გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
330210018002770551
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/36597 -18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - გ-------–------–-–---–ი

წარმომადგენელი - ნ--------------ძე

მოპასუხეები - ვ--–---------------ე

ნ-------–------ე - წარმომადგენელი ვ--–---------------ე

ა--------------- - კანონიერი წარმომადგენელი ვ--–---------------ე

გ----------------ე - კანონიერი წარმომადგენელი ვ--–---------------ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გამოთხოვილი იქნას მოპასუხეების - ვ--–---------------ის, ნ-------–------ის, ანანო ჩაფიჩაძის და გ----------------ის უკანონო მფლობელობიდან გ-------–------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ბ-------------–----–---ის გ--------------–-------ი, №--, სართული 7, ბ------- (ს/კ 0----------------------) და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.

1.2. მოპასუხეებს - ვ--–---------------ეს, ნ-------–------ეს, ა---------------ს და გ----------------ეს მოსარჩელე გ-------–------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადაუხდელი ბინის ქირა 4600 ლარი 2017 წლის 9 დეკემბრიდან.

1.3. მოპასუხეებს - ვ--–---------------ეს, ნ-------–------ეს, ა---------------ს და გ----------------ეს მოსარჩელე გ-------–------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის წარმოებაში მიღების დღიდან (24.12.2018 წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით, ბინის ქირა 4800 ლარის ოდენობით.

(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-12, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 18 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი 11:09:32).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 9 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელემ ბ--------------ისგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ბ-------------–----–---ის გ--------------–-------ი, №--, ბ-------. ბინის შეძენის შემდეგ გამყიდველი და მყიდველი მივიდნენ ბინაში, სადაც დახვდათ მოპასუხეები: მეუღლეები - ვ--–---------------ე და ნ-------–------ე და მათი არასრულწლოვანი შვილები - 2009 წელს დაბადებული ა--------------- და 2010 წელს დაბადებული გ----------------ე. ბინის ყოფილმა მესაკუთრემ ბ--------------ემ მოპასუხეებს წარუდგინა გ-------–------–-–---–ი და აცნობა, რომ ის იყო ბინის ახალი მესაკუთრე. ვ--–---------------ემ მოსარჩელეს განუცხადა, რომ უახლოეს პერიოდში აპირებდა ბინის ყიდვას და სთხოვა, ვიდრე ბინას შეიძენდა, სადავო უძრავ ქონებაში დაეტოვებინა ოჯახით, რის სანაცვლოდაც გადაუხდიდა ბინის ქირას. მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება და ბინის ქირა განისაზღვრა 400 ლარით. ასევე შეთანხმდნენ, რომ პირველი თვის ქირას გადაიხდიდნენ თვის ბოლოს, ხოლო დანარჩენი თვეების გადასახადს თვის დასაწყისში. ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა ზეპირსიტყვიერად და უვადოდ. მიუხედავად შეთანხმებისა, მოპასუხეებს 2017 წლის 9 დეკემბრიდან ბინის ქირა აღარ გადაუხდიათ. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხეები არც ქირას იხდიან და არც ბინას ათავისუფლებენ. მოპასუხეების უკანონო მფლობელობით, მოსარჩელეს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება მისი განკარგვის, კერძოდ, გაქირავებით შემოსავლის მიღების შეუძლებლობაში. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დაძაბული ურთიერთობა აქვს შვილთან და რძალთან და სურს ცალკე გადავიდეს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად საკუთარ ბინაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რადგან უძრავი ქონების ნასყიდობა გაფორმდა მხოლოდ მოსარჩელის მოთხოვნით, სინამდვილეში დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. საჯარო რეესტრიდან ამონაწერში ნასყიდობის შეზღუდული უფლება არ იქნა მითითებული გამსესხებლის მოთხოვნით. სადავო უძრავი ქონების გ-------–------–-–---–ისათვის საკუთრებაში გადაცემა მოხდა მხოლოდ მოპასუხეების მიერ აღებული სესხის სანაცვლოდ და თანხის დაბრუნების შემთხვევაში აღნიშნული ბინა ბ--------------ის საკუთრებაში უნდა გადასულიყო. არანაირი შეთანხმება მხარეებს შორის ქირავნობაზე არ მომხდარა, მოპასუხეები მოსარჩელეს უხდიდნენ გასესხებული თანხის სარგებელს, სხვა რაიმე სახის გარიგება მათ შორის არ ყოფილა.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა განმარტეს, რომ უძრავი ქონება ირიცხებოდა ნ---–---–--------ის სახელზე, რომელიც არის ნ-------–------ის დეიდა და ცხოვრობს საბერძნეთში. მოპასუხეებმა ბ--------------ემდე გააფორმეს სესხის ხელშეკრულება და იპოთეკით დატვირთეს ნ---–---–--------ის უძრავი ქონება, ხოლო იპოთეკარი იყო ორი სხვა პირი. შემდგომში აღნიშნული თანხა ვერ გადაიხადეს და ხელშეკრულება გააფორმეს ახალ იპოთეკართან, შესაბამისად გაუქმდა ძველი იპოთეკის ხელშეკრულება და გაფორმდა ახალი ხელშეკრულება. ბ--------------ე არის ვ--–---------------ის ბიძაშვილი, რომელიც იმიტომ ჩართეს საქმეში, რომ წინა იპოთეკარ ქალბატონებთან აღარ ჰქონოდათ ურთიერთობა. ბ--------------ემ გამოითხოვა მათგან ქონება. ორი ქალბატონის შემდეგ მესამე იპოთეკარი იყო გ-------–------–-–---–ი 2017 წლის 9 დეკემბრიდან. მან ხელშეკრულება გააფორმა ბ--------------ესთან, მაგრამ სესხი მისცა მოპასუხეებს. ამასთან, გაფორმდა პირდაპირ ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი იყო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული ფაქტი დღეისათვის მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ. დავა არ მიმდინარეობს არც საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებით. მოპასუხეებს და მოსარჩელეს შორის რეალურად გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა შეადგენდა 21000 აშშ დოლარს. ყოველთვიური გადასახდელი თანხა იყო 630 აშშ დოლარი. მოპასუხეებმა წინასწარ გადაიხადეს 2 თვის თანხა და პროცენტი 1260 აშშ დოლარი და შემდეგ კიდევ 2 თვის გადასახადი სახლში მიუტანეს მოსარჩელეს, შესაბამისად, მოპასუხეებმა გადაიხადეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4 თვის თანხა და პროცენტი. მოპასუხეები მზად არიან მოსარჩელეს უძრავი ქონების სანაცვლოდ გადაუხადონ 28000 აშშ დოლარი, მაგრამ გ-------–------–-–---–ი მოითხოვს 32000 აშშ დოლარის გადახდას.

 

მოპასუხეები განმარტავენ, რომ არანაირი შეთანხმება მხარეებს შორის ქირავნობაზე არ მომხდარა და მოსარჩელეს უხდიდნენ გასესხებული თანხის სარგებელს, მაგრამ კიდეც რომ ყოფილიყო ასეთი შეთანხმება, აღნიშნული ბინის საბაზრო ღირებულება ნამდვილად ვერ იქნება 450 ლარი.

 

შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 52-59, მოპასუხეების წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 18 ივნისის სხდომის ოქმი 11:13:06).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გ-------–------–-–---–ის საკუთრების უფლებით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ბ-------------–----–---ის გ--------------–-------ი, №--, სართული 7, ბ------- (ს/კ 0----------------------), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი 563.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 26; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1--------, დამოწმების თარიღი:09/12/2017 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19).

 

3.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის №--------- წერილიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ბ-------------–----–---ის გ--------------–-------ი, №--, ბ------- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 0 (ნული) პირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის №--------- წერილი (ს.ფ. 22).

 

3.1.3. მოსარჩელე გ-------–------–-–---–მა ორჯერ მიმართა წერილობით მოპასუხეებს ბინის გამოთავისუფლების და ქირის გადახდის მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილები (ს.ფ. 23-24).

 

3.1.4. შპს ,,თ-----------------------------ი’’-ს 2018 წლის 11 ოქტომბრის შეფასების დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ბ-------------–----–---ის გამზირი VII შესახვევი, №---ში (ს/კ 0----------------------), მეშვიდე სართულზე განთავსებული 58.58 კვ.მ. №48 საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება შეადგენს 450 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,თ-----------------------------ი’’-ს 2018 წლის 11 ოქტომბრის შეფასების დასკვნა (ს.ფ. 27-41).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოსარჩელე გ-------–------–-–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 311-312-ე, 411-ე, 976-ე, 982-ე, 984-ე, 987-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.

 

აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.

 

საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.

 

იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად, მოპასუხეებმა მხოლოდ მიუთითეს, რომ მხარეებს შორის არსებობდა არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნულის მხოლოდ მითითება სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ვერ გამოდგება მოპასუხის მიერ სადავო ფართის მართლზომიერად მფლობელობის დამადასტურებლად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი. მათ ამ კუთხით რაიმე არსებითი შედავება არ წარუდგენიათ, შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი კი, კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ მოპასუხეების უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვს მოპასუხეების გამოსახლებას და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, გამომდინარე აღნიშნულიდან, გ-------–------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს სადავო უძრავი ქონება.

 

6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს - ვ--–---------------ეს, ნ-------–------ეს, ა---------------ს და გ----------------ეს მოსარჩელე გ-------–------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადაუხდელი ბინის ქირა 4600 ლარი 2017 წლის 9 დეკემბრიდან. ასევე ვ--–---------------ეს, ნ-------–------ეს, ა---------------ს და გ----------------ეს მოსარჩელე გ-------–------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის წარმოებაში მიღების დღიდან (24.12.2018 წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით, ბინის ქირა 4800 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარეთა შორის ნამდვილად არსებობდა სესხის ხელშეკრულება და რომ იგი მხარეთა მიერ განსაზღვრული იქნა 400 ლარით. უფრო მეტიც, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით და განმარტავს, რომ ვინაიდან არ დადასტურდა მხარეთა შორის რაიმე სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ურთიერთობის არსებობა, ხოლო მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრებასთან მიმართებით არ იყო შედავებული, სწორედ აღნიშნული გახდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლის ნორმების გამოყენება განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეებს შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ფულადი ანაზღაურების (მიუღებელ შემოსავალზე) მოთხოვნაზე უნდა გავავრცელოთ ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია სსკ-ის 982-ე მუხლით (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი). ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით (იხ. სუსგ, 05.12.2013წ., საქმე №ას-472-448-2013).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 986-ე, 987-ე მუხლების თანახმად, უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით, ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობის აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს, მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას უძრავი ქონების გაქირავების გზით მიიღოს სარგებელი მისი საკუთრებიდან და ითხოვს უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე თანხის დაკისრებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო აღნიშნული გარემოების დამტკიცება სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გზით და ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოპასუხეები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ აღნიშნული ოდენობით.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების ნორმების დაცვით, მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოებების დადასტურება. უწინარესად, მან ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ იგი აპირებდა სადავო ბინის გაქირავებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინის პირდაპირი დანიშნულებაა მისი საცხოვრებლად გამოყენება და მასში ბინადრობა, იგი ყოველთვის არ არის გამიზნული იმისათვის, რომ მან რაიმე შემოსავალი/მოგება მოუტანოს მესაკუთრეს მისი გაქირავების შედეგად, მითუმეტეს კი, ისეთ ვითარებაში, როდესაც, მხარე არა მეწარმე სუბიექტი, არამედ ფიზიკური პირია და ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი აპირებდა ბინის გაქირავებას. ამასთან, ვერ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეები სადავო ბინაში ცხოვრების შედეგად გამდიდრდნენ, რაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რის გამოც მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელის მითითებით, მას ბინა სურს საცხოვრებლად, შვილთან დაძაბული ურთიერთობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. სასამართლო ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და მიუღებელი შემოსავლის სახით 9400 ლარის დაკისრება, შესაბამისად, დავის საგნის ფასი პირველ მოთხოვნაზე 4000 ლარია, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 60 ლარს. ხოლო მეორე და მესამე მოთხოვნებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 282 ლარს. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 342 ლარის ოდენობით.

 

ვინაიდან გ-------–------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით - 60 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადახდილი თანხა, რომელიც არ დაკმაყოფილდა, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე, ვინაიდან სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ექპერტიზის ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრებაზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------–------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. გამოთხოვილი იქნას მოპასუხეების - ვ--–---------------ის, ნ-------–------ის, ანანო ჩაფიჩაძისა და გ----------------ის უკანონო მფლობელობიდან გ-------–------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ბ-------------–----–---ის გ--------------–-------ი, №--, სართული 7, ბ------- და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე გ-------–------–-–---–ს;

 

1.2. გ-------–------–-–---–ის მოთხოვნა მოპასუხეთათვის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს: ვ--–---------------ეს, ნ-------–------ეს, ა---------------სა და გ----------------ეს გ-------–------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ - 60 (სამოცი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად;

 

3. გ-------–------–-–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. გ-------–------–-–---–ს უარი ეთქვას ექსპერტიზაზე გაწეული ხარჯის მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე