გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.09.2019
საქმის ნომერი
340210018002743971
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210018002743971

საქმე #2/1004-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ნაწილი I (შესავალი) :

13 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი თინათინ ქიტოშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით

მოსარჩელე - სს „კრედო ბანკი“;

წარმომადგენელი - თი--------------ლი, ქე---------–--ლი და დი----------–--ლი;

მოპასუხეები - ლე-----------ძე და მა-–------------ძე;

წარმომადგენელი - ნო-----------–--ლი;

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია;

ნაწილი II (აღწერილობითი) :

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

1.1. 2018 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და მოითხოვა: (1) მოპასუხეებს: ლე-----------ძეს და მა-–------------ძეს სოლიდარულად დაეკისროთ 5,953.83 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 3,961.20 აშშ დოლარი არის კრედიტის ძირითადი თანხა, 833.37 აშშ დოლარი - პროცენტი, 187.50 აშშ დოლარი - დაზღვევა, 939.83 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო, ხოლო 31.93 აშშ დოლარი - საკომისიო; (2) თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია (იპოთეკის საგნის მახასიათებლებია: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი--–--–---ი, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართით 6507,00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა #1, განაშენიანების ფართი 202,10 კვ.მ., (საერთო ფართი 250 კვ.მ.), #2 – 32,40 კვ.მ., ს/კოდი 54.1-.--.1--) და (3) იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არასაკმარისი იქნება მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, ვალდებულება არ ჩაითვალოს შესრულებულად და აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, 4,000.00 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უარყვეს და აღნიშნეს, რომ 1,953.83 აშშ დოლარის გადახდა მათ არ უნდა დაეკისროთ, ვინაიდან მსესხებელს ეს თანხა ბანკისათვის უკვე გადახდილი აქვს. მსესხებელმა ასევე მიუთითა, რომ ის უახლოვეს მომავალაში აპირებს აღიარებული თანხის გადახდას, რის გამოც იპოთეკის საგნის რეალიზაცია არ უნდა დადგინდეს;

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და სხვა მტკიცებულებებით დადგენილი საქმის უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2015 წლის 26 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხე ლე-----------ძეს (შემდეგ - „მსესხებელი“) შორის დაიდო სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიხსნა ფორმალრი სესხის ხაზი 50,000.00 ლარის ფარგლებში;

(სხვა მტკიც. სესხის ხაზის ხელშეკრულება)

3.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს მოსარჩელესა და მოპასუხე მა-–------------ძეს (შემდეგ - „იპოთეკის საგნის მესაკუთრე“) შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება #201--0--------I, რის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი შემდეგი მახასიათებლებით: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი--–--–---ი, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართით 6507,00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა #1, განაშენიანების ფართი 202,10 კვ.მ., (საერთო ფართი 250 კვ.მ.), #2 – 32,40 კვ.მ., ს/კოდი 54.1-.--.1--. იპოთეკის საგნის ღირებულება ხელშეკრულებით განისზღვრა 20,000.00 აშშ დოლარით;

(სხვა მტკიც. სესხის ხაზის ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან,იპოთეკის ხელშეკრულება)

3.1.3. 2015 წლის 28 ოქტომბერს მოსარჩელესა და მსესხებელს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #201--0-------, რომლის საფუძველზეც მასზე გაიცა სესხი 10,000.00 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 36 თვე - 2018 წლის 07 ნოემბრის ჩათვლით. სესხის დაბრუნება უნდა მომხადარიყო ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის მიხედვით, რაც მოიცავდა სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას;

საპროცენტო სარგებლის მოცულობა განიზაღვრა 1,28%-ით თვეში. გრაფიკით გადაუხდელი თანხის შემთხვევაში მას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ძირი თანხის 5%-ის ოდენობით (ყოველ პირველ დღეში ძირითადი თანხიდან), ხოლო მომდევნო დღეებში 0,27%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 150 დღისა;

(სხვა მტკიც. სესხის ხელშეკრულება, სესხის მიღების ხელწერილი)

3.1.4. 2015 წლის 28 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე მა-–------------ძეს (შემდეგ - ასევე „თავდები“) შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თავდების პასუხისმგებლობა მოსარჩელის წინაშე განისაზღვრა სოლიდარული პასუხისმგებლობის ფორმით, ანუ თავდების პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ მსესხებელმა ჯერ აღსრულება განახორციელოს მსესხებლის მიმართ და მისი უპერსპექტივობის კვალობაზე, - შემდეგ მოთხოვნა წაუყენოს თავდებს. თავდებობის განცხადების საფუძველზე, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა: სესხის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული სესხის (მისი ძირითადი თანხის, პროცენტის, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის, მომსახურების ყოველთვიური გადასახდებისა და გადაუხდელობის გამო დარიცხული ჯარიმების ჩათვლთ;

(სხვა მტკიც. თავდებობის განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება)

3.1.5. მოპასუხეებს სამჯერ გაეგზავნა გაფრთხილების წერილები: 27.06.2017წ.; 25.07.2017წ.; და 26.11.2017წ. სამივე წერილში მოსარჩელე უთითებდა კონკრეტული დავალიანების არსებობის თაობაზე და აფრთხილებდა სამართლებრივ შედეგებზე, თუკი არ მოხდებოდა ვალდებულების შესრულება;

(სხვა მტკიც. გაფრთხილების წერილები)

3.1.6. მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისა და თავდების მიმართ შეადგენს 4,000.00 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის 3,961.20 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი 38.80 აშშ დოლარი (ეს არის ის თანხა, რა ნაწილშიც მათ სცნეს სარჩელი. სარჩელის ნაწილობრივი ცნობა განხორციელდა შესაგებლით, თუმცა რა ნაწილში, აღნიშნული დაკონკრეტდა ბოლო მოსამზადებელ სხდომაზე);

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - „სსსკ“) მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ... მოპასუხეს [შეუძლია] ცნოს სარჩელი;

იმავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;

იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

იმავე კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი...;

3.2.1. მსესხებელმა და თავდებმა სადავო გახადეს მოსარჩელის მოთხოვნა 1953,83 აშშ დოლარის ნაწილში, საიდანაც 794.57 აშშ დოლარი არის პროცენტი, 187.50 აშშ დოლარი - სადაზღვევო პრემია, 939.83 აშშ დოლარი - ჯარიმა, ხოლო 31.93 აშშ დოლარი - საკომისიო, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის სწორედ 5953,83 აშშ დოლარი (თავისი შესაბამისი კომპონენტებით, - რასაც სარჩელით მოითხოვს მოსარჩელე);

- სესხის ხაზის ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, ხაზის ხელშეკრულება იდება 240 თვის ვადით, 2035 წლის 26 თებერვლამდე, ხოლო 3.4 პუნქტის თანახმად, ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში [-50,000.00 ლარის მოცულობამდე, პ.3.1-] მხარეებს შორის ფორმდება ცალკე სესხის ხელშეკრულება, რითაც განისაზღვრება სესხის მოცულობა, ვადები, პროცენტი, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის ყოველთვიური გადასახდელის ოდენობა, მიზნობრიობა, დაფარვის გრაფიკი, პირგასამტეხლოს ოდენობა...;

- სწორედ სესხის ხელშკრულებით განიზაღვრა შესაბამისი პირობები (პირობები, რომელთა შესახებაც 3.1.3 პუნქტშია საუბარი). საქმეში წარმოდგენილია მსესხებლის ხელწერილი, რომლის შესაბამისადაც, მან მოსარჩელისაგან 28.10.2015წ. მიიღო სესხი 10,000.00 აშშ დოლარის ოდენობით. საქმეს ერთვის ასევე გრაფიკი, რომელის მიხედვითაც მსესხებელ ყოველთვიური განრიგის მიხედვით უნდა ეხადა კონკრეტული თანხა - დაწყებული 2015 წლის 07 დეკემბრიდან, 2018 წლის 07 ნოებრამდე (ამ გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სახდელი თანხა შედგებოდა შემდეგო კომპონენტებისაგან: ძირითადი თანხა, პროცენტი, სიცოცხლის დაზვევასაკომისიო);

- დავალინების შესახებ ცნობის თანახმად, მოსარჩელის აქტიური მოთხოვნა შეადგენს 5,953.83 აშშ დოლარს, საიდანაც 3,961.20 აშშ დოლარი არის კრედიტის ძირითადი თანხა, 833.37 აშშ დოლარი - პროცენტი, 187.50 აშშ დოლარი - დაზღვევა, 939.83 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო, ხოლო 31.93 აშშ დოლარი - საკომისიო. მართალია, მსესხებელი აცხადებს, რომ მას სესხად აღებული ჰქონდა 8,000.00 აშშ დოლარი, საიდანაც დიდი ნაწილი არის დაფარული (და მოთხოვნა ამდენი ვერ იქნება), ასევე აცხადებს, რომ მას მერე ხელი მოაწერინეს, თითქოს ისესხა 10,000.00 აშშ დოლარი, თუმცა მან ვერ წარმოადგინა ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ვერც გადახდილი თანხების ნაწილში და ვერც მოსარჩელესთან წინმსწრებად რამე სხვა სამართელბრივი ურთიერთობის ნაწილში, - მან ვერც ამ მტკიცებულებათა მიღების შეუძლებლობის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობა წარმოადგინა, მიუხედევად იმისა, რომ ჰქონდა დაყენებული ბანკიდან მტკიცებულებების გამოთხოვისა და კრედიტ-ოფიცრის მოწმედ დაკითხვის შუამდგომლობები, რომელიც შემდეგ მოხსნა). მოსარჩელემ კი მოსამზადებელ სხდომაზე განაცხადა, რომ სადავო ხელშეკრულება არ წარმოადგენს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებას (აღსანიშნავია, რომ ხელწერილზე, რომელსაც მსესხებელი აწერს ხელს და ეს მტკიცებულება მას სადავოდ არ გაუხდია, დასტურდება, რომ მან რეალურად მიიღო აღნიშნული თანხა);

ნაწილი III (სამოტივაციო) :

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. სასამართლომ შეაფასა როგორც უდავო, ისე სადავო ფაქტობრივი გარემოებები, გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს;

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი („სსკ“);

6. სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი;

იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი;

იმავე კოდექსის 628-ე მუხლის თანახმად, სესხის შეპირებისას დამპირებელს შეუძლია უარი თქვას სესხის მიცემაზე, თუ მეორე მხარის ქონებრივი მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას ვალის დაბრუნებას. სესხის შეპირება უნდა გაფორმდეს წერილობით;

იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

იმავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო მისი მე-2 ნაწილის თანახმად კი, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ;

- სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელს შორის წარმოიშვა სესხის გაცემის დაპირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა, რომელმაც თავისი განხორციელება ჰპოვა შემდეგ კონკრეტული სესხის ხელშეკრულების დადებით, როცა მსესხებელზე გაიცა 10,000.00 აშშ დოლარის ოდენობით სესხი. სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებითი (სესხთან დაკავშირებული) ურთიერთობა;

- სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მის ისეთ არსებით პირობებზე, როგორებიცაა: სესხის მოცულობა, პროცენტი, სადაზღვევო პრემია, საკომისიო, სესხის დაფარვის პერიოდულობასა და პროპორციაზე, ასევე ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, - პირგასამტეხლოს ოდენობაზე (იხ. პ.3.1.1, 3.1.3 და 3.2.1);

6.2. სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

იმავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

იმავე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი;

- საქმეში წარმოდგენილი „სამეწარმოე რესტრიდან“ ამონაწერით დასტურდება, რომ 2016 წლის 09 სექტემბერს მოსარჩელე (რომელიც მანამდე არსებობდა შპს მიკროსაფინანსო რგანიზაცია „კრედო“) გარდაიქმნა სს „კრედო ბანკად“. შესაბამისად, ის როგორც კომერციული ბანკის სტატუსის მატარებელი, არის სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტი (იხ. ) და მასზე არ ვრცელდება სსკ-ის 301-ე მუხლის 12 შეზღუდვა;

- მხარეებმა დადეს იპოთეკის ხელშეკრულება ბანკის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთეს კონკრეტული ქონება (იხ. პ.3.1.2). იპოთეკის ხელშეკრულების 5.11 პუნქტისა და სესხის ხელშეკრულების 9.1 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ მოთხოვნა სრულად არ დაიფარება, გამსესხებლის მოთხოვნა არ ჩაითლება დაკმაყოფილებულად, რაც პრაქტიკულად მას ნიშნავს, რომ ბანკს, როგორც კრედიტორს, შეუძლია მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მსესხებლის და სოლიდარული თავდების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანარჩენ ქონებაზე, ვიდრე ვალდებულება სრულად არ დაიფარება;

- რაც შეეხება იპოთეკის საგნის ღირებულებას, მართალია, იგი შეფასებულია 20,000.00 აშშ დოლარად (იხ. იპოთეკის ხელშეკრულების პ.3.1), თუმცა ამას რამე კავშირი ზემოაღნიშნულ წესთან და შესაძლებლობასთან არ გააჩნია. სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლოა ქონების ღირებულება მართლაც აღემატებოდეს კრედიტორის მოთხოვნას, თუმცა იძულებით აუქციონზე ვაჭრობის წესებიდან გამომდინარე, ის გაიყიდოს მოთხოვნაზე ნაკლებ თანხად, რა შემთხვევაშიც მოთხოვნა ფაქტობრივად არ იფარება. სწორედ ამ შედეგის დროს „ირთვება“ „სხვა ქონებაზე“ აღსრულების მიქცევის წესი, რათა შესაძლებელი გახდეს კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ნივთი გაიყიდება და მოთხოვნა დაიფარება, აღსრულება ვეღარ გაგრძელდება სხვა ქონებაზე;

6.3. სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად;

იმავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა;

- ბანკსა და თავდებს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს, რომ კრედიტორის შეუძლია მოთხოვნა წაუყენოს ერთდროულად ორივეს: მსესხებელსაც და თავდებსაც, და არ ეცადოს ჯერ აღსრულების მიქცევას მსესხებლის ქონებაზე;

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული (სარჩელის ცნობის ნაწილში, იპოთეკის საგნის ან/და სხვა ქონების რეალიზაციის გარეშე). სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს;

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100.00 ლარისა (იმავე კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ);

7.2. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით;

7.3. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მისი მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად;

7.4. იმავე მუხლის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა...;

7.5. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელის ნაწილი, კერძოდ 4,000.00 აშშ დოლარის ნაწილში, რაც იწვევს სარჩელის დაკმაყოფილებას („ცნობილ“ ნაწილში). ამიტომ, ამ მაწილში სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

7.6. მოსარჩელის მოთხოვნა სულ შეადგენს 5,953.83 აშშ დოლარს. აქედან მოპასუხემ გამორიცხა 1,953.83 აშშ დოლარის ოდენობით მოთხოვნის საფუძვლიანობა, თუმცა სასამართლომ ამ ნაწილშიც დააკმაყოფილა სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სოლიდარულად უნდა დაეკსიროთ მოპასუხეებს;

7.7. განსახლველ შემთხვევაში სარჩელს ერთვის 2018 წლის 29 ნოემბრის საგადახდო დავალება #443074, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბიჯეტში სრულად ჩარიცხა სახელმწიფო ბაჟის თანხა 475.3 ლარის ოდენობით. აქედან მოსარჩელეს, მოპასუხეთა მხრიდან სარჩელის ცნობის კვალობაზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 312.33 ლარი, ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 155.97 ლარის გადახდა;

ნაწილი IV (სარეზოლუციო) :

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 251-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „კრედო ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;

2. მოსარჩელე სს „კრედო ბანკის“ სასარგებლოდ მოპასუხეებს: ლე-----------ძეს და მა-–------------ძეს სოლიდარულად დაეკისროთ 5,953.83 აშშ დოლარის გადახდა. ამ თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია (იპოთეკის საგნის მახასიათებლებია: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი--–--–---ი, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართით 6507,00 კვ.მ., შენობა-ნაგებობა #1, განაშენიანების ფართი 202,10 კვ.მ., (საერთო ფართი 250 კვ.მ.), შენობა-ნაგებობა #2 – 32,40 კვ.მ., ს/კოდი 54.1-.--.1--);

3. იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არასაკმარისი იქნება მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, ვალდებულება არ ჩაითვალოს შესრულებულად და აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;

4. მოსარჩელე სს „კრედო ბანკის“ სასარგებლოდ მოპასუხეებს: ლე-----------ძეს და მა-–------------ძეს სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ 2018 წლის 29 ნოემბერს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 155.97 ლარის ოდენობით;

5. მოსარჩელე სს „კრედო ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 29 ნოემბერს გადახდილი (საგადახდო დავალება #443074) სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, კერძოდ, 312.33 ლარის ოდენობით;

6. განემარტოს მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა), გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მდებარე: გურჯაანის, სანაპიროს ქ. #24) მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, შემდეგი წესების დაცვით: გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/