გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210018002505598
საქმე №2/457-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.07.2019წ ქ.სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი ნ----- გოჩიტაშვილი
მოსარჩელე - თ-- გ----------
მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ----- ქ------
მოპასუხე - სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლა;
მოპასუხის წარმომადგენელი - ნ---- ც------–-
მესამე პირი - შ------- ყ---–---
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება, შვებულების თანხის ანაზღაურება, დისკრიმინაციის მსხვერპლად აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 22.05.2018 წლის №1/კ-101 ბრძანება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 26.02.2018 წლის №6 ოქმი.
1.3. აღდგენილ იქნას თ-- გ---------- სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის თანამდებობაზე და ამ ნაწილში სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ.
1.4.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდისათვის, თითოეული თვისთვის დარიცხული – 968 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდის გათვალისწინებით, ასევე დაეკისროს შვებულების თანხის ანაზღაურება.
1.5.თ-- გ---------- აღიარებულ იქნეს დისკრიმინაციის მსხვერპლად.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2006 წლის 19 სექტემბერს სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დირექტორის №112 ბრძანებით თ-- გ---------- დაინიშნა სკოლაში დაწყებითი განათლების მასწავლებლად. მოსარჩელე თ-- გ----------ს დისციპლინური გადაცდომა სკოლაში მუშაობის პერიოდში არასდროს არ ჩაუდენია, იგი გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგია, აქტიურად იყო ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, გავლილი აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ყველა ტრენინგ–მოდული, ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი და ლიტერატურის აკადემიური დოქტორის ხარისხი, კარგად იცის აზერბაიჯანული ენა, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ პროექტში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტეგრაციასა და ქართული ენის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის მასწავლებლის თ-- გ---------ის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურის თ----- შ--–--–---–-ს მიერ გაკეთებული შეტყობინებით მასწავლებლისგან მოსწავლეებზე ნ-----–- კ-----------ასა და ფ------ მ---------ს ფიზიკურ ფიზიკური შეურაცხყოფის სავარაუდოთ ჩადენასთან დაკავშირებით. 2018 წლის 26 თებერვალს ჩატარდა სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომა, რომელმაც N6 ოქმით დისციპლინური გადაცდომისათვის (მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეურაცხყოფა) თ-- გ----------ს ადმინისტრაციული სახდელის სახედ განუსაზღვრა - სამსახურიდან განთავისუფლება, რის შესახებაც არ იყო ინფორმირებული თ-- გ----------. ამასთან, თ-- გ----------ს, როგორც დაინტერესებულ მხარეს არ მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, არ ეცნობა დისციპლინური წარმოების შესახებ და არ იქნა უზრუნველყოფილი მისი მონაწილეობა დისციპლინური წარმოების საქმეში. დისციპლინურ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები, მოთხოვნის მიუხედავად სრულად არ გადასცემია მხარეს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, თ-- გ----------ს დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია, მოსწავლეებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მოსარჩელეს არ დაურღვევია შინაგანაწესი, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა. მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება და დისციპლინური კომიტეტის სადაო ოქმი არ ეფუძნება რაიმე სადაო კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას. ოქმი დაუსაბუთებელია, არ არის ახსნილი თუ რატომ წარმოადგენდა ხსენებული ფაქტები დისციპლინურ გადაცდომას. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიმართ ადგილი ქონდა დისკრიმინაციას და მისი გათავისუფლება მოხდა არარსებული დარღვევის საფუძველზე, მხოლოდ გაურკვეველ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით.
სასამართლოზე მოსარჩელე თ-- გ----------მ განმარტა, რომ როდესაც ოთახში წერის გაკვეთილი მიმდინარეობდა, ბავშვები რვეულებში წერდნენ დავალებას, რა დროსაც იგი მივიდა მოსწავლე ნ-----–- კ-----------ასთან, რომელიც მერხთან მოხრილი იჯდა და შენიშვნა მისცა მას გასწორებულიყო და ზურგზე უბრალოდ ხელი შეახო და მის მიმართ არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია. გვერდით იჯდა ფ------ მ---------, რომელიც ძალიან ცელქი ბავშვია, იგი რვეულში წერის მაგივრად საკუთარ ხელზე კალამით წარწერებს იკეთებდა და წიგნს ჯღაბნიდა. ამის გამო მან ბავშვს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, გაფერადებულ ხელზე ფანქრით მიუთითა და უთხრა შეეწყვიტა ხელის გაფერადება, მაგრამ რაიმე ცემას, ჩარტყმას ან ხმამაღალ ლაპარაკს ადგილი არ ქონია. მანვე განმარტა, რომ ვიდეოკამერა საკლასო ოთახში დამონტაჟებული არ არის და აღნიშნული შემთხვევა გადაღებულია სკოლის დერეფანში დამონტაჟებული კამერიდან, ჩანაწერი ძალიან გაურკვეველია და არ ჩანს რა ხდებოდა სინამდვილეში. მას არანაირი ძალადობის ფაქტი არ ჩაუდენია, მისი გათავისუფლება მოხდა იმის გამო რომ აქტიურად ჩართულია სკოლის საქმიანობაში და ხშირად აყენებს საკითხებს სწავლის დონის კუთხით სკოლაში არსებული მძიმე ვითარების შესახებ. მან ასევე განმარტა, რომ ისე მიიღეს გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ, რომ მას ახსნა-განმარტების საშუალება არ მისცეს, არ გამოკითხეს მოსწავლეები, რომლებზეც ვითომდა განხორციელდა ძალადობა, არ გამოკითხეს სხვა მოსწავლეები და მხოლოდ გაურკვეველი ვიდეოჩანაწერის საფუძველზე, რომელიც მას არ გადასცეს, დაასკვნეს, რომ მისი მხრიდან ადგილი ქონდა ძალადობას მოსწავლეების მიმართ, რაც არ მომხდარა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის მასწავლებლის თ-- გ---------ის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურის თ----- შ--–--–---–-ს მიერ 20.02.2018 წელს შედგენილი დარღვევის აღრიცხვის ფურცლის საფუძველზე. რომლის შესაბამისად, 2018 წლის 19 თებერვალს მასწავლებელმა თ-- გ----------მ საგაკვეთილო პროცესის მსვლელობის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორ მოსწავლეს: ფ------ მ--------ს და ნ-----–- კ-----------ას, რაც დაფიქსირებულია სკოლაში დამონტაჟებული ვიდეო კამერების მეშვეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით 2018 წლის 26 თებერვალს ჩატარდა სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომა, რომელმაც N6 ოქმით თ-- გ----------ს დისციპლინური სახდელის სახედ განესაზღვრა - სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური წარმოება დაწყებულ იქნა მანდატურის მიმართვის საფუძველზე, რაზეც სკოლის დირექტორი და დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე. მხარისათვის ცნობილი იყო შინაგანაწესით გათვალისწინებული სახდელის სახე მოსწავლეზე ფიზიკური შეურაცხყოფისათვის, სადაც ასევე ამ გადაცდომისათვის უპირობოდ, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, დისციპლინური გადაცდომის დადასტურების შემთხვევაში გათვალისწინებულია სამსახურიდან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში დისციპლინური კომიტეტის მიერ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას, მეოთხე კლასის მოსწავლეებს ფ------ მ--------ს და ნ-----– კ-----------ას მასწავლებელი თ-- გ---------- მოექცა სასტიკად და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც დასტურდება სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში დისციპლინური კომიტეტის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, ვინაიდან ვიდეო ჩანაწერით ცალსახად დგინდება მოსწავლეებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რომელიც ითვალისწინებს სახდელის სახით გათავისუფლებას და აღნიშნულის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო სკოლაში დასაქმებისთანავე. თ-- გ---------- იყო სამეურვეო საბჭოს წევრი და ამრიგად ინფორმირებული იყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის თაობაზე, საქმის მასალების ასლები მას გადაეცა გარდა ვიდეო ჩანაწერისა, რადგანაე ჩანაწერი შეიცავდა სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს.
მოწმეთა ჩვენებები:
სასამართლოში გამოკითხულმა მოწმეებმა, (დისციპლინური კომიტეტის წევრებმა) ს--–-- ნ--------მა, ა--- ა------–---მა, ი-----–--- ყ-------–---–მა და ე-–----- ჯ--–--–---მა განმარტეს, რომ დისციპლინური კომიტეტში ექვსი წევრი იყო, ორი მასწავლებელი, ორი მშობელი და ორი მოსწავლე. თავიდან როდესაც ნახეს ვიდეო ჩანაწერი, კომიტეტმა მიიჩნია, რომ თ-- გ---------ისათვის გამოეცხადებინათ საყვედური. შემდეგ თავიანთი გადაწყვეტილება გადაამოწმეს რესურსცენტრის იურისტთან, ვისგანაც მიიღეს კონსულტაცია, რომ ჩანაწერში ასახული კადრები არის საფუძველი იმისა, რომ თ-- გ---------- გათავისუფლდეს სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაახლოებით ორი-სამი დღის შემდეგ კომიტეტმა შეცვალა გადაწყვეტილება. მოწმეები განმარტავენ, რომ თ-- გ---------- და ბავშვები, რომლებზეც სავარაუდოთ განხორციელდა ძალადობა კომიტეტის სხდომაზე არ მოუწვევიათ და არც სხვა დროს არ გამოუკითხავთ. მოწმეების სახით დაკითხული კომიტეტის წევრები თ-- გ----------ს ახასიათებენ კარგ და კვალიფიციურ პედაგოგად.
სასამართლოზე გამოკითხულმა სკოლის მოსწავლემ, არასრულწლოვანმა ნ-----–- კ-----------ამ განმარტა, რომ იმ დღეს ოთახში გაკვეთილი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, რვეულებში წერდნენ, და დროსაც მასწავლებელი თ-- გ---------- მასთან მივიდა, შენიშვნა მისცა, რომ მოხრილი იჯდა, უბრალოდ ხელი ზურგზე დაადო და უთხრა გასწორებულიყო. მის მიმართ არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია, იგი ძალიან კარგია მასწავლებელია, ბავშვებს კარგად ექცევა და მათაც ძალიან უყვართ. გვერდით იჯდა ფ------ მ---------, რომელიც ცუდად სწავლობს და ძალიან ცელქია. იგი გაკვეთილის დროს საკუთარ ხელზე კალამით წარწერებს იკეთებდა და წიგნს ჯღაბნიდა. მასწავლებელმა მას შენიშვნა მისცა, უბრალოდ, დაჯღაბნილ ხელზე ფანქრით მიუთითა და უთხრა შეეწყვიტა ხელის გაფერადება, მაგრამ რაიმე ცემას, ფანქრის ჩარტყმას ან ხმამაღალ ლაპარაკს ადგილი არ ქონია.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2006 წლის 19 სექტემბერს სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დირექტორის №112 ბრძანებით თ-- გ---------- დაინიშნა სკოლაში დაწყებითი განათლების მასწავლებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– სკოლის დირექტორის 2006 წლის 19 სექტემბერის №112 ბრძანება
3.2. მოსარჩელე თ-- გ----------ს და მოპასუხე სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლას შორის იდებოდა ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა ერთი წლით. თ-- გ----------ს და სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლას შორის ბოლო შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 2017 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2011–2017 წლების შრომის ხელშეკრულებები;
3.3. სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის მასწავლებლის თ-- გ---------ის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურის თ----- შ--–--–---–-ს მიერ 20.02.2018 წელს შედგენილი სავარაუდო დარღვევის აღრიცხვის N715056 ფურცლის საფუძველზე. N715056 დარღვევის აღრიცხვის ფურცელში გაკეთებული ჩანაწერით, სკოლაში დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერის მიხედვით 2018 წლის 19 თებერვალს მასწავლებელმა თ-- გ----------მ საგაკვეთილო პროცესის მსვლელობის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორ მოსწავლეს - ფ------ მ--------ს და ნ-----–- კ-----------ს. დარღვევის ფაქტი ეცნობა დირექციას და ბავშვების მშობლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცელი N715056
- მოწმეთა ჩვენება;
3.4. 2018 წლის თებერვალში სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლაში ჩატარდა სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომა, სადაც მოხდა ვიდეო ჩანაწერის დემონსტრირება 2018 წლის 19 თებერვალს საკლასო ოთახში მე-4 კლასში გაკვეთილის დროს სავარაუდოდ მომხდარი დარღვევის (მოსწავლისათვის ფიზიკური შეურაწყოფის მიყენების) შესახებ. რადგან დერეფანში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი გაურკვეველი იყო, აზრები გაიყო და კომიტეტის წევრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს თ-- გ---------ისთვის საყვედურის გამოცხადება. შემდეგ დისციპლინური კომიტეტის წევრებმა თავისი გადაწყვეტილება გადაამოწმეს რესურსცენტრის იურისტთან, რომელსაც აჩვენეს ჩანაწერი და ვისგანაც მიიღეს კონსულტაცია, რომ ჩანაწერით დასტურდება ძალადობა ორ არასრულწლოვან ბავშვზე, რაც საფუძველი იყო იმისა, რომ თ-- გ---------- გათავისუფლებულიყო სამსახურიდან. დაახლოებით ორი დღის შემდეგ, ისე რომ სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომა აღარ ჩატარებულა, კომიტეტის წევრებმა შეადგინეს 26 თებერვლით დათარიღებული N6 ოქმი, სადაც მიუთითეს, რომ შინაგანაწესის 22–ე მუხლის მე–9 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის (მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეურაცხყოფა) თ-- გ----------ს ადმინისტრაციული სახდელის სახედ განესაზღვრა - სამსახურიდან განთავისუფლება.
სოფელ ი------------–--ს სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდა სავარაუდო დამრღვევი თ-- გ----------, ფაქტის შესახებ მისი პოზიცია მოსმენილი არ იქნა, ასევე არ იქნა გამოკითხული მე-4 კლასის მოსწავლეები, რომელთა მიმართ სავარაუდოდ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, არ იქნა გამოკითხული გაკვეთილზე მყოფი სხვა მოსწავლეები და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მხოლოდ ვიდეოკამერის ჩანაწერის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 26.02.2018 წლის სხდომის 06 ოქმი
– სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის შინაგანაწესი;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენება;
3.5. 2018 წლის 02 მარტს, სკოლის დირექტორმა ვ---------------- წერილით მიმართა სკოლის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარეს, აცნობა სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე და წარუდგინა სხდომის ოქმი №6.
2018 წლის 05 მარტს სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, დღის წესრიგით – თ-- გ----------სთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით სკოლის დირექტორისათვის სამეურვეო საბჭოს თანხმობის მიღება.
ოქმში აღნიშნულია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრებმა აღნიშნული ფაქტის გამოკვლევისა და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაკითხეს როგორც მასწავლებელი თ-- გ---------- ისე მოსწავლეები და მშობლები, გაეცნენ ვიდეო კამერის ჩანაწერს და ცათვალეს, რომ მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობა არ დაფსირდება. შესაბამისად, სამეურვეო საბჭომ თანხმობა არ გასცა და გადაწყვიტა ბათილად ეცნო დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება თ-- გ---------ისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ოქმის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია: სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს სამეურვეო საბჭო არ არის თანახმა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელ თ-- გ---------ის შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 05.03.2018 წლის N16 ოქმი
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენებები;
3.6. სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დირექტორის 06.03.2018 წლის N263048 წერილის და ქ. საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 06.03.2018 წლის N263120 კორესპონდენციის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა იმსჯელა სამეურვეო საბჭოს 05.03.2018 წლის N16 ოქმთან დაკავშირებით და N1604181135 დასკვნით დაადგინა, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები სამეურვეო საბჭოს თანხმობის მიღების საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და ოქმის შედგენისას. შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დასახელებული დასკვნის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია: 1. სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლამ განახორციელოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში (თანდართული დოკუმენტაციით) წარმოადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ერთი თვის ვადაში; 2. დათხოვნილ იქნას სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო. ამის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 23.04.2018 წლის N388 ბრძანებით სამეურვეო საბჭო დათხოვნილ იქნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა N1604181135;
– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 23.04.2018 წლის N388 ბრძანება სამეურვეო საბჭოს დათხოვნის შესახებ;
3.7. სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვ---------------- 2018 წლის 22 მაისს მიიღო ბრძანება N1/კ–101 თ-- გ----------სათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ თ-- გ----------სთან შეწყდეს 2017 წლის 15 სექტემბერს დადებული №5-26 შრომითი ხელშეკრულება მოსწავლის ფიზიკური შეურაწყოფის გამო.
ბრძანება გამოცემული იქნა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, 43-ე მუხლის „ ზ “ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომითი კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 37 მუხლის პირველი პუნქტის „ ზ“ ქვეპუნქტისა და - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის შესაბამისად. ბრძანების საფუძვლად მითითებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა N1604181135 და სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 26.02.2018 წლის სხდომის N6 ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის 22.05.2018 წლის №1/კ - 101 ბრძანება.
3.8. მოსარჩელემ 04.06.2018 წლის განცხადებით მიმართა სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლას და საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის 7 კალენდარული დღის განმავლობაში დასაბუთება. თუმცა აღნიშნულზე მოპასუხეს რეაგირება არ განუხორციელებია. იგივე წერილით მოთხოვნილი ნაწილი ინფორმაცია/აქტები კი სკოლის საქმის მწარმოებელმა თ-- გ----------ს იმავე დღეს გადასცა, კერძოდ: 1.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესი; 2. შრომის ხელშეკრულებების ასლები 2011 წლიდან დღემდე; 3.სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ ბრძანება; CD დისკზე ჩაწერილი 2018 წლის 19 თებერვლის ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით დაფიქსირებული ჩანაწერის გადაცემაზე სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმაც 18.06.2018 წლის MES2 18 00738367 წერილით უარი განაცხადა სხვა პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– მოსარჩელის 04.06.2018 წლის განცხადება;
– სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 18.06.2018 წლის MES2 18 00738367 წერილი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან საქმის მასალებით ვერ დასტურდება შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე აღდგენილი უნდა იქნეს თავის უფლებებში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
ევროპის სოციალური ქარტია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 26.1-ე მუხლის შესაბამისად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს თანამედროვე განვითარების ეტაპი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმ ფუძემდებლური, საერთაშორისო ხასიათის მქონე რეგულაციების შექმნით, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და სხვა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას (თუ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია უმთავრესად პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების გარანტორია, ევროპის სოციალური ქარტია სწორედ სოციალური უფლებების დამდგენი და შესაბამისი გარანტიების შემქმნელი დოკუმენტია რეგიონალური - ევროპული მასშტაბით), რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას. ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება. აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „ საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან. მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. (იხ. სუსგ #ას-941-891-2015, 29.01.2016წ.)
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 ნაწილების დებულებებით გამოხატულია და გაცხადებულია დამსაქმებლის და დასაქმებულის თანაბრობა და ბალანსი შრომით ურთიერთობებში, მიუხედავად დასაქმებულის დამსაქმებელზე დამოკიდებულებისა. კერძოდ, გაცხადებულია, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. მოცემულ შემთხვევაში, დავა ეხება შრომით ურთიერთობას ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ ტიპის დაწესებულებებში შრომითი ურთიერთობები სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის რეგულირდება „ ზოგადი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონით.
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის (სკოლის დირექტორის ფუნქციები) პირველი ნაწილის „ ზ “ პუნქტის მიხედვით სკოლის დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. ამავე 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ზ1 “ პუნქტის მიხედვით სკოლის დირექტორი უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში.
საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ზ “ პუნქტის მიხედვით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად: დისციპლინური სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემტხვევაში შესაძლებელია შედგენილი იქნას აქტი, რომელიც ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ.
სასამართლო მიუთითებს, რომ დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი ის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი ან-----–ის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების გამამართლებელი გარემოებები. საქმის მასალები, მოწმეთა ცვენებები და საქმეში წარმოდგენილი სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერი არ ადასტურებს თ-- გ---------ის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენას, სკოლის მოსწავლეთა მიმართ მასწავლებლის მხრიდან ძალადობის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტობრივ გარემოებებს და შეგროვილი საქმის მასალები მიუთითებენ მხოლოდ მასზე, რომ მასწავლებლის ქმედებები უკავშირდებოდა მხოლოდ მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვის მიზანს. ამდენად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება და გადაცდომების ჩადენის ფაქტი. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ თ-- გ----------ს გააჩნია სკოლაში ხანგრძლივი პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება, მასწავლებლები და მოსწავლეები მას ახასიათებენ როგორც კარგ პედაგოგს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ჯეროვნად ასრულებდა შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეოებებს და წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის მიხედვით არანაირი ძალადობის ფაქტი არ ვლინდება. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იყო ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ზ1 “ პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს (თ-- გ----------ს) შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ისე, რომ ამის წინაარმდეგი იყო სამეურვეო საბჭო და გათავისუფლებაზე თანხმობა არ მიუცია. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ისე, რომ მოსარჩელესაგან არ იქნა მიღებული ახსნა-განმარტება სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე არ იქნენ გამოკითხული მოსწავლეები, რომლების მიმართაც ვითომდა განხორციელდა ძალადობა, არ იქნენ გამოკითხული საკლასო ოთახში მყოფი სხვა მოსწავლეები და დასკვნები ძალადობის ჩადენასთან დაკავსირებით გაკეთდა მხოლოდ ბუნდოვან ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით, რომლითაც შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს, თუ რეალურად რა ხდებოდა საკლასო ოთახში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებები არ არის მიღებული საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე და სათანადოდ არ არის შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. თ-- გ---------ის სამსახურიდან გათავისუფლება ეწინააღმდეგება დასაქმებულის შრომის უფლებას, რის გამოც, სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 22.05.2018 წლის №1/კ-101 სადავო ბრძანება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.2. მითითებულ ბრძანებაში გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 26.02.2018 წლის №6 ოქმი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ოქმი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგი გარემოებების გამო:
მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი იქნა, რომ თავიდან როდესაც დისციპლინური კომიტეტის წევრებმა ნახეს ვიდეო ჩანაწერი, მათ კენჭისყრის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება თ-- გ---------ისათვის გამოეცხადებინათ საყვედური და მხოლოდ რესურსცენტრის იურისტთან კონსულტაციის შემდეგ შეცვალეს გადაწყვეტილება და ახალი სხდომის ჩატარების გარეშე შეადგინეს ოქმი თ-- გ---------ის გათავისუფლების შესახებ. გარდა ამისა სხდომაზე არ იქნა მოწვეული თავად თ-- გ---------- ახნსა-განმარტების მისაცემად და არ იქნა გამოკითხული მოსწავლეები, რაც საშუალებას მისცემდა კომიტეტის წევრებს დაედგინად რეალური ვითარება. ამის ნაცვლად, საოქმო გადაწყვეტილება მიღეული იქნა მხოლოდ ვიდეოკამერის ჩანაწერილს საფუძველზე, რომლის მიხედვით მათ ვერ გაარკვიეს რეალური სურათი, თუ რა ხდებობა საკლასო ოთახში. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ დისციპლინური კომიტეტის მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ იქნა შეგროვილი საკმარისი მტკიცებულებები დასკვნების გასაკეთებლად, რის გამოც ეს ოქმი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.3. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე არ მიუთითებს და საქმის მასალებითაც არ დგინდება მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობა და ამისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა. იმის გამო, რომ სასამართლომ ჩათვალა ბათილად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 22.05.2018 წლის №1/კ-101 ბრძანება, თ-- გ---------- აღდგენილი უნდა იქნეს პირვანდელ სამუშაოზე და ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა არსრულდეს დაუყოვნებლივ.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1. მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც: მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და, რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით, დამსაქმებელმა მოუსპო შესაძლებლობა დასაქმებულს, განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.
სადავო არ არის, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მოსარჩელის შრომის (ხელზე მისაღები ოდენობა) ანაზღაურება შადგენდა 968 (ცხრაას სამოცდა რვა) ლარს.
ამრიგად, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 968 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით 2018 წლის 22 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დროის მონაკვეთში.
6.5. მოსარჩელე ითხოვს ასევე შვებულების თანხის ანაზღაურებას. საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. სასამარტლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურება მთლიანად მოხდება მოპასუხის მხრიდან იძულებითი განაცდურის გადახდით, რის გამოც მოტხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.
6.6. რაც შეეხება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, სასამართლო განმარტავს შემდეგს: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლით, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. ხოლო კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით აკრძალულია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დისკრიმინაცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფორმულირების მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაციის დასადგენად საჭიროა, სახეზე იყოს ,, განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ ან შედარებით ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ ’’, რაც ამოცნობად მახასიათებლებს ეფუძნება.
,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2 და მე-3 მუხლებით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ხოლო მე-8 პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება. ამრიგად, როგორც საერთაშირისო, ისე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილია ყველა სახის განსხვავებული მოპყრობის აკრძალვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ, მოსარჩელე ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ თ-- გუეგენიძის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა მისი სამსახურში აქტივობის ნიშნით, რამდენადაც იგი იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სკოლის ხელძღვანელობას ხშირად აკრიტიკებდა, ასევე მის მიმართ განსხვავებული მოპყრობა გომოიხატა იმით, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნა უკიდურესი ზომა გათავისუფლება, იმ დროს როდესაც სხვა მასწავლებლებს მძიმე გადაცდომებებისათვის მხოლოდ საყვედურებს უცხადებენ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლით, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ დისკრიმინაციას დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ზემოაღნიშნული ნიშნით განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თ-- გ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 22.05.2018 წლის №1/კ-101 ბრძანება.
1.2.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 26.02.2018 წლის №6 ოქმი.
1.3. დაევალოს მოპასუხე სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლას აღადგინოს თ-- გ---------- სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის თანამდებობაზე. ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ.
1.4. მოპასუხე სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლას დაეკისროს იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისათვის ყოველ გაცდენილ თვეზე 968 (ცხრაას სამოც და რვა) ლარის ოდენობით 2018 წლის 22 მაისიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.5. სასარჩელო მოთხოვნა, რომ თ-- გ---------- აღიარებული იქნეს დისკრიმინაციის მსხვერპლად, არ დაკმაყოფილდეს. ასევე მოსარჩელეს უარი ეთქვას შვებულების თანხის დაკისრებაზე.
2. მოპასუხე სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი------------–--ს საჯარო სკოლას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის წესების დაცვით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: პაატა ნოზაძე