გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2019
საქმის ნომერი
330210017002234502
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/37106-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით - შპს ,,მ------–- - ქ---------------- და ი---------------- კ-–-----’’

წარმომადგენელი - გ--- ც--–---, ფ-------- ჭ--–---, ა----–--- ა-----–--–--

დავის საგანი - თანხის დაკისრება

მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით - თ------- ჩ------–--–-

წარმომადგენელი - ს------ მ--------

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დაეკისროს მოპასუხე თ------- ჩ------–--–- მოსარჩელე შპს ,,მ------–- - ქ---------------- და ი---------------- კ-–-----’’-ს სასარგებლოდ 10 700 ლარის გადახდა.

 

2. შეგებებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა:

 

2.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,მ------–- - ქ---------------- და ი---------------- კ-–-----’’-ს დირექტორის 2016 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება თ------- ჩ------–--–-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

 

2.2. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე თ------- ჩ------–--–- შპს ,,მ------–- - ქ---------------- და ი---------------- კ-–-----’’- ში ს------–---- ფიზიკოსის თანამდებობაზე.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

შპს ,,მ------–- - ქ---------------- და ი---------------- კ-–-----’’-ს (შემდგომში მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, კლინიკა) და თ------- ჩ------–--–- (შემდგომში მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) შორის 2014 წლის 07 აპრილის დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს ევალებოდა მოსარჩელე ორგანიზაციაში ბრახითერაპიის ჩატარების დროს დასწრებოდა პაციენტისათვის მკურნალობის მიზნით რადიაქტიური ნივთიერების ჩანერგვის პროცესს, რა შემთხვევაშიც უნდა გაეკონტროლებინა რადიაქტიური ნივთიერების გამოსხივების სიმძლავრე. აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით მოპასუხის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მოსარჩელემ დააფინანსა მოპასუხის სწავლება ლიეტუვაში, ჯანმრთელობის მეცნიერების უნივერსიტეტში გამგზავრების, ცხოვრების და სწავლების ხარჯები.

 

2016 წლის თებერვლიდან მოპასუხეს აღარ ცხადდება სამსახურში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, რაც ხელშეკრულების თანახმად წარმოშობს მისი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაწეული ხარჯის მოთხოვნის უფლებას. მის მიერ მოპასუხის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაწეული ხარჯი შეადგენს 10 700 ლარს.

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

მოპასუხე 2014 წლის 07 აპრილიდან 2016 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა მოსარჩელესთან ფიზიკოსის პოზიციაზე. იგი ხელფასს ღებულობდა გამომუშავების წესით და ამ შემთხვევაში მისი ხელფასის ოდენობა შეადგენდა 150 ლარს. მოპასუხე სამსახურიდან გათავისუფლდა მოსარჩელის ცალმხრივად გამოვლენილი ნების საფუძველზე 2016 წლის 27 ოქტომბრიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ საფუძვლით, რომ იგი თავს არიდებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, კერძოდ, არ დაესწრო პაციენტებისათვის მკურნალობის მიზნით რადიაქტიური ნივთიერების ჩანერგვის პროცესს. მოპასუხე უკანონოდ მიიჩნევს მასთან ხელშეკრულების შეწყვეტას და ითხოვს შესაბამისი ბრძანების ბათილად ცნობას თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1.მოპასუხე თ------- ჩ------–--–-ს პოზიცია შპს ,,მ------–- - ქ---------------- და ი---------------- კ-–-----’’-ს სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს თავადვე უნდა უზრუნველეყო მისი მიწვევა ბრახითერაპიის ჩატარების დროს პაციენტებისათვის მკურნალობის მიზნით რადიაქტიური ნივთიერების ჩანერგვის დროს, რაც მას არ განუხორციელებია. ამასთან, შრომითი ხელშეკრულება მოპასუხის ინიციატივით არ შეწყვეტილა, რაც გამორიცხავს სწავლებაზე დახარჯული თანხის დაკისრებას მოპასუხეზე.

 

2.2.მოპასუხე შპს ,,მ------–- - ქ---------------- და ი---------------- კ-–-----’’-ს პოზიცია თ------- ჩ------–--–-ს შეგებებულ სარჩელთან მიმართებით.

 

შეგებებული სარჩელის მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით შეგებებული სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე კლინიკაში ფაქტობრივად მუშაობდა 2016 წლის 01 თებერვლამდე და მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია არა გამოცემული ბრძანება, არამედ მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 07 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე დასაქმდა სამედიცინო ფიზიკოსის თანამდებობაზე. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა ხელშეკრულების არსებითი პირობები, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელი, ანაზღაურება - გამომუშავების წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.13-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. 2014 წლის 08 აპრილს მხარეებს შორის დაიდო დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმად განისაზღვრა, რომ დამსაქმებელი სრულად დაუფინანსებს მუშაკს ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. კაუნასის სამედი ცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო კურსებზე დასწრების ხარჯებს : 3 041.61 ევრო (აქედან 2 500 ევრო - სწავლის საფასური, 290 ევრო - საცხოვრებელი ბინის გადასახადი/ქირა, 35 ევრო - ვიზის საფასური, ხოლო 216.61 ევრო - თვითმფრინავის სამგზავრო ბილეთი) 43.50 ლარი სამოგზაურო დაზღვევისა და 980 აშშ დოლარის (სამივლინებო დღიური ხარჯი) ოდენობით.

 

აღნიშნული შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, მუშაკი ვალდებულია დაუყოვნებლივ და სრულად აუნაზღაუროს დამსაქმებელს ზემოაღნიშნული ხარჯი, იმ შემთხვევაში, თუკი მუშაკი, საკუთარი ინიციატივით/ბრალით შეწყვეტს 2014 წლის 07 აპრილს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას. ამავე შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს მათ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დამატებითი შეთანხმება (ს.ფ.18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.3. მოპასუხე, 2014 წლის 22 აპრილიდან 2014 წლის 16 მაისამდე, ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. კაუნასის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში დაესწრო კვალიფიკაციის ამაღლების ციკლს თემზე ,,რადიოონკოლოგიური ასპექტები ბრაქითერაპიაში’’. მოპასუხის სწავლების ხარჯი სრულად დაფარა მოსარჩელემ. მოსარჩელეს მიერ მოპასუხის პროფესიულ განვითარებაში დახარჯული/ინვესტირებული თანხა ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 10 700 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხელშეკრულებები, დამატებითი შეთანხმება (ს.ფ. 13-18; 24-32);

- საგადახდო დავალებები (ს.ფ.19-21);

- მემორიალური ორდერი (ს.ფ.22);

- საგადახდო დავალება (ს.ფ.23);

- ჯავშანი (ს.ფ.33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. მხარეთა შორის 2014 წლის 07 აპრილს დადებული შრომითი ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაო დროის მიუხედავად, მხარეთა ზეპირი შეთანხმების თანახმად, მოპასუხე სარგებლობდა შრომის თავისუფალი გრაფიკით. მოპასუხეს როგორც სამედიცინო ფიზიკოსს, სამსახურში გამოცხადება ევალებოდა მხოლოდ დაგეგმილ სამედიცინო პროცედურაზე შესაბამისი უფლება-მოვალეობების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენება

 

3.1.5. მოსარჩელე 2014 წლის 16 იანვრიდან ფლობს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიას (N000059, გაცემის თარიღი 16.01.2014) ,,მაიონებელი გამოსხივების წყაროს სამედიცინო (სამკურნალო) მიზნით გამოყენება’’.

 

აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში 2014-2016 წლებში 11 პაციენტს ჩაუტარდა ბრაქითერაპიული პროცედურა: 12.08.2014 – 1 პროცედურა; 09.09.2014 – 2 პროცედურა; 28.10.2014 - 2 პროცედურა; 26.11.2014 – 1 პროცედურა; 30.01.2015 - 1 პროცედურა; 24.02.2015 - 1 პროცედურა; 03.06.2015 – 2 პროცედურა; 22.04.2016 -1 პროცედურა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.167);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. მოპასუხეს, 2016 წლის 22 აპრილს ჩატარებულ ბრაქითერაპიის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება (ს.ფ.59-64);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მაგთიკომის დეტალური ამონაბეჭდი (ს.ფ.172-230);

- მოწმეთა ჩვენებები.

 

3.1.7. მოსარჩელე დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 27 ოქტომბერის ბრძანების N128-4/16 თანახმად, მოპასუხე გათავისუფლდა სამსახურიდან მის მიერ სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისგან თავის არიდების გამო. დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთების თანახმად, გათავისუფლების ბრძანების საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ.37);

- მიმართვა (ს.ფ.86-87);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა მოპასუხის ინიციატივით, ხოლო მოსარჩელე დაწესებულების, დირექტორის 2016 წლის 27 ოქტომბერის ბრძანება არის მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია შრომითი ურთიერთობების დასრულების შესახებ.

 

მოცემულ დავაში წინააღმდეგობრივია მხარეთა აღქმა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებთან მიმართებაში. უდავოა, რომ 2016 წლის 22 აპრილს მოსარჩელე, მოპასუხეს თავის თანამშრომლად თვლიდა და ელოდებოდა კიდევაც მის გამოცხადებას დაგეგმილ სამედიცინო პროცედურაზე. მეორე მხრივ, მოპასუხის ქმედებების შეფასება იძლევა ისეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ხელშეკრულება სწორედ მოპასუხის ინიციატივით შეწყდაჯ ჯერ კიდევ 2016 წლის თებერვალში.

 

გასათვალისწინებელია ასევე წარმოდგენილი მიმოწერა (ს.ფ. 101), რომლის თანახმადაც თავად მოპასუხე ადასტურებს, რომ 2016 წლის 01 თებერვლიდან იგი აღარ არის კლინიკის თანამშრომელი და უარს აცხადებს 2016 წლის 22 აპრილის სამედიცინო პროცედურიდან გამომდინარე სასამართლო დავაში მონაწილეობის მიღებაზე. საგულისხმოა, რომ მიმოწერის ნამდვილობა არ არის სადავო, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება იმაზე, რომ შეტყობინება გაგზავნილია მოპასუხის ეჭვიანი მეუღლის მიერ, მოკლებულია დამაჯერებლობას.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხემ უგულებელყო მასზე შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. იგი არ გამოცხადდა 2016 წლის 22 აპრილს დაგეგმილ სამედიცინო პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, ვინაიდან თავს არ თვლიდა მოსარჩელესთან დასაქმებულად, თუმცა, აღნიშნულის თაობაზე დამსაქმებელი სათანადოდ გაფრთხილებული არ ყოფილა. მოპასუხის ცალმხრივმა გადაწყვეტილებამ საბოლოო ჯამში მოსარჩელის დაჯარიმება გამოიწვია.

 

სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის ქმედებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერება დამაჯერებლად მიუთითებს იმაზე, რომ მოპასუხემ დაკარგა ინტერესი მოპასუხესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მიმართ გაცილებით ადრე, ვიდრე მასთან დადგენილი წესით შეწყდებოდა ხელშეკრულება. მოსარჩელესთან თანამშრომლობაზე უარის თქმით, მოპასუხემ ფაქტობრივად გამოხატა ნება ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ჩვენებები;

- მაგთიკომის ამონაწერი;

- პირადი მიმოწერა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის შესახებ კი არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 361-ე მუხლები; საქართველოს შრომის კოდექსის 1, მე-2, მე-6, 31-ე, 34-ე, 37-ე, 38-ე, 44-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

მოპასუხის სწავლებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას მოსარჩელე აფუძნებს მხარეთა 2014 წლის 08 აპრილის დამატებითი შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, მუშაკი ვალდებულია დაუყოვნებლივ და სრულად აუნაზღაუროს დამსაქმებელს მის სწავლებაზე გაწეული ხარჯი, იმ შემთხვევაში, თუკი მუშაკი, საკუთარი ინიციატივით/ბრალით შეწყვეტს 2014 წლის 07 აპრილს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას.

 

სასამართლო მიუთითებს მხარეთა ურთიერთობის სპეციფიკაზე. ერთი მხრივ, მოპასუხისათვის როგორც დასაქმებულისათვის მნიშვნელოვანია ცოდნისა და გამოცდილების მიღება, მეორე მხრივ, კი მოსარჩელე თავისი საქმიანობის ფარგლებში დაინტერესებულია კადრების მოზიდვასა და ზრდაში, მისივე საქმიანობის შემდგომი პერსპექტივისთვის. ეს ურთიერთთანამშრომლობა რა თქმა უნდა უკავშირდება მხარეთა ორმხრივ ბენეფიტებსაც. კლინიკა დებს თანხასა და დროს დასაქმებულის პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში, შედეგად კი იღებს შემოსავალს კვალიფიციური კადრის მიერ გაწეული მომსახურებიდან. თავის მხრივ, დასაქმებული იღებს გამოცდილებას, იხვეჭს სახელს და ყალიბდება თავის საქმის პროფესიონალად.

 

ამავდროულად, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას თან სდევს რისკი - გამოცდილმა კადრმა სხვა დამსაქმებელთან არ მოისურვოს შრომითი ურთიერთობის გაგრძელება. ამ რისკის გადასალახად, მხარეთა შეთანხმება შესაძლოა დამსაქმებლისათვის გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებდეს. მაგალითად, დათქმას იმის შესახებ, რომ თავისი საქმიანობა გარკვეული დროის განმავლობაში განახორციელოს მხოლოდ კონკრეტულ დამსაქმებელთან ან/და ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აანაზღაუროს მის სწავლაზე გაწეული ხარჯები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ასეთი შეთანხმებები ლეგიტიმურია და ხელს უწყობს დასაქმების ბაზრის სტაბილურობას. კერძოდ, განჭვრეტადს ხდის დამსაქმებლის ბიზნეს გათვლას, რომ მის მიერ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში დახარჯული თანხა მოხმარდება მისივე ბიზნესის განვითარებას. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოლოდინი არ შეიძლება იყოს ვადაში განუსაზღვრელი. დამსაქმებელმა ზუსტად უნდა იცოდეს სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლები და დრო. ანუ რა ვადის განმავლობაში მოუწევს კვალიფიკაციის ამაღლებაში დახარჯული დამსაქმებლის თანხის პირადი შრომით კომპენსირება. ხელშეკრულებით წინასწარ, განსაზღვრული ვადის ფარგლებში, მხარეებს მოეთხოვებათ დაიცვან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლები და ზედმიწევნით შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

 

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული შეთანხმება წარმოადგენს მართლზომიერ დათქმას და დამსაქმებელს ანიჭებს დასაქმებულის ინიციატივით ვადამდე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტისას მის სწავლებაზე გაწეული დანახარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დამსაქმებლის მიერ მოპასუხეზე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაწეული ხარჯი სეადგენ 10 700 ლარს. ასევე დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია მოპასუხის ინიციატივით, რაც განაპირობებს თანხის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობას, რის გამოც არსებობს მისი დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასვე სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვა მდგომარეობს 2016 წლის 27 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობასა და გათავისუფლებული პირის სამუშაოზე აღდგენაში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტი კრძალავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან და კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს, რა დროსაც განსაზღვრული არ არის დასაქმებულის წინასწარ ინფორმირების ვადა და დასაქმებულს არ მიეცემა არავითარი კომპენსაცია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იქნა სწორედ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ’’ ქვეპუნქტის საფუძვლით. დამსაქმებლის მითითებით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ თ------- ჩ------–--–- არ გამოცხადდა დაგეგმილ სამედიცინო პროცედურაზე. შეგებებული სარჩელის მოპასუხის მითითებით, 2016 წლის 27 ოქტომბერს გამოცემულ გათავისუფლების ბრძანებას ჰქონდა მხოლოდ დეკლარირებული ხასიათი, ვინაიდან თ------- ჩ------–--–-- ფაქტობრივად თავისივე ნებით შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (შრომითსამართლებრივ დავებში იხ., მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებების შესახებ სუსგ №ას-630-630-2018, 6 ივლისი, 2018 წელი, პ-34; აგრეთვე, სუსგ-ები №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; პ-43).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა რამდენადაა „უხეში’’ ხასიათის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის კონკრეტული გარემოებები. იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების სიმძიმე შეფასდეს, თავდაპირველად, გამოკვლეულ უნდა იქნეს იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, დასაქმებულის ფუნქცია და მისი მოვალეობები (იხ. სუსგ №ას-816-782-2016, 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია თავად დასაქმებულის მიერ გამოხატული ნება, მისი უარი შეგებებული სარჩელის მოპასუხესთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს კლინიკის მითითებას იმის თაობაზე რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს გამოცემული ბრძანება წარმოადგენს ერთგვარ ფაქტის კონსტატაციას - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ფაქტის დადასტურებას. ამასთან, ის დადგენილი გარემოება, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა თავად თ------- ჩ------–--–-ს ინიციატივით გამორიცხავს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

6.3. შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე სამუშაოზე აღდგენა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

ამდენად, სამუშაოზე აღდგენა წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის თანამდევ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს არც სამუშაოზე აღდგენის თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 321 ლარი (ს.ფ.38-39). სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი (ს.ფ.87). ვინაიდან შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ------–- - ქ---------------- და ი---------------- კ-–-----’’-ს სარჩელი თ------- ჩ------–--–-ს მიმართ დაკმაყოფილდეს:

 

1.1. თ------- ჩ------–--–- მოსარჩელე შპს ,,მ------–- - ქ---------------- და ი---------------- კ-–-----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 10 700 ლარის გადახდა;

 

2. თ------- ჩ------–--–-ს შეგებებული სარჩელი შპს ,,მ------–- - ქ---------------- და ი---------------- კ-–-----’’-ს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

3. თ------- ჩ------–--–- შპს ,,მ------–- - ქ---------------- და ი---------------- კ-–-----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 321 ლარის ანაზღაურება;

 

4. თ------- ჩ------–--–-ს მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია