-----ს თავისივე ანგარიშიდან გაჰქონდა დარჩენილი თანხა. ყოველთვიური შენატანის ოდენობა იყო შეთანხმებული წინასწარ. როდესაც თვითონ ამ დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა, ეს შეთანხმება უკვე არსებობდა ბანკსა და მოსარჩელეს შორის.
ი-----–-----–------ უარყოფს რაიმე იძულებას და განმარტავს, რომ მან მხოლოდ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგები განუმარტა მოსარჩელეს.
ზემოთ განხილული ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, დასტურდება ერთი და იგივე გარემოება, რომ 26.11.2--3 სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის/ავანსის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად შეთანხმებულ ყოველთვიურ შენატანს - 50 ლარს ი--------–---–-----ი იხდიდა ნებაყოფლობით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 623-ე, 867-ე, 891-ე, 895-ე, 976-ე, 325-ე, 319-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
დადგენილია, რომ სს „ლ-------------სა“ და გ-------------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტის სასარგებლოდ გაეცა თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ - გ-------------–---–მა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში (იხ. ზევით 3.1.1 პუნქტი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ხოლო 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
დადგენილია, რომ სს „ლ-------------სა” და გ-------------–---–ს შორის დადებული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მოპასუხე ი--------–---–-----ის სოლიდარული თავდებობით (იხ. ზევით 3.1.2 პუნქტი). გ-------------–---–ი გარდაიცვალა 21.10.2--4 წელს, აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილი იყო წაეყენებინა მოთხოვნა თავდებისათვის.
თავდები განმარტავს, რომ არის უსინათლო, შშმ პირი და ვერ წაიკითხა ხელშეკრულება. მან არ იცოდა, რომ ამხელა თანხაზე იყო თავდები. ეგონა, რომ თავდები იყო 3 თვის პენსიის ავანსზე.
სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება თავის თავში მოიცავს სამართალსუბიექტის მიერ ნების გამოვლენისას წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტის გათვალისწინებას, რათა მის მიერ წინდაუხედავად გამოვლენილი ნებით დაუშვებლად არ იქნეს ხელყოფილი სხვათა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კიდეც რომ გაითვალისწინოს თავდების მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მან გარიგებას შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს საკუთარი უფლების იმგვარად გამოყენებას, რომლითაც დაუშვებლად იზღუდება იმ პირის უფლება, რომელიც წინდაუხედავად გამოვლენილ ნებას დაეყრდნო.
მოცემულ შემთხვევაში, ი--------–---–-----ის მიერ იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსი, რის შესახებაც იგი, მისივე განმარტებით, ინფორმირებული არ იყო, გამოვლენილი ნების ბათილობის წინაპირობად ვერ განიხილება, ვინაიდან მას ჰქონდა დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა და დიდი ალბათობით, გაეცნო კიდეც, ხოლო თუ დავუშვებთ, რომ თავდები მართლაც არ გასცნობია თავდებობის ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება იძულების, მოტყუების ან შეცდომის საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო, რაც გამოიხატება ნების გამომვლენის მიერ დოკუმენტის ხელმოწერაში, მისი შინაარსის გაცნობის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის მიზნებისათვის იმგვარი პრეცედენტის დაშვება, რომლითაც შინაარსის გაცნობის გარეშე ხელმოწერილი დოკუმენტები ბათილად იქნება ცნობილი, იმ მესამე პირთა უფლებების დაუშვებელ ხელყოფას გამოიწვევს, რომლებიც გამოვლენილი ნების ნამდვილობას ენდნენ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წერილობითი დოკუმენტის ხელმოწერა, მისი შინაარსის გაცნობისა და ნების გამომვლენზე ზემოქმედების გარეშე, გარიგების ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენს.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის საფუძველზე კრედიტორს არ ჰქონდა უფლება, თანხა ჩამოეჭრა მისთვის სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარების თანხებიდან.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელეს თანხა ნებაყოფლობით შეჰქონდა ვალდებულების დასაფარავად და ადგილი არ ჰქონია იძულებით აღსრულებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძირითადი ვალდებულება წარმოშობილია სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულებიდან, რაც იმთავითვე გულისხმობს ვალდებულების შესრულებას სოციალური დახმარების და/ან სახელმწიფო პენსიის თანხებიდან. გარდა ამისა, სასამართლოსათვის გაუგებარია, რა მიზნის მიღწევას ცდილობს მხარე კანონის აღნიშნულ ნორმაზე მითითებით, ვინაიდან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება, რომ თანხა არამართლზომიერად იყო ჩამოჭრილი სახელმწიფო სოციალური დახმარების თანხებიდან, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება იქნება ამ ნაწილში შეუსრულებელი და ბანკს იმავე თანხის მოთხოვნის უფლება კვლავ ექნება ი--------–---–-----ის, როგორც თავდების და როგორც ძირითადი მსესხებლის მემკვიდრის მიმართ.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად (ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი რედაქცია) მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, თითქოს სესხი უპროცენტო იყო.
დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის ხელშეკრულებით განისაზღვრა ე.წ. „საკომისიო“ - ძირითადი თანხის 2.26%-ს თვეში, ანუ წლიური 27.1%. აღნიშნული საკომისიო თავისი არსით არაფერია თუ არა სარგებელი, რომელსაც კრედიტორი იღებს სესხისა გაცემისათვის, ამასთან იგი გამოხატულია ყოველთვიურ პროცენტში, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მნიშვენლობა არ აქვს, რა სახელწოდებითაა სესხში მოცემული პირობა, არამედ მთავარია მისი შინაარსი და მოცემული საბანკო კრედიტისათვის გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებელი.
როგორც უკვე აღინიშნა, ხელშეკრულების წლიური პროცენტი შეადგენდა 27,1%-ს.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია კერძო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, სახელშეკრულებო თავისუფლება, რომელიც, გულისხმობს არა მხოლოდ ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, არამედ შესაძლებლობას, რომ მხარეებმა თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი.
ხელშეკრულების დადების დროისათვის, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი არ ითვალისწინებდა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ სესხზე პროცენტის მაქსიმალურ ზღვარს.
ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული (იხ. სუსგ ას-663-629-2--5).
სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი გამსესხებელს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
აღნიშნული მუხლი თავისი არსით ზოგადი ხასიათის ნორმაა და გარიგების ბათილობის სამ განსახვავებულ, ასევე ზოგად საფუძველზე უთითებს, კერძოდ გარიგება ბათილია, თუ იგი არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლით დადგენილია კონკრეტული წინაპირობა გარიგების ბათილად მისაჩნევად, დასახელებული ნორმის თანახმად, გარიგების ბათილად მისაჩნევად, აუცილებელია, რომ გარიგება დადებული უნდა იყოს მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა კონრტრაჰენტის მძიმე მდგომარეობით ან გულუბრყვილობით.
საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა. სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია (იხ. სუსგ ას-501-475-2--5).
დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, იმისთვის, რომ გარიგება ამორალურად (არაკეთილსინდისიერად) იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ორი პირობა: პირველი - ერთი მხარე უნდა იყენებდეს მეორე მხარის უმწეო მდგომარეობაში ყოფნას, გამოუცდელობას, გონივრული განსჯის უუნარობას ან უყურადღებობას (ანუ სარგებლის მიმღები უნდა მოქმედებდეს გასაკიცხი მოტივაციით) და მეორე - სახეზე უნდა იყო აშკარა შეუსაბამობა შესრულებასა და საპასუხო შესრულებას შორის (იხ. სუსგ ას-1224-1149-2--5).
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სესხის წლიური საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა 27.1%-ით არის გარიგების ამორალური პირობა. ჩვეულებრივ პირობებში, საბანკო კრედიტზე არაუზრუნველყოფილი სესხის საპროცენტო განაკვეთი მერყეობს 14%-16% შორის. აღნიშნულ შემთხვევაში, განსაზღვრული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება ბაზარზე არსებულს. აღსანიშნავია ასევე, რომ , როგორც წესი, საბანკო-საკრედიტო დაწესებულებები არ გასცემენ სესხს საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ შეთავაზებული პროდუქტი - სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანსის ხელშეკრულება, არის პრაქტიკულად ერთადერთი ხელმისაწვდომი პროდუქტი მოსახლეობის ამ ფენისათვის, გარდა ამისა, მოპასუხე არის ერთადერთი კომერციული ბანკი, რომელიც ამ პროდუქტს სთავაზობს თავის მომხმარებლებს, ამდენად, ცალსახაა ბაზარზე მისი მდგომარეობის უპირატესობა და მსესხებლის, ფიზიკური პირის, მდგომარეობის სიმძიმე. მოპასუხე, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარე იყო და უდავოდ სწორედ მან განსაზღვრა სესხის სარგებელი სადავო ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობას ფიზიკური პირი დაეთანხმა, ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოპასუხე მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება ბათილია საპროცენტო სარგებლის - წლიური 27%-ის განსაზღვრის ნაწილში და საპროცენტო სარგებელი უნდა შემცირდეს ბაზარზე დამკვიდრებულ მინიმუმამდე -14%-მდე.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ №ას-1350-1275-2--2).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარცელეს, მართალია, ცალკე არ მოუთხოვია პროცენტის ნაწილში ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მაგრამ უცილოდ ბათილი გარიგება ბათილია კანონის ძალით და მას სასამართლო წესით ბათილად აღიარება არ სჭირდება. მოსარჩელემ სადავოდ გახადა სესხის ძირითად თანხაზე 882 ლარი სარგებლის დარიცხვა (იხ. დავის არსის მოკლე მიმოხილვა), ხოლო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმების საფუძველზე შეაფასა სამართლებრივად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ხელშეკრულება წლიური 13,1%-ის ნაწილში არის ბათილი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი, ეხება ვალდებულების საფუძველზე შესრულებულის დაბრუნებას (იგივე „შესრულების კონდიქცია“). ამ სამართალურთიერთობის სპეციფიკა ისაა, რომ მოთხოვნა მიმართულია ქონებისაკენ, რომელიც მოსარჩელემ მოპასუხეს შეგნებულად, საკუთარი ნებით გადასცა, თუმცა ითხოვს დაბრუნებას, რადგანაც გადაცემის სახელშეკრულებო საფუძველი არ არსებობდა ან შემდგომში მოისპო. ამგვარად, აღნიშნული მუხლი აწესრიგებს შემთხვევას, რასაც ჩვეულებრივ, რესტიტუციას უწოდებენ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბათილი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის გადაცემული თანხა - სარგებელი - 429 ლარი.
6.4 სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაზე მითითება უნდა განხორციელდეს ფაქტობრივს გარემოებების მითითებისათვის დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-და 219-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარე შეზღუდულია ახალი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
ვინაიდან მოპასუხეს არ მიუთითებია სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე საქმის მომზადების დასრულებამდე და არც საპატიო მიზეზი მიუთითებია, რის გამოც, მითითება მთავარ სხდომაზე მოხდა, სასამართლო მოპასუხის ამ მტკიცებას ვერ შეაფასებს.
7. საპროცესო ხარჯები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--8 წლის 24 აგვისტოს განჩინებით ი--------–---–-----ი გათავისუფლდა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 55-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად, სს „ლ-------------ს“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 2571, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი--------–---–-----ის სარჩელი მოპასუხე სს „ლ-------------ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. სს „ლ-------------ს“ ი--------–---–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს ზარალის 429 ლარის დაბრუნება;
3. სს „ლ-------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა, რომელიც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; ანგარიშის/სახაზინო კოდი: 300 773 150;
4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია