გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2-800-18
130210118002554019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ივნისი, 2019 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე - მარიამ ჭყოიძე, ზოია ჭყოიძე (მოპასუხეები შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი -ბელა ბერაძე
მოპასუხე - ლია კაბულაშვილი (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) გოდერძი კაბულაშვილი,წარმომადგენელი -კონსტანტინე გელაშვილი
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებულად აღიარება, გარიგების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა: სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებულად აღიარება. გარიგების ბათილად ცნობა.
1.1 სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
2011 წლის მაისის თვეში მარიამ ჭყოიძემ, მისი დეიდაშვილის გოდერძი კაბულაშვილისაგან ისესხა 15000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ 2000 აშშ დოლარ სარგებელთან ერთად, ანუ სულ 17000 აშშ დოლარი. სესხის თაობაზე დაიდო ზეპირი ხელშეკრულება. მარიამ ჭყოიძემ სესხის გადახდა დაიწყო 2011 წლის სექტემბრიდან. კერძოდ, 2011 წლის 30 სექტემბერს გადაიხადა 3450 აშშ დოლარი, 2011 წლის 24 ოქტომბერს - 1400 აშშ დოლარი, 2011 წლის 04 ნოემბერს 1370 აშშ დოლარი და ამავე წლის 15 ნოემბერს- 2000 აშშ დოლარი. მთლიანად 2011 წელს გოდერძი კაბულაშვილს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხადა 8220 აშშ დოლარი. შემდეგ შეექმნა რა ფინანსური პრობლემები გადახდა შეწყვიტა და გადასახდელი დარჩა 8180 აშშ დოლარი. 2016 წლის 22 მარტს გოდერძი კაბულაშვილსა და მარიამ ჭყოიძეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა ვალის აღიარების ხელწერილი, რომლითაც მარიამ ჭყოიძე აღიარებდა რომ გააჩნდა გოდერძი კაბულაშვილის ვალი 17000 აშშ დოლარის ოდენობით 2011 წლიდან, მაგრამ შეცდა ხელწერილის შინაარსში, რადგან ეგონა რომ ხელწერილი გააფორმა 2011 წლის მდგომარეობით. ვალის აღიარების ხელწერილში მითითებული არ არის, რომ აღნიშნული ვალის ნაწილი - 8220 აშშ დოლარის ოდენობით გადახდილი ჰქონდა. ამ გარემოებით ისარგებლა გოდერძი კაბულაშვილმა და ხელმეორედ ითხოვს მისგან 7000 აშშ დოლარის გადახდას. 2018 წლის 24 იანვარს მარიამ ჭყოიძემ გოდერძი კაბულაშვილს ბანკის საშუალებით გადაურიცხა 10 000 აშშ დოლარი, რითაც ფაქტობრივად დაფარა მთლიანი ვალი, მაგრამ გოდერძი კაბულაშვილმა უარი განაცხადა ვალის აღიარების ხელწერილის გაუქმებაზე, წინა გადახდები არ ჩაუთვალა და ზედმეტად მოსთხოვა 7000 ლარის გადახდა. უფრო მეტიც, 10000 აშშ დოლარის მიღების და სესხის სრულად დაფარვის შემდეგ უმოკლეს დროში დაუკავშირდა თავის დეიდას, მარიამ ჭყოიძის დედას, ზოია ჭყოიძეს, დაუმალა რომ მისი შვილისაგან თანხა მთლიანად ჰქონდა მიღებული და უფრო მეტი ნდობისასთვის ვალის გარანტად შეთავაზა ზოია ჭყოიძეს, მამის სამკვიდროდან მიღებული 1/2 წილის, ქ.ხაშურში მდებარე საცხოვრებელი სახლის და სოფელ ხალებში მდებარე მიწის ნაკვეთის 1/2 წილის ჩუქების ხელშეკრულებით გადაფორმება გოდერძი კაბულაშვილის დედის (ზოია ჭყოიძის დის) ლია კაბულაშვილის სახელზე, იმ პირობით, რომ როგორც კი მარიამ ჭყოიძე მის ვალს დაფარავდა აღნიშნულ ქონებებს ისევ უკან დაუბრუნებდნენ ზოია ჭყოიძეს. ეს უკანასკნელი შეყვანილი იქნა რა შეცდომაში, მას შემდეგ, რაც მარიამ ჭყოიძეს გოდერძი კაბულაშვილის მიმართ არავითარი ვალდებულება აღარ ეკისრებოდა, 2018 წლის 01 თებერვალს ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა თავის დას ლია კაბულაშვილს აღნიშნული ქონებები, "ვალის სრულად დაფარვამდე". აღნიშნულის გამო მოსარჩელე ითხოვს ხსენებული ჩუქების ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, განმარტა, რომ 2016 წლის ვალის აღიარების ხელწერილით დასტურდება, რომ ვალი სარგებლიანი არ ყოფილა. მარიამ ჭყოიძემ გოდერძი კაბულაშვილისაგან ისესხა 17 000 აშშ დოლარი. სასესხო ურთიერთობები მათ შორის მანამდეც არსებობდა, რაც დასტურდება 2011 წლის მაისამდე მარიამ ჭყოიძის მიერ გოდერძი კაბულაშვილის სახელზე თანხების ჩარიცხვის ანგარიშებით. სარჩელში მითითებული 8220 აშშ დოლარის დაანგარიშება ეხება 2011 წლამდე ნასესხებ თანხებს. 2016 წლის მარტის თვეში მარიამ ჭყოიძემ აღიარა სწორედ ის ვალი, რომელიც მას გააჩნდა გოდერძი კაბულაშვილის მიმართ, ხელწერილის დადების მომენტისათვის. რითაც დასტურდება, რომ 2011 წელს გადახდილი თანხები აღნიშნულ სესხს არ ეხება. აღიარებული ვალის ფარგლებში მარიამ ჭყოიძემ მხოლოდ 2018 წელს განახორციელა თანხის გადარიცხვა გამსესხებლის ანგარიშზე, რა დროსაც გოდერძი კაბულაშვილმა ასევე მისცა მას ხელწერილი, რომლითაც დასტურდება 10000 აშშ დოლარის მიღება და ასევე მიუთითა, რომ დარჩენილი იყო გადასახდელი 7000 აშშ დოლარი. ამასთან, ზოია ჭყოიძესა და ლია კაბულაშვილს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება არანაირად არ უკავშირდება გოდერძი კაბულაშვილისა და მარიამ ჭყოიძის სასესხო ურთიერთობებს, აღნიშნულის თაობაზე საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რის გამოც სარჩელი არც ვალის აღიარების ხელწერილის შეწყვეტის და ლია კაბულაშვილსა და ზოია ჭყოიძეს შორის 2018 წლის 01 თბერვალს დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებოიბს.
3. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში:
გაუქმდეს 2018 წლის 06 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ლია კაბულაშვილმა თავის დას, ზოია ჭყოიძეს აჩუქა ქალაქ რუსთავში პირველი მაისის ქუჩა N 18-1 (საკადასტრო კოდი 02.05. 07. 663) არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობა საცხოვრებელი ბინა და აღნიშნული ქონება აღირიცხოს კვლავ ლია კაბულაშვილის სახელზე რადგან დასაჩუქრებულმა თავისი დის ია კაბულაშვილის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა და სასამართლოში სარჩელის შეტანით მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მას.
3.1 სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად შეგებებულ სარჩელში მითითებულია შემდეგი:
დებმა ზოია ჭყოიძემ და ლია კაბულაშვილმა ერთმანეთს აჩუქეს გარკვეული ქონება. ლია კაბულაშვილი მოქმედებდა რა დის მიმართ კეთილგანწყობით, 2018 წლის 06 თებერვლის ზოია ჭყოიძეს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა თავისი ქონება, მდებარე ქალაქ რუსთავში, პირველი მაისის ქუჩა N 18-1 -ში, სადაც დღესაც ცხოვრობს ზოია ჭყოიძე თავის ოჯახთან ერთად. მარიამ ჭყოიძის და ზოია ჭყოიძის სარჩელის გაცნობის შემდეგ, ლია კაბულაშვილმა იგრძნო რა თავი შეურაცხყოფილად, მიიჩნევს, რომ მისმა დამ მის მიმართ გამოავლინა დიდი უმადურობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ითხოვს ხსენებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას და ქონების თავის სახელზე აღრიცხვას.
4. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:
დებს შორის ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებას არანაირი კეთილგანწყობა არ ედო საფუძვლად. ქ.რუსთავში პირველი მაისის შესახვევის N18/1-ში მდებარე უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა, 1985 წლის 02 აგვისტოს ზოია ჭყოიძემ და მისმა ოჯახმა, მეუღლემ და ორმა შვილმა, წლების ნამუშევარი დამსახურების გამო უსასყიდლოდ მიიღო სახელმწიფოსაგან, სადაც ცხოვრობენ დღემდე. 1995 წლის 25 ივნისს ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებით პრივატიზაციის საფუძველზე აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ზოია ჭყოიძის სახელზე. როგორი კეთილგანწყობაც არ უნდა ჰქონოდათ დებს ერთმანეთის მიმართ, ზოია ჭყოიძე მეუღლისა და შვილების ერთადერთ საცხოვრებელ სახლს დას არ აჩუქებდა. ლია კაბულაშვილი სწორედაც რომ ჩაერია მისი შვილისა და დისშვილის სასესხო ურთიერთობაში და აიძულა თავისი და ზოია ჭყოიძე უძრავი ქონებები მანამდე გადაეფორმებინა მისთვის, ვიდრე მისი შვილი მარიამ ჭყოიძე არ დაფარავდა გოდერძი კაბულაშვილის ვალს. სწორედ ამ მიზნით მოსაჩვენებლად აირჩიეს დებმა ჩუქების ფორმა, რაც სინამდვილეში სასესხო ურთიერთობების დასაფარად იყო დადებული. სწორედ აღნიშნულ ქონებაზე გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც 2018 წლის 06 თებერვალს, ზოია ჭყოიძემ დაიბრუნა ლია კაბულაშვილისაგან ქ.რუსთავში პირველი მაისის შესახვევის N18/1-ში მდებარე მისივე უძრავი ქონება. აქედან გამომდინარე, მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში) მიიჩნევს რომ აღნიშნული ქონება არც არასოდეს ყოფილა ლია კაბულაშვილის საკუთრება და მასზე არავითარი უფლება არ გააჩნია. შესაბამისად უსაფუძვლოა მოთხოვნა აღნიშნული ქონების მის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ. ამდენად შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. 2018 წლის 24 იანვარს აღებული სესხის ანგარიშში მარიამ ჭყოიძემ გოდერძი კაბულაშვილს სს "საქართველოს ბანკის" მეშვეობით გადაურიცხა 10 000 აშშ დოლარი.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება
-საბანკო ამონაწერი (ს.ფ.29)
6. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
6.1. 2011 წლის მაისში მარიამ ჭყოიძემ თავისი დეიდაშვილის, გოდერძი კაბულაშვილისაგან ისესხა 15 ათასი აშშ დოლარი და ნაწილ-ნაწილ უნდა დაებრუნებინა 17 ათასი აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულება იყო ზეპირი ფორმის.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა ახსნა განმარტება,-
6.1.1.ზოია ჭყოიძემ სესხის გადახდა დაიწყო 2011 წლის სეტემბრიდან და ბანკის საშუალებით გოდერძი კაბულაშვილს გადაურიცხა 8220 აშშ დოლარი შემდეგი გრაფიკით: 2011 წლის 30 სექტემბერს გადაურიცხა 3450 აშშ დოლარი, 2011 წლის 24 ოქტომბერს - 1400 აშშ დოლარი, 2011 წლის 04 ნოემბერს 1370 აშშ დოლარი და ამავე წლის 15 ნოემბერს- 2000 აშშ დოლარი.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა -განმარტება,- სს "საქართველოს ბანკში" შესრულებული გზავნილების ჩარიცხვის და გადარიცხვის ოპერაციების შესახებ, აბანკო ამონაწერი (ს.ფ.28)
6.1.2. 2016 წლის 22 მარტს ქ.თბილისში, დ.აღმაშენებლის გამზირი N81-ში სანოტარო წესით გაფორმდა ვალის აღიარების ხელწერილი, რომლითაც ზოია ჭყოიძემ (დაბ.17.03.1982 წელს პ/ნ 35001029666) აღიარა, რომ აქვს გოდერძი კაბულაშვილის (დაბ.26.07.1979 წ. პ/ნ 43001001131) ვალი 17 000 აშშ დოლარის ოდენობით. მხარეთა განმარტებით აღნიშნული დავალიანება წარმოიშვა 2011 წლის მაისიდან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე კრედიტორს ვალს გადაუხდიდა 2019 წლის 01 მარტის ჩათვლით.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა -განმარტება,- ვალის აღიარების ხელწერილი (ს.ფ. 26-27)
6.1.3. 2018 წლის 26 იანვარს დებმა ზოია ჭყოიძემ და ლია კაბულაშვილმა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა (შვილებმა) მიიღეს თავიანთი მამის, 2015 წლის პირველ დეკემბერს გარდაცვლილი ნოდარ მამიაშვილის სამკვიდრო ქონება, მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ქ.ხაშურში, პ.ინგოროყვას ქ.N12-ში და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხაშურის რაიონის სოფელ ხალებში (დაზუსტებული ფართობი 5033:00 კვ.მ.) თითოეულმა მათგანმა მემკვიდრეობით მიიღო აღნიშნული ქონების 1/2 ნაწილი.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა -განმარტება,- სანოტარო აქტი (ს.ფ.30-34)
6.1.4. 2018 წლის 01 თებერვალს ზოია ჭყოიძემ მამისაგან აწ გარდაცვლილი ნოდარ მამიაშვილისაგან მემკვიდრეობით მიღებული მისი წილი ქონება მდებარე ქ.ხაშურში, პ.ინგოროყვას ქ.N12-ში და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხაშურის რაიონის სოფელ ხალებში ჩუქების გზით გადაუფორმა თავის დას ლია კაბულაშვილს, რაც 2018 წლის 11 ივლისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამ უკანასკნელის საკუთრებად.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- შეგებებული სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა -განმარტება,- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.
6.1.5. 2018 წლის 06 თებერვალს მოპასუხე ლია კაბულაშვილმა (მოსარჩელემ შეგებებულ სარჩელში) თავის დას ზოია ჭყოიძეს აჩუქა ქ.რუსთავში, შესახვევი პირველი მაისის 18-1-ში მდებარე უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, სულ 188.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 02.05.07.663), რომლის მესაკუთრედ 2018 წლის 27 აგვისტოს საჯარო რეესტრში აღირიცხა ზოია ჭყოიძე.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- შეგებებული სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა -განმარტება,- ჩუქების ხელშეკრულება, საჯარო რეესტრის ამონაწერი (იხ. შეგებებული სარჩელის დანართი. ს.ფ.)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მარიამ ჭყოიძის სარჩელი გოდერძი კაბულაშვილთან დადებული ვალის აღიარების ხელწერილის შეწყვეტის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზოია ჭყოიძის სარჩელი ზოია ჭყოიძესა და ლია კაბულაშვილს შორის 2018 წლის 01 თებერვალს დადებული უძრავი ქონებების საკადასტრო კოდებით N69.08.64.096 და N 69.07.51.012 ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
ლია კაბულაშვილის შეგებებული სარჩელი 2018 წლის 06 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, რომლითაც ლია კაბულაშვილმა თავის დას, ზოია ჭყოიძეს აჩუქა ქ.რუსთავში პირველი მაისის ქ.N 18-1 (საკადასტრო კოდი 02.05. 07. 663) არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით,- არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-56-ე მუხლი .81-ე,524-ე, 525-ე, 529-ე, 530-ე,623-ე, 624-ე, 627-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.1.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც.
6.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლის მიხედვით გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისთვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის მაისის თვეში მარიამ ჭყოიძემ მისი დეიდაშვილის გოდერძი კაბულაშვილისაგან ისესხა 17000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ. სესხის თაობაზე დაიდო ზეპირი ხელშეკრულება. საქმეში არსებული გადახდის ქვითრებით ირკვევა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადებამდე და მას შემდეგაც მარიამ ჭყოიძე გოდერძი კაბულაშვილს უხდიდა სხვადასხვა თანხებს (იხ.ს.ფ. 28, 71) ბოლო სასესხო ხელშეკრულების შემდეგ, ანუ 2011 წლის მაისის შემდეგ, 2011 წლის 30 სექტემბერს გადაიხადა 3450 აშშ დოლარი, 2011 წლის 24 ოქტომბერს - 1400 აშშ დოლარი, 2011 წლის 04 ნოემბერს 1370 აშშ დოლარი და ამავე წლის 15 ნოემბერს- 2000 აშშ დოლარი, მთლიანად 8220 აშშ დოლარი, რასაც მოსარჩელე მიიჩნევს 17 ათასი დოლარის სესხის ანგარიშში გადახდილად, თუმცა მოპასუხე გოდერძი კაბულაშვილი აღნიშნულ თანხებს თვლის მარიამ ჭყოიძის მიერ 17000 აშშ დოლარის სესხებამდე აღებული ვალის ანგარიშში გადახდილად.
დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 2018 წლის 24 იანვარს მარიამ ჭყოიძემ გოდერძი კაბულაშვილს 2011 წლის მაისის თვეში აღბული ვალის ანგარიშში ბანკის საშუალებით გადაურიცხა 10 000 აშშ დოლარი, რაც მოსარჩლე მიიჩნევს მთლიანი ვალის დაფარვად, მოპასუხე გოდერძი კაბულაშვილი კი მიიჩნევს რომ აღნიშნულით დაიფარა ვალის (7 000 აშშ დოლარის) მხოლოდ ნაწილი და მარიამ ჭყოიძეს მისთვის გადასახდელი დარჩა კიდევ 7000 აშშ დოლარი.
აანალიზებს რა აღნიშნულს სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი არ იქნა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ თუ რა დავალიანება გააჩნდა მარიამ ჭყოიძეს გოდერძი გაბულაშვილის 2011 წლის მაისის თვეში სესხის ხელშეკრულების დადებამდე და მარიამ ჭყოიძის მიერ ზემოთხსენებული ბოლო ოთხი გადახდა ნამდვილად იყო თუ არა გამიზნული 17000 აშშ დოლარიანი სესხის დასაფარად.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 მარტს გოდერძი კაბულაშვილსა და მარიამ ჭყოიძეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა ვალის აღიარების ხელწერილი, რომლითაც მარიამ ჭყოიძე აღიარებდა რომ გააჩნდა გოდერძი კაბულაშვილის ვალი 17000 აშშ დოლარის ოდენობით, 2011 წლიდან. მარიამ ჭყოიძის სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული ვალის აღიარების ხელწერილის გაუქმების შესახებ ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მხარემ შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
6.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 26 იანვარს დებმა ზოია ჭყოიძემ და ლია კაბულაშვილმა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა (შვილებმა) მიიღეს თავიანთი მამის, 2015 წლის პირველ დეკემბერს გარდაცვლილი ნოდარ მამიაშვილის სამკვიდრო ქონება, მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ქ.ხაშურში, პ.ინგოროყვას ქ.N12-ში და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ხაშურის რაიონის სოფელ ხალებში (დაზუსტებული ფართობი 5033:00 კვ.მ.) თითოეულმა მათგანმა სამკვიდროდ მიიღო აღნიშნული ქონების 1/2 ნაწილი. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულიდან უმოკლეს დროში, 2018 წლის 01 თებერვალს ზოია ჭყოიძემ მემკვიდრეობით მიღებული ზემოთხსენებული ქონება ჩუქების გზით გადაუფორმა თავის დას ლია კაბულაშვილს, რაც 2018 წლის 11 ივლისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამ უკანასკნელის საკუთრებად.
მოსარჩელე ზოია ჭყოიძე ითხოვს მის დასთან ლია კაბულაშვილთან, მამის სამკვიდროდან მიღებული ზემოთხსენებული ქონებაზე მოტყუებით დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, იმ მოტივით, რომ ლია კაბულაშვილის შვილმა გოდერძი კაბულაშვილმა მოატყუა იგი, თითქოს როდესაც მარიამ ჭყოიძე გოდერძი კაბულაშვილის ვალს მთლიანად დაფარავდა აღნიშნულ ქონებებს უკანვე გადაუფორმებდნენ. როგორც შემდგომ შეიტყო, ამ დროისათვის მარიამ ჭყოიძეს გოდერძი კაბულაშვილის ვალი მთლიანად ჰქონდა დაფარული და მის მიმართ აღარანაირი ვალდებულება აღარ ეკისრებოდა.
6.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
6.2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თნახმად მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით, მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურება ვერ ჰპოვა იმ გარემოებამ, რომ ზოია ჭყოიძე ლია კაბულაშვილთან ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროს მოტყუებული იყო ვინმეს მიერ, რადგან ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე დადასტურება ვერ ჰპოვა იმ გარემოებამ რომ ამ დროისათვის მარიამ ჭყოიძეს აღარ გააჩნდა გოდერძი კაბულაშვილის ვალი. ამასთან, სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ ხსენებული ჩუქების ხელშეკრულების მიღმა იფარებოდა მარიამ ჭყოიძესა და გოდერძი კაბულაშვილს შორის არსებული სასესხო ურთიერთობა. ცხადია, იმ ვითარებაში, როდესაც ზოია ჭყოიძის შვილს მარიამ ჭყოიძეს არაერთი ფულადი ვალდებულება გააჩნდა სხვა პირების მიმართ და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაც კი არსებობდა ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო,- ზოია ჭყოიძე თავის ქონებას სხვა ნებისმიერი მოტივის გარეშე, გარდა სასესხო ურთიერთობისა, (სხვა რაიმე მოტივზე მოპასუხე მხარემ ვერ მიუთითა) დას არ აჩუქებდა. ამასთან, სსკ-ის 1878 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მოსარჩელე მხარემ განმარტა რომ მედიაციის პროცესში (გოდერძი კაბულაშვილი თანახმა იყო ზოია ჭყოიძისათვის დაებრუნებინათ მამის სამკვიდრო ქონება მხოლოდ იმ პირობით, თუ მისი შვილი მარიამ ჭყოიძე გოდერძი კაბულაშვილს გადაუხდიდა დარჩენილ ვალს 7000 აშშ დოლარს. აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება მიზნად ისახავდა არა კანონით გათვალისწინებული ურიდიული შედეგის დადგომას, არამედ მხარეთა შორის არსებულ სასესხო ურთიერთობის მოწესრიგებას.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ .
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა უდევს საფუძვლად ლია კაბულაშვილის შეგებებულ სარჩელს მოპასუხე ზოია ჭყოიძის მიმართ, რომლითაც ითხოვს 2018 წლის 06 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, რომლითაც ლია კაბულაშვილმა თავის დას ზოია ჭყოიძეს აჩუქა ქ.რუსთავში, შესახვევი პირველი მაისის 18-1-ში მდებარე უძრავი ქონება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, სულ 188.00 კვ.მ.(საკადასტრო კოდი 02.05.07.663), რომლის მესაკუთრედ 2018 წლის 27 აგვისტოს საჯარო რეესტრში აღირიცხა ზოია ჭყოიძე. ლია კაბულაშვილი მიიჩნევს, რომ ზოია ჭყოიძემ სასამართლოში სარჩელის შეტანით გამოიჩინა დიდი უმადორობა და შეურაცხყოფა მიაყენა მას და მის შვილს გოდერძი კაბულაშვილს, რის გამოც ითხოვს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ქ.რუსთავში პირველი მაისის შესახვევის N18/1-ში მდებარე უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა, 1985 წლის 02 აგვისტოს ზოია ჭყოიძემ და მისმა ოჯახმა სახელმწიფოსაგან მიიღო, სადაც ცხოვრობენ დღემდე. 1995 წლის 25 ივნისს ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებით პრივატიზაციის საფუძველზე აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ზოია ჭყოიძის სახელზე. აღნიშნული ქონება ჯერ ზოია ჭყოიძემ აჩუქა ლია კაბულაშვილს, შემდგომ კი 2018 წლის 06 თებერვალს, ლია კაბულაშვილმა ჩუქების გზით უკანვე დაუბრუნა ზოია ჭყოიძეს. სასამართლო არ შედის იმის განხილვაში აღნიშნული გარიგებები ნამდვილი იყო თუ არა. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის მოტივაციას, აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფაზე ან დიდ უმადურობაზე. ორივე პირობა შეფასებითი კატეგორიისაა და ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებიდან უნდა დადგინდეს მძიმე შეურაცხყოფის, ან დიდი უმადურობის გამოვლენის ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე დიდ უმადურობად აფასებს იმ გარემოებას, მათ წინააღმდეგ სარჩელი იქნა შეტანილი სასამართლოში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. შესაბამისად მოსარჩელეებს სრული უფლება ჰქონდათ სასამართლო წესით დაეცვათ თავიანთი სადავოდ გამხდარი უფლებები, რაც თავის მხრივ არ მოწმობს იმას, რომ სარჩელის შეტანით მოსარჩელეებმა გამოიჩინეს უმადურობა ან შეურაცხყვეს ვინმე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ჩუქების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად დასაჩუქებულს არ წარმოეშობა ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისად, გადაცემული ქონების დაბრუნების ვალდებულება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აეკრძალა ლია კაბულაშვილს (პ/ნ 43001007045) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, რომლებიც მდებარეობენ ხაშურის რაიონის სოფელ ხალებში (ს/კ 69.07.51.012) და ქალაქ ხაშურში, ინგოროყვას ქუჩა N 12-ში (ს/კ 69.08.64.096 - 2/3 ნაწილზე) გასხვისება, იპოთეკით, გირავნობით ქირავნობით და იჯარით დატვირთვა - უნდა დარჩეს უცვლელი.
რაც შეეხება 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, რომლითაც ყადაღა დაედო რუსთავში, პირველი მაისის N 18/1-ში მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 02.05.07.663, რომელზეც ზოია ჭყოიძის (პირადი ნომერი 35001041267) საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული - უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991-ე 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მარიამ ჭყოიძის (პ/ნ 35001029666) სარჩელი გოდერძი კაბულაშვილთან (პ/ნ 43001001131) 2011 წლის მაისში წარმოშობილი სასესხო ვალდებულების შესრულებულად ჩათვლის და მათ შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმებული ვალის აღიარების ხელწერილის შეწყვეტის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. ზოია ჭყოიძის (პ/ნ 35001041267) სარჩელი ზოია ჭყოიძესა და ლია კაბულაშვილს (პ/ნ 43001007045) შორის 2018 წლის 01 თებერვალს დადებული უძრავი ქონებების, საკადასტრო კოდებით: N 69.08.64.096 და N 69.07.51.012.ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
3. ბათილად იქნას ცნობილი, ზოია ჭყოიძესა (პ/ნ 35001041267) და ლია კაბულაშვილს (პ/ნ 43001007045) შორის 2018 წლის 01 თებერვალს დადებული, ხაშურის რაიონის სოფელ ხალებში (ს/კ 69.07.51.012) და ქ.ხაშურში ინგოროყვას ქ.N12-ში (ს/კ 69.08.64.096) მდებარე უძრავი ქონებების ჩუქების ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით აღნიშნული ქონებები გადაეცა ლია კაბულაშვილს.
4. ლია კაბულაშვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხე ლია კაბულაშვილს მოსარჩელე ზოია ჭყოიძის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 300 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი თანხის, 100 ლარის გადახდა, სულ 400 (ოთხასი) ლარის გადახდა.
6. მოსარჩელეთა მიერ ძირითად სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი მთლიანი თანხის ნაწილი,- 540 (ხუთასორმოცი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7. მოპასუხე ლია კაბულაშვილს მოსარჩელე ზოია ჭყოიძის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი ხარჯი, 400 ლარის გადახდა.
8. შეგებებულ სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
10. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო რუსთავში, პირველი მაისის N 18/1-ში მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 02.05.07.663, რომელზეც ზოია ჭყოიძის (პირადი ნომერი 35001041267) საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი