განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
330100118002745837
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5358-18

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

12 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ანნა ქოჩიაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ------–----–---–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ--------------, ბ--------------–--- გ---------------–---–-

 

ბრალდებული - ვ-–----------, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ხ--------------, თ----------------------; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს------------------, კორპუსი №-, ბინა №-.

 

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი სხვა დანაშაულის (ძარცვის) ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად); 2. საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის).

 

ბრალდებული - რ---------------–--, დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ხ---------–-----------, ს------–---–-–-; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ქ-----------------–---------------------, ბინა №--.

 

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი სხვა დანაშაულის (ძარცვის) ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად); 2. საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. თბილისში, გ--–----------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „კ----------“ წინ არსებულ სკვერში, რ---------------–-- და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი ვ-–---------- აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადნენ დაუფლებოდნენ პ-----–--------- კუთვნილ საფულეს, რა დროსაც ძარცვის ჩადენის გაადვილების მიზნით, ვ-–----------მ შებოჭა პ-----–--------, ხოლო რ---------------–--მ ხელებისა და ფეხების დარტყმით, მას სახისა და მუხლის არეში მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შემდეგ, რ---------------–--მ და ვ-–----------მ სცადეს მიმალვა, რა დროსაც შეჩერებულ იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

2.2. საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაზარალებულ პ-----–--------- მიერ მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად დგინდება, რომ იგი, როგორც ტურისტი, იმყოფებოდა საქართველოში. 2018 წლის 15 სექტემბერს, იმყოფებოდა ღამის კლუბ „ბ-----–-“. იქიდან გამოსული მიუყვებოდა ქუჩას, რა დროსაც შევიდა პარკში. მოწმის განმარტებით, ხალხთან გამოლაპარაკების მიზნით, მივიდა იქვე მყოფ პირთან, რა დროსაც დაახლოებით ერთ წუთში, უკნიდან იგრძნო დარტყმა. დარტყმის შედეგად ჩაიკეცა, შემდეგ ეცადა წამოდგომას, თუმცა ამაზე უცნობმა მეორედ დაარტყა და ისევ წაიქცა. თავდამსხმელი, რომელიც ვიზუალურად იყო მაღალი, აგრძელებდა მის ცემას, რა დროსაც მას მიუახლოვდა შედარებით დაბალი პირი, რომელიც მოქმედებდა მაღალ პირთან შეთანხმებულად და მისი ჯიბიდან საფულის ამოცლას ცდილობდა. ამ დროს მაღალმა მამაკაცმა ხელი გადაუწია და არ მისცა გაქცევის საშუალება, შედარებით დაბალმა პირმა კი ჯიბიდან ამოაცალა ფული, საფულე და ორივე ერთდროულად გაიქცა. მოწმემ დაადასტურა, რომ მაღალი მამაკაცი ხედავდა საფულისა და ფულის ამოცლის მომენტს. ამის შემდეგ, თავად გაეკიდა გაქცეულ თავდამსხმელებს, რა დროსაც დაინახა, რომ აღნიშნული პირები მალევე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მოწმის განმარტებით, საფულეში მოთავსებული ჰქონდა სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ბარათები და ფულადი თანხა. საერთო ჯამში თავდამსხმელთა მიერ დაუფლებულმა თანხამ შეადგინა დაახლოებით 220 ლარიდან 240 ლარამდე ან ცოტა მეტი, საფულის ღირებულება კი უტოლდება 30 კანადურ დოლარს. ჩვენების მიცემისას მოწმემ არაერთგზის აღნიშნა, რომ თავდამსხმელები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად. სასამართლო დარბაზში მოწმემ მიუთითა ვ-–----------სა და რ---------------–--ზე, როგორც თავდამსხმელებზე, რომლებმაც გასტაცეს კუთვნილი ნივთები. მანვე მიუთითა, რომ მის მიერ ხსენებული „მაღალი მამაკაცი“ იყო რ---------------–--, ხოლო „დაბალი მამაკაცი“ - ვ-–----------. თავდასხმის შედეგად მოწმემ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ პ-----–--------- გამოკითხვის ოქმით (15.09.2018) დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, ღამის კლუბ „ბ----------“ გამოსვლის შემდეგ, თამბაქოს სათხოვნელად შევიდა იქვე არსებულ სკვერში, სადაც მივიდა იქვე მყოფ რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცთან და ერთ-ერთს სთხოვა სიგარეტი. სიგარეტის მოწევის პროცესში, მას მიუახლოვდა მისთვის უცნობი მაღალი მამაკაცი, რომელმაც მიახლოებისთანავე, ისე, რომ არაფერი უკითხავს, დაარტყა სახეში მუშტი. იგი მაშინვე წაიქცა, წაქცევის დროს შეეცადა წამოდგომას, ხსენებულმა მოძალადემ მუშტი მეორედ დაარტყა სახეში, რის შემდეგაც მაშინვე ჩაიმუხლა. თავდამსხმელმა მას ყელზე მოხრილი ფეხი დააჭირა, რათა ვერ მოეხერხებინა წამოდგომა. სწორედ ამ დროს მიუახლოვდა მეორე, შედარებით დაბალი მამაკაცი, რომელმაც დაიწყო მისი შარვლის ჯიბეების შემოწმება და საფულის ამოცლა. იგი თავდამსხმელებს შეძლებისდაგვარად უწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას, ფიზიკური წინააღმდეგობის დასაძლევად მაღალი მამაკაცი, რომელსაც მუხლი ჰქონდა დადებული მოწმის კისერზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა მის გადატრიალებას, რათა ამით გაემარტივებინა თანმხლები დაბალი მამაკაცისთვის საფულის ამოცლა. გადატრიალების მცდელობისას მაღალმა მამაკაცმა კიდევ ორჯერ დაარტყა ძლიერად, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამ დროს დაბალმა მამაკაცმა ამოაცალა საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხითა და პლასტიკური ბარათებით. გარდა აღნიშნული საფულისა, დაბალმა მამაკაცმა მას ამოაცალა ფულადი თანხა, რომელიც სხვა ჯიბეში ჰქონდა მოთავსებული. პირადი ნივთების ამოცლის შემდეგ, ზემოაღნიშნულმა პირებმა ერთდროულად დაანებეს თავი და გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. მოწმის განმარტებით, ორივე მათგანი მოქმედებდა შეთანხმებულად. თავდასხმა მაღალი მამაკაცის მხრიდან განხორციელდა სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. გაქცეული პირები შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. ფიზიკური ძალადობის შედეგად, მოწმემ დაზიანება მიიღო თავის არეში და მარჯვენა მუხლზე.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ პ-----–--------- დამატებითი გამოკითხვის ოქმით (15.09.2018) დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, ღამის კლუბ „ბ----------“ გამოსვლის შემდეგ, თამბაქოს სათხოვნელად შევიდა იქვე არსებულ სკვერში და მივიდა ახალგაზრდა მაღალ მამაკაცთან, რომელსაც თხოვა სიგარეტი. ამ პირმა, ისე რომ მისთვის არაფერი უკითხავს, რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ძირს დაეცა. ამ დროს მაღალ მამაკაცთან ერთად მყოფმა წვერიანმა მამაკაცმა დაიწყო მისი ჯიბეების შემოწმება. აღნიშნული პირები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ და ძალიან ჩქარობდნენ. მაღალი მამაკაცი, რომელსაც მუხლი ჰქონდა მიბჯენილი სახის არეში და ურტყამდა, მეორე წვერიან მამაკაცს ანიშნებდა, რომ უკანა ჯიბიდან მისთვის ამოეღო საფულე და ფულადი თანხა. მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა ერთობლივი ძალისხმევით წაართვეს საფულე და ფულადი თანხა, გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. გაქცეული პირები შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. ფიზიკური ძალადობის შედეგად, მოწმე განიცდიდა ძლიერ ტკივილს თავის არეში, აგრეთვე დაზიანება აღენიშნებოდა მარჯვენა მუხლზე.

 

2.5. საგამოძიებო მოქმედების ოქმით (15.09.2018) დგინდება, რომ პ-----–--------მ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის (ჩვენების) შემოწმების მიზნით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებსა და ექსპერტ-კრიმინალისტებს მიუთითა ის ადგილები, სადაც ორმა მამაკაცმა ფიზიკური ძალის გამოყენებით წაართვა საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხითა და სხვადასხვა დოკუმენტაციით. აგრეთვე ადგილი, რა მიმართულებითაც გაიქცნენ ზემოაღნიშნული პირები.

 

2.6. ამოღების ოქმით (10.10.2018) დგინდება, რომ შპს „ა----------–------“ ხარისხის კონტროლის სამსახურის სპეციალისტისგან ამოღებულ იქნა პ-----–--------- სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, დაზარალებულმა აღნიშნულ კლინიკას მიმართა 2018 წლის 2-----------------------------------.

 

2.7. სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომელიც ეყრდნობა როგორც დაზარალებულ პ-----–--------- პირად გასინჯვას, ისე განმეორებით ჩატარებულ კვლევას, დგინდება, რომ 17.09.2018წ., მოქალაქე პ-----–--------- პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა და მარცხენა /ამავე თვალის მიდამოში მოწითალო ფერის სისხლჩაქცევით/ თვალბუდის ორივე ქუთუთოზე სისხლნაჟღენთების და მარჯვენა და მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ორივე თვალბუდის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთები და მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის წინა გვერდითი კედლების მოტეხილობები იმპრესიით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ნაჭდევები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

2.8. ზემოაღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - გ---–-------------–---–--. მანვე განმარტა, რომ მკვრივი ბლაგვი საგანი არის ყველა ის საგანი, რომელიც არის მკვრივი კონსისტენციისა და ბლაგვი ზედაპირის, მათ შორის, ადამიანის მუშტი.

 

2.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებელ გ-------------–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, ბ-–--------------, გ------------------------ და ზ-------------–---–---- ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას - პატრულირებდა ქ. თბილისში, ა--–-------–-----------, რა დროსაც შენიშნა ა--–-------–-- სახელობის სკვერიდან ორი მამაკაცის გაქცევა, რომელთაც უკან, დაახლოებით 10-15 მეტრის მოშორებით, მისდევდა მესამე მამაკაცი, რომელიც საეჭვოდ ყვიროდა და ითხოვდა დახმარებას. მოწმის განმარტებით, მათ შეაჩერეს ზემოაღნიშნული ორი პირი, რა დროსაც მალევე მიუახლოვდა მესამე მამაკაცი, რომელსაც ეტყობოდა, რომ იყო უცხოელი. მან ჟესტიკულაციითა და ინგლისური სიტყვებით, ანიშნა, რომ მათ მიერ შეჩერებულმა პირებმა წაართვეს ფულადი თანხა. ამ უკანასკნელს სახეზე ეტყობოდა ცემის კვალი, ხოლო მის ტანსაცმელს - ძირს გდების კვალი. მოწმის განმარტებით, მათ შეჩერებულ პირებს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს აღმოაჩნდა საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხითა და პირადი ნივთებით.

 

2.10. მსგავსი ჩვენება მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ზ-------------–---–--, ბ-–---------- და გ--------------------.

 

2.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - გ----------------–---–-- და გ-----------–--–---–-- დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე.

 

2.12. ბრალდებულ ვ-–----------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით (15.09.2018) დგინდება, რომ ვ-–---------- დაკავებულ იქნა ქ. თბილისში, ა--–-------–-- გამზირისა და ს------------–--------- კვეთაზე, რომელსაც პირადი ჩხრეკისას ტანთ ნაცვამი შორტის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს ყავისფერი ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით - 220 ლარის ოდენობით, ერთი ცალი ფოტოსურათიანი პლასტიკური მოწმობა წარწერით: “R--------------”, ერთი ცალი პლასტიკური ბარათი, რომლის მფლობელად ფიქსირდება “P--------------”, აგრეთვე ერთი ცალი პლასტიკური ბარათი, რომელსაც რაიმე წარწერა ან განმასხვავებელი ნიშანი არ გააჩნია. ამავე შორტის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 35 ლარის ოდენობით.

 

2.13. ბრალდებულ რ---------------–--ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით (15.09.2018) დგინდება, რომ რ---------------–-- დაკავებულ იქნა ქ. თბილისში, ა--–-------–-- გამზირისა და ს------------–--------- კვეთაზე, რომელსაც პირადი ჩხრეკისას ტანთ ნაცვამი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს ფულადი თანხა 55 ლარის ოდენობით.

დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

2.14. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რ---------------–--მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ვ-–----------სთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ა--–-------–-- სახელობის პარკში და სვამდნენ ლუდს, რა დროსაც მათთან სიგარეტის თხოვნით მივიდა პ-----–--------. ამ უკანასკნელმა მათ შესთავაზა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რაზეც გაღიზიანდა და მოსთხოვა შეთავაზებული ნივთის ჯიბეში ჩადება. ამის შემდეგ განაგრძეს ლუდის სმა, რა დროსაც პ-----–--------მ სხეულზე ხელი დაადო, რამაც აგრესიული გახადა. იგი ხელით ანიშნებდა პ-----–---------, რომ ამდგარიყო და წასულიყო, შემდეგ თავად გავიდა საპირფარეშოში. იქიდან დაბრუნებულმა დაინახა, რომ ვ-–---------- და მისი მეგობარი გოგონა ცალკე იყვნენ და რაღაცას საუბრობდნენ, ხოლო პ-----–-------- წასული იყო პარკიდან. ეს უკანასკნელი მალევე დაბრუნდა, მივიდა მასთან და კვლავ დაუწყო სხეულზე ხელების სმა. იგი იმდენად გაღიზიანდა, რომ პ-----–--------- რამდენჯერმე დაარტყა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა. ჩხუბის დროს მათთან მივიდა ვ-–---------- და მისი მეგობარი გოგო - გ---–------------, რის შემდეგაც, სწრაფი ნაბიჯებით მალევე წავიდნენ სახლებისკენ. ამ დროს პ-----–--------მ დაიწყო ყვირილი, რაზეც გზად შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, მისგან ამოიღეს ფულადი თანხა, ხოლო ვ-–-----------გან საფულე და ფულადი თანხა.

 

2.15. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ვ-–----------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს თავის მეგობარ გოგოსთან ერთად შეხვდა რ---------------–--ს. ისინი იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ა--–-------–-- სახელობის პარკში და სვამდნენ ლუდს, რა დროსაც მათთან სიგარეტის თხოვნით მივიდა პ-----–--------. ამ უკანასკნელმა მათ სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება შესთავაზა, რაზეც რ---------------–--მ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. მართალია, პ-----–-------- იმ მომენტში წავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა. ამ დროს თავად თავის მეგობარ გოგოსთან - გ---–------------სთან ერთად იდგა მოშორებით. იგი მალევე შეესწრო რ---------------–--სა და პ-----–--------- შორის კონფლიქტს. მათთან მისვლის დროს რ---------------–--ს ხელი უკვე დარტყმული ჰქონდა პ-----–---------თვის, რომელიც ეგდო ძირს, ხოლო რ---------------–-- იდგა ფეხზე. მან რ---------------–--ს უთხრა, რომ კონფლიქტის განმუხტვის მიზნით, წასულიყვნენ შემთხვევის ადგილიდან და დაიწყეს სვლა, რა დროსაც პ-----–-------- მათ გამოეკიდა ყვირილით, რომელიც პარალელურად შველას ითხოვდა. ისინი მიდიოდნენ სწრაფი ნაბიჯებით, უკან კი მიჰყვებოდა გ---–------------. ამ დროს გამოჩნდნენ პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებმაც დააკავეს ისინი. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა პ-----–--------- საფულე. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული საფულე იპოვა სკვერში ყოფნის დროს, ჩაიხედა შიგნით და ნახა რა ფული, ჩაიდო ჯიბეში. მან არ იცოდა, თუ ვინ იყო ნივთის მესაკუთრე, ამიტომ არც უფიქრია, რომ პოლიციელების მხრიდან მათი შეჩერების დროს მოეშორებინა საფულე. იგი აპირებდა საფულის მესაკუთრის ვინაობის დადგენას, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცემია, ვინაიდან პ-----–---------ა და რ---------------–--ს შორის კონფლიქტი მიმდინარეობდა.

 

2.16. სასამართლო სხდომაზე დაკითხული გ---–------------- ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, ქ. თბილისში, ა--–-------–-- სკვერში იმყოფებოდა ვ-–----------სთან და რ---------------–--სთან ერთად. ისინი სვამდნენ ლუდს, რა დროსაც მათთან მივიდა არაქართველი ეროვნების მქონე პირი, რომელმაც ანიშნა მათ, რომ სურდა ლუდის დალევა, რაზეც ბრალდებულები დათანხმდნენ და განაგრძეს ერთად ლუდის სმა. ისინი ყველანი ერთად ისხდნენ, რა დროსაც უცხოელი პირი, რ---------------–--ს ხელებს უსვამდა სხეულზე, რაზეც ამ უკანასკნელმა მოსთხოვა წასვლა. აღნიშნულმა პირმა მართლაც დატოვა შემთხვევის ადგილი. ამის შემდეგ, ის და ვ-–---------- სეირნობდნენ სკვერში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შენიშნა ძირს დაგდებული საფულე, რაც ვ-–----------მ აიღო და გახსნა. საფულეში იყო ფული და პლასტიკური ბარათები. საფულის გახსნის დროს, მათთან ყვირილით მივიდა უცხოელი და რ---------------–--სკენ გაემართა დასარტყმელად. უცხოელის თავიდან მოშორების მიზნით, რ---------------–--მ მას ხელი ჰკრა, რაზეც უცხოელისგან მიიღო საპასუხო დარტყმა. დარტყმა რ---------------–--ს უპასუხოდ არ დაუტოვებია, რის შემდეგაც უცხოელი მიწაზე დაეცა. მოწმის განმარტებით, ვ-–----------მ ის გააფრთხილა, რომ მასთან არ მისულიყო და თავად რ---------------–--სა და უცხოელისკენ წავიდა. ამის შემდეგ, მოწმე ბრალდებულებთან ერთად გაემართა სკვერის გასასვლელისკენ. ბრალდებულების სწრაფად გადაადგილების მიზეზად მიუთითა იმაზე, რომ თავად სთხოვა ასე, რათა ჩხუბი არ მომხდარიყო. ვ-–---------- და რ---------------–-- სკვერიდან გასვლიდან მალევე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ჩხრეკის შედეგად ვ-–----------ს რამდენიმე წუთით ადრე ნაპოვნი საფულე აღმოაჩნდა, რომელიც სკვერში მყოფი უცხოელის საკუთრება აღმოჩნდა. მოწმის განმარტებით, მას ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა გამოკითხა შემთხვევის დღეს მომხდარი დეტალები.

 

2.17. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

3.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548, 22/01/2015, §41).

 

3.3. საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის. აღნიშნული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი არის ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგს არ უნდა იწვევდეს და მისთვის დამახასიათებელია: ა) ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა ან ბ) საერთო შრომისუნარიანობის მყარი, არანაკლებ ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სამედიცინო ექსპერტი. ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია და შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსკ-ით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ. ამასთან, დამნაშავეს ცხადია გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი დანაშაულებრივი ქმედების მნიშვნელობა და მის მისაღწევად წინააღმდეგობის გადასალახად ძალადობის ხერხის გამოყენების შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ზემოქმედებაში.

 

3.5. სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად და დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-–----------მ და რ---------------–--მ ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი სხვა დანაშაულის (ძარცვის) ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად და ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.6. სასამართლო უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ პ-----–--------- ჩვენებაზე, რომელიც მოწმის სახით თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით დაიკითხა სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, რა დროსაც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა მისთვის დაესვათ კითხვები და მიღებული პასუხები გამოეყენებინათ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად. ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა დეტალურად აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, 2018 წლის 15 სექტემბერს, სკვერში ყოფნის დროს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, როგორ მივიდა მასთან რ---------------–-- და დაარტყა. დარტყმის შედეგად იგი ჩაიკეცა, წამოდგომის ყოველ მცდელობაზე კი განმეორებით დატყმას იღებდა. სწორედ ამ პროცესში მიუახლოვდა მას ვ-–----------, რომელიც რ---------------–--სთან შეთანხმებული მოქმედებით მისგან ფულისა და საფულის ამოცლას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც მიისაკუთრეს მისი კუთვნილი ნივთები, ერთდროულად გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. იგი გაეკიდა მათ ყვირილით, რა დროსაც ითხოვდა შველას. სწორედ ამ დროს შეაჩერეს დამნაშავეები პოლიციის თანამშრომლებმა. მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. საგულისხმოა, რომ დაზარალებულმა, რომელიც დანაშაულებრივი ფაქტიდან საგამოძიებო ორგანოში შემთხვევიდან მალევე დაიკითხა, ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. მიუხედავად დაზარალებულის გამოძიების ეტაპზე, 2018 წლის 15 სექტემბერს მიცემული პირველი ჩვენებისა და სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენების თანხვედრისა, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას 2018 წლის 15 სექტემბერს, პ-----–--------- მეორე დაკითხვის ოქმზე, სადაც დაზარალებული აცხადებდა, რომ სკვერში შესვლის მომენტში, სიგარეტი სთხოვა რ---------------–--ს და არა სხვა პირს. აღნიშნულ ჩვენებაში მოწმე დანარჩენ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს აღწერს ისევე, როგორც აღწერდა მოსამართლის წინაშე დაკითხვისა და გამოძიების ეტაპზე პირველი გამოკითხვის დროს. ამდენად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს აღნიშნულ განსხვავებაზე და პასუხი გასცეს კითხვას - არის თუ არა ეს სხვაობა ისეთი არსებითი ხასიათის, რამაც შესაძლოა განაპირობოს ჩვენების არასანდოდ მიჩნევა? სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოწმე დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერს შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს, განსაკუთრებით კი იმ მომენტიდან, როდესაც მის მიმართ განხორციელდა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ჩვენებებს შორის აღნიშნული არაარსებითი ხასიათის შეუსაბამობა, არ შეიძლება გახდეს მოწმის ჩვენების არასანდოდ მიჩნევის საფუძველი. ფაქტი - პ-----–--------მ ითხოვა თუ არა სიგარეტი და ვისგან, არც ცვლის სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს იმგვარად, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა რ---------------–--სა და ვ-–----------- მიერ განხორციელებულ ქმედებათა სამართლებრივ შეფასებაზე. ამასთან, სასამართლო ყურადრებას გაამახვილებს ბრალდებულ რ---------------–--ს განმარტებაზე, რომ დაზარალებული პ-----–-------- მას სხეულზე უსვამდა ხელებს, რაც გახდა მათ შორის კონფლიქტის დაწყების საფუძველი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რ---------------–-- ესწრებოდა სასამართლოში პ-----–--------- დაკითხვას, რა დროსაც ბრალდების მხარის თანაბარ პირობებში ჰქონდა კითხვის დასმის შესაძლებლობა, დაზარალებულისთვის დაცვის მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა არ დაუსვამს.

 

3.7. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებული პ-----–-------- დაიკითხა საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, რადგან ის ტურისტული მიზნით იმყოფებოდა საქართველოში და შესაბამისად, დიდი ხნით ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულის დაკითხვა განხორციელდა სისხლის სამართლის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

3.8. ეროვნული კანონმდებლობის პარალელურად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში - ევროპული კონვენცია) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (დ) ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლოს) პრეცედენტული სამართლის თანახმად, პოლიციისა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ჩვენებების მტკიცებულებად გამოყენება, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (დ) ქვეპუნქტს, თუ დაცვის უფლებები იყო დაცული. როგორც წესი, ეს უფლებები მოითხოვს, რომ დაცვას მიეცეს ბრალდების მოწმის დაკითხვისა და მისი ჩვენების გაპროტესტების ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა მის მიერ ჩვენების მიცემისას ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე (იხ. ევროპული სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Birutis and Others v. Lithuania, განაცხადი №47698/99 და 48115/99, §28).

 

3.9. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს მსგავსი ტიპის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასაც, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული მოწმის გამოქვეყნებული ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეაფასა გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარის მტკიცებულებად და ქვედა ინსტანციების მიერ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი შეცვალა გამამტყუნებელი განაჩენით. დეპონირებული ჩვენების, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოყენების საფუძვლად, საკასაციო პალატამ მიუთითა დაცვის მხარის შესაძლებლობაზე - მოსამართლის წინაშე დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რითიც ისარგებლა კიდეც. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება, გარდა აღნიშნული მტკიცებულებისა ემყარებოდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და იმ მოწმის ჩვენებას, რომელიც, მართალია, უშუალოდ არ შესწრებია მომხდარ ფაქტს, თუმცა ადასტურებდა დაპირისპირებულ მხარეთა შორის კონფლიქტის არსებობას (იხ. უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე №334აპ-18, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 17).

 

3.10. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს: გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ეტაპზე მისცემს მოწმე ჩვენებას, მთავარია დაცვის მხარეს მიეცეს შესაძლებლობა დაკითხოს მოწმე და შესაბამისად, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევაში. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარემ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოახდინა საკუთარი უფლების რეალიზაცია, სასამართლო სხდომაზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული დაზარალებულ პ-----–--------- ჩვენება (რა დროსაც ორივე მხარეს თანასწორ პირობებში ჰქონდა მისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა) მიიჩნევა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებად. ამასთან, დაცულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა - აღნიშნული მტკიცებულება გამყარებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ:

 

3.11. პ-----–--------- ჩვენებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს გამომძიებლების: გ-------------–---–--, ზ-------------–---–--, ბ-–----------- და გ-------------------- ჩვენებები, რომლებმაც დანაშაულებრივი ფაქტის განხორციელებიდან რამდენიმე წუთში შეაჩერეს და შეამოწმეს ბრალდებულები. პირადი ჩხრეკის შედეგად ვ-–----------ს აღმოაჩნდა პ-----–--------- კუთვნილი საფულე. აღნიშნულმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, თუ როგორ შენიშნეს ქ. თბილისში, ა--–-------–-- სახელობის სკვერიდან ორი მამაკაცის გაქცევა, ხოლო უკან - მესამე მამაკაცის დადევნება, რომელიც საშველად პოლიციას უხმობდა. სწორედ ეს საეჭვო გარემოება გახდა ბრალდებულთა შეჩერების საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ არა პოლიციელთა დროული რეაგირება, ბრალდებულები შეძლებდნენ დაზარალებულის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას.

 

3.12. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულ პ-----–--------- ჩვენება, რომ მან რ---------------–--სა და ვ-–----------- თავდასხმის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რა დროსაც მას დაუდგინდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. დაცვის მხარე თავის დასკვნით სიტყვაში აპელირებდა, რომ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება არ იყო შემთხვევის დროინდელი და რომ არსებობდა ზიანის სხვა გარემოებებში მიყენების შესაძლებლობა. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ განმარტებას, ვინაიდან პ-----–-------- თავდასხმის შედეგად მიყენებულ დაზიანებაზე საუბრობს როგორც 2018 წლის 15 სექტემბრის გამოკითხვის ოქმებში (იხ. პუნქტი 2.3.-2.4.), ისე სასამართლოში მოსამართლის წინაშე დაკითხვისას (იხ. პუნქტი 2.2.). აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც პ-----–--------- მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გარდა, ემყარება თავად დაზარალებულის პირად შემოწმებასაც. ამასთან, დაცვის მხარის ვარაუდი, არ არის გამყარებული რაიმე სახის მტკიცებულებით.

 

3.13. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი და სამართლიანი სამართალწარმოების უზრუნველყოფა ხდება მტკიცებულებათა ზეპირად და უშუალოდ გამოკვლევის შემთხვევაში. უშუალობა და ზეპირობა წარმოადგენს მტკიცებულებების გამოკვლევის გარეგან ფორმას. აღნიშნული პრინციპის მიზანია ხელი შეუწყოს შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციას მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სარწმუნოობის ეფექტიანად ეჭვქვეშ დაყენების გზით, რისთვისაც გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული შესაძლებლობის რეალიზაციას საქმის არსებითი განხილვის სტადიამდე. მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმის ჩვენებებს, რომელთაც მტკიცებულებითი ძალა გააჩნია და წარადგინოს მოსაზრებები მტკიცებულების არსებობასთან, მის შინაარსთან და ნამდვილობასთან დაკავშირებით (იხ. ევროპული სასამართლოს 2000 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Krcmar and Others v. Czech Republic, განაცხადი №35376/97, §38-42). ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ მოწმის გამოკითხვის ოქმი, მოწმის სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმის შეფასებისას გარკვეულ როლს ასრულებს. საქმის არსებითი განხილვისას, უნდა შემოწმდეს მოწმის ჩვენება ხომ არ ხასიათდება ურთიერთწინააღმდეგობრიობით. მოწმის სანდოობა კი ორი ელემენტისგან შედგება: 1. უშუალოდ მოწმის პიროვნების სანდოობისა და 2. მის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) სარწმუნოობისგან. წარდგენილ ბრალდებებში ვ-–----------- უდანაშაულობის დასადასტურებლად და რ---------------–--ს ძარცვის ფაქტთან შემხებლობის გამოსარიცხად, დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულების ჩვენებასთან ერთად წარუდგინა გ---–------------- ჩვენება, რომლის სარწმუნოობის ხარისხსაც სასამართლო შეაფასებს ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად.

 

3.14. მოწმის პიროვნების სანდოობა - სასამართლოს შეფასებით, მოწმე გ---–------------- შესაძლო დაინტერესებაზე მიუთითებს მისი და ბრალდებულ ვ-–----------- ახლო მეგობრული დამოკიდებულება. ამასთან, მისი პიროვნების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს პროცესის მონაწილე მხარისთვის „საქმის ფაქტობრივი გარემოების შესახებ“ ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდება (ბრალდების შესახებ დადგენილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა 2018 წლის 15 სექტემბერს, ხოლო გ---–------------ მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 6 დეკემბერს, შემთხვევიდან თითქმის სამი თვის შემდეგ), რაც ცალკე აღებული (გამოკითხვის ოქმის შინაარსისგან დამოუკიდებლად) აჩენს კითხვებს: თუკი იგი ნამდვილად იყო შემთხვევის ადგილზე მყოფი ფაქტის შემსწრე პირი, რომელმაც დაინახა, თუ როგორ იპოვა ვ-–----------მ საფულე, რატომ არ მიაწოდა აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს (ინფორმაციის მიწოდება ხომ მისი და თავად ბრალდებულის ინტერესში შედიოდა)? ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს თავისეული ვერსია სასამართლოსთვის არ მიუწოდებია.

 

3.15. მოწმის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) სარწმუნოობა - მოწმის ჩვენების აღნიშნული კრიტერიუმით შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 2018 წლის 6 დეკემბრის გამოკითხვის ოქმს. საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ“. საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ პირის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და მის ჩვენებას შორის ან მოწმის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, მხარე უფლებამოსილია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების/ჩვენებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე.“ აღნიშნული ნორმა გამოსაკითხ პირს ჩვენების მიცემის შემთხვევაში ავალდებულებს, გამოკითხვის მწარმოებელ მხარეს მიაწოდოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ერთგვარი გარანტია იქნება მისი ჩვენების სანდოობისა. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ გამოკითხვის ოქმში, მოწმე გ---–------------, მისი შემთხვევის ადგილზე ყოფნის გათვალისწინებით, უთითებს, რომ ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა საერთოდ არ საუბრობს აღნიშნული ინფორმაციის შინაარსზე, რაც მხარეს უზღუდავს საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობას.

 

3.16. გარდა აღნიშნული გარემოებებისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის არსებითი განხილვისას მოწმე გ---–------------- მიერ მიცემული ჩვენების ურთიერთწინააღმდეგობრივ ხასიათზე:

· საქმის არსებითი განხილვისას მოწმე გ---–------------მ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, ვ-–----------სთან და რ---------------–--სთან ერთად იმყოფებოდა ა--–-------–-- სახელობის სკვერში, რა დროსაც მათთან მივიდა პ-----–-------- და ანიშნა, რომ სურდა ლუდის დალევა. გ---–------------- ჩვენების ეს ნაწილი ეწინააღმდეგება ბრალდებულთა ჩვენებას, რა დროსაც მათ მიუთითეს, რომ პ-----–-------- მათთან მივიდა სიგარეტის და არა ლუდის სათხოვნელად;

· საქმის არსებითი განხილვისას მოწმე გ---–------------მ დაადასტურა, რომ მათი ერთად ყოფნის პერიოდში, დაინახა თუ როგორ უსვამდა ხელს პ-----–-------- რ---------------–--ს სხეულზე. აღნიშნული ფაქტის შესახებ რ---------------–--მ პ-----–--------- მოსთხოვა წასვლა, რა დროსაც უცხოელმა მართლაც დატოვა შემთხვევის ადგილი. მოწმის მიერ გაცხადებული ფაქტის საპირისპიროდ მეტყველებს ბრალდებულ ვ-–----------- ჩვენება, რომელსაც შემთხვევის ადგილზე ყოფნის მიუხედავად, არ შეუნიშნავს პ-----–--------- მიერ რ---------------–--ს სხეულზე ხელით შეხების ფაქტი. მან მხოლოდ რ---------------–--ს მიერ პ-----–--------- ცემა დაინახა. მოწმე გ---–------------- განმარტების (რომ პ-----–--------- მიერ შემთხვევის ადგილიდან პირველად წასვლა განპირობებული იყო რ---------------–--სთვის სხეულზე ხელების მოსმის გამო) საპირისპიროს აცხადებს ბრალდებული ვ-–----------. მისი თქმით, პ-----–--------- წასვლის მიზეზი იყო მათთვის სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების შეთავაზება;

· გ---–------------- განმარტებით, საფულის გახსნის დროს, მათთან ყვირილით მივიდა უცხოელი, რომელიც რ---------------–--სკენ გაემართა დასარტყმელად. აღნიშნული ფაქტის საპირისპიროს აცხადებდნენ როგორც დაზარალებული, ისე ბრალდებულები, კერძოდ, სამივე მათგანი მიუთითებდა, რომ დარტყმის განმახორციელებელი იყო რ---------------–--;

· ჩვენების მიცემისას მოწმე კატეგორიულად ადასტურებდა შემთხვევის ადგილზე ყოფნას, თუმცა აღნიშნული ფაქტი ბრალდებულთა გარდა, სხვა პირს არ დაუდასტურებია (მათ შორის, საქმეზე ობიექტური რეალობის დადგენით დაინტერესებულ პირებს - პოლიციის თანამშრომლებს. უფრო მეტიც, მათი ჩვენებით გამოირიცხება გ---–------------- შემთხვევის ადგილზე ყოფნა).

 

3.17. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების - ვ-–-----------ა და რ---------------–--ს სასამართლო განხილვის დროს მიცემულ ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე:

· ვ-–----------- ჩვენებით, სკვერში ყოფნის დროს მათთან მისულმა პ-----–--------მ მათ შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება, რაზეც გაღიზიანებულმა რ---------------–--მ მოუწოდა შემთხვევის ადგილის დატოვებისკენ, რასაც დამორჩილდა დაზარალებული. რ---------------–--ს განმარტებით კი, მას შემდეგ, რაც პ-----–--------მ მათ შესთავაზა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მას მოუწოდა არა შემთხვევის ადგილის დატოვებისკენ, არამედ მისი შენახვისკენ. ამის შემდეგ მათ ლუდის დალევა განაგრძეს ერთად;

· ვ-–----------- განმარტებით, მისთვის უცნობი იყო რ---------------–--სა და პ-----–--------- შორის დაწყებული კონფლიქტის დეტალები, ვინაიდან გ---–------------სთან ერთად იდგა მოშორებით, ხოლო ერთად ყოფნის დროს პ-----–--------- მხრიდან რ---------------–--ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება არ შეუნიშნავს, მაშინ როდესაც მასთან მყოფი გ---–------------, დეტალურად საუბრობს აღნიშნულ ფაქტზე;

· ვ-–----------- თქმით, საფულე იპოვა სკვერში ყოფნის დროს, სადაც დაზარალებული პ-----–--------ც მოძრაობდა. აღნიშნული პასუხით, მან არ გამორიცხა საფულის პ-----–---------თვის კუთვნილება, თუმცა მიუხედავად მისი განმარტებისა (აპირებდა ნაპოვნი ნივთის მესაკუთრის მოძიებას), მას არც უცდია დაზარალებულისთვის ეკითხა ამის თაობაზე;

 

3.18. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებები (ბრალდებულებისა და გ---–------------- ჩვენებები) ვერ ხასიათდება უტყუარობის იმგვარი სტანდარტით, რომელიც გადაწონიდა დაზარალებულ პ-----–--------- დეპონირებულ ჩვენებას, თანხვედრილს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, პოლიციელების ჩვენებებთან და დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ვ-–-----------ა და რ---------------–--ს ქმედებები პირდაპირ თანხვედრაშია საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლისა და სსკ-ის 19,178-ე მუხლის სტრუქტურულ აღწერილობასთან, რადგან მათ განახორციელეს ქმედების ყველა ის ელემენტი, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

3.19. ამასთან, სასამართლო მიმოიხილავს რ---------------–--სა და ვ-–----------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ ნიშნებს (ქმედება ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნითა და ჯგუფურად).

 

3.20. სასამართლომ მტკიცებულებათა გაანალიზებისას დეტალურად აღწერა, თუ რატომ არ იზიარებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მიუთითა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გაზიარების საფუძვლები. იმ ფონზე, როდესაც სასამართლომ მტკიცებულებითი ძალის მქონე დოკუმენტად მიიჩნია დაზარალებულ პ-----–--------- ჩვენება, სადავო აღარ ხდება ფაქტი, რომ პ-----–---------სთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების მიზანი, მისი კუთვნილი ფულადი თანხისა და საფულის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება იყო.

 

3.21. რაც შეეხება ქმედებას ჩადენილს ჯგუფურად, საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის დეფინიციებს. განსახილველ შემთხვევაში, მართალია დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება დაიწყო რ---------------–--მ, თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ის, რომ ვ-–---------- უმალვე მივიდა შემთხვევის ადგილზე და თავისი ქმედებით ცდილობდა დაზარალებულის შეკავებას და მისთვის საფულის ამოცლას. სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანების დროს ქმედების ჯგუფურად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელი არ არის ორივე ამსრულებელი ურტყამდეს დაზარალებულს, მთავარია ორივე დამნაშავე აღასრულებდეს ქმედების ობიექტურ შემადგენლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 

3.22. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ძარცვის იმ დამამძიმებელ გარემოებებზე, რომლებიც ბრალდებულებს აქვთ ბრალად შერაცხული:

 

3.23. ძარცვის მცდელობა, რასაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეეძლო - სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბრალდებულ ვ-–----------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საფულეში, პირადი ნივთებთან ერთად აღმოჩნდა ფულადი თანხა 220 ლარის ოდენობით. აღნიშნული ფაქტი დასტურდება დაზარალებულ პ-----–--------- ჩვენებითაც. საფულის ღირებულება კი, ბრალდებულის თქმით შეადგენდა 30 კანადურ დოლარს. ამდენად, ზიანის ოდენობა, რაც შესაძლოა განეცადა დაზარალებულს, აღემატება კანონით დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს.

 

3.24. ძარცვის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების არსებობა. კერძოდ, დაზარალებულმა პ-----–--------მ თავის ჩვენებაში ნათლად და მკაფიოდ განაცხადა, რომ ვ-–----------- მიერ საფულის ამოცლის მომენტს ხედავდა რ---------------–--ც. ბრალდებულებმა პ-----–-------- მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დაეუფლნენ მის პირად ნივთებს. დაზარალებულის განმარტება, - რომ ბრალდებულები ერთდროულად გარბოდნენ, დასტურდება პოლიციელების ჩვენებითაც.

 

3.25. ძარცვის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის (ვ-–----------- ბრალდების მაკვალიფიცირებელი გარემოება) - საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, - დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

 

3.26. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

3.27. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით დგინდება, რომ ვ-–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

 

3.28. სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს/თბილისის პრობაციის ბიუროს 2----–-–------------------ წერილით დგინდება, რომ ვ-–----------ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–--- განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის დასასრულად მითითებულია 2----–-–------------–-. აღნიშნული ფაქტი ცალსახად ადასტურებს ვ-–----------- მიერ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენილი დანაშაულის არაერთგზის ჩადენას.

 

3.29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-–----------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო რ---------------–--მ - საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

4.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოთ ვ-–----------ს და რ---------------–--ს, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. რაც შეეხება საქართველოს 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილს, აღნიშნული მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რ---------------–--სა და ვ-–-----------თვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, სასამართლო თავის დისკრეციას გამოიყენებს მხოლოდ სასჯელის ზომასთან მიმართებაში.

 

4.4. სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს ვ-–-----------ა და რ---------------–--ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულთა ერთობლიობა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (რ---------------–-- თავს საჯარო სივრცეში დაესხა დაზარალებულს, ხოლო ვ-–----------მ სცადა მისი შეკავება და მისთვის საფულის ამოცლა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ბრალდებულთა მტკიცე სურვილს ჩაედინათ დანაშაული), დამდგარ შედეგს (ბრალდებულთა ქმედებით პ-----–--------- მიადგა ჯანმრთელების ნაკლებად მძიმე დაზიანება; ობიექტურად ხელშემშლელი მიზეზის გამო, რ---------------–--მ და ვ-–----------მ ვერ მოახერხეს საკუთარი განზრახვის (ძარცვის) სისრულეში მოყვანა), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (სხვის საკუთრების დაუფლებას), ოჯახურ მდგომარეობას (რ---------------–--ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, ხოლო ვ-–---------- არის დასაოჯახებელი), აგრეთვე ვ-–----------- პიროვნებას (მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში) და მიიჩნევს, რომ ბრალდებულთა რესოციალიზაციისათვის, ზემოთ ხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, ვ-–----------ს და რ---------------–--ს თითოეული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური სანქციის ზემოთ. ამასთან, ვ-–----------- შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულის რეციდივი, რისი გათვალისწინებითაც მას სასჯელი დაენიშნება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულთათვის დანიშნული სასჯელი იქნება მათ მიერ განხორციელებული ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სასჯელის მიზნების მისაღწევად. ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი.

 

4.5. ვ-–-----------თვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მისი მხრიდან დანაშაულის პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩადენას. აღნიშნული გარემოება დასტურია იმისა, რომ სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც მსჯავრდებულს აძლევს შესაძლებლობას გამოსაცდელ ვადაში დაამტკიცოს, რომ მისი გამოსწორებისათვის არ იყო საჭირო დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა, შედეგიანი არ აღმოჩნდა. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ უპირობოდ უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

· ვ-–----------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე, ფულადი თანხა და პლასტიკური ბარათი, აგრეთვე რ---------------–--ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

· 2 ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ-–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ვ-–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 11 (თერთმეტი) თვის და 28 (ოცდარვა) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ვ-–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

 

მსჯავრდებულ ვ-–----------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმდეს.

 

რ---------------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

რ---------------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ---------------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

რ---------------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

 

მსჯავრდებულ რ---------------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

· ვ-–----------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე, ფულადი თანხა და პლასტიკური ბარათი, აგრეთვე რ---------------–--ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

· 2 ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი