გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1725-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - თ---------------–--ე
წარმომადგენელი - ნ---------------–---–ი
მოპასუხეები - ლ---------–--ე, თ-----------------–ი
წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმებულ იქნეს უძრავ ქონებაზე მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, კ--------------------------------------------------------------------------------, თ---------------–--ის, ლ---------–--ის და თ-----------------–ის საზიარო უფლება, აღნიშნული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით და მიღებული თანხა განაწილდეს მესაკუთრეთა წილის პროპორციულად.
1.2. მოპასუხეებს ლ---------–--ეს და თ-----------------–ს, მოსარჩელე თ---------------–--ის სასარგებლოდ, დაეკისროთ 4875 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები:
უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, კ-------------------------------------------------------------------------------------------------- თ---------------–--ის, ლ---------–--ის და თ-----------------–ის თანასაკუთრების უფლება შემდეგი მონაცემებით: ლ---------–--ე- ¼ ნაწილი, თ-----------------–ი ½ ნაწილი, თ---------------–--ე - ¼ ნაწილი.
მოსარჩელის განმარტებით, ვერ სარგებლობს საკუთრების უფლებით, ვინაიდან ფართი არის მხოლოდ თ-----------------–ისა და ლ---------–--ის სარგებლობაში და განკარგავენ ისინი თავისი შეხედულებისამებრ, ბინა გაქირავებულია და მოპასუხეები იღებენ ყოველთვიურ შემოსავალს.
სადავო ქონება არის ერთი ოთახი, ფართით 15 კვ.მ. და მისი გაყოფა მეწილეთა შორის ტექნიკურად შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია მისი გამოყენება ორივე მხარის მიერ, ვინაიდან მხარეთა შორის არის დაძაბული ვითარება და კონფლიქტური სიტუაცია, ყოველივე ეს კი უსპობს შესაძლებლობას მოსარჩელეს ისარგებლოს მემკვიდრეობით მიღებული ქონებით და მიიღოს მისგან სარგებელი, ისევე როგორც სარგებლობენ მოპასუხეები.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა ლ---------–--ემ და თ-----------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
მოპასუხეების განმარტებით, საზიარო ქონება, მართალია იურიდიულად წარმოადგენს 30 კვ/მ, მაგრამ მოპასუხეთა სარგებლობაში არსებული ფართი შეადგენს მხოლოდ 15.00 კვ/მ. შესაბამისად, დასადგენია სად მდებარეობს დარჩენილი 15.00 კვ/მ ფართი, არის თუ არა ეს ფართი მოსარჩელის ან/და სხვა პირის სარგებლობაში, შესაძლებელია თუ არა ამ ფართების გაყოფა ნატურით. იმის გათვალისწინებით, რომ საზიარო უფლების გაუქმება ქონების აუქიონზე რეალიზაციის გზით, დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ქონების გატურით გაყოფა შეუძლებელია, მოსარჩელის მიერ წარმოსადგენია აზომვითი ნახაზი 30 კვ/მ ფართზე და ამ ნახაზის მიხედვით შესრულებული დასკვნა იმის შესახებ, რომ ქონების გაყოფა ნატურით არის შეუძლებელი.
მოპასუხეები არ ფლობენ მოსარჩელის წილ ქონებას, სარჩელი მიუღებელი შემოსავლის შესახებ, არის უსაფუძვლო. ამას გარდა, 30.00 კვ/მ ფართის ფლობასაც რომ ჰქონოდა ადგილი, წარმოსადგენია უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ფართის 1/4-ის გაქირავება იქნებოდა შესაძლებელი ან/და მთლიანი ფართი 30 კვ/მ არის გაქირავებული და ქირის ოდენობაა 300 ლარი. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამ კატეგორიის დავებზე დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დამდგარია ანუ მოთხოვნა ხანდაზმულია, სარჩელი უსაფუძვლოც რომ არ იყოს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 უძრავი ქონება მდებარე ქალაქი თბილისი, კ------------------------ის #23, დაზუსტებული ფართობი: 1192.0----------------------------------------–--------------------------------------------------------------------- თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით ლ---------–--ეს, თ-----------------–ს და თ---------------–--ეს, შემდეგი წილობრივი მონაცემებით: ლ---------–--ეს ¼ ნაწილი, თ-----------------–ს ½ ნაწილი და თ---------------–--ეს ¼ ნაწილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19)
3.2.2. სადავო უძრავი ქონების ფართი ფაქტობრივად შეადგენს 15 კვმ-ს და იმყოფება თ-----------------–ის მფლობელობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
-მხარეთა ახსნა-განმარტება
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19)
-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ 80-82)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა თ---------------–--ის სარჩელი ლ---------–--ის და თ-----------------–ის მიმართ, და მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე, 963-ე, 964-ე, 411-ე, 982-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. დასახელებული ნორმის დისპოზიციით განსაზღვრულია საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით, ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია - საზიარო საგნის რეალიზაციით სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის თანახმად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა. (8 ოქტომბერი, 2012; სუსგ ას-932-875-2012, 17 სექტემბერი, 2012 წელი; სუსგ ას-1665-1562-2012, 4 თებერვალი, 2013, სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-1148-1094-2014).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საზიარო უფლების გაუქმებისათვის საკმარისია ამ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის მიერ ნების გამოვლენა, თუმცა მხარის მხოლოდ ეს უფლება სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ადგენს, რომ საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განეკუთვნება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. საზიარო უფლების მქონე პირს კი ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
საკასაციო პალატის განმარტებით, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება). სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებით თავისუფალია, მაგრამ მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული (სუსგ 19.08.2015წ. საქმე №ას-1148-1094-2014, 27.10.2---წ. საქმე №ას-1080-1000-2---).
საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც ჩანს, რომ უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, კ------------------------ის ქ. #23, ბინა #17, ფართით 30 კვ.მ., დარეგისტრირებულია მოსარჩელე თ---------------–--ის საკუთრების უფლება ქონების ¼ ნაწილზე. ამასთან, მხარეთა განმარტებებით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნიდან დგინდება, რომ სადავოდ გამხდარი უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერს და რეალურად 2-ჯერ ნაკლებ ფართს წარმოადგენს. თ-----------------–ის მფლობელობაში არსებული ფართი 15კვმ. კი შეესაბამება საჯარო რეესტრში აღრიცხულ მის წილს ფართის ოდენობას. შესაბამისად, გაურკვეველია სად ან ვის მფლობელობაში იმყოფება მოსარჩელის კუთვნილი ¼ ნაწილი და რეალურად რომელი ქონების რეალიზაციას ითხოვს მოსარჩელე საქმის მასალებით გაურკვეველია.
მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის 982-ე, 164-ე, 411-ე მუხლების საფუძველზე ითხოვს ასევე მიუღებელი შემოსავლის 4875 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი პუნქტის (სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგები) შესაბამისად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
ხოლო სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის (არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობანი) შესაბამისად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად.სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი არ არის სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი მდებარეობა და მისი იდენტიფიცირება შეუძლებალია საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით შეუძლებელ;ია.
დადგენილი არ არის მოსარჩელის წილი უძრავი ქონების მოპასუხის მფლობელობაში ყოფნის ფაქტი.
დადგენილი არ არის უძრავი ქონებიდან გაქირავების ან სხვა წესით ფულადი შემოსავლის მიღების ფაქტი.
დადგენილი არ არის შეეძლო თუ არა მოსარჩელეს მისი კუთვნილი წილის იმგვარი გამოყენება, რომ მიეღო გარკვეული შემოსავალი.
გაურკვეველია რას ეფუძნება მისი მოთხოვნა 4875 ლარის მოთხოვნის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება; ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან/და გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასახელებული ნორმების შესაბამისად, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაამტკიცა გარემოებები, რომელიც მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო. სასამართლომ მოსარჩელის მეორე მოთხოვნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე თ---------------–--ე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხეს სასამართლო ხარჯების ანაზღაურება ვერ დაეკისრება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თ---------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ცისანა სირბილაძე