განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
030100118002747673
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030100118002747673

№1/347-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

05 ივნისი, 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------.

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ----–-- კ--------,ბრალდებული: ლ--–- კ------,მამის სახელი: დ------–----,დაბადებული: 1----.1--- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: ქ. ფოთი, ჭ----------ს ქუჩა N7---.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ლ--–- კ------- მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ბრალდებულ ლ--–- კ------ს სისხლის სამართლის №045081018004 საქმეზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ლ--–- კ------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 08 ოქტომბერს დაახლოებით 18:45 საათზე, ქ. ფოთში ჭ----------ს ქუჩა N7----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლ--–- კ------, იმ მოტივით, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ქალიშვილის მეგობრებთან ურთიერთობით, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის დაემუქრა შვილს - თ------ ხ------–---ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ--–- კ------ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ლ--–- კ------ს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უდანაშაულოა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

2.2. დაზარალებულმა თ------ ხ------–---მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა დედის, ლ--–- კ------- საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.

 

(იხ. 13.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. მოწმე ვ---- ბ-------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულ ლ--–- კ------- შვილი - დაზარალებული თ------ ხ------–--- მისი უახლოესი მეგობარი და ნათლიაა. 2018 წლის 08 ოქტომბერს დაუკავშირდა თ------ ხ------–---, რომელიც ამ დღეს დაბრუნდა ფოთში და შეხვდა ქალაქში, რათა ერთად მისულიყვნენ თ------ს საცხოვრებელ ბინაში. სახლში იმყოფებოდა თ------ს დედა ლ--–- კ------, რომელიც იყო განაწყენებული, ვინაიდან თანხის გადაუხდელობის გამო არ იყო ელექტროენერგია, თ------- უთხრა, რომ მომდევნო დღეს გადაიხდიდა ელექტროენერგიის დავალიანებას. თვითონ იმყოფებოდა მისაღებ ოთახში, როდესაც სამზარეულოდან მოესმა თეფშების მტვრევის ხმა. სამზარეულოში გასვლისას დაინახა, რომ ლ--–- კ------ს ხელში ეჭირა დანა და იატაკზე ეყარა თეფშების ნამსხვრევები. მოწმემ განმარტა, რომ თ------- სთხოვა პოლიციაში დაერეკა. ასევე განმარტა, რომ ლ--–- კ------ს პერიოდულად აწუხებს შეტევები და გაღიზიანებულია, ამ დღესაც ის იყო გაღიზიანებული, სხვა დროს დედა-შვილს შორის კონფლიქტს არასოდეს შესწრებია.

 

(იხ. 13.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. მოწმე გ------- მ---–-----მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 08 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, საღამო საათებში მიიღო შეტყობინება დედა-შვილს შორის მომხდარ შესაძლო კონფლიქტთან დაკავშირებით, კერძოდ: ადგილი ჰქონდა ლ--–- კ------- მიერ შვილის - თ------ ხ------–---ს მიმართ მუქარის ფაქტს. ამავე დღეს დაიწყო გამოძიება სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. მის მიერ მოხდა ბრალდებულ ლ--–- კ------- დაკავება თავისსავე საცხოვრებელ ბინაში, ასევე, მან 2019 წლის 08 ოქტომბერს შეადგინა შემაკავებელი ორდერი, მანვე ექსპერტის მონაწილეობით ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შეადგინა დათვალიერების ოქმი. განმარტა, რომ დათვალიერებისას სამზარეულოში იატაკზე ეყარა თეფშის ნამსხვრევები. დაზარალებულ თ------ ხ------–---ს მითითებით, სამზარეულოდან ამოიღეს ხისტარიანი დანა, რომელიც ადგილზევე დაილუქა.

 

(იხ. 22.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. ექსპერტმა ლ---- ჟ-----მ სასამართლო სხდომაზე დისტანციური დაკითხვის დროს განმარტა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

(იხ. 22.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

3.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

3.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო სრულიად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულ ლ--–- კ------- ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის და მისი უდანაშაულობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.2. სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ლ--–- კ------- მიერ შვილის მიმართ მუქარის ფაქტის დასადასტურებლად და თვლის, რომ ეს მტკიცებულებები არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის დასამტკიცებლად, რომ ლ--–- კ------მ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

4.3. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის ვერსია, კერძოდ: ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში ლ--–- კ------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად მტკიცებულებებად მიუთითა: დაზარალებულის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მითითებულ დანაზე, ასევე მოწმეების: ვ---- ბ-------------ს და გ------- მ---–-----ს ჩვენებებზე, ლ--–- კ------- მიმართ გამოტანილ შემაკავებელი ორდერის თაობაზე და ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად მჩხვლეტავ-მჭრელ საგანს მიეკუთვნება შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა.

პროკურორის პოზიციის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანაზე, სწორედ დაზარალებულმა მიუთითა გამოძიებას, ეს კი პირდაპირი მტკიცებულებაა და საკმარისია პირის მუქარაში მხილებისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რასაც სასამართლო არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო აღნიშნავს - რომ ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). ,,გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა დაზარალებული თ------ ხ------–---. ამ პირობებში კი სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ გაიზიარებს მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოძიებაში გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის შინაარსს და ასევე ვერ დაეყრდნობა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მითითებულ გარემოებას.

 

4.4. გამოკითხვის ოქმის, როგორც მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტის შესახებ, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

გამოკითხვის წესი და ზოგადად გამოკითხვის საჭიროების საფუძვლები, რეგულირდება საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.

შესაბამისად, გამოკითხვის ოქმი და ამ ოქმში პირის მიერ მხარისთვის მიწოდებული ინფორმაცია, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებაა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მსჯელობის საგანია, თუ პროცესის რომელ სტადიამდე ინარჩუნებს გამოკითხვის ოქმი, როგორც ცალკე დოკუმენტი, მტკიცებულების ძალას.

საპროცესო კანონმდებლობა იცნობს სისხლის სამართლის პროცესის სამ ძირითად სტადიას, კერძოდ: ბრალდებულის პირველი წარდგენა, წინასასამართლო სხდომის ეტაპი და არსებითი განხილვა.

შესაბამისად, სამივე ეტაპზე განისაზღვრება მტკიცებულებათა სტანდარტები, კერძოდ:

დასაბუთებული ვარაუდი, ესე იგი ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილი);

საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ესე იგი მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილი);

ალბათობის მაღალი ხარისხი, ესე იგი წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის სახელმძღვანელო სტანდარტი, რომელიც ეყრდნობა სხდომაზე წარმოდგენილ ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილი);

გონივრულ ეჭვს მიღმა, ესე იგი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 13-ე ნაწილი).

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ დასაბუთებული ვარაუდის და ალბათობის მაღალი სტანდარტის პირობებში, ესე იგი პირველი წარდგენის და წინასასამართლო ეტაპებზე, სასამართლო შეზღუდულია უშუალოდ გამოიკვლიოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის დაკითხვის წესით მოისმინოს გამოკითხული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

ამრიგად, გამოკითხვის ოქმი მტკიცებულებად ითვლება წინასასამართლო სხდომის ეტაპის ჩათვლით, აგრეთვე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის პროცესში.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპზე გამოკითხვის ოქმის მტკიცებულებით ბუნებას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 20-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი არ გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით

ამრიგად, იმისათვის, რომ პირი არსებით განხილვაზე დაიკითხოს მოწმის სახით, უნდა არსებობდეს მისი გამოკითხვის ოქმი, რაც მხარეებმა უნდა გადასცენ ერთმანეთს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, სხვა შემთხვევაში პირი მოწმის სახით ვერ დაიკითხება (გარდა საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევისა).

ამ მსჯელობიდან გამომდინარე, გამოკითხვის ოქმი, წინასასამართლო ეტაპის შემდეგ, ის სავალდებულო პროცესუალური დოკუმენტია, რომელიც მხარეს უფლებას აძლევს გამოკითხული პირი დაკითხოს საქმის არსებით განხილვაზე, შესაბამისად, გამოკითხვის ოქმი, როგორც ინფორმაციის შემცველი ცალკე პროცესუალური მტკიცებულებითი დოკუმენტი, ამ ეტაპის შემდეგ მტკიცებულებად არ გამოიყენება, მასში ასახული ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს რაიმე ფაქტის დამადასტურებელი ან უარმყოფელი, ვინაიდან მისი მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა გამოკითხული პირის დაკითხვა საქმის არსებით განხილვაზე.

აქედან გამომდინარე, საქმის არსებით განხილვაზე გამოკითხვის ოქმების ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებად გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც ამ პირის დაკითხვა ან მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა არ განხორციელებულა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით, წინააღმდეგობაშია საპროცესო კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ ნორმებთან და მას სასამართლო ვერ დაეყრდნობა.

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, თ------ ხ------–---ს მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს დაზარალებულის მიერ გაცხადებული გარემოებების ნამდვილობა, თუმცა ბრალდების მხარემ აღნიშნულის გადასამოწმებლად სასამართლოში ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება.

დაზარალებულმა თ------ ხ------–---მ სასამართლოში დაკითხვისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და ისარგებლა დუმილის უფლებით. იმ პირობებში, როდესაც შერაცხული ქმედების დამდასტურებელი სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ არსებობს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს მუქარის განხორციელების ნამდვილობა.

 

4.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა, მაშინ როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ან/და ქონების განადგურებით, ეს უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმით, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. სწორედ დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას და სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ან მოსალოდნელი საფრთხის რეალური აღქმა. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია მუქარის განმახორციელებელი პირის პიროვნება, მისი დამოკიდებულება მუქარის ადრესატთან, მუქარის ხერხი და სხვა.

 

სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებები - ბრალდებულის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით, წარმოადგენენ მხოლოდ ირიბ ჩვენებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი ირიბ ჩვენებას მართალია მიიჩნევს დასაშვებ მტკიცებულებად, თუმცა პრაქტიკის მიხედვით არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას(ებს).

 

შესაძლოა მოწმე ვ---- ბ-------------მ მართლაც გაიგო ლ--–- კ------- მხრიდან შვილის მიმართ მუქარა, მაგრამ სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი ფრაზის მოსმენის შემთხვევაშიც კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, მით უფრო პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არა უბრალოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - მხოლოდ ირიბი ჩვენების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა იმავე გადაწყვეტილების თანახმად - ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდება დაუშვებელია და გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა ან/და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე. მოწმის ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მსჯავრდებისათვის, ირიბი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში დგას საკითხი, არსებობდა თუ არა საკმარისი ფაქტორები, მათ შორის ღონისძიებები, რომელიც ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], cited above, § 147).

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--–- კ------ უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

 

4.8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში 1/1/548 "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

6. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

6.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

6.2. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ--–- კ------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე, ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ ლ--–- კ------- დამნაშავედ ცნობას, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც პირდაპირ და უტყუარად ამ ფაქტს ადასტურებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლ--–- კ------ ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ლ--–- კ------ ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. ლ--–- კ------- მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმდეს.

3. გამართლებულ ლ--–- კ------ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ლ--–- კ------ს.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე