გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2019
საქმის ნომერი
080210016001404558
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1189-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.04.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე (მოპასუხე) - შპს ,, ტო-----------------ი’’

წარმომადგენელი - ი-----–ი ლე----–---–ი

მოპასუხე (მოსარჩელე) - ი/მ დ----- ჩ-------ა

წარმომადგენელი - ა--------ლ ბუ--------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - მიყენებული ზარალის, ზიანის და პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1.ინდ/მეწარმე დ----- ჩ-------აზე, შპს ,,ტო-----------------ი“-ს სასარგებლოდ, ტვირთის გადაზიდვის ღირებულების 8738.88 (რვა ათას შვიდას ოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის გადასახდელად დაკისრება.

 

დავის არსი:

 

2015 წლის 16-20 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ადგილზე აწონვის გარეშე, შპს ,,ტო-----------------ი’’-მა მოახდინა ინდ. მეწარმე დ----- ჩ-------ას კუთვნილი ტვირთის, კერძოდ 22, 350. 0 კგ-მი თხილის გადაზიდვა ქუთაისიდან იტალიაში, საიდანაც დ----- ჩ-------ას მითითებით 22, 000 კგ-ს შეადგენდა თხილი, 350 კგ-ს ტარა. მხარეები შეთანხმდნენ ტვირთის გადაზიდვის ღირებულებაზე 8738.88 ლარზე.

 

იტალიაში, ქ, ნაპოლი, ადგილზე საწყობში შესვლისას ტვირთის მიმღების მიერ დატვირთული მანქანა აიწონა და საერთო წონამ შეადგინა 37, 260.00 კგ. დაცლის შემდეგ ავტომანქანა კვლავ აიწონა და ცარიელი ავტომანქანის წონამ შეადგინა 14, 900.00 კგ. რაც მიუთითებს იმაზე, რომ იტალიაში ადგილზე საწყობში ნამდვილად დაიცალა 22 350 კგ. ტვირთი. მიუხედავად აღნიშნულისა, ინდ. მეწარმე დ----- ჩ-------ას მტკიცებით, ადგილზე დაცლისას ტვირთს აკლდა 442 კგ. თხილი და ამ მოტივით უარს აცხადებს ტვირთის გადაზიდვის ღირებულების გადახდაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე, ინდ მეწარმე ,,დ----- ჩ-------ა“-მ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა შეგებებული სარჩელი.

 

2.2. შეგებებული სარჩელი:

 

2.2.1. მოპასუხე შპს ,,ტო-----------------ზე“, ინდ/მეწარმე დ----- ჩ-------ას სასარგებლოდ, პირდაპირ მიყენებული 3094 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლო ზარალის 50% - 1547 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის, და ზიანის - 3094 აშშ დოლარის 5% 154,7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, პრეტენზიის წარდგენიდან 2016 წლის 22 მარტიდან, გადასახდელად დაკისრება.

 

დავის არსი შეგებებული სარჩელით:

 

სამოქალაქო კოდექსის 672-2 მუხლის შესაბამისად, ი.მ დ----- ჩ-------ამ ხელშეკრულება გააფორმა მოპასუხე შპს „ტო-----------------“-თან 01.10.2015 წელს, რომლითაც შპს „ტო-----------------ს“ უნდა უზრუნველყო ტვირთის სრულყოფილი და უსაფრთხო ჩატანა იტალიაში და მიმღებისთვის ჩაბარება. მოპასუხემ ხელი მოაწერა ტვირთის მიღებას და რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია. ტვირთი აიწონა საქართველოს საზღვარზე 21.10.2012 წელს და მისი საერთო წონა იყო 37,350 კილოგრამი, თუმცა იტალიაში ტვირთის მიღებაზე გადაცემისას აწონვის დროს გამოვლინდა დანაკლისი 442 კგ-ის ოდენობით, რაზეც გადამზიდავს არ მიუწოდებია დამკვეთისათვის ინფორმაცია, ისე მოაწერა ხელი ტვირთის დანაკლისის შესახებ შედგენილ დოკუმენტს, რომლის საფუძველზე მიმღებმა არ გადაუხადა ი.მ დ----- ჩ-------ას დანაკლისის თანხა 3094 აშშ დოლარი.

 

2.2.2. შეგებებული სარჩელზე მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2015 წლის 16-20 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ადგილზე აწონვის გარეშე, შპს „ტო-----------------მა“ მოახდია ი.მ დ----- ჩ-------ას კუთვნილი ტვირთის, თხილის გადაზიდვა იტალიაში, საიდანაც მისი მითითებით 22,000.00 კგ-ს შეადგენდა თხილი, ხოლო 350 კგ-ს ტარა. თხილი დაიტვირთა მანქანაში ჩადებულ 22 ცალ ბიგბეგში (ერთტონიან ტომრებში) ხელით, ვედროების გამოყენებით.

 

2015 წლის 21 ოქტომბრის აწონვით, სარფში, ავტომანქანის საერთო წონამ შეადგინა 37.350 კგ. 2015 წლის 30 ოქტომბრის აწონვის საერთო წონა იყო 37.260 კგ, აქედან ავტომანქანის წონა 14.000 კგ, ანუ სხვაობა 22.360 კგ. იტალიაში ადგილზე საწყობში შესვლისას ტვირთის მიმღების მიერ დატვირთული ავტომანქანა აიწონა და წონამ შეადგინა 37.260 კგ. საწყობში ავტომანქანა კვლავ აიწონა და მისმა წონამ ტვირთის გარეშე შეადგინა 14.900 კგ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადგილზე ნამდვილად დაიცალა 22,360.00 კგ ტვირთი (თხილი ტარასთან ერთად). გადამზიდველმა უკლებლივ ჩაიტანა და ჩააბარა ადრესატს ტვირთი, რასაც ადასტურებს იმით, რომ საქართველოში საბაჟოზე ტვირთის შემოწმების დროს, ავტომანქანის ძარაზე დადებული ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ი.მ დ----- ჩ-------ას ინვოისის მიხედვით, თხილის გულის წონად მითითებულია 22.000 კგ, ხოლო ტარის წონად 350 კგ, რაც საერთო ჯამში წონის გათვალისწინებით, სრულად ჩაბარდა ტვირთის მიმღებს.

 

დატვირთვის შემდეგ, ავტომანქანა დადგენილი წესის თანახმად, საბაჟო სამსახურის მიერ ქალაქ ფოთში დაილუქა და დაურღვეველი ლუქით ჩავიდა დანიშნულების ადგილზე, სადაც მოხდა ტვირთის დაცლა, რაც გზაში ტვირთის ხელყოფას გამორიცხავს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 2015 წლის 20 ოქტომბერს, შპს ,,ტო-----------------ი’’-მა ქ. ქუთაისში, ინდ. მეწარმე დ----- ჩ-------ას მოთხოვნის საფუძველზე, კუთვნილ სატვირთო ავტომანქანაში მოახდინა ტარასთან ერთად 22,350 კგ. თხილის დატვირთვა.

მტკიცებულება: 2016 წლის 01 ოქტომბრის ინვოისი (ტ.1. ს.ფ. 17-19).

3.2.1. ტვირთის გადაზიდვის ღირებულება შეადგენდა 8, 738. 88 ლარს;

მტკიცებულება: 2015 წლის 16 ოქტომბრის ანგარში N1/9316 (ტ.1. ს.ფ. 23)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ინდ. მეწარმე დ----- ჩ-------ა უარს აცხადებს ტვირთის გადაზიდვის ღირებულების გადახდაზე იმ მოტივით, რომ იტალიაში ადგილზე ტვირთის დაცლისას, აღმოჩნდა 442 კგ. თხილის გულის დანაკლისი.

მტკიცებულება: 2016 წლის 22 მარტის წერილი (ტ.1. ს.ფ. 24)

3.2.2. აღნიშნული სატვირთო ავტომანქანის საერთო წონა საქართველოს-თურქეთის საზღვრის გადაკვეთისას შეადგენდა 37, 350 კგ.

თურქეთი-საბერძნეთის საზღვრის კვეთისას-37.370 კგ-ს, ხოლო იტალიაში მიმღები საწარმოს სასწორის მონაცემებით, დაცლამდე ავტომანქანის საერთო წონა შეადგენდა 37,260 კგ-ს, ხოლო დაცლის შემდეგ ავტომანქანის წონამ შეადგინა 14, 900.00 კგ.-ს.

მტკიცებულება: საერთაშორისო სასაქონლო ზედდებული; ინფორმაცია წონის შესახებ; (ჩMღ ) (ტ.1.ს.ფ. 18-22).

2.2.3. მოწმედ დაკითხულმა ზურაბი ფოლადაშვილმა განმარტა, რომ მძღოლად მუშაობს შპს ,,ტო-----------------ში“. მითითების საფუძველზე ჩავიდა ქ. ქუთაისში, სადაც ორი დღის განმავლობაში დაიტვირთა თხილით, რომლის წონა ინვოისის მიხედვით იყო 22.000 კილოგრამი თხილის გული, ხოლო ტარის წონად მითითებული იყო 350 კგ.

მოწმის განმარტებით, დ----- ჩ-------ა თხილის დატვირთვას არ ესწრებოდა.

ზურაბ ფოლადაშვილმა განმარტა, ტვირთი არ აწონილა ქ. ქუთაისში, ანუ ცალკე თხილის გულის აწონვა არ განხორციელებულა. მას უთხრეს მხოლოდ საერთო წონა, ხოლო ამის შემდეგ, მანქანის სრულად აწონვა განხორციელდა ფოთის საბაჟოზე,მოწმის განმარტებით, ავტომანქანა აწონვის შემდეგ დაილუქა ქალაქ ფოთში. სარფის საბაჟო პუნქტის გავლისას დაფიქსირდა იგივე წონა, ავტომანქანა აიწონა ასევე საბერძნეთში შესვლისას და გასვლისას. იტალიაში ქ. ნაპოლში, თხილი აიწონა პალეტების გარეშე და დანაკლისმა შეადგინა 442 კილოგრამი. მას დანაკლისზე ხელი არ მოუწერია. სხვაობა გამოწვეული შეიძლება იყოს იმით, რომ ადგილზე, ქუთაისში შემკვეთს არ აუწონია პალეტები (სადგარი), მან სრულად ჩაიტანა იტალიაში ქუთაისში დამკვეთისგან მიღებული ტვირთი.

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.4. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს დამკვეთის მიერ გადაცემული ტვირთის, დანიშნულების ადგილზე (იტალია, ნაპოლი) სრულად მიტანის კანონიერების შემოწმება.

 

სწორედ, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მოტივით აღიძრა სარჩელი.

მითითებული ფაქტის დადგენაზეა დამოკიდებული შეგებებული სარჩელის ბედი, რადგან მოპასუხემ, სწორედ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით აღძრა სარჩელი.

 

სასამართლო სრულად იზიარებს შპს ,,ტო-----------------ი“-ს წარმომადგენელის მოსაზრებას სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე უსაფუძვლოდ ამბობს უარს გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე, რადგან ი.მ დ----- ჩ-------ას ინვოისის მიხედვით, თხილის გულის წონად მითითებულია 22.000 კგ, ხოლო ტარის წონად 350 კგ, რაც საერთო ჯამში წონის გათვალისწინებით, სრულად ჩაბარდა ტვირთის მიმღებს. დატვირთვის შემდეგ, ავტომანქანა დადგენილი წესის თანახმად, საბაჟო სამსახურის მიერ, ქალაქ ფოთში დაილუქა და მთლიანი ლუქით ჩავიდა დანიშნულების ადგილზე, სადაც მოხდა ტვირთის დაცლა, რაც გზაში ტვირთის ხელყოფას გამორიცხავს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ შპს ,,ტო-----------------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ი/მ დ----- ჩ-------ას უარი უნდა ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 668-ე, 669-ე, 686-ე 687-ე მულები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი დავა გამომდინარეობს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 672-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია გადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით, გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

 

იმავე კოდექსის 686-ე მუხლის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი შეიცავს გადამზიდავის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებს და ამ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება გადამზიდავს სკ 687-ე მუხლის თანახმად.

 

მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით, მხარეები სადავოს არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 16-20 ოქტომბერს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ადგილზე აწონვის გარეშე, შპს ,,ტო-----------------მა“ მოახდინა ინდ. მეწარმე დ----- ჩ-------ას კუთვნილი ტვირთის, კერძოდ 22, 350. 000 კგ თხილის გადაზიდვა ქუთაისიდან იტალიაში, საიდანაც დ----- ჩ-------ას მითითებით, 22, 000.00 კგ-ს შეადგენდა თხილის გული, 350 კგ-ს ტარა. მხარეები შეთანხმდნენ ტვირთის გადაზიდვის ღირებულებაზე - 8738.88 ლარზე.

 

6.3. სადავოა, იტალიაში, ქ, ნაპოლიში, ადგილზე საწყობში შესვლისას ტვირთის მიმღების მიერ დატვირთული მანქანა აიწონა და საერთო წონამ შეადგინა 37, 260 კგ. დაცლის შემდეგ ავტომანქანა კვლავ აიწონა და ცარიელი ავტომანქანის წონამ შეადგინა 14, 900 კგ. სხვაობა 442 კგ.

 

ამდენად, სადავოა, რა რაოდენობის თხილის გულით დაიტვირთა ავტომობილი ქ. ქუთაისში, რომელიც აიწონა და დაილუქა ქალაქ ფოთის საბაჟოზე, ხოლო შემდგომი აწონვისას, შპს „საბაჟო და ტურიზმის წარმოების“ სარფის ფილიალის მიერ, ასევე საბერძნეთში შესვლისას და გასვლისას დაფიქსირდა იგივე წონა.

 

მხარეთა შორის 2015 წლის 01 ოქტომბერს გაფორმებული გადაზიდვის ხელშეკრულებით (ინვოისის N 06-2015; კონტრაქტის N 1610-1621) ტვირთი დაფასოებული იქნა 1000 კილოგრამიან დიდ შეკვრებად (ბიგ ბეგი). თხილის გულის წონა მიეთითა 22.000 კგ და საერთო წონა 22.350 (ბრუტო). სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, ზურაბ ფოლადაშვილმა განმარტა, ტვირთი არ აწონილა ქ. ქუთაისში, ანუ ცალკე თხილის გულის აწონვა არ განხორციელებულა. მას უთხრეს მხოლოდ საერთო წონა, ხოლო ამის შემდეგ, მანქანის სრულად აწონვა განხორციელდა სარფის საბაჟოზე, აღსანიშნავია, ის გარემოება რომ აღნიშნული ფაქტი თავადაც დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე ი.მ დ----- ჩ-------ამ (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 677-ე მუხლის შესაბამისად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს. თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს.

 

სასამართლო მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: გადამზიდავმა კომპანიამ შპს ,,ტო-----------------“-მა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ადგილზე აწონვის გარეშე მოახდინა ინდ. მეწარმე დ----- ჩ-------ას კუთვნილი ტვირთის, კერძოდ 22, 350. 000 კგ. თხილის გადაზიდვა ქუთაისიდან იტალიაში. სარფის საბაჟოზე 2015 წლის 21 ოქტომბერს აიწონა სატვირთო მანქანა ნომრით: თთ116FF მისაბმელი ნომრით: თთ001შ რომლის საერთო წონა შეადგენდა 37,350 კგ-ს. (იხ. ს.ფ. 20) ამის შემდეგ, ავტომანქანა დადგენილი წესის თანახმად საბაჟო სამსახურის მიერ დაილუქა და დაურღვეველი ლუქით ჩავიდა დანიშნულების ადგილზე, სადაც მოხდა ტვირთის დაცლა, რაც გზაში ტვირთის ხელყოფას გამორიცხავს, რადგან მოპასუხე ი.მ დ----- ჩ-------ას რაიმე საწინააღმდეგო ლუქის მთლიანობის დარღვევის თაობაზე არ წარმოუდგენია. ტვირთი დალუქვიდან დანიშნულების ადგილზე შესვლამდე, საქართველოს-თურქეთის საზღვრის გადაკვეთისას შეადგენდა 37, 350 კგ. თურქეთი-საბერძნეთის საზღვრის კვეთისას 37.370 კგ-ს, ხოლო იტალიაში მიმღები საწარმოს სასწორის მონაცემებით, დაცლამდე ავტომანქანის საერთო წონა შეადგენდა 37 260 კგ-ს, ამდენად, დადგენილია, რომ ტვირთი დალუქული ჩავიდა დანიშნულების ადგილამდე, შესაბამისად რადგან ლუქის მთლიანობის დარღვევის ფაქტი გამორიცხულია და მანქანის საერთო წონა ემთხვევა საზღვრებზე აწონვის შედეგად სატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის გადაცემული აწონვის აქტს, სასამართლოს მიაჩნია რომ გარდა ლუქის მთლიანობის დაურღვევლობისა, ასევე მანქანის საერთო წონა 37,360.00 კგ ცხადყოფს, სარფიდან იტალიაში დანიშნულების ადგილამდე ი/მ დ----- ჩ-------ას კუთვნილი ტვირთის სრულად ჩატანის ფაქტს.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის მე-4 ნაწილით, გადამზიდველი 687-ე მუხლის მე-2-5 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა ან დაზიანება ქვემოთ დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებული განსაკუთრებული საფრთხისგან წარმოიშვა, კერძოდ, როცა:

ა.გამოიყენება ღია, გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალება, თუ მისი გამოყენება პირდაპირ იყო შეთანხმებული და ზედნადებში აღნიშნული;

ბ. ტვირთი არ არის შეფუთული ან უხარისხოდაა შეფუთული,რაც, ტვირთის ხასიათიდან გამომდინარე, დაკარგვის ან დაზიანების საფრთხეს ქმნის;

გ. ტვირთის დათვალიერება, დატვირთვა, დაწყობა ან გადმოტვირთვა ხდება გამგზავნის, მიმღების ან მათთვის მოქმედი მესამე პირის მიერ;

დ. ცალკეული ტვირთების თავისებურებათა გამო მოსალოდნელია მათი მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის ან დაზიანების, კერძოდ, დამტვრევის, დაჟანგვის, კოროზიის,გახმობის, დაღვრის, ნორმალური დანაკარგის ან მწერებისა და მღრღნელების ზემოქმედების საფრთხე;

ე. გადასაზიდი ტვირთი არასაკმარისადაა აღნიშნული ან დანომრილი;

ვ. გადასაყვანია ცხოველები.

 

დადგენილია, რომ შპს „ტო-----------------“-სა და ი.მ დ----- ჩ-------ას შორის გაფორმებულია 2015 წლის 20 ოქტომბრის ზედნადები ტვირთის გადაზიდვის შესახებ, ასევე 2015 წლის 01 ოქტომბრის №06-2015 წლის ინვოისი გადასაზიდი ტვირთის საერთო წონის, მათ შორის თხილის და ტარის წონის თაობაზე, მითითებულია ტვირთის ღირებულება, დანიშნულების ადგილი რომელსაც ხელს აწერს და ბეჭდით ამოწმებს ინდ. მეწარმე დ----- ჩ-------ა. 2015 წლის 16 ოქტომბრის 1/9316 ანგარიშის მიხედვით ტვირთის გადაზიდვის ღირებულება შეადგენს 8738.88 ლარს. ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებს მხარეები სადაოდ არ ხდიან, ისევე როგორც სადავო არ არის ის, რომ მოხდა ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩატანა.

 

-განსახილველ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ დატვირთვა მოხდა გამგზავნის, მიერ, ტვირთი დაილუქა საბაჟო ტერმინალზე და მიმღებთან ჩავიდა ლუქის მთლიანობის დარღვევის გარეშე, დადგენილია, რომ ტვირთის აწონვა მოხდა სხვადასახვა სახელმწიფოს საზღვარზე და წონაში არსებითი სხვაობა არ დაფიქსირებულა, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ტო-----------------ი“-ს მიერ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულდა გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ი/მ დ----- ჩ-------ა ვალდებულია გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაზიდვის გასამრჯელო - 8738.88 ლარი, რადგან სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე, ხოლო სკ 672-ე მუხლის მიხედვით გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით.

 

6...შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება.

 

ი/მ დ----- ჩ-------ამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა, მოპასუხე შპს ,,ტო-----------------ზე“, მის სასარგებლოდ, პირდაპირ მიყენებული ზარალის - 3094 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლო ზარალის 50% - 1547 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის, და ზიანის - 3094 აშშ დოლარის 5% 154,7 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, პრეტენზიის წარდგენიდან 2016 წლის 22 მარტიდან, გადასახდელად დაკისრება.

შეგებებული სარჩელით, ი/მ დ----- ჩ-------ა სადაოდ ხდის ტვირთის დანიშნულების ადგილზე სრულად ჩატანის ფაქტს, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე შპს ,,ტო-----------------ი“-ს წარმომადგენელმა (მძღოლი), ხელი მოაწერა ტვირთის მიღებას და რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია. ტვირთი აიწონა საქართველოს საზღვარზე 21.10.2012 წელს და მისი საერთო წონა იყო 37,350 კილოგრამი, თუმცა იტალიაში ტვირთის მიღებაზე გადაცემისას აწონვის დროს გამოვლინდა დანაკლისი 442 კგ-ის ოდენობით, რაზეც გადამზიდავს არ მიუწოდებია დამკვეთისათვის ინფორმაცია, ისე მოაწერა ხელი ტვირთის დანაკლისის შესახებ შედგენილ დოკუმენტს, რომლის საფუძველზე მიმღებმა არ გადაუხადა ი.მ დ----- ჩ-------ას დანაკლისის თანხა 3094 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 686-ე და 695-ე მუხლებს.

სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, ი/მ დ----- ჩ-------ას შეგებებული სარჩელი და აღნიშნავს შემდეგს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ სარჩელში, მოსარჩელე თავის მოთხოვნას დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე ამყარებს, შესაბამისად, მოცემული დავის მომწესრიგებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას ასევე წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი. დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის დადგომის გარემოებები, აუცილებელია ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა და ზიანის დადგომასა და პირის ქმედებას შორის კაუზალური (მიზეზშედეგობრივი) კავშირი. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილით - გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.

 

საქართველოს სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.8. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის სიტყვიერად მოხდა შეთანხმება და ტვირთი (თხილის გული) ცალკე არ აწონილა, აიწონა მხოლოდ მანქანა და მისაბმელი ტვირთთან ერთად და დაედო შესაბამისი ლუქი საბაჟოს მიერ. დადგენილია, რომ ტვირთი (თხილის გული) განთავსებული იყო 22 ცალ ერთ ტონიან ტომრებში, რომლებიც თავის მხრივ განთავსებული იყო პალეტებზე (სადგარი). დადგენილია, რომ დატვირთვისას ტომრები და პალეტები ცალკე არ აწონილა. დადგენილია, რომ დატვირთვა მოხდა გამგზავნის (ი/მ დ----- ჩ-------ა) მიერ.

სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის მე-4 ნაწილით, გადამზიდველი 687-ე მუხლის მე-2-5 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა ან დაზიანება ქვემოთ დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებული განსაკუთრებული საფრთხისგან წარმოიშვა, კერძოდ, როცა:

ბ. ტვირთი არ არის შეფუთული ან უხარისხოდაა შეფუთული,რაც, ტვირთის ხასიათიდან გამომდინარე, დაკარგვის ან დაზიანების საფრთხეს ქმნის;

გ. ტვირთის დათვალიერება, დატვირთვა, დაწყობა ან გადმოტვირთვა ხდება გამგზავნის, მიმღების ან მათთვის მოქმედი მესამე პირის მიერ;

 

როგორც აღინიშნა, იტალიაში, ქ. ნაპოლი, ჩატანილი ტვირთის (თხილის გული) დაცლის შემდეგ, ავტომანქანა კვლავ აიწონა და ცარიელი ავტომანქანის წონამ შეადგინა 14 900 კგ. რაც მიუთითებს იმაზე, რომ იტალიაში ადგილზე საწყობში ნამდვილად დაიცალა 22 350 კგ. ტვირთი (რომელშიც შედის პალეტები და ტომრები). მიუხედავად აღნიშნულისა, ინდ. მეწარმე დ----- ჩ-------ას მტკიცებით, ადგილზე დაცლისას ტვირთს აკლდა 442 კგ. თხილი და ამ მოტივით უარი განაცხადა ტვირთის გადაზიდვის ღირებულების გადახდაზე და შეგებებული სარჩელის აღძვრის საფუძველიც სწორედ აღნიშნული გარემოებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლოს მიჩნია, რომ წერილობითი მტკიცებულებით დადასტურებულია დატვირთული მანქანის სრული მასა და ადგილზე ჩატანილი ტვირთის სრული მასა, რაც ემთხვევა ერთმანეთს (იხ. ს.ფ. 18-21). ამდენად, შპს ,,ტო-----------------ი“-ს მიერ გადაზიდვის ხელშეკრულების პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად არ არსებობს მოპასუხე შპს ,,ტო-----------------ზე“ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, რაც გამორიცხავს ინდ. მეწარმე დ----- ჩ-------ას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რადგან მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო ამის საწინააღმდეგო დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოზე არ წარმოდგენილა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად - 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელემ (შპს ,,ტო-----------------ი’’) სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადაიხადა 263.00 ლარი, ხოლო იურიდიული მომსახურებისათვის 500 ლარი, რომელიც მოპასუხე ი.მ დ----- ჩ-------ას უნდა დაეკისროს გადასახდელად შპს ,,ტო-----------------ი’’-ს სასარგებლოდ.

 

მოსარჩელემ (შპს ,,ტო-----------------ი’’) იურიდიული მომსახურებისათვის გადაიხადა 500 ლარი, რომლიდან, სსს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, (დავის საგნის ღირებულების 4%) მოპასუხე ი.მ დ----- ჩ-------ას შპს ,,ტო-----------------ი’’-ს სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 349.55 ლარი.

 

ვინაიდან არ დაკმაყოფილდა, ი.მ დ----- ჩ-------ას შეგებებული სარჩელი შპს ,,ტო-----------------ი’’-ს წინააღმდეგ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 437.60 ლარ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფა:

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,, ტო-----------------ი’’-ს სარჩელი ი.მ დ----- ჩ-------ას მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. ი.მ დ----- ჩ-------ას შპს ,,ტო-----------------ი’’-ს სასარგებლოდ, გადასახდელად დაეკისროს 8738,88 ლარი.

 

3. ი.მ დ----- ჩ-------ას შპს ,,ტო-----------------ი’’-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 263.00 (ორასსამოცდასამი) ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 349.55 ლარის გადახდა.

 

4. ი.მ დ----- ჩ-------ას შეგებებული სარჩელი შპს ,,ტო-----------------ი’’-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. ი.მ დ----- ჩ-------ას შეგებებული სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე