გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2019
საქმის ნომერი
120210019002867119
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2867119-2/102-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 მაისი 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - დ----- ლ-----ე

წარმომადგენელი - ე---------- ა--–--ე

მოპასუხე - შპს ,,კ-----–---–----ა’’

წარმომადგენელი - ნ---- დ---------ე

დავის საგანი: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,კ-----–---–----ის’’ 2018 წლის 31 დეკემბრის N2-- ბრძანება დ----- ლ-----ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და დ----- ლ-----ე აღდგენილი იქნეს შპს ,,კ-----–---–----აში’’ მეეზოვის პოზიციაზე;

 

1.2. შპს ,,კ-----–---–----ას’’ დ----- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები 650 ლარის ოდენობით, 2019 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

1.3. შპს ,,კ-----–---–----ას’’ დ----- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებით გაცდენილი დროის გამო ასანაზღაურებელი თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

შპს ,,კ-----–---–----ა’’ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1996 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით და დღემდე მოქმედებს. დ----- ლ-----ე ათ წელზე მეტია რაც დასაქმებული იყო შპს ,,კ-----–---–----აში მეეზოვედ. დ----- ლ-----ესა და შპს ,,კ-----–---–----ას შორის 2018 წლის 1 ივლისს გაფორმებული იქნა შრომითი ხელშეკრულება.

 

2018 წლის 10 დეკემბერს დ----- ლ-----ეს ეცნობა, რომ 2018 წლის 2 აპრილის N6- ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვება და გატანის მომსახურების უზრუნველყოფის’’ შესახებ სატენდერო ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2018 წლის 31 დეკემბერს და დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადაც იწურებოდა 2018 წლის 31 დეკემბერს.

 

შპს ,,კ-----–---–----ის’’ ადმინისტრაციის მიერ 2018 წლის 31 დეკემბერს სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსარჩელეს აცნობეს, რომ იგი განთავისუფლებული იყო სამსახურიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო.

 

შპს ,,კ-----–---–----ას’’ და ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენელს შორის 2018 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N3--. ხოლო დ----- ლ-----ესთან არ გაუფორმებიათ შრომითი ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, მასთან გაფორმებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის N2-- 07 ბრძანებით დაფუძნდა შპს ,,კ-----–---–----ა’’, დამტკიცდა წესდება და მიენიჭა სხვა საიდენტიფიკაციო კოდი.

 

2018 წლის 1 ივლისს დ----- ლ-----ესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში N4-- განხორციელდა ცვლილება ხელშეკრულების ვადასთან დაკავშირებით.

 

დ----- ლ-----ემ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და შპს ,,კ-----–---–----ას’’ მიერ გატარებული იქნა შესაბამისი ზომები, კერძოდ დ----- ლ-----ის მიმართ 2018 წლის 12 ივლისს გამოცემული იქნა ბრძანება მისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ და 2018 წლის 22 ნოემბერს კვლავ სამსახურებრივი მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების გამო ბრძანებით დაუკავდა სამუშაო დღის შესაბამისი ანაზღაურება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 1996 წლის 20 ნოემბერს ქალაქ ახალციხის მერიის მიერ დამტკიცდა საწარმო ,,კ-----–---–----ას’’ წესდება, რომლის თანახმად კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები იყო შემდეგი:

- განახორციელოს ქალაქის მოსახლეობის, საწარმოო და სხვა ორგანიზაციების კომუნალური მომსახურება თანახმად დადებული კონტრაქტისა.

- განახორციელოს ქალაქის კეთილმოწყობის დასუფთავების და აუცილებელი ღონისძიებები, ასევე შეასრულოს ქალაქის მერიის დაკვეთის სარემონტო სამუშაოები.

- ახორციელებს აუცილებელ ღონისძიებებს გარემოს დაცვის, ქალაქში სანიტარული ნორმების მოთხოვნის გათვალისწინებით.

- ხელი შეუწოს ეკ. რეფორმების თანამიმდევრულ გატარებას და დარგში საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრებას.

- თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას საქართველოს კომუნალური მეურნეობის მთავარი სამმართველოს მითითებები და შესრულოს ქალაქის მერიის მიერ მიღებული დადგენილებები და განკარგულებები.

 

3.1.2. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანებით დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კ-----–---–----ა’’.

 

3.1.3. 2017 წლის 19 დეკემბერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა შპს ,,კ-----–---–----ა’’, ს/კ 4--------, მისამართი - ქ------––--ე, კ-–------–-ს ქ. N-.

 

შპს ,,კ-----–---–----ას’’ მიზანს, სხვა მიზნებთან ერთად წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ორგანიზება.

 

3.1.4. 2018 წლის 2 აპრილს შპს ,,კ-----–---–----ასა’’ და დ----- ლ-----ეს შორის დაიდო შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ----- ლ-----ე დაინიშნა მეეზოვის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 2 აპრილიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

 

3.1.5. 2018 წლის 1 ივლისს შპს ,,კ-----–---–----ასა’’ და დ----- ლ-----ეს შორის დაიდო შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ----- ლ-----ე დაინიშნა მეეზოვის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

3.1.6. 2018 წლის 1 ოქტომბერს ცვლილება შევიდა 01.07.2018წ. ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

3.1.7. შპს ,,კ-----–---–----ას’’ დირექტორის 2018 წლის 12 ივლისის N----- ბრძანებით შპს ,,კ-----–---–----ას’’ მეეზოვეს დ----- ლ-----ეს სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების და არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო გამოეცხადა საყვედური.

 

3.1.8. შპს ,,კ-----–---–----ას’’ დირექტორის 2018 წლის 22 ნოემბრის N--- ბრძანებით შპს ,,კ-----–---–----ას’’ მეეზოვეს დ----- ლ-----ეს სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო, არაჯეროვნად შესრულებული დღის შესაბამისი ანაზღაურება დაუკავდა ნოემბრის თვის ხელფასიდან.

 

3.1.9. 2018 წლის 10 დეკემბერს შპს ,,კ-----–---–----ას’’ დ----- ლ-----ეს აცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო ხელშეკრულებების ვადები იწურებოდა 2018 წლის 31 დეკემბერს, ასევე დასაქმებულებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების მოქმედების ვადაც იწურებოდა 2018 წლის 31 დეკემბერს. ასევე მიაწოდა ინფორმაცია ვადის გასვლის შემდეგ შესაძლო განთავისუფლების შესახებ.

 

3.1.10. 2018 წლის 28 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულსა და შპს ,,კ-----–---–----ას’’ შორის გაფორმდა ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვება და გატანის მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. მომსახურების გაწევის პერიოდი 2019 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

3.1.11. 2019 წლის 3 იანვარს შპს ,,კ-----–---–----ასა’’ და თ---------- ფ--------ეს შორის დაიდო შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ---------- ფ--------ე დასაქმდა მეეზოვის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 3 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

3.1.12. 2019 წლის 1 თებერვალს ცვლილება შევიდა 03.01.2019წ. ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 თებერვლიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით.

 

3.1.13. 2019 წლის 1 აპრილს შპს ,,კ-----–---–----ასა’’ და თ---------- ფ--------ეს შორის დაიდო შრომითი ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ---------- ფ--------ე დასაქმდა მეეზოვის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

3.1.14. დ----- ლ-----ის თანამდებობრივი სარგოს დარიცხული ოდენობა შეადგენდა: იანვარი - 875 ლარი, თებერვალი - 875 ლარი, მარტი - 875 ლარი, აპრილი - 875 ლარი, მაისი - 875 ლარი, ივნისი - 875 ლარი, ივლისი - 675 ლარი, აგვისტო - 675 ლარი, სექტემბერი - 675 ლარი, ოქტომბერი - 675 ლარი, ნოემბერი - 652, 50 ლარი, დეკემბერი - 675 ლარი.

 

3.1.15. დ----- ლ-----ე 2009 წლიდან მუშაობდა მეეზოვის პოზიციაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საწარმო ,,კ-----–---–----ას’’ წესდება;

- ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი 19.12.2017წ. N2-- 07 ბრძანება;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- 02.04.2018წ. შრომითი ურთიერთობის შესახებ N 2-- ხელშეკრულება;

- 01.07.2018წ. შრომითი ურთიერთობის შესახებ N4-- ხელშეკრულება;

- 01.10.2018წ. შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

- შპს ,,კ-----–---–----ას’’ დირექტორის 10.12.2018წ. მიმართვა;

- 28.12.2018წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N3-- ხელშეკრულება;

- შპს ,,კ-----–---–----ას’’ დირექტრის 12.07.2018წ. ბრძანება N-----;

- შპს ,,კ-----–---–----ას’’ დირექტრის 22.11.2018წ. ბრძანება N---;

- 03.01.2019წ. შრომითი ურთიერთობის შესახებ N-- ხელშეკრულება;

- 01.04.2019წ. შრომითი ურთიერთობის შესახებ N-- ხელშეკრულება;

- 01.02.2019წ. შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

- შპს ,,კ-----–---–----ის’’ დირექტორის 25.04.2019წ. N53 ცნობა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. შპს ,,კ-----–---–----ას’’ დირექტორის 2018 წლის 31 დეკემბრის N2-- ბრძანებით დ----- ლ-----ე გათავისუფლდა შპს ,,კ-----–---–----ას’’ მეეზოვის თანამდებობიდან 2019 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის საფუძველზე - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით.

 

3.2.2. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე დ----- ლ-----ეს და მოპასუხე შპს ,კ-----–---–----ას’’ შორის არსებობდა უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომელთაც ეყრდნობა მისი მოთხოვნა თუ შესაგებელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი პრინციპის თანახმად, თითოეულ მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომელზედაც მან მიუთითა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შპს ,,კ-----–---–----ას’’ დირექტორის 31.12.2018წ. ბრძანება N2-- მეეზოვის დ----- ლ-----ის გათავისუფლების შესახებ;

- საწარმო ,,კ-----–---–----ას’’ წესდება;

- ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი 19.12.2017წ. N2-- 07 ბრძანება;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- 02.04.2018წ. შრომითი ურთიერთობის შესახებ N 2-- ხელშეკრულება;

- 01.07.2018წ. შრომითი ურთიერთობის შესახებ N4-- ხელშეკრულება;

- 01.10.2018წ. შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

- შპს ,,კ-----–---–----ას’’ დირექტორის 10.12.2018წ. მიმართვა;

- 28.12.2018წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N3-- ხელშეკრულება;

- შპს ,,კ-----–---–----ას’’ დირექტრის 12.07.2018წ. ბრძანება N-----;

- შპს ,,კ-----–---–----ას’’ დირექტრის 22.11.2018წ. ბრძანება N---;

- 03.01.2019წ. შრომითი ურთიერთობის შესახებ N-- ხელშეკრულება;

- 01.04.2019წ. შრომითი ურთიერთობის შესახებ N-- ხელშეკრულება;

- 01.02.2019წ. შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

- შპს ,,კ-----–---–----ის’’ დირექტორის 25.04.2019წ. N53 ცნობა;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან საქმის მასალებით ვერ დასტურდება შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე, 31-ე მუხლები; ევროპის სოციალური ქარტია’’; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-6, 31-ე, 32-ე 37-ე, 38-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

,,ევროპის სოციალური ქარტიის" პირველი ნაწილის მეორე პუნქტის თანახმად, ხელმომწერი მხარეები აღიარებენ საყოველთაო უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც ასევე წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

 

ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე დაწესებულების შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

„შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციის რიგი რეგულაციები განაპირობებენ ე.წ. „გონივრული საფუძვლის“ არსებობის აუცილებლობას დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი დაკავშირებული დასაქმებულის უნართან ან ქცევასთან, ან რომელიც ეფუძნება საწარმოს, დაწესებულების ან სამსახურის საოპერაციო მოთხოვნებს. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი, შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-4 მუხლში მითითებული შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი ადგენს რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რათქმაუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზით დგინდება, რომ შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას.

 

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

 

რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს, იგი მოცემულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა წარმოადგენს.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. სწორედ მითითებული პუნქტის საფუძველზე შეწყვიტა შპს ,,კ-----–---–----ამ’’ შრომითი ურთიერთობა დ----- ლ-----ესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შესაფასებლად, განსახილველ შემთხვევაში, მთავარი საკვლევი საკითხია არსებობდა თუ არა მხარეთა შორის უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სადავოა შრომითი ხელშეკრულების ვადა - რა ვადით დაიდო იგი, ვინაიდან დამსაქმებელს მიაჩნია, რომ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა 2018 წლის 31 დეკემბერს, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შეწყდა, ხოლო დასაქმებულს მიაჩნია, რომ იგი განუსაზღვრელი ვადით იყო მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული.

 

სასამართლო უთითებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 13. თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.

 

მოხმობილ ნორმაზე მითითებული შენიშვნით ირკვევა, რომ მე-6 მუხლის 11–13 პუნქტების მოქმედება ვრცელდება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (12.06.2013 N729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ)

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა კონკრეტულ ჩამონათვალს, რა დროსაც შრომითი ხელშეკრულება უვადოდ დადებულად მიიჩნევა, პირველი, როდესაც შრომითი ხელშეკრულება დადებულია 2013 წლის 12 ივნისის შემდეგ, 30 თვეზე მეტი ვადით ან მისი მოქმედების ვადა გაგრძელებულია ორჯერ და მეტჯერ თანმიმდევრობით, მეორე, ნორმის ამოქმედებიდან (12.06.2013-დან) ერთი წლის შემდეგ, თუ დასაქმებული შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება ერთსა და იმავე დამსაქმებელთან 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ-----–---–----ის წესდების თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ქალაქის კ-----–---–----ის დასუფთავების და აუცილებელი ღონისძიებების, ასევე ქალაქის მერიის დაკვეთის სარემონტო სამუშაოების შესრულება. 2009 წლიდან დ----- ლ-----ე მუშაობდა მეეზოვედ.

 

2017 წლის 19 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კ-----–---–----ა’’, რომელიც იმავე დღეს დარეგისტრირდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. შპს ,,კ-----–---–----ას’’ მიზანს, სხვა მიზნებთან ერთად წარმოადგენდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვება და გატანის ორგანიზება.

 

საქმეზე უდავოდ არის დადგენილი, რომ 2018 წლის 2 აპრილს შპს ,,კ-----–---–----ას’’ დირექტორს კ----------------ეს და დ----- ლ-----ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დ----- ლ-----ე დანიშნულ იქნა მეეზოვის პოზიციაზე; მის ფუნქცია-მოვალეობას შეადგენდა ანალოგიური სამუშაო, რასაც იგი შპს ,,კ-----–---–----ას’’ დაფუძნებამდე, მეეზოვედ მუშაობის დროს ასრულებდა, კერძოდ უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ მოხდა გარკვეული ცვლილებები, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვება და გატანის ორგანიზების ფუნქცია-მოვალეობები გადაეცა 2017 წლის 19 დეკემბერს შექმნილ შპს ,,,კ-----–---–----ას’’. ამდენად, შემოღებული იქნა ახალი ორგანიზაცია, რომელიც ფორმალური ნიშნით განსხვავდება, მაგრამ შინაარსობრივად იმავე ფუნქციის მატარებელია, რაც კ-----–---–----ის სამსახური. ამდენად, დ----- ლ-----ე ფორმალური ნიშნით განსხვავების მიუხედავად მუშაობდა შინაარსობრივად ერთი და იმავე ფუნქციის მატარებელ ორგანიზაციაში. ამდენად, მოსარჩელესა და მოპასუხე ორგანიზაციას შორის არსებობდა უვადო ხასიათის შრომითი სამართალურთიერთობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებელი არ იყო უფლებამოსილი, მოსარჩელესთან შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა 2018 წლის 31 დეკემბრიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და განმარტავს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების დადების წესს და ვადებს, შრომითი ურთიერთობის უვადოდ მიჩნევისათვის შესაბამის წინაპირობებს. დასახელებული ნორმის 13 ნაწილიდ შესაბამისად თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ----- ლ-----ის შრომითი ურთიერთობა ერთსა და იმავე დამსაქმებელთან 30 თვეზე მეტია გრძელდება, რაც საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე, უვადო სახელშეკრულებო ურთიერთობად უნდა იქნეს მიჩნეული; აღნიშნულიდან გამომდინარე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს ,,კ-----–---–----ას’’ დირექტორის 2017 წლის 31 დეკემბრის N2-- ბრძანება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია, დამსაქმებელმა მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად გამოიყენოს. ის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცებულების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ყოველი მხარე ვალდებულია სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი, უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.

 

მოსარჩელემ შეძლო ამ ტვირთის დაძლევა და სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა დაადასტურა, ხოლო დამსაქმებელს არა აქვს წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ყოფილი დასაქმებულის მიერ მითითებულ გარემოებებსა და მტკიცებულებებს.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

შესაბამისად, დ----- ლ-----ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 31 დეკემბრის N2-- ბრძანება არის ბათილი. ბათილი გარიგება არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, ამ ბრძანების ბათილობა ნიშნავს, რომ დ----- ლ-----ესა და შპს ,,კ-----–---–----ას’’ შორის კვლავ გაგრძელდა იგივე ურთიერთობა, რაც ამ ბრძანების გამოცემამდე არსებობდა.

 

ამდენად, დ----- ლ-----ე აღდგენილი უნდა იქნეს შპს ,,კ-----–---–----ას’’ მეეზოვის პოზიციაზე.

 

6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო :

 

დ----- ლ-----ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შპს ,,კ-----–---–----ას’’ ბრძანება არის ბათილი. ბათილი გარიგება არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, ამ ბრძანების ბათილობა ნიშნავს, რომ მხარეთა შორის კვლავ გაგრძელდა იგივე ურთიერთობა, რაც ამ ბრძანების გამოცემამდე არსებობდა. იგულისხმება, რომ დ----- ლ-----ესა და შპს ,,კეთილმიოწყობას’’ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც წარმოშობილი იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე არ შეწყვეტილა და კვლავ ძალაში დარჩა შრომის ხელშეკრულებით შეთანხმებული მხარეთა უფლება-მოვალეობები.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც განმარტავს შრომითი ურთიერთობის ცნებას, დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება ხორციელდება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის ვალდებულება, აანაზღაუროს მისი ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა, გამომდინარეობს მისი ვალდებულებიდან, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უზრუნველყოს დასაქმებული შესაბამისი სამუშაოთი.

 

ჩვეულებრივ, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ იძულებით მოცდენად განიხილება იმგვარი ვითარება, როდესაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარეშე დამსაქმებელი დასაქმებულს შრომითი მოვალეობების შესრულების საშუალებას არ აძლევს, არ უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოთი, სამუშაო ადგილით და ა. შ. გარდა ამისა, მოცდენად უნდა ჩაითვალოს ისეთი ვითარებაც, როცა შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ასევე არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი ქმედების შედეგად საპასუხო შესრულების გარეშე რჩება. ამ პირობებში შრომის ხელშეკრულების მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა. (იხ. სუსგ №ას-1429-1444-2011, 01.03.2012წ.)

 

ვინაიდან დ----- ლ-----ე დამსაქმებლის ბრალით, არამართლზომიერად, შესაბამისი საფუძვლის და საპატიო მიზეზის გარეშე გათავისუფლდა სამუშაოდან, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა მუშაობის გაგრძელებისა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების სურვილი, სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ პერიოდი მის აღდგენამდე უნდა ჩაითვალოს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის იძულებით მოცდენად. ამასთან, დადგენილია, რომ დ----- ლ-----ის ხელზე ასაღები ხელფასი ბოლო თვეების განმავლობაში შეადგენდა 540 ლარს. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად 540 ლარის ანაზღაურება.

 

6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერ ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს იძულებით გაცდენილი დროის გამო ასანაზღაურებელი თანხის 0.07% გადახდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუღებელი ხელფასის 0.07 %-ის დამსაქმებლისათვის დაკისრება შრომითი ურთიერთობის პერიოდშია შესაძლებელი და არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ. აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი არ ასრულებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, კერძოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს დაუგვიანებს ხელფასის გადახდას ან არ გადაუხდის. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს Nას 140-140-18წ. გადაწყვეტილებასთან.

 

მითითებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ,,კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მიუღებელი ხელფასის 0.07 %-ის მოპასუხისათვის დაკისრებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილია დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, ანუ - ხელშეკრულების მოქმედების (არსებობის) პერიოდში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ამ უკანასკნელის მუშაობის გამო ხელფასის (ანაზღაურების) გადახდის ვალდებულების არსებობა და მისი გადახდის დაგვიანება (დაყოვნება) და/ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა. ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი, პირგასამტეხლოს სახით, უკავშირებს დაყოვნებული (გადასახდელი, მაგრამ დაგვიანებული) თანხის 0.07%–ის გადახდის ვალდებულებას, არ იგულისხმება იძულებითი განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმების, არამედ დამსაქმებლის არამართლზომიერი ქმედების გამო დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს. დამსაქმებლისათვის დასაქმებულის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა იძულებით განაცდური ანუ ხელფასი, რომელსაც დასაქმებული მიიღებდა, რომ არა მისი იძულებითი, არაკანონიერი მოცდენა არ შეიძლება გაიგივებული იქნეს სშკ-ის 38.8-ე მუხლით განსაზღვრულ კომპენსაციასთან. იმისთვის, რომ მხარემ მის სასარგებლოდ განახორციელოს სშკ-ის 31-ე მუხლით დადგენილი უფლება, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს ამ მუხლის ამოქმედებისათვის აუცილებელი წინაპირობები (შემადგენლობა): ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (სშკ-ის 34-ე მუხლი) (იხ. სუსგ # ას-461-429-2017, 10.11.2017 წ.).

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა გაცდენილი დროის ასანაზღაურებელი თანხის 0.07% დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული კატეგორიის დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე რადგან დადგენილია, რომ დ----- ლ-----ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი სარჩელის აღძვრისას, ამიტომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დ----- ლ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,კ-----–---–----ას’’ დირექტორის კ----------------ის 2018 წლის 31 დეკემბრის N2-- ბრძანება დ----- ლ-----ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და დ----- ლ-----ე აღდგენილი იქნეს შპს ,,კ-----–---–----ას’’ მეეზოვის თანამდებობაზე.

 

3. შპს ,,კ-----–---–----ას’’ დ----- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი მოცდენის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები 540 ლარის ოდენობით, გათავისუფლების მომენტიდან (2019 წლის 1 იანვრიდან) სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

4. დ----- ლ-----ეს უარი ეთქვას ასანაზღაურებელი თანხის 0.07 პროცენტის დაკისრებაზე.

 

5. შპს ,,კ-----–---–----ას’’ დ----- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი