გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-143-19
(საქმე N190210119002822190)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - გ------- მ--------ი
მოსარჩელის წარმომადგენლები - თ---------- ბ----–---–ი
მოპასუხე - რ--------- გ---------ე
მოპასუხის წარმომადგენელი - ბ--–- ბ-----ე
დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების ყადაღისგან გათავისუფლება, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი:
ა) 2016 წლის 13 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-------7) და
ბ) 2015 წლის 16 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------).
1.2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს გ------- მ--------ის კუთვნილი ქონება (იპოთეკის საგანი), მდებარე ქალაქი გარდაბანი ქ----------------------8-ში, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი N1, N2 (მშენებარე), ფართობით 5061.00 კვ.მ. ს.კ. 81.15.2-.2-5, გაუქმდეს 2018 წლის 12 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 18-------), იმავდროულად შეწყდეს N 18042181 სააღსრულებო წარმოება.
1.3. მოპასუხე რ--------- გ---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელთან დაკავშირებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის და 728,75 (შვიდას ოცდარვა ლარისა და სამოცდათხუთმეტი თეთრის) ლარის ანუ მთლიანად 778,75 (შვიდას სამოცდათვრამეტი ლარისა და სამოცდათხუთმეტი თეთრის) ლარის, ასევე გ------- მ--------ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 (ხუთასი) ლარის - საერთო ჯამში სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების 1278,75 (ათას ორას სამოცდათვრამეტი ლარისა და სამოცდათხუთმეტი თეთრის) ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 13 ივლისს, გ------- მ--------სა და რ--------- გ---------ეს შორის (პ/ნ 3----------, დაბ. 11.02.1956 წ., რეგ. მისამართი: ქ. რუსთავი, მ------------------------ პრიმა, ბინა N57) ნოტარიუს მ--- ე---–----–---–---- (მისი სანოტარო ბიურო მდებარეობდა ქ.რუსთავი, ვაჟა-ფშაველას ქ. N4-3-ში), გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მქომედების რეგისტრაციის ნომერი 1-------7). ამ ხელშეკრულების საფუძველზე გ------- მ--------მა რ--------- გ---------ისაგან ისესხა 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში 11238 (თერთმეტი ათას ორას ოცდათვრამეტი) ლარი (კურსი 1-2.2-77) სამი თვის ვადით. სესხი სარგებლიანი იყო; სარგებელი შეადგენდა ყოველთვიური 3,37 (სამი მთელი ოცდაჩვიდმეტი მეათედი უნდა იყოს მეასედი) % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა შეთანხმებით ერთი თვის პროცენტი გადახდილია ხელშეკრულების დადებისთანავე. თუმცა გ------- მ--------ი ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთის ციფრებს აღარ დაუკვირდა, სადაც მათი სიტყვიერი შეთანხმების თანახმად 2% უნდა ყოფილიყო. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2015 წლის 13 ოქტომბერს და სესხის დაბრუნება უნდა მომხდარიყო აშშ დოლარებში. სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით და იპოთეკით დაიტვირთა გ------- მ--------ის კუთვნილი უძრავი ქონება (იპოთეკის საგანი), მდებარე ქალაქი გარდაბანი ქ----------------------8-ში, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი N1, N2 (მშენებარე), ფართობით 5061.00 კვ.მ. იპოთეკა უზრუნველყოფილი იყო სესხის მთლიანი მოცულობით.
ამ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, რ--------- გ---------ემ იმავე სანოტარო ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- მ--------ს იმ 5000 დოლარიდან უკან გამოართვა 800 აშშ დოლარი, უთხრა ნოტარიუსს 150 აშშ დოლარი უნდა მივცე (რეალურად კი გადახდილია 102 ლარი), მაკლერის - ნონასათვის გადასაცემი 400 აშშ დოლარი ( ეს მათ შეთანხმებაში არ შედიოდა) და დაამატა, რომ მოვალეს მისთვის უნდა გადაეხადა არა 3,37 პროცენტი, რომელიც ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული, არამედ 5 პროცენტი (ანუ ყოველთვიურად 250 აშშ დოლარი). ხელშეკრულების მიხედვით კი სამი თვის განმავლობაში გ------- მ--------ს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 5000 აშშ დოლარის 3,37%, რაც 168,5 აშშ დოლარს შეადგენს, სამ თვეში კი ეს თანხა 505,5 აშშ დოლარია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რ--------- გ---------ის წარმომადგენელმა ბ--–- ბ-----ემ სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ყველა მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი სამართლებრივად, არ არის გამყარებული მტკიცებულებებით, არის ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ორმხრივი ნების გამოვლენა გაფორმებული კანონით დადგენილი ფორმით. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე მხარე ვერ უთითებს, თუ რომელი ზნეობრივი ნორმებია დარღვეული ხელშეკრულების დადებით, ასევე გავლენის ბოროტად გამოყენების საფუძვლებს და იძულებით დადებული გარიგების არსებობის ფაქტს. მოპასუხე მხარე ასევე უთითებს ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ რადგან მხარე სადაოდ ხდის ხელშეკრულების გაფორმების კანონიერებას, მისთვის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან, ანუ მას შეცილების უფლება ქონდა 2015 წლის 13.07-დან 2018 წლის 13.07-მდე. სარჩელი კი, წარდგენილია საასამართლოში 2019 წლის 31 იანვარს, ვადის დარღვევით.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ბ--–- ბ-----ემ მხარი დაუჭირა სასამართლოში წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 13 ივლისს, გ------- მ--------სა და რ--------- გ---------ეს შორის (პ/ნ 3----------, დაბ. 11.02.1956 წ., რეგ. მისამართი: ქ. რუსთავი, მ------------------------ პრიმა, ბინა N57) ნოტარიუს მ--- ე---–----–---–---- (მისი სანოტარო ბიურო მდებარეობდა ქ.რუსთავი, ვაჟა-ფშაველას ქ. N4-3-ში), გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-------7). ამ ხელშეკრულების საფუძველზე გ------- მ--------მა რ--------- გ---------ისაგან ისესხა 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში 11238 (თერთმეტი ათას ორას ოცდათვრამეტი) ლარი (კურსი 1-2.2477) სამი თვის ვადით. სესხი სარგებლიანი იყო; სარგებელი შეადგენდა ყოველთვიური 3,37% , პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებლ დღეზე. ერთი თვის პროცენტი, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული, გადახდილია ხელშეკრულების დადებისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-------7, ს.ფ. 40-47);
3.1.2. სესხი უზრუნველყოფილი იყო და იპოთეკით დაიტვირთა გ------- მ--------ის კუთვნილი უძრავი ქონება (იპოთეკის საგანი), მდებარე ქალაქი გარდაბანი ქ----------------------8-ში, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი N1, N2 (მშენებარე), ფართობით 5061.00 კვ.მ. იპოთეკა უზრუნველყოფილი იყო სესხის მთლიანი მოცულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-------7), ს.ფ. 40-47;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 81.
3.1.3. 2015 წლის 16 ოქტომბერს იმავე მხარეებს შორის ისევ ნოტარიუს მ--- ე---–----–---–---- (მისი სანოტარო ბიურო მდებარეობდა ქ. რუსთავი, ფალიაშვილის ქ. N1 (მეგობრობის გამზ. N22-ში)), გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატების შეტანის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------). ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ცვლილება შევიდა 2015 წლის 13 ივლისს დადებულ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში. კერძოდ, წინა ხელშეკრულებაში მითითებული სესხის დაბრუნების ვადამ 2015 წლის 13 ოქტომბერმა გადაიწია 2016 წლის 13 იანვრამდე .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), ს.ფ. 48-52.
3.1.4. გ------- მ--------ი სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილებიდან იღებს სოციალურ პაკეტს, შესაბამისად, იგი სოციალურად დაუცველია და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, ს.ფ. 118.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის დადებული გარიგებები - 2016 წლის 13 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-------7) და 2015 წლის 16 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატების შეტანის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) - არ არის მართლსაწინაღმდეგო და ამორალური გარიგებები, არ არის დადებული მოტყუებით ან შეცდომით.
მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ქვემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა სასამართლოს მხრიდან ამგვარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ თავდაპირველად გარიგება დაიდო მოტყუებით, რაც გამოიხატა იმაში, რომ საპროცენტო განაკვეთზე ზეპირად შეთანხმდნენ 2-3%-ის ოდენობით, ხელშეკრულებაში მიეთითა 3,37%, ხოლო შემდგომში რ--------- გ---------ის მითითებით იხდიდა 5% სარგებელს, პროცენტს სესხზე. მოსარჩელე ასევე აპელირებს, რომ რ--------- გ---------ის მიერ იგი შეცდომაში იქნა შეყვანილი, მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ ეს უკანასკნელი არ იყო მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებული და ეწეოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და ახდევინებდა შეუსაბამოდ მაღალ პროცენტს.
3.2.2. 2015 წლის ივლისის პირველ ნახევარში, რუსთავში, მე-12 მ/რ-ის და მე-16 მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „ერთობას“ (ს/ნ216298129) საკუთრებაში არსებულ ე.წ. „სტამბულის ბაზარში“ მაკლერის სახელად ნონას (გვარი უცნობია) მეშვეობით გ------- მ--------ი დაუკავშირდა კერძო იპოთეკარს რ--------- გ---------ეს. მხარეები შეუთანხმდნენ, რომ იპოთეკარი გადასცემდა სესხს 5000 აშშ დოლარის ოდენობით თვიური 2-3%-ის ფარგლებში, სანაცვლოდ კი იპოთეკით დაიტვირთებოდა გ------- მ--------ისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულიი ქ. გარდაბანში, ივერიის 2 ჩიხის N8-ში მდებარე უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2.3. 2015 წლის 13 ივლისს, გ------- მ--------სა და რ--------- გ---------ეს შორის (პ/ნ 3----------, დაბ. 11.02.1956 წ., რეგ. მისამართი: ქ. რუსთავი, მ------------------------ პრიმა, ბინა N57) ნოტარიუს მ--- ე---–----–---–---- (მისი სანოტარო ბიურო მდებარეობდა ქ.რუსთავი, ვაჟა-ფშაველას ქ. N4-3-ში), გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-------7). ამ ხელშეკრულების საფუძველზე გ------- მ--------მა რ--------- გ---------ისაგან ისესხა 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში 11238 (თერთმეტი ათას ორას ოცდათვრამეტი) ლარი (კურსი 1-2.2477) სამი თვის ვადით. სესხი სარგებლიანი იყო; სარგებელი შეადგენდა ყოველთვიური 3,37 (სამი მთელი ოცდაჩვიდმეტი მეათედი უნდა იყოს მეასედი) % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა შეთანხმებით ერთი თვის პროცენტი გადახდილია ხელშეკრულების დადებისთანავე. თუმცა გ------- მ--------ი ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთის ციფრებს აღარ დაუკვირდა, სადაც მათი სიტყვიერი შეთანხმების თანახმად 2% უნდა ყოფილიყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-------7), ს.ფ. 40-47;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ.81.
3.2.4. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2015 წლის 13 ოქტომბერს და სესხის დაბრუნება უნდა მომხდარიყო აშშ დოლარებში. სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით და იპოთეკით დაიტვირთა გ------- მ--------ის კუთვნილი უძრავი ქონება (იპოთეკის საგანი), მდებარე ქალაქი გარდაბანი ქ----------------------8-ში, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი N1, N2 (მშენებარე), ფართობით 5061.00 კვ.მ. იპოთეკა უზრუნველყოფილი იყო სესხის მთლიანი მოცულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1-------7), ს.ფ.40-47;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ.81.
3.2.5. ამ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, რ--------- გ---------ემ იმავე სანოტარო ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- მ--------ს იმ 5000 დოლარიდან უკან გამოართვა 800 აშშ დოლარი, უთხრა ნოტარიუსს 150 აშშ დოლარი უნდა მივცე (რეალურად კი გადახდილია 102 ლარი, რომელიც იმ პერიოდში არსებული ვალუტის გაცვლითი კურსით 45,4 აშშ დოლარს შეადგენდა), მაკლერის - ნონასათვის გადასაცემი 400 აშშ დოლარი ( ეს მათ შეთანხმებაში არ შედიოდა) და დაამატა, რომ მოვალეს მისთვის უნდა გადაეხადა არა 3,37 პროცენტი, რომელიც ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული, არამედ 5 პროცენტი (ანუ ყოველთვიურად 250 აშშ დოლარი). ხელშეკრულების მიხედვით კი სამი თვის განმავლობაში გ------- მ--------ს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 5000 აშშ დოლარის 3,37%, რაც 168,5 აშშ დოლარს შეადგენს, სამ თვეში კი ეს თანხა 505,5 აშშ დოლარია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2.6. როდესაც მოვალემ ამ აშკარა გამოძალვაზე პროტესტი განაცხადა, უთხრა, რომ სიტყვიერად არ იყვნენ ასე მორიგებულები, საპროცენტო განაკვეთი 2-3%-ის ნაცვლად 3,37 % დამიფიქსირეთ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, ამასაც არ დაჯერდითო და 5%-იან სარგებელს ითხოვთო, მევახშემ იცოდა რა ის ფაქტი, რომ გ------- მ--------ი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ასე სწრაფად ვერ იშოვიდა მისთვის აუცილებელ თანხას, მოსთხოვა, მაშინ ფული უკან დამიბრუნეო. უიმედო მდგომარეობაში მყოფი იძულებით დასთანხმდა ამ კაბალურ, მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებას. თუმცა ეს შეთანხმება წერილობით არ გაფორმებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2.7. იმავდროულად, გ------- მ--------მა იპოთეკარს სთხოვა გადაეცა მისი საბანკო ანგარიში ნომერი იმისთვის, რომ შეეტანა ყოველთვიური სარგებელი, რაზედაც უპასუხეს, როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების საბანკო დაწესებულებებში ჩარიცხვები არ უნდა განხორციელებულიყო. მოვალეს უნდა ნდობოდა კრედიტორს და ხელზე მიეცა ფული. უთხრა ამის შესახებ თუ ვინმემ გაიგო, ორივეს დაგვიჭერენო. სამი თვის განმავლობაში გ------- მ--------მა მოვალეს ხელზე პირველად მიცემული 2500 აშშ დოლარიანად 750 აშშ დოლარი გადაუხადა (ანუ თვეში 250 აშშ დოლარი). თუმცა ძირი თანხის გადახდა ვერ შეძლო. ე.ი. მევალე მოვალის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ყოველთვიური 3,37 %-ის ნაცვლად 5 %-იან სარგებელს ახდევინებდა. გ------- მ--------ი დარწმუნებული იყო, რომ კრედიტორი მეწარმე-სუბიექტი იყო და მართლზომიერად ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისიც საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის სუბიექტი ხდებოდა (რ--------- გ---------ის თანამონაწილე). დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაზე კი იგი არ დათანხმდებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2.8. ამის შემდეგ, 2015 წლის 16 ოქტომბერს იმავე მხარეებს შორის ისევ ნოტარიუს მ--- ე---–----–---–---- (მისი სანოტარო ბიურო მდებარეობდა ქ. რუსთავი, ფალიაშვილის ქ. N1 (მეგობრობის გამზ. N22-ში)), გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატების შეტანის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------). ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ცვლილება შევიდა მათ შორის 2015 წლის 13 ივლისს დადებულ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში. კერძოდ, წინა ხელშეკრულებაში მითითებული სესხის დაბრუნების ვადამ 2015 წლის 13 ოქტომბერმა გადაიწია 2016 წლის 13 იანვრამდე (ანუ პროცენტი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), ს.ფ.48-52.
3.2.9. საერთო ჯამში, ერთი წლის განმავლობაში გ------- მ--------ი კეთილსინდისიერად ახორციელებდა გადახდას, რ--------- გ---------ეს ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის ხელზე (ე.წ. „ქეშად“) აძლევდა ქ.რუსთავში ხან იუსტიციის სახლთან, ხან სტამბულის ბაზართან. კრედიტორი ხელწერილსაც არ აძლევდა, ერთმანეთს უნდა ვენდოთო. მან ასე გადაიხადა ერთ წელში 3000 აშშ დოლარი პროცენტი რაც შეადგენს ყოველთვიურ 5 %-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2.10. 2016 წლის 14 აპრილს, იმის გამო, რომ გ------- მ--------ი კეთილსინდისიერად უხდიდა ფულს, ამ უკანასკნელს სს „საქართველოს ბანკის“ დავალიანების დასაფარად, ქ. რუსთავში, იმავე 5%-იანი საპროცენტო განაკვეთით რ--------- გ---------ემ დამატებით 1000 აშშ დოლარი გადასცა, იმ პირობით, რომ მოვალე გადახდას 3 თვის შემდეგ დაიწყებდა, თუმცა პირველი გადახდა 600 აშშ დოლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. თუმცა ამის თაობაზე წერილობითი შეთანხმება (ხელშეკრულება) არ გაფორმებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ს.ფ. 54-56.
3.1.11. 2016 წლის აგვისტოს თვეში გ------- მ--------მა მხოლოდ 300 აშშ დოლარი გადაიხადა, დანარჩენი პროცენტის გადახდა ვერ შეძლო და აქედან დაიწყო მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა, რომ გაუყიდდნენ სახლ-კარს და ოჯახს დაუტოვებდნენ გარეთ და ასე შემდეგ. დიდი გაჭირვებით მოვალემ კრედიტორს 2016 წლის სექტემბერში გადაუხადა 400 აშშ დოლარი, შემდეგ ოქტომბერში 500 აშშ დოლარი, ნოემბერში 700 აშშ დოლარი სულ 1900 აშშ დოლარი. ამის შემდეგ მან ვეღარ შეძლო ვერც ძირის და ვერც პროცენტის გადახდა, რადგანაც რ--------- გ---------ე უკვე ითხოვდა 12000 აშშ დოლარს, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ უკვე 15000 დოლარს და მის შვილთან ლ---- გ---------ესთან ერთად ემუქრება, რომ ოჯახს გამოუსახლებს ქუჩაში.
წერილობითი ხელშეკრულების მიხედვით კი გ------- მ--------ს ძირი თანხა გადასახდელი ჰქონდა
5000 აშშ დოლარი - (3000 აშშ დოლარს - 505,5 აშშ დოლარი);
5000 აშშ დოლარს - 2-94,5 აშშ დოლარი = 2505,5 აშშ დოლარი.
რეალურად, წერილობითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გ------- მ--------ს გადასახდელი აქვს მხოლოდ 2505,5 აშშ დოლარს - 1900 აშშ დოლარი - 45,4 აშშ დოლარი = 605,5 აშშ დოლარს - 45,4 აშშ დოლარი = 560,1 აშშ დოლარი. გარდა ამისა, დამატებით კიდევ 1000 აშშდოლარი, რაც საერთო ჯამში 1560,1 აშშ დოლარს შეადგენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.12. 2018 წლის 12 აპრილს ნოტარიუსმა მ--- ე---–----–---–-ა გასცა (რ--------- გ---------ეს გადასცა) სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 18-------) მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - იპოთეკის საგნის ს.კ. 81.15.2-.2-5, აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა - 5000 აშშ დოლარი, ძირითადი თანხა და პირგასამტეხლო 4090 აშშ დოლარი, სულ 9090 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 12,36 ლარი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოპასუხემ გადაიხადა 12-,36 ლარი და მისივე ინიცირებით 2018 წლის 12 აპრილიდან დაწყებულია სააღსრულებო წარმოება NA18042181. ანუ მოპასუხემ დაიწყო პროცედურები გ------- მ--------ის კუთვნილი ქონების აუქციონზე რეალიზაციის მიზნით. იმავდროულად კრედიტორი ევაჭრებოდა მოვალეს, სარგებლობდა იმით, რომ გ------- მ--------ი ეროვნებით აზერბაიჯანელია, საქმის წარმოების ენას არ ფლობს, ამის გამო დავის არსს ღრმად ვერ სწვდებოდა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო კი კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას ვერ იღებდა, რ--------- გ---------ე ითხოვდა ჯერ 12 000 აშშ დოლარის, შემდეგ 15 000 აშშ დოლარის გადახდას, თუ მოვალეს ბინის დაკარგვა არ სურდა. ამ ვაჭრობის ფარგლებში, მოპასუხემ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში 2018 წლის 3 მაისს შეიტანა განცხადება აღნიშნული სააღსრულებო წარმოების 3 (სამი) თვით შეჩერების მიზნით, 2018 წლის 20 ივლისს წარმოების განახლების მიზნით, ხოლო 2018 წლის 2 ნოემბერს - ქონების აუქციონზე გატანის მოთხოვნით. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლები (აღმასრულებლები) 2019 წლის 23 იანვარს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების მიზნით (ქონების შესაფასებლად) იმყოფებოდნენ მოვალე გ------- მ--------ის მისამართზე. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ლ---- ბ-----ს განმარტებით, უახლოეს მომავალში იპოთეკით დატვირთული ზემოაღნიშნული ქონება აუქციონზე გასაყიდად გადის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- NA18042181 სააღსრულებო წარმოების მასალები, ს.ფ. 57-62, 82-106;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.13. ამ ნერვიულობის და სტრესის შედეგად რომელიც რ--------- გ---------ის აგრესიულმა მოქმედებებმა გამოიწვია, გ------- მ--------ს შეექმნა მხედველობის პრობლემები, მან ორივე თვალზე გადაიტანა ოპერაცია და ერთ თვალზე დღევანდელი მდგომარეობით მხედველობა დაკარგა. ფაქტობრივად ინვალიდია. ჰქონდა სუიციდის მცდელობაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N4-100/ა, ს.ფ. 131, მოწმეთა ჩვენებები.
3.1.14. 2018 წლის 31 ოქტომბერს რუსთავის რაიონულ პროკურატურაში შეტანილი იქნა გ------- მ--------ის განცხადება, სადაც მოწოდებული იყო ინფორმაცია რ--------- გ---------ის მიერ დანაშაულის (თაღლითობის) სავარაუდო ჩადენის შესახებ. აღნიშნული განცხადების (N108219) საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განახორციელეს წინასაგამოძიებო შემოწმება და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამოძიება არ დაეწყოთ. ამის შესახებ N MIA 0 18 02788146 წერილითაც აცნობეს განმცხადებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ------- მ--------ის 2018 წლის 31 ოქტომბრის განცხადება;
- ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს N MIA 0 18 02788146 წერილი, გამოთხოვილი საქმის მასალები.
3.1.15. რ--------- გ---------ე და მისი ოჯახის წევრები, როგორც მეწარმეები გადასახადის გადამხდელებად არ არიან რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში, იღებენ დიდ შემოსავალს, რაც არსად არ არის აღრიცხული და შესაბამისად, არც გადასახადებს იხდიან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რ--------- გ---------ეს, გ------- მ--------ის ქონების გარდა, იპოთეკით დატვირთული აქვს არაერთი უძრავი ქონება, რომელთა შესახებაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს წარუდგინეს შესაბამისი ამონაწერები. პირად საუბარში, რომელიც შედგა 2018 წლის 9 ნოემბერს დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. რუსთავში, ბოსტან-ქალაქის ქ. N6-ის (რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე), რ--------- გ---------ემ, როცა შესთავაზეს, რომ გადაიხდიდნენ 5 000 აშშ დოლარს და ამით მშვიდობიანად დაცილებულიყვნენ, განაცხადა, რომ 12 000 აშშ დოლარს ითხოვდა მათგან. 3 000 აშშ დოლარს უკლებდათ. შემდეგ, როცა შეახსენეს, რომ შეიძლება არც ის იყო პირნათელი სახელმწიფოს წინაშე, მუშაობდა გარდაბნის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად და, სავარაუდოდ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, უჩვენათ ინფორმაცია საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ (გარდა მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული სუბიექტისა), თქვა ამის არ მეშინიაო. თუმცა იქვე დაამატა, რომ შეეძლო კიდევ 2 000 აშშ დოლარის დაკლება და 10 000 აშშ დოლარს თუ გადაუხდიდნენ თანხას გადაუნაწილებდა. ამის შემდეგ, გ------- მ--------ის ეჭვი, რომ კრედიტორი მეწარმე-სუბიექტი არ იყო და მართლზომიერად არ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, გამყარდა. იმის გამო, რომ გ------- მ--------ს იპოთეკარისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ ჰქონდა, მათი მხრიდან განხორციელდა საუბრის ფარული ჩაწერა, რომელიც როგორც მტკიცებულება, წარუდგინეს საგამოძიებო სამსახურს. რეალურად რ--------- გ---------ე და მისი ოჯახის წევრები ეწევიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლით. აღნიშნულ ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება. გამომძიებელმა 2019 წლის 18 იანვარს პირად საუბარში განუცხადათ, რომ რ--------- გ---------ე რეალურად არ იყო მეწარმე-სუბიექტად დარეგისტრირებული და არც გადასახადების გადამხდელად როგორც მეწარმე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ------- მ--------ის და მისი ადვოკატის განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს;
- მოსარჩელე მხარის განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვაზე (განცხადება გამომძიებელ ქ------- ბე–---–---–ს, ს.ფ. 141);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოებები ვერ დადასტურდა ვერც მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ვერც წერილობითი მტკიცებულებებით და ვერც სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეთა (რ----- ა-–-------ს, მ------- ა-–-------ს, ფ------–- სა-------ის, თ---------- მ--------ის , გ----–------ მ--------ის) ჩვენებით.
მხარეთა შორის 2015 წლის 13 ივლისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო წერილობით, სანოტარო ბიუროში, თარჯიმნის მონაწილეობით, რომელიც გაეცნო მხარეებს და მოსარჩელე გ------- მ--------მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, სადაც მითითებული იყო სესხის სარგებლობისთვის გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი- ყოველთვიურად 3,37%, 2015 წლის 16 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატების შეტანის ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა 2015 წლის 13 ივლისს დადებულ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში, კერძოდ, წინა ხელშეკრულებაში მითითებული სესხის დაბრუნების ვადამ 2015 წლის 13 ოქტომბერმა გადაიწია 2016 წლის 13 იანვრამდე, სხვა ნაწილში ხელშეკრულების პირობები დარჩა უცვლელად.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები წერილობითი ხელშეკრულების დადებით ქმნიან მათი ინტერესების დაცვის უფრო მეტ გარანტიას და შესაბამისად, გ------- მ--------ის განმარტება, რომ იგი ზეპირად შეუთანხმდა რ--------- გ---------ეს 2% სარგებელზე, ხოლო წერილობით ხელშეკრულებაში მიეთითა 3,37% სარგებელი, რაც მოტყუებაა მისი, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. ის ფაქტიც, რომ რეალურად სესხის სარგებლობისთვის მის მიერ 5% სარგებელი იქნა გადახდილი, როგორც თავად განმარტავს, ვერ ჩაითვლება მოტყუებად ან შეცდომაში შეყვანად, ხელშეკრულების დადების და შემდგომში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების დროსაც, მას საპროცენტო განაკვეთზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მთელ აქცენტს აკეთებს, სესხის საპროცენტო განაკვეთზე და არაფერს ამბობს და სადაოდ არ ხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას. 2018 წლის 12 აპრილს ნოტარიუსმა მ--- ე---–----–---–-ა გასცა სააღსრულებო ფურცელი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - იპოთეკის საგნის ს.კ. 81.15.2-.2-5, აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა - 5000 აშშ დოლარი - ძირითადი თანხა და პირგასამტეხლო - 4090 აშშ დოლარი, სულ 9090 აშშ დოლარი, ე.ი. ამჟამად მოვალეს გ------- მ--------ს რ--------- გ---------ისთვის გადასახდელ ვალდებულებად ერიცხება მხოლოდ სესხის ძირი თანხა და პირგასამტეხლო და არა პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე, 72-73-ე, 302-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე. 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე მხარემ მიუთითა გარიგების მოტყუებით და შეცდომით დადების გარემოებაზე.
სასამართლომ განმარტვს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სსკ-ის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.
მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (სუსგ 16.06.2014 წელი, საქმე №ას-182-171-2014).
სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მოტყუებით და შეცდომით დადებულ გარიგებათა შორის არსებულ განსხვავებებზე. სამოქალაქო კოდექსის 72-ე-73-ე მუხლების მიხედვით, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. არსებით შეცდომად ითვლება, როცა: ა ) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად. იმავე კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით კი, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც შეცდომით, ისე მოტყუებით დადებული გარიგებისას ნების ნაკლს მხარის არასწორი წარმოდგენა განაპირობებს დასადები გარიგების არსთან თუ შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, იმ გარემოებების არასწორი აღქმა, რაც გარიგების დადებას საფუძვლად დაედო, მაგრამ მათ შორის არსებობს არსებითი განსხვავება, კერძოდ, მართალია, მოტყუებით დადებული გარიგებებისას, მხარე შეცდომის საფუძველზე შედის სამართალურთიერთობაში, მაგრამ ეს შეცდომა გამოწვეულია მეორე მხარის ქმედებით, ანუ, შეცდომით დადებული გარიგებისას, ხელშეკრულების კონტრაჰენტი კეთილსინდისიერია ნების ნაკლთან მიმართებით და მოდავე მხარის მცდარი წარმოდგენა მის მიერ გარკვეული მონაცემების დამალვით ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებით არ არის განპირობებული. სწორედ ამ მიზეზით, შეცდომით დადებული გარიგება, საცილო გარიგებათა შორის, ხანდაზმულობის ყველაზე მოკლე ვადას ითვალისწინებს. სამოქალაქო ბრუნვისათვის საზიანო იქნებოდა კეთილსინდისიერი მხარის კანონიერი ინტერესების ხანგრძლივად ეჭვქვეშ დაყენება გარიგების შეცილების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ გაიმიჯნოს შეცდომით და მოტყუებით დადებული გარიგებები, სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული გარიგების დადების წინაპირობები და უნდა დადგინდეს, რა გარემოებები დაედო საფუძვლად მხარეთა მიერ ნების გამოვლენას. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის სხვა პირობები იყო შეთანხმებული, ხოლო მოპასუხემ მის მიერ სანოტარო ბიუროში შედგენილ ხელშეკრულებაში განსხვავებული პირობები მიუთითა (შეცდომაში შეიყვანა, მოატყუა მოსარჩელე), აღნიშნული ვერ დადასტურდა.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სარჩელის ავტორის მოსაზრებით, ხელშეკრულება ბათილია, რადგან ხელშკრულებაზე ისე მოაწერა ხელი, რომ არ გაცნობია დოკუმენტის შინაარსს და არ გადაუმოწმებია მასში ასახული ინფორმაცია, რომ სესხისთვის გათვალისწინებული პროცენტი არასწორად იყო მითითებული.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის ავტორმა ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად იგი მოტყუვდა ან შეცდომაში იქნა შეყვანილი.
სასამართლოს შეფასებით, გარდა მოსარჩელის განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ხელშეკრულების შედგენისას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებას დაადასტურებდა. მხოლოდ მოსარჩელის განმარტება კი, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისთვის, სასამართლოს არასაკმარისად მიაჩნია.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, მხარეებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხეშეკრულება, ხელშეკრულების თანახმად, ნოტარიუსმა, ხელშეკრულების პროექტი შეადგინა, რომელიც მხარეებს წაუკითხა. მათ განაცხადეს, რომ ხელშეკრულების დადება სწორედ ამ პირობებით სურდათ, ხელშეკრულება წაიკითხეს და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძვლები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით რ--------- გ--------ესა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.
პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ რ--------- გ---------ის მიერ მოპასუხეზე გაიცა სესხი. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი არ არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც შესაძლოა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი გახდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს №ას-663-629-2015 განჩინებაზე, სადანაც ასახულია საკასაციო პალატის მსჯელობა პროცენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ.
მითითებულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ " ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.. .. სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელის განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. "
აღნიშნული მსჯელობა პროცენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ წინააღმდეგობაშია მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობასთან, რომელიც სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს, როგორც მოტყუებით და შეცდომით დადებული გარიგების.
დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული 2015 წლის 13 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულების ვადის განმავლობაში ყოველთვიურ სარგებელს 3,37%-ის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,2 % -ს, მოსარჩელის მიერ ვალდებულება ჯეროვნად არ არის შესრულებული, შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე, სააღსრულებო ფურცელში დავალიანების ოდენობად მხოლოდ სესხის ძირი თანხა და პირგასამტეხლოა მითითებული ( რომლის შემცირებაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია). სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას მოსარჩელე ითხოვდა, როგორც სესხისა და იპოთკის ხელშკრულების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგს, რადგან სასამართლომ სესხის ხელშეკრულება არ ცნო ბათილად , შესაბამისად, ქონების იპოთეკისგან გათავისუფლების და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღურება არ უნდა დაეკისროს , ხოლო სარჩელზე მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი არ ყოფილა გადახდილი, რადგან იგი, როგორც სოციალურად დაუცველი პირი, გათავისუფლრბულია ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების უცველად დატოვების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით გ------- მ--------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა საქმის არსებით განხილვამდე ნოტარიუს მ--- ედ-–----–---–-ს მიერ 2018 წლის 12 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 18-------) აღსრულება, სააღსრულებო წარმოება #A18042181. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს გ------- მ--------ის სარჩელი მოპასუხე რ--------- გ---------ის მიმართ 2016 წლის 13 ივლისის და 2015 წლის 16 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, იპოთეკის საგნის ყადაღისაგან გათავისუფლების, 2018 წლის 12 აპრილს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა საქმის არსებით განხილვამდე ნოტარიუს მ--- ედ-–----–---–-ს მიერ 2018 წლის 12 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 18-------) აღსრულება, სააღსრულებო წარმოება #A18042181.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია შოშიაშვილი