გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210019002866578
საქმე # 2/100-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.09.2019 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე მა-- სა-----–---–ი ,მოსარჩელის წარმომადგენელი თ----------------–-,მოპასუხე ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერია ,მოპასუხის წარმომადგენელი ვ-–----–--–-–---–-, დ---------–--------
დავის საგანი: გათავისუფლების შესახებ ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 თებერვლის N6----– ბრძანება, ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მა-- სა-----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
1.2. მა-- სა-----–---–ი აღდგენილ იქნეს ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თანამდებობაზე.
1.3. ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიას მა-- სა-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2019 წლის 11 თებერვლიდან, სამუშაოზე აღდგენამდე , ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით ;
1.4. ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიას მა-- სა-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯების ანაზღაურება .
მოსარჩელის მითითებით, ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" საფუძველზე და რომლის საქმიანობაც რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მუნიციპალური ორგანოების სამართლებრივი აქტების და ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წესდების საფუძველზე. ააიპ-ის დამფუძნებელია ყვ----–ის მუნიციპალიტეტი. სამსახური შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 20 აგვისტოს #6-- ბრძანებით ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა მოსარჩელე მა-- სა-----–---–ი, იგი იქამდე გამგებლის 2015 წლის 22 მაისის #3-- ბრძანებით დანიშნული იყო ამავე ააიპ -ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად .
ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 თებერვლის ბრძანებით მა-- სა-----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია: საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ს 54-ე მუხლის 1 პუნქტის ე.ე. ქვეპუნქტი (მერი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს); 61-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი (მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია: ა) მერის ბრძანება) და ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წესდების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტი (სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი) .
მოსარჩელის მითითებით, სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 თებერვლის წერილობით განმარტებაში სადავო ბრძანებაში აღნიშნულ საფუძვლებთან ერთად დამატებით მითითებულია საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ობიექტური გარემოება, თუმცა კონკრეტული ობიექტური გარემოება, რაც საფუძვლად დაედო სამსახურიდან გათავისუფლებას, არც წერილობით განმარტებაშია მითითებული, ამიტომ სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველი მისთვის ამ დრომდე უცნობია.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის პოზიციაზე დანიშვნის დღიდან გათავისუფლებამდე იგი არ ყოფილა დისციპლინური წესით დასჯილი, მის მიმართ ადგილი არ ჰქონია ისეთ წარმოებას, რაც შეიძლება მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო, ამიტომ ვარაუდობს, რომ სადავო ბრძანების გამოცემის და მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა იყოს ის გარემოება, რომ იგი არ დაემორჩილა მოპასუხე ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერის უკანონო მოთხოვნას და შრომის განაწესის უხეში დარღვევის გამო 2018 წლის 10 დეკემბერს სამსახურიდან გაათავისუფლა ააიპ -ის თანამშრომელი მა---- ელ--–---–ი. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულზე ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერი განაწყენდა. ამ უკანასკნელის მოთხოვნით მა---- ელ--–---–ი 2018 წლის 11 დეკემბერს, ე.ი. სამსახურიდან გათავისუფლების მეორე დღესვე, დაინიშნა ააიპ ყვ----–ის კულტურის განვითარების ცენტრში მთავარ სპეციალისტად, ხოლო მოსარჩელე გაათავისუფლა სამსახურიდან, რითაც შური იძია მისი უკანონო მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო (სარჩელი, 18.07.2019 წლის სხდომის ოქმი, 14.27.17 სთ -14.31.17 სთ )
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა .
მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მთავარი საფუძველია ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, როგორც ა(ა)იპ-ის დამფუძნებლისთვის, კანონით მინიჭებული უფლება, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფუძვლის და დასაბუთების გარეშე, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ააიპ დირექტორი და ეს გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება, მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება (შემდგომ ა(ა)იპ, გაერთიანება) არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე და რომლის საქმიანობაც რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მუნიციპალური ორგანოების სამართლებრივი აქტების და ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წესდების საფუძველზე (შემდგომ წესდება)
წესდების 1.3. და 1.4. მუხლით, სამსახურის დამფუძნებელია ყვ----–ის მუნიციპალიტეტი. სამსახური შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 2.4. მუხლით, სამსახურს გააჩნია იურიდიული პირის ყველა ატრიბუტი- ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და აშ, ხოლო 2.5 მუხლით, ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოდის საკუთარი სახელით, უფლება აქვს დადოს ხელშეკრულებები, გარიგებები, კონტრაქტები .
წესდების 4.1 მუხლით, სამსახურს ხელმმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებოდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. წესდების 4.3. მუხლით განსაზღვრულია სამსახურის დირექტორის უფლება-მოვალეობები, რომლის მიხედვით, სამსახურის დირექტორი: ა) ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს და სტრუქტურას. ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს; გ) მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობით უფლებამოსილია შეიძინოს და გაასხვისოს სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ძირითადი ქონება; დ) დებს ხელშეკრულებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს, აგრეთვე /მოთხოვნის შესაბამისად/ გაწეული სამუშაოს შესახებ. ვ) პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე; ზ) პასუხისმგებელია სარგებლობაში არსებული ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; თ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს და სამუშაო გეგმას; ი) განსაზღვრავს დაწესებულების საქმიანობის მიმართულებებს, შეიმუშავებს წლიურ ბიუჯეტს და მუნიციპალიტეტს წარუდგენს დასამტკიცებლად. კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას თანამშრომელთა საქმიანობაზე. მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წესდება (ს.ფ 52)
3.1.2. დადგენილია, რომ ა(ა)იპ ყვ----–ის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება 2007 წლის 11 აპრილიდან რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი- 241579---
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 22)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 26-34 ).
3.1.3. დადგენილია, რომ ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 20 აგვისტოს #6-- ბბრძანებით მოსარჩელე მა-- სა-----–---–ი დაინიშნა ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თანამდებობაზე უვადოდ, ხოლო მანამდე გამგებლის 2015 წლის 22 მაისის #3-- ბრძანებით დანიშნული იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ ცვლილება რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში, სადაც ასეთ პირად დარეგისტრირდა მა-- სა-----–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება ( ს.ფ. 23, 41)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 28 ).
3.1.4. დადგენილია, რომ ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 თებერვლის ბრძანებით მა-- სა-----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე.
გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ს 54-ე მუხლის 1 პუნქტის ე.ე. ქვეპუნქტი (მერი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს); 61-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი (მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია: ა) მერის ბრძანება; და ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წესდების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტი (სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი) .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ( ს.ფ. 24)
3.1.5. მოსარჩელემ , გათავისუფლების ბრძანების ჩაბარების შემდეგ, 2019 წლის 18 თებერვალს მიმართა ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიას და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების დასაბუთება მოითხოვა.
ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 25 თებერვალს მოსარჩელეს განუმარტა, რომ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება წარმოადგენს ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილ არასამეწარმეო (არკომერციული) იურიდიული პირს, რომელსაც ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წესდების მე-4.1 მუხლის საფუძველზე ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერმა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ს 54-ე მუხლის 1 პუნქტის ე.ე. ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მა-- სა-----–---–ი გაათავისუფლა თანამდებობიდან .
ზემოაღნიშნულის გარდა ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიის წერილობით განმარტებაში მითითებულია, რომ მა-- სა-----–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ობიექტური გარემოება, თუმცა კონკრეტულად ის ობიექტური გარემოება, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას , არც შესაგებელში და არც წერილობით განმარტებაში მითითებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მერიის 25.02.2019 წლის წერილი ( ს.ფ. 78 )
3.1.6. სადავო არ არის, რომ მა-- სა-----–---–ი ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის პოზიციაზე დანიშვნის დღიდან გათავისუფლებამდე არ ყოფილა დისციპლინური წესით დასჯილი, მის მიმართ ადგილი არ ჰქონია ისეთ წარმოებას, რაც შეიძლება მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გამხდარიყო .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმატება
3.1.7. გათავისუფლების დღისთვის მოსარჩელის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 800 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.8. დადგენილია, რომ მა-- სა-----–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ყვ----–ის მუინიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 თებერვლის ბრძანებით ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ზა--- ზა-----–---–ი, ხოლო 2019 წლის 03 ივლისიდან ზა--- ზა-----–---–ი დანიშნულია ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თანამდებობაზე უვადოდ. შესაბამისი ცვლილება რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების რეგისტრირებულ მონაცემებში, სადაც გაერთიანების დირექტორად და ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად რეგისტრირებულია ზა--- ზა-----–---–ი .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება , ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ 43-49, 214)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2019 წლის 18 ივლისს სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ ვინაიდან 2019 წლის 11 თებერვალს მოპასუხემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი მისთვის ამ დრომდე უცნობია, იგი ვარაუდობს, რომ სადავო ბრძანების გამოცემის და მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ იგი არ დაემორჩილა მოპასუხე ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერის უკანონო მოთხოვნას და 2018 წლის 10 დეკემბერს შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების სპეციალისტი მა---- ელ--–---–ი. აღნიშნულზე ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერი განაწყენდა. ამ უკანასკნელის მოთხოვნით მა---- ელ--–---–ი 2018 წლის 11 დეკემბერს, ე.ი. სამსახურიდან გათავისუფლების მეორე დღესვე, დაინიშნა ააიპ ყვ----–ის კულტურის განვითარების ცენტრის სპეციალისტად, ხოლო მოსარჩელე გაათავისუფლა სამსახურიდან, ამიტომ მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბრძანების ავტორმა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა არამართზომიერად და სამსახურიდან გათავისუფლებით შური იძია მოსარჩელეზე, მისი უკანონო მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო . ( იხ. 18.07.2019 წლის სხდომის ოქმი, 14.27.17 სთ -14.31.17 სთ )
მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას და როგორც წარმოდგენილ შესაგებელში, ასევე მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთ საფუძველად ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, როგორც ა(ა)იპ-ის დამფუძნებლისთვის, კანონით მინიჭებული უფლება მიუთითა, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე თანამდებობიდან გაათავისუფლოს ააიპ დირექტორი და ეს გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება , მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
მთავარ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით მოპასუხემ ახალ გარემოებებზე მიუთითა, და თან ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელმა თავდაპირველად განმარტა, რომ მა---- ელ--–---–ის სამსახურიდან გათავისუფლებას მა-- სა-----–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სადავო ბრძანების გამოცემამდე ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერს მოსარჩელესთან ჰქონდა საქმიანი, სამსახურებრივი ურთიერთობა. ( იხ. 18.07.2019 წლის სხდ. ოქმი, 15.25.30 სთ; 15.31.24 სთ; 15.31.35 სთ- 15.23.14 სთ;) ამის შემდეგ მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ბრძანების გამოცემის და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველია მოსარჩელის, როგორც ა(ა)იპ დირექტორის კონფლიქტური ურთიერთობა როგორც სამსახურებრივად დაქვემდებარებულ პირებთან, ასევე ზემდგომ პირებთან (იხ. 18.07.2019 წლის სხდ. ოქმი, 15.34.13 სთ;) ხოლო ბოლოს განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია როგორც ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერისთვის, როგორც ა(ა)იპ-ის დამფუძნებლისთვის, კანონით მინიჭებული უფლება, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლოს ააიპ დირექტორი, ასევე მოსარჩელის, როგორც ა(ა)იპ დირექტორის, კონფლიქტური დამოკიდებულება სამსახურებრივად დაქვემდებარებულ პირებთან, მათ შორის მა---- ელ--–---–თან . (იხ. 18.07.2019 წლის სხდ. ოქმი, 15.34.37 სთ; 15.36.13 )
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ სსს კოდექსის 219. მუხლის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველად სამსახურებრივად დაქვემდებარებულ და ზემდგომ პირებთან მოსარჩელის კონფლიქტურ დამოკიდებულებაზე არ მიუთითებია, ეს გარემოება, როგორც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი, მოპასუხემ მიუთითა მთავარ სასამართლო სხდომაზე, ამასთან, არც ახალი გარემოების დაგვიანებით მითითების საპატიო მიზეზი დაუსახელებია, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, ეს ფაქტი შეფასებას არ ექვემდებარება.
გარდა იმისა, რომ მოპასუხემ მთავარ სასამართლო სხდომაზე მიუთითა ახალ გარემოებაზე, სასამართლოსთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხეს ეს გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით არ დაუსაბუთებია. კერძოდ, მოპასუხეს თავისი ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა სამსახურებრივად დაქვემდებარებულ და ზემდგომ პირებთან, სასამართლოში არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, თავად მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მოსარჩელეს თანამდებობაზე დანიშვნიდან გათავისუფლებამდე, თანამშრომლებთან კონფლიქტური ურთიერთობის გამო, ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით დისციპლინური პასუხისმგებლობა არასდროს დაკისრებია, ხელმძღვანელის მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო თანამშრომლებს მერიისთვის საჩივრით არასდროს მიუმართავთ, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებული მა---- ელ--–---–ის გარდა, სხვა თანამშრომლის ვინაობა, ვისთანაც მოსარჩელეს, როგორც გაერთიანების დირექტორს, კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა, ვერ მიუთითა, ამიტომ მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივად დაქვემდებარებულ ან ზემდგომ პირებთან არაჯანსაღი, კონფლიქტური დამოკიდებულება, რაც გაამართლებდა მოპასუხის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების გამოცემას, საქმის განხილვის დროს არ დადგენილა. (იხ. 18.07.2019 წლის სხდ. ოქმი, 15.38.06 სთ- 15.42.25 სთ)
3.2.2 რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, რომ მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს, კანონით მინიჭებული აქვს უფლება, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ააიპ დირექტორი, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის აღნიშნული პოზიციის შეფასება სამართლებრივი საკითხია, ამიტომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებას და მოცემულ დავაში გამოსაყენებელი ნორმების დადგენას სასამართლო მოახდენს დავის სამართლებრივი შეფასების ნაწილში
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გასაჩივრებული ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის კომპენსაციის გადახდა 10 თვის ხელფასის ოდენობით, ხოლო დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს შრომის კოდექსი; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2019 წლის 11 თებერვალს მოპასუხე ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიამ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა არამართზომიერად და ყოველგვარი საფუძვლის და ობიექტური წინაპირობის არსებობის გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან, რითაც დაირღვა მისი შრომის უფლება .
მოპასუხის წარმომადგენელი როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა მოსარჩელეს და განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ძირითადი საფუძველია ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, როგორც ა(ა)იპ-ის დამფუძნებლისთვის, კანონით მინიჭებული უფლება, ნებისმიერ დროს , ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ააიპ დირექტორი და ეს გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება , მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან, ამიტომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერია .
ამდენად, სადავო არ არის, რომ მოპასუხე ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე მა-- სა-----–---–ის, როგორც ააიპ -ის დირექტორის მიერ, თანამდებობაზე ყოფნის დროს წესდებით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების, ან სხვა ისეთი ობიექტური გარემოების და სამართლებრივი წინაპირობის არსებობის შესახებ, რასაც შესაძლოა გამოეწვია მისი სამსახურიდან გათავისუფლება, არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებებით დაუდასტურებია. როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი არის ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, როგორც ა(ა)იპ-ის დამფუძნებლისთვის, კანონით მინიჭებული უფლება, ნებისმიერ დროს , ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ააიპ დირექტორი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობისა და კვლევის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება და მოცემულ დავაში გამოსაყენებელი ნორმების დადგენა, რათა შეფასდეს მა-- სა-----–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ყვ----–ის მუნიციაპალიტეტის მერიის სადავო ბრძანების კანონიერება და მართლზომიერება.
სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე, და რომლის საქმიანობაც რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონმდქვემდებარე ნორმატიული აქტების, მუნიციპალური ორგანოების სამართლებრივი აქტების და ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წესდების საფუძველზე. დადგენილია, რომ ა(ა)იპ 2007 წლიდან რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი
უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის
უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი
ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა. ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე,სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები
რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული
ხელშეკრულებებით.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: ,,პალატის მოსაზრებით, მიუხედავად ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურეო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებიდან...“ საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთ-ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო, მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. (საქმე Nას-131-127-2016, 23 სექტემბერი, 2016 წელი)
საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე- მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე- გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნას მოძიებული. (გადაწყვეტილება # საქმე №ას-101-97-2016, 15. 07.2016წ.).
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებში ასახული განმარტების თანახმად, საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა, როგორც ორმხრივ სახელშეკრულებო
ფარგლებში მიღწეული შეთანხმება, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და
უფლებით აღჭურვილ პირს ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში აძლევს სრულ
დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს
წესდებით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო მოქმედება.
რაც შეეხება შრომით ურთიერთობას საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის
პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობის ფარგლებში
ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიმართ სოციალურად დამოუკიდებელ
საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან
დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან, რომლის შეწყვეტის სამართლებრივი
საფუძველი საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში
უნდა იქნას მოძიებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების 1.5.6 პუნქტის თანახმად, არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი- ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც თავის თავში მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნას მოწესრიგებული არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მიუთითა, რომ ,, შრომითი ურთიერთობის არსებობის საკითხი უნდა შეფასდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებისა და თავისებურებების გათვალისწინებით და არა შესაბამისი ურთიერთობის მახასიათებლების ფორმალური გამოყენებით, რაც თანხვედრაშია ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის ძირითად პრინციპებთან. პალატის მოსაზრებით, სწორედ კონკრეტული ურთიერთობის მიმართ ურთიერთობის
მახასიათებლების არაფორმალური გაგებით მიდგომის, ანუ, ყოველი კონკრეტული
ურთიერთობის თავისებურებების გათვალისწინებით და შეფასებით დასაქმებულის
ცნების ქვეშ შესაძლოა მოხვდნენ შპს-ს ან სააქციო საზოგადოების დირექტორები.
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის, აგრეთვე, სადავო საკითხზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთმითითებული გადაწყვეტილების
მსჯელობიდან და განმარტებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ
ა(ა)იპ-ის დამფუძნებელსა და დირექტორს შორის ურთიერთობის მარეგულირებელ
უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ აქტს წარმოადგენს თავად ა(ა)იპ-ის წესდება,რომელიც სწორედ ის სამართლებრივი დოკუმენტია, სადაც უნდა განისაზღვროს
არასამეწარმეო იურიდიული პირის პრინციპები, მიზნები, საქმიანობის ძირითადი
მიმართულებები, ხელმძღვანელობისა და მართვის ორგანოების, მათ შორის
დირექტორის უფლებამოსილება, მისი დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხები.
პალატის მოსაზრებით, სწორედ არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებისა და
დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის ანალიზის საფუძველზე
უნდა დადგინდეს დირექტორთან ურთიერთობაში შრომით-სამართლებრივი
რეგულაციების გამოყენების ხარისხი და ფარგლები და დირექტორთან სამართლებრივი
ურთიერთობის ყველა საკვანძო რეგულაცია, მათ შორის, ურთიერთობის შეწყვეტის
საკითხი (საქმე №2ბ/4675-18; 12 დეკემბერი, 2018წ) .
სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას, და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების და დასაბუთების გარეშე, მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რომ ააიპ-ის წესდების 4.1 მუხლით დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი და ეს უფლება არის აბსოლიტური და შეუზღუდავი .
სასამართლოს მიაჩნია, რომ ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც დამფუძვნებელი, უფლებამოსილი იყო ა(ა)იპ-ის დირექტორთან შეეწყვიტა სამსახურებრივი ურთიერთობა, თუმცა არ იზიარებს, რომ მხარისთვის მინიჭებული სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არის შეუზღუდავი და უპირობო, რადგან აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება არ არსებობს და ნებისმიერი უფლება შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფლების განხორციელება უნდა მოხდეს არა შესაბამისი ურთიერთობის მახასიათებლების ფორმალური გამოყენებით, არამედ ობიექტურად გამართლებული გარემოებების და კანონიერი წინაპირობების არსებობისას, იმგვარად, რომ გამოირიცხებოდეს უფლების ბოროტად გამოყენება, რაც გამტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით, სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.
მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ
თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული
მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ,თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი
მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მითითებული ნორმის შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის
განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და
მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც
მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების
შესაძლებლობა.
სასამართლო თვლის, რომ როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, სწორედ დამსაქმებელია პირი, რომელმაც უნდა ამტკიცოს მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც სამსახურებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები წესდების 4.1 მუხლით შეთანხმდნენ, რომ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო წესდების 4.3. მუხლით შეთანხმდნენ სამსახურის დირექტორის უფლება-მოვალეობების შესახებ. მოპასუხე ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე მა-- სა-----–---–ის, როგორც ააიპ -ის დირექტორის მიერ, თანამდებობაზე ყოფნის დროს წესდებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების, ან სხვა ისეთი წინაპირობის არსებობის შესახებ, რასაც შესაძლოა გამოეწვია მისი სამსახურიდან გათავისუფლება, არ მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებებით დაუდასტურებია. მოპასუხე მხარე მხოლოდ აპელირებდა ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, როგორც ა(ა)იპ-ის დამფუძნებლისთვის, კანონით მინიჭებული უფლებით, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ააიპ დირექტორი, რასაც სასამართლოს ვერ გაიზიარებს, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით განმტკიცებულ მხარეთა უფლებამოვალეობების მართლზომიერად განხორციელების პრინციპს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით განმტკიცებულ შრომის უფლებას და „ევროპის სოციალური ქარტიას“, რომელიც აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება. კერძოდ, ევროპის სოციალურ ქარტიის 24-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება,რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო
წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა ურთიერთობის მომწესრიგებელი მახასიათებლების ფორმალური გამოყენებით, ობიექტურად გამართლებული გარემოებების და კანონიერი წინაპირობების არსებობის გარეშე, რაც გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.
6.2) შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ააიპ დირექტორის საშტატო ერთეული ვაკანტური არ არის. მა-- სა-----–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 თებერვლის ბრძანებით ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ზა--- ზა-----–---–ი, ხოლო 2019 წლის 03 ივლისიდან ზა--- ზა-----–---–ი დანიშნულია ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თანამდებობაზე უვადოდ. შესაბამისი ცვლილება რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების რეგისტრირებულ მონაცემებში.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან სასამსახურო ხელშეკრულება საკმაო ხნის წინ შეწყდა და ააიპ დირექტორის საშტატო ერთეული ვაკანტური აღარ არის, ამასთან, სასამსახურო ურთიერთობის შეწყვეტის გამო დამფუძვნებელს და მოსარჩელეს შორის ჩამოყალიბდა არაჯანსაღი ურთიერთობა, ამიტომ მოსარჩელის სამსახურში აღდგენა მიზანშეწონილი აღარ არის და მას უნდა მიეცეს კომპენსაცია .
დადგენილია, რომ მოსარჩელე 2019 წლის 11 თებერვალს გათავისუფლდა სამსახურიდან, მას გათავისუფლებისას 2 თვის კომპენსაციაც არ მიუღია, დღემდე სხვა სამსახურში ვერ დასაქმდა, ქვრივია, როგორც მოსარჩელეს, ასევე შვილს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება, 10 თვის განმავლობაში მისაღები თანხის - 8000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები თანხა).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 3. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი თ) პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს,ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1. ნაწილის ,,ა’’ პუნქტით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ა) ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან; ხოლო ამავე მუხლის ,,უ'' პუნქტით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე;
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახ. ბაჟი- 120 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზედმეტად გადახდილი 20 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის- 1000 ლარის ანაზღაურება ;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მა-- სა-----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 თებერვლის N6----– ბრძანება ა(ა)იპ ყვ----–ის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მა-- სა-----–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
3. ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიას მა-- სა-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება, 10 თვის განმავლობაში მისაღები თანხის - 8000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები თანხა).
4. მა-- სა-----–---–ს სარჩელი სამსახურში აღდგენის, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
5. მოპასუხე ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით, და იურიდიული დახმარების ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება
6. მა-- სა-----–---–ს ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს თ----------------–-ს მიერ ზედმეტად გადახდილი სახ. ბაჟი 20 ლარი (გადახდის თარიღი- 19.02/2019; საგადახდო დავალება 1, სახაზინო კოდი-300503150) .
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი