გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210116001456023
№2-2453/2016წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - შპს ,,მე---------"
წარმომადგენელი - ფი------ ვა–------ (დირექტორი), ენ---- ა-----
მოპასუხე - სპს ,,ბა----- ქ--------"
წარმომადგენელი - ბა----- ქ-------- (დირექტორი), მი----- ა-–--–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელის შპს ,,მე---------"-ს სასარგებლოდ მოპასუხე სპს ,,ბა----- ქ--------"-ს
გადასახდელად დაეკისროს მიწოდებული მედიკამენტების საფასურის გადახდა 68577 ლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხეს სპს ,,ბა----- ქ--------"-ს მოსარჩელის შპს ,,მე---------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ის ოდენობით, ჯამში 22543 ლარის ოდენობით.
1.3. მოპასუხეს სპს ,,ბა----- ქ--------"-ს მოსარჩელის შპს ,,მე---------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის - 2733,60 ლარის, უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის 3500 ლარის ანაზღაურება, ჯამში 6383,60 ლარის გადახდა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით:
- 2009 წლის 21 დეკემბერს, ერთის მხრივ შპს ,,ჰ----------"-ს (ამჟამად შპს ,,მე---------") და მეორეს მხრივ სპს ,,ბ------"-ს (ამჟამად სპს ,,ბა----- ქ--------") შორის გაფორმდა ხელშეკრულება #46, რომლის საფუძველზეც მხარეებმა აიღეს ვალდებულება მათ საკუთრებაში არსებული ფარმაცევტული, სამედიცინო დანიშნულების და პარაფარმაცევტული საქონლის ყიდვა-გაყიდვის, გაცვლის შესახებ, რაც ხორციელდებოდა მიწოდების საფუძველზე. გასაყიდი საქონლის ასორტიმენტს, რაოდენობასა და ფასებს მხარეები ადგენდნენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიწოდებული პრაის-ლისტის შესაბამისად.
- ხელშეკრულების თანახმად, მხარეს საქონელი უნდა მიწოდებულიყო ხარისხიანი, რეგისტრირებული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში. საქონლის ხარისხი და ოდენობა უნდა შემოწმებულიყო მიწოდების ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზია არ მიიღებოდა. მყიდველს საქონელი მიეწოდებოდა შესაბამისი საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში როგორც ნაღდი გადახდით მიმწოდებლის ბუღალტერიაში, ასევე მის ანგარიშზე გადარიცხვის გზით. მხარეთა შეტანხმებით, საქონელი შეიძლება მიწოდებულიყო გადახდის განვადებითაც, შეთანხმებული ვადა უნდა ჩაწერილყო ანგარიშფაქტურაში. რეალიზატორის მიერ საკონსიგნაციო ვადის დარღვევის შემთხვევაში იგი გადაიხდიდა საურავს (პირგასამტეხლო) გადასახდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2009 წლის 21 დეკემბრიდან 2016 წლის 01 გვისტომდე, მოსარჩელე სპს ,,ბა----- ქ--------"-ს სარეალიზაციოდ აწვდიდა ხელშეკრულებაში მითითებულ საქონელს, კერძოდ აღნიშნულ პერიოდში მთლიანად მიაწოდა 902540 ლარის ღირებულების საქონელი., საიდანაც მოპასუხემ სისტემატური დაგვიანებით, გადაიხადა 833963 ლარი, დღეის მდგომარეობით დარჩა გადასახდელი 68577 ლარი და მასზე დარიცხული საურავი შეადგენს 22543 ლარს.
- 2011 წლის 03 ივლისიდან, შპს ,,მე---------"-ს დირექტორისათვის ცნობილი გახდა, რომ სპს ,,ბა----- ქ--------" სისტემატურად არღვევდა ხელშეკრულების პირობებს და დიდ დაგვიანებით იხდიდა მიწოდებული და რეალიზებული პროდუქციის ღირებულებას. მასთან ერთობლივი ანალიზის საფუზველზე აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს გააჩნდა უარყოფითი საბრუნავი სალდო 54286 ლარის ოდენობით, რაც მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა არ იქნა მიმართული კრედიტორების დასაკმაყოფილებლად და მოპასუხის მიერ გაიხარჯა გაურკვეველი დანიშნულებით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ჩაერთო აფთიაქის მართვაში და 2016 წლის 01 ივლისისათვის აფთიაქის მოგებამ შეადგინა 34305 ლარი, რის შესახებაც მოპასუხეს ჰქონდა ყოველთვიური ინფორმაცია.
- მიუხედავად მოსარჩელის მცდელობისა, რომ მოპასუხე გამოეყვანა კრიზისული მდგომარეობიდან და ამასთან მიეღო კუთვნილი თანხა, მოსარჩელემ ვერ მიაღწია ამას, რადგან მოპასუხის მხრიდან, დირექტორის მეუღლე ხშირად ერეოდა აფთიაქის მართვაში, გაჰქონდა მედიკამენტები და თანხა, ღებულობდა ხელფასსაც, მაშინ როცა ბოლო 6 თვე არ უმუშავია. ამან გამოიწვია მოგების შემცირება, რის გამოც შესთავაზა მოპასუხეს ახალი შეთანხმების გაფორმება, რაზედაც ბა----- ქ--------მ კატეგორიული უარი უთხრა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაც, რაც ჩაწერილ იქნა მობილურ ტელეფონში.
- დღეის მდგომარეობით, შპს ,,მე--------ს" აღებული აქვს კრედიტი ბანკიდან, დატვირთული აქვს იპოთეკით შპს ,,მე---------ს" და მისი დირექტორის კუთვნილი უძრავი ქონებები, მოპასუხის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა მას აყენებს ზიანს და მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსათვის.
- ხელშეკრულების მე-3 მუხლის 4.4. პუნქტით გათცვალისწინებულია საურავის დარიცხვა 0,2%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 01 აგვისტოსათვის შეადგენს 68577 ლარს, ხოლო ვალად დარჩენილ თანხაზე სრულად დარიცხული თანხა შეადგენს 278056 ლარს, თუმცა მოსარჩელე ამცირებს მას და მოითხოვს მხოლოდ 21.12.2009-03.07,2011 წლამდე პერიოდისათვის წარმოქმნილ საურავის (პირგასამტეხლოს) დაკისრებას 22543 ლარის ოდენობით.
- მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2012 წლის აპრილიდან ელქტრონულად ხდებოდა ფაქტურის, ზედნადების გაგზავნა მოპასუხეზე და მის მიერ არცერთი უარყოფილი არ ყოფილა, არ ქონია პრეტენზია მიწოდებული საქონლის ხარისხსა და ოდენობაზე, ფასები კი შეთანხმებული იყო. აქვე აღნიშნავს, რომ საქონელთან ერთად მოპასუხეს ეგზავნებოდა ბარათები, მისგანნ კი დადასტურება ხდებოდა ზეპირი ფორმით, ტელეფონით და ა.შ. ბოლო მიწოდება განხორციელდა 25.07.2016 წელს.
(იხ. სარჩელი, მოსარჩელის განმარტება სხდომის ოქმებში).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.
მოპასუხე თავის პოზიციას ასაბუთებს შემდეგ არგუმენტაციით:
- შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ 2009 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება ზოგადი ხასიათის ხელშეკრულებაა და სრულად არ ასახავს მხარეთა შეთანხმებას. მოპასუხის მხრიდან რაიმე სახის დარევას ადგილი არ ქონია, არც თანხის გადაუხდელობის და არც ვადაგადაცილების მხრივ. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო საქონლის რეალიზაციის შემდეგ.
- მოსარჩელე პროდუქცია აწვდიდა 15-20%-ით უფრო მაღალ ფასებში, ვიდრე სხვა მომწოდებლები, მოპასუხე მას ღებულობდა იმიტომ, რომ ანაზღაურება ხდებოდა კონსიგნაციის წესით, საქონლის რეალიზაციის შემდეგ. მოსარჩელეს არადროს არ განუცხადებია პრეტენზია დავალიანების ან გადახდის ვადაგადაცილების გამო.
- მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულიცაა;
- მოპასუხის წარმომადგენელი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს ერიცხებას დავალინება, არ წარმოუდგენია. მის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ მის მიერვე ცალმხრივად განხორციელებული ჩანაწერები, ინფორმაციები, რომელიც არ არის დადასტურებული და აღიარებული მოპასუხის მიერ. მოპასუხისათვის გაუგებარია, რა თანხას რა პერიოდისათვის ითხოვს მოსარჩელე. ასევე, აღნიშნავს, რომ 2011 წლიდან მოპასუხემ ფაქტიურად გაწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა მოსარჩელესთან და მას შემდეგ მისგან პროდუქციის მოწოდებას და მოპასუხისგან მის მიღებას ადგილი არ ქონია. შესაბამისად, არც რაიმე სახის დავალიანება არსებობს და რომც არსებობდეს, მოთხოვნა ხანდაზმულია.
- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, არაა მტკიცებულებით გამყარებული და ამავე დროს მოთხოვნა ხანდაზმულია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერი იურიდიული ძალის არმქონეა, ამ ჩანაწერით არც ირკვევა მოპასუხის ვალდებულების არსებობა. მხარეებს შორის არსებული პრივატული საუბარი არ არის ვალის აღიარება. მოპასუხეს შეეძლო წარმოედგინა ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, მათი მოპასუხეზე გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სხვა წერილობითი მტკიცებულებები, თუ რეალურად არსებობს მოპასუხის დავალიანება.
(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება სხდომის ოქმებში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე შპს ,,მე---------", როგორც მეწარმე სუბიექტი, რეგისტრირებულია სამეწარმეო რეეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მოპასუხესპს ,,ბა----- ქ--------", როგორც მეწარმე სუბიექტი, რეგისტრირებულია სამეწარმეო რეეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ შპს ,,ჰ----------"-მა, შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ,,მე---------", ხოლო სპს ,,ბ------"-მა შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა სპს ,,ბა----- ქ--------".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. სადავო არაა, რომ შპს ,,მე--------სა" და სპს ,,ბა----- ქ--------"-ს შორის 2009 წლის 21 დეკემბერს, გაფორმდა ხელშეკრულება #46, რომლის საფუძველზეც მხარეებმა აიღეს ვალდებულება მათ საკუთრებაში არსებული ფარმაცევტული, სამედიცინო დანიშნულების და პარაფარმაცევტული საქონლის ყიდვა-გაყიდვის, გაცვლის შესახებ, რაც ხორციელდებოდა მიწოდების საფუძველზე. (მხარეები დავობენ მის შინაარსსა და აქედან გამომდინარე უფლება-მოვალეობებზე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2009 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება #46;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებებია:
- შპს ,,მე--------სა" და სპს ,,ბა----- ქ--------"-ს შორის 2009 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების (#46) საფუძველზე, მხარეებს შორის ხელშეკრულება გრძელდებოდა 2016 წლის 25 ივლისამდე (საქონლის ბოლო მიწოდება, როგორც მოსარჩელე ამტკიცებს)), თუ ხელშეკრულება გრძელდებოდა 2011 წლამდე (როგორც ამას მოპასუხე ამტკიცებს).
- გააჩნია თუ არა მოპასუხეს მოსარჩელისადმი დავალიანება, და თუ გააჩნია, რა ოდენობის;
- 2009 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების (#46) საფუძველზე, მხარეები რა პირობებზე შეთანხმდნენ, რა ვალდებულებები აიღეს ერთმანეთის წინაშე;
- სასარჩელო მოთხოვნა რა პერიოდში განხორციელებული მიწოდებებიდან გამომდინარეობს და ხანდაზმულია თუ არა მოთხოვნა;
- წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერი, მისი შინაარსი წარმოადგენს თუ არა მოპასუხის მიერ ვალის აღიარებას.
სადავო ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მხარეები იძლევიან ერთმანეთის საწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად, ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. ზოგადად ფაქტის არარსებობის მტკიცებულება არარსებობს. როგორც ძველი რომის სამართალშია განმარტებული, არსებობს მხოლოდ ფაქტის არსებობის მტკიცებულება. თუ ვერ დადასტურდება ფაქტის არსებობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მითითებულ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
3.2.3. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის სადავო პერიოდში პროდუქციის მიწოდების, მისი ოდენობისა და ღირებულების-საფასურის თაობაზე გარიგების დადების შესახებ მტკიცება უნდა დაეკისროს მოსარჩელეს - მიმწოდებელს. თუ მოსარჩელემ დაამტკიცა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მაშინ მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდის მტკიცება ეკისრება მოპასუხეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის თანაბრად გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეები განიხილება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, რაც გულისხმობს პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელისა და მოპასუხის თანასწორუფლებიანობას, არგუმენტების დასამტკიცებლად თანაბარი საპროცესო საშუალების მიცემას. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოსაზრებები, მოთხოვნები თუ მტკიცებულებები. მხარეები მტკიცებულებების მეშვეობით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტების დადგენაში. სასამართლო ამოწმებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა სანდოობას, მათ სიმყარეს, დამაჯერებლობას და მათი შეფასებით უყალიბდება შინაგანი რწმენა ამათუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. მიუხედავად მტკიცებულებათა შინაარსისა და მნიშვნელობისა, არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული შეფასება. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
3.2.5. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. შპს ,,მე--------სა" და სპს ,,ბა----- ქ--------"-ს შორის 2009 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების შინაარსის თანახმად, შპს ,,ჰ----------" (ამჟამად შპს ,,მე---------") ღებულობდა ვალდებულებას, რომ მიაწოდება სპს ,,ბ------"-ს (ამჟამად სპს ,,ბა----- ქ--------") მედიკამენტებს, სამედიცინო დანიშნულების სხვა ხარისხიან საქონელს შეთანხმებულ ფასებში და ოდენობით, ხოლო მოპასუხე ღებულობდა ვალდებულებას, რომ მისი რეალიზაციის შემდეგ გადაუხდიდა შეთანხმებულ საფასურს. მხარეებს შორის ხელშეკრულება შედგა, მოსარჩელე აწვდიდა საქონელს, ხოლო მოპასუხე უხდიდა მას საფასურს. მხარეთა შორის სადავო არაა 2011 წლამდე პერიოდისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობებში ყოფნა, ოღონდ მოპასუხე გამორიცხავს მას შემდეგ მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელების ფაქტს.
აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2009 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება #46;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.6. მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასამტკიცებლად ვერ წარმოადგინა მყარი, უტყუარი მტკიცებულებები, მან წარმოადგინა: 2009 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება #46; საქონლის გაცემის, თანხის გადახდის, დარჩენილი დავალიანების და სრული საურავის გამოთვლის ჯამური ბარათები, რომელიც გარდა 2009 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებისა #46 ნაწარმოები და შედგენილია ცალმხრივად მის მიერვე, არ არის დადასტურებული და აღიარებული მოპასუხის მიერ. ასვე წარმოადგინა მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც შეეხება დავალიანების საკითხის გარკვევას და მის გადახდას, რასაც მოსარჩელე აფასებს ვალის აღიარებად. სხვა მტკიცებულებები, რომლითაც უტყურად დადგინდებოდა მოპასუხის ვალდებულებები, როგორიცაა ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, მათი მოპასუხეზე გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საგადასახადო დეკლარაციები, წერილები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელე განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშფაქტურები გაგზავნილია მის მიერ მოპასუხეზე, რაც მოიძიება მოსარჩელის ელექტრონულ საგადასახადო ველში, ასევე შემოსავლების სამსახურში - ,,ერესჯი"-ს საგადასახადო ვებგვერდზე, თუმცა მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. გადანაწილებული მტკიცების პრინციპიდან გამომდინარე, ამის მტკიცების ტვირთი კი მას ეკისრებოდა და ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, მას შეეძლო წარმოედგინა ეს მტკიცებულებები.
ცალკე უნდა განიმარტოს და მიეცეს შეფასებაც წარმოდგენილ აუდიო ჩანაწერს, რაც ასევე წარმოადგენს მტკიცებულებას. თუმცა საუბრის შინაარსიდან არანაირად არ გამომდინარეობს მოპასუხის მიერ ვალის აღიარება და არაა გამყარებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მოსარჩელემ მტკიცების საპროცესო მოვალეობა ვერ/ან არ შეასრულა. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ 2011 წლის შემდეგაც იგი აგრძელებდა მოპასუხე საქონლის მიწოდებას. შესაბამისად, მოპასუხეს ვერ დაეკისრება იმის მტკიცების მოვალეობა, რომ მის მიერ გადახდილია თუ არა 2011 წლის შემდეგ ,,მიწოდებული" საქონლის საფასური, არ არსებობს ამის ფაქტობრივი საფუძველი. ამდენად, არ დგინდება რა 2011 წლის შემდეგ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელება, სარჩელის დაკმაყოფილებასაც დავალიანების ნაწილში, ფაქტობრივი საფუძვლები ეცლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2009 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება #46;
- საქონლის გაცემის, თანხის გადახდის, დარჩენილი დავალიანების და სრული საურავის გამოთვლის ჯამური ბარათები,- აუდიო ჩანაწერი, დატანილი დისკზე;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.7. მოსარჩელე საურავის/პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ის ოდენობით, ჯამში 22543 ლარის ოდენობით, მხოლოდ 21.12.2009-03.07,2011 წლამდე პერიოდისათვის განხორციელებული მიწოდებებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულებების დარღვევისათვის. მოპასუხე სადავოდ არ ხდის 2009 წლის 21 დეკემბრიდან 2011 წლამდე მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნას, თუმცა მიუთითებს, რომ ამ პერიოდის დავალიანებაც არ არსებობს, და რომც არსებობდეს, მოთხოვნა ხანდაზმულია.
დადგენილი და უდავო ფაქტია, რომ სარჩელი აღძრულია 2016 წლის 02 აგვისტოს. 2011 წლიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 5 წელზე მეტი. ამდენად, პირგასამტეხლოს ნაწილში, პირგაგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 5 წელზე მეტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნაზე საურავის/პიორგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასულია 3 წელზე მეტი ვადა და სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს, აღარ მსჯელობს რა სასამართლო იმ გარემოებაზე, ადგილი აქვს თუ არა დავალიანებას და ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას მოცემული პერიოდისათვის. ასეც რომ იყოს, ხანდაზმულობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველებს, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით მომართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლება, მათ შორის მოითხოვოს ნასყიდობის საფასურის გადახდა.
6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას.
იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ამისათვის საჭიროა, რომ ის ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, შესაბამისად მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულება ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. 477.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების დადების შედეგად, მხარეებს წარმოეშობათ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების შესრულების მოთხოვნის უფლება. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნებია გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. ამ ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა წარმოშობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას.
6.5. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, და აღნიშნავს, რომ მოპასუხე არა მარტო დავალიანების, არამედ მოსარჩელესთან 2011 წლის შემდეგ სახელშეკრულებო ურთიერთოებებში ყოფნასაც უარყოფს.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ არ ცნო.
მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასამტკიცებლად ვერ წარმოადგინა მყარი, უტყუარი მტკიცებულებები, მან წარმოადგინა: 2009 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება #46; საქონლის გაცემის, თანხის გადახდის, დარჩენილი დავალიანების და სრული საურავის გამოთვლის ჯამური ბარათები, რომელიც გარდა 2009 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებისა #46, ნაწარმოები და შედგენილია ცალმხრივად მის მიერვე, არ არის დადასტურებული და აღიარებული მოპასუხის მიერ. ასვე წარმოადგინა მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც შეეხება დავალიანების საკითხის გარკვევას და მის გადახდას, რასაც მოსარჩელე აფასებს ვალის აღიარებად. სხვა მტკიცებულებები, რომლითაც უტყურად დადგინდებოდა მოპასუხის ვალდებულებები, როგორიცაა ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, მათი მოპასუხეზე გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საგადასახადო დეკლარაციები, წერილები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელე განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშფაქტურები გაგზავნილია მის მიერ მოპასუხეზე, რაც მოიძიება მოსარჩელის ელექტრონულ საგადასახადო ველში, ასევე შემოსავლების სამსახურში - ,,ერესჯი"-ს საგადასახადო ვებგვერდზე, თუმცა მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. გადანაწილებული მტკიცების პრინციპიდან გამომდინარე, ამის მტკიცების ტვირთი კი მას ეკისრებოდა და ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, მას შეეძლო წარმოედგინა ეს მტკიცებულებები.
შესაბამისად, არ დგინდება რა 2011 წლის შემდეგ საქონლის მიწოდება და დავალიანების არსებობა, მიწოდებული მედიკამენტების საფასურის დაკისრების ნაწილში 68577 ლარის ოდენობით, არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, სარჩელი ხანდაზმულია თუ არა. თუ სარჩელი ხანდაზმულია, მაშინ სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს ხანდაზმულობის საკითხი.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია უსასრულო მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავთ სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.
მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებაა და მასზე ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლით: ,,ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:
ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);
ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;
გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;
დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში”.
გარდა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ქორწინების განმავლობაში, მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე (საქ. სკ-ის 133-ე მუხლი), ასევე თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს (სკ-ის 134-ე მუხლი). დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის უფლების დარღვევიდან სარჩელის წარმოდგენამდე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსებობის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არარსებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების რომელიმე საფუძველი.
6.12. სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ვადის შეჩერების გარდა, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლებსაც. კერძოდ: სკ-ის 137-ე მუხლით ,,ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას”.
სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე პროცენტის ან ძირითადი თანხის ნაწილის გადაცემა, წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს.
მოსარჩელე საურავის/პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ის ოდენობით, ჯამში 22543 ლარის ოდენობით, მხოლოდ 21.12.2009-03.07,2011 წლამდე პერიოდისათვის განხორციელებული მიწოდებებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულებების დარღვევისათვის. მოპასუხე სადავოდ არ ხდის 2009 წლის 21 დეკემბრიდან 2011 წლამდე მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნას, თუმცა მიუთითებს, რომ ამ პერიოდის დავალიანებაც არ არსებობს, და რომც არსებობდეს, მოთხოვნა ხანდაზმულია.
დადგენილი და უდავო ფაქტია, რომ სარჩელი აღძრულია 2016 წლის 02 აგვისტოს. 2011 წლიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 5 წელზე მეტი. ამდენად, პირგასამტეხლოს ნაწილში, პირგაგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 5 წელზე მეტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნაზე საურავის/პიორგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასულია 3 წელზე მეტი ვადა და სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს, აღარ მსჯელობს რა სასამართლო იმ გარემოებაზე, ადგილი აქვს თუ არა დავალიანებას და ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას მოცემული პერიოდისათვის. ასეც რომ იყოს, ხანდაზმულობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას თანხის გადახდაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
7.2. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ კმაყოფილდება, მოპასუხე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის, მოსარჩელეზე გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურებისგან.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. შესაბამისად, მას სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე, გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფა.
8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც გამოყენებული უზრუნველყოფა უნდა გაუქმდეს. კერძოდ, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა გაუქმდეს, რომლითაც სპს ”ბა----- ქ-------ის” (ს/კ 24695----) დირექტორს ბა----- ქ--------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ქონების, კერძოდ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული №1-269.8 კვ.მ და №2-40 კვ.მ შენობა ნაგებობის, მდებარე - ქო----–----, ლ----–---- ქ.№3, ს/კ 20.42.06.1-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მე---------"-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის შპს ,,მე---------"-ს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა გაუქმდეს, რომლითაც სპს ”ბა----- ქ-------ის” (ს/კ 24695----) დირექტორს ბა----- ქ--------ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/ქონების, კერძოდ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული №1-269.8 კვ.მ და №2-40 კვ.მ შენობა ნაგებობის, მდებარე - ქო----–----, ლ----–---- ქ.№3, ს/კ 20.42.06.1-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე