გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210018002748910
საქმე #2/1019-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
07 ივნისი 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი ირინა დათუნაშვილი
მოსარჩელე - თა----------–---–ი
წარმომადგენელი - გი-----------–---–ი
მოპასუხე - ა(ა)იპ გუ---------------–------–- ს-------------–------–-------–-------------------ა
წარმომადგენლები - ნა-----------ე, შო----------------–---–ი
დავის საგანი - დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ გუ---------------–------–- ს-------------–------–-------–-------------------ის დირექტორის 02.04.2018 წლის №171 ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ გუ---------------–------–- ს-------------–------–-------–-------------------ის დირექტორის 07.11.2018 წლის №481 ბრძანება;
1.3. თა----------–---–ი აღდგენილი იქნეს ა(ა)იპ გუ---------------–------–- ს-------------–------–-------–-------------------ის სოფელ ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერის თანამდებობაზე;
1.4. ა(ა)იპ გუ---------------–------–- ს-------------–------–-------–-------------------ას თა----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: თა----------–---–ი (შემდგომში - მოსარჩელე, მენეჯერი) 2007 წლიდან სოფელ ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 წლის 01 სექტემბერს მასთან შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დაიდო. მოსარჩელე გაერთიანების დირექტორის 07.11.2018 წლის №481 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2018 წლის 12 ნოემბერს გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება ჩაჰბარდა, საიდანაც შეიტყო, რომ მისი გათავისუფლება მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო მოხდა, რაც არ შეესაბამება რეალობას, რადგან საბავშვო ბაგა-ბაღის ინფრასტრუქტურის მდგომარეობიდან გამომდინარე სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. ამავდროულად, მიუხედავად ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობისა, ყველა ღონეს ხმარობდა პრობლემები საკუთარი სახსრებით მოეგვარებინა. დასაბუთებაზე თანდართული წერილობითი მასალებიდან მოსარჩელემ ასევე შეიტყო გაერთიანების 02.04.2018 წლის №171 ბრძანების შესახებ, რომლის მიხედვით მას საყვედურიც ჰქონია გამოცხადებული. ამ ბრძანების შესახებ მოსარჩელისთვის მანამდე ცნობილი არ ყოფილა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი 2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ტელეკომპანია ,,რ----------“-ზე გადაცემა ,,კვ--------–------ში“ გასული სიუჟეტი გახდა, სადაც სოფელ ვე-----ს საჯარო სკოლის, საბავშვო ბაგა-ბაღის და სხვა დაწესებულებების თანამშრომლებთან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო თათბირის ფარული აუდიო ჩანაწერი გავრცელდა. შეხვედრაზე კატეგორიული ტონით მოითხოვეს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ კაბინიდან გაშლილი ბიულეტინების გამოტანა, სადაც №48 პრეზიდენტობის კანდიდატი იქნებოდა შემოხაზული. არჩევნების პირველ ტურში სოფელ ვე-----ს №26 და №27 საარჩევნო უბანზე ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა. არჩევნები პირველი ტურის დასრულებიდან მეორე დღეს მოსარჩელეს განუცხადეს, რომ ,,კვ--------–------ში“ გავრცელებული ჩანაწერის გაკეთება მას ბრალდებოდა და ამას სერიოზული რეაგირება მოჰყვებოდა. 2018 წლის 30 ოქტომბერს იგი გაერთიანების დირექტორთან დაიბარეს, რომელმაც გართულებების თავიდან აცილების მიზნით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, ვინაიდან ჰქონდა დაზუსტებული ინფორმაცია, რომ რ-----------ზე გაშვებული ჩანაწერი მოსარჩელის გაკეთებული იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მაინც გაათავისუფლებდნენ, რადგან დავალება უკვე მიღებული ჰქონდა.
საკითხის მოგვარების მიზნით საქმეში მოსარჩელის ადვოკატი ჩაერთო, რომელმაც გუ---------------–----–------ის მერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერის მოთხოვნა თა----------–---–ის უფლებების დარღვევას წარმოადგენდა. პასუხად მას განემარტა, რომ თუ თა----------–---–ი იტყოდა ვინ გააკეთა ჩანაწერი, მაშინ მას პრობლემა აღარ ექნებოდა. აგრეთვე განუმარტეს, რომ სოფელ ვ-----ში საპრეზიდენტო არჩევნების ორ უბანზე წაგება გამოიწვია იმან, რომ საბავშვო ბაგა-ბაღმა ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ არ იმუშავა.
მას შემდეგ, რაც თა----------–---–ისგან ვერ მიიღეს ინფორმაცია თუ ვინ განახორციელა შეხვედრის ფარული ჩაწერა, 2018 წლის 06 ნოემბერს, სოფელ ვე-----ს საბავშო ბაგა-ბაღში შევიდნენ მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები და გაერთიანების დირექტორი. მათ შემოწმების აქტი შეადგინეს და გაერთიანების დირექტორის ბრძანებით თა----------–---–ი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად კი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებაზე მიუთითეს.
2 . მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ა(ა)იპ გუ---------------–------–- სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ (შემდგომში - მოპასუხე, გაერთიანება) წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ტელეკომპანია რ-----------ში გასული სიუჟეტი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებას არ წარმოადგენს და ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გაერთიანება ინფორმირებული არ იყო. გუ---------------–----–------ის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა სოფელ ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღის გეგმიური შემოწმება განახორციელა. შემოწმებას გაერთიანების დირექტორი და სპეციალისტი, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ინსპექტირების განყოფილების უფროსი და სპეციალისტი ესწრებოდნენ. შემოწმებისას 5 შეუსაბამო დარღვევა დაფიქსირდა, რომლების შემოწმების აქტშია ჩაწერილი. აქტის მიხედვით შემოწმებისას ბაღის თანამშრომლების სამსახურში დაგვიანებით გამოცხადდნენ, დარღვეული იყო სანიტარულ ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების, აგრეთვე სააღმზრდელო პროცესი. მსგავსი შემოწმება საბავშვო ბაგა-ბაღში 2018 წლის 15 მარტსაც ჩატარდა, რომლის დროსაც ასევე გამოვლინდა დარღვევები, რაზეც შესაბამისი აქტი შედგა. შემოწმების აქტს ხელს მოსარჩელეც აწერს. ამ დარღვევების გამო მოსარჩელეს საყვედური გამოეცხადა და ნოემბერში ჩატარებული შემოწმების დროსაც მსგავსი ტიპის დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რაც მენეჯერის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა. სწორედ ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლები თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე 2007 წლიდან სოფელ ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 წლის 01 სექტემბერს მასთან შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დაიდო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №1808 შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 31).
3.1.2. გაერთიანების თანამშრომლებმა 2018 წლის 15 მარტს სოფელ ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღში შემოწმება განახორციელეს. იმავე დღეს შედგენილი მონიტორინგის ფორმის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღში საერთო მდგომარეობა უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური, საგანმანათლებლო პროცესების, თანამშრომელთა საწარმოებელი დოკუმენტაციისა და კვების პროცესების კუთხით არადამაკმაყოფილებლად შეფასდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მონიტორინგის ფორმა (ს.ფ. 73-79);
3.1.3. 2018 წლის 15 მარტს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, გაერთიანების დირექტორის 02.04.2018 წლის №171-ე ბრძანებით თა----------–---–ს მიეცა საყვედური, ბაგა-ბაღის ექთანს ეკ-----------–---–ს №172-ე ბრძანებით მიეცა სასტიკი საყვედური, ბაგა-ბაღის აღმზრდელებს ლი----------–---–---–ს და თა-------------–---–ს №173-ე და 174-ე ბრძანებებით მიეცათ საყვედურები, ხოლო აღმზრდელს ინ-------------–---–ს №175-ე ბრძანებით მიეცა შენიშვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მონიტორინგის ფორმა, დასკვნა (ს.ფ. 73-79; 80-83);
- გაერთიანების დირექტორის 02.04.2018 წლის №171-ე, №172, №173, №174 და№175 ბრძანებები (ს.ფ. 243-247).
3.1.4. გუ---------------–----–------ის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 05.11.2018 წლის №09 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გუ---------------–----–------ის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმება. მათ შორის შემოწმდა სოფელ ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღი. 06.11.2018 წელს შედგენილი შემოწმების აქტის მიხედვით დაფიქსირდა შემდეგი შინაარსის დარღვევები:
· საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს შესასვლელი ჭიშკარი 09:00 საათზე იყო დაკეტილი;
· არცერთი აღმზრდელის თანაშემწე 08:45 სთ-ზე სამსახურში არ იმყოფებოდა;
· 09:10 საათზე გამოჩნდა პირველი თანამშრომელი მა---------------–---–ი რომელსაც რამოდენიმე წუთის ინტერვალით თე-----------–---–ი და მენეჯერი თა----------–---–ი მოჰყვნენ;
· საბავშვო ბაგა-ბაღის დანარჩენმა თანამშრომლებმა სამსახურში მოსვლა 09:20 საათის შემდეგ დაიწყეს;
· 09:25 საათისთვის საბავშვო ბაგა-ბაღი აღსაზრდელების მისაღებად მზად არ იყო. ჩაშლილი იყო სააღმზრდელო პროცესის ყველა აქტივობა, სამზარეულო არ იყო მზად საუზმის მოსამზადებლად, სველი წერტილები (ტუალეტი) იყო დაბინძურებული, ჯგუფებში უსაფრთხოება დაცული არ იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება (ს.ფ. 148);
- აქტი (ს.ფ. 49-50).
3.1.5. გაერთიანების დირექტორის 07.11.2018 წლის №481 ბრძანებით თა----------–---–ი გათავისუფლდა თანამდებობიდან; აღმზრდელებს ინ-------------–---–ს, თა-------------–---–ს და ლი----------–---–---–ს, გაერთიანების დირექტორის №472, №473 და №474 ბრძანებებით, მიეცათ სასტიკი საყვედური; აღმზრდელის თანაშემწეებს ნე-–---------–---–ს, ნა----–---------–--ლს და მა---------------–---–ს, გაერთიანების დირექტორის №475, №476 და №477 ბრძანებებით მიეცათ საყვედური; ბაგა-ბაღის ექთანს - ეკ-----------–---–ს, გაერთიანების დირექტორის №478 ბრძანებით, მიეცა სასტიკი საყვედური; ბაგა-ბაღის მზარეულს - მა-----------–-–---–ს, გაერთიანების დირექტორის №272 ბრძანებით მიეცა სასტიკი საყვედური; ბაგა-ბაღის დამხმარე ძიძას - თე-----------–---–ს, გაერთიანების დირექტორის №480 ბრძანებით მიეცა საყვედური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაერთიანების დირექტორის ბრძანებები (ს.ფ. 265-274);
3.1.6. მოსარჩელემ 09.11.2018 წელს განცხადებით მიმართა გაერთიანების დირექტორს და სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება მოითხოვა. გაერთიანების 12.11.2018 წლის წერილით ეცნობა, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძველს 06.11.2018 წლის ინსპექტირებისას გამოვლენილი შემდეგი დარღვევები წარმოადგენდა:
· სოფელ ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღი 09:00 საათზე დაკეტილი იყო, არცერთი აღმზრდელის თანაშემწე, რომლებიც სამსახურში 08:45 სთ-ზე უნდა ყოფილიყო, თავიანთ სააღმზრდელო ჯგუფებში არ იმყოფებოდნენ. აქედან გამომდინარე ოთახები (იატაკი, ინვენტარი, ავეჯი) და სანიტარული კვანძები არ იყო სველი წესით დასუფთავებული, არ იყო უნიტაზები ჩარეცხილი და არ იყო დაცლილი ტუალეტის ურნები ნახმარი ქაღალდებისგან. შესაბამისად, დაუცველი იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები;
· 09:10 საათზე საბავშვო ბაღის ეზოს კართან პირველი აღმზრდელის თანაშემწე მა---------------–---–ი გამოჩნდა. მისი მოსვლიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ, ასევე დაგვიანებით, სამსახურში გამოცხადდა თავად მოსარჩელეც. თანამშრომლების დიდმა ნაწილმა სამსახურში მოსვლა 09:20 საათის შემდეგ დაიწყო;
· ყველა სააღმზრდელო ჯგუფის ოთახში ციოდა, რადგან ღუმელი იყო ასანთები.
· სამზარეულო საუზმის მოსამზადებლად მზად არ იყო, წინადღეს მოხარშული ხორცი მაცივრის გარეშე თავისივე ნახარშში იყო შენახული;
· წინადღეს გახეხილი ბოსტნეული, ჰიგიენური ნორმების დარღვევით, თავდაუხურავ თასში იყო მოთავსებული;
· ერთ-ერთ სააღმზრდელო ჯგუფში (აღმზრდელი თა------------–---–ი) არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული: იატაკზე დამტვრეული ხის საჩვენებელი დაფა ეგდო, რომლის გატეხილი ნაწილებიც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი იყო;
· არცერთი სააღმზრდელო ჯგუფი 09:00 საათისთვის სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად მზად არ იყო. ჯგუფებში განრიგით გათვალისწინებული შესაბამისი აქტივობები არ მიმდინარეობდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილობითი შეტყობინება (ს.ფ. 34);
- 12.11.2018 წლის №154 წერილი (ს.ფ. 37-36).
3.1.7. გათავისუფლების მომენტისთვის თა----------–---–ის დარიცხული ხელფასი 390 ლარს შეადგენდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 114).
3.1.8. სოფელ ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერის თანამდებობა საქმის განხილვის მომენტისთვის ვაკანტური არ არის. საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერად 2019 წლის 01 თებერვლიდან ეკ---------------–---–ი არის დანიშნული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტება (იხ. სასამართლოს 15.05.19 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 12:50:39-12:53:15 სთ).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, მხარეების ახსნა-განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუცია;
5.2. №111 კონვენცია შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ;
5.3. საქართველოს შრომის კოდექსი;
5.4. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი;
5.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
5.7. საქართველოს მთავრობის 27.10.2017 წლის №485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ
5.8. საქართველოს მთავრობის 30.10.2017 წლის №487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ
5.9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.2001 წლის №308/ნ ბრძანება ,,სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. კონსტიტუციაში მითითებული ეს ნორმები სოციალური სახელმწიფოს პრინციპის რეალიზაციის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს არა მარტო იმას, რომ სახელმწიფომ სამუშაო ადგილების შექმნას ხელი უნდა შეუწყოს, არამედ იმასაც, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს და გაატაროს შესაბამის ღონისძიებები, რათა დასაქმებულმა შეინარჩუნო სამუშაო ადგილი და ამ ფორმით დაცული იყო უმუშევრობისაგან. სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს ისეთი რეგულირების მიღება, რომელიც დასაქმებულს უსამართლო და დისკრიმინაციული მოპყრობისგან, სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლებისგან დაიცავს, რამეთუ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანების რეალიზება და მდგრადი განვითარება მხოლოდ ღირსეული შრომის პირობებშია შესაძლებელი.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის დაცვას განსაკუთრებული დანიშნულება აქვს, რამეთუ დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის სტანდარტი მნიშვნელოვნად განაპირობებს ადამიანის უფლებების დაცვის დონეს. დასაქმების და დასაქმებულის უფლებების დაცვის ეფექტური პოლიტიკა ადამიანის სხვა უფლებების რეალიზების გარანტიას ქმნის და პიროვნების თავისუფალი განვითარების, კეთილდღეობის ზრდის, უსაფრთხოებისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის ფუნდამენტს წარმოადგენს.
6.2. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის მომწესრიგებელ ძირითად შიდა ნორმატიულ აქტს საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი წარმოადგენს, რომლის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში დამსაქმებლის კანონისმიერი ვალდებულებაა უზრუნველყოს დასაქმებულისათვის სათანადო, ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო პირობებით. ამაში ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა იგულისხმება, რომელშიც - დასაქმებულს მასზე სამსახურეობრივად დაკისრებული ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა ექნება; დაკისრებული ვალდებულებების შესრულება მხოლოდ პროფესიულ უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით და მისგან სხვა დამატებითი უნარ-ჩვევების გამოყენების აუცილებლობის გარეშე უნდა შეეძლოს; მოვალეობის შესრულებისას არასამსახურეობრივი ფუნქციების შესრულებისგან დაცული უნდა იყოს; ნებისმიერ წინაღობა, რაც სამსახურეობრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაში ხელის შემშლელი იქნება, უნდა მოწესრიგდეს მაქსიმალურად მოკლე დროში, რათა დასაქმებულს არ მოუწიოს სავალდებულოდ შესასრულებელი სამუშაოს გარდა ისეთი ფუნქციების თავის თავზე აღება, რაც არ წარმოადგენს მის ძირითად ვალდებულებას და რასაც შესაძლებელია საკუთარი მოვალეობების შესრულებაში ხელისშემშლელი გარემოება გახდეს; ამავდროულად, უნდა გამოირიცხოს დასაქმებულის მიმართ არაჯეროვანი, დისკრიმინაციული მოპყრობა და ექსპლუატაცია.
ამდენად, დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დასაქმებულს ღირსეული შრომის პირობები შეუქმნას.
6.3. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, არეგულირებს შრომითი ურთიერთობის წარმოშობის, სამუშაოს შესრულების, შრომის პირობების დაცვის, შრომითი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. მე-5 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი, ხოლო შემდგომ – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების დადებისას, მოქმედებს ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპი, რაც მხარეთა დამოუკიდებელი და თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, სამართალურთიერთობის წარმოშობაზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გულისხმობს. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა უკავშირდება მხარეთა კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტს. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას განუსაზღვროს კონკრეტული სამუშაო დასაქმებულს და ამ სამუშაოების შესრულების სანაცვლო ანაზღაურება, ხოლო დასაქმებული ვალდებულია კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და პირადად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. შრომითი ხელშეკრულებით მხარეები, როგორც წესი, განსაზღვრავენ ძირითად უფლება-მოვალეობებს და მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით დავის დაწყების შემთხვევაში, ხელშეკრულებაში განსაზღვრულ თითოეულ უფლება-მოვალეობას, მათ შინაარსს, დავის გადაწყვეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს ყველა ის პირობა, რომელიც არ არის მოცემული მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში, საერთოა დაწესებულებაში მომუშავე პერსონალისათვის და რომლის პირობების დაცვაც სავალდებულოა, როგორც დამსაქმებლისათვის ასევე დასაქმებულისთვის. შრომის შინაგანაწესით, არსებითი მნიშვნელობის მქონე პირობებთან ერთად, შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი. შრომის შინაგანაწესის არსებობა დასაქმების ადგილზე სავალდებულო არ არის და იგი ავტომატურად არ ხდება ხელშეკრულების ნაწილი, თუმცა ასეთად მხარეთა შეთანხმებისას ხელშეკრულებით შეიძლება იყოს მიჩნეული. ასეთ შემთხვევაში კი, დასაქმებულის მიერ შრომის შინაგანაწესის დარღვევა შრომის ხელშეკრულების დარღვევას უთანაბრდება. ამასთან, შრომის შინაგანაწესი სავალდებულოდ შესასრულებელი ხდება იმ შემთხვევაში თუ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია და შრომითი ხელშეკრულების დადებამდე, დამსაქმებელი აცნობს შრომის შინაგანაწეს დასაქმებულს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე 2007 წლიდან სოფელ ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 წლის 01 სექტემბერს მასთან შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დაიდო. შრომითი ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელემ გუ---------------–------–- სააღმზრდელო დაწესებულებების შესახებ დებულებით, შინაგანაწესით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების ვალდებულება იკისრა. ამდენად, მხარეთა შორის დადებული შრომის ხელშეკრულება შეიცავს მითითებას შრომის შინაგანაწესზე. შესაბამისად, შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილია და წინამდებარე დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან წყაროდ განიხილება.
6.4. საქმეში წარმოდგენილი შრომის შინაგანაწესი საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების ყველა თანამშრომლისათვის სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებს შეიცავს. შრომის შინაგანაწესის მე-19 მუხლში ჩამოთვლილია ის ვალდებულებები, რომლებიც თანამშრომლების ძირითად მოვალეობებს წარმოადგენს, მათ შორისაა სამსახურთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების სპეციალური მითითების გარეშე დაცვა. ამავე შინაგანაწესის 26-ე მუხლში მითითებულია, რომ სამსახურეობრივი მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების, შრომის დისციპლინის დარღვევისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სახელფასო ანაზღაურების 50%-მდე დაკავება, სამსახურიდან გათავისუფლება.
ამავე შრომის შინაგანაწესით, მოსარჩელე ვალდებულია დაიცვას არა მარტო შრომის ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, არამედ იმ სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ სამსახურეობრივ ურთიერთობებს აწესრიგებს. მათი შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კი გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის დაკისრების შესაძლებლობა.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოსარჩელის მხრიდან ჰქონდა თუ არა მითითებული სამართლებრივი აქტებით დადგენილი პირობების დარღვევას ადგილი. ასევე, უნდა განისაზღვროს მოსარჩელის მხრიდან დარღვეული ვალდებულების სიმძიმე და დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელის ადეკვატურობა, ვინაიდან შრომის სამართალში მოქმედებს Ultima Ratio- ს პრინციპი, რომელიც ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - არის თუ არა გამოყენებული დისციპლინური სახდელი დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური? ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. (იხ. ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმეზე №2ბ/4108-15, 22.07.2016)
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი შრომის შინაგანაწესი არ შეიცავს დარღვევების კონკრეტიზაციას, რომლისთვისაც შესაძლებელია შინაგანაწესში მითითებული დისციპლინური სახდელის გამოყენება. მასში ზოგადად მითითებულია, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის ბრალეული და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დასაქმებულს დისციპლინური სახდელის დაეკისრება და სასამართლოს მიაჩნია, რომ შრომის შინაგანაწესში მითითებული დისციპლინური სახდელების თანმიმდევრობა და შინაარსი მეტყველებს იმაზე, რომ მათი გამოყენება ჩადენილი დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
სასამართლო მიუთითებს, რომ შრომით ურთიერთობებში დასაქმებულისათვის მნიშვნელოვანია მისი უფლება-მოვალეობები ცხადად იყოს განსაზღვრული. ამავდროულად, სასურველია დამსაქმებლისთვის იმთავითვე ცნობილი იყოს დარღვევის სახეობის მიხედვით გამოსაყენებელი დისციპლინური სახდელის სახე. უფლება-მოვალეობების განსაზღვრით დამსაქმებლისთვის ნათელი ხდება ის ვალდებულებები, რომლის შესრულებაც მას ევალება, ხოლო დარღვევის მიხედვით სახდელების დიფერენცირებით ნათელი ხდება ის პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება მას ამა თუ იმ (ან მსგავსი სიმძიმის) დარღვევისთვის დაეკისროს. წარმოდგენილი შრომის შინაგანაწესი შეიცავს მხოლოდ სახდელის სახეების ჩამონათვალს, თუმცა მასში მითითებული არ არის რომელი დარღვევისთვის რომელი სახდელის გამოყენება უნდა მოხდეს. ეს გარემოება კი დამსაქმებელს სახდელის სახის საკუთარი სურვილის მიხედვით განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს, რაც არ იძლევა დასაქმებულისათვის წინასწარი პროგნოზის გაკეთების საშუალებას და ფაქტობრივად დამოკიდებული ხდება დამსაქმებლის კეთილსინდისიერებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობებში დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხის გადაწყვეტა ნაკლებად დამოკიდებული უნდა იყოს დამსაქმებლის ,,კეთილ ნებაზე“. ამგვარი ურთიერთობა დასაქმებულს აიძულებს ,,მორჩილებაში“ ყოფნას, რადგან ექმნება შინაგანი განწყობა იმისა, რომ ე.წ. ,,ხმის ამოღების“ შემთხვევაში მისთვის უფრო მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროვოცირებას გამოიწვევს.
6.6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გარდა დისციპლინური სახდელის დადების შესახებ მიღებული ბრძანებაც არის სადავო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების წინმსწრებად დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების კანონიერება უნდა შემოწმდეს, რადგან ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ სადავო აქტს წარმოადგენს, იმავდროულად განაპირობებს გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ ფაქტობრივ საფუძველსაც. კანონიერების დადგენისთვის კი ასევე საჭიროა შეფასდეს გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების ადეკვატურობა გამოვლენილი დარღვევების სიმძიმესთან მიმართებით. საჭიროა ასევე შეფასდეს, ხომ არ ჰქონდა სადავო ბრძანებების გამოცემისას დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს ადგილი მოსარჩელის მიმართ, რადგან მოსარჩელე მხარე სწორედ დისკრიმინაციულ მოპყრობაზეც უთითებს.
6.7. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს, 2018 წლის 15 მარტს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, გაერთიანების დირექტორის 02.04.2018 წლის №171-ე ბრძანებით მიეცა საყვედური. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღში საერთო მდგომარეობა უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური, საგანმანათლებლო პროცესების, თანამშრომელთა საწარმოებელი დოკუმენტაციისა და კვების პროცესების კუთხით არადამაკმაყოფილებლად შეფასდა.
სადავო №171-ე ბრძანების კანონიერების დადგენისთვის საჭიროა მონიტორინგის დასკვნაში მითითებული თითოეულ თანამშრომელთან მიმართებით დაფიქსირებული დარღვევა შეფასდეს, ვინაიდან ამ დარღვევებმა საბოლოოდ ასახვა მოსარჩელეზეც ჰპოვა და სწორედ დასკვნაში მითითებული დარღვევები გახდა მოსარჩელისთვის საყვედურის მიცემის საფუძველი. ამავდროულად, უნდა შეფასდეს მათი სიმძიმე, რათა განისაზღვროს გამოყენებული დისციპლინური სახდელის შესაბამისობა.
6.8. მონიტორინგის დასკვნაში, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი (ს.ფ. 80-83) მითითებულია, შემდეგი დარღვევები:
Ø აღმზრდელის ინ-------------–---–ის შემოწმებისას გამოვლინდა შემდეგი მდგომარეობა: სააღმზრდელო ჯგუფში ფიზიკური გარემო არ შეესაბამებოდა თემატური პროგრამისა და ხარისხის სტანდარტის მოთხოვნებს ფართის არარსებობის გამო. არცერთი აქტივობის ცენტრი არ იყო სრულყოფილად მოწყობილი, არ იყო სათანადო რესურსი განთავსებული. არასრული იყო საწარმოებელი დოკუმენტაცია, მოუწესრიგებელი და ქაოსური იყო კვების პროცესი, კერძოდ სასადილო ოთახში ერთობლივად ისხდნენ მაგიდასთან სამივე ჯგუფის ბავშვები, ცხელი საჭმლის დარიგება მოხდა ქაოსურად სადილის კოვზებით, რაც დაუშვებელია. დაირღვა დღის რეჟიმი და სადილის გაცემის პროცედურა.
Ø ფიზიკური გარემოს შეუსაბამობა და აქტივობების ცენტრის სრულყოფილად მოუწესრიგებლობაა დაფიქსირდა ლი----------–---–---–ის ჯგუფშიც. დამატებით მითითებულია, რომ საპირფარეშოში ბავშვის სიმაღლეზე არ იყო გამოკრული ხელის დაბანის პროცედურების მინიშნება, არ იყო წყალი და ბავშვებს ხელი არ დაუბანიათ სადილის შემდეგ. სასმელ წყალს 10 ბავშვი ერთი ფინჯნით სვავდა.
Ø აღმზრდელი თა------------–---–ის შემოწმებისას გამოვლინდა შემდეგი შინაარსის დარღვევები: ყველა სტანდარტი, რაც დაცული უნდა იყოს სააღმზრდელო დაწესებულებაში დარღვეულია. მშობელთა საინფორმაციო კუთხე მოუწესრიგებელი და მწირი ინფორმაციით არასრულყოფილად ჰქონდა აღმზრდელს ნაწარმოები. მოუწესრიგებელი იყო აქტივობათა ცენტრი.
· უპირველესად სასამართლო აღნიშნავს, რომ გაურკვეველია რატომ შეერაცხა დარღვევად აღმზრდელებს ის გარემოება, რომ სააღმზრდელო ჯგუფში ფიზიკური გარემო არ შეესაბამებოდა თემატური პროგრამისა და ხარისხის სტანდარტის მოთხოვნებს შესაბამისი ფართის არარსებობის გამო. ფაქტობრივად, დასკვნაში მითითებულია, რომ ეს დარღვევა (თემატური პროგრამისა და ხარისხის სტანდარტის შეუსაბამობა) საკმარისი ფართის არარსებობითაა გამოწვეული. შესაბამისი ფართის მოძიება აღმზრდელის ვალდებულებას არ წარმოადგენდეს. საბავშვო ბაგა-ბაღების შენობაში ოთახების რაოდენობას და მათ ფართობებს ,,სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს (იხ. XXI პუნქტი). სათანადო ფართის ოთახების უქონლობით გამოწვეული ვალდებულების შეუსრულებლობა არ შეიძლება აღმზრდელის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს, რადგან ბაგა-ბაღის ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობით და აღჭურვილობით უზრუნველყოფა დასაქმებულის კი არა დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველს დასაქმებულის ბრალეული ქმედება განაპირობებს. საბავშვო ბაგა-ბაღში შესაბამისი ფართის არარსებობის გამო თუ აღმზრდელს არ ეძლევა თემატური პროგრამისა და ხარისხის სტანდარტის დაცვის საშუალება, ეს დარღვევა აღსაზრდელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მართლზომიერ საფუძვლად ვერ ჩაითვლება.
· გაურკვეველია თუ რა იგულისხმება დასკვნაში მითითებულ დარღვევებში - აქტივობათა ცენტრის არასრულადაა მოწყობილი; დოკუმენტების არასრულყოფილადაა ნაწარმოები; ყველა სტანდარტი, რაც დაცული უნდა იყოს სააღმზრდელო დაწესებულებაში დარღვეულია; მშობელთა საინფორმაციო კუთხე მოუწესრიგებელი და მწირი ინფორმაციით არასრულყოფილად ჰქონდა აღმზრდელს ნაწარმოები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ დარღვევის დაფიქსირება ზოგჯერ საკმარისი არ არის და აუცილებელია დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მითითება, რამეთუ დისციპლინური სახდელის დაკისრებისთვის დარღვევის ხარისხის განსაზღვრა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. დასკვნის ამ ნაწილში მითითებული ინფორმაცია იმდენად მწირია, რომ შეუძლებელია დადგინდეს დარღვევის ხარისხი. გაურკვეველია რა აკლდა დოკუმენტაციას და აქტივობის ცენტრს და რამდენად მნიშვნელოვანი იყო იგი. ამ საკითხზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლებისგანაც ვერ მოხდა სასამართლო სხდომაზე კონკრეტული განმარტების მიღება. დასკვნაში მითითებული ინფორმაცია კი ზოგადი ხასიათისაა და მასზე დაყრდნობით დარღვევის და მისი სიმძიმის დადგენა შეუძლებელია. ამავდროულად, გაურკვეველია აქტივობების ცენტრის სრულყოფილ მოწყობის შესაძლებლობაზე გავლენა იქონია თუ არა სათანადო ფართის უქონლობამ. ანუ, ხომ არ არის ეს დარღვევა ფართის უქონლობით გამოწვეული.
· ლი----------–---–---–ის ჯგუფში ერთ-ერთ დარღვევად სადილის შემდეგ ხელების დაუბანლობა ჩაითვალა. იქვე მითითებულია, რომ არ იყო ხელის დასაბანი წყალი. ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებას უნდა გააჩნდეს სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგება, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და საკმარისი რაოდენობით წყლის მიწოდებას სასმელი და სამეურნეო მიზნებისათვის (ხელების დაბანა, საკვების მომზადება, ტუალეტების ჩარეცხვა, სათავსების დასუფთავება)... სასამართლო სხდომაზე მხარეებმა არაერთხელ განმარტეს, რომ მოსაწესრიგებელია საბავშვო ბაგა-ბაღის წყლით მომარაგების საკითხი. მოსარჩელემ განმარტა, რომ წყლის რეზერვუარის შევსებისთვის არაერთხელ მოუწია მერის წარმომადგენელისთვის დახმარების თხოვნა. მანვე განმარტა, და სხდომაზე დაკითხულმა მოწმე მა-----------–-–---–მაც დაადასტურა, რომ მოსარჩელის მეუღლესაც არაერთხელ მიუტანია წყალი (ამ გარემოებასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილის ფოტოსურათი. იხ. ს.ფ. 60). ფაქტობრივად საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღის წყლით უწყვეტი მომარაგების საკითხი მოსაწესრიგებელი იყო და მოსარჩელეს, პირადი რესურსების გამოყენების ხარჯზე, დამატებითი ზომების მიღება უწევდა. იმ პირობებში კი როდესაც ბაგა-ბაღში ხელის დასაბანი წყალი არ არის და ბავშვებმა ხელი ამიტომ ვერ დაიბანეს, ეს გარემოება არ უნდა გახდეს აღმზრდელის და სოლიდარულად მენეჯერისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველი. ამ შემთხვევაშიც სასამართლო განმარტავს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა დამსაქმებლის ვალდებულებაა და თუ დამსაქმებელი ვერ უზრუნველყოფს ამ საკითხის მოგვარებას, იგი არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს აღმზრდელს და სოლიდარულად მოსარჩელეს, რომელსაც არ ევალებოდა, თუმცა, როგორც საქმია განხილვის შედეგად დადგინდა, კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობდა არსებული პრობლემის მოგვარებას.
· დასკვნაში მითითებულია, რომ კვების პროცესი ქაოსურად წარიმართა, რომ ბავშვებმა სადილზე საუზმის კოვზები გამოიყენეს, სადილი ბავშვებს მაშინ მიაწოდეს, როდესაც ისინი უკვე მაგიდებთან ისხდნენ. აგრეთვე მითითებულია, რომ ლი----------–---–---–ის ჯგუფში 10 ბავშვი წყალს ერთი ჭიქიდან სვავდა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამ დარღვევის ნაწილში თა----------–---–ის 02.04.2018 წლის ახსნა-განმარტებაზე, სადაც იგი კოვზებით და ფინჯნებით ბაგა-ბაღის მომარაგებასთან დაკავშირებით უთითებს, რომ [...] 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებმა შვილებისთვის ინდივიდუალურად შეიძინეს თეფშები, კოვზები, ფინჯნები და პირსახოცები... როდესაც ამ ფინჯნებით ბავშვები მიირთმევენ ჩაის, საჭიროა მათი დარეცხვა და შემდგომ კვლავ ჯგუფებში გატანა. შესაბამისად, ამ პერიოდში ჯგუფებში წყლის დასალევი ფინჯნები ვერ იქნებოდა... იქვე უთითებს, რომ ზოგიერთი ფინჯანი გატყდა და მშობლებმა სხვა აღარ მოიტანეს, თვლიან რა რომ უკვე მოტანილი ჰქონდათ. კოვზებიც არ გვაქვს იმ რაოდენობით, რაც უნდა გვქონდეს. ეს კოვზებიც მშობლებმა შეიძინეს და თვლიან, რომ რადგან ბავშვები პატარები არიან დიდი კოვზებით ვერ შეჭამენ. მონიტორინგის შემდეგ კიდევ ერთხელ ვთხოვე მშობლებს კოვზების მოტანა, მაგრამ მხოლოდ 12 მშობელმა გამოთქვა მზაობა.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარეს დაესვა კითხვა, თუ რა ღონისძიებები იქნა გატარებული საბავშვო ბაგა-ბაღის კოვზებით და ფინჯნებით მომარაგებასთან დაკავშირებით, რაზეც მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რაიმე მოქმედებები არ განხორციელებულა, რადგან მენეჯერს ცალკე წერილობით გაერთიანებისთვის არ მოუმართავს. (იხ. სასამართლოს 25.04.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 12:19:11-12:30:03 სთ) მხარეთა განმარტების მიხედვით, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მოპასუხის მხრიდან რაიმე ღონისძიების გატერება არ მომხდარა და ეს საკითხიც, მსგავსად საკმარისი ფართის არარსებობის და წყლით მომარაგებაში არსებული პრობლემისა, ფაქტობრივად მენეჯერის (მოსარჩელის) მოსაგვარებელ საკითხად დატოვა. სასამართლოსთვის გაურკვეველია, როდესაც გაერთიანებამ იცის, რომ საბავშვო ბაგა-ბაღში არ აქვთ საკმარისი ოდენობის ფინჯნები და ბაღის აღსაზრდელები სადილს საუზმის კოვზებით მიირთმევენ, და რომ ეს დარღვევას წარმოადგენს, აგრეთვე აქვთ მენეჯერის ახსნა-განმარტება, სადაც იგი უთითებს, რომ ის რაც აქვთ ისიც მშობლების შეძენილია, რა საჭირო იყო ამ საკითხის მოსაგვარებლად დამატებით მენეჯერის წერილობითი მიმართვა. რატომ არ იყო დასკვნა და მენეჯერის მოხსენებითი ბარათი საკმარისი, რომ გაერთიანებას ბაგა-ბაღისთვის საჭირო ფინჯნების და კოვზების შეძენაზე ეზრუნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დამსაქმებელმა უგულვებელყო მთავარი ვალდებულება - შექმნას დასაქმებულის მხრიდან ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისთვის საჭირო და სათანადო სამუშაო პირობები. ფაქტობრივად დამსაქმებელმა მოსარჩელეს დააკისრა ის ფუნქციები, რაც პირადად და უშუალოდ დამსაქმებლის შესასრულებელია.
· საბავშვო ბაგა-ბაღის ექთანს გაერთიანების დირექტორის №172-ე ბრძანებით მიეცა სასტიკი საყვედური. დარღვევის არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ ბაგა-ბაღში არსებული გარკვეული სამედიცინო პრეპარატები ვადაგასული იყო. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარეს დაესვა კითხვა - ბაღისთვის მედიკამენტების შეძენის უზრუნველყოფა გაერთიანების ვალდებულებას წარმოადგენდა თუ არა, რაზეც მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა (დირექტორმა) განმარტა, რომ გაერთიანება არ უზრუნველყოფს მედიკამენტების შეძენას და მას ექთანი და მენეჯერი პირადი ხარჯით (სახსრებით) ყიდულობენ (იხ. 15.05.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:18:04-16:22:59 სთ). გაურკვეველია რა სამართლებრივი საფუძვლით ხელმძღვანელობს მოპასუხე. ამ შემთხვევაშიც მოპასუხემ მედიკამენტების შეძენაზე პასუხისმგებლობა ექთანს და მენეჯერს დააკისრა, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დაუშვებელია ბაღის ფუნქციონირებისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენას ბაღის თანამშრომლები პირადი სახსრებით ახორციელებდნენ.
6.9. სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის განმსაზღვრელია დასაქმებულის ბრალეულობა. მისი მხრიდან დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მთლიანად დასაქმებულის ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. იმ პირობებში, როდესაც ვალდებულების დარღვევა დამსაქმებლის მხრიდან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებითაა განპირობებული, დასაქმებულის ბრალეულობა მთლიანად უნდა გამოირიცხოს. საქმის განხილვის შედეგად დასკვნაში ასახულ რიგ დარღვევებთან დაკავშირებით (აქტივობის ცენტრის მოწყობასთან, საწარმოებელ დოკუმენტებთან და სხვა) ვერ დადგინდა მათი სიმძიმე, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია დასაქმებულის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის ადეკვატურობის განსაზღვრის შესაძლებლობა. რიგ შემთხვევებში კი (სათანადო ფართის არარსებობა, ხელის დასაბანი წყლის არქონა, ვადაგასული მედიკამენტები, ფინჯნების და კოვზების უქონლობა და სხვა) სასამართლოს აზრით, დასაქმებულის ბრალეულობა სრულად უნდა გამოირიცხოს, ვინაიდან დარღვევა დამსაქმებლის მხრიდან შექმნილი არასათანადო სამუშაო პირობებითაა განპირობებული. რაც შეეხება დარღვევას საპირფარეშოში ხელის დაბანის პროცედურების შესახებ მინიშნების არარსებობასთან დაკავშირებით, სასამართლოს აზრით, ამ ნაწილში საკმარისი იქნებოდა რეკომენდაციის მიცემა ან უარეს შემთხვევაში შენიშვნის გამოცხადება და გამოყენებული დისციპლინური სახდელი - საყვედური, დარღვევის ადეკვატურ ღონისძიებად ვერ ჩაითვლება.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ა(ა)იპ გუ---------------–------–- ს-------------–------–-------–-------------------ის დირექტორის 02.04.2018 წლის №171 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.10. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, მათ შორის არის გასაჩივრებულ №481-ე ბრძანებაში მითითებული 37-ე მუხლის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტი, რომელთა თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა ან ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა სახეზე არ გვაქვს, რადგან საქმის განხილვის შედეგად, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე 02.04.2018 წლის №171-ე ბრძანება ცნობილია კანონშეუსაბამოდ და შესაბამისად ბათილია. ამდენად, მნიშვნელოვანია შეფასდეს №481-ე ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული დარღვევებს ჰქონდა ადგილი თუ არა და წარმოადგენენ თუ ისეთ დარღვევას, რომლისთვისაც ყველაზე მძიმე დისციპლინური ღონისძიების გამოყენება - სამსახურიდან გათავისუფლება უნდა მომხდარიყო.
6.11. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება მოითხოვა, რაზეც 12.11.2018 წლის №154 წერილით ეცნობა იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა და რაც საბოლოოდ მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა.
მოპასუხის წერილობითი დასაბუთების მიხედვით მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
Ø სოფელ ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღი 09:00 საათზე დაკეტილი იყო, არცერთი აღმზრდელის თანაშემწე, რომლებიც სამსახურში 08:45 საათზე უნდა ყოფილიყო, თავიანთ სააღმზრდელო ჯგუფებში არ იმყოფებოდნენ. აქედან გამომდინარე ჯგუფის ოთახები (იატაკი, ინვენტარი, ავეჯი) და სანიტარული კვანძები არ იყო სველი წესით დასუფთავებული, არ იყო ჩარეცხილი უნიტაზები და არ იყო ტუალეტის ურნები ნახმარი ქაღალდებისგან დაცლილი;
Ø 09:10 საათზე საბავშვო ბაღის ეზოს კართან პირველი აღმზრდელის თანაშემწე მა---------------–---–ი გამოჩნდა. მისი მოსვლიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ, ასევე დაგვიანებით, სამსახურში გამოცხადდა თავად მოსარჩელეც. თანამშრომლების დიდმა ნაწილმა სამსახურში მოსვლა 09:20 საათის შემდეგ დაიწყო;
Ø ყველა სააღმზრდელო ჯგუფის ოთახში ციოდა, რადგან ღუმელი იყო ასანთები. არცერთი სააღმზრდელო ჯგუფი 09:00 საათისთვის სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად მზად არ იყო. ჯგუფებში განრიგით გათვალისწინებული შესაბამისი აქტივობები არ მიმდინარეობდა;
Ø სამზარეულო საუზმის მოსამზადებლად მზად არ იყო, წინადღეს მოხარშული ხორცი მაცივრის გარეშე თავისივე ნახარშში იყო შენახული; წინადღეს გახეხილი ბოსტნეული, ჰიგიენური ნორმების დარღვევით, თავდაუხურავ თასში იყო მოთავსებული;
Ø ერთ-ერთ სააღმზრდელო ჯგუფში (აღმზრდელი თა------------–---–ი) არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული: იატაკზე ეგდო დამტვრეული ხის საჩვენებელი დაფა, რომლის გატეხილი ნაწილებიც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი იყო.
ამდენად, მოპასუხე მხარემ წერილობით განმარტა ის დარღვევები, რაც საბოლოოდ სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეფასდეს თითოეული მათგანი ინდივიდუალურად ან ერთობლიობაში წარმოადგენდა თუ არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერ საფუძველს.
6.12. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალური“ წესი არსებობს, რომლის თანახმად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ გაერთიანების დირექტორის 2015 წლის 05 იანვრის №4 ბრძანებით (იხ. ს.ფ. 153) განსაზღვრულია გურჯაანის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო დრო, რომლის მიხედვით:
§ საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერი სამუშაო დრო განისაზღვრა 09:00 სთ-დან 16:15 სთ-მდე;
§ უფროსი აღმზრდელის და აღმზრდელის თანაშემწის სამუშაო დრო 08:45 სთ-დან 16:00 სთ-მდე განისაზღვრა;
§ აღმზრდელის სამუშაო დრო 09:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე განისაზღვრა;
§ მზარეულის სამუშაო დრო 09:00 სთ-დან 14:30 სთ-მდე განისაზღვრა.
მითითებულ ბრძანებაზე დაყრდნობით მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 ნოემბერს საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლები სამსახურში დაგვიანებით გამოცხადდნენ. თანამშრომლებმა სამსახურში 09:10 საათიდან დაიწყეს მოსვლა, ყველა სააღმზრდელო ჯგუფის ოთახში ციოდა, რადგან ღუმელი იყო ასანთები და არცერთი სააღმზრდელო ჯგუფი 09:00 საათისთვის სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად მზად არ იყო. ჯგუფებში განრიგით გათვალისწინებული შესაბამისი აქტივობები არ მიმდინარეობდა.
· სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის დროული გამოცხადება დაწესებულების გამართული მუშაობის უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დასაქმებული უნდა იცავდეს იმ პირობებს, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან არის დადგენილი და ამ მხრივ რაიმე თვითნებობა მიუღებელია. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის 05 იანვრის №4 ბრძანებაში მითითებულ ზუსტ დროს სამსახურში გამოუცხადებლობა ვერ გახდება დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი შრომის შინაგანაწესის მე-9 მუხლის მიხედვით, სამუშაოზე დაგვიანებად მიიჩნევა თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების 30 წუთზე მეტი ხნის დაგვიანებით შესრულების დაწყება (იხ. ს.ფ. 90). №4 ბრძანების მიხედვით, აღმზრდელის თანაშემწე სამსახურში 08:45 საათზე უნდა გამოცხადდეს, ხოლო მენეჯერი და მზარეული 09:00 საათზე. წერილობით დასაბუთებაშიც და მონიტორინგის ოქმშიც მითითებულია, რომ ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწე მა---------------–---–ი და მენეჯერი თა----------–---–ი სამსახურში 09:10 საათზე მივიდნენ. მოწმის სახით დაკითხულმა მა---------------–---–მა (აღმზრდელის თანაშემწე) განმარტა, რომ სამსახურში 08:50 საათზე მივიდა. ინ-------------–---–მა (აღმზრდელი) განმარტა, რომ სამსახურში ის და მა-----------–-–---–ი (მზარეული) ფაქტიურად ერთ დროს მივიდნენ, ხოლო მა-----------–-–---–ის განმარტებით იგი სამსახურში 09:05 საათზე მივიდა. საქმეში წარმოდგენილია ბაგა-ბაღის ექთნის ახსნა-განმარტება, სადაც იგი განმარტავს, რომ 09:00 საათზე სამსახურში არ იყო და მხოლოდ 10 წუთით დააგვიანდა, ხოლო ინ-------------–---–ის ახსნა-განმარტებით მას 15 წუთით დააგვიანდა სამსახურში მისვლა.
სასამართლოს მიაჩნია, სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენება და საქმეში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებში სამსახურში გამოცხადების შესახებ მითითებული დრო გაზიარებული რომც არ იქნას და მხოლოდ მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილ ოქმში დაფიქსირებული დროს მიხედვით ვიხელმძღვანელოთ, ბაგა-ბაღის ამ თანამშრომლების მხრიდან შრომის შინაგანაწესის მე-9 მუხლში მითითებულ 30 წუთზე მეტი დროით სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, მითითებულ დროს სამსახურში მისვლა დაგვიანებად არ შეიძლება ჩაითვალოს.
· სააღმზრდელო ოთახებში სიცივესთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ აღმზრდელების საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების მიღების დაწყებამდე 15 წუთით ადრე მისვლა ვერ უზრუნველყოფს ამ ნაწილში ,,სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის VIII მუხლის მე-7 პუნქტის პირობას, რომლის მიხედვით ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების შენობებში უნდა იყოს ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები; სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში არა უმეტეს 50 კაცზე დასაშვებია ღუმლებით გათბობა, ოღონდ გასათბობი ღუმელი უნდა იკეტებოდეს ჰერმეტულად. გათბობა უნდა დაიწყოს ბავშვების მისვლამდე 1.5-2 საათით ადრე... ამდენად, ბრძანების შესაბამისად, საბავშვო ბაღში, სადაც აღსაზრდელების ოდენობა 50-ს აღემატება მოწყობილი უნდა იყოს ცენტრალური გათბობის სისტემა. ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღში 98 აღსაზრდელი ირიცხება, თუმცა ცენტრალური გათბობა მოწყობილი არ არის და ჯგუფების გათბობა ღუმელებით ხდება. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრძანებაში მითითებულ დროს სამსახურში გამოცხადების შემთხვევაშიც სააღმზრდელო ჯგუფებში შესაბამისი ტემპერატურა ვერ იქნება, ვინაიდან მითითებული ნორმის თანახმად, ღუმელის ანთება მინიმუმ 1.5 საათით ადრე უდნა მოხდეს და სათამაშო და ჯგუფების ოთახებში, რომლებიც პირველ სართულზეა განლაგებული, იატაკის ტემპერატურა ზამთარში 220-ზე ნაკლები არ უნდა იყოს (VIII მუხლი მე-10 პუნქტი). შესაბამისად, გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ეს პირობა ბრძანებით დადგენილ დროს სამსახურში გამოცხადების შემთხვევაშიც ვერ იქნებოდა აღმოფხვრილი. ამავდროულად, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაგვიანებად სამსახურებრივი მოვალეობების მხოლოდ 30 წუთზე მეტი დროით გვიან დაწყება წარმოადგენს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
· ერთ-ერთ დარღვევად სააღმზრდელო ჯგუფში უსაფრთხოების ზომების დაუცველობაა მითითებული. კერძოდ, მოპასუხემ წერილობით დასაბუთებაში აღნიშნა, რომ აღმზრდელი თა------------–---–ის ჯგუფში იატაკზე დამტვრეული ხის საჩვენებელი დაფა ეგდო, რომლის გატეხილი ნაწილებიც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი იყო. სასამართლო სხდომაზე მოწმე მა---------------–---–მა განმარტა, რომ საჩვენებელი დაფის დაზიანება წინა დღეს, ბავშვების წასვლის შემდგომ სააღმზრდელო ჯგუფის დასუფთავებისას მოხდა. მოწმემ განმარტა, რომ დაზიანებული საჩვენებელი დაფა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი არ იყო. ამავდროულად, როდესაც სამსახურში მივიდა, არცერთი აღსაზრდელები ბაღში არ იმყოფებოდა და მათ მისვლამდე დაზიანებული დაფას ჯგუფიდან გაიტანდა, თუმცა შემოწმებაზე მისულმა პირებმა ეს გარემოება დარღვევად ჩაუთვალეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სააღმზრდელო ჯგუფში ბავშვის მისვლამდე დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. განსახილველ შემთხვევაში ჯგუფში, სადაც დაზიანებული საჩვენებელი დაფა იყო, ბავშვები არ იმყოფებოდნენ და აღმზრდელს თავისუფლად შეეძლო მათ მოსვლამდე დაზიანებული ინვენტარის ჯგუფიდან გატანა. ამავდროულად, საფრთხეზე მოპასუხე მხარემ მიუთითა, თუმცა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება რომლითაც საფრთხის არსებობა და მისი ხარისხის შეფასება იქნებოდა შესაძლებელი.
· ოქმში მითითებულია, რომ სამზარეულო საუზმის მოსამზადებლად მზად არ იყო. ამ ნაწილში მოპასუხის წერილი რაიმე კონკრეტიკას არ შეიცავს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით საბავშვო ბაგა-ბაღის მზარეული მა-----------–-–---–ი დაიკითხა, რომელმაც განმარტა, რომ სამსახურში დაახლოებით 09:05 საათზე გამოცხადდა. ეზოს ჭიშკართან შემოწმებაზე მისული პირები დახვდნენ, რომლებმაც ბაღში შესვლის უფლება არ მისცეს იმ საფუძვლით, რომ სხვების მოსვლას უნდა დალოდებოდნენ. როდესაც ყარაულს ჭიშკრის გაღების და თანამშრომლებს ბაღში შესვლის უფლება მისცეს, იგი შევიდა სამზარეულოში, საუზმისთვის საჭირო წყალი დადგა გაზქურაზე და სამზარეულოდან გამოვიდა. შემდგომ ისევ სამზარეულოში შებრუნდა, სადაც შემოწმებაზე მისული პირი დახვდა. მოწმემ განმარტა, რომ ბაგა-ბაღში ბავშვების მიყვანა 09:00 საათზე იწყება და 10:15 საათზე უნდა დასრულდეს, საუზმე კი 10:30 სთ-დან 10:45 სთ-მდე პერიოდში აქვთ. საუზმის მომზადებისთვის დიდი დრო არ სჭირდება და საჭიროა ბაღში მისული ბავშვების ზუსტი რაოდენობა იცოდეს, რათა გამოსაყენებელი პროდუქტების ოდენობა განსაზღვროს და საუზმე მოამზადოს. ბავშვების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებამდე კი საუზმისთვის საჭირო წყალი, როგორც წესი, ადუღებულია და საუზმის დაწყებამდე დარჩენილ დროში თავისუფლად ასწრებს საუზმის მომზადებას.
მოწმის განმარტებაზე მოპასუხე მხარეს რაიმე საწინააღმდეგო განმარტება სასამართლოსთვის არ მიუცია. შესაბამისად, სასამართლოსთვის გაურკვეველია რა გარემოება დააფიქსირეს შემოწმებაზე მისულმა პირებმა ისეთი, რაც სამზარეულოს მოუმზადებლობად შეფასდა. რა მოქმედებები უნდა განეხორციელებინა მზარეულს, გარდა ზემოაღნიშნულისა, რომ სამზარეულო საუზმის მომზადებისთვის მზად ჩათვლილიყო.
· ბავშვების კვებასთან დაკავშირებით მითითებულია, რომ სამზარეულოში წინა დღეს მოხარშული ხორცი საკუთარ ნახარშში და მაცივრის გარეშე ჰქონდათ შენახული, ხოლო გახეხილი ბოსტნეული თავდაუხურავ ჭურჭელში იყო მოთავსებული. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მნიშვნელოვანი დარღვევა ხორცის წინა დღეს მოხარშვა კი არა, არამედ მაცივრის გარეშე და საკუთარ ნახარშში შენახვა წარმოადგენს. აგრეთვე განმარტა, რომ გახეხილი ბოსტნეულის თავდაუხურავ ჭურჭელში შენახვაც მნიშვნელოვანი დარღვევაა. (იხ. სასამართლოს 03.05.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 17:18:25-17:23:05 სთ)
კვების პროდუქტებთან დაკავშირებით მითითებულ გარემოებებზე მოწმე მა-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სამზარეულოში მხოლოდ ერთი გაზქურა აქვთ. ვინაიდან ხორცის მოხარშვას დიდი დრო სჭირდება და სადილისთვის ხორცის იმ დღეს მოხარშვას ვერ ასწრებენ, ამიტომ სადილისთვის საჭირო ხორცს ყველა ბაღში წინა დღეს საღამოს ხარშავენ. მოწმემ ხორცის ნახარშში შენახვის ფაქტი უარყო და განმარტა, რომ ხორცი ნახარშიდან ამოღებული და თავდახურულ ჭურჭელში იყო შენახული. გახეხილი ბოსტნეული შენახვასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ბოსტნეული თავდახურულ ჭურჭელში იყო მოთავსებული, რომელსაც საფარებელი შემოწმებაზე მისული პირის მოთხოვნით მოხადა, რომ მას თასში მოთავსებული ბოსტნეული ენახა. მა-----------–-–---–მა ბოსტნეულის თავდაუხურავ ჭურჭელში შენახვის ფაქტი გაერთიანების დირექტორის სახელზე დაწერილ ახსნა-განმარტებაშიც უარყო.
სასამართლო მიუთითებს ,,განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი. ჯანმრთელობისათვის საჭირო ნუტრიენტების მისაღებად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი კვების პირამიდის მიხედვით შემოთავაზებული სურსათის მრავალფეროვნებით. ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, ნედლეული და პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება თერმული დამუშავების გარეშე, უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე. თუ ხორცი, რძე, თევზი ერთ მაცივარში ინახება, აუცილებელია მათი დახურულ ჭურჭელში მოთავსება.
,,სკოლამდელი და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ წესის XII მუხლის მე-12 ქვეპუნქტის მიხედვით, ყველა ის კვების პროდუქტი, რომლითაც მარაგდება ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებები, უნდა შეესაბამებოდეს ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებს. უმი პროდუქტები და პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება თერმული დამუშავების გარეშე, აუცილებლად ცალ-ცალკე უნდა ინახებოდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მალფუჭებადი პროდუქტების შენახვას. ხორცი , თევზი , ნახევარფაბრიკატები , რძე და სხვ. უნდა ინახებოდეს მაცივრებში +4-80 C ტემპერატურაზე, მე-8 დანართში მითითებული ვადით. ამავე წესში მითითებულია განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვისა და რეალიზაციის სარეკომენდაციო ვადები და ხორცის შენახვის ვადა 48 საათით არის განსაზღვრული.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმატიული აქტების მიხედვით აკრძალულია განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების მაცივრის გარეშე შენახვა. შესაბამისად, ხორცის მაცივრის გარეშე შენახვა წარმოადგენს დარღვევას, რისთვისაც შესაძლებელია დისციპლინური სახდელის დაკისრება, თუმცა ნიშანდობლივია, რომ პირობების დარღვევით შენახული ხორცის ამოღება კვების რაციონიდან არ მომხდარა და შემოწმებაზე მისულმა პირებმა დაუშვეს ამ ხორცის ბავშვებისთვის მიწოდება. ამ პირების მიმართ კი რაიმე დისციპლინური ღონისძიების გატარებას ადგილი არ ჰქონია. ამასთან ერთად, სასამართლო ყურადღებას გაერთიანების დირექტორის 15.01.2015 წლის №13 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გუ---------------–----–------ის საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგიაზე“ ამახვილებს, რომლის მიხედვით პროდუქტების მიღებაზე, მათ დამუშავებაზე და საკვების მომზადებაზე პასუხისმგებელ პირს და უშუალო შემსრულებელს ბაგა-ბაღში მზარეული წარმოადგენს. სამზარეულოში აღმოჩენილ დარღვევებზე კი მზარეულს, გაერთიანების დირექტორის 07.11.2018 წლის №479 ბრძანებით სასტიკი საყვედური მიეცა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამზარეულოში აღმოჩენილი ეს დარღვევა დამოუკიდებლად არ შეიძლება წარმოადგენდეს მენეჯერის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ შედეგს, რომლის მიხედვით უშუალოდ შემსრულებელი (პასუხისმგებელი) პირის მიმართ გამოყენებულია უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელი, ვიდრე იმ პირის მიმართ, რომელსაც სტრატეგიის მიხედვით მხოლოდ მონიტორინგი და ორგანიზება ევალება.
· მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კიდევ ერთ საფუძველს ბაგა-ბაღის საპირფარეშოებში და ჯგუფებში აღმოჩენილი ჰიგიენური პირობების დაუცველობაა მითითებული. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით ჯგუფის ოთახები (იატაკი, ინვენტარი, ავეჯი) და სანიტარული კვანძები არ იყო სველი წესით დასუფთავებული, უნიტაზები არ იყო ჩარეცხილი და არ იყო ტუალეტის ურნები ნახმარი ქაღალდებისგან დაცლილი.
15.01.2015 წლის №13 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გუ---------------–----–------ის საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგიის“ 5.1. პუნქტის თანახმად, ბაგა-ბაღის შენობის მთლიანი ტერიტორია და ეზო დღის ბოლოს უნდა დალაგდეს. საპირფარეშოები დღეში ორჯერ უნდა დალაგდეს სველი წესით. დალაგებაში შედის ნაგვის გადაყრა, უნიტაზის ნიჟარის, სახელურების და იატაკის გაწმენდა. ჯგუფის ოთახები ბავშვების იქ არ ყოფნის დროს უნდა დალაგდეს. იატაკი სველი წესით უნდა გასუფთავდეს.
,,სკოლამდელი და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარიული წესების და ნორმების“ X მუხლის პირველი ქვეპუნქტის თანახმად, შენობების ყველა სათავსში დაცული უნდა იყოს სამაგალითო წესრიგი და სისუფთავე. ყველა სათავსის დალაგება-დასუფთავება უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად, სველი წესით, ღია ფანჯრებისა და ფრამუგების პირობებში. იატაკი უნდა ირეცხებოდეს დღეში ორჯერ, ერთხელ აუცილებლად ავეჯის გადაადგილებით. ავეჯი, რადიატორი, ფანჯრის რაფები სველი ტილოთი უნდა გაიწმინდოს. ბავშვების ტანსაცმლის კარადა ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს და კვირაში ერთხელ გაირეცხოს.
სასამართლო განმარტავს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა მნიშვნელოვანია აღსაზრდელებისა და პერსონალის ჯანმრთელობის დაცვისა და პრევენციის მიზნით. სწორედ ამიტომ კანონმდებლობა ბაღის შენობებში სისუფთავის დაცვის კუთხით განსაკუთრებულ მოთხოვნებს აწესებს და განსაზღვრავს, როგორც დალაგების პერიოდულობას, აგრეთვე პროცედურებს და იმ ქიმიურ საშუალებებს, რომელთა გამოყენებითაც დასუფთავება უნდა განხორციელდეს.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე უთითებს, რომ ჯგუფებში იატაკი არ იყო სველი წესით დასუფთავებული. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათების მიხედვით სააღმზრდელო ჯგუფებში ხის იატაკია მოწყობილი. ერთ-ერთ ჯგუფში იატაკი შეღებილია, თუმცა, როგორც ფოტოსურათებიდან ჩანს, საღებავი დაზიანებულია და იატაკის ფიცრები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებული (იხ. გვ. 61, ზედა ორი ფოტოსურათი).
საქმეში წარმოდგენილია გაერთიანების დირექტორის სახელზე დაწერილი მა---------------–---–ის ახსნა-განმარტება, სადაც იგი არ დაეთანხმა შენიშვნას ჯგუფის დასუფთავებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამსახურიდან წასვლის წინ იატაკს ყოველ დღე წასვლამდე ასუფთავებენ, თუმცა მას გაწმენდა არ ეტყობა, რადგან იატაკი შესაღებია. სასამართლო სხდომაზე მან დაადასტურა, რომ სააღმზრდელო ჯგუფს ბავშვების წასვლის შემდგომ აუცილებლად სველი წესით ასუფთავებს და შემოწმების წინა დღე ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა, თუმცა იატაკის საღებავი დაზიანებულია და მოწმენდიდან მალევე იატაკს სველი წესით დასუფთავება არ ეტყობა.
წარმოდგენილი ფოტოსურათების, მოსარჩელის მიერ სხდომაზე მიცემული განმარტების, მა---------------–---–ის ახსნა-განმარტების და მისი, როგორც მოწმის ჩვენების საფუძველზე სასამართლოს ეს განმარტება დამაჯერებლად და სარწმუნოდ მიაჩნია. ამავდროულად ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ჯგუფის სველი წესით დასუფთავებაზე მოპასუხის პრეტენზია დაუსაბუთებელია და ამ დარღვევას შემოწმების დღეს ადგილი არ ჰქონია.
· რაც შეეხება საპირფარეშოების დასუფთავებას, სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შემოწმების დღეს რომელიმე უნიტაზის ჩაურეცხავი იყო. (იხ. ს.ფ. 149-150) ურნებში ქაღალდების არსებობასთან დაკავშირებით კი სასამართლო ყურადღებას საბავშვო ბაგა-ბაღის გახანგრძლივებული ჯგუფის აღმზრდელის თანაშემწე ნინო შანყულაშვილის ჩვენებაზე ამახვილებს. მოწმემ განმარტა, რომ გახანგრძლივებული ჯგუფიდან ბავშვების წაყვანის შემდგომ ჯგუფის მოწესრიგება მისი ვალდებულებაა. შემოწმების წინა დღეს ბაღში აღსაზრდელის ერთ-ერთი მშობელი პატარა ბავშვით მივიდა, რომელმაც ბავშვი საპირფარეშოში შეიყვანა. ჯგუფის დასრულების შემდეგ ეს ამბავი მხედველობიდან გამორჩა და საპირფარეშოს დასუფთავება დაავიწყდა.
საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით თუ ვიმსჯელებთ, სახეზე უმნიშვნელო დარღვევა იკვეთება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ამ დარღვევისთვის თავად ბრალეულ პირს - ნინო შანყულაშვილს რაიმე დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დარღვევის სიმძიმის გავითვალისწინებთ იგი არ შეიძლება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დამოუკიდებელი საფუძველი გახდეს.
6.13. საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.
''დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად ''1. საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. 2. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. 3. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად....'' ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად - 1. ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. 2. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.''
შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ №111 კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, ტერმინი დისკრიმინაცია შეიცავს ყოველ განსხვავებას, დაუშვებლობას ან უპირატესობას რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური მრწამსის, უცხოური წარმოშობის ან სოციალური წარმოშობის ნიშნით, რაც იწვევს შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის განადგურებას ან დარღვევას შრომისა და საქმიანობის სფეროში.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის მიზანია საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ თითოეული პირის უფლების დაცვა მოხდეს თანაბრად, გამოირიცხოს ერთი პირის მიმართ სხვასთან შედარებით არასახარბიელო მოპყრობა. დისკრიმინაციის ამომავალი წერტილია განსხვავება პირთა მიმართ მოპყრობებს შორის. შესაბამისად, დისკრიმინაციის პირველი მახასიათებელი სწორედ ანალოგიურ ან მსგავს პირობებში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გუ---------------–----–------ის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 05.11.2018 წლის №09 ბრძანების საფუძველზე, გუ---------------–----–------ის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმება ჩატარდა. ბრძანების გამოცემიდან მეორე დღეს სოფელ ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღი შემოწმდა და დაფიქსირებული დარღვევების გამო ბაღის თანამშრომლებს დაეკისრათ დისციპლინური სახდელები. ნიშანდობლივია, რომ 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე მხოლოდ მოსარჩელის მიმართ გატარდა ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელი და გათავისუფლდა სამსახურიდან. სხვა, ანალოგიურ პოზიციაზე მომუშავე პირების მიმართ კი გამოყენებული იქნა შედარებით მსუბუქი დისციპლინური სახდელი, ხოლო უმეტეს შემთხვევაში, მიუხედავად დასკვნაში მითითებული დარღვევებისა, დისციპლინური სახდელის დაკისრება არ მომხდარა.
სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოში და საპირფარეშოებში აღმოჩენილი დარღვევების ფაქტი. როგორც საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის შედეგებით დასტურდება დარღვევები დაფიქსირდა სხვა საბავშვო ბაგა-ბაღებშიც. მათ შორის არის ისეთი დარღვევები, რომლებიც დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი განმაპირობებელი გარემოება იყო. მაგალითად, მონიტორინგის შედეგების მიხედვით:
· გუ-----------1 საბავშვო ბაგა-ბაღში მოუწესრიგებელი იყო აღსაზრდელთა ჩარიცხვისა და შოდა მობილობის დოკუმენტაცია, საპირფარეშოში იგრძნობოდა უსიამოვნო სუნი და დაფიქსირდა გასასუფთავებელი უნიტაზი.
· გუ-----------2 საბავშვო ბაგა-ბაღში მოუწესრიგებელი იყო მარკირების საკითხი. მზარეულს არ ეცვა ხალათი საუზმის მომზადების დროს. საპირფარეშოში შეინიშნებოდა არასასიამოვნო სუნი, უსაფრთხოების ნომრები დარღვეული იყო ეზოში, რადგან გადახურვის გარეშე არსებული წყლის ავზი საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.
· სოფელ ჭა------ს საბავშვო ბაგა-ბაღში მზარეულს თავზე ქუდი არ ეფარა, გამწოვი არ იყო ჩართული და საუზმისთვის განკუთვნილი პურები არაჰიგიენურად, ტილოების გვერდით, კარაქწასმული ელაგა მაგიდაზე.
· სოფელ კო-–---ს საბავშვო ბაგა-ბაღში შენიშნებოდა თაგვები, მენეჯერი და მზარეული 09:00 საათზე არ გამოცხადდნენ სამსახურში.
· სოფელ ბა-----–--ის ბაგა-ბაღის 4-6 წლის აღსაზრდელების ჯგუფის საპირფარეშოს ურნა სავსე იყო წინა დღის ქაღალდებით, კარადები გასამაგრებელია, სააქტო დარბაზში თარო ნახევრად ჩამოვარდნილია, წყლის ავზს გადახურვა არ აქვს, რაც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის, დარღვეულია სანიტარული ნორმები და უსაფრთხოების ზომები.
· სოფელ ჩუ--–------1 ბაგა-ბაღის მენეჯერი 09:00 საათზე არ გამოცხადებულა სამსახურში... სააღმზრდელო დაწესებულებაში არსებული ინვენტარი გასამაგრებელია. ვადაგასულია პირველადი დახმარების მედიკამენტები. ოთახების მოსაწმენდად არ არის ტილოები გამოყოფილი. საწყობ ოთახში აღმოჩენილი ტილოების შემდეგ (რომლითაც დაუშვებელია მოიწმინდოს ბავშვებისთვის განკუთვნილი ოთახები) მენეჯერმა განაცხადა, რომ იატაკის ტილოები ცალკე ჰქონდა შენახული, თუმცა შემოწმების შედეგად მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირდა. მაცივარში ინახებოდა დაობებული ლიმნები. 3-4 წლიან ჯგუფში აღმზრდელს აღსაზრდელები იატაკზე ეჯდა და ფეხსაცმელს ისე უცვლიდა.
მონიტორინგის დასკვნაში, გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვა დარღვევებიც არის მითითებული, თუმცა, როგორც მოსარჩელე მხარის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტებით დასტურდება, დისციპლინური სახდელების დაკისრება მხოლოდ სოფელ ვე-----ს და სოფელ ჭა------ს საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლების მიმართ მოხდა (იხ. ს.ფ. 208-213; 221-279). სხვა შემთხვევებზე დისციპლინური სახდელების დაკისრება არ მომხდარა.
სასამართლო მიუთითებს, რომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება, ჯგუფებში და სააქტო დარბაზებში უსაფრთხოების პირობების დაუცველობა, ღუმელის გვიან ანთება, საპირფარეშოებში უსიამოვნო სუნი, დაულაგებელი ოთახები, პროდუქტების არასათანადო შენახვა, ვადაგასული მედიკამენტები და სხვა დარღვევები დაფიქსირდა სხვა საბავშვო ბაგა-ბაღებშიც. ნიშანდობლივია, რომ სოფელ არ-–-----ს მენეჯერს გაერთიანების დირექტორის 02.04.2018 წლის №150 ბრძანებით გამოცხადებული ჰქონდა საყვედური სამსახურეობრივი მოვალეობის გულგრილი და არაჯეროვანი შესრულებისთვის (იხ. ს.ფ. 232), თუმცა ნოემბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებულ დარღვევებზე (საბავშვო ბაგა-ბაღში არ ჰქონდათ პურის და პროდუქტების შესანახი კონტეინერები და ბაგა-ბაღის აღსაზრდელები სარგებლობენ ერთი ქოთნით) მის მიმართ რაიმე დისციპლინური სახდელის დაკისრება არ მომხდარა. ანალოგიურად, სოფელ კა------------2 საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერს გაერთიანების დირექტორის 02.04.2018 წლის №179 ბრძანებით მიცემული ჰქონდა შენიშვნა სამსახურეობრივი მოვალეობის გულგრილი და არაჯეროვანი შესრულებისთვის (იხ. ს.გ. 250), მაგრამ მონიტორინგის დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო (უნიტაზები ჩასარეცხი იყო, ქაღალდის ხელსაწმენდები ქიმიურ საწმენდ საშუალებებთან ერთად გახსნილი ელაგა) მის მიმართ რაიმე დისციპლინური სახდელის დაკისრება არ მომხდარა.
სასამართლოსთვის გაურკვეველია, ერთი ჭიქით წყლის დალევა თუ წარმოადგენს დარღვევას და დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველს, მაშინ ერთი ქოთნით სარგებლობა, რომელიც ასევე დარღვევაა, რატომ დატოვა მოპასუხემ რეაგირების გარეშე. ან ერთ შემთხვევაში ვადაგასული მედიკამენტების გამო სოფელ ვე-----ს ექთანს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, ხოლო სოფელ ვა--------ის საბავშვო ბაგა-ბაღში აღმოჩენილ იმავე სახის დარღვევაზე მოპასუხემ რაიმე რეაგირება არ მოახდინა.
,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის მიხედვით, პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ანალოგიურ და მსგავს დარღვევებზე დამსაქმებლის მხრიდან სხვა თანამშრომლების მიმართ არ გამოყენებულა ისეთი მკაცრი დისციპლინური სახდელი, რომელიც მოსარჩელის მიმართ იქნა გამოყენებული. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში დისციპლინური სახდელის დაკისრება საერთოდ არ მომხდარა.
საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ერთი და იმავე დარღვევებზე დამსაქმებელს სხვადასხვა პირების მიმართ აქვს განსხვავებული მიდგომა. აღნიშნული წარმოადგენს დისკრიმინაციას, რაც საქართველოს კანონმდებლობით ცალსახად დაუშვებელია.
6.14. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივი დავებში მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ დასაქმებულმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც გამოიხატა კონკრეტულ ქმედებაში. შესაბამისად, მოპასუხე, ვალდებულია ჯეროვანი და შესაფერისი მტკიცებულებით დაადასტუროს და სასამართლოს წარმოუჩინოს ის გარემოებები, რომლებიც დამსაქმებლის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარებას საფუძვლად დაედო. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერ საფუძველს დაადასტურებდა. რიგ შემთხვევაში დარღვევის ფაქტის არსებობა ვერ იქნა დადასტურებული, ხოლო ის რაც დადასტურდა, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე არ შეიძლება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერ საფუძვლად ჩაითვალოს.
სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური სახდელის დაკისრება ადმინისტრაციის მხრიდან არის დისციპლინურ გადაცდომაზე კანონიერი რეაგირებაც და იმავდროულად შემდგომში დისციპლინური გადაცდომის ჩადენის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებაც. დისციპლინური სახდელი არ განიხილება დასაქმებულის დამცირების და ღირსების შემლახავ ღონისძიებად და მისი მიზანი შემდგომში სამსახურეობრივი მოვალეობების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფაა. სწორედ ამიტომ, დაკისრებული დისციპლინური სახდელი ჩადენილი დარღვევის სიმძიმის შესაბამისი უნდა იყოს. დამსაქმებელი მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენებას, მითუმეტეს, თუ მას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოჰყვება შედეგად. თუ გამოყენებული სახდელი ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი არ იქნება, მაშინ მივიღებთ უსამართლო და არაადეკვატურ ღონისძიებას, რაც დაუშვებელია, ვინაიდან შრომის კანონმდებლობის მიზანია, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობა მოაქციოს ზუსტად განსაზღვრულ სამართლებრივ რეგულირებაში, რაც გამორიცხავს დასაქმებულის ექსპლუატაციას და შექმნის ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებასა და თვითგანვითარებაზე დაფუძნებული შრომის შესაძლებლობას. ამავდროულად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არის დასაქმებულის დასჯის უკიდურესი ზომა, რასაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა მიმართოს დამსაქმებელმა, როცა შეუძლებელია დასაქმებულს მიანდონ საქმიანობის გაგრძელება, რადგან ჩადენილი დარღვევის მნიშვნელობის, გამოწვეული შედეგის გამო აშკარად შეუძლებელია დასაქმებულმა გააგრძელოს წინანდელი საქმიანობა ან სხვა სამუშაო შეასრულოს იმავე დამსაქმებლისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რიგ შემთხვევებში ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხის მიერ დისციპლინური სახდელების გამოყენების საფუძვლად მითითებული გარემოებების არსებობა, ხოლო ის დარღვევები, რაც საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა, არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების იმგვარად დარღვევას, რომლის გამოც მისი სამსახურიდან გათავისუფლება ადეკვატურ და პროპორციულ ღონისძიებად ჩაითვლებოდა. დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდების შესაძლებლობას გამორიცხავდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს არაადეკვატურ ღონისძიებას და შესაბამისად მისი გათავისუფლების შესახებ მიღებულიო ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.15. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის ინიციატივით უკანონოდ გათავისუფლების სამართლებრივ შედეგებს შორის დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილას აღდგენა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, თუმცა, მისი დაკმაყოფილება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას უკავშირდება. კერძოდ, დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილას აღდგენის მიზნებისათვის აუცილებელია, კანონით გათვალისწინებულ გათავისუფლების საფუძვლის უკანონოდ ცნობა და პირვანდელი სამუშაო ადგილის ვაკანტურ მდგომარეობაში არსებობა. (იხ. სასამართლო პრაქტიკა: სუსგ-ები №ას-45-2019, 5 აპრილი 2019 წელი; №ას-411-411-2018, 14 ნოემბერი 2018 წელი)
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საფუძველი, ვინაიდან სოფელ ვე-----ს საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერის თანამდებობა საქმის განხილვის მომენტისთვის ვაკანტური არ არის და საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერად, 2019 წლის 01 თებერვლიდან, ეკ---------------–---–ი არის დანიშნული.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში როდესაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მიუხედავად მოსარჩელის სამსახურში აღდგენა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, დარღვეული უფლების რესტიტუციის სახით მოსარჩელეს ერთჯერადი კომპენსაცია უნდა მიეცეს, რომლის ოდენობასაც სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს. კომპენსაცია პირვანდელ სამუშაო ადგილას აღდგენის ალტერნატივაა, რომლითაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის მატერიალური დანაკარგისა და არამატერიალური ზიანის შეძლებისდაგვარად ადეკვატური კომპენსირება ხდება. რა ოდენობის კომპენსაციაა ადეკვატური და სამართლიანი, კანონმდებლობით დადგენილი არ არის და მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ საქმეზე ინდივიდუალურად და სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე უნდა მოხდეს. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობას, შრომითი ურთიერთობის ხასიათს, ხელფასის ოდენობას, სხვა სამსახურის მოძებნისთვის საჭირო გონივრულ დროს და სხვა გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანად და ადეკვატურად უნდა ჩაითვალოს კომპენსაცია მოსარჩელის ერთი წლის შრომის ანაზღაურების ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის სახით 4680 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით და სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის გაგზავნის ხარჯი 15 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის და ფოსტის მომსახურებისთვის გადახდილი 15 ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს გადაწყვეტილებით კომპენსაციის სახით დაკისრებული თანხის 4%-ის ოდენობით, რაც 187.2 ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თა----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ გუ---------------–------–- ს-------------–------–-------–-------------------ის დირექტორის 2018 წლის 02 აპრილის №171 ბრძანება თა----------–---–ისათვის საყვედურის მიცემის თაობაზე;
3. ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ გუ---------------–------–- ს-------------–------–-------–-------------------ის დირექტორის 2018 წლის 07 ნოემბრის №481 ბრძანება თა----------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;
4. მოპასუხე ა(ა)იპ გუ---------------–------–- ს-------------–------–-------–-------------------ას მოსარჩელე თა----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით 4 680 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) გადახდა;
5. თა----------–---–ის მოთხოვნა ა(ა)იპ გუ---------------–------–- ს-------------–------–-------–-------------------ის სოფელ ვე-----ს საბავშვო ბაღის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენის და განაცდურის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
6. მოპასუხე ა(ა)იპ გუ---------------–------–- ს-------------–------–-------–-------------------ის გაერთიანებას მოსარჩელე თა----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის, ფოსტის მომსახურების საფასურის 15 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 187.2 ლარის ანაზღაურება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე