გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2866-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 ივლისი, 2019 წელი თ---–--ი
შესავალი ნაწილი
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - მ-----ა შ----------ი
წარმომადგენელი - თ-- შ------–-–---–ი
მოპასუხე - გ------- თ-----–---–ი
წარმომადგენელი - თ-- მ----–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხეს: 3600 ლარი ქირის დავალიანება, 1200 ლარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, 120 ლარი კურსთა სხვაობა გადახდის ვალდებულებისას, დაზიანებული ნივთების ღირებულება 530 ლარი, ინტერნეტის დავალიანება 65 ლარი, კომუნალური გადახდები 78 ლარი, ასევე მიუღებელი შემოსავალი გადასახდელი თანხის წლიური 8% 4 თვისთვის -149 ლარი (ჯამურად 5742 ლარი).
1.2. დაეკისროს მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 37,25 ლარის გადახდა, გადასახდელი თანხის წლიური 8%, 2019 წლის თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2018 წლის 21 მაისს მოპასუხესთან გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებაზე (ერთი წლის ვადით), რომლის თანახმად, ქირის გადახდა უნდა მომხდარიყო წინასწარ, სანაგრიშო თვისათვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა. გ------- თ-----–---–მა ქირა გადაიხადა 25 მაისს, რის შემდეგაც გადახდა უწევდა 25 ივნისს ივლისის თვისვის, 25 ივლისს-აგვისტოს თვისთვის და 25 აგვისტოს - სექტემბრის თვისთვის.
მოპასუხემ ქირა აღარ გადაიხადა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა ქირის დაუყოვნებლივ გადახდა. მოპასუხემ შეწყვიტა გამქირავებელთან კომუნიკაცია და სექტემბრის 10 რიცხვამდე გაუფრთხილებლად დატოვა სახლი, გასაღები მეზობელს დაუტოვა სხვა ადამიანის დახმარებით.
ბინაში მოპასუხის ცხოვრების პერიოდში დაზიანდა სან. კვანძი და ონკანი, რომელიც მოპასუხის თხოვნით შეაკეთა მოსარჩელემ თავისი ხარჯებით, რაც უნდა გადაეხადა დამქირავებელს (80 ლარი); გ------- თ-----–---–მა ასევე დააზიანა და გამოუსადეგარი გახადა კაბინეტის საოფისე სავარძელი, რომელის ღირებულებაც შეადგენდა 250 ლარს; დაზიანებული იყო სხვადასხვა ინვენტარი (შეჭეჭყილი მაცივარი, ჩამოტეხილი კედელი აივანზე, დაზიანებული სამზარეულოს მინის მაგიდა, გატეხილი კარადის საკეტი და სხვა) საერთო ღირებულებით 200 ლარი, მოპასუხემ ასევე გადასახდელი დატოვა ინტერნეტით მომსახურების საფასური - 65 ლარი და კომუნალური გადასახადები საერთო თანხით 78 ლარი.
ხელშეკრულების თანახმად, თუ ლარის კურსი შეიცვლებოდა 10 ან მეტი პუნქტით, გადასახადი უნდა შეცვლილიყო კურსის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის აგვისტოში კურსი აშშ დოლართან მიმართებით შეადგენდა 2,57 ლარს, ხოლო სექტემბერში 2,62 ლარს. ხელშეკრულების გაფორმების მომენტში კურსის ოდენობა შეადგენდა 2,47 ლარს. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აგვისტოს თვეში კურსთა სხვაობამ შეადგინა 48,83 ლარი, ხოლო სექტემბრის თვის კურსთა სხვაობა შეადგენდა 70, 74 ლარს.
მოპასუხის დავალიანება შეადგენს 5742 ლარს, საიდანაც 3600 ლარი ქირის დავალიანებაა, 1200 ლარი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, 120 ლარი - კურსთა სხვაობა გადახდის ვალდებულებისას, დაზიანებული ნივთების ღირებულება - 530 ლარი, ინტერნეტით მომსახურების დავალიანება - 65 ლარი, კომუნალური გადასახადები - 78 ლარი, ასევე მიუღებელი შემოსავალი გადასახდელი თანხის წლიური 8% 4 თვისთვის - 149 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი. გ------- თ-----–---–მა დაადასტურა ივლისისა და აგვისტოს თვეების ქირის გადაუხდელობის ფაქტი და აღიარა ორი თვის ქირის 2400 ლარის გადახდის ვალდებულება.
შესაგებელში განმარტებულია, რომ ბინაში ინვენტარის დაზიანების შესახებ მოსარჩელის მითითება უსაფუძვლოა, ვინაიდან დამქირავებელს ინვენტარი არ დაუზიანებია, ასევე გ------- თ-----–---–მა კომუნალური და ინტერნეტით მომსახურების გადასახადი გადაიხადა ბინის დაცლისას; დამქირავებლის მიერ ქონებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, გამქირავებელს უნდა ედავა ნივთის გადაცემიდან 6 თვის ვადაში, სსკ-ის 573-ე მუხლის შესაბამისად, მოთხვნა, თუნდაც მოსარჩელეს ჰქონოდა მოთხოვნის უფლება, იქნებოდა ხანდაზმული.
2018 წლის 25 ივლისს, როდესაც დამქირავებელს უწევდა ბოლო გადახდა, ეროვნული ბანკის მონაცემებით ვალუტის გაცვლითი კურსი შეადგენდა 2.47 ლარს, რაც ხელშეკრულების დადების მომენტში არსებულ კურსს უტოლდებოდა, შესაბამისად, ვალუტის კურსის სხვაობით გამოწვეული ნამატის დაკისრების მოთხოვნა არ არის საფუძვლიანი. დაუსაბუთებელია მიუღებელი შემოსავლის შესახებ მოთხოვნაც. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდეობა შეუსაბამოდ მაღალია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 21 მაისს მ-----ა შ----------სა (გამქირავებელი) და გ------- თ-----–---–ს (დამქირავებელი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამქირავებელმა დამქირავებელს გადასცა თ---–--ში, ც--–--ის ქუჩის №---ში მდებარე №-- ბინა, დამქირავებლის მიერ გამქირავებლისათვის ქირის - თვეში 1200 ლარის გადახდის (საანგარიშო თვის წინა თვის 25 რიცვამდე) პირობით.
ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, ქონება იყო გარემონტებული და სუფთა მდგომარეობაში, ბინაში განთავსებული იყო ავეჯი (რბილი ავეჯი (ოთხეული), მისაღები ავეჯი, შესასვლელში ტანსაცმლის კარადა, სამი საძინებლის ავეჯი - საწოლები, კარადები, ტუმბოები, კაბინეტის სავარძელი) და ტექნიკა (მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ტანსაცმლის სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, გაზქურა, ცენტრალური გათბობის ქვაბი, ჯაკუზი), ბინა აღჭურვილი იყო ინტერნეტით და „აიპი“ ტელევიზიით.
ხელშეკრულება დაიდო ერთი წლით - 2018 წლის 01 ივნისიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით.
საიჯარო ქირა შეიძლებოდა შეცვლილიყო ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების შემთხვევაში აშშ დოლართან მიმართებაში, თუ ეს ცვლილება გაუტოლდებოდა ან აღემატებოდა 10 პუნქტს. ასეთ შემთხვევაში მხარეები ურთიერთშეთანხმებით წყვეტდნენ ხელშეკრულების გაგრძელების საკითხს. თუ ვერ მიიღწეოდა კონსენსუსი, ხელშეკრულება ჩაითვლებოდა შეწყვეტილად და დამქირავებელი ვალდებული იქნებოდა დაუყოვნებლივ დაეცალა ბინა, რა დროსაც არ გამოიყენებოდა ფინანსური სანქციები.
ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დამქირავებელი ვალდებული იქნებოდა არანაკლებ ერთი თვით ადრე ეცნობებინა გამქირავებლისათვის ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებული იყო გადაეხადა გამქირავებლისათვის პირგასამტეხლოს სახით ერთი თვის ქირა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-18).
3.1.2. ქირავნობის ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, დამქირავებელი ვალდებული იყო გადაეხადა ბინაში მისი ცხოვრების პერიოდში დარიცხული კომუნალური გადასახადები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-18).
3.1.3. მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს დამქირავებელმა დატოვა დაქირავებული ბინა და ბინის გასაღები გადასცა გამქირავებლის მეზობელს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 3-5; 2019 წლის 11 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:13:10
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 33-37).
3.1.4. მოპასუხემ შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზეც აღიარა ორი თვის (ივლისისა და აგვისტოს) ქირის 2400 ლარის გადაუხდელობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არ დგინდება გ------- თ-----–---–ის მიერ მ-----ა შ----------ისათვის 530 ლარის ოდენობით ზიანის (მოძრავი ნივთების დაზიანების) მიყენების ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში, ქირავნობის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მასში განთავსებული ავეჯითა და ტექნიკით.
სსკ-ის 564-ე ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.
განსახილველ შემთხვევაში, გამქირავებელს აქვს პრეტენზია დამქირავებლის მიმართ გაქირავებული მოძრავი ნივთების დაზიანებით 530 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების შესახებ. ამგვარ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის ნაწილდება სსსკ-ის 102-ე მუხლის სტანდარტით, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რაც ზიანის მიყენებას დაადასტურებდა და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო დამქირავებელი ვალდებული იყო ემტკიცებინა ქირავნობის საგნის დაბრუნება იმ მდგომარეობაში, რომელშიც გამქირავებლისაგან მიიღო (ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით).
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ფოტოსურათები, თუმცა სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს იდენტიფიცირება, თუ სად არის გადაღებული ეს სურათები და რა დაზიანებებია მათზე ასახული. ამავდროულად მოსარცელის მიერ სართოდ არ არის წარმოდგენილი ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხემ ზიანი განსაზღვრა 530 ლარად, თუმცა არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის ზიდვა, რაც მოპასუხეს წარმოუშობდა მითითებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაბათილების ვალდებულებას. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას გაქირავებული ნივთების დაზიანებით 530 ლარის მისთვის ზიანის მიყენების შესახებ.
სსკ-ის 573-ე 1-ლი ნაწილის თანახმად, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა – ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.
ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მხოლოდ ქირავნობის საგნის მისთვის დაბრუნების (პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის) მომენტიდან და არა ცვლილებების ან გაუარესების დადგომის მომენტიდან.
გამქირავებელს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა წარმოეშვა 2018 წლის 10 სექტემბრიდან - ნივთის მისთვის გადაცემის მომეტიდან (გასაღების გამქირავებლის მეზობლისათვის გადაცემისა და გამქირავებლისათვის ამ გასაღების მიღების შესახებ გარემოებები სადავოდ არ გამხდარა). სარჩელი სასარმართლოში წარდგენილია 2019 წლის 15 თებერვალს.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა დამქირავებლის მიერ დაქირავებული ნივთების დაზიანების ფაქტი, გამქირავებლის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების თარიღისა და (2018 წლის 10 სექტემბერი) სასამართლოში სარჩელის შეტანის თარიღის (2019 წლის 15 თებერვალი) გათვალისწინებით, იქნებოდა ხანდაზმული.
3.2.2. არ დგინდება გ------- თ-----–---–ის მიერ კომუნალური გადასახადებისა და ინტერნეტით მომსახურების გადასახადის დავალიანების არსებობის ფაქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება კომუნალური დავალიანების არსებობის თაობაზე. არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება (მაგ: სს ,,თელასის‘’ ქვითარი ან შპს ,,ყასტრანსგაზის‘’ ქვითარი), რაც დამქირავებლის მიერ უძრავი ქონების ფლობის პერიოდში კომუნალური დავალიანების არსებობას დაადასტურებდა.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ელექტრონული ფოსტიდან ამობეჭდილი ე.წ. გადახდის დეტალები, აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების შემთხვევაშიც კი არ დგინდება მ-----ა შ----------ის მიერ გაქირავებული უძრავი ქონების სარგებლობით ინტერნეტ მომსახურებისა და კომუნალური (ბუნებრივი აირის მოხმარება) გადასახადების გადახდის ფაქტი, რამდენადაც, წარმოდგენილი ქვითრებით ვერ ხდება იდენტიფიცირება იმისა, რომ თ-- შ------–-–---–ის მიერ გადახდილია სწორედ მოსარჩელის აბონენტზე დარიცხული კომუნალური დავალიანება. მართალია ე.წ. გადახდის დეტალებში მითითებულია აბონენტის ნომერი, მაგრამ ეს აბონენტის ნომერი, რომ სწორედ მოსარჩელეს ეკუთვნის არ დგინდება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----ა შეკეთაურის სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 531-ე, 553-ე, 573-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. ამავე კოდექსის 553-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მაისს მ-----ა შ----------სა (გამქირავებელი) და გ------- თ-----–---–ს (დამქირავებელი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამქირავებელმა დამქირავებელს გადასცა თ---–--ში, ც--–--ის ქუჩის №---ში მდებარე №-- ბინა, დამქირავებლის მიერ დამქირავებლისათვის ქირის თვეში 1200 ლარის გადახდის პირობით, ერთი წლით - 2018 წლის 01 ივნისიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით.
მოსარჩელე ითხოვს 3 თვის ქირას - 3600 ლარს, საიდანაც მოპასუხე აღიარებს 2 თვის ქირის გადახდის ვალდებულებას - 2400 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი 2400 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
დადგენილია, რომ დამქირავებელმა დაქირავებული ბინა დატოვა 2018 წლის 10 სექტემბერს. შესაბამისად, დამქირავებელი ვალდებულია, გადაუხადოს გამქირავებელს აგვისტოს თვის ამოწურვიდან 10 სექტემბამდე მის მიერ ქირავნობის საგნის ფლობის გამო 10 დღის ქირა, რაც თვიური 1200 ლარის გათვალისწინებით 10 დღეზე შეადგენს 400 ლარს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, დამქირავებელი მოპასუხე გ------- თ-----–---–ი ვალდებულია გამქირავებელს მ-----ა შ----------ს გადაუხადოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე ორი თვისა და 10 დღის დაგროვილი გადაუხდელი დავალიანება 2800 ლარის ოდენობით.
6.2. სსკ-ის 564-ე მუხლი ადგენს ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებლის ვალდებულებას ქირავნობის საგნის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მისი მიზანია გამქირავებლის ინტერესების დაცვა კუთვნილი ნივთის იმ მდგომარეობაში დაბრუნების უფლების მინიჭებით, რომელშიც მან გადასცა დამქირავებელს ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით ან ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობაში.
სსკ-ის 547 მუხლის თანახმად, გამქირავებელს დამქირავებლის მიმართ აქვს ქირავნობის საგნის ცვლილებების ან გაუარესებისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილებები ან გაუარესება გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საწინააღმდეგო სარგებლობით.
მიუხედავად იმისა, რომ გამქირავებელს ეკისრება ქირავნობის საგნის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში გადაცემისა და ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში ასეთი მდგომარეობის შენარჩუნების ვალდებულება, თავის მხრივ, არც დამქირავებელია უფლებამოსილი, ისე ისარგებლოს ქირავნობის საგნით, რომ ამის შედეგად გამოწვეული ცვეთა აღემატებოდეს დასაშვებ ნორმალურ ფარგლებს. ამდენად, ქირავნობის საგანი უნდა დაბრუნდეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც დამქირავებელმა ის მიიღო ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით.
მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის მიერ დაქირავებული მოძრავი ნივთების დაზიანებით 530 ლარის ოდენობის გამქირავებლისათვის ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სსკ-ის 573-ე 1-ლი ნაწილის თანახმად, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა – ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.
ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე კანონი ადგენს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადებს.
გამქირავებლის ინტერესებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მხოლოდ ქირავნობის საგნის მისთვის დაბრუნების (პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის) მომენტიდან და არა ცვლილებების ან გაუარესების დადგომის მომენტიდან.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა დამქირავებლის მიერ დაქირავებული ნივთების დაზიანების ფაქტი, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების თარიღისა და სასამართლოში სარჩელის შეტანის თარიღის გათვალისწინებით, გამქირავებლის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, სსკ-ის 573-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულია.
მოსარჩელე მოითხოვს ასევე მის მიერ გადახდილი კომუნალური და ინტერნეტმომსახურების გადასახადების ანაზღაურებას.
სსკ-ის 553-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამატებითი ხარჯების გადახდა მხოლოდ მაშინ არის სავალდებულო, თუ ამის თაობაზე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება.
მუხლის ნორმები ადგენს ქირისა და დამატებითი ხარჯების გადახდის წესებს. თავისი სამართლებრივი ბუნებით მუხლის ნორმები დისპოზიციურია და ისინი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.
დამატებით ხარჯებს წარმოადგენს დამქირავებლის ყველა ის შესრულება, რომელთა გადახდის მოთხოვნაც შეიძლება ქირავნობის საგნის სარგებლობისათვის გადასახდელ ქირის ძირითად თანხასთან ერთად, მათ შორის, მაგ., ინტერნეტის, საკაბელო თუ გათბობის ხარჯები. დამქირავებლის ინტერესებიდან გამომდინარე სსკ 553.2 ნორმა ადგენს, რომ, როგორც წესი, დამატებითი ხარჯების გადახდა დამქირავებელს არ ეკისრება, თუმცა, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ საწინააღმდეგო წესზე. ამდენად, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, თუ მხარეები პირდაპირ არ შეთანხმდნენ ნორმის საწინააღმდეგო წესზე ანუ იმაზე, რომ დამქირავებელს ეკისრება დამატებითი ხარჯები, მაშინ ეს უკანასკნელი არ იქნება ვალდებული მათ გადახდაზე.
მხარეებს შორის არსებობდა სპეციალური შეთანხმება დამქირავებლის მიერ დაქირავებულ ბინაში ცხოვრების პერიოდში დარიცხული კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულების შესახებ, რითიც ხელშეკრულებით მოდიფიცირებული იქნა სსკ-ის 553.2 მუხლის დისპოზიციური დანაწესი.
თუმცა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა დამქირავებლის მიერ დაქირავებული უძრავი ქონების სარგებლობით ინტერნეტ მომსახურებისა და კომუნალური (ბუნებრივი აირის მოხმარება) გადასახადებს დავალიანების არსებობის ფაქტი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა შესაბამის ნაწილში (143 ლარი) ფაქტობრივი საფუძვლების არარსებობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მხარეები ქირავნობის ხელშეკრულებით (4.3 პუნქტი) შეთანხმდნენ, რომ დამქირავებლის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, დამქირავებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 1200 ლარის ოდეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს.
დადგენილია, რომ დამქირავებელმა ქირავნობის ურთიერთობა შეწყვიტა ვადის გასვლამდე. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების 4.3 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა (1200 ლარი) არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობის შემცირება 400 ლარამდე.
6.4. მოსარჩელემ მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავალი განსაზღვრა გადასახდელი თანხის წლიური 8%-ით.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (იხ, სუსგ საქმეზე №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სადავო პერიოდში მოთხოვნილი ოდენობით შემოსავლის მიღების საკითხს, რამაც მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოუშვა. მტკიცებულება კი, რომელიც მოსარჩელის მიერ (რასაც წინასწარ ივარაუდებდა ვალდებული პირი) შემოსავლის (5593 ლარის წლიური 8%) რეალურად მიღების შესაძლებლობას დაადასტურებდა, არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, ვერ დაძლია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას კურსთა (ლარისა და აშშ დოლარის) სხვაობის გამო მოპასუხისათვის თანხის 120 ლარის დაკისრების შესახებ, სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა ეროვნულ ვალუტაში ქირის გადახდის ვალდებულებას, შესაბამისად ფაქტობრივი წინაპირობა მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე არ გვაქვს. ამასთან, არ დგინდება 2018 წლის 21 მაისის ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალუტის კურსის 10 პუნქტით ცვლილება, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფინანსური სანქციები არ გამოიყენება, აღნიშნული საკითხი მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისთვის იყო მნიშვნელოვანი (იხ.2018 წლის 21 მაისის ხელშეკრულების 2.2. პუნქტი, ს.ფ. 16).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელი ნაწილობრივ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ქირის სახით 2800 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 400 ლარის დაკისრების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხის მიერ სარჩელის 2400 ლარის ნაწილში ცნობის გამო მოსარჩელეს სახელწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ბაჟი 72,00 ლარი; მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი 12,00 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 89 ლარი, ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ-----ა შ----------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე გ------- თ-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადაუხდელი ქირის სახით დაეკისროს 2800 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე გ------- თ-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 400 ლარის ანაზღაურება.
4. დაუბრუნდეს მოსარჩელეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 173 ლარიდან 72 ლარი (საგადახდო დავალება №-; 1---------).
5. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟს სახით 12 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თ---–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თ---–--ი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე