განაჩენი

სისხლის სამართლის 10.05.2019
საქმის ნომერი
010100118002676051
დავის ტიპი
177 3 გ , 177 3 ა , 177 2 ა
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002676051

საქმე №1-929/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა----–----–---------ს

ბრალდებულის - დ----- გ------ის

ადვოკატების _ ს---–-------------–----------–-------------ის

 

მონაწილეობით, ბრალდებულ გ------- ჯ-–--–---–ის დასწრების გარეშე - დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171100918002 საქმე,1. ბრალდებულ დ----- გ------ის მიმართ

მამის სახელი: ზ----

დაბადებული: 21.07.1--- წელს

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ნასამართლობა: მქონე

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. გ--------------–----------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გ------------------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქ/პუნქტებით;

 

2. ბრალდებულ გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ

მამის სახელი: ვ-–---------

დაბადებული: 31.05.2--- წელს

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ნასამართლობა: არმქონე

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. გ--------------–---------–---

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქ/პუნქტებით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 04:25 საათზე, ქ. ბ------–-------------------ში, პირველ სართულზე არსებულ ა----------–----------ს დროებით საცხოვრებლ ბინაში უკანონო შეღწევით, გ------- ჯ-–--–---–ი და დ----- გ------ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ე-–----- ნ------–-–---ს, ა----------–----------ს და გ--–---------------ს კუთვნილ - სამგზავრო ჩემოდანს, „ასუსის“ ფირმის ორ ცალ ნოუთბუქს, „ნოკიას“ ფირმის მობილურ ტელეფონს, „ქენოსის“ ფირმის ფოტოაპარატს, კოსმეტიკას, ბიჟუტერიას, ვერცხლის ნივთებს, ფულად თანხასა და სხვა პირად ნივთებს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. ბრალდებულებმა დ----- გ------ემ და გ------- ჯ-–--–---–მა საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების არსის განმარტების შემდეგ, სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმნენ საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- გ------ის და გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათ ბრალეულობას, კერძოდ:

 

5. დაზარალებულების - გ--–---------------ს, ა----------–----------ს, ე-–----- ნ------–---ს, მოწმეების: ა-----------------------------------------–-----------------------------------------------------ის ჩვენებები, 2018 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 10 სექტემბერს შედგენილი, ბრალდებულ დ----- გ------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, 2018 წლის 11 სექტემბერს, დაზარალებულ გ--–---------------ს მონაწილეობით ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმები; 2018 წლის 11 სექტემბერს, დაზარალებულ ა----------–----------ს მონაწილეობით ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმები; 2018 წლის 11 სექტემბერს, დაზარალებულ ე-–----- ნ------–-–---ს მონაწილეობით ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმები; ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმები.

 

6. ქურდობა, ეს არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მესაკუთრის, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით დადგენილია, რომ ქურდობას ადგილი ჰქონდა ყველასგან ფარულად, ბინაში უკანონო შეღწევით, დაზარალებულების სახლში არყოფნისას და მათ არ მიუციათ თავისი კუთვნილი ნივთების წაღების უფლება .

 

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ჩამდენი პირი. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა სახეზე, როდესაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთებს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

8. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულების ე-–----- ნ------–-–---ს, ა----------–----------ს და გ--–---------------ს კუთვნილი ნივთები, ამ უკანასკნელების მფლობელობიდან გავიდა მათი ნების გარეშე. რომ არა პოლიციის თანამშრომელთა დროული ჩარევა და დანაშაულის აღკვეთა, ბრალდებულებს სრული შესაძლებლობა ექნებოდათ საკუარი შეხედულებისამებრ განეკარგათ ფარულად დაუფლებული ნივთები, რომელთა ღირებულება, საქმეში წარმოდგენილი, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების თანახმად, აღემატება 150 ლარს, შესაბამისად, სახეზეა ქმედებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქმეში წარმოდგენილი უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით, დადასტურდა ბრალდებულების გ------- ჯ-–--–---–ისა და დ----- გ------ის წინასწარშეთანხმებული მოქმედებები და ერთობლივი მონაწილეობა დანაშაულში.

 

10. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

11. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

12. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

13. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ----- გ------ის და გ------- ჯ-–--–---–ის ბრალდების დადასტურება.

 

14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

16. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

17. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

18. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

19. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

20. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

22. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა - გ------- ჯ-–--–---–მა და დ----- გ------ემ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :

 

23. გ------- ჯ-–--–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

24. დ----- გ------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

26. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

27. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

28. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

29. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

30. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

31. არარსულწლოვანი ბრალდებულის შემთხვევაში, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას. რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანა, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14-ე მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს და ეს გულისხმობს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ შეიძლება იქნეს გათვალისწინებული იმავე ხარისხით, როგორც სხვა გარემოებები.

 

32. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

33. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

34. სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

35. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

36. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

37. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

 

38. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

 

39. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით, განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

 

40. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- გ------ეს, რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულებისთვის, შესაბამისად, სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს დანაშაულის რეციდივისას სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;

 

41. ბრალდებულ გ------- ჯ-–--–---–ს, რომელიც არასრულწლოვანია, ამასთან, ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენამდე ნასამართლევი არ ყოფილა, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, უნდა შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელი არასარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

42. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულების საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მათთვის, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

43. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - დ----- გ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, რაც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში - უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ე-–----- ნ------–---ს პასპორტი და ა----------–----------ს პასპორტი და მართვის მოწმობა, რაც დაუბრუნდა მესაკუთრეებს, უნდა დარჩეს მათ კანონიერ მფლობელობაში; ა----------–----------ს, ე-–----- ნ------–---ს და გ--–---------------ს დაკითხვის სხდომის ოქმები, სამ ცალ CD-R დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით; ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თითის ანაბეჭდები და ბრალდებულ დ----- გ------ისგან აღებული თითის ანაბეჭდის ნიმუშები, უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული: გ------- ვ-–---------ს ძე ჯ-–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელი არასარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გ------- ჯ-–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 10 სექტემბრიდან 2018 წლის 11 სექტემბრამდე.

 

კონტროლი მსჯავრდებულ გ------- ჯ-–--–---–ის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

2. ბრალდებული დ----- ზ----ს ძე გ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით, დ----- გ------ის მიმართ (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქ/პუნქტით) დანიშნული პირობითი მსჯავრი - 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქას ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ----- გ------ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

დ----- გ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 სექტემბრიდან.

 

ნივთმტკიცებები - დ----- გ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ე-–----- ნ------–---ს პასპორტი და ა----------–----------ს პასპორტი და მართვის მოწმობა, რაც დაუბრუნდა მესაკუთრეებს - დარჩეს მათ კანონიერ მფლობელობაში; ა----------–----------ს, ე-–----- ნ------–---ს და გ--–---------------ს დაკითხვის სხდომის ოქმები, სამ ცალ CD-R დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით; ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თითის ანაბეჭდები და ბრალდებულ დ----- გ------ისგან აღებული თითის ანაბეჭდის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი