გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
330210018002748720
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34988-18

გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: ქ-------------–---–ი, პ/ნ 0----------

წარმომადგენელი: გ---------------–---–ი

მოპასუხე: გ----------------ი, პ/ნ 0----------

წარმომადგენელი: ე------------------–---–ი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გ----------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ი-------------–---–------------, სართული 2, საკადასტრო კოდი N-----------------------, და აღნიშნული უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს ქ-------------–---–ს.

 

1.2. გ----------------ს ქ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----- ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 720 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი ასევე შუამდგომლობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე.

 

მოსრჩელემ განმარტა, რომ მან სადავო ბინა 2----–-–----------------, საჯარო აუქციონზე შეიძინა და მის გაქირავებას გეგმავდა, რასაც მოპასუხის მიერ სადავო ბინის უკანონოდ ფლობის გამო ვერ ახერხებს. მოსარჩელე ბინის მოპასუხის მფლობელობიდან გათავისუფლებას და მოპასუხეზე ქირის დაკისრებას ითხოვს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი ფორმალური შესაგებლით არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. 2019 წლის 20 მარტს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხე არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელს სხდომის თაობაზე ეცნობა 2019 წლის 4 მარტს, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი სატელეფონო აქტი (ს.ფ. 106).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ქ-------------–---–ის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ი-------------–---–------------, სართული 2, საკადასტრო კოდი N-----------------------. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2----–-–----- ნოემბრი N--------- განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების მიღების შესახებ (ს.ფ. 37).

 

3.1.2. ქ-------------–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე გ----------------ი, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება (იხ. სარჩელი, შესაგებელი).

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების იჯარის ღირებულების შეფასების შესახებ დამოუკიდებელი შემფასებლის N---------- დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ნივთის ერთი თვის საბაზრო საიჯარო ღირებულება შეადგენს 720 აშშ დოლარს (ს.ფ. 38-69).

 

3.1.4. გ----------------ის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ----–-----ი, ა----–-----–----------------------–-----------–-----------------------–------------------------------–-----–-------------–---- ქუჩა, საკადასტრო კოდი N----------------, არასასოფლო-სამეურნეო, 832 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 91.18 კვ.მ. შენობა-ნაგებობით N1 და შენობა-ნაგებობებით N2 და N3 (ს.ფ. 81-82).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ვინაიდან მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, ხოლო, მოპასუხე ამ უძრავ ქონებას ნივთის ფლობის უფლების გარეშე ფლობს, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელის მოთხოვნას თანხის დაკისრების თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, განსახილველი სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი უძრავ ქონებას კანონიერად ფლობს. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ითხოვს სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის მფლობელობიდან გათავისუფლებას და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. მოსარჩელის მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, მოსარჩელის შუამდგლომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე საფუძვლიანია და სარჩელი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხეზე ყოველთვიურად მიუღებელი შემოსავლის სახით 720 აშშ დოლარის დაკისრება 2----–-–----- ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელე განმარტავს, რომ მას მატერიალური ზიანი ადგება, რადგან მოკლებულია შესაძლებლობას, შემოსავალი მიიღოს მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთის გაქირავების გზით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ ,№ ას-945-895-2015, 14 მარტი, 2016 წელი; აგრეთვე შდრ: სუსგ-ები#ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი; #ას-899-845-2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო ნივთი მოსარჩელემ 2----–-–----- ნოემბერს შეიძინა საჯარო აუქციონზე. საჯარო აუქციონზე, იძულებითი წესით რეალიზაციის შედეგად უძრავი ნივთის შეძენის შემთვევაში, შემძენს ვერ ექნება გონივრული მოლოდინი იმისა, რომ უძრავი ნივთის შეძენისთანავე, შემძენი ამ ნივთის თავისუფლად გამოყენებას, მათ შორის - გაქირავებას - შეძლებს, რადგან იძულებით აუქციონზე ბინის რეალიზაციის შემთხვევაში, შეძენილი ფართი ხშირად არ არის გათვისუფლებული წინა მესაკუთრეთა მფლობელობისგან. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს ვერ შეერაცხება მოსარჩელის მიმართ ისეთი ვალდებულების დარღვევა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მოპასუხეზე მიუღებელი ქირის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისთვის 2----–-–----- ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 720 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე მიუღებელი ქირის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე დასწრებული გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარეს საკუთრებაში აქვს ალტერნატიული უძრავი ნივთი (იხ. უდავო ფაქტობრივი გარემოება 3.1.4.). ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის კუთვნილი სადავო უძრავი ნივთით სარგებლობის შედეგად, მოსარჩელეს ქირის სახით ყოველთვიურად 720 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალის მიღების შესაძლებლობა ერთმევა. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს დამოუკიდებელი შემფასებლის შესაბამისი დასკვნა (ს.ფ. 38-67).

 

მითითებული გარემოებებისა და სარჩელზე წარმოდგენილი ფორმალური შესაგებლის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, ზემომითითებული 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 60 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით საქმეზე გადახდილი აქვს 2 355 ლარი. კერძოდ, სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2 305 (120+2185) ლარის ოდენობით, ხოლო, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი (ს.ფ. 18, 74, 83).

 

ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 ლარის ანაზღაურება, ხოლო 60 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 185 ლარიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 1 498.12 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ხოლო, 686.88 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 230-ე, 233-ე, 237-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 284-ე, 285-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მიღებულ იქნეს დასწრებულ-დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო და ქ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გ----------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ი-------------–---–------------, სართული 2, საკადასტრო კოდი N-----------------------, და აღნიშნული უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს ქ-------------–---–ს.

 

3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

4. გ----------------ს ქ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით.

 

5. ქ-------------–---–ს დაუბრუნდეს 60 ლარი გ---------------–---–ის მიერ 05/12/2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარიდან. გადახდის რეკვიზიტებია: საგადასახადო დავალება #0, სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

6. ქ-------------–---–ის მოთხოვნა მოპასუხე გ----------------ის მიმართ 2----–-–----- ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ლარში 720 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

7. ქ-------------–---–ს დაუბრუნდეს 1 498,12 ლარი (ათას ოთხას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და თორმეტი თეთრი) გ---------------–---–ის მიერ 01/02/2019 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 185 ლარიდან. გადახდის რეკვიზიტებია: საგადასახადო დავალება #0, სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22. დანარჩენი 686,88 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი.

 

8. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით. განემარტოს მოპასუხეს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

9. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საჩივრის შეტანის გზით, მოპასუხისთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და აღარ გასაჩივრდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა დასწრებული გადაწყვეტილება დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობს მის გასაჩივრებაზე, რაც დადასტურებულია მოსარჩელე მხარის ხელმოწერით.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე