განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119002813371
N1/18-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი
სხდომის მდივანი ანა ტეტუნაშვილი
სხდომის სახე დახურული სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - მარიამ ინდუაშვილი
კანონიერი წარმომადგენელი - მაგდანა ჯამბრიშვილი
ბრალდებული - კ--- ვ-----–ის ძე წ----–---, დაბადებული 2----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. გორი, ელიოზიშვილის ქ--------, ბინა N6, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გორი, ან–-----–--ის ქუჩა N-----------.
კვალიფიკაცია:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ კ--- წ----–---მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა.
2018 წლის 27 აგვისტოს, ღამის საათებში კ--- წ----–--ე რ---- კ----–---–ის კუთვნილი მიკროავტობუსიდან ფარულად დაეუფლა ,,-----------–--------ის“ პლასტიკურ ბარათს, რითაც ქ. გორში, მ–-------------------------ში მდებარე მაღაზია ,,დ---––ი“ უნებართვოდ შეაღწია რ---- კ----–---–ის კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში და მართლსაწინააღმმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა რ---- კ----–---–ის კუთვნილ თანხას 610 (ექვსას ათი) ლარის ოდენობით, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 8 აგვისტოს, დილის საათებში, კ--- წ----–--ემ გ------- ჯ-–--–---–თან ერთად წინასწარი შეანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს ქ. გორში, ც------–-----------–--–------ში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზია შპს ,,მ-----–---–ი“, საიდანაც ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ,,ა-------ს“ ფირმის მობილურ ტელეფონებს და მობილური ტელეფონების აქსესუარებს, რითაც დაზარალებულს მიადგებოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 4 954 (ოთხი ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი) ლარის ოოდენობით, კ--- წ----–--ის ქმედება აღკვეთილი იქნა შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის კ--- წ----–--- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
კ--- წ----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - გ------- ბ----–--ის, ნ---- ბ--–-–---–ის, ც----ა ნ------ის, ზ------ გ--------ის, მ--- მ------–---–ის, პაატა ბ----–----ის და გ------- ჯ-–--–---–ის, კ--- წ----–--ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოცხრილით, პლასტიკური ბარათის ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ვიდეო ჩანაწერები და პლასტიკურ ბარათზე თანხის მოძრაობის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია.
კ--- წ----–---მ, გამოძიების საწყის ეტაპზე, წარდგენილი ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, რითაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, კ--- წ----–---მ წარდგენილ ბრალდებაში ასევე ცნო თავი დამნაშავედ. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კ--- წ----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილი ბრალდებაში კ--- წ----–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალ უფლებას. ქურდობის შემადგენლობის არსებობისათვის, აუცილებელია, რომ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ნივთის მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ადგილი ექნება, ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა, დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხორციელდება სხვებისგან შეუმჩნევლად. ქურდობა, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, შედეგიანი დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლება სხვის მოძრავ ნივთს და რეალური შესაძლებლობა აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაული მაშინ ჩაითვლება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგება ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნება იგი გამოხატული. წინასწარი შეთანხმება ჯგუფის წევრებს შორის შეიძლება როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაში - ჟესტებსა და მიმიკებში გამოიხატოს. თუმცა, აუცილებელია სასამართლოში წარმოდგენილ იქნეს აღნიშნულის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებს ასეთი შეთანხმების არსებობას.
მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ კ--- წ----–--ის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. კ--- წ----–--ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზანს სხვისი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება წარმოადგენდა, რაც მან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენით სისრულეში მოიყვანა.
ამდენად, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ--- წ----–---მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ--- წ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
თავდაპირველად, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი, მისი განვითარების შესაბამისად, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, ამიტომ არ შეიძლება მათ ისევე მოეპყრან, როგორც ზრდასრულებს. როდესაც არასრულწლოვნები ხვდებიან მართლმსაჯულების სისტემაში, უფლებამოსილმა პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი განსხვავდებიან ზრდასრული ადამიანებისაგან მიუხედავად მათი სტატუსისა, იქნება ეს დაზარალებული, მოწმე თუ ბრალდებული. მისი უფლებების დაცვა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი მართლმსაჯულების სისტემაში მონაწილეობის მთლიან პროცესში. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მართმსაჯულების სისტემამ უნდა იხელმძღვანელოს „არასრულწლოვნის საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესის პრინციპით“, რომელიც გათვალისწინებულია „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3(1) მუხლით და რომელიც მოითხოვს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ყველა ეტაპზე, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს, უპირველესად გათვალისწინებული იყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. ეს კი გულისხსმობს საკითხის განხილვას არსებითი სამართლებრივი ნორმების მიღმა.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის (ბ) პუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში. თუმცაღა აღნიშნული მუხლი არ განსაზღვრავს, თუ რა იგულისხმება “დროის რაც შეიძლება შესაბამის მოკლე პერიოდში”. 18 წლამდე პირთა სასჯელის ვადა პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული იმ პერიოდის ხანგრძლივობასთან, რომელიც მიჩნეულია საკმარისად ბავშვის რეინტეგრაციისთვის და მის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო როლის შესრულებაში ხელშეწყობისათვის.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ხელმძღვანელობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესებით არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესები), რომლის თანახმად, 18 წლამდე პირს არ უნდა წაერთვას თავისუფლება, თუ ის არ არის ცნობილი დამნაშავედ სერიოზული ქმედების ჩადენაში სხვა პირის მიმართ ძალადობის გამოყენებით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევების არაერთხელ ჩადენაში და არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-7 მუხლს, რომლის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს. აგრეთვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის თანახმადაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
მოცემულ შემთხვევაში, კ--- წ----–---, ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენისას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა არასრულწლოვანს. ამდენად, სასჯელის დანიშვნის დროს, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო მხედველობაში იკღებს მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესის პრიორიტეტულობას და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
უპირველეს ყოვლისა, ყურადსაღებია კ--- წ----–--ის ქმედება დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან, გამოძიების საწყის ეტაპზე, სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მან თავი დამნაშავედ ცნო.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, სოციალური მუშაკისთვის არასრულწლოვნის შეფასება გართულდა, რადგან ვერ განხორციელდა მოზარდთან შეხვედრა, გასაუბრება და მასზე დაკვირვება. შეფასების ეტაპზე განხორციელდა ვიზიტი არასრულწლოვნის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ცხოვრობს ოჯახი, რომლის გადმოცემით ეს საცხოვრებელი სახლი შეიძინეს რამდენიმე თვის უკან, აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს არასრულწოვანი კ--- წ----–--- და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი. ამგვარად, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვერ განხორციელდა ინტერვიურება არასრულწოვან კ--- წ----–---სთან ან მისი ოჯახის რომელიმე წევრთან. წარმოდგენილი ანგარიში ძირითადად ეყრდნობა 2016 წელს მომზადებულ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რის გამოც რთულია არასრულწლოვნის საჭიროებების გამოვლენა, არასრულწლოვნისთვის სარეკომენდაციო პირობების შემუშავება და გარკვეული სარეაბილიტაციო პროგრამების შეთავაზება.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კ--- წ----–--ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულები მიეკუთვნება განზრახ ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიებს, რომლებიც სასჯელის სახედ ითვალისწინებენ თავისუფლების აღკვეთასაც. დანაშაულთა სიმძიმისა და ხასიათის, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების, მისი ცხოვრების წესის და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს კ--- წ----–--ის მიმართ გაავრცელოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესი (არასრულწლოვნისთვის კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა).
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, კ--- წ----–--ის განზრახ მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვლისწინებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც სრულად შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს - არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. ამასთან, ვინაიდან დანაშაულების ჩადენის დროს იგი იყო 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.
სასამართლოს აზრით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ, იმას, რომ ამ ეტაპზე მიზანშეუწონელია არასრულწლოვან კ--- წეველიძეს დანიშნული თავისუფლების აღკვეთა რეალურად მოიხადოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ კ--- წ----–---ს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს სამი წელი. ამასთან, არასრულწლოვნის მომავალი აღზრდისა და განვითარების სწორად წარმართვის მიზნით, მას უნდა დაუწესდეს დამატებითი მოვალეობები.
სასამართლოს აზრით, სასჯელის მოხდის ამგვარი წესი, დამატებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან ერთად, შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლოს მიერ შერჩეული კანონით გათვალისწინებული აღნიშნული შეღავათი არასრულწლოვნისთვის დამაფიქრებელი იქნება, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის 1-ლი, მე-3 მუხლებით, 37-ე მუხლის (ბ) პუნქტით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინური წესები’’) მე-5 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3, მე-4, მე-7, მე-14, მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 69-ე, 73-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით, 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
კ--- წ----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 40 (ორმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაეკისროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და კ--- წ----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად ჩათვლილია პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დადგენილია 3 (სამი) წელი და საბოლოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კ--- წ----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ კ--- წ----–---ს დაეკისროს შემდეგი მოვალეობების შესრულება:
· კ--- წ----–---ს დაევალოს, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;
· კ--- წ----–---ს, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება ყოველდღე, 20:00 საათიდან 08:00 საათამდე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლების და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე და მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.
4. მსჯავრდებულ კ--- წევილიძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
5. საქმზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ს/ს „ს----------–---------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია „1“ CD-R დისკზე, შპს „დ---–-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები „4“ ცალი CD-R დისკზე, ს/ს „ს----------–---------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია „1“ ცალ CD-R დისკზე, შპს „მ-----–----დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები „1“ ცალი CD-R დისკზე, ს/ს „ს---–-----იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები „1“ ცალი CD-R დისკზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
რ---- კ----–---–ისგან ამოღებული პლასტიკური ბარათი, კ--- წ----–--ის ჩხრეკისას ამოღებული მაისური და „ა-------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხუთი ცალი მობილური ტელეფონი, მობილური ტელეფონის ყუთები (7 ცალი) და აქსესუარები, გ------- ჯ-–--–---–ის პირადობის მოწმობა, ია კვარაცხელისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი „i--------“ რომელიც დალუქული სახით ინახება შსს გორის რაიონულ სამმარველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები გადატანილი 9 ცალ დაქტილოფირზე და მინის ნამტვრევი, კ--- წ----–--ისგან აღებული სუნის ნიმუში, ხელის ანაბეჭდის ნიმუში და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული სუნის ნიმუში, რომელიც ინახება შსს გორის რაიონულ სამმარველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი