გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N2898867-2/147-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - ა-------------;
წარმომადგენელი - ლ-------–--–----ე;
მოპასუხე - ლ------ ა--------, ა-------- ბ-----–;
წარმომადგენელი - კ--------------–---–-;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, ს/კ 6-.0-.5-.4--, ს/კ 6-.1-.5-.3--, ს/კ 6-.1-.5-.1-- და 6-.1-.5-.1-- უკანონო სარგებლობით უსაფუძვლოდ გამდიდრების საფუძველზე მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის 9525 ლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხე ლ------ ა--------ს და ა-------- ბ-----–ს მოსარჩელე ა-------------ის სასარგებლოდ.
1.2. მოპასუხე ლ------ ა--------ს და ა-------- ბ-----–ს მოსარჩელე ა-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მითვისებული ნივთების ღირებულება 1549 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ა-------------ის მეუღლეს ა------– ა--------ს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება მდებარე ქ.ახალციხეში, ე-----ის ქ.N1-, ასევე მდებარე ახალციხის რაიონი სოფელი ა--/2003 წელს ა-------------ი და მისი მეუღლე საცხოვრებლად გადავიდნენ რუსეთის ფედერაციაში, ხოლო საცხოვრებელი სახლი და მისი ნაკვთები დაუტოვეს ლ------ ა--------ს და მის მეუღლეს ა-------- ბ-----–, იმ პირობით რომ ერთი წლის განმავლობაში გადაიხდიდნენ ქონების ღირებულებას 4800 აშშ დოლარს და სახლი გადავიდოდა მათ საკუთრებაში. 2006 წელს მოპასუხე მხარემ გადაიხადა 2400 აშშ დოლარი. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად დარჩენილი თანხის გადახდას არ აპირებდნენ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ა-------------ის უძრავი ქონება. აღნიშნულის შემდეგ მოპასუხე მხარემ დაიწყო მოსარჩელის კუთვნილი ნივთების მითვისება, კერძოდ ოთხი ცალი ალუმინის მილი (120მმ), 600 ლარის ღირებულების, სამი ცალი ალუმინის მილი (150მმ), 450 ლარის ღირებულების, ტალავერის ალმატურა, 140 ლარის ღირებულების, ელექტრო გაყვანილობის სადენი, 135 ლარის ღირებულების.
აუდიტის მიერ დადგენილი იქნა ერთი კალენდარული წლის საიჯარო ქირის წმინდა საოპერაციო შემოსავალი და მთლიანობაში განისაზღვრა 3175 ლარით. მოსარჩელე ითხოვს 2016, 2017 და 2018 წლის მიღებელ შემოსავალს, რომელიც შეადგენს 9525 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა-------- ბ-----–მა და ლ------ ა--------მა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან მიუთითა, რომ წლების განმავლობაში და კვლავაც ხდება მისი მხრიდან საცხოვრებელი სახლის კეთილსინდისიერად მოვლა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. ახალციხეში, ე-----ის ქ. N1--ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ 6-.0-.5-.4--) და სოფელ ა-–ი მდებარე ს/კ 6-.1-.5-.1--, ს/კ 6-.1-.5-.3--, ს/კ 6-.1-.5-.1-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა-------------ის (პ/ნ 4----------) სახელზე 2018 წლის 19 ივლისიდან.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
· ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
3.1.2. დაახლოებით 2003 წელს ა-------------სა და ლ------ ა--------ს შორის გაფორმდა ზეპირი გარიგება, კერძოდ, ა-------------მა ლ------ ა--------ს 4800 აშშ დოლარად მიჰყიდა საცხოვრებელი სახლი თანხის გადახდის განვადებით მდებარე ქ. ახალციხე, ე-----ის ქ. N1-.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
· მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. დაახლოებით 2006 წელს ლ------ ა--------მა ა-------------ს გადაუხადა შეთანხმებული თანხის ნახევარი 2400 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
· მხარეთა ახსნა განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. იმის გამო, რომ ლ------ ა--------მა და ა-------- ბ-----–მა თანხა არ გადაიხადეს სრულად დათქმულ დროს, ა-------------ისათვის ქონების რეალიზაციამ დაკარგა ინტერესი და საბოლოოდ, ქონების გაყიდვაზე განაცხადა უარი. 2018 წლის 19 ივლისს უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები) დარეგისტრირდა ა-------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
· მხარეთა ახსნა განმარტებები;
· ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
3.2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შესული კანონიერ ძალაში, ა-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ლ------ ა--------ის და ვ-------- ბ-----–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ახალციხე, ე-----ის ქუჩა N1--ში მდებარე უძრავი ქონება, ს/კ 6-.0-.5-.4-- და უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - ა-------------ს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებს:
· ახალციხის რაიონული სასამართლოს 14.01.2019წ. გადაწყვეტილება;
3.2.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შესული კანონიერ ძალაში, ლ------ ა--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ა-------------ს ლ------ ა--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2400 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
· ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3.2.4. ლ------ ა--------ი და ა-------- ბ-----–ი 2018 წლის 19 ივლისიდან სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ფლობდნენ და სარგებლობდნენ ა-------------ის კუთვნილი უძრავი ქონებით ს/კ 6-.0-.5-.4--, ს/კ 6-.1-.5-.3--, ს/კ 6-.1-.5-.1-- და 6-.1-.5-.1--.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი დოკუმენტების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
ა-------------ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი სახლში ცხოვრების ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხე სადაოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ა-------------თან დადებული შეთანხმების თანახმად, მას უძრავი ქონების საფასური უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ. მაგრამ ა-------------მა უარი განაცხადა დარჩენილი თანხის მიღებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. როგორც ზემოთ აღნიშნა მოპასუხე მხარე ამტკიცებს, რომ ა-------------ისაგან უნდა შეეძინა უძრავი ქონება თანხის გადახდის განვადებით, თანხა უნდა გადაეხადა ორ ეტაპად. თუმცა ა-------------მა დარჩენილი თანხა 2400 ლარი აღარ მიიღო და მოსთხოვა სახლის დაცლა, ამასთან, მოპასუხე უთითებს, რომ შეთანხმება ეხებოდა მხოლოდ სახლის და არა მიწის ნაკვეთების შეძენას. შესაბამისად, მასვე ეკისრება ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი.
საწინააღმდეგოს ადასტურებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები, კერძოდ მოწმე ო----- ა--------მა განმარტა, რომ ლ------ ა--------თან და ა-------- ბ-----–თან შეთანხმება იყო საცხოვრებელი სახლის, თავისი მიწის ნაკვეთით მიყიდვის თაობაზე. თავად მოპასუხის მოწმემ მ----------------------მა განმარტა, რომ სახლის შეძენა მოხდა მიწის ნაკვეთთან ერთად, მანვე მიუთითა, რომ ა-------------ს და ა-------- ბ-----– ეხმარებოდა მიწის ნაკვეთის მოთიბვაში, რომელიც სახლის მახლობლად მდებარეობს. ანალოგიური დაადასტურა მოპასუხე მხარის კიდევ ერთმა მოწმემ ა-–------ ა--------მა, რომელიც არის მოსარჩელის მამა, და მიუთითა, რომ სახლი შეიძინეს მიწის ნაკვეთებით, რაშიც ღირებულების ნახევარი გადაიხადეს. ამდენად, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთებით სარგებლობის ფაქტი. სხვა მტკიცებულება ა-------------ს არ წარმოუდგენია.
ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ ლ------ ა--------ი და ა-------- ბ-----–ი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ფლობდნენ და სარგებლობდნენ ა-------------ის კუთვნილი უძრავი ქონებით. თუმცა ა-------------მა მხოლოდ 2018 წლის 19 ივლისს ქონების საკუთარ სახელზე რეგისტრაციით გამოხატა, რომ რეალურად უძრავი ქონების გასხვისებისადმი ინტერესი დაკარგა და უძრავი ქონება დაირეგისტრირა თავის სახელზე. ის ფაქტი, რომ ამ დრომდე მოპასუხე მხარე არაკანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობდა და სარგებლობდა უძრავი ქონებით ვერ დასტურდება, რადგან მხარეები ასახელებენ ურთიერთსაპირისპირო გარემოებებს მათი ინტერესების შესაბამისად, ხოლო ობიექტურ მტკიცებულებას ამ ფაქტის დასადგენად წარმოადგენს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
მოსარჩელემ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და ნაწილობრივ წარმოადგინა მის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები. ხოლო მოპასუხე მხარემ ფაქტობრივად ვერ წარმოადგინა სარჩელზე არგუმენტირებული პოზიცია, შესაბამისად მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება მოთხოვნის უსაფუძვლობა.
3.2.5. ა-------------ის კუთვნილი უძრავი ქონების, ს/კ 6-/0-/5-/4--, ს/კ 6-.1-.5-.3--, ს/კ 6-.1-.5-.1-- და ს/კ 6-.1-.5-.1--, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირებზე 1 კალენდარული წლით იჯარის გაცემის შემთხვევაში წმინდა საოპერაციო შემოსავალი შეადგენს 3175 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ გაცემული N07/2 ანგარიშით დადგენილია, რომ ა-------------ის კუთვნილი უძრავი ქონების, ს/კ 6-/0-/5-/4--, ს/კ 6-.1-.5-.3--, ს/კ 6-.1-.5-.1-- და ს/კ 6-.1-.5-.1--, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირებზე 1 კალენდარული წლით იჯარის გაცემის შემთხვევაში წმინდა საოპერაციო შემოსავალი შეადგენს 3175 ლარს.
მოპასუხემ სადაოდ გახადა მისაღები შემოსავლის თანხა, თუმცა მის მიერ არ წარმოდგენილა საწინააღმდეგო მტკიცებულება.
3.2.6. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ლ------ ა--------მა და ა-------- ბ-----–მა მიითვისეს ა-------------ის კუთვნილი ნივთები, კერძოდ, ოთხი ცალი ალუმინის მილი (120მმ), სამი ცალი ალუმინის მილი (150მმ), ტალავერის არმატურა, ელექტრო გაყვანილობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია.
მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ ლ------ ა--------მა და ა-------- ბ-----–მა მიითვისეს მისი კუთვნილი ნივთები, იგი აღნიშნულს ამტკიცებს, მხოლოდ ზეპირი განმარტებით, მოწმეები მხოლოდ მიუთითებენ, რომ ა-------- ბ-----–ი კუთვნილ ავტომანქანაზე ჯარტში ჩასაბარებლად ტვირთავდა რკინის ნივთებს, თუმცა ვერ ასახელებენ დეტალურად და მათი საერთო გვაროვნული ნიშნების გამო ფაქტიურად შეუძლებელია იმის გარკვევა სწორედ მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთების ჩაბარებას აპირებდა ჯართის მიმღებ პუნქტში. მოსარცელეს ამ გარემოების დასამტკიცებლად სხვა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია ზოგადად იმის დასადგენად, რომ ეს ნივთები ნამდვილად არსებობდა მისი კუთვნილი უძრავი ქონების ტერიტორიაზე. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სადავო გარემოების პირდაპირ მტკიცებულებად ვერ განიხილება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენება, რომლებიც რეალურად არ ფლობენ ზუსტ და კონკრეტულ ინფორმაციას ხსენებულ საკითხთან მიმართებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ ა-------------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ქონებრივი წონასწორობის აღდგენისათვის საკმარისია არაა მხოლოდ შედეგის – სხვისი ქონების შეძენის, ,,მოხვეჭის,, ფაქტის არსებობა. ისეთ პირობებში, როდესაც მიღებულ ქონებაზე სამართლებრივი ხარვეზის შესახებ პირს წინასწარ გააჩნია ინფორმაცია, ან ეს ხარვეზი მიმღებისთვის ცნობილი არ არის მისივე უხეში გაუფრთხილებლობის გამო, შესაძლებელია, დადგეს ამ უკანასკნელის მიმართ ზიანის ანაზღაურების საკითხი. აღნიშნულ მსჯელობას განაპირობებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, რომლის თანახმად, თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან- 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 980-ე მუხლის, ასევე ქვემოთ მოყვანილი წესების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლოდ ანაზღაურების სახით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების შემდეგ წინაპირობებს: ქონების მიმღებმა პირმა წინასწარ ან მისივე უხეში გაუფრთხილებლობით უნდა იცოდეს უფლების ხარვეზის არსებობა გადაცემულ ქონებაზე. მხოლოდ ამ გარემოებათა შემთხვევაში დგება მიმღების ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ანუ ქონების გადასვლა არაუფლებამოსილი მიმღების ხელში განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით უნდა ხდებოდეს. შედეგად, ასეთ შემთხვევაში უფლების აღდგენის გზას წარმოადგენს გამათანაბრებელი სამართლიანობის პრინციპი – ის, რაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა შეძენილი, უნდა დაბრუნდეს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, მოპასუხეებმა მოსარჩელეს გადასცეს შეთანხმებული ღირებულების მხოლოდ ნახევარი 2400 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ნახევარი მოსარჩელეს არ მიუღია, რის გამოც უძრავი ქონების მოპასუხეთა სახელზე გადაფორმება არ მომხდარა. უფრო მეტიც, 2018 წლის ივლსში ა-------------მა უკვე მოქმედებით გამოხატა მისი ნება, საბოლოო გადაწყვეტილება და უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. რის შემდეგაც აშკარა გახდა მოსარჩელის რეალური ნება უძრავი ქონების გასხვისების შესახებ, ხოლო მოპასუხე მხარეს წართვა უძრავი ქონებით სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, სადავო ქონებაზე სამართლებრივი ხარვეზის არსებობა. სრულიად ცალსახაა, რომ მოპასუხემ, რომელმაც მოსარჩელეს გადასცა შეთანხმებული თანხის ნახევარი, იმთავითვე იცოდა, რომ აღნიშნულით ვერ გახდებოდა უძრავი ქონების მესაკუთრე. სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების წინაპირობები დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით, რომლის თანახმად, უძრავი ნივთს შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხე ლ------ ა--------ის და ა-------- ბ-----–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ფლობის და სარგებლობის ფაქტს. ისე რომ სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდათ. მოპასუხეები აგრძელებდნენ ა-------------ის კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობას მას შემდეგ რაც მოსარჩელემ უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში და მოსთხოვა მოპასუხეებს უძრავი ქონების მისთვის დაბრუნება, მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობის აკრძალვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოპასუხეები მოსარჩელის ქონებას უსაფუძვლოდ, უკანონოდ და უნებართვოდ იყენებდნენ და ეს მათთვის ცნობილი იყო. ამდენად, მოპასუხეებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ეკისრებათ პასუხისმგებლობა ა-------------ის მიერ უძრავი ქონების საკუთრების უფლებით საჯარო რესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს, ისეთ შემთხვევას, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის Nას-1051-991-2015).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული”.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მოპასუხემ ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, მოპასუხე მხარე სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ფლობდა მოსარჩელის კუთვნილ ქონებას, რის შედეგადაც მოპასუხის ქონება გაიზარდა. აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი სიკეთის ამოღებით უნდა აღდგეს ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობა და სამართლიანობა. ამ მიზნით ქონებრივი სარგებელი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოპასუხე გამდიდრდა. თავის მხრივ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის აღსდგება სამართლიანი ბალანსი. დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვადლებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას მართლსაწინააღმდეგო, განზარაცი ან გაუფრთხილებლობით მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დასახელებული ნორმის შესაბამისად იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, მოცემული უნდა იყოს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობას.
სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად, ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე დაყრდნობით, დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში სრულყოფილად ვერ გაართვა თავი მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთს, ვინაიდან ამ შემთხვევაში არ დასტურდება სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის კერძოდ, ლ------ ა--------ის და ა-------- ბ-----–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა და გაუფრთხილებლობა), ასევე შედეგი - მათი ქმედებით დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი - კონკრეტულად მოპასუხის ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, კერძოდ ის რომ ლ------ ა--------მა და ა-------- ბ-----–მა მიითვისეს მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები. აღნიშნულის დამადასტურებელი ობიექტური მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეები ასახელებენ ურთიერთსაპირისპირო გარემოებებს, თუმცა უშუალოდ მოსარჩელის სამტკიცებელია ის გარემოება, რომ ეს ნივთები მისი კუთვნილი ქონების ტერიტორიაზე რეალურად არსებობდა, რაც არ დასტურდება ობიექტური მტკიცებულებებით.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ზიანის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. მოსარჩელე მხარემ კი ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც უზრუნველყოფდა მის მიერ მითითებული გარემოებების სრულყოფილად დადასტურებას.
ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში ვერ გაართვა თავი მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი მითვისების და შესაბამისად ა-------------ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ....... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგარმ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. სამოქალაქო კოდექსის 47-ემუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ‘‘...ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას ... დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.’’
მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 335 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრვ, შესაბამისად მოპასუხე ლ------ ა--------ს და ა-------- ბ-----– მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - 95.25 ლარის გადახდა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ასევე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 127 ლარის გადახდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ა-------- ბ-----–ს და ლ------ ა--------ს მოსარჩელე ა-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3175 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ა-------- ბ-----–ს და ლ------ ა--------ს მოსარჩელე ა-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 95.25 ლარის და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 127 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი