გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7051-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - დ-----------------------
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ-------------------
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ-----------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ბ---------------ისა და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ--------------------–ის მიერ 2017 წლის 3 ოქტომბერს 23:53 წუთზე, დი-----------ში, ლ--------ასა და ჩ----ას ქუჩების კვეთაზე, ლ--------ას ქუჩა №---ში მდებარე P---ს აფთიაქთან, გადამოწმების მიზნით, შეჩერებულ იქნა დ-----------------------.
2017 წლის 4 ოქტომბრის 00:27 წუთზე დ----------------------- შევიდა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილებაში, ხოლო 2017 წლის 4 ოქტომბრის 01:40:18 საათზე მან დატოვა აღნიშნული განყოფილების შენობა.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აუდიო-ვიდეო მასალა (ს.ფ.49, 180-182);
3.2. 2017 წლის 4 ოქტომბერს შედგა პირის იდენტიფიკაციის ოქმი, რომლის თანახმად, ღონისძიების ადრესატს წარმოადგენდა დ-----------------------. ღონისძიების დაწყების დროდ მითითებულია 01:00 საათი, ხოლო ღონისძიების დამთავრების დროდ 01:30 საათი. აღნიშნულ ოქმში მითითებული არ არის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების გატარების საფუძველი. მოცემული ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა დ---------------------–მა.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 4 ოქტომბრის პირის იდენტიფიკაციის ოქმი (ს.ფ.114-115).
3.3. 2017 წლის 4 ოქტომბერს შედგა „პირის იდენტიფიკაციის შემოწმების შესახებ“ ოქმი, რომლის თანახმად, პოლიციის თანამშრომლების მიერ საეჭვოდ იქნა მიჩნეული დ-----------------------, რაც გახდა გადამოწმების მიზნით მისი შეჩერების საფუძველი. დ---------------------–მა განაცხადა, რომ არ ჰქონდა პირადობის მოწმობა და განაცხადა, რომ ის არის დ-----------------------. მან განაცხადა უარი ვიზუალურ დათვალიერებაზე და არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. შესაბამისად, იდენტიფიკაციის მიზნით წარდგენილ იქნა შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, სადაც განხორციელდა მისი იდენტიფიცირება და აღმოჩნდა და-------–-----------------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 7-----------, მცხოვრები ქ.თბ--–-------–---------- მკ/რ, კორპუსი №--, ბინა №4. დადგენის შემდეგ გაშვებულ იქნა სახლში. აღნიშნულ ოქმში მითითებულია, რომ დ---------------------–მა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „პირის იდენტიფიკაციის შემოწმების შესახებ“ 2017 წლის 4 ოქტომბრის ოქმი (ს.ფ.116).
3.4. 2017 წლის 4 ოქტომბერს შედგა პირის ზედაპირული შემოწმების ოქმი, რომლის თანახმად, ღონისძიების ადრესატს წარმოადგენდა დ-----------------------. პირის იდენტიფიცირების დადგენის მიზნით გადამოწმებისას იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნა, დათვალიერდა ვიზუალურად, არ აღმოაჩნდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება. ოქმში მითითებული არ არის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმების მიზნით პირის შეჩერების საფუძველი. ღონისძიების დაწყების დროდ მითითებულია 12:03 წუთი, ხოლო ღონისძიების დამთავრების დროდ - 12:30. დ---------------------–მა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე და შენიშვნის სახით მიუთითა, რომ პოლიციელებმა გააჩერეს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოითხოვეს ჯიბეებიდან ნივთების ამოღება და ზურგჩანთის გახსნა, პოლიციელმა სცადა ფოტოს გადაღება, რაზეც გაუწია წინააღმდეგობა და არ მისცა ფოტოსურათის გადაღების საშუალება.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 4 ოქტომბრის პირის ზედაპირული შემოწმების ოქმი (ს.ფ.117-118).
3.5. დ---------------------–მა განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი სამმართველოს უფროსს და მოითხოვა 2017 წლის 4 ოქტომბრის 00:20-01:29 საათამდე პერიოდში მის შესახებ მოპოვებული და დამუშავებული ნებისმიერი ინფორმაცია, ასევე, მის მიმართ შედგენილი ნებისმიერ დოკუმენტი.
შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის 2017 წლის 16 ოქტომბრის წერილის თანახმად, დ---------------------–ს უარი ეთქვა განცხადებაში მოთხოვნილი საკითხის დაკმაყოფილებაზე. ასევე, ეცნობა, რომ მასალები ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში და მიეწოდება საქალაქო სასამართლოს, პირველივე მოთხოვნისთანავე.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ-----------------------ს განცხადება (ს.ფ.119);
- შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის 2017 წლის 16 ოქტომბრის წერილი (ს.ფ.120).
3.6. დ---------------------–მა შსს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე განახორციელა სატელეფონო შეტყობინება 2017 წლის 3 ოქტომბერს 23:57 საათზე, შეტყობინების თანახმად, დ---------------------–მა განაცხადა, რომ ქ.თბილისში ლ--------ას ქ----ში, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები უკანონოდ უღებენ ფოტოსურათს და უკანონოდ ჩხრეკენ, რის უფლებასაც თავად არ აძლევს.
2017 წლის 4 ოქტომბერს 02:06 საათზე შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დ---------------------–მა კვლავ განახორციელა ზარი და აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლებს არ მისცა ფოტოსურათის გადაღების და მისი ჩანთის გაჩხრეკის უფლება. ამასთან, წინააღმდეგობის გაწევისათვის იგი უკანონოდ გადაიყვანეს დი-----------ში მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც პოლიციის თანამშრომლები მოქმედებდნენ კანონის დარღვევით, არ დაუსახელეს გაჩერების და ფოტოსურათების გადაღების მიზეზი, არ შეადგინეს ჩხრეკის და დაკავების ოქმები, არ მისცეს დარეკვის საშუალება. ამასთან, მათ შეადგინეს მხოლოდ პიროვნების იდენტიფიცირების ოქმი, რაზეც მან ხელი არ მოაწერა, ასევე დრო არასწორად ჩაწერეს 01:00 საათი (განყოფილების შეყვანის დრო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მისი თქმით, მითითებულ დროზე გაცილებით ადრე შეიყვანეს), ასევე აღნიშნა, რომ განყოფილებაში მას უხეშად და აგდებულად მიმართეს, ხოლო 01:27 საათზე გამოუშვეს განყოფილებიდან. დ---------------------–მა მოითხოვა აღნიშნული ფაქტის გამოძიება.
დ---------------------–მა, ასევე, საჩივრით მიმართა შსს გენერალურ ინსპექციას და მოითხოვა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ბ---------------ისა და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ--------------------–ის მხრიდან განხორციელებული მოქმედებების კანონიერების შესწავლა. ასევე, მოითხოვა დაუყოვნებლივ გადაეცეს დიდუბე-ჩუღურეთის პირველ სამმართველოს ინსპექტორების მიერ შედგენილი პირის იდენტიფიკაციის ოქმის და მასთან დაკავშირებული საქმის მასალები. ამასთან, მოითხოვა შენახული და დაცული იქნას დასახელებული სამმართველოს გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეო-კამერების ჩანაწერები.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის №M------------- წერილი (ს.ფ.87);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 ოქტომბრის №M------------- წერილი (ს.ფ.88);
- დ-----------------------ს საჩივარი (ს.ფ.111-112);
3.7. დ---------------------–მა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ბ---------------ისა და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ--------------------–ის მხრიდან განხორციელებული მოქმედებების კანონიერების შესწავლა. ასევე, მოითხოვა დაუყოვნებლივ გადაეცეს დიდუბე-ჩუღურეთის პირველ სამმართველოს ინსპექტორების მიერ შედგენილი პირის იდენტიფიკაციის ოქმის და მასთან დაკავშირებული საქმის მასალები. ამასთან, მოითხოვა შენახული და დაცული იქნას დასახელებული სამმართველოს გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეო-კამერების ჩანაწერები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 19 ოქტომბრის №M------------- წერილის თანახმად, დ---------------------–ს გაეგზავნა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომელთა მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაცია. დამატებით ეცნობა, რომ სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული შესაძლო დარღვევების შესწავლის მიზნით, აღნიშნული წერილი გადაიგზავნა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. რაც შეეხება ქ.თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს, ეცნობა, რომ ვიდეომასალის მოძიებისა და დამუშავების მიზნით შესაბამის დანაყოფში გადაგზავნილ იქნა მოთხოვნა. შესაბამისად, მასალა გადაეცემა მისი მოპოვებისა და დამუშავებისთანავე.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ-----------------------ს საჩივარი (ს.ფ.80-81);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 19 ოქტომბრის №M------------- წერილი (ს.ფ.83).
3.8. დ---------------------–მა განცხადებით მიმართა შსს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსს და მოითხოვა შესწავლილ იქნას პირის იდენტიფიკაციის ოქმის კანონიერების საკითხი, რომელიც არ შემდგარა მისი თანდასწრებით. ასევე, მოითხოვა მისი სატელეფონო ნომრიდან განხორციელებული სატელეფონო ზარის აუდიო ჩანაწერი, რომელიც განხორციელდა 126-ზე 2017 წლის 4 ოქტომბერს 02:24 საათზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 31 ოქტომბრის №M------------- წერილის თანახმად, აღნიშნული წერილი გადაეგზავნა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ-----------------------ს განცხადება (ს.ფ.84-85);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 31 ოქტომბრის №M------------- წერილი (ს.ფ.86).
3.9. შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 2017 წლის 9 ოქტომბრის №M------------- წერილის თანახმად, 2017 წლის 4 ოქტომბერს ოპერატიულ მორიგე ჯგუფში იმყოფებოდნენ და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლები - უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ბ---------------ი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ--------------------–ი. დაახლოებით 00:05 საათისათვის დი-----------ში, ლ--------ასა და ჩ----ას ქუჩების კვეთაზე გადამოწმების მიზნით მათ მიერ შეჩერებულ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც წარუდგნენ სამსახურებრივ ფორმებში, გაეცნენ, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოსთხოვეს მას წარმოედგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. აღნიშნული პიროვნებისაგან მიიღეს უარი პირადობის მოწმობის წარმოდგენაზე და ვინაობის დასახელებაზე. მან პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომც ჰქონოდა პირადობის მოწმობა, მაინც არ აჩვენებდა. მისმა საქციელმა პოლიციის თანამშრომლებში გამოიწვია ეჭვი, ხომ არ იყო აღნიშნული პიროვნება ძებნილი ან რაიმე დანაშაულში მონაწილე, რაზეც პოლიციის თანამშრომლების მიერ, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მოხდა პიროვნების ფოტო გადაღება და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით შესთავაზეს მოქალაქეს პოლიციის განყოფილებაში წასვლა, რაზეც იგი თავდაპირველად იყო უარზე, ხოლო მოგვიანებით მან განაცხადა თანხმობა. დიდუბე-ჩუღურეთის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში მიყვანის შემდეგ, აღნიშნულმა პიროვნებამ განაცხადა, რომ იყო დ-----------------------, საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული პიროვნება ნამდვილად აღმოჩნდა და-------–-----------------–---–ი, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 0----------, მცხოვრები ქ. თბ--–------–---------------------------------------------------5, მისი გადამოწმება მოხდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით და ასევე შედგა პირის ზედაპირული შემოწმების ოქმი, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. ამასთან, პოლიციელების მხრიდან მიმართვა მოქალაქე დ-----------------------ს მიმართ იყო თავაზიანი, კანონის ფარგლების სრული დაცვით, არ ყოფილა არანაირი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა, მისი ვინაობის დადგენის შემდგომ დ----------------------- გაშვებულ იქნა პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 2017 წლის 9 ოქტომბრის №M------------- წერილი (ს.ფ.92-93);
3.10. 2017 წლის 6 ოქტომბერს დ---------------------–მა განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს და მოითხოვა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ბ---------------ისა და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ--------------------–ის მხრიდან განხორციელებული მოქმედებების კანონიერების შესწავლა. ასევე, მოითხოვა დაუყოვნებლივ გადაეცეს დიდუბე-ჩუღურეთის პირველ სამმართველოს ინსპექტორების მიერ შედგენილი პირის იდენტიფიკაციის ოქმის და მასთან დაკავშირებული საქმის მასალები. ამასთან, მოითხოვა შენახული და დაცული იქნას დასახელებული სამმართველოს გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეო-კამერების ჩანაწერები.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2017 წლის 20 ოქტომბრის №1--------- წერილით, შსს გენერალური ინსპექციას ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება - დაიწყო თუ არა სამსახურებრივი შემოწმება მოქალაქე დ-----------------------ს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე 2017 წლის 4 ოქტომბერს განხორციელებული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, დადებითი პასუხის შემთხვევაში ეთხოვა სამსახურებრივი შემოწმების შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ-----------------------ს 2017 წლის 6 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ.104-105);
- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2017 წლის 20 ოქტომბრის №1--------- წერილი (ს.ფ.102-103).
3.11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2017 წლის 26 ოქტომბრის №M------------- წერილის თანახმად, დ-----------------------ს განცხადების საფუძველზე შს სამინისტროს გენერალური ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შს სამინისტროს მოსამსახურეთა მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტმა დადასტურება ვერ ჰპოვა.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2017 წლის 26 ოქტომბრის №M------------- წერილი (ს.ფ.407);
- მი-----------ის 2017 წლის 16 ოქტომბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ.94-96);
- ბ---------------ის 2017 წლის 16 ოქტომბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ.97-99);
- დ--------------------–ის 2017 წლის 16 ოქტომბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ.100-101).
3.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 27 ოქტომბრის №M------------- წერილის თანახმად, დ-----------------------ს შეჩერების საფუძველი გახდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ასევე ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 27 ოქტომბრის №M------------- წერილი (ს.ფ.158-160);
3.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 დეკემბრის №M------------- წერილის თანახმად, დ-----------------------ს ზედაპირული შემოწმების საფუძველს წარმოადგენდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი, კერძოდ, არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ შეჩერებულ პირს თან ჰქონდა ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 დეკემბრის №M------------- წერილი (ს.ფ.161-162);
3.14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში დ-----------------------ს მონაცემების გადამოწმება მოხდა - 2017 წლის 3 ოქტომბერს 23:55:51 საათზე შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების (დი-----------ი) დეტექტივ-გამომძიებლის მიერ, 2017 წლის 4 ოქტომბერს 00:21:26 საათსა და 00:22:22 საათზე ამავე განყოფილების უფროსის მოადგილის/დეტექტივ-გამომძიებლის მიერ, 00:36:12 საათსა და 00:36:22 საათზე აღნიშნული სამმართველოს უფროსის მიერ, ხოლო 01:54:30 საათზე მოცემული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის მიერ.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი შსს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკიდან (ს.ფ.166)
3.15. 2017 წლის 6 ოქტომბერს დ---------------------–მა მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 8 იანვრის №გ----------- გადაწყვეტილებით დასრულდა დ-----------------------ს განცხადების განხილვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 60 დღის ვადაში დაევალა შეაფასოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების მიზნით სამინისტროს თანამშრომლების სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონებისა და ე.წ. მესენჯერების გამოყენების მიზანშეწონილობა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიიღოს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
გადაწყვეტილების თანახმად, სამინისტროს მიერ ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მონაცემების დამუშავების კანონიერებასთან დაკავშირებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქარველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“, „დ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტრომ, როგორც მონაცემთა დამმუშავებელმა, ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მონაცემებზე წვდომით განახორციელა დ-----------------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავება.
გადაწყვეტილების მიხედვით, განცხადების განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულებების და განმარტებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგ გარემოებები - 2017 წლის 03 ოქტომბრის დაახლოებით 23:52 საათიდან იმავე წლის 4 ოქტომბრის 00:05 საათამდე პერიოდში, ქ.თბილისში, ლ--------ას და ჩ----ას ქუჩის მიმდებარე ტეროტორიაზე, პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელდა დ-----------------------ს შეჩერება, რა დროსაც მოქალაქეს განუმარტეს, რომ იყვნენ შს სამინისტროს თანამშრომლები. სამინისტროს განმარტებით, სამინისტროს თანამშრომლების მიერ დ-----------------------ს შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ასევე, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. სამინისტროს თანამშრომლებმა დ---------------------–ს მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა, რაზეც მიიღეს უარი. განმცხადებელმა, ასევე, უარი განაცხადა სრულად დაესახელებინა თავისი ვინაობა. პირის იდენტიფიკაციის მიზნით შს სამინისტროს მიერ განხორციელდა დ-----------------------ს ფოტოსურათის გადაღება, თუმცა, ვინაიდან მან ხელი შეუშალა გადაღების პროცესს, ფოტოსურათის გამოყენება ვერ განხორციელდა მიზნის შესაბამისად და მოხდა მისი წაშლა. შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ დ-----------------------ს იდენტიფიკაციის მიზნით მისი მონაცემების პირველადი გადამოწმება სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მოხდა შეჩერების ადგილზე (გადამოწმების დრო: 03.10.2017, 23:55:51). სამინისტროს განმარტებით, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა ღონისძიების ადრესატის ადგილზე იდენტიფიკაცია, სამინისტროს თანამშრომლებმა დ---------------------–ს შესთავაზეს განყოფილებაში წასვლა, რაზეც იგი თავდაპირველად უარს აცხადებდა, ხოლო მოგვიანებით თანხმობა განაცხადა. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, დ---------------------–მა შს სამინიტროს თანამშრომლებს გაუმჟღავნა თავისი სახელი და გვარი. სამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული მონაცემების ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში ასახვის გზით (განყოფილებაში გადამოწმების დრო: 04/10/2017, 00:21:26; 04/10/2017, 00:22:22; 04/10/2017, 00:36:12; 04/10/2017, 00:36:22) განახორციელეს დ-----------------------ს სრული იდენტიფიცირება, რაზედაც შედგა პირის იდენტიფიკაციის შესახებ ოქმი. სამინისტროს განმარტებით, დ-----------------------ს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში გადამოწმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-20 მუხლის პირველი პუნქტი. პრევენციული ღონისძიების დასრულებისა და დ-----------------------ს განყოფილებიდან წამოსვლის შემდგომ, 2017 წლის 4 ოქტომბერს 01:54:30 საათზე, სამინისტროს თანამშრომლებმა კვლავ განახორციელეს განმცხადებლის მონაცემთა დამუშავება ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში. სამინისტროს განმარტებით, პერსონალური მონაცემები გადამოწმდა იდენტიფიკაციის ოქმში შეტანილი მონაცემების დაზუსტების მიზნით.
გადაწყვეტილების თანახმად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი მკაფიოდ და კონკრეტულად განსაზღვრავს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენებითაც უნდა განახორციელოს პოლიციელმა პირის იდენტიფიკაცია. ამასთან, აღნიშნული ჩამონათვალი არ მოიცავს პოლიციელის უფლებას, პრევენციული ღონისძიება - „პირის იდენტიფიკაცია“ განახორციელოს ცენტრალური საინფორმაციო ბანკში მონაცემების დამუშავების გზით. განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ სამინისტრომ, 2017 წლის 3 ოქტომბრის 23:55:51 საათიდან 2017 წლის 4 ოქტომბრის 00:36:22 საათის ჩათვლით პერიოდში, დ-----------------------ს იდენტიფიკაციის მიზნით, ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მონაცემებზე წვდომა განახორციელა ხუთჯერ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს პირის იდენტიფიკაციისათვის არ გამოუყენებია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები (გარდა ფოტოსურათის გადაღებისა, რომლის იდენტიფიკაციის მიზნით გამოყენება, მისივე განმარტებით, ვერ შეძლო). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული დ-----------------------ს იდენტიფიკაციის ღონისძიება არ შეესაბამება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შესაბამისად, ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა განხორციელდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. განცხადების განხილვის ფარგლებში ასევე, დადგინდა, რომ 2017 წლის 4 ოქტომბერს 01:54:30 საათზე სამინისტროს თანამშრომლებმა დამატებით განახორციელეს განმცხადებლის მონაცემთა დამუშავება ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში. სამინისტროს განმარტებით, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენდა იდენტიფიკაციის ოქმში შეტანილი მონაცემების დაზუსტება. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ 2017 წლის 4 ოქტომბერს 01:54:30 საათზე ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მონაცემთა დამუშავების მომენტისათვის განმცხადებლის იდენტიფიკაციის მიზნით მისი მონაცემები 2017 წლის 23 ოქტომბრის 23:55:51 საათიდან 2017 წლის 4 ოქტომბრის 00:36:22 საათის ჩათვლით პერიოდში ხუთჯერ იყო გადამოწმებული, ხოლო გადამოწმების შედეგად მოპოვებული მონაცემები ასახული იყო შესაბამის ოქმებში. სამინისტროსა და განმცხადებლის განმარტებით, პირს იდენტიფიკაციის შესახებ ოქმი შედგა მას შემდეგ, რაც განხორციელდა ღონისძიების ადრესატის ზუსტი იდენტიფიცირება. სამინისტროს მიერ შედგენილ იქნა პრევენციული ღონისძიების ამსახველი სამი ოქმი, რომლებშიც მონაცემთა სუბიექტის შესახებ მითითებული იყო იდენტური დემოგრაფიული მონაცემები. სამინისტროს მიერ დასრულებული იყო ყველა პრევენციულ ღონისძიება, ხოლო განმცხადებელი აღარ იმყოფებოდა განყოფილებაში. სამინისტროს მიერ ვერ იქნა არგუმენტირებული, თუ რამ განაპირობა დასრულებულ და ხელმოწერილ ოქმებში ასახული მონაცემების სიზუსტეში ეჭვის შეტანა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ 2017 წლის 4 ოქტომბერს 01:54:30 საათზე განმცხადებლის მონაცემების ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში წვდომის გზით დამუშავება არ განხორციელებულია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრომ 2017 წლის 4 ოქტომბერს 01:54:30 საათზე ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში დ-----------------------ს მონაცემები დაამუშავა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც ამავე კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
გადაწყვეტილების მიხედვით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართალდარღვევის ჩადენიდან გასულია ორ თვეზე მეტი, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ინსპექტორი მონაცემთა დამმუშავებელს ვერ დააკისრებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
გადაწყვეტილების თანახმად, სამინისტროს მიერ ფოტოსურათის გადაღების გზით მონაცემთა დამუშავების კანონიერებასთან დაკავშირებით განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულებების და განმარტებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: ქ.თბილისში, ლ--------ასა და ჩ----ას ქუჩის მიმდებარე ტეროტორიაზე, საპოლიციო ღონისძიების განხორციელების ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოკითხულმა დ---------------------–მა, მიუხედავად თანამშრომლების მოთხოვნისა, უარი განაცხადა დაესახელებინა თავისი ვინაობა და არ წარადგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; სამინისტროს თანამშრომლების მიერ მობილური ტელეფონის მეშვეობით განხორციელდა განმცხადებლის ფოტოგადაღება. სამინისტროს განმარტებით, გადაღებული ფოტოსურათის, შეჩერებული პირის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო, პირის იდენტიფიკაციისათვის იყო ბუნდოვანი და გამოუსადეგარი. შესაბამისად, ფოტოსურათის წაშლა მოხდა მისი გადაღებისთანავე. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“, „დ“. „ვ“. და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტრომ ფოტოზე აღბეჭდვის გზით განახორციელა დ-----------------------ს პერსონალური მონაცემების დამუშავება.
გადაწყვეტილების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ ფოტოსურათით პირის იდენტიფიკაციის წესის არარსებობა ხელს უწყობს არაერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვას, რაც თავის მხრივ წარმოშობს მონაცემების არამართლზომიერად, კანონით დადგენილი პრინციპების დარღვევით, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შელახვით დამუშავების საფრთხეს. ამასთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, სამინისტროს თანამშრომლების სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონების, ასევე, ინფორმაციის მიმოცვლისათვის ე.წ. „მესენჯერების“ გამოყენება, წარმოშობს მონაცემთა შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, შენახვის, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვის საფრთხეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სამინისტრომ, ერთი მხრივ შეიმუშავოს პირის იდენტიფიკაციის მიზნით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელების წესი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მონაცემთა დამუშავების კანონიერება, ხოლო, მეორე მხრივ, მონაცემთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეაფასოს ამ ღონისძიების ჩატარებისათვის თანამშრომლის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონისა და ე.წ. „მესენჯერების“ გამოყენების მიზანშეწონილობა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები მონაცემთა დამუშავების პროცესში უსაფრთხოების დასაცავად.
გადაწყვეტილების მიხედვით, სამინისტროს მიერ განმცხადებლის ინფორმირების განხორციელების კანონიერებასთან დაკავშირებით აღნიშნულია შემდეგი შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის 2017 წლის 16 ოქტომბრის წერილით დ---------------------–ს უარი ეთქვა განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადაცემაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სამმართველოს არ გააჩნდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი, შეეზღუდა განმცხადებლის უფლება, მიეღო მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, სამმართველო ვალდებული იყო მოეხდინა მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესით. აღსანიშნავია, რომ სამმართველო არის სამინისტროს სტრუქტურული ერთეული და შესაბამისად, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნტი თანამად, მონაცემთა დამმუშავებელის წარმოადგენს სამინისტრო.
გადაწყვეტილების მიხედვით, დ-----------------------ს მიერ 2017 წლის 6 ოქტომბრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია განმცხადებელს გაეგზავნა 2017 წლის 26 ოქტომბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ ადგილი ჰქონდა განმცხადებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განმცხადებლის ინფორმირების წესების დარღვევიდან გასულია ორ თვეზე მეტი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩადენის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ინსპექტორი მონაცემთა დამმუშავებელს ვერ დააკისრებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
გადაწყვეტილების მიხედვით, განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ სამინისტროს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 4 ოქტომბერს შედგენილი „პირის იდენტიფიცირების შემოწმების შესახებ“ ოქმში (ხელნაწერი ოქმი) მითითებულია განმცხადებლის მამის სახელი და საცხოვრებელი მისამართი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სამინისტრომ განმცხადებლის მამის სახელისა და საცხოვრებელი მისამართის შესახებ მონაცემები დაამუშავა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრინციპის დარღვევით, რაც ამავე კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და პასუხისგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამართალდარღვევის ჩადენიდან გასულია ორ თვეზე მეტი, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ინსპექტორი მონაცემთა დამმუშავებელს ვერ დააკისრებს „პერსონალურ მონაცემათა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ-----------------------ს საჩივარი (ს.ფ.34-35);
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 8 იანვრის №გ----------- წლის გადაწყვეტილება (ს.ფ.136-157);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 27 ოქტომბრის №M------------- წერილი (ს.ფ.158-160);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 დეკემბრის №M------------- წერილი (ს.ფ.161-162);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 12 დეკემბრის №M------------- წერილი (ს.ფ.163);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 3 იანვრის №M------------- წერილი (ს.ფ.164-165);
- ამონაწერი შსს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკიდან (ს.ფ.166).
3.16. 2018 წლის 11 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით მიმართა დ---------------------–მა და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დ-----------------------სათვის ინფორმირების წესის დარღვევაზე რეაგირება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 6 ივლისის №გ----------- გადაწყვეტილებით დასრულდა დ-----------------------ს ზემოაღნიშნული განცხადების განხილვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილების თანახმად, განცხადების განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგენილი გარემოებაა, რომ დ---------------------–მა სამინისტროს განცხადებით მიმართა 2018 წლის 30 აპრილს და მოითხოვა 2017 წლის 3 ოქტომბრიდან - 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით პერიოდში, სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების გადამოწმების წელის, თვის, რიცხვის, საათის, წუთის, წამის და გადამმოწმებელი პირის სამუშაო ადგილისა და თანამდებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად სამინისტრომ ინფორმაცია მოიძია და დაამუშავა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფიდან, რის შედეგადაც დ---------------------–ს საპასუხო წერილი გაუგზავნა 2018 წლის 31 მაისს. მოცემულ შემთხვევაში, სამინისტროს ეკისრებოდა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა, თუმცა განმცხადებელს პასუხი 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ გაეგზავნა, რაც ცალსახად წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესების დარღვევას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ნათელია, რომ სამინისტრომ მონაცემთა სუბიექტის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია გასცა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც ამავე კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს სამართალდარღვევას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 6 ივლისის №გ----------- გადაწყვეტილება (ს.ფ.277-283);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 31 მაისის №M------------- წერილი (ს.ფ.284-285);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 29 მაისის №M------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.286-287).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, 22-ე და 42-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მე-18, 413-ე, 1005-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-8, მე-9, მე-10, მე-12, მე-13, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 22-ე, 56-ე, 59-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
სასამართლო მოიხმობს, ასევე, სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“
6.2. სასამართლო მოიხმობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს.
მითითებული კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით დადგენილი ნორმებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტების (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომლის თანახმად, „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულება და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი, ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია სახელმწიფო/სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მოცემული სამივე კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ბ---------------ისა და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ--------------------–ის მიერ 2017 წლის 3 ოქტომბერს 23:53 წუთზე, დი-----------ში, ლ--------ასა და ჩ----ას ქუჩების კვეთაზე, ლ--------ას ქუჩა №---ში მდებარე P---ს აფთიაქთან, გადამოწმების მიზნით, შეჩერებულ იქნა დ-----------------------. 2017 წლის 4 ოქტომბრის 00:27 წუთზე დ----------------------- შევიდა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილებაში, ხოლო 2017 წლის 4 ოქტომბრის 01:40:18 საათზე მან დატოვა აღნიშნული განყოფილების შენობა.
დ-----------------------ს მიმართ 2017 წლის 4 ოქტომბერს შედგა პირის იდენტიფიკაციის ოქმი. აღნიშნული ოქმის მიხედვით ღონისძიების დაწყების დროდ მითითებულია 01:00 საათი, ხოლო ღონისძიების დამთავრების დროდ 01:30 საათი. ოქმში მითითებული არ არის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების გატარების საფუძველი.
2017 წლის 4 ოქტომბერს დ-----------------------ს მიმართ, ასევე, შედგა „პირის იდენტიფიკაციის შემოწმების შესახებ“ ოქმი, რომლის თანახმად, პოლიციის თანამშრომლების მიერ საეჭვოდ იქნა მიჩნეული დ-----------------------, რაც გახდა გადამოწმების მიზნით მისი შეჩერების საფუძველი. დ---------------------–მა განაცხადა, რომ არ ჰქონდა პირადობის მოწმობა და განაცხადა, რომ ის არის დ-----------------------. მან უარი განაცხადა ვიზუალურ დათვალიერებაზე და არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. შესაბამისად, იდენტიფიკაციის მიზნით წარდგენილ იქნა შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, სადაც განხორციელდა მისი იდენტიფიცირება და აღმოჩნდა და-------–-----------------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 7-----------, მცხოვრები ქ.თბ--–-------–---------- მკ/რ, კო----------, ბ-----. დადგენის შემდეგ გაშვებულ იქნა სახლში. აღნიშნულ ოქმში მითითებულია, რომ დ---------------------–მა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე.
2017 წლის 4 ოქტომბერს დ----------------------- მიმართ, ასევე, შედგა პირის ზედაპირული შემოწმების ოქმი, რომლის თანახმად, პირის იდენტიფიცირების დადგენის მიზნით გადამოწმებისას იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნა, დათვალიერდა ვიზუალურად, არ აღმოაჩნდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება. ოქმში მითითებული არ არის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმების მიზნით პირის შეჩერების საფუძველი. ღონისძიების დაწყების დროდ მითითებულია 12:03 წუთი, ხოლო ღონისძიების დამთავრების დროდ - 12:30.
სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებაზე, რომლის მიხედვით, პოლიციის პრევენციული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული რეალაქტის − გამოყენებით.
ამავე კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
მითითებული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს. საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, პოლიციელის მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს. კანონისმიერი დათქმის პრინციპის თანახმად, საპოლიციო ღონისძიების განხორციელება, რომელიც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.
ამავე კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს. პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
მითითებული კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პოლიცია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში. პოლიციელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს, განახორციელოს თუ არა საპოლიციო ღონისძიება. პოლიციელს მინიჭებული აქვს თავისუფლება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. საფრთხის აღკვეთისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიების არსებობისას საკმარისია ერთ-ერთის გამოყენება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ აღიარებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპებს. საპოლიციო ღონისძიება, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პოლიციის ფუნქციებია: ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს - სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის მთავარ ფუნქციას და მოვალეობას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა წარმოადგენს, რომელსაც იგი ახორციელებს პრევენციული საქმიანობის მეშვეობით. პრევენცია, თავის მხრივ კი ითვალისწინებს სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და აღკვეთას. ამ მოვალეობის შესრულებისას წარმოიშობა გარდაუვალი კონფლიქტი საზოგადოების უსაფრთხოებასა და ინდივიდის თავისუფლებას შორის. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიება უნდა განხორციელდეს ლეგიტიმურ საფუძველზე, თანაზომიერების პრინციპის დაცვით.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს: ა) პირის გამოკითხვა; ბ) პირის იდენტიფიკაცია; გ) პირის მოწვევა; დ) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; ე) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება; ვ) სპეციალური საპოლიციო კონტროლი; ზ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა; თ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა; ი) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება; კ) ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება; ლ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ: ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას; გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე; დ) პირს თან აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია; ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე; ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პირს უნდა განემარტოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, თუ ეს ხელს არ შეუშლის პოლიციას, შეასრულოს ამ კანონით დაკისრებული ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოკითხვის შემთხვევაში პირს ამ ღონისძიების განხორციელებამდე უნდა განემარტოს, რომ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, 1. პოლიციას უფლება აქვს, მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა იმავე პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან და პირის იდენტიფიკაცია აუცილებელია სამართალდარღვევათა პრევენციისათვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან. 2. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია: ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება; ბ) ფოტოსურათის გადაღება; გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება; დ) სიმაღლის გაზომვა; ე) ხმის ჩაწერა; ვ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება. 3. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა. 4. პოლიციელი პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. პირის იდენტიფიკაციის ოქმს ხელს აწერენ ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ღონისძიების ადრესატს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ: ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ბ) პირი იმყოფება ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს, 20 მეტრის რადიუსში; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმ ადგილზე, სადაც პირი იმყოფება, იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირები, იმალებიან ძებნილები ან შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა. მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს. აღნიშნული მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, პოლიციელი ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი, ხოლო ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების შემოწმების/დათვალიერების დროს ღონისძიების ადრესატის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში ოქმს ხელს აწერს მისი ოჯახის წევრი, ღონისძიების ადრესატის ოჯახის წევრის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში კი − მეზობელი. ოქმში უნდა მიეთითოს ღონისძიების მონაწილე პირები და ფაქტობრივი გარემოებები. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმზე ხელმომწერ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. თუ შეუძლებელია შესამოწმებელი/დასათვალიერებელი ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვინაობის დადგენა, პოლიციელი ამ მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებას ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მონაწილეობის გარეშე ახორციელებს.
„პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და ნივთის/სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანების №1 დანართით განსაზღვრულია იმ ინფორმაციის ნუსხა, რომელსაც უნდა შეიცავდეს პირის იდენტიფიკაციის ოქმი, კერძოდ, აღნიშნული ოქმი უნდა იქნას შეტანილი ინფორმაციას - ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ოქმის შედგენის ადგილი, ღონისძიების განხორციელების ადგილი, ოქმის შემდგენი (ღონისძიების გამტარებელი პოლიციელის სახელი, გვარი, თანამდებობა), პირის (ღონისძიების ადრესატის) - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების გატარების საფუძველი, პირის იდენტიფიკაციის მიზნით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების გატარებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, ოქმს თან ერთვის (პირის მაიდენტიფიცირებელი ან/და სხვა დოკუმენტები), ღონისძიების დაწყებისა და დამთავრების დრო, პირის (ღონისძიების ადრესატი) შენიშვნა, პირი (ღონისძიების ადრესატი) ხელმოწერა, ოქმის შემდგენი (ღონისძიების გამტარებელი პოლიციელი) ხელმოწერა.
აღნიშნული ბრძანების №3 დანართით განსაზღვრულია იმ ინფორმაციის ნუსხა, რომელსაც უნდა შეიცავდეს პირის ზედაპირული შემოწმების ოქმი, კერძოდ, აღნიშნული ოქმი უნდა იქნას შეტანილი ინფორმაციას - ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ოქმის შედგენის ადგილი, ღონისძიების განხორციელების ადგილი, ოქმის შემდგენი (ღონისძიების გამტარებელი პოლიციელის სახელი, გვარი, თანამდებობა), პირის (ღონისძიების ადრესატის) - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმების მიზნით პირის შეჩერების საფუძველი, ღონისძიების ფაქტობრივი გარემოებები, ღონისძიების ჩატარებისას გამოყენებული საშუალება, ღონისძიების დაწყებისა და დამთავრების დრო, პირის (ღონისძიების ადრესატი) შენიშვნა, პირი (ღონისძიების ადრესატი) ხელმოწერა, ოქმის შემდგენი (ღონისძიების გამტარებელი პოლიციელი) ხელმოწერა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 4 ოქტომბრის არც პირის ზედაპირული შემოწმების ოქმი და არც პირის იდენტიფიკაციის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას, რა საფუძვლით მოხდა დ-----------------------ს მიმართ ზემოაღნიშნული პრევენციული ღონისძიებების გატარება. თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 27 ოქტომბრის №M------------- წერილის თანახმად, დ-----------------------ს შეჩერების საფუძველი გახდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ასევე ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 4 დეკემბრის №M------------- წერილის მიხედვით, დ-----------------------ს ზედაპირული შემოწმების საფუძველს წარმოადგენდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი, კერძოდ, არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ შეჩერებულ პირს თან ჰქონდა ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენების თანახმად, დ----------------------- შეჩერებისა და გადამოწმების საფუძველი გახდა მის მიმართ წარმოშობილი ეჭვი, რომელიც ეფუძნებოდა დ-----------------------ს მიერ ერთი ტროტუარიდან მეორე ტროტუარზე გადასვლა-გადმოსვლას და მაღაზიის ვიტრინებში ყურებას.
სასამართლო განმარტავს, რომ მიმოსვლის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისუფლებაა, რომელიც არის ერთ-ერთი გარანტი ისეთი ფუნდამენტური უფლებათა განხორციელების, როგორიცაა ადამიანის ღირსება, თავისუფლება ან მისი თავისუფალი განვითარება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი პირის ანიჭებს უფლებას, დაუბრკოლებლად გადაადგილდეს და ამისათვის აირჩიოს მისთვის სასურველი დრო, გადაადგილების ფორმა, საშუალება და მარშრუტი. თუმცა საქართველოს კონსტიტუცია ასევე უშვებს აღნიშნული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ მოცემული დაკავშირებულია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროებასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, ჯანმრთელობის დაცვასთან, დანაშაულის თავიდან აცილებასა ან მართლმსაჯულების განხორციელებასთან. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მგავსი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს კანონის საფუძველზე და იმ ზომით, რომელიც აუცილებელია მთლიანად საზოგადოების ან საზოგადოების ნაწილისათვის, რათა მიღწეული იყოს სამართლიანი ბალანსი. სასამართლო მიუთითებს, რომ პოლიციამ არ უნდა განახორციელოს კანონით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიება, როდესაც მისი ინტენსიურობა ამ ღონისძიების განხორციელებით მიზნად დასახულ შედეგთან არაპროპორციულ დამოკიდებულებაში იქნება, ან როდესაც მისი თმენა ადრესატს არ მოეთხოვება. სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციამ არ უნდა ჩაატაროს პიროვნების საიდენტიფიკაციო ღონისძიება, თუ იგი საქმის მნიშვნელობასთან არაპროპორციულ დამოკიდებულებაშია. ამრიგად, არ უნდა მოხდეს მისთვის საიდენტიფიკაციო ღონისძიებათა ჩატარება, თუ არსებული საქმის ვითარებიდან გამომდინარე, ამისთვის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს. იმის განსაზღვრისთვის, შეესაბამება თუ არა პოლიციის მოქმედება თანაზომიერების მოთხოვნებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს პოლიციის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებული სიტუაცია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დ-----------------------ს შეჩერება გადამოწმების მიზნით, მისი პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში გადამოწმება, მისი ზედაპირული შემოწმება მოხდა თანაზომიერების პრინციპის დარღვევით, რადგან მოპასუხე ვერ ასაბუთებს გარემოებებს, რაც ნებას რთავდა პოლიციის ორგანოს ევარაუდა რაიმე სამართლებრივი სიკეთისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა.
სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ ოქმებში დაფიქსირებული ღონისძიებების დაწყებისა და დასრულების დროები არასწორადაა მითითებული, რადგან საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო მასალაზე ცალსახად ჩანს დ-----------------------ს მიმართ პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო 2017 წლის 3 ოქტომბრის 23:53 საათზე და იგი რეალურად დასრულდა 2017 წლის 01:40 საათზე. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში დ-----------------------ს მონაცემების გადამოწმება მოხდა 2017 წლის 3 ოქტომბერს 23:55:51 საათზე. შესაბამისად, არ არის დასაბუთებული, თუ რა საფუძვლით მოხდა დ-----------------------ს გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის 8 იანვრის №გ----------- გადაწყვეტილებაზე, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული დ-----------------------ს იდენტიფიკაციის ღონისძიება არ შეესაბამება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შესაბამისად, ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა განხორციელდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, რაც წარმოადგენს ამავე კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, სამინისტროს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 4 ოქტომბერს შედგენილი „პირის იდენტიფიცირების შემოწმების შესახებ“ ოქმში (ხელნაწერი ოქმი) მითითებულია განმცხადებლის მამის სახელი და საცხოვრებელი მისამართი. შესაბამისად, ცალსახაა რომ სამინისტრომ განმცხადებლის მამის სახელისა და საცხოვრებელი მისამართის შესახებ მონაცემები დაამუშავა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრინციპის დარღვევით, რაც ამავე კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ, სამართალდარღვევას და პასუხისგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
6.4. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ოქმი № 4-ის მე-2 მუხლით, რომლის პირველი პუქნტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აქვს ტერიტორიის ფარგლებში თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, აღნიშნულ უფლებებზე არ შეიძლება დაწესდეს რაიმე შეზღუდვა, იმათ გარდა, რომლებიც შეესაბამებიან კანონს და აუცილებლობას წარმოადგენენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის ხელშეწყობის, დანაშაულის აღმოფხვრის, ჯანმრთელობისა და ზნეობის და სხვათა უფლებების დასაცავად.
ამდენად, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვით ხელყოფილ იქნა მისი პირადი არაქონებრივი უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება. მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა დელიქტი, რომელსაც მოჰყვა ისეთი მორალური ზიანი, რომლის დადგომის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მის ანაზღაურებას.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.2015წ. №ბს-661-646 (2კ-14) გადაწყვეტილება).
ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული არაქონებრივი სიკეთის შელახვით გამოწვეული მორალური ზიანის კომპენაციისთვის ფაქტის კონსტატაციასთან ერთად უნდა მოხდეს მისი მატერიალური ანაზღაურებაც, თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხი, დაზარალებულის განცდების სიღრმე, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო, ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მხრიდან აღნიშნული უფლების ხელყოფას არ მოჰყოლია რაიმე მატერიალური ზიანი და არც მატერიალური ზიანის მიყენების განზრახვას ჰქონია ადგილი. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია. რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ნეგატიური განცდების შემსუბუქება და დადებითი ემოციების გამოწვევა.
სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლოს მიერ ფულადი ფორმით განისაზღვრება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6.67 (ექვსი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება, კერძოდ, კორესპონდენციის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის ხარჯის - 24 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ.23, 25, 28). საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება შესაბამისი ხარჯის გაწევა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის - 24 (ოცდაოთხი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დ-----------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ-----------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ-----------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურება 24 (ოცდაოთხი) ლარის ოდენობით.
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6.67 (ექვსი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე