გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №421210019003036381 (№2/86-2019)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 აგვისტო 2019 წელი ქ. მარტვილი
სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
მარტვილის მუნიციპალიტეტში დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - მელანო შალამბერიძე
მოსარჩელე - შპს ,,ე----------------’’
წარმომადგენელი - თა---- გე----ე
მოპასუხე - ირ---–- ჯა--–-ა
მოპასუხე - მზ-- ჯა--–-ა
დავის საგანი - სოლიდარულად ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 3198,12 ლარის ანაზღაურების დაკისრება (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1672,66 ლარი, სარგებელი - 1525,46 ლარი).
1.2. გირავნობის საგნის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
1.3. ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
1.3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მოსარჩელის განმარტებით, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 3198,12 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1672,66 ლარი, სარგებელი - 1525,46 ლარი. გარდა ამისა, მოპასუხის მხრიდან ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა გაეწია დამატებითი ხარჯი გირავნობის საგნის შეფასების მიზნით, 100 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურების ვალდებულება ასევე ეკისრება მოპასუხეს, მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ირ---–- ჯა--–-ამ და მზ-- ჯა--–-ამ სარჩელის მოთხოვნა არ ცნეს (იხ. შესაგებელი; სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 30 სექტემბერს ირ---–- ჯა--–-ასა და შპს „ე-----------------“-ს (ს/კ 4--------) შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №142231/K, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელს გადასცა სესხი 3000 ლარი, ყოველთვიურად 6 %-იანი სარგებლის დარიცხვით, 36 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- №142231/K ხელშეკრულება;
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ და გრაფიკი (დანართი 1);
- სესხის დაფარვის წესი (დანართი 2);
3.2.2.2016 წლის 30 სექტემბერს შპს ,,ე----------------''-ს ირ---–- ჯა--–-ას სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მზ-- ჯა--–-ასთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მზ-- ჯა--–-ამ იკისრა სოლიდარული ვალდებულება ირ---–- ჯა--–-ასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სრული მოცულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- თავდებობის ხელშეკრულება;
3.2.3. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა "FORD TRANZIT 100 LTD“. ხელშეკრულების 6.4 პუნქტით მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არაა საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- გირავნობის ხელშეკრულება;
- სარჩელი
3.2.4. №142231/K ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
3.2.5. გირავნობის საგნის - ავტომანქანა „FORD TRANZIT 100 LTD“-ის საბაზრო ღირებულება 30.10.2017 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 3800 ლარით, ხოლო ლიკვიდური ღირებულება - 3 200 ლარით. გირავნობის საგნის შეფასების აქტის მომზადების ღირებულების სახით მოსარჩელემ გადაიხადა 100 ლარი. ავტომანქანის რეალიზაციამდე მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც მოპასუხეს ეცნობა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ავტომანქანის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ. ირ---–- ჯა--–-ას მხრიდან დავალიანების დაუფარავობის გამო 2018 წლის 01 მარტს მოსარჩელემ უზრუნველყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნის - ავტომანქანა „FORD TRANZIT 100 LTD“-ის რეალიზაცია 3 520 ლარად. ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან 1217,34 ლარით დაიფარა ძირი თანხა, 424 ლარით - პირგასამტეხლო და სარგებელი - 1878,66 ლარის ოდენობით. მოპასუხეს გაეგზავნა წერილი ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის განაწილებისა და დარჩენილი ვალდებულების შესახებ დეტალური ინფორმაციით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მანქანის შეფასების აქტი;
- ნასყიდობის ხელშეკრულება;
3.2.6. 2019 წლის 09 ივნისის მდგომარეობით, მოპასუხე ირ---–- ჯა--–-ას (პ/ნ 39001038743) დავალიანება სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, შეადგენს - 3 198,12 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1672,66 ლარი, სარგებელი - 1525,46 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე არ ცნობს სარჩელის მოთხოვნას, და მიიჩნევს, რომ დაავლიანება დაფარული აქვს სრულად, მაგრამ ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ არის.
მოპასუხემ გარდა მისივე განმარტებისა, რომ ვალდებულება შესრულებული აქვს სრულად, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები მოვალის (მოპასუხის) პირად ანგარიშზე თანხის მოძრაობისა და მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად დანიშნულებისამებრ გადარიცხვების შესახებ.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით, მათ შორის ამონაწერით მოვალის ანგარიშიდან დასტურდება, რომ მოვალის მიერ ჩარიცხული თანხა, მათ შორის ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა, სრულად არის მიმართული და განაწილებული დავალიანების დასაფარავად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ ე----------------“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 115-ე, 408-ე, 412-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ირ---–- ჯა--–-აზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. ირ---–- ჯა--–-ამ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.
მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ შპს „ე----------------’’-ს და ირ---–- ჯა--–-ას შორის 2016 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №142231/K, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებების მოთხოვნები ირ---–- ჯა--–-ამ დაარღვია არაერთხელ და გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც მას დაერიცხა დავალიანება - 3 198,12 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1672,66 ლარი, სარგებელი - 1525,46 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, ირ---–- ჯა--–-ასაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, ირ---–- ჯა--–-ა ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. ირ---–- ჯა--–-ას მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.
მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ირ---–- ჯა--–-ა ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებას, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შესატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ირ---–- ჯა--–-ამ შპს „ე-----------------“-სგან მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. ირ---–- ჯა--–-ამ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ზედიზედ ორჯერ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.
ამდენად, ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხი ძირი თანახა - 1672,66 ლარის ოდენობით.
6.2. საქართველოს სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს ძირითადი თანხის სარგებელს, კერძოდ ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შეთანხმებით სესხის გადაცემის შესახებ, სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყება მისი მსესხებლისათვის გადაცემის დღიდან და გრძელდება თანხის სრულად დაბრუნებამდე. მათ შორის მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით, ავტომობილის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემიდან მის რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში, მიუხედავად იმისა თუ გადაცემიდან რამდენ ხანში უზრუნველყოფს მოგირავნე ავტომობილის რეალიზაციას’’ მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო სესხის ხელშეკრულების პირობებს. სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად მსესხებელს სესხი უნდა გადაეხადა სესხის ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის მიხედვით, გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები მოიცავს სესხის ძირითად თანხას და დარიცხულ სარგებელს %.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვილსა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
ამდენად, სარგებელზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, სარგებლის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხე მზ-- ჯა--–-ამ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სრული პასუხისმგებლობა ირ---–- ჯა--–-ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ირ---–- ჯა--–-ასთან ერთად მზ-- ჯა--–-ას, სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
განსახილველ შემთხვევაში, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების მე-3 მუხლით თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 16 500 ლარით, როგორც ძირითადი ვალის, ისე სარგებლის ჩათვლით, ამდენად, თავდებმა პირმა სრულად უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯი, გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის სახით, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებლად.
6.5. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას მთელი თავისი ქონებით ეგო პასუხი ნებისმიერ ნაშთზე. მხარეთა შეთანხმებით, იგივე წესი ვრცელდებოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში წარმოშვებულ ხარჯებსა და დანახარჯებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი ნაშთის დაფარვის წესზე, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. შესაბამისად, აღსრულება დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი თანხა 50 ლარის ოდენობით და უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი 25 ლარის ოდენობოთ.
8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ შეთანხმებულან, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღა დაედო მოპასუხე ირ---–- ჯა--–-ას, ნათია ჯა--–-ასა და ლალი ვერულაშვილის თანასაკუთრებაში არსებულ, მარტვილის რაიონის, სოფელ ხუნწში, მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი - 41.08.31.017. ირ---–- ჯა--–-ას (პ/ნ 2----------) კუთვნილ წილს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს ,,ე----------------“-ის (ს/ნ 4--------) მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ირ---–- ჯა--–-ას (პ/ნ 2----------) და მზ-- ჯა--–-ას (პ/ნ 6----------) მოსარჩელე შპს ,,ე----------------“-ის (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 3 198,12 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1672,66 ლარი, სარგებელი - 1525,46 ლარი.
1.2. მოპასუხე ირ---–- ჯა--–-ას (პ/ნ 2----------) და მზ-- ჯა--–-ას (პ/ნ 6----------) მოსარჩელე შპს ,,ე----------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა - 75 ლარი და გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარის ოდენობით.
1.3. თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით ანუ მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავიანთი ქონებით.
2. მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. უცვლელად დარჩეს მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის. მარტვილი კ. გამსახურდიას ქუჩა №12).
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მარტვილის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია