გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2019
საქმის ნომერი
010210017001925745
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001925745

საქმე №2-1650/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე ზ------ ა---–--ე

წარმომადგენელი გ-------–-----

მოპასუხე შპს „ბ---–----ი“

წარმომადგენელი ა-–------------ი, ა------–-–---–ი

დავის საგანი სახელფასო დავალიანების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ბ---–----ს” ზ------ ა---–--ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურება 36 000 ლარის ოდენობით.

1.2. შპს „ბ---–----ს” ზ------ ა---–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 24 თვის (18.03.2014წ -დან 18.03.2016წ-მდე) გადაუხდელი შრომის ანაზღაურების (თვეში 1500 ლარის) დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენლები სარჩელს არ ცნობენ და განმარტავენ, რომ ზ------ ა---–--ეს და შპს „ბ---–----ს“ შორის ფაქტობრივად არ წარმოშობილა შრომითი ურთიერთობა, ზ------ ა---–--ე არ ასრულებდა პროექტის მენეჯერის მოვალეობას, რის გამოც მიიჩნევენ, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 18 მარტს ზ------ ა---–--ეს და შპს „ბ---–----ის“ დირექტორ მ----- უ-----ეს შორის გაფორმებული იქნა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებული ზ------ ა---–--ე კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა შპს „ბ---–----ში“, კერძოდ ქ. ბათუმში, თ------------–ის ქN15-17-ში მშენებლობის პროექტის მენეჯერის შრომითი ფუნქციები.

 

შრომითი ხელშეკრულების თანახმად ზ------ ა---–--ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება ძალაში შედიოდა 2014 წლის 18 მარტს და მოქმედებდა 2015 წლის 18 მარტამდე. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ „თუ მხარეები ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე 2 (ორი) კვირით ადრე არ გამოთქვამდნენ მისი შეწყვეტის სურვილს, ხელშეკრულება ითვლებოდა ავტომატურად გაგრძელებულად ერთი წლის ვადით“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- შრომითი ხელშეკრულება.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. სასამართლო შპს „ბ---–----ის“ ყოფილი დირექტორის და პარტნიორის მ----- უ-----ის განმარტებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მან ზ------ ა---–--ესთან ნამდვილად გააფორმა შრომითი ხელშეკრულება და ვიდრე იგი იყო შპს ‘ბ---–----ის“ დირექტორი ზ------ ა---–--ე ასრულებდა თავის მოვალეობას, ხოლო მისი წამოსვლის შემდეგ ზ------ ა---–--ე დარჩა სამუშაოზე. ასევე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მხარეებს არ გამოუთქვამთ მისი შეწყვეტის სურვილი, რის გამოც ზ------ ა---–--ესთან შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად გაგრძელდა კიდევ ერთი წლით, 2016 წლის 18 მარტამდე.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ------ ა---–--ე 2014 წლის 18 მარტს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ორი წლის განმავლობაში (2014 წლის 18 მარტიდან 2016 წლის 18 მარტამდე პერიოდში) მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში მშენებლობის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა შპს „ბ---–----ის“ მიერ არ მომხდარა მისთვის ხელფასის ანაზღაურება, რის გამოც მოპასუხე ორგანიზაციის დავალიანება მის მიმართ შეადგენს 36000 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- მოწმეთა ჩვენება.

- ელექტრონული ფოსტის მიმოწერა.

- ფაქტების კონსტატაციის ოქმი.

- სოკარ გაზი საქართველოს ოქმები და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წერილები.

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება არის ფიქციური და ფაქტობრივად მოსარჩელე არ იმყოფებოდა შპს ”ბ---–----თან” შრომით ურთიერთობაში.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმებულია კანონით დადგენილი წესით. თავად ხელშეკრულებაზე ხელმომწერი შპს “ბ---–----ის“ ყოფილი დირექტორი და იმ დროისათვის შპს ‘ბ---–----ის“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი მ----- უ-----ე, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დროს თავად წყვეტდა საწარმოში თანამშრომელთა დაქირავებისა და მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხებს, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2014 წლის 18 მარტიდან ზ------ ა---–--ე სწორედ მის მიერ იქნა მოყვანილი და დასაქმებული შპს ‘ბ---–----ში“ მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე და იგი ასრულებდა თავის მოვალეობას. ზ------ ა---–--ის მიერ 2014 - 2016 წლებში შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მიმოწერებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

 

გარდა ზ/აღნიშნულისა სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში წარმოდგენილი ხელშეკრულებით მოსარჩელე ამტკიცებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი შრომით ურთერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე საწარმოსთან. მოპასუხეს კი უნდა დაეკისროს საპროცესო ვალდებულება - დაამტკიცოს, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვთ ნამუშევარი პერიოდის განმავლობაში სახელფასო ანაზღაურება, ან უნდა დაამტკიცოს, რომ მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება იყო ფიქციური. თუ მოპასუხე ვერ შეძლებს აღნიშნული ფაქტის დადასტურებას, მიჩნეული იქნება რომ მოსარჩელეს შესრულებული აქვს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ აქვს მიღებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა ამ ფორმით გადანაწილება სავსებით შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს და სამართლიანია.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებებს, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს შესრულებული აქვს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ აუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- შრომითი ხელშეკრულება.

- მოწმეთა ჩვენება.

- ელექტრონული ფოსტის მიმოწერა.

- ფაქტების კონსტატაციის ოქმი.

- სოკარ გაზი საქართველოს ოქმები და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წერილები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაანალიზა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი მიაჩნია, რომ ზ------ ა---–--ის სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს სრულად: შპს „ბ---–----ს“ უნდა დაეკისროს ზ------ ა---–--ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 36000 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისროს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 36000 ლარის 0,07%-ის გადახდა, 2016 წლის 26 მარტიდან დავალიანების თანხის სრულად გადახდამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, საქართველოს შრომის კოდექსით, სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე და 404-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის 1-3 ნაწილით:”ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით ასევე აღიარებულია შრომის თავისუფლება. იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ უფლებას წარმოადგენს. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში.

 

როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზით დგინდება, რომ შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას.

 

6.2. საქართველოში შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია "საქართველოს შრომის კოდექსი". აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ამდენად შრომითი ურთიერთობების რეგულირებისას გასათვალისწინებელია მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს დასაქმებულის ინტერესები.

 

შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულება იდება როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 18 მარტს ზ------ ა---–--ეს და შპს „ბ---–----ს“ შორის გაფორმებული იქნა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებული ზ------ ა---–--ე მიღებული იქნა მოპასუხე ორგანიზაციაში ქ. ბათუმში, თ------------–ის ქN15-17-ში მშენებლობის პროექტის მენეჯერის შრომითი ფუქციების შესასრულებლად. შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები შეთანხდნენ ანაზღაურების პირობებზე, რომლის თანახმადაც დასაქმებულის ხელფასი შეადგენდა თვეში 1500 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით, თუმცა დადგენილია, რომ ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „თუ მხარეები ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე 2 (ორი) კვირით ადრე არ გამოთქვამდნენ მისი შეწყვეტის სურვილს, ხელშეკრულება ითვლებოდა ავტომატურად გაგრძელებულად ერთი წლის ვადით“.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მხარეებს არ გამოუთქვამთ მისი შეწყვეტის სურვილი, რის გამოც ზ------ ა---–--ესთან შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად გაგრძელდა კიდევ ერთი წლით, 2016 წლის 18 მარტამდე.

 

ამდენად დადგენილია, რომ ზ------ ა---–--ე 2014 წლის 18 მარტიდან 2016 წლის 18 მარტამდე, ანუ ორი წლის განმავლობაში ასრულებდა შპს ‘ბ---–----ში“ სამშენებლო პროექტის მენეჯერის ფუნქციებს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელესთან ისე მოხდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რომ მას არ მიუღია ნამუშევარი დროის განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველვიური ხელფასი.

 

6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 34 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 07 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილით კი იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ------ ა---–--ესთან შრომითი ურთიერთობა ვადის გასვლის გამო შეწყდა 2016 წლის 18 მარტს, მოპასუხე ორგანიზაცია ვალდებული იყო მასთან საბოლოო ანგარიშსწორება მოეხდინა არაუგვიანეს 2016 წლის 26 მარტისა, რაც მას არ განუხორციელებია.

 

6.4. საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ამავე კანონის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კანონის 361-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე დამსაქმებელი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მის მიერ დასაქმებულის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, მათ შორის მთლიანი მოცულობით აუნაზღაუროს მას მის მიერ შესრულებული სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რაც შპს „ბ---–----ის“ მხრიდან არ შესრულებულა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კი კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ყოველივე ზ/აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------ ა---–--ის სარჩელი სახელფასო დავალიანების და აღნიშნული დავალიანების გადახდის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არის საფუძვლიანი და არსებობს მისი დაკმაყოფილების როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შპს „ბ---–----ს“ უნდა დაეკისროს ზ------ ა---–--ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 36000 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისროს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 36000 ლარის 0,07%-ის გადახდა, 2016 წლის 26 მარტიდან (ხელშეკრულების შეწყვეტის მე-7 დღიდან) დავალიანების თანხის სრულად გადახდამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის შესაბამისად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარჩელი ექცევა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტის რეგულირების სფეროში, რადგან ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სრულიად ნათელია, რომ მისი მეშვეობით კანონმდებელი ადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების შესაძლებლობას, როდესაც იგი სადავოდ ხდიან შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1907 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ზ------ ა---–--ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს;.

 

1.1. შპს „ბ---–----ს“ დაეკისროს ზ------ ა---–--ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 36000 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისროს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 36000 ლარის 0,07%-ის გადახდა, 2016 წლის 26 მარტიდან დავალიანების თანხის სრულად გადახდამდე.

 

2. შპს „ბ---–----ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 1907 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე