განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2019
საქმის ნომერი
330100118002748900
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5----18

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ონიანი და ანნა ქოჩიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ-------------–---–-

სტაჟიორ-პროკურორი - ა-----–---–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ------------–-–---–- - დაბადებული 1--- წლის 1------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ-------–---, მისამართის გარეშე; ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ-------–---, ე-----–---–---–-- ქუჩა №2---.

 

ადვოკატი - ი--------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1--------- განაჩენით ნო---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარი, რაც დღეის მდგომარეობით აღსრულებული არ არის.

 

2018 წლის 23 ოქტომბერს, 11:20 საათიდან 11:50 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, ა-–--------------- ქუჩა №1--–- მდებარე ,,ფ------------“ აფთიაქში ნო---------–-–---–- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ლ-------------------- 15 ლარად ღირებულ საფულესა და მასში მოთავსებულ 1235 ლარს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ნო---------–-–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ნო---------–-–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ლ-------------------- გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: მ-----–--------–---–-- და ს--–-------------- გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, საფულის ამოღების ოქმს, ამოღებულ საფულეს, საფულის გახსნა-დათვალიერების ოქმს, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის ოქმს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1--------- განაჩენს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაცია; კერძოდ, აუცილებელია დადგენილ იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება), 3) მიზანი (ქმედება ხორციელდება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და 4) აღნიშნულმა ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა და მნიშვნელოვანი ზიანი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ-------------------- ჯამში მიადგა 1 250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლო ნო---------–-–---–-ს მიერ არაერთგზის დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1--------- განაჩენით ნო---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №7---- წერილით დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2--- წლის 1--------- განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, თუმცა მოვალეს არ წარუდგენია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ნ-----------–-–---–--, არაერთგზის ჩაიდინა დანაშაული, ვინაიდან უტყუარად დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 23 ოქტომბერს, მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ-----------–-–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის), რისთვისაც ნო---------–-–---–- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ-----------–-–---–-- აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოება არის სახეზე არსებული დანაშაულის რეციდვი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ნ-----------–-–---–- მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ნო---------–-–---–-ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ნო---------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებებს და გამოხატავს მზაობას ზიანი აუნაზღაუროს დაზარალებულს (მისი განმარტებით დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი ასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ინფორმაციის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა). სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ეკონომიკური - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ნო---------–-–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ლ-------------------- კუთვნილ 15 ლარად ღირებულ საფულეს და მასში მოთავსებულ 1 235 ლარს), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის უმუშევარი და არ აქვს მუდმივი შემოსავლის წყარო), ნო---------–-–---–-ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/ქონების დაუფლება). შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე მას სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2--- წლის 1--------------- განაჩენით ნო---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ამდენად, ნო---------–-–---–- ნასამართლევია, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2--- წლის 1--------------- განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის, მას ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. ამდენად, ნ-----------–-–---–- სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· საფულე, ლ---------------- პირადობის მოწმობა, სამსახურებრივი მოწმობა, მართვის მოწმობა, სს ,,საქართველოს ბანკის“ სს ,,თი ბისი ბანკის“ ბარათები, ,,უნიქარდის“ ბარათი და სამგზავრო ბარათი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· 3 (სამი) ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნო---------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1--------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1--------- განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდნეობით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1--------------- განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----------–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ნ-----------–-–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 30 აპრილიდან.

 

ნო---------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

· საფულე, ლ---------------- პირადობის მოწმობა, სამსახურებრივი მოწმობა, მართვის მოწმობა, სს ,,საქართველოს ბანკის“ სს ,,თი ბისი ბანკის“ ბარათები, ,,უნიქარდის“ ბარათი და სამგზავრო ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· 3 (სამი) ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი