გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2019
საქმის ნომერი
010210018002324006
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002324006

№2-781/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე დ----- ლ----------ე

მოპასუხე პ----- ნ-----ე

წარმომადგენელი მ------ ა-–--–-–---–ი

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 პ----- ნ-----ეზე დ----- ლ----------ის სასარგებლოდ 2000 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება.

 

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მასა და მოპასუხე პ----- ნ-----ეს შორის 2014 წლის 01 მაისს გაფორმდა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად პ----- ნ-----ეს მისი ნათესავის, დ----- ფ---–---–--–---–ისათვის უნდა გაეწია საადვოკატიო მომსახურება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად მან პ----- ნ-----ეს გადაუხადა 2000 ლარი, თუმცა მოპასუხე პ----- ნ-----ე მხოლოდ წინასასამართლო სხდომას დაესწრო და შემდეგ „გაუჩინარდა“, რის გამოც ბრალდებულ დ----- ფ---–---–--–---–ის დაცვა სასამართლოში აწარმოა სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა სახაზინო ადვოკატმა. განმცხადებლის განმარტებით ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა პ----- ნ-----ე, რის შემდეგაც მან მოსთხოვა გადაცემული თანხის უკან დაბრუნება, თუმცა პ----- ნ-----ემ უარი განაცხადა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და ხანდაზმული, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 01 მაისს დ----- ლ----------ეს და პ----- ნ-----ეს შორის გაფორმდა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად პ----- ნ-----ეს დ----- ლ----------ის ნათესავის, დ----- ფ---–---–--–---–ისათვის უნდა გაეწია საადვოკატო მომსახურება. ხელშეკრულების მიხედვით დ----- ლ----------ემ პ----- ნ-----ეს გადაუხადა 2000 ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ხელშეკრულება N015 იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე. 01.05.2014წ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ----- ლ----------ეს და პ----- ნ-----ეს შორის 2014 წლის 01 მაისს გაფორმებული იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულების თანახმად პ----- ნ-----ეს უნდა დაეცვა მოსარჩელე დ----- ლ----------ის ბიძაშვილის, დ----- ფ---–---–--–---–ის ინტერესები წინასწარი გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში.

 

ადვოკატმა პ----- ნ-----ემ 2014 წლის 01 მაისის N015 სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულების თანახმად განახორციელა შემდეგი სახის იურიდიული მოქმედებები: 2014 წლის 13 ივნისს ადვოკატმა პ----- ნ-----ემ მიმართა შუამდგომლობით ბათუმის რაიონულ პროკურორს ბრალდებულ დ----- ფ---–---–--–---–ის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნით; 2014 წლის 01 ივლისს ადვოკატმა იშუამდგომლა სასამართლოში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპეტრიზის დასკვნის დასაშვებ მტკიცებულებად ცნობისა და ექსპერტების დაკითხვის თაობაზე; 2014 წლის 01 ივლისს მოპასუხე პ----- ნ-----ემ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ დ----- ფ---–---–--–---–ის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სტაციონალური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე სახელმწიფო ხარჯზე; 2014 წლის 21 აგვისტოს ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებული დ----- ფ---–---–--–---–ისათვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე; 2014 წლის 18 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და ადვოკატ პ----- ნ-----ეს შორის დაიდო ხელშეკრულება ბრალდებულ დ----- ფ---–---–--–---–ის ფსიქიატრიული შემოწმების თაობაზე. 2014 წლის 10 ოქტომბერს კი პ----- ნ-----ემ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბერს დანიშნული დ----- ფ---–---–--–---–ის სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ ადვოკატი ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-გამარტება.

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრის თაობაზე.

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე.

 

3.2.2. 2014 წლის 13 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ დ----- ფ---–---–--–---–ს დაენიშნა ადვოკატი სახაზინო წესით.

 

დადგენილია, რომ ადვოკატ პ----- ნ-----ეს 2014 წლის 13 ოქტომბრის შემდეგ აღარ განუხორციელებია იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვილისწინებული ვალდებულება და აღარ დაუცავს დ----- ფირცხალიშვილის ინტერესები. უფრო მეტიც, მან 2014 წლის ოქტომბერში დატოვა საქართველოს საზღვარი და ერთი წლის განმავლობაში აღარ დაბრუნებულა.

 

2014 წლის 10 დეკემბერს კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი დ----- ფ---–---–--–---–ის მიმართ, რა დროსაც დ----- ფ---–---–--–---–ის ინტერესებს იცავდა სახაზინო ადვოკატი ნ-------- გ-----–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-გამარტება.

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრის თაობაზე.

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე.

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის განაჩენი N1-587/14.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პ----- ნ-----ე საქართველოში დაბრუნდა გამგზავრებიდან ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის ოქტომბერში, რა დროსაც მას დაუკავშირდა მოსარჩელე დ----- ლ----------ე და მოითხოვა მისგან საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. ადვოკატ პ----- ნ-----ეს კლიენტისათვის გამოუმუშავებელი ჰონორარი არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.4. 2017 წლის 31 მარტს დ----- ლ----------ემ საჩივრით მიმართა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიას და მოითხოვა ადვოკატ პ----- ნ-----ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აღიძრა დისციპლინური დევნა ადვოკატ პ----- ნ-----ის მიმართ, ხოლო 2018 წლის 22 მაისს ამავე კომისიის მიერ მიღებული იქნა დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე N026/17 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ადვოკატ პ----- ნ-----ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად განისაზღვრა „გაფრთხილება“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-გამარტება.

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრის თაობაზე.

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე.

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დ----- ლ----------ემ სარჩელით სასამართლოს პ----- ნ-----ისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით მომართა 2018 წლის 26 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სასარჩელო განცხადება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- ლ----------ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 709-ე, 710-ე, 711-ე, 715-ე, 720-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გონივრული გააზრებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 01 მაისს დ----- ლ----------ეს და პ----- ნ-----ეს შორის გაფორმდა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად პ----- ნ-----ეს დ----- ლ----------ის ნათესავის, დ----- ფ---–---–--–---–ისათვის უნდა გაეწია საადვოკატო მომსახურება. ხელშეკრულების მიხედვით დ----- ლ----------ემ პ----- ნ-----ეს გადაუხადა 2000 ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის.

 

ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის დადებული იქნა დავალების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ “რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს, გარდა იმ შემთხვევისა,როცა მას ნება დართეს გადაენდო იგი მესამე პირისათვის, ანდა იძულებულია ასე მოიქცეს შექმნილი გარემოებების გამო”.

 

სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ “რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის,აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით”. ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ხოლო ამავე ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად „თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში დ----- ლ----------ეს და პ----- ნ-----ეს შორის 2014 წლის 01 მაისს გაფორმებული იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულების თანახმად პ----- ნ-----ეს უნდა დაეცვა მოსარჩელე დ----- ლ----------ის ბიძაშვილის, დ----- ფ---–---–--–---–ის ინტერსები წინასწარი გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში.

 

ადვოკატმა პ----- ნ-----ემ 2014 წლის 01 მაისის N015 სამართლებრივი მომსახურების ხელშეკრულების თანახმად განახორციელა შემდეგი სახის იურიდიული მოქმედებები: 2014 წლის 13 ივნისს ადვოკატმა პ----- ნ-----ემ მიმართა შუამდგომლობით ბათუმის რაიონულ პროკურორს ბრალდებულ დ----- ფ---–---–--–---–ის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნით; 2014 წლის 01 ივლისს ადვოკატმა იშუამდგომლა სასამართლოში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპეტრიზის დასკვნის დასაშვებ მტკიცებულებად ცნობისა და ექსპერტების დაკითხვის თაობაზე; 2014 წლის 01 ივლისს მოპასუხე პ----- ნ-----ემ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ დ----- ფ---–---–--–---–ის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სტაციონალური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე სახელმწიფო ხარჯზე; 2014 წლის 21 აგვისტოს ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებული დ----- ფ---–---–--–---–ისათვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე; 2014 წლის 18 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და ადვოკატ პ----- ნ-----ეს შორის დაიდო ხელშეკრულება ბრალდებულ დ----- ფ---–---–--–---–ის ფსიქიატრიული შემოწმების თაობაზე. 2014 წლის 10 ოქტომბერს კი პ----- ნ-----ემ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბერს დანიშნული დ----- ფ---–---–--–---–ის სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე იმ მოტივით, რომ ადვოკატი ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე.

 

დადგენილია, რომ ვინაიდან პ----- ნ-----ე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ ბრალდებულ დ----- ფ---–---–--–---–ს დაუნიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე და მის ინტერესებს 2014 წლის 13 ოქტომბრის შემდეგ იცავდა სახაზინო ადვოკატი ნ-------- გ-----–--ე. ასევე დადგენილია, რომ ადვოკატ პ----- ნ-----ეს 2014 წლის 13 ოქტომბრის შემდეგ აღარ განუხორციელებია დ----- ლ----------ესთან გაფორმებული 2014 წლის 01 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და აღარ დაუცავს დ----- ფ---–---–--–---–ის ინტერესები. უფრო მეტიც, პ----- ნ-----ემ 2014 წლის ოქტომბერში დატოვა საქართველოს საზღვარი და იგი საქართველოში დაბრუნდა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ 2015 წლის ოქტომბერში.

 

2014 წლის 10 დეკემბერს კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი დ----- ფ---–---–--–---–ის მიმართ, რა დროსაც დ----- ფ---–---–--–---–ის ინტერესებს იცავდა სახაზინო ადვოკატი.

 

6.4. ასევე დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც პ----- ნ-----ე დაბრუნდა საქართველოში მას დაუკავშირდა მოსარჩელე დ----- ლ----------ე და მოითხოვა მისგან საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, თუმცა ადვოკატ პ----- ნ-----ეს კლიენტისათვის გამოუმუშავებელი ჰონორარი არ დაუბრუნებია. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 31 მარტს დ----- ლ----------ემ საჩივრით მიმართა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიას და მოითხოვა ადვოკატ პ----- ნ-----ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აღიძრა დისციპლინური დევნა ადვოკატ პ----- ნ-----ის მიმართ, ხოლო 2018 წლის 22 მაისს ამავე კომისიის მიერ მიღებული იქნა დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე N026/17 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ადვოკატ პ----- ნ-----ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად განისაზღვრა „გაფრთხილება“.

 

2018 წლის 26 თებერვალს კი მოსარჩელე დ----- ლ----------ემ სარჩელით მომართა სასამართლოს პ----- ნ-----ისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

6.5. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა პ----- ნ-----ისათვის მხარეებს შორის 2014 წლის 01 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრების თაობაზე არის ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, ასევე სამი წელია, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;

 

დადგენილია, რომ მოპასუხე პ----- ნ-----ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება აღარ შეუსრულებია 2014 წლის 13 ოქტომბრიდან და აღნიშნული ამავე პერიოდიდან ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. ასევე უდაოდ დადგენილია, რომ დ----- ფ---–---–--–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 2014 წლის 10 დეკემბერს ადვოკატ პ----- ნ-----ის მონაწილეობის გარეშე და ბრალდებულის ინტერესებს სასამართლოში იცავდა სახაზინო ადვოკატი. შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ დ----- ლ----------ისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის და მისი უფლებების დარღვევის თაობაზე ცნობილი იყო სწორად 2014 წლის ოქტომბიდან, როცა პ----- ნ-----ემ შეწყვიტა ვალდებულების შესრულება და დატოვა საქართველოს საზღვარი. მოსარჩელემ კი სასამართლოს მოპასუხეზე თანხის დაკისრების მოთხოვნით მომართა მხოლოდ 2018 წლის 26 თებერვალს, ანუ მას შემდეგ, რაც გასული იყო მოთხოვნის წარმოშობიდან სამი წელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2014 წლის ოქტომბრიდან, როცა პ----- ნ-----ემ შეწყვიტა ვალდებულების შესრულება და „გაუჩინარდა“. პ----- ნ-----ის მიერ ვალდებულების დარღვევის და მოსარჩელის ინტერესების შელახვის თაობაზე იმთავითვე იყო ცნობილი დ----- ლ----------ისათვის, თუმცა სარჩელი სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 26 თებერვალს. მართალია მანამდე მოსარჩელემ საჩივრით მიმართა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება მხოლოდ მაშინ, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დ----- ლ----------ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე