გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2019
საქმის ნომერი
160210118002656562
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210118002656562

საქმე №2/842-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.06.2019 წელი ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე – შპს ,,ან-- ჯგ-----“ (კა-------- მა--------- უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი – არ------ გა-----, ვე------ ჩი-------

მოპასუხეები - შპს ,,Gu-----“

წარმომადგენელი - ილ-–-- მი–------, ზუ---- ლო-----

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,Gu-----”-სშპს ,,ან-- ჯგ-----”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 191 871.20 ლარის გადახდა;

1.2. შპს ,,Gu-----”-ს შპს ,,ან-- ჯგ-----”-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 34 487.90 ლარის გადახდა;

 

1.3. შპს ,,Gu-----”-ს შპს ,,ან-- ჯგ-----”-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, დაკისრებული თანხის წლიური 10%-ის გადახდა, 02.10.2018 წლიდან (სასამართლოში სარჩელით მიმართვის დღიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

მოსარჩელემ 2019 წლის 20 მარტს დააზუსტა სარჩელი, მოსარჩელის განმარტებით, 06.12.2012 წელს დაფუძნდა შპს ,,Gu-----“, ს/ნ 425358249, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი 16.5% წილით არის კა-------- მამედოვი, რომელიც 2018 წლამდე იყო ამავე საზოგადოების დირექტორი. კა-------- მამედოვმა და შპს ,,Gu-----“-მა 10.02.2013 წელს დადეს უპროცენტო სესხის ხელშეკრულება. კა-------- მამედოვმა და შპს ,,Gu-----“-მა 10.10.2015 წელს დადეს უპროცენტო სესხის ხელშეკრულება. კა-------- მამედოვმა შპს ,,Gu-----“-ს ორივე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასესხა ჯამურად 191 871,2 ლარი. 10.02.2013 წლის უპროცენტო სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი სრულად უნდა დაებრუნებინა 10.02.2016 წელს. კა-------- მამედოვმა ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, 10.02.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,Gu-----“-ის ანგარიშზე სს,,ტაოპრივატ ბანკი“-ში განახორციელა 24 შენატანი, 112 387,20 ლარი. იმავე 10.02.2013 წლის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,Gu-----“-ის ანგარიშზე სს ,,საქართველოს ბანკი“-ში 10 შენატანის სახით შეიტანა სულ 41 025 ლარი. კა-------- მამედოვმა შპს ,,Gu-----“-ს 10.02.2013 წლის სესხის ხელშეკრულების თანახმად ჯამურად ასესხა 153 412, 20 ლარი.

10.10.2015 წლის უპროცენტო სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 10.10.2017 წელს. კა-------- მამედოვმა ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, 10.10.2015 წლის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,Gu-----“-ს ასესხა და შპს ,,Gu-----“-ს ანგარიშზე სს ,,საქართველოს ბანკში“ 5 შენატანის სახით შეიტანა სულ 2459 ლარი. იმავე 10.10.2015 წლის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,Gu-----“-ის ანგარიშზე სს ,,ვითიბი ბანკი“-ში ერთი შენატანის სახით შეიტანა სულ 36 000 ლარი. 10.10.2015 წლის უპროცენტო სესხის ხელშეკრულების თანახმად კა-------- მამედოვმა შპს ,,Gu-----“-ს ასესხა ჯამურად სულ 38 459 ლარი. 10.02.2013 წლის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებით სესხად გადაცემული და ასევე სესხის, დაბრუნებული თანხის აღრიცხვა მხარეებმა განახორციელეს 10.08.2013 წლის, 30.12.2014 წლის, 10.06.2015 წლის, 10.02.2016 წლის წერილობით აქტებში. კა-------- მამედოვმა 15.06.2018 წლის და 07.10.2018 წლის წერილებით მსესხებელს აცნობა სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე და მოსთხოვა სესხად აღებული თანხის სრულად დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ, მსესხებელმა სესხი არ დააბრუნა. 01.11.2018 წელს კა-------- მამედოვმა და შპს ,,ან-- ჯგუფმა“ დადეს უფლების დათმობის(ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კა-------- მამედოვმა სრული მოცულობით დაუთმო მოთხოვნის უფლება შპს ,,ან-- ჯგუფს“, კერძოდ კა-------- მამედოვსა და შპს ,, ,,Gu-----“-ს შორის 10.02.2013 წლის N 5 და 10.10.2015 წელს დადებული უპროცენტო სესხის N 6 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებები. 20.12.2018 წელს სს ,,საქართველოს ბანკმა“ წერილობით ბოდიში მოუხადა კა-------- მამედოვს და განაცხადა, რომ ბანკის მიერ 13.02.2018 წლის და 31.10.2018 წელს გაცემული ცნობები კა-------- მა--------- მიერ შპს ,,Gu-----“-ის ანგარიშზე თანხების შეტანის შესახებ შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას და ამავე წერილს დაურთო 20.12. 2018 წლით დათარიღებული ზუსტი ინფორმაციის შემცველი ცნობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები: კა-------- მამედოვი შპს ,,Gu-----“-ს დირექტორი იყო 2018 წლის 12 იანვრამდე. იგი თავისი ინიციატივით გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.

 

მოსარჩელე შპს ,,ან-- ჯგ-----”-ს სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი - 10.02.2013 წლის ე.წ. უპროცენტო სესხის ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლისა არის კანონსაწინააღმდეგო გარიგება, რადგან იგი კა-------- მამედოვს საკუთარ თავთან აქვს თვითნებურად გაფორმებული. მისი არსებობის შესახებ მოპასუხისათვის მხლოდ სარჩელის მიღებისას გახდა ცნობილი. ამასთან სადავო გარიგება არის ყალბი დოკუმენტი, რადგან იგი შედგენილია არა 2013 წლის 10 თებერვალს, არამედ საზოგადოების ყოფილი დირექტორის კა-------- მა--------- თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, როდესაც იგი ორი კვირის განმავლობაში უკანონოდ ფლობდა საზოგადოების ბეჭედს და შეგნებულად არ უბრუნებდა მას ახლად დანიშნულ დირექტორს - ილ-–-- მი–------ს. ამასვე ადასტურებს საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ 2013 წლის 19 თებერვლის უპროცენტო სესხის ხელშეკრულებაზე ბეჭდის ანაბეჭდის დატანის თარიღი არ შეესაბამება საბუთზე მითითებულ თარიღს, რადგან საბუთზე ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია 2016 წლის მარტის შემდგომ. ასევე ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტებზე განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდები არ არის დატანილი იმ დროს, რომელიც მითითებულია საბუთებზე, არამედ დატანილია 2016 წლის 16 მარტის შემდეგ. არანაირი სასესხო ვალდებულება მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია. ასევე 2015 წლის 10 ოქტომბრის უპროცენტო სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო გარიგებას, ვინაიდან იგი კა-------- მამედოვს საკუთარ თავთან აქვს დადებული.ამასთან დოკუმენტი არის ყალბი, ვინაიდან იგი შედგენილია არა 2015 წლის 10 ოქტომბერს, არამედ თანამდებობიდან კა-------- მა--------- გადადგომის შემდგომ პერიოდში. კა-------- მამედოვს შპს ,,Gu-----”-თვის არ უსესხებია არცერთი თეთრი. მოპასუხეს მოსარჩელისაგან სესხად რაიმე თანხა არ მიუღია. კა-------- მა--------- მიერ მოპასუხის საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხები არის მის მიერ დამფუძნებელ ვალერი მი–------საგან მიღებული და კა-------- მა--------- მიერ მითვისებული ფულადი თანხები. ასევე ამავე პერიოდში მოპასუხის საკუთარი კომერციული შემოსავლებიდან მზესუმზირასა და ვაშლის რეალიზაციიდან მიღებული და ასევე მის მიერ მითვისებული თანხები. კა-------- მამედოვს სს ,,ტაოპრივატ ბანკში“ 10.02.2013 წლის ე.წ. უპროცენტო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, არცერთი თეთრი არ აქვს შეტანილი. მტკიცებულების სახით კა-------- მა--------- სარჩელზე თანდართული 13.02.2018 წლის სს ,,საქართველოს ბანკი“-დან წარმოდგენილ ცნობასი ასახული მონაცემები არ ემთხვევა ფაქტობრივს. შენატანების დანიშნულებად კა-------- მა--------- მიერ განგებ არის მითითებული სხვადასხვა შემოსავალი და არა - დამფუძნებელი ვალერი მი–------ აძლევს სესხს(შპს ,,Gu-----“), რასაც კ.მა--------- მიერ განხორციელებული შენატანები დანიშნულებით - ,,სხვადასხვა შემოსავალი” ქრონოლოგიურად ზუსტად ემთხვევა კ.მა--------- მიერ დანიშნულებით - ,,დამფუძნებელი ვალერი მი–------ აძლევს სესხს (შპს ,,Gu-----“), განხორციელებულ შენატანებს, რაც მიუთითებს მათ საერთო წყაროზე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კა-------- მამედოვი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე თანხების საკუთარ სესხად შეტანისას(რაც ფაქტობრივად კა-------- მა--------- მიერ კვლავ ვალერი მი–------საგან უკანონოდ მითვისებულ თანხებს წარმოადგენდა), როგორც წესი დანიშნულებაში ჩვეულებრივ უთითებდა არა ,,სხვადასხვა შემოსავალი“ ან ,,თანხის შემოტანა“, არამედ - ,,უპროცენტო სესხი, ხელშ N...“. სადავო ხელშეკრულებაში საერთოდ არაა მითითებული სესხის თანხების მოცულობები და რაიმე ვადები. კა-------- მამედოვს სს ,,საქართველოს ბანკში“ 10.02.2013 წლის ე.წ. უპროცენტო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ასეთის არარსებობის გამო, არცერთი თეთრი არ აქვს შეტანილი. სარჩელთან ერთად წარმოდგენილია ორი წერილი, რომლებიც კა-------- მა--------- წარმომადგენელმა გაუგზავნა მოპასუხეს. პირველი წერილი დათარიღებულია 15.06.2018 წლით, აღნიშნულის შესახებ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა სარჩელით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2102 წლის 6 დეკემბერს დაფუძნდა შპს ,,Gu-----“. საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო კა-------- მამედოვი, რომელიც აღნიშნული საზოგადოების დირექტორი იყო 2018 წლის 12 იანვრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. შპს ,,Gu-----“-ის დირექტორის კა-------- მა--------- მიერ შპს ,,Gu-----“-ის საბანკო ანგარიშებზე 2013-2017 წლების პერიოდში შეტანილია სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხები, დანიშნულებით ,,თანხის შემოტანა“ და ,,სხვადასხვა შემოსავალი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 43-50; ტომი4, ს.ფ. 68-72)

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.3. შპს ,,Gu-----“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვალერი მი–------მ შპს ,,Gu-----“-ს უპროცენტო სესხის სახით 2013-2016 წლებში გადასცა ფულადი თანხები. სესხის თანხას ვალერი მი–------ შპს ,,Gu-----“-ს გადასცემდა დირექტორის კა-------- მა--------- მეშვეობით, საბანკო გადარიცხვით ურიცხავდა კა-------- მამედოვს, რომელსაც შემდეგ შპს ,,Gu-----“-ის ანგარიშზე შეჰქონდა აღნიშნული თანხები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ. 43-50);

- აუდიტორული დასკვნა (ტომი IV, ს.ფ. 194-204);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.4. კა-------- მა--------- წარმომადგენელმა შპს ,,Gu-----“-ს სესხის თანხის დაბრუნების შესახებ პირველად მიმართა 2018 წლის 15 ივნისს. წერილის ავტორი წერილში კონკრეტულად არ უთითებს სესხის ხელშეკრულების რეკვიზიტებს. კა-------- მა--------- წარმომადგენელმა შპს ,,Gu-----"-ს წერილით ასევე მიმართა 2018 წლის 7 ოქტომბერს. არც აღნიშნულ წერილშია მითითებული მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების ზუსტი რეკვიზიტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.06.2018 წლის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 64);

- 07.10.2018 წლის წერილი (ტომი 1, ს.ფ.67);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.5. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ N 5 ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ მსესხებელი ვალდებულია სესხის თანხა დაუბრუნოს გამსესხებელს 2016 წლის 10 თებერვალს, ხოლო N 6 ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ სესხის თანხა უნდა დაუბრუნოს 2017 წლის 10 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უპროცენტო სესხის ხელშეკრულება N5 (ტომი 1, ს.ფ. 19-21) ;

- უპროცენტო სესხის ხელშეკრულება N 6 (ტომი 1, ს.ფ. 34-36)

 

3.1.6. 10.10.2017 წლის ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტზე განთავსებული ბეჭდის ანაბეჭდი არ არის დატანილი ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს ,,Gu-----“ -ის ბეჭდებით, არამედ დატანილია სხვა ბეჭდით. უპროცენტო სესხის შესახებ N 5 ხელშეკრულებაზე, ფულადი სახსრების აღრიცხვის 10.06.2015 წლის აქტზე ბეჭდის ანაბეჭდის დატანის თარიღი არ შეესაბამება საბუთებზე მითითებულ თარიღებს. მითითებულ თარიღებზე ბეჭდის ანაბეჭდები დატანილია 2016 წლის 16 მარტის შემდგომ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა N 001064919 (ტომი 4, ს.ფ. 1-8)

 

3.1.7. 2018 წლის 1 ნოემბერს კა-------- მამედოვს და შპს ,,ან-- ჯგუფს" შორის გაფორმებული უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულების საფუძველზე კა-------- მამედოვმა სრულო მოცულობით გადასცა შპს ,,ან-- ჯგუფს" 2013 წლის 10 თებერვალს დადებული უპროცენტო სესხის N 5 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებები, ასევე 2015 წლის 10 ოქტრომბერს დადებული უპროცენტო სესხის N 6 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უფლების დათმობის(ცესიის) ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 407-412)

 

3.1.8. სს ,,ტაოპრივატ ბანკში" და სს ,,საქართველოს ბანკში" შპს ,,Gu-----“ -ის (ს/კ 425358249) ანგარიშებზე -1/01/2012 წლიდან 25/01/2018 წლამდე პერიოდში კა-------- მა--------- (პ.ნ 10001003455) მიერ შეტანილი თანხების შესახებ, 2018 წელს ბანკის მიერ გაცემული იქნა შემდეგი ცნობები/წერილები:

13 თებერვალს, ცნობა 0CSC18135632 -ცნობის მიმღებია კა-------- მამედოვი (პ/ნ 10001003455); 12 ოქტომბერს, ცნობა 0CSC18231386 - ცნობის მიმღებია შპს ,,Gu-----“ (ს/კ 425358249); 16 ოქტომბერს, წერილი 0CSC 18232601- წერილის მიმღებია შპს ,,Gu-----“ (ს/კ 425358249); 31 ოქტომბერს, წერილი 0CSC 18238224 - წერილის მიმღებია კა-------- მამედოვი (პ.ნ 10001003455). ცნობებში შეცდომით იქნა მითითებული ინფორმაცია. იურიდიული ძალის მქონეა 2018 წლის 14 დეკემბერს ბანკის მიერ გაცემული ცნობები OCSC18252437 (ანგარიშის მითითებით) და OCSC18252435 (ანგარიშის გარეშე). 13.02.2018 წელს და 31.10.2018 წელს გაცემული ცნობები კა-------- მა--------- მიერ შპს ,,Gu-----“-ის ანგარიშზე თანხების შეტანის შესახებ შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,საქართველოს ბანკი"-ს ცნობა N OCSC18252441, 14/12/2018 (ტომი4, ს.ფ. 66);

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.დაზუსტებული სარჩელი, ტ.4, ს.ფ. 116; სასამაერთლო სხდომის ოქმი.)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. კა-------- მამედოვთან 2013 წლის და 2015 წლის უპროცენტო სესხის ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ შპს ,,Gu-----“-ის პარტნიორთა კრებას თანხმობა არ განუცხადებია. კომპანიის დირექტორი კა-------- მამედოვი ხელშეკრულებების დადების დროს კომპანიის პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ მოქმედებდა.

 

შპს ,,Gu-----“-ის დირექტორი 2018 წლის 12 იანვრამდე იყო კა-------- მამედოვი. მოსარჩელე მხარეს სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს 2013 წლის 10 თებერვლით დათარიღებული და 2015 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტები, რომელიც დასათაურებულია როგორც უპროცენტო სესხის ხელშეკრულებები. მათ ხელს აწერს კა-------- მამედოვი, როგორც გამსესხებელი და ასევე როგორც მსესხებლის - შპს ,,Gu-----“-ის წარმომადგენელი.

 

მოსარჩელე მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა სესხის ხელშეკრულების დადების თაობაზე შპს ,,Gu-----“-ის პარტნიორთა კრების თანხმობას.

 

3.2.2. ვალერი მი–------ს მიერ კომპანიისათვის (შპს ,,Gu-----“) სესხის სახით გადაცემული თანხის ნაწილი, კა-------- მამედოვმა საზოგადოების საბანკო ანგარიშზე ასახა სხვა დანიშნულებით და არა როგორც სესხის თანხა.

 

სასამართლოში წარმოდგენილია შპს ,,Gu-----“-ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, ასევე მოპასუხე მხარემ წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, რომელიც ასახავს ვალერი მი–------ს მიერ შპს ,,Gu-----“-ისთვის სესხის სახით გადარიცხულ თანხებს. აღნიშნულ მტკიცებულებებში ასახული მონაცემების შედარების შედეგად დგინდება, რომ 2013 წლის 19 მარტს ვალერი მი–------მ საზოგადოებას (კა-------- მა--------- საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომელიც კა-------- მამედოვს უნდა შეეტანა შპს ,,Gu-----“-ის საბანკო ანგარიშზე) სესხის სახით გადასცა 4800 ევრო და 9142 ლარი, აღნიშნული თანხები მართალია კა-------- მა--------- მიერ შეტანილია შპს ,,Gu-----“-ის ანგარიშზე, მაგრამ 4800 ევრო შეტანილია დანიშნულებით ,,ვალერი მი–------ აძლევს სესხს“, ხოლო 9142 ლარის შეტანის დანიშნულებად მითითებულია ,,სხვადასხვა შემოსავალი“. ამასთანავე წარმოდგენილი მტკიცებულებებში, კერძოდ აუდიტორულ დასკვნაში და საბანკო ამონაწერში გადმოცემული ინფორმაციის შედარებით დგინდება, რომ კა-------- მა--------- მიერ ვალერი მი–------სგან მიღებული თანხების ნაწილი არ არის აღრიცხული შპს ,,Gu-----“-ის საბანკო ანგარიშზე, კერძოდ 30.04. 2013 წელს- 22 675 ლარი, 30.05.2013 წელს - 22 675 ლარი, 15.07.2013 წელს 1000ევრო, 31.08.2013წელს-7000ლარი, 18.09.2013 წელს-7000 ლარი, 31.10.2013 წელს - 3230 ლარი, 28.11.2013 წელს -1000 ლარი, 07.09.2014 წელს გადმორიცხული 16 775 ლარი.

 

აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

3.2.3. კა-------- მა--------- მიერ შპს ,,GUfruit“-თვის სესხის თანხის გადაცემის ფაქტი არ დასტურდება.

 

მოსარჩელე მხარემ სასამართლოში შპს ,,Gu-----“- თვის თანხის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა უპროცენტო სესხის ხელშეკრულებები, ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტები, ასევე ამონაწერი შპს ,,Gu-----“-ის საბანკო ანგარიშიდან.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს გადასცა ფულადი თანხები ეტაპობრივად, ხოლო აღნიშნული თანხები აისახა ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტებში, რომელსაც ასევე ხელისმოწერით ადასტურებს ორივე მხარის სახელით იმ დროისათვის შპს ,,Gu-----“-ის დირექტორი კა-------- მამედოვი. საქმეში არსებულ სესხის ხელშეკრულებებზე და ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტებზე დასმულია შპს ,,Gu-----“-ის ბეჭედი. სესხის ხელშეკრულების დადებულად ცნობისათვის სავალდებულო არ არის მისი დადასტურება საწარმოს ბეჭდით, მთავარია მხარეებმა გამოხატონ ხელშეკრულების დადების ნება, რაც დასტურდება ხელმოწერებით. მოცემულ შემთხვევაში კა-------- მამედოვმა ხელშეკრულებები და შედარების აქტები ასევე დაადასტურა საზოგადოების ბეჭდით. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 2013 წლის სესხის ხელშეკრულებაზე და 10.06.2015 წლის შედარების აქტებზე ბეჭედი დასმულია არა მასში მითითებულ დროს, არამედ მოგვიანებით 2016 წლის 16 მარტის შემდეგ. ხოლო 2017 წლის 10 ოქტომბრის შედარების აქტზე დასმულია სხვა ბეჭედი. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სარწმუნო განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იქნა დოკუმენტაციაზე მოგვიანებით დასმული ბეჭედი. მოსარჩელემ მხოლოდ განმარტა, რომ დოკუმენტზე მოგვიანებით ბეჭდის დასმა არ წარმოადგენს არავითარ დარღვევას. სასამართლოს რწმენას სადავო დოკუმენტაციის მოგვიანებით შედგენის შესახებ, ამყარებს ის გარემოებაც, რომ როგორც მოსარჩელე განმარტავს, შედარების აქტების შედგენისას მოსარჩელე მხარე დაეყრდნო საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში ასახულ ინფორმაციას. საყურადღებოა, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელი რამდენჯერმე დააზუსტა. თავდაპირველ სარჩელში ასახა მხარისათვის გადაცემული თანხების ოდენობა, სარჩელს დაურთო ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტები, ასევე საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები. მასში ასახული თანხები თანხვედრაშია ერთმანეთთან, მოგვიანებით მოწინააღმდეგე მხარის შედავების შემდეგ, მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი, აღნიშნა, რომ საბანკო ამონაწერში ასახული ინფორმაცია იყო შეცდომით გაცემული ბანკის მიერ, სარჩელს დაურთო ახალი, შესწორებული ინფორმაციის შემცველი საბანკო ამონაწერი, ხოლო შედარების აქტი დარჩა უცვლელი. თავდაპირველი საბანკო ამონაწერი, რომელსაც მხარე დაეყრდნო შედარების აქტებში ინფორმაციის ასახვისათვის, გაცემული იქნა 2018 წელს, ხოლო შედარების აქტები დათარიღებულია 2013 წლიდან 2017 წლამდე პერიოდებით. აღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მოცემული დოკუმენტაცია (შედარების აქტები) შედგენილი არ არის მასში მითითებულ დროს, არამედ შედგენილია მოგვიანებით.

 

დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ კა-------- მამედოვს შპს ,,Gu-----“-ის პარტნიორების თანხმობა არ ჰქონდა, პარტნიორებს არც შემდეგში გამოუთქვამთ თანხმობა.

 

საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშზე კა-------- მა--------- სახელით შეტანილია გარკვეული ოდენობის ფულადი თანხები, დანიშნულებით ,,სხვადასხვა შემოსავლები“ და ,,თანხის შემოტანა“. მოსარჩელე მხარე სწორედ აღნიშნული თანხებს მიიჩნევს კა-------- მა--------- მიერ შპს-თვის გადაცემულ სესხის თანხად. არცერთი გადარიცხვის დანიშნულებაში არ არის მითითებული, რომ ეს თანხები არის სესხის თანხა. ამასთანავე საყურადღებოა, რომ კა-------- მამედოვს შპს ,,Gu-----“-ის საბანკო ანგარიშზე სხვადასხვა დროს შეტანილი აქვს ფულადი თანხები, დანიშნულებით სესხის ხელშეკრულება N 7. გასათვალისწინებელია, რომ კა-------- მამედოვი აღნიშნული საბანკო ოპერაციების განხორციელებისას იყო შპს ,,Gu-----“-ის დირექტორი და კომპანიის სახელით ახორციელებდა ხშირ საბანკო ოპერაციებს, თავადვე უთითებდა კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხების დანიშნულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, რომ გარკვეული საბანკო გადარიცხვის დროს ტექნიკურად ან სხვა მიზეზის გამო ზოგჯერ სწორად არ მიეთითოს გადახდის დანიშნულება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში კა-------- მა--------- მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშზე განხორციელებულ სადავოდ გამხდარ საბანკო ოპერაციებს, არცერთ შემთხვევაში არ აქვს დანიშნულებაში მითითებული სესხის თანხის შეტანა. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კა-------- მა--------- მიერ სხვა შემთხვევებში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კა-------- მამედოვი საწარმოსათვის სავარაუდოდ სესხად გადაცემული თანხის შეტანის შემთხვევაში, თანხის შეტანის დანიშნულებაში ყოველთვის უთითებდა, რომ თანხის შეტანის დანიშნულება იყო სესხი. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში მითითებული ინფორმაცია, კერძოდ კამანრად მა--------- სახელით, შპს ,,Gu-----"-ის საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების შეტანა, დანიშნულებით ,,სხვადასხვა შემოსავლები" და ,,თანხის შემოტანა" არ ადასტურებს კა-------- მა--------- მიერ შპს ,,Gu-----"-თვის სესხის თანხის გადაცემის ან თუნდაც სხვა მიზნით თანხის გადაცემის ფაქტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრას რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში, ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი, გარდა სესხის თანხის დაბრუნებისა, ეკისრება მოსარჩელე მხარეს. საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში, მივიღებთ სურათს, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირს, რომელსაც ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება, სურვილის შემთხვევაში შეეძლება დადოს ორგანიზაციის სახელით საკუთარ თავთან ხელშეკრულებები პარტნიორების თანხმობის გარეშე და შემდეგში ორგანიზაციას მოსთხოვოს აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, ხოლო მტკიცების ტვირთით აღიჭურვება მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც მოკლებული იქნება შესაძლებლობას ამტკიცოს ვალდებულების არარსებობა. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ან-- ჯგ-----“-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 100-ე, 101-ე, 114-ე, 115-ე მუხლები, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9-ე, 91-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მითითებით მხარეებს შორის სადაო ურთიერთობა წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად დავა სახელშეკრულებოა. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან.

 

საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება ერთის მხრივ მსესხებელ იურიდიულ პირს და მეორეს მხრივ გამსესხებელ ფიზიკურ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებებს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით გამსესხებელი კა-------- მამედოვი ასევე წარმოადგენდა მსესხებელს - შპს ,,Gu-----“-ს სესხის ხელშეკრულების დადებისას, როგორც ამ საწარმოს დირექტორი.

 

მოცემულ შემთხვევაში ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი, გარდა სესხის თანხის დაბრუნებისა, ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს. დადგენილია, რომ კა-------- მამედოვი იყო შპს ,,Gu-----”-ის დირექტორი 2018 წლის 12 იანვრამდე. მოსარჩელის განმარტებით და წარმოდგენილი დოკუმენტაციით სადავო ხელშეკრულებების დადების თარიღად მითითებულია 2013 წლის 10 თებერვალი და 2015 წლის 10 ოქტომბერი. სადავო 2013 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 10 თებერვლით, ხოლო 2015 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებით - 2017 წლის 10 ოქტომბრით.

 

სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის მიხედვით, თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის მოთხოვნები ვრცელდება იურიდიული პირის წარმომადგენლებზეც, იურიდიული პირის წარმომადგენელი არ შეიძლება ხელშეკრულების ორივე მხარეს განასახიერებდეს, თუ არ არსებობს შესაბამისი თანხმობა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ თუკი წარმოდგენილი მხარე მოიწინებს გარიგებას, იგი ნამდვილად მიიჩნევა მისი დადების მომენტიდან.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის სესხის ხელშეკრულებების არსებობას და აქედან გამომდინარე მხარეებს შორის ზოგადად ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას.

 

მოპასუხე უთითებს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულებები რეალურად არ დადებულა და მოსარჩელემ თავად, თვითნებურად შექმნა. ამასთანავე იგი კა-------- მამედოვს წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან აქვს დადებული, შესაბამისად მისი ნამდვილობა დამოკიდებული იყო პარტნიორების თანხმობაზე. კა-------- მამედოვს მსგავსი ხელშეკრულების დადება არ შეეძლო ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილების გარეშე. მოცემულ შემთხევაში მოსარჩელე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ხელშეკრულების დადებისას კა-------- მამედოვი კომპანიის პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოქმედებდა. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელის მხარესაა, ვინაიდან საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ კა-------- მამედოვი სადავო ხელშეკრულებებში და ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტებში მათი შედგენის თარიღად მითითებულ პერიოდში იყო ამ კომპანიის დირექტორი, დოკუმენტები შედგენილია და ხელმოწერილია მხოლოდ მის მიერ. მოპასუხე აცხადებს, რომ მსგავსი სახის დოკუმენტაცია შპს ,,Gu-----“-ში არ არსებობს. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ,,affirmanti, non negate, incumbit probatio”- ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.

 

აღსანიშნავია, რომ კა-------- მამედოვმა თავად განსაზღვრა მტკიცების სტანდარტი, მან შეადგინა ხელშეკრულებები წერილობითი სახით და ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტები, რომლებიც სადავოდ იქნა გამხდარი მოპასუხის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი სახის დოკუმენტაცია მის საწარმოში არ არსებობს და არც ყოფილა. კომპანიის პარტნიორებს მსგავსი ხელშეკრულებების დადებაზე თანხმობა არ განუცხადებიათ. მოსარჩელე მხარეს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია სადავო დოკუმენტაციის საწარმოში რეგისტრაციის დამადასტურებელი ინფორმაცია, მან ასევე არც სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა შპს ,,GUfruit“-დან აღნიშნული დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კა-------- მამედოვი სადავო ხელშეკრულებების დადებისას კომპანიის პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ მოქმედებდა. შესაბამისად კა-------- მამედოვი არ იყო უფლებამოსილი გაეფორმებინა სადავო სესხის ხელშეკრულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულებებში არ არის ასახული სესხის თანხა. ამდენად, მხარის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება, უფლებამოსილი პირის მიერ დადებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, შეიძლება განხილული ყოფილიყო, როგორც სესხის დაპირებად და არა სესხად. სესხის დადებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა ხელშეკრულების საგნის უშუალოდ მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხისათვის სესხად გადაცემული თანხები ასახული იქნა ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტებში. აღნიშნულ აქტებს ასევე ხელს აწერს მხოლოდ კა-------- მამედოვი, ორივე მხარის სახელით, რისი უფლებამოსილებაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, კომპანიის პარტნიორების თანხმობის გარეშე არ გააჩნდა.

 

იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება დადებულია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან, მისი ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის შემდგომ თანხმობაზე. მოცემულ შემთხვევაში ასევე არ დასტურდება შპს ,,Gu-----“-ის პარტნიორების თანხმობა არც ხელშეკრულების დადების შემდეგ.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებიც სხვასთან ერთად მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის.

 

სამოქალაო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) (შდრ.სუსგ N ას-279-264-17, 21.04.2017წ).

 

მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერების მიხედვით, შპს ,,Gu-----“-ის საბანკო ანგარიშზე სხვადასხვა დროს შეტანილია ფულადი თანხები, თანხის შემტანი პირია კა-------- მამედოვი. დანიშნულებაში მითითებულია ,,სხვადასხვა შემოსავლები“ და ,,თანხის შემოტანა“. მოსარჩელე მხარე სწორედ აღნიშნული თანხებს მიიჩნევს კა-------- მა--------- მიერ შპს-თვის გადაცემულ სესხის თანხად. არცერთი გადარიცხვის დანიშნულებაში არ არის მითითებული, რომ ეს თანხები არის სესხის თანხა. ამასთანავე საყურადღებოა, რომ კა-------- მამედოვს შპს ,,Gu-----“-ის საბანკო ანგარიშზე სხვადასხვა დროს შეტანილი აქვს სხვა ფულადი თანხები, დანიშნულებით სესხის ხელშეკრულება N 7. გასათვალისწინებელია, რომ კა-------- მამედოვი აღნიშნული საბანკო ოპერაციების განხორციელებისას იყო შპს ,,Gu-----“-ის დირექტორი და იგი ახორციელებდა საწარმოს თანხების შეტანის პროცესს საწარმოს საბანკო ანგარიშებზე, თავად უთითებდა შეტანილი თანხების დანიშნულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად საბანკო ოპერაციების დროს არ არის აუცილებელი გადახდის ზუსტი დანიშნულების მითითება. ამასთანავე შესაძლებელია, რომ საბანკო გადარიცხვის დროს ტექნიკურად ან სხვა მიზეზის გამო ზოგჯერ სწორად არ მიეთითოს გადახდის დანიშნულება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საბანკო გადარიცხვებს, რომლებზეც აღნიშნავს მოსარჩელე მხარე, რომ კა-------- მამედოვმა სესხის სახით გადასცა მოწინააღმდეგე მხარეს, თანხების ჩარიცხვას არცერთ შემთხვევაში არ აქვს დანიშნულებაში მითითებული სესხის თანხა. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კა-------- მა--------- მიერ სხვა შემთხვევებში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კა-------- მამედოვი საწარმოსათვის სავარაუდოდ სესხად გადაცემული თანხის შეტანის შემთხვევაში, თანხის შეტანის დანიშნულებაში ყოველთვის უთითებდა, რომ თანხის შეტანის დანიშნულება იყო სესხი.

 

საყურადღებოა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა დაძაბულია, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა ჯერ კიდევ კა-------- მა--------- დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს. შპს ,,Gu-----“-ის წარმომადგენლების განმარტებით, დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს ზიანი მიაყენა საწარმოს ინტერესებს და ფინანსებს, იმ დროინდელი საწარმოს დოკუმენტაცია მოუწესრიგებელია, არ არის ასახული საწარმოს ფინანსების შესახებ სწორი მონაცემები საბანკო ანგარიშზე. დადგენილია, რომ საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი ვალერი მი–------ აძლევდა თანხებს სესხის სახით შპს ,,Gu-----“-ს, ურიცხავდა კა-------- მამედოვს, რომელსაც უნდა შეეტანა შპს ,,Gu-----“-ის საბანკო ანგარიშზე, როგორც ვალერი მი–------ს მიერ გადაცემული სესხის თანხა. მოპასუხე მხარემ სასამართლოში წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა, რომელშიც ასახულია ვალერი მი–------ს მიერ გადარიცხული თანხების შესახებ. საქმეში არსებულ საბანკო ამონაწერებთან შედარებით დგინდება, რომ კა-------- მა--------- მიერ საზოგადოების საბანკო ანგარიშზე სხვა დანიშნულებით არის შეტანილი ვალერი მი–------ს მიერ სესხის სახით გადმორიცხული თანხის ნაწილი ხოლო გარკვეული ნაწილი არ არის საბანკო ანგარიშზე ასახული.

 

თანხის გადაცემის დადასტურება გამსესხებლის მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებაა. პირმა, რომელიც სხვას გადასცემს ფულად თანხას, უნდა შექმნას შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც თანხის გადაცემის სადავოობისას დაადასტურებს თანხის გადაცემას. ზოგადად სესხთან დაკავშირებით არსებული დავის დროს, ერთი მხარის მიერ მეორის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის ფაქტი საკმარისი იყოს თანხის გადაცემის სამტკიცებლად, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ისეთ შემთხევას, როდესაც გამსესხებელი ამავდროულად არის მსესხებელი ორგანიზაციის დირექტორი და წარმომადგენელი, ამასთანავე მოპასუხე არის შპს, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და აქედან გამომდინარე ახორციელებს ხშირ საბანკო ოპერაციებს, მოსარჩელემ უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ამტკიცოს, როგორც თავად სესხის ხელშეკრულების დადების, ასევე თანხის გადაცემის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში კა-------- მა--------- სახელით კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხების შეტანის ფაქტი, ვერ ადასტურებს კა-------- მა--------- მიერ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,Gu-----"-თვის თანხის გადაცემის ფაქტს.

 

მოსარჩელის განმარტებით, სადავო სესხის ხელშეკრულებები დადებულია 2013 წლის 10 თებერვალს და 2015 წლის 10 ოქტომბერს. 2013 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაბრუნების ვალდებულება მსესხებელს უნდა შეესრულებინა 2016 წლის 10 თებერვალს, ხოლო 2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2017 წლის 10 ოქტომბერს. მოსარჩელე მხარე არ უთითებს, რომ კა-------- მამედოვმა აღნიშნული სესხის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოების პარტნიორებს 2018 წლამდე. მოსარჩელეს სასამართლოში არ წარმოუდგენია იმის დამადასდტურებელი მტკიცებულება, რომ მან მოპასუხე ორგანიზაციას თანხის დაბრუნების მოთხოვნით პრეტენზია წარუდგინა მის მიერ კომპანიის დირექტორის თანამდებობის დატოვების პერიოდისათვის ან მანამდე, როდესაც დადგა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დრო. სასამართლოში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა წერილი, რომლითაც იგი მიმართავს მოპასუხე მხარეს და წერილში მხარეთა შორის დადებულ, მოცემულ შემთხვევაში სადავო სესხის ხელშეკრულებებს მოიხსენიებს, როგორც უპროცენტო სესხის ხელშეკრულებებს, ასევე მოცემულ წერილში მხარეს აცნობს მათ შორის დადებული სხვა სესხის ხელშეკრულებების შესახებ, მხოლოდ ამ შემთხვევაში კონკრეტულად უთითებს ხელშეკრულების რეკვიზიტებს, მათ შორის ხელშეკრულების ნომერს. წერილი დათარიღებულია 2018 წლის 15 ივნისით. საქმეში წარმოდგენილ სადავოდ გამხდარ ხელშეკრულებებს მინიჭებული აქვს ნომერი, ასევე დათარიღებულია შესაბამისი რიცხვით. მოსარჩელე მხარე სადავო ხელშეკრულების რეკვიზიტებს არც მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნილ მეორე წერილში უთითებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია მხარე თავად განსაზღვრავს ნებისმიერი მის მიერ შედგენილი წერილის შინაარსს, მაგრამ როდესაც მასში სხვა ხელშეკრულების რეკვიზიტები დეტალურად არის ასახული, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სადაოდ გამხდარი ხელშეკრულებები მოხსენიებულია ზოგადად, როგორც შეთანხმებები, ამასთანავე იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ მხარე სადავოდ ხდის ზოგადად აღნიშნული ხელშეკრულებების არსებობის ფაქტს, უთითებს, რომ სადავო ე.წ. ხელშეკრულებები შედგენილია მოგვიანებით და რეალურად მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ამასთანავე თავად მოსარჩელე არ განმარტავს თუ რატომ ვერ მიუთითა მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნილ წერილებში სადავო ხელშეკრულების კონკრეტული რეკვიზიტები, ყოველივე აღნიშნული ქმნის მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს არადამაჯერებელს და ამყარებს მოპასუხის პოზიციას ხელშეკრულებების და შედარების აქტების მოგვიანებით შედგენის შესახებ. ამასთანავე საყურადღებოა, რომ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებაზე (N5 ხელშეკრულება) და ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტზე (10.06.2015წ) ბეჭდები დასმულია 2016 წლის 16 მარტის შემდეგ, რაც არ გამორიცხავს ბეჭდის დასმას თუნდაც 2018 წლის 12 იანვრის შემდეგ. ზემოთაღნიშნულს ემატება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელი, მასში მითითებული გარემოებები და მოთხოვნა რამდენჯერმე დააზუსტა. თავდაპირველ სარჩელს დაურთო ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტები, რომლებშიც ასახულია გარკვეულ პერიოდში გადაცემული თანხების შესახებ. სარჩელში მიუთითა, რომ აქტებში ასახული თანხები გადაცემული იქნა მოპასუხისათვის. დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელემ ასახა სხვა ოდენობის თანხები. ახსნა იმით, რომ აქტები შედგენილი იყო საბანკო ამონაწერების საფუძველზე, მაშინ როდესაც ფულადი სახსრების აღრიცხვის აქტები დათარიღებულია 2013 წლიდან 2017 წლამდე, ხოლო საბანკო ამონაწერი, რომელიც ბანკის მიერ შეცდომით იქნა გაცემული და რომელსაც მოსარჩელის განმარტებით დაეყრდნო მოსარჩელე მხარე, დათარიღებულია 2018 წლით.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის უპროცენტო სესხის ხელშეკრულების დადების და მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა. შესაბამისად უსაფუძვლოა მისი დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნებიც, რომლებიც გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელისათვის სარჩელზე გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების წინაპირობაა სარჩელის დაკმაყოფილება. ლეილა მარგველანს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, რის გამოც მას სახელმწიფო ბაჟი ვერ აუნაზღაურდება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დამხარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ან-- ჯგ-----“-ს სარჩელი შპს ,, Gu-----”-ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე