გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.04.2019
საქმის ნომერი
010210118002404374
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210118002404374

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.04.2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე - სს ”ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - დ------–-----ე

მოპასუხეები - ი------–ი დ------ე, ნ--- დ------ე

წარმომადგენელი - რ-----------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. ი------– დ------ისა და ნ--- დ------ისათვის სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 10 767.17 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება, 16.12.2016 წლის #5048853 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

1.2. ი------– დ------ისათვის 10 603.97 ლარის ანაზღაურების დაკისრება სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, 09.03.2017 წლის #5428536 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

5. #5048853 და #5428536 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მიუთითა, რომ მოპასუხეებს ი------– დ------ეს და ნ--- დ------ეს 16.12.2016 წლის #5048853 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნდათ დავალიანება სს" ს----------–--------ის" წინაშე 11 238.88 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოპასუხე ი------– დ------ეს 09.03.2017 წლის #5428536 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 15197.4 ლარის ოდენობით, ხოლო 17.02.2017 წლის სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3331.80 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა (შეამცირა) მოთხოვნა და მოითხოვა ი------– დ------ისა და ნ--- დ------ისათვის სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 10 767.17 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება, 16.12.2016 წლის #5048853 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ხოლო 09.03.2017 წლის #5428536 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოითხოვა ი------– დ------ისათვის 10 603.97 ლარის ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხემ სრულად დაფარა სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე მხარემ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, კრედიტის ძირი თანხის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 16 დეკემბერს, სს „ს----------–--------სა" და ი------– დ------ეს შორის გაფორმდა #5048853 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8700 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის ვადა განისაზღვრა 36 თვით, წლიური 8.9 %-ის დარიცხვით. წლიური საკომისიო განისაზღვრა 2%-ით, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე დავალიანების 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- #5048853 საკრედიტო ხელშეკრულება;

 

3.1.2. 2016 წლის 16 დეკემბერს, სს „ს----------–--------სა" და ი------– დ------ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ნ--- დ------ესთან გაფორმდა #5048853-01 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სოლიდარულმა თავდებმა პირმა - ნ--- დ------ემ, იკისრა სრული პასუხისმგებლობა ი------– დ------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- #5048853-01 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

- განაცხადი თავდებობაზე;

 

3.1.3. 2017 წლის 9 მარტს სს „ს----------–--------სა“ და ი------– დ------ეს შორის გაფორმდა #5428536 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 5720 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა განისაზღვრა 24 თვით, თვეში 19.3 %-ის დარიცხვით. წლიური საკომისიო განისაზღვრა 2%-ით, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე დავალიანების 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- #5428536 ხელშეკრულება;

 

3.1.4. 2017 წლის 17 თებერვალს სს „ს----------–--------სა“ და ი------– დ------ეს შორის გაფორმდა სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით. სამომხმარებლო კრედიტის თანხით სარგებლობის საკომისიოს ოდენობა და გადახდის პერიოდულობა განისაზღვრა ათვისებული სამომხმარებლო კრედიტის თანხის სრულად დაბრუნებამდე, თვეში ერთხელ 50 ლარის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 4.10 ლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დღეის მდგომარეობით, მოპასუხე ი------– დ------ის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შესრულებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება;

- განაცხადი სამომხმარებლო კრედიტის მიღებაზე;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და შეთანხმებული გრაფიკების მიხედვით. მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მან დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სესხის გრაფიკები და სესხის დაფარვის პროგრამული ამონაწერები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- გაფრთხილების წერილის ასლები;

 

3.2.2. 16.12.2016 წლის #5048853 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი------– დ------ისა და ნ--- დ------ის დავალიანებამ, სარჩელის აღძვრამდე პერიოდში (18.04.2018 წ), შეადგინა 10 095.02 აშშ დოლარი, საიდანაც 8484.71 აშშ დოლარი ძირი დავალიანებაა, სარგებელი - 471.71 აშშ დოლარი, საკომისიო - 56 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1082.63 აშშ დოლარი.

 

მოპასუხე ი------– დ------ისა დავალიანებამ, #5428536 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდში (18.04.2018 წ) შეადგინა 10 603.87 ლარი, საიდანაც 5720 ლარი ძირი დავალიანებაა, სარგებელი - 1221.92 ლარი, საკომისიო - 104 ლარი, პირგასამტეხლო - 3557.95 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სესხის დაფარვის პროგრამული ამონაწერები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.2.3. 2016 წლის 16 დეკემბრის #5048853 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, 36 თვის მანძილზე გადასახდელი სარგებლის (%) საერთო ოდენობა გრაფიკის მიხედვით შეადგენდა 1211.71 აშშ დოლარს. მოპასუხის მიერ პროცენტის სახით გადახდილია 67.88 აშშ დოლარი, შესაბამისად, სხვაობა გადასახდელ და გადახდილ სარგებელს შორის შეადგენს 1143.83 აშშ დოლარს. (1211.71-67.88=1143.83)

 

2016 წლის 9 მარტის #5428536 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, 24 თვის მანძილზე გადასახდელი სარგებლის (%) საერთო ოდენობა გრაფიკის მიხედვით შეადგენდა 1261.73 ლარს. მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში მას სარგებელი მსესხებელს გადახდილი არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სესხის დაფარვის გრაფიკები;

- სესხის დაფარვის პროგრამული ამონაწერები;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილების ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული საკითხები დგინდება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებითა და მისივე ახსნა-განმარტებით. ასევე მოპასუხე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ აღიარებით. რაც შეეხება მოპასუხე მხარის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 286, 289-ე, 301-ე, 319-ე, 115-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-892-ე, 895-ე, 896-ე, 898-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, არ უზრუნველყო კრედიტისა და დარიცხული სარგებლის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხისა და საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა რის გამოც მოსარჩელემ გამოხატა ნება საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტისა და წარმოშობილი დავალიანების დაფარვის დაკისრება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები მოცემულია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლში. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობს თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულება წყდება თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშვნაც.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი------– დ------ემ მოსარჩელე კომპანიისაგან აიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, კომპანიაში თანხა შეეტანა იმ პირობების დაცვით, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თუმცა მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. დადგენილია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მან საერთოდ შეწყვიტა სესხის დაფარვა და მოსარჩელის მხრიდან, გაფრთხილებისა თუ თანხის დროული დაფარვის შესახებ მოწოდების მიუხედავად, ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაერთხელ დარღვევის ფაქტი, მოსარჩელეს ანიჭებდა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებს.

 

6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილებები, რასაც შედეგი არ მოყოლია. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს სესხის თანხის სრულად დაბრუნება.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი და შეთანხმება საკომისოს შესახებ. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი და დაზღვევის თანხა, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს სესხზე დარიცხული სარგებელი და შეთანხმებული საკომისიო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოება, რომ საკრედიტო ხელშეკრულებათა შეწყვეტის მომენტისათვის ი------– დ------ის დავალიანება სს „ს----------–--------ის“ მიმართ, კრედიტის ძირი თანხის, მასზე დარიცხული სარგებლისა და საკომისიოს სახით შეადგენდა:

 

1) 16.12.2016 წლის #5048853 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი დავალიანება - 8484.71 აშშ დოლარი; სარგებელი - 471.71 აშშ დოლარი, საკომისიო - 56 აშშ დოლარი,2) 09.03.2017 წლის #5428536 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი დავალიანება - 5720 ლარი; სარგებელი - 1221.92 ლარი, საკომისიო - 104 ლარი,3) 17.02.2017 წლის სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი დავალიანება - 1000 ლარი, საკომისიო - 700 ლარი,რომელთა ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე ი------– დ------ეს.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ასევე მოიცავს საკრედიტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით სახელშეკრულებო ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ის მიიღებდა სარგებელს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით ხელშეკრულებათა მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე. მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა უხეშად დარღვევის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება. შესაბამისად, მოესპო საშუალება მიეღო სარგებელი შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვადამდე შეწყვიტა რა საკრედიტო ხელშეკრულება, მიიღო მატერიალური ზიანი იმ სარგებლის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 16.12.2016 წლის #5048853 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 1143.83 აშშ დოლარს, ხოლო #5428536 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 1261.73 ლარს, რასაც სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის 16 დეკემბრის #5048853 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, 36 თვის მანძილზე გადასახდელი სარგებლის (%) საერთო ოდენობა გრაფიკის მიხედვით შეადგენდა 1211.71 აშშ დოლარს. მოპასუხის მიერ პროცენტის სახით გადახდილია 67.88 აშშ დოლარი, შესაბამისად, სხვაობა გადასახდელ და გადახდილ სარგებელს შორის შეადგენს 1143.83 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხიდან 471.71 აშშ დოლარი წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხულ საპროცენტო დავალიანებას, (რომლის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა კმაყოფილდება სრულად). შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მისაღები საპროცენტო სარგებელი შეადგენს 672.12 აშშ დოლარს, რაც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების ფარგლებში სარგებლის სახით მიუღებელ შემოსავალს, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

2017 წლის 9 მარტის #5428536 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, 24 თვის მანძილზე გადასახდელი სარგებლის (%) საერთო ოდენობა გრაფიკის მიხედვით შეადგენდა 1261.73 ლარს. მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში მას სარგებელი მსესხებელს გადახდილი არ აქვს. ამასთან, ამ თანხიდან 1221.92 ლარი წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხულ საპროცენტო დავალიანებას, (რომლის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა კმაყოფილდება სრულად). შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მისაღები საპროცენტო სარგებელი შეადგენს 39.91 ლარს, რაც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების ფარგლებში სარგებლის სახით მიუღებელ შემოსავალს, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და ნ--- დ------ესთან გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხე ნ--- დ------ემ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სრული პასუხისმგებლობა ი------– დ------ის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, საკომისიოსა და პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლით. ამდენად, თავდებმა პირმა სრულად უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის. შესაბამისად ნ--- დ------ეს 16.12.2016 წლის #5048853 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება უნდა დაეკისროს ი------– დ------ესთან სოლიდარულად.

 

6.5. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ასევე მოიცავს მოპასუხეთათვის სარჩელის აღძვრამდე პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის ანაზღაურების დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების (საკრედიტო პროდუქტების საერთო მოცულობის) 0.5 %-ის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - საკრედიტო პროდუქტების საერთო მოცულობის 0.5 %-ის ოდენობით. წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში,1) 16.12.2016 წლის #5048853 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს 108.26 აშშ დოლარით,2) 09.03.2017 წლის #5428536 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 355.79 ლარით

3) 17.02.2017 წლის სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 163.18 ლარით.

ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს 10-ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6.5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები და დაადგინა, რომ მხარეები, 16.12.2016 წელსა და 09.03.2017 წელს გაფორმებული #5048853 და #5428536 საკრედიტო ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. სარჩელის საფუძველზე მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების საფუძველზე გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულებათა ნაწილში უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ამასთან ვინაიდან მოსარჩელემ შეამცირა სარჩელის მოთოვნა, ხოლო მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელეს შესატყვისი პროპორციული ოდენობით უნდა დაუბრუნდეს ბაჟის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 და მესამე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად.

 

კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 1070.88 ლარი. საიდანაც #5048853 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის - 11238.88 აშშ დოლარის ნაწილში მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 515 ლარი. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა 471 აშშ დოლარით, ხოლო მოპასუხემ ცნო მოთხოვნა კრედიტის ძირი დავალიანების - 8484.71 აშშ დოლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს შესატყვისი ოდენობით სახელმწიფო ბაჟი, რაც შეადგენს 410.38 ლარს. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 104.62 ლარის ოდენობით.

 

#5428536 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელემ გადაიხადა 455.92 ლარი, მოსარჩელემ თავდაპირველი მოთხოვნა 15 197.4 ლარი შეამცირა 10603.97 ლარამდე, ხოლო მოპასუხემ ცნო მოთხოვნა 5720 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 309.40 ლარი, ხოლო მოპასუხე ი------– დ------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 146.52 ლარი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ასევე შეამცირა მოთხოვნა სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილის შესატყვისი სახელმწიფო ბაჟი - 99,96 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ ასევე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, სარჩელის უზრუნველსაყოფად, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე ი------– დ------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლითაც ი------–ი დ------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, (მდებარე - ქობულეთი, დაბა ჩ----, სოფელი ს----–--–ო, საკადასტრო კოდი 2-----------) მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ”ს----------–--------ის” მოთხოვნა.

 

2. მოპასუხეებს ი------–ი დ------ეს და ნ--- დ------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, 16.12.2016 წლის #5048853 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ 9792.80 აშშ დოლარის ანაზღაურება, საიდანაც 8484.71 აშშ დოლარი - ძირი დავალიანებაა, 471.71 აშშ დოლარი - სარგებელი, 56 აშშ დოლარი - საკომისიო, 108.26 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო, ხოლო 672.12 აშშ დოლარი - სარგებლის სახით მიუღებელი შემოსავალი.

 

3. მოპასუხე ი------–ი დ------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 09.03.2017 წლის #5428536 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს 7441.52 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი დავალიანებაა - 5720 ლარი; სარგებელი - 1221.92 ლარი, საკომისიო - 104 ლარი, პირგასამტეხლო - 355.79 ლარი, 39.81 ლარი სარგებლის სახით მიუღებელი შემოსავალი.

 

4. მოპასუხეებს ი------– დ------ეს და ნ--- დ------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 104.62 ლარის ანაზღაურება სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ.

 

5. მოპასუხე ი------– დ------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 146.52 ლარის ანაზღაურება სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ. მასვე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ.

 

6. სს "ს----------–--------ს", სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 17.04.2018 წელს, საგადახდო დავალება #4211-ით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1070.88 ლარის ნაწილი - 819.74 ლარის ოდენობით, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300693150.

 

7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი