გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.08.2019
საქმის ნომერი
110210018002245281
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002245281

N2/14-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.08.2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი: სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე: სს ,,თიბისი ბანკი",წარმომადგენელი: კობა ქორიძე,მოპასუხე: შოთა რობაქიძე,მოპასუხის წარმომადგენელი: მარინა მანგოშვილი,დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, უფლებამონაცვლედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე შოთა რობაქიძეს მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ N2154806-8119065 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირი თანხის - 22312.46 ლარის, პროცენტის 220.08 ლარის გადახდა;

 

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიეცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში, მე-9 ქუჩა, N34. იპოთეკის საგანი: დაზუსტებული ფართობი: 2405 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01/1 - საცხოვრებელი, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 207.50 კვ.მ, საკადასტრო კოდით 33.17.35.043. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხე შოთა რობაქიძის სხვა ქონებაზე;

 

1.3. მოპასუხე შოთა რობაქიძე, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე აღიარებულ იქნეს გარდაცვლილი კობა რობაქიძის და ნინო რობაქიძის უფლებამონაცვლედ და უძრავი ქონების - მდებარე: თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში, მე-9 ქუჩა, N34, საკადასტრო კოდით 33.17.35.043 - ის ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა გარდაცვლილ კობა რობაქიძესა და ნინო რობაქიძეს აღირიცხოს მოპასუხე შოთა რობაქიძე საკუთრებად;

 

1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ;

 

მოსარჩელის პოზიცია:

2014 წლის 22 სექტემბერს სს "თიბისი ბანკს" (სს "ბანკი კონსტანტას" უფლებამონაცვლე) და მსესხებელს კობა რობაქიძეს შორის გაფორმდა N42-30905-000053 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 21 ოქტომბერს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N2154806-8119065 ხელშეკრულება და მსესხებელს დაუმტკიცდა სესხი 29400 ლარი, 38 თვის ვადით, წლიური 15%-იანი სარგებლით.

N42-30905-000053 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების და საბანკო კრედიტის N2154806-8119065 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად: 2014 წლის 24 სექტემბერს სს "თიბისი ბანკსა" და კობა რობაქიძეს, ნინო რობაქიძესა და შოთა რობაქიძეს შორის გაფორმდა N42-30905-000552 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს "თიბისი ბანკის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ქონება, მდებარე: თერჯოლის რაიონის, სოფელ ალისუბანში, მე-9 ქუჩა, N34-ში, საკადასტრო კოდით - 33.17.35.043. 2015 წლის 21 ოქტომბერს სს "თიბისი ბანკსა" და შოთა რობაქიძეს შორის გაფორმდა N42-30905-000553 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლის ძალით განისაზღვრა თავდებობის ზღვრული თანხა 30870 ლარის ფარგლებში.

როგორც კრედიტორისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი 2016 წლის 06 ოქტომბერს გარდაიცვალა მსესხებელი/უძრავი ქონების თანამესაკუთრე კობა რობაქიძე, 2016 წლის 03 ივნისს კი გარდაიცვალა იპოთეკით დატვირთული ქონების თანამესაკუთრე ნინო რობაქიძე, რომლებიც წარმოადგენენ მოპასუხე შოთა რობაქიძის მშობლებს. მსესხებლის გარდაცვალების გამო საბანკო კრედიტი აღმოჩნდა ვადაგადაცილებაში და დაირღვა სესხის გადახდის გრაფიკი. მოპასუხე შოთა რობაქიძე, როგორც სავარაუდო უფლებამონაცვლეს, სოლიდაღარულ მოვალეს და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების თანამესაკუთრეს, კრედიტორის მხრიდან ეცნობა სასესხო დავალიანების შესახებ, ხოლო მისი გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალწარმოების დაწყების თაობაზე. რადგან მოპასუხე მხარის მიერ სესხზე გადახდები არ განხორციელებულა და არაერთგზის დაირღვა სესხის დაფარვის გრაფიკები, არსებული სასესხო დავალიანების დაუფარაობის გამო დარღვეულია სს "თიბისი ბანკის", როგორც კრედიტორის უფლებები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შოთა რობაქიძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მარინა მანგოშვილმა სარჩელი ცნო ასევე ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხისათვის 7312 ლარის დაკისრების და უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში, დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ითხოვა უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2014 წლის 22 სექტემბერს სს "თიბისი ბანკსა" და მსესხებელს კობა რობაქიძეს შორის გაფორმდა N42-30905-000053 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 22 სექტემბრის N42-30905-000053 საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

- მხარეთა განმარტება;

 

3.2. 2015 წლის 21 ოქტომბერს სს "თიბისი ბანკსა" და მსესხებელს კობა რობაქიძეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N2154806-8119065 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელს დაუმტკიცდა სესხი 29400 ლარი, 38 თვის ვადით, წლიური 15%-იანი სარგებლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 21 ოქტომბრის N2154806-8119065 ხელშეკრულება;

- მხარეთა განმარტება;

 

3.3. 2014 წლის 24 სექტემბერს სს "თიბისი ბანკსა" და კობა რობაქიძეს შორის გაფორმდა შორის გაფორმდა N42-30905-000552 იპოთეკის ხელშეკრულება (ფ.პ). იპოთეკით დაიტვირთა კობა რობაქიძის, შოთა რობაქიძის და ნინო რობაქიძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ს/კ 33.17.35.043 მდებარე თერჯოლის რაიონი სოფელი ალისუბანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 24 სექტემბრის N42-30905-000552 იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

-მხარეთა განმარტება.

 

3.4. 2015 წლის 21 ოქტომბერს სს "თიბისი ბანკსა" და შოთა რობაქიძეს შორის გაფორმდა N42-30905-000553 თავდებობის სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლის ძალით განისაზღვრა თავდებობის ზღვრული თანხა 30870 ლარის ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2015 წლის 21 ოქტომბრის N42-30905-000553 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება;

-მხარეთა განმარტება;

 

3.5. 2016 წლის 03 ივნისს გარდაიცვალა იპოთეკით დატვირთული ქონების თანამესაკუთრე ნინო რობაქიძე, 2016 წლის 06 ოქტომბერს გარდაიცვალა მსესხებელი/უძრავი ქონების თანამესაკუთრე კობა რობაქიძე, რომლებიც წარმოადგენენ მოპასუხე შოთა რობაქიძის მშობლებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კობა რობაქიძისა და ნინო რობაქიძის გარდაცვალების მოწმობები;

- მხარეთა განმარტება.

 

3.6. გარდაცვლილი მშობლების დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო მოპასუხე შოთა რობაქიძემ. ამასთან, აღნიშნული პირი თანამესაკუთრედ რეგისტრირებულია დანაშთი ქონების რეგისტრაციის მისამართზე, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდროს და განკარგავს საქმის განხილვის მომენტისთვისაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- მოპასუხის შესაგებელი;

 

3.7. 2015 წლის 20 იანვარს განხორციელდა სს ,,ბანკი კონსტანტას" და სს ,,თიბისი ბანკის" რეორგანიზაცია, რის შედეგადაც მოხდა სს ,,ბანკი კონსტანტას" სს ,,თიბისი ბანკთან" შერწყმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

 

3.8. ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2016 წლის 03 ივნისს გარდაცვლილი ნინო რობაქიძის და 2016 წლის 06 ოქტომბერს გარდაცვლილი კობა რობაქიძის სამკვიდრო ქონების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 17 ნოემბრის ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან N16/15514 და N16/15515;

 

3.9. ნინო რობაქიძისა და კობა რობაქიძის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მოპასუხე შოთა რობაქიძე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი; შესაგებელი;

- მხარეთა განმარტება.

 

3.10. მსესხებლის კობა რობაქიძის გარდაცვალების შემდეგ საბანკო კრედიტის გადახდა არ განხორციელებულა და 2017 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხის სასესხო დავალიანება შეადგენს 23898.55 ლარს. საიდანაც: ძირი 22312.46 ლარი, დარიცხული პროცენტი 1586.09 ლარი, დარიცხული ჯარიმა 0.00 ლარი. დარიცხული პროცენტის ოდენობა შემცირებულ იქნა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ და განისაზღვრა - 220.08 ლარით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.11. მხარეთა მიერ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გამხდარა; მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 7312 ლარის და უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლო სხდომის ოქმი;

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 1319-ე, 1328-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,ბანკი კონსტანტას” და მსესხებელ კობა რობაქიძეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო პროდუქტების მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად სს ,,ბანკი კონსტანტას” წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს საკრედიტო პროდუქტების მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. ბანკის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - არ დაფარა კრედიტი.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ.შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

2016 წლის ოქტომბრის თვიდან კრედიტის დაფარვა შეწყდა. კობა რობაქიძესა და შოთა რობაქიძეს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები საბანკო დავალიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოვალეების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კანონის შესაბამისად სს ,,თიბისი ბანკი”, როგორც სს ,,ბანკი კონსტანტას'' უფლებამონაცვლე უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

განსახილველი ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობა ან მართვა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად,.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე შოთა რობაქიძის დედა - ნინო რობაქიძე გარდაიცვალა 2016 წლის 03 ივნისს, ხოლო მამა - კობა რობაქიძე გარდაიცვალა 2016 წლის 06 ოქტომბერს. მათი გარდაცვალების შედეგად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, გაიხსნა სამკვიდრო მათ ქონებაზე. დადგენილია, რომ მოპასუხე არის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე და ფაქტობრივი ფლობით მიიღო გარდაცვლილი მშობლების სამკვიდრო ქონება.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრეები პასუხს აგებენ გარდაცვლილი მამკვიდრებლის ვალებისათვის. ისინი ვალდებულები არიან დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორები, მხოლოდ მათ მიერ მიღებული სამკვიდრო აქტივების ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებითა და საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნინო რობაქიძისა და კობა რობაქიძის დანაშთი ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო მოპასუხემ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია, რომლის მიხედვითაც, კობა რობაქიძის გარდაცვალების დროისათვის მის სამკვიდრო მასაში ის ქონება უნდა შესულიყო, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე: თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში, მე-9 ქუჩა, N34. დაზუსტებული ფართობი:2405 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N01/1 - საცხოვრებელი, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 207.50 კვ.მ, საკადასტრო კოდით 33.17.35.043, რომელიც ფაქტობრივი ფლობით მიიღო პირველი რიგის მემკვიდრემ შოთა რობაქიძემ. მან ასევე მემკვიდრეობით მიიღო ის ვალდებულებები რაც აღებული ჰქონდა მის მამას კობა რობაქიძეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების მიღება ფაქტობრივი ფლობით ან მართვით აყენებს მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. ამ მომენტიდან ის მამკვიდრებლის ურთიერთობების კრედიტორად და მოვალედ მიიჩნევა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, როგორც რეგისტრაციასავალდებულო უფლება, მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, თუმცა, რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მან არ მიიღო ეს ქონება.

 

დადგენილია, რომ შოთა რობაქიძე წარმოადგენს ნინო რობაქიძისა და კობა რობაქიძის პირველი რიგის მემკვიდრეებს. დანაშთი სამკვიდრო ქონება შეიცავს როგორც სამკვიდრო აქტივებს, ისე სამკვიდრო პასივებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, შოთა რობაქიძე, როგორც ნინო რობაქიძისა და კობა რობაქიძის კანონისმიერი მემკვიდრე ცნობილი უნდა იქნეს უფლებამონაცვლედ და მის საკუთრებაში უნდა აღირიცხოს გარდაცვლილი მშობლების კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში, მე-9 ქუჩა, N34, საკადასტრო კოდით 33.17.35.043.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

დადგენილია, რომ N42-30905-000053 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა და საბანკო კრედიტის N2154806-8119065 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 24 სექტემბერს ბანკსა და კობა რობაქიძეს, ნინო რობაქიძესა და შოთა რობაქიძეს შორის გაფორმდა N42-30905-000552 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე: თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში, მე-9 ქუჩა, N34. იპოთეკის საგანი: დაზუსტებული ფართობი:2405 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N01/1 - საცხოვრებელი, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 207.50 კვ.მ, საკადასტრო კოდით 33.17.35.043. იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

6.7. მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების პირველი და მე-7 მუხლების შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკრედიტო ხელშეკრულების და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მოხდება იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

ამავე ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება საზოგადოების სესხისა და წინამდებარე იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელს ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც შეიძლება წარმოიშვას იპოთეკის საგანის რეალიზაციის პროცესში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილია, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით არ შეასრულა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით. ასევე, ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ვერ დაფარავს დაკისრებული დავალიანების თანხას, აღსრულება უნდა მიექცეს მოპასუხე მოპასუხის კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სკ-ის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე შოთა რობაქიძე ასევე წარმოადგენს სოლიდარულ თავდებს და ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად მისი პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 30870 ლარით.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თიბისი ბანკის” მოთხოვნა შოთა რობაქიძის მიმართ, როგორც კობა რობაქიძისა და ნინო რობაქიძის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის მიმართ, უფლებამონაცვლედ ცნობის, იპოთეკის საგნის რეალიზაციის და თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თიბისი ბანკის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.9 რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილული იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ინსტიტუტი გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას კანონი უშვებს გადაწყვეტილებით დაცული უფლების შელახვის საფრთხის არსებობისას, როდესაც გადაწყვეტილების აღსრულებას მხარისათვის აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი დასახელებული მუხლის გამოყენებას შესაბამისი პირობების არსებობისას დაუშვებს იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად ასაბუთებს და ადასტურებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას. აღნიშნული გარემოებები კი მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული.

 

6.10 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

როგორც უკვე აღინიშნა დაუყოვნებლივ აღსრულებას კანონი უშვებს გადაწყვეტილებით დაცული უფლების შელახვის საფრთხის არსებობისას, რაც განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მხრიდან დასაბუთებული არ არის. ამდენად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ შეუძლებელია იმ ზარალის გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებილს აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის - 437.36 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 279.60 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თიბისი ბანკის’’ სარჩელი მოპასუხე შოთა რობაქიძის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1 მოპასუხე შოთა რობაქიძეს (პ.ნ 21001036081) მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკის’’ (ს.კ 204854595) სასარგებლოდ N2154806-8119065 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირი თანხის - 22312.46 ლარის, პროცენტის 220.08 ლარის გადახდა;

 

1.2. მოპასუხე შოთა რობაქიძე (პ.ნ 21001036081), როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე აღიარებულ იქნეს გარდაცვლილი კობა რობაქიძის (პ.ნ 21001004980) და ნინო რობაქიძის (პ.ნ 21001010219) უფლებამონაცვლედ და უძრავი ქონების - მდებარე: თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში, მე-9 ქუჩა, N34, საკადასტრო კოდით 33.17.35.043 - ის ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა გარდაცვლილ კობა რობაქიძესა (პ.ნ 21001004980) და ნინო რობაქიძეს (პ.ნ 21001010219) აღირიცხოს მოპასუხე შოთა რობაქიძის (პ.ნ 21001036081) საკუთრებად;

 

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: თერჯოლის რაიონის სოფელ ალისუბანში, მე-9 ქუჩა, N34. იპოთეკის საგანი: დაზუსტებული ფართობი:2405 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N01/1 - საცხოვრებელი, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 207.50 კვ.მ, საკადასტრო კოდით 33.17.35.043. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვალოს სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხე შოთა რობაქიძის (პ.ნ 21001036081) სხვა ქონებაზე;

 

1.4. მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკს’’ (ს.კ 204854595) უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე;

 

2. მოპასუხე შოთა რობაქიძეს (პ.ნ 21001036081) მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკის’’ (ს.კ 204854595) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის - 437.36 ლარის ანაზღაურება;

 

3. მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკს’’ (ს.კ 204854595) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 279.60 ლარი, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ კოდზე - 300193150 (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2017 წლის 26 ოქტომბერი, გადამხდელი სს ,,თიბისი ბანკი");

 

4. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელენე ოსაძე