განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/748 -14
გამოძიების N054250714001
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 სექტემბერი 2019 წელი ქუთაისი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლის თათია გოგოლაურის თავმჯდომარეობით
სხდომის მდივნის დავით აბაშიძის
პროკურორების: შ----- ჩ------, მ--–---- ს-------
ადვოკატ: ნ-----–---- ა------–---–--
ბრალდებულ: კ------- ა---------- მონაწილეობით
ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბრალდებულ კ------- ზ-------- ძე ა---------- მიმართ - დაბადებულის 1----–-–------------–-, ნასამართლობის არ მქონეს, პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქის, მცხოვრები: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ქ-----, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ------- ა---------- ბრალად ედებოდა:
ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ რ----- ბ-–---- ეპიზოდი);
ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ლ--–- ე-----–---- ეპიზოდი);
რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, კ------- ა---------- წინა დღით სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე’’ მომხდარი შელაპარაკების გამო, სიტუაციის გარკვევის მიზნით მიაკითხა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში თავის სამუშაო ოთახში მყოფ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს რ----- ბ-–----, სადაც მათ შორის კვლავ მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც კ------- ა---------- რ-----ი ბ-–---- მიმართ გამოიჩინა ძალადობა და ხელებით დაუწყო მას ცემა თავის არეში, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მარცხენა თვალბუდის მიდამოში მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2014 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი ლ--–- ე-----–--- ხმაურზე შევიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის რ----- ბ-–---- სამუშაო ოთახში, რა დროსაც დაინახა, რომ კ------- ა--------- ხელებით ცემდა რ----- ბ-–----. ლ--–- ე-----–--- შეეცადა კ------- ა---------- დაწყნარებას და გამოიყვანა იგი ოთახიდან. აღნიშნულზე განაწყენებულმა კ------- ა---------- ოთახიდან გამოსვლისას ლ--–- ე-----–---- მიმართ გამოიჩინა ძალადობა და რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი მარჯვენა და მარცხენა მხრის არეში, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მარჯვენა მხრის შიგნითა, მარცხენა მხრის გარეთა და მარცხენა წინამხრის შიგნითა ზედაპირზე მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქართველოს სსსკ-ის 330-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად (2015 წლის 6 მარტამდე მოქმედი რედაქცია): 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების გარდა, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოები ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ასევე განიხილავენ შემდეგი პირების სისხლის სამართლის საქმეებს:
ა) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებული თანამდებობის პირისა, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა;
ბ) პირისა, რომელსაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთან ერთად.
წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მოითხოვა, რათა სისხლის სამართლის საქმე N1/748-14 განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს; საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმე განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
2019 წლის 4 სექტემბერს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სასამართლო სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე, განსაჯა და მიიღო გადაწყვეტილება ფაქტების შესახებ; ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სადავო ფაქტებთან დაკავშირებით და იმსჯელა ბრალდებულ კ------- ა---------- მიმართ წარდგენილ თითოეულ ბრალდებაზე;
საქართველოს სსსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 12 (თორმეტი) ნაფიცი მსაჯულის შემადგენლობით, კანონით განსაზღვრულ დროში, კ------- ა---------- მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე 12 (თორმეტი) ხმით მიიღო გამამართლებელი ვერდიქტი.
ვერდიქტის თანახმად:
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ კ------- ა--------- უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ რ----- ბ-–---- ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ლ--–- ე-----–---- ეპიზოდი).
საქართველოს სსსკ-ის 263-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე: ”სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.”
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე, 259-ე, 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 265-ე, 266-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------- ა--------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ რ----- ბ-–---- ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ლ--–- ე-----–---- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდეს.
გამართლებულს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
კ------- ა---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თათია გოგოლაური