გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.06.2019
საქმის ნომერი
330210018002755609
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35620-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელე - ფ------------–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - გ--------–-------–---–ი

მოპასუხე - ა(ა)იპ თ---–----------–------------------------------------ო

მოპასუხის წარმომადგენლები - მ------------------–---ი, გ----------------ე

დავის საგანი - თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ თ---–----------–------------------------------------ოს დირექტორის 2--- წლის 0- ნოემბრის №ბ6--0------- ბრძანება ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის ფ------------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;

 

1.2. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე ფ------------–---–ის ქ. თბილისის №1-- ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე;

 

1.3. დაევალოს ა(ა)იპ თ---–----------–------------------------------------ოს აუნაზღაუროს ფ------------–---–ს განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან - 2--- წლის 12 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 1000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი დასაქმებული იყო ქალაქ თბილისის N1-- ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე. ა(ა)იპ თბილისის N1-- საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს 2015 წლის 0- ოქტომბრის N2---- ბრძნებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის გამო ფ------------–---–ი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფ------------–---–ი აღდგენილი იქნა ა(ა)იპ თბილისის N1-- საბავშვო ბაღა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე.

 

როგორც მოსარჩელე მიუთითებს, 2--- წლის 0- ნოემბერს, ა(ა)იპ თბილისის N1-- საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს დირექტორის მიერ მიღებული ბრძანების საფუძველზე საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებული იქნა ა(ა)იპ თბილისის N1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან.

 

ყოველივე აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, სახეზეა დისკრიმინაციის აშკარა გამოვლინება, რადგან გათავისუფლებისას დამსაქმებელს არ უხელმძღვანელია არანაირი სამართლებრივი საფუძვლით. დამსაქმებელმა მოსარჩელის მიმართ განახორციელა დისკრიმინაციული ხასიათის მიდგომა, რაც პირდაპირ აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა(ა)იპ თ---–----------–------------------------------------ოს წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2--- წლის 0- ნოემბრის ბრძანება ფ------------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, ფ------------–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა მონიტორინგის შედეგები, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საბავშვო ბაგა-ბაღის წესდებასა და შრომის შინაგანაწესს. აღნიშნული კი, დამსაქმებლის მიერ შეფასდა დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევად, რაზეც მოხდა რეაგირება, შესაბამისი დისციპლინური სახდელის დაკისრებით.

შესაგებელში მითითებულია, რომ კვების ბლოკის დათვალიერებისას დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: სამზარეულოს დახლში აღმოჩნდა გადამალული 470 გრამი ბანანი, ხოლო ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში - ასევე გადამალული 450 გრამი მოხარშული ორაგული. აღნიშნული დანაკლისით მოხდა მენიუ-ფაქტურით გათვალისწინებულ კალორაჟზე დაკლება, რაც საქართველოს მთავრობის #487 დადგენილების მე-10 მუხლის დარღვევაა. გარდა ამისა, მენიუ-ფაქტურაში საქონლის ხორცის ორაგულით ჩანაცვლება თვითნებურად, რაც არ ყოფილა ა(ა)იპ თ---–----------–------------------------------------ოსთან შეთანხმებული, წარმოადგენს ბაგ-ბაღის შინაგანაწესის დარღვევას.

 

ფინანსური შესყიდვების შერჩევითი მონიტორინგისას აღმოჩნდა შემდეგი სახის დარღვევები; მიმწოდებელთან გაფორმებულ ბაგა-ბაღის ტიპიურ ხელშეკრულებებში მითითებული არაა საქონლის მიწოდების ვადა; 1-.0-.2----ს დადებული #-- ხელშეკრულების მიხედვით ანგარიშწორება უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში (2 ოქტომბერს). რეალური ანგარიშწორება განხორციელდა 8 ოქტომბერს.

 

თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებაში აღმოჩნდა შემდეგი სახის დარღვევები; თანამშრომელთა უმრავლესობას არ აქვს 2017 წლის შრომითი ხელშეკრულებები, თანამშრომელთა უმრავლესობას აქვს ძველი (2016) წლის ნასამართლობის ცნობა. ბაღის აღმზრდელ თანაშემწეს 2019 წლის 1 სექტემბრამდე აქვს მოთხოვილი დეკრეტული შვებულება, აღნიშნულ განაცხადში არაა მითითებული განცხადების შედგენის თარიღი, ხოლო ბაღის დირექტორს ბრძანება შედგენილი აქვს 2--- წლის 08 ოქტომბერს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2007 წლის 4 აგვისტოს ქ.თბილისის მთავრობის დადგენილების #16.95.529-ში, ამავე წლის 24 სექტემბრის დადგენილების საფუძველზე შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ქ.თბილისის 1---ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა თ--------–----ე და მის ნაცვლად კონკურსის შედეგების შესაბამისად დაინიშნა ფ------------–---–ი განუსაზღვრელი ვადით, მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 800 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-48);

 

3.1.2. ა(ა)იპ ქ. თ---–----------–------------------------------------ოს 2015 წლის 0- ოქტომბრის №2---- ბრძანებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, ააიპ „ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი, ფ------------–---–ი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-გადაწყვეტილება (ს.ფ.23-48)

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ააიპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2015 წლის 19 ივნისის #2---- ბრძანება ფ------------–---–ისათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე, ბათილად იქნა ცნობილი ააიპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2015 წლის 9 ოქტომბრის #2---- ბრძანება ფ------------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მოსარჩელე აღდგენილი იქნა ააიპ თბილისის #1---ე საბავშო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით 2015 წლი 9 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-გადაწყვეტილება (ს.ფ.23-48)

 

3.1.4. 2--- წლის 17 აპრილს ააიპ თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბრძანება #ბ6--0--------ით აღსრულდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ფ------------–---–ი დაინიშნა თბილისის #1---ე ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-ბრძანება #ბ6--0------- (ს.ფ.49)

-ბრძანება #ბ6--0------- (ს.ფ. 50)

 

4.1.5. ა(ა)იპ ქ. თ---–----------–------------------------------------ოს 2--- წლის 0- ნოემბრის №ბ6--0------- ბრძანებით (ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, გათავისუფლდა ფ------------–---–ი ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან, 2--- წლის 12 ნოემბრიდან.

 

ბრძანების მიხედვით, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა ა(ა)იპ თ---–----------–------------------------------------ოს მონიტორინგის განყოფილების მიერ 2--- წლის 0- ნოემბერს ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღში განხორცილებული მონიტორინგის შედეგად დირექტორის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები.

 

სამართლებრივ საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის N--.6-.7-- დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2--- წლის 7 მარტის N1-.8--2-- განკარგულებით დამტკიცებული, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „თ---–----------–------------------------------------ო“-ს წესდების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ და „ს“ ქვეპუნქტები და „ქ.თბილისის №1-- ბაგა-ბაღი“-ს შრომის შინაგანაწესი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს დირექტორის 2--- წლის 0- ნოემბრის №ბ6--0------- ბრძანება (ს.ფ. 51).

 

3.1.6. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ (ჯგუფის წევრები: შ--–------------–--ე, ფ----------------–-–---–ი, თ--------–----ე, თ------–----–-–---–ი, უ--------ე) №1---ე საბავშვო ბაგა-ბაღში მონიტორინგის ჩატარების ფაქტი დასტურდება 2--- წლის 0- ნოემბერს მონიტორინგის აქტით.

 

მონიტორინგის აქტში, გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გრაფაში მითითებულია შემდეგი: სამზარეულოში აღმოჩნდა მენიუ-ფაქტურაში გათვალისწინებული ბანანის ნაწილი 470 გრამის ოდენობით, მოხარშული ორაგული 450 გრამის ოდენობით, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში იყო გადამალული.

მომწოდებლის მიერ შექმნილი პრობლემების გამო ბაღის დირექციის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე მოხდა მენიუ-ფაქტურაში ხორცის თევზით ჩანაცვლება, რაზეც არ იყო შეთანხმება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან. დირექტორის განცხადებით, მას იმ დროისათვის არ ჰქონდა დარეკილი სააგენტოში.

- ფინანსური შესყიდვების შერჩევითი მონიტორინგისას აღმოჩნდა დარღვევები მომწოდებლებთან ხელშეკრულების ფორმებში. შესაბამისად, დარღვევით იქნა ანგარიშსწორება მომწოდებელთან, კერძოდ: #-- ხელშეკრულებით (1-.0-.2--8) ე---------------თან მიმართებაში ანგარიშსწორება მოხდა 28 სექტემბრის ნაცვლად 8 ოქტომბერს. ასევე ბაგა-ბაღის ტიპიურ ხელშეკრულებაში მითითებული არ იყო ანგარიშსწორების ვადები. პირადი საქმეების წარმოებისას დაფიქსირდა დარღვევები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“-ს მონიტორინგის აქტი (ს.ფ. 108-114);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფ------------–---–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის N--.6-.7-- დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2--- წლის 7 მარტის N1-.8--2-- განკარგულებით დამტკიცებული, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თ---–----------–------------------------------------ოს წესდების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ და „ს“ ქვეპუნქტები და „ქ.თბილისის №1-- ბაგა-ბაღი“-ს შრომის შინაგანაწესი.

 

რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, სადავო ბრძანების გამოცემა გამოიწვია ფ------------–---–ის მხრიდან ბაღის შინაგანაწესის დარღვევამ, რაც, მოპასუხის მითითებით, გამოიხატა შემდეგში:

- სამზარეულოს დახლში აღმოჩნდა გადამალული 470 გრამი ბანანი, ხოლო ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში ასევე გადამალული 450 გრამი მოხარშული ორაგული. აღნიშნული დანაკლისით მოხდა მენიუ-ფაქტურით გათვალისწინებულ კალორაჟზე დაკლება, რაც საქართველოს მთავრობის #487 დადგენილების მე-10 მუხლის დარღვევაა.

- მომწოდებლისათვის შექმნილი პრობლემების გამო ბაღის დირექციის მიერ დაგვიანებით შედგენილი აქტის საფუძველზე მოხდა მენიუ-ფაქტურაში საქონლის ხორცის ორაგულით ჩანაცვლება. აღნიშნულზე არ მოხდა სააგენტოს შესაბამისი განყოფილების ინფორმირება, რაც ბაგა-ბაღის შინაგანაწესის დარღვევაა.

- ფინანსური შესყიდვების შერჩევითი მონიტორინგისას აღმოჩნდა დარღვევები მომწოდებლებთან ხელშეკრულების ფორმებში. შესაბამისად, დარღვევით იქნა ანგარიშსწორება მომწოდებელთან, კერძოდ: #-- ხელშეკრულებით (1-.0-.2--8) ე---------------თან მიმართებაში ანგარიშსწორება მოხდა 28 სექტემბრის ნაცვლად 8 ოქტომბერს. ასევე ბაგა-ბაღის ტიპიურ ხელშეკრულებაში მითითებული არ იყო ანგარიშსწორების ვადები. პირადი საქმეების წარმოებისას დაფიქსირდა დარღვევები.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიმოიხილოს ის ნორმები, რომლითაც განსაზღვრულია ერთის მხრივ ბაგა-ბაღის დირექტორის უფლებამოსილებები, ისე მისი ვალდებულებები და მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შინაგანაწესით დადგენილი საფუძვლები.

 

ა(ა)იპ „ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის“ წესდების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღს ხელძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დამფუძნებელი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, დირექტორი კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს დაწესებულების ქონებას და სახსრებს და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. „ზ“ ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია, რომ საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი წარმართავს და ორგანიზებას უწევს დაწესებულების საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

 

სასამართლოს სურს ასევე ყურადღება გაამახვილოს დირექტორის ცალკეულ უფლება-მოვალეობებზე (ა(ა)იპ „ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის“ წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორი მართავს საბავშო ბაგა-ბაღს, წარმოადგენს ბაღს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ორგანიზაციას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, და დებს გარიგებებს... კანონით დადგეენილი წესით განაგებს და განკარგავს დაწესებულების ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულად სახსრებზე მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. წარმართავს და ორგანიზებას უწევს დაწესებულების საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. თავის მხრივ, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, თუ რა საფუძვლით წყვეტს შრომით ურთიერთობას დასაქმებულთან. შესაბამისად, მოპასუხე, რომელიც ზოგადად ასეთი შინაარსის დავებში ვალდებულია მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება ამტკიცოს, ასევე ვალდებულია ჯეროვანი და შესაფერისი მტკიცებულებით დაადასტუროს და სასამართლოს წარმოუჩინოს ის გარემოებები, რომლებიც დაედო საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობა გახდა 2--- წლის 0- ნოემბერს №1-- საბავშვო ბაგა-ბაღში ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის - მონიტორინგის განყოფილების მიერ გამოვლენილი უხეში დარღვევები.

 

ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები აქვთ მოდავე მხარეებს. კერძოდ, მოსარჩელი განმარტებით, პროდუქტის გადამალვას ადგილი არ ჰქონია, მითითებული პროდუქტი განკუთვნილი იყო იმ სამი ბავშვისათვის, რომელიც არ მივიდა იმ დღეს. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ მისი დანიშვნის შემდეგ საბავშო ბაღში ფინანსურ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რაც შეეხება დოკუმენტაციას, ფ------------–---–ი დირექტორად დაინიშნა 2--- წლის 17 აპრილიდან, მონიტორინგი კი მას ედავება 2017 წლის დოკუმენტაციის მოწესრიგებას.

 

მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების გამო, კერძოდ, #1---ე საბავშო ბაგა-ბაღში გახსნილი იყო #-- და #-- საარჩევნო უბანი. მოსარჩელემ პარტია „ქ--------–----–----ს“ წარმომადგენლისაგან მიიღო შეთავაზება, რომ აგიტაცია გაეწიათ მის სასარგებლოდ, რაზეც მოსარჩელემ უარი განუცხადა. მითითებულ უბნებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა წააგო პირველი ტური. კოორდინატორებმა თბილისის მერთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ დირექტორის დაუხმარებლობისა და მშობლებისათვის აგიტაციის არგაწევის გამო წააგეს არჩევნები. აღნიშნულის შემდეგ თბილისის მერმა დაავალა სამგორის გამგებელს მოეხდინა შესაბამისი რეაგირება და საქმის კურსში ჩაეყენებინა საბავშო ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი. სწორედ აღნიშნულის შემდეგ მოხდა ბაღის შემოწმება და მისი გათავისუფლება. აღნიშნულის დასტურად მოსარჩელეს წარმოადგენილი აქვს სატელეფონო საუბრები და ტელეკომპანია რ-----------ის რეპორტაჟი, სადაც საუბარია თბილისის #1---ე ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლების თაობაზე. ასევე ოცნების ზონის უფროსთან ლ--–---------თან არსებული სატელეფონო ჩანაწერი.

 

მეორეს მხრივ, სხვაგვარად აფასებს მომხდარს მოპასუხის წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ მონიტორინგის დროს გამოვლენილი იქნა სხვადასხვა დარღვევები, კერძოდ, დარღვეული იქნა კალორაჟი, აღმოჩენილი იქნა პროდუქტი, რომელიც არ იქნა გამოყენებული დანიშნულებისამებრ, მონიტორინგის დროს ასევე შეცვლილი იქნა მენიუ, რაზეც მართალია აქტი შედგა, თუმცა არ იყო სააგენტო ინფორმირებული. ამასთან, დირექტორს ხელშეკრულებები არ ჰქონდა გაფორმებული შესაბამისად, მაშინ როცა შეეძლო კონსულტაცია გაევლო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან და ისე შეედგინა ისინი. თანამშრომელთა პირად საქმეებში არ იყო ახალი ნასამართღლობის ცნობები.

 

მომხდარი ფაქტების გამოკვლევის და მისი სიმძიმის ხასიათის დასადგენად სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებზე და განსაკუთრებით, მოწმეთა ჩვენებებზე.

 

თავდაპირველად სასამართლოს სურს გამოიკვლიოს მოწმედ დაკითხული სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტის თ------–----–-–---–ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ საბავშვო ბაღს ამოწმებდა მეთოდურ დარგში, ისინი გასცემდნენ რეკომენდაციებს. მონიტორინგის დროს დაფიქსირდა დარღვევა, კერძოდ, დამსწრე ბავშვებიდან სიაში იყო დაფიქსირებული ბავშვების მეტი რაოდენობა, რეალურად კი აკლდა 3 ბავშვი. მოწმის ჩვენებით, ვინაიდან სამი ბავშვი არ გამოცხადდა, მათი კუთვნილი პროდუქტი არ უნდა გაცემულიყო საწყობიდან, ასევე უნდა შემდგარიყო შესაბამისი აქტი.

 

მოწმე შ--–------------–--ემ განმარტა, რომ მონიტორინგის დროს ჯგუფი უკანა კარიდან შევიდა, შემოწმებისას აღმოჩნდა სამზარეულოში დარღვევები, კერძოდ, აღმოაჩინეს ნიჟარაში თევზი და ცალკე საკატლეტე ფარში გამზადებული. თევზი იყო გაუზავებელი და იდო ცალკე ცელოფანში. ასევე აღმოაჩინეს უჯრაში ბანანი. მოწმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არ მოვიდა 3 ბავშვი, ვისი წილიც იყო თევზი და ბანანი, თევზი უნდა გატარებული საკატლეტედ, გასულიყო ჯგუფში და მერე დაბრუნებულიყო უკან, შემდგარიყო შესაბამისი აქტი.

 

მოწმე ფ----------------–-–---–ის განმარტებით, მონიტორინგი გაგრძელდა ჩვეულებრივზე მეტ ხანს. მან პირადად შეამოწმა სამზარეულო. აღმოაჩინა დარღვევები, კერძოდ: იმ დღეს უნდა ყოფილიყო საქონლის ხორცის კატლეტი. მისულებმა სამზარეულოში გადამალული მოხარშული თევზი აღმოაჩინეს. ადგილზე გაირკვა, რომ საქონლის ხორცი იყო უვარგისი და შეცვალეს თევზის ხორცით. აღნიშნულის თაობაზე მნემ აქტი წარმოადგინა. კატლეტი უკვე იყო დამზადებული, ხოლო თევზი მოხარშული სახით აღმოაჩინეს კარადაში, სადაც მზარეულები ჭურჭელს რეცხავდნენ, ცელოფანში გადახვეული. აღმოაჩინეს ასევე უჯრაში 3 ცალი ბანანი. არავის აუხსნია რატომ იყო გადანახული, შემდეგ, როგორც გაირკვა, 3 ბავშვს ელოდებოდნენ, რომლებიც არ მოვიდნენ. დარღვევები აღმოჩნდა ასევე ფინანსურ დოკუმენტაციაში და საქმის წარმოების მასალებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის სამართლებრივ განმარტებას „უხეში“ დარღვევების არსებობის თაობაზე. სადავო არ არის, რომ საბავშვო ბაგა-ბაღში, სწორედ დირექტორი არის ის უფლებამოსილი პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით განკარგავს დაწესებულების ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ორგანიზაციის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე. ამასთანავე, დირექტორი წარმართავს და ორგანიზებას უწევს დაწესებულების საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე. აღნიშნულს ადასტურებს საქმეზე დართული ბაგა-ბაღის და სააგენტოს წესდებები და შინაგანაწესი.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღი წარმოადგენს განსაკუთრებული სპეციფიკის აღმზრდელობით - საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მცირეწლოვნები დროის საკმაოდ დიდ ნაწილის ატარებენ. შესაბამისად, სასამართლო რთულად წარმოიდგენს უფრო მეტი სიმძიმის მქონე დარღვევებს, როგორიცაა აღსაზრდელთა დღიური ულუფისათვის განკუთვნილი პროდუქტების ასეთი სახით განკარგვა, ასევე მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია. კერძოდ, მნიშვნელოვანია თანამშრომელთა პირად საქმეებში იყოს განახლებული ნასამართლობის ცნობები, ვინაიდან საქმე ეხება მცირეწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას მისი პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით, რის დასტურადაც მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ფარული აუდიო ჩანაწერები და ტელერეპორტაჟი, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, შეუძლებელია თავად მტკიცებულების გაცნობის საფუძველზე საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რამდენადაც შეუძლებელია საუბარში მონაწილე სუბიექტების ვინაობის დადგენა და მათი კავშირი განსახილველ საქმესთან მიმართებით. ამასთან, საუბარში, როგორც მოსარჩელე განმარტავს ლ--–---------თან, ფაქტებს უთითებს მოსარჩელე და სთხოვს კომუნიკაციის მეორე მხარეს, დაუდასტუროს მისი ნამდვილობა, რაზეც ცალსახა პასუხს არ იძლევა მოსაუბრე. ასევე გაურკვეველია სხვა ჩანაწერებში კომუნიკაციის მეორე მხარის ვინაობა. მათი დაკითხვის თაობაზე მოსარჩელეს შუამდგომლობა არ დაუყენებია. რაც შეეხება ტელეკომპანია რ-----------ის რეპორტაჟს, აღნიშნული წარმოადგენს ჟურნალის შეფასებას და იგი საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული ნიშნით დევნის ფაქტის დადგენას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საფუძვლად ვერ დაედება მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას. ამდენად, მოსარჩელემ ვერ შექმნა და ვერ წარმოადგინა ფაქტები, რაც მტკიცების ტვირთს არადისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე მოპასუხის მხარეს გადაიტანდა.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა მითითებული დარღვევები ერთობლიობაში იძლევა საფუძველს ფ------------–---–ის მოქმედებები შეფასდეს როგორც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების უხეში დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სამსახურიდან გათავისუფლება. ამდენად, სასამართლო აღნიშნულ დისციპლინურ ზომას - გათავისუფლებას ადეკვატურად მიიჩნევს ჩადენილ დარღვევებთან მიმართებაში, რაც დაუსაბუთებელს ხდის განმარტებას ბრძანების არაკანონიერების ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, იმავე თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის მიღების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე, 31-ე მუხლები;

ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი ;

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2, 37-ე, 38-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად და აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

განსახილველ დავაში დადგენილია, რომ საქმის გარემოებანი ეხება საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას.

 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორს, სასამართლოს მოსაზრებით, განსაკუთრებით მეტი ყურადღება და გულისხმიერება მოეთხოვება, რამდენადაც, მას ეკისრება პასუხისმგებლობა, ზედამხედველობა ბავშვებზე და სრულად დაწესებულების გამართულად ფუნქციონირებაზე.

 

სასამართლო აქვე მოიხსენიებს ბავშვთა უფლებების კონვენციის 3.3 მუხლს, რომლის თანახმადაც, მონაწილე სახელმწიფონი უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის, მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს. კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე, კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, კონვენციის 26.1 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფონი ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას ცხოვრების იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.

 

განსახილველ დავაში, სასამართლომ დაადგინა, რომ 2--- წლის 0- ნოემბერს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, დამსაქმებელმა სწორად შეაფასა საბავშო ბაგა-ბაღში არსებული დარღვევები უხეშ დარღვევად, რაზეც პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა ეკისრება ბაღის დირექტორს ფ------------–---–ს, შესაბამისად, დამსაქმებლის გადაწყვეტილება შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა ბაღის დირექტორთან იყო დარღვევების თანაზომიერი ღონისძიება.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილით, არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ, ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისათვის განსაზღვრული წესები.

 

ვხედავთ, რომ ბაგა-ბაღის დირექტორის სამსახურებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის, შესაბამისი ნორმა გვამისამართებს სწორედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე. თვის მხრივ, სამეწარმეო სუბიექტების ხელმძღვანელების სამსახურებრივი დავების ირგვლივ ასევე ფართოდ განვითარებულია ეროვნული სამართალწარმოებით შექმნილი სასამართლო პრაქტიკა. 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე Nას-882-832-2015, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „საწარმოს დირექტორისათვის საწარმოს მართვის, ქონების განკარგვისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ, პარტნიორებს ყოველთვის აქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაათავისუფლონ დირექტორი. აღნიშნულ ურთიერთობაზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კანონთა მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, დირექტორი კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს თუ არა. ამასთან, დირექტორის საქმიანობა არ არის ჩვეულებრივი საქმიანობა და იგი ვერ გაუთანაბრდება საწარმოს მიერ დაქირავებულ სხვა დასაქმებულთან ურთიერთობას, რომელიც სწორედ შრომითი კანონმდებლობით რეგულირდება.“

 

სასამართლომ, სადავო ფაქტობრივ გარემოებებში დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი მისი მოვალეობების "უხეშ" დარღვევას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო გამართლებულად მიიჩნევს დამსაქმებლის ნებას - შეწყვიტოს ფ------------–---–თან შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან ეს ნება სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს.

საბოლოო ჯამში, სასამართლო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან - ფ------------–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მიიჩნევს კანონიერად, ვინაიდან, დათხოვნის საფუძველი აღწევს საკმარისად სერიოზულ დონეს, შესაბამისად, სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ დაკმაყოფილდება.

ამდენად, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი ორი მოთხოვნაც თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

 

6.2. დაუსაბუთებელია ფ------------–---–ის განმარტება, თითქოს მისი გათავისუფლება სამსახურიდან მოხდა პოლიტიკური ნიშნით.

 

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.

 

ამასთან, ცნობილია, რომ მტკიცების ტვირთი განსხვავებული მოპყრობის მართებულობისა და გონივრულობის დასაბუთებისათვის, ამ მოპყრობის განმახორციელებელს აწევს (იხ. საქმეები: იგივე IVANOVA V. BULGARIA; KIYTUN V. RUSSIA; D.H. AND OTHERS V. CHECZ REPUBLIC და სხვა). ხოლო მოსარჩელემ, თავის მხრივ თავდაპირველად უნდა წარმოაჩინოს, რომ მის მიმართ განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა და ამავე დროს, ეს განსსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა რომელიმე დაცულ ნიშანს ან დისკრიმინაციის მსხვერპლმა განიცადა შევიწროება.

 

ამდენად, მართალია მოპასუხეს ეკისრება განსხვავებული მოპყრობის მართებულობისა და გონივრულობის დასაბუთების ტვირთი, მაგრამ ამ ეტაპამდე, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ფაქტობრივ გარემოებებზე, რათა წარმოაჩინოს სურათი, რომ მის მიმართ განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა. მოცემულ დავაში, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტობრივი გარემოებების წარმოჩენა, რაც მის მიმართ არსებულ მოპყრობას მიანიჭებდა დისკრიმინაციის კვალიფიკაციას. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ #1---ე საბავშო ბაგა-ბაღში მონიტორინგი ჩატარდა მისი გათავისუფლების მიზნით, ვინაიდან მითითებულ ბაღში გახსნილ საარჩევნო უბნებზე არჩევნების პირველ ტურში ვერ გადავიდა მმართველი პარტიის კანდიდატი. კოორდინატორებმა თბილისის მერთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ დირექტორის დაუხმარებლობისა და მშობლებისათვის აგიტაციის არგაწევის გამო წააგეს არჩევნები. აღნიშნული ფაქტები არ ქმნის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული მოპყრობა, ვინაიდან მოსარჩელეს არა აქვს შემხებლობა არჩევნების ჩატარებასთან, თავადვე აცხადებს, რომ არის აპოლიტიკური პირი. ამასთან, საბავშო ბაგა-ბაღების სააგენტოს აქვს უფლება და ვალდებულება ჩაატაროს მონიტორინგი საბავშო ბაგა-ბაღებში.

 

ამდენად, სასამართლოს აღნიშნული ფაქტები არ უქმნის შინაგან რწმენას საიმისოდ, რომ გაიზიაროს მოსარჩელის მითითება განსხვავებულ მოპყრობაზე და დისკრიმინაციული მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. არ დაკმაყოფილდეს ფ------------–---–ის სარჩელი ა(ა)იპ თ---–----------–------------------------------------ოს მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია გიგაური